...
08 სექტემბერი 2018
სარეჟიმო არქივები საქართველოში
ადვოკატირება

შესავალი

საბჭოთა კავშირის პერიოდის არქივებსა და საარქივო დოკუმენტებთან დაშვების საკითხი სადავოა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. დემოკრატიაზე გადასვლა, დესოვიეტიზაცია და საბჭოთა კავშირის გააზრება ქვეყნებში სხვადასხვაგვარად წარიმართა. ქვეყნებმა განსხვავებული გზები აირჩიეს, რაც გამოიხატა არქივებისადმი მიდგომის სახელმწიფო პოლიტიკაში. ბევრ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის დოკუმენტები საიდუმლოა, არქივები არაა ხელმისაწვდომი ისტორიკოსებისთვის. ზოგან   ნაწილობრივაა ღია. საქართველო, ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც საბჭოთა პერიოდის არქივები ღიაა მკვლევრებისა და ვიზიტორებისთვის.

საბჭოთა კავშირის მმართველობის 70-წლიანი ეპოქის მანძილზე ისტორია გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი რეალური ფაქტების დასამალად და ძირითადად იყო გაყალბებული, კომუნიტური პოსტულატებითა და კლიშეებით სავსე. ერთადერთი სახეობა დოკუმენტებისა, რომელთაც კომუნისტები საგულდაგულოდ ინახავდნენ და შემდეგ უმაღლეს ეშელონებსა და პოლიტიკური ელიტის წევრებს შორის ავრცელებდნენ, იყო „ზესაიდუმლო“ და „საიდუმლო“ დოკუმენტები. ცხადია, რომ არქივებში მუშაობის გარეშე საბჭოთა ეპოქის შესახებ სწორი ისტორიული კვლევის წარმართვა შეუძლებელია.

თანამედროვე პროგრესული საზოგადოება თანხმდება, რომ ტოტალიტარული რეჟიმი და მისი რეპრესიები აღარასდროს  უნდა განმეორდეს. იმისათვის, რომ ეს ფუნდამენტური ღირებულება დაცული იყოს, საჭიროა ისტორიის ზუსტი ანალიზი და კვლევა. ზოგჯერ საარქივო დოკუმენტები ერთადერთი წყაროა წარსულის ტრაგიკული მოვლენების გასააზრებლად. საიდუმლო სამსახურებისა და პოლიციის დემოკრატიზაცია  შეუძლებელია მოხდეს, თუ ეს სამსახურები გააგრძელებენ არსებულ პოლიტიკას არქივების მიმართ და არ გამოაქვეყნებენ არქივებს რომლებიც ინახავს ინფორმაციას ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევებზე, მით უმეტეს იმ პირობით, როდესაც აღნიშნული სამსახურები ხშირად აგრძელებენ წინამორბედების მსგავსი მეთოდებით მუშაობას. თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წინამორბედ რეპრესიულ ორგანოებთან მემკვიდრეობითობის ჯაჭვის გაწყვეტით. ღია დაშვება ასეთი ინსტიტუტების არქივებთან არამხოლოდ გვაძლევს შანსს, აღვადგინოთ მოქალაქეთა დარღვეული უფლებები, არამედ საზოგადოებას  აჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი დანაშაული გამოაშკარავდება. იმისათვის, რომ არ განმეორდეს წარსულის ტოტალიტარული პრაქტიკა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება  იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებდა რეპრესიული რეჟიმები.

დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების არქივების სრული ღიაობა გვაპოვნინებს პასუხებს მოქალაქეთა კერძო, მნიშვნელოვან საქმეებზე არსებულ შეკითხვებზე, რომლებსაც გარდა ამისა აქვთ უდიდესი მნიშვნელობა მთელი საზოგადოებისთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლებელია დაიწეროს  XX საუკუნის ზუსტი ისტორია არქივების კვლევის გარეშე. საკითხი მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების კუთხითაც: რადგან მსგავს დოკუმენტებთან დაშვება ღია მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ღიაობა იწყება არქივებიდან. საკითხი უმნისვნელოვანესია გარდამავალი სამართლიანობის კუთხითაც. რეპრესირებულების შესახებ ავთენტური დოკუმენტური წყაროების გამოქვეყნება და პირადი ისტორიები მსხვერპლთა ოჯახებს სიმართლის პოვნასა და რეაბილიტაციაში დაეხმარება, ეს აგრეთვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება მთელი საზოგადოების შერიგების პროცესში.

 

მიმდინარე სიტუაციის აღწერა

საბჭოთა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი არქივი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივის ტერიტორიული ორგანო გახლდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული არქივის ისტორია შემდეგია: 1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკა“) პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი „მტრისა“ და „საშიში ელემენტის“ შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა. სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება 30 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.

1921-1990 წწ. საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის ("სუკი") მე-10 განყოფილების საცავებში თავი მოიყარა 230.000 ერთეულმა საარქივო საქმემ. 1991-1992 წწ. თბილისის ცნობილი მოვლენების დროს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („სუკის“) ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურდა 210.000 საარქივო ერთეული, რაც ფონდის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი იყო. გადარჩენილი დოკუმენტები კი დასველებული და უმეტესწილად დაზიანებული იყო ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლით, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა შსს-ს საარქივო ფონდიც. სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი საარქივო საქმეები (დაახლ. 20.000 ერთეული) 1992 წლის 9-14 იანვარს დროებით განთავსდა საქართველოს სახელმწიფო არქივის შენობის სარდაფში.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული არქივების ზუსტი რაოდენობა და შინაარსი დღემდეგ უცნობია და შესაძლოა განსხვადებოდეს ოფიციალურად გავრცელებული ვერსიისაგან. ზოგადად არქივების საკითხი სპეკულაციების და მისტიფიკაციების საშულებასაც კი იძლევა. პროცესის სავარაუდო მოწმეების აზრით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) საცავებიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტები რუსეთში, ქალაქ სმოლენსკში გადაიტანეს. დოკუმენტებს ახლდნენ საქართველოს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებიც, რათა დაეხარისხებინათ და გაენადგურებინათ ეს დოკუმენტები. აღნიშნული წყარო ამტკიცებს, რომ დოკუმენტები წარმოადგენდა საიდუმლო დაზვერვისა და თვალთვალის ამსახველ ანგარიშებს და მოხსენებებს. ზოგიერთი დოკუმენტი სმოლენსკიდან უკან დაბრუნდა, თუმცა მათი რაოდენობა და მდგომარეობაც გაურკვეველია. 2003 წლიდან რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი დოკუმენტების (ორიგინალების ან ციფრული ვერსიების)  საქართველოში დაბრუნების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. 2008 წლიდან საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, შესაბამისად, შეწყდა კონტაქტები ინსტიტუციურ დონეზე.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ)  საარქივო დოკუმენტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი აგრეთვე ინახავს საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საარქივო მასალას. საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (კპ (ბ) ცკ) პრეზიდიუმის 1922 წლის 24 ივნისის დადგენილებით შეიქმნა პარტიის ისტორიის კომისია (პარტისი), რომელსაც დაევალა საქართველოს კომუნისტური იორგანიზაციების ისტორიის შესახებ არსებული დოკუმენტების შეგროვება, შესწავლა, დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება. 1929 წლის მეორე ნახევრიდან საკავშირო კპ(ბ) ცკ-თან არსებული ლენინის სახელობის ინსტიტუტის დავალებით, საქართველოს კპ(ბ) ცკ-თან არსებულმა პარტიის ისტორიის ინსტიტუტმა დამტკიცებული დებულებებისა და ინსტრუქციების თანახმად, ჩაატარა საორგანიზაციო სამუშაოები ერთიანი პარტიული არქივის შექმნისათვის.

საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის 1932 წლის 23 თებერვლის დადგენილებით, თბილისში შეიქმნა სტალინის სახელობის ისტორიულ-რევოლუციური და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1934 წლის ივლისიდან ინსტიტუტს ეწოდა საკავშირო კპ(ბ) ცკ-თან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი), რომელსაც შეუერთდა პარტისი და ამავე დროს გადაეცა პარტისის მთელი არქივი და მასთან ერთად ცენტრალური პარტიული არქივის ადგილობრივი განყოფილების დოკუმენტები. 1933 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა იმელის შენობის მშენებლობას. მშენებლობამ ოთხ წელს გასტანა და ის 1937 წელს დასრულდა. პარტიულმა არქივმაც ამ შენობაში დაიდო ბინა და 2007 წლამდე იქ ფუნქციონირებდა.

ეროვნული არქივის წინამორბედს საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. 1921 წლის 1 ივლისს უკვე გასაბჭოებული საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში იმართებოდა საქართველოს სსრ საარქივო დარგი.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, უმთავრესი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საქართველოში არეგულირებს საარქივო საქმეს, არის 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი - „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“, რითიც არქივმა მოიპოვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გადავიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. საბჭოთა კავშირის ეპოქაში საქართველოს ეროვნული არქივის წინამორბედი ორგანო ინახავდა ისეთ მასალასაც, რომელიც რეგულირდებოდა განსხვავებულად და რომელთა გამოყენებაც საიდუმლო მასალების სამკითხველო დარბაზში წლიურად შეეძლო მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, ისიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ)  ორგანოების სპეციალური საშვის გამოყენებით, დოკუმენტების შესაბამისი აღწერილობის არქონა (რის წახალისებასაც საარქივო სამმართველო ეწეოდა მათი არასასურველი შინაარსის გამო) დიდად აბრკოლებდა  მკვლევრებს. დღესდღეობით საქართველოს ეროვნული არქივი აღარ ინახავს საიდუმლო დოკუმენტებს და ისინი ხელმისაწვდომია ყველასთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახევკანონს ან ქვეყანაში მოქმედ სხვა რეგულაციას.

ზემოხსენებულის მიუხედავად, ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ დოკუმენტების დაფარვის მიზნით ეროვნული არქივი იყენებს კანონდებლობაში არსებულ ხარვეზებს და შეუსაბამობებს,  ყველაზე ხშირად ე. წ. „პესონალურ ინფორმაციას“ და საარქივო კანონს, რომელიც უკრძალავს მკვლევარს მსგავსი ინფორმაციის გამოყენებას დოკუმენტის შექმნიდან 75 წლის მანძილზე. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით საარქივო დაწესებულებები უარს ამბობენ ყველა სახის დოკუმენტის გაცემაზე, რომელიც შექმნილია 1943 წლის შემდეგ და ხშირად ამ წესებს უფრო ადრეულ დოკუმენტებზეც ავრცელებენ. კანონი დაზუსტებით არ სხნის, ზუსტად  რა არის პერსონალური მონაცემის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რასაც მაგალითად ეროვნული არქივი იყენებს  და ყველა ტიპის მონაცემზე, მათ შორის სახელსა და გვარზეც. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ინფორმაცია სახელდებულია როგორც „პერსონალური“ ან „მგრძნობიარე“, რადგან ის ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, ფინანსებს, სამედიცინო მდგომარეობას... კანონი არ ითვალისწინებს პიროვნებათა კატეგორიზაციას, შესაბამისად, არ გასცემს ინფორმაციას საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზეც. ეს ფაქტორები რთულ მდგომარეობაში აყენებს როგორც სახელმწიფოს, რომელიც არ ითვალისწინებს კოლექტიური, საბჭოთა ტოტალიტარული მეხსიერების მნიშვნელობას, ასევე მკვლევართა ლეგიტიმურ ინტერესებს.

 

გარდამავალი პერიოდის აღწერა და ამჟამინდელი მდგომარეობა

არქივების განადგურების განმეორებითისაფრთხისთავიდანაცილებისმიზნით, 1995 წლისაპრილსადამაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველმა ორგანომ მასალებისთვის ადგილი გამოყო და განათავსა ე. წ. „მოდულის“სამეცნიეროტექნიკურცენტრში. მასალებისგადასატანადმომზადებასაგანგებოსიტუაციაშიდაიწყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყოფილი КГБარქივებისადმი ყურადღება კვლავ გაიზარდა, ხოლო როგორც შსს ოფიციალურად აცხადებს, 2004 წლიდან საარქივო საცავების მდგომარეობა გაუმჯობესდა. უშიშროების სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის გაერთიანება შსს-სთან მნიშვნელოვან მიზნად იქცა, ამისათვის დაიწყო დოკუმენტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია საარქივო წესების თანახმად. როგორც აღნიშნულია შსს-ს არქივის ოფიციალურ ჟურნალში  „საარქივო მოამბე“, არქივის პრიორიტეტული მიმართულებებია რეპრესირებულ პირთათვის შესაბამისი საცნობარო მომსახურება, რაც მათ და მათ შთამომავლებს დაეხმარება პენსიის და სხვადასხვა სარგებლის მიღებაში.

2002 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო დაპირებად შეიმუშავა პროგრამა  „10 ნაბიჯი თავისუფლებამდე“ რაც ითვალისწინებდა ქვეყნის სრულ დესოვეტიზაციას. პროექტი პარტიას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტია ხელისუფლებაში აღმოჩნდა,  შეწყდა აღნიშნული საკითხის განხილვა, რაც  რამდენჯერმე გააკრიტიკეს კიდეც ქართულ მედიაში, თუმცა მცირე ხნის შემდეგ საუბარი პრობლემაზე ქართული საზოგადოებიდან გაქრა და ფართო დისკუსიის ხასიათი აღარ მიუღია (გარდა მედიაში პერიოდული ხსენებისა). 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ კოლექტიური მეხსიერების  მიმართულებით ახალი პოლიტიკა წამოიწყო. საბჭოთა წარსული, ტერორი და პოლიტიკური რეპრესიები პროექტის მთავარ საკითხად იქცა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის არქივის რესტრუქტურიზაცია და განახლება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის ბრძანება N150-ს საფუძველზე ყოფილი უშიშროების სამსახურის არქივის მმართველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც უშიშროების არქივის შემადგენლობაში შედის, ეხება 1922-1924 წლებში ანტისაბჭოთა აჯანყებას, სამოქალაქო ომს, დისიდენტთა მოღვაწეობას, 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს თბილისში, ე. წ. „მეგრელთა საქმეს“ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. მას შემდეგ, რაც  უშიშროების არქივი სრულად აღიწერა და გაციფრულდა, არქივის ხელმძღვანელობას საშუალება მიეცა, დოკუმენტების ზუსტი რაოდენობა დაედგინა. ოფიციალური მეგზური, რომელიც შსს-ს საარქივო სამმართველომ გამოსცა, ფონდების შესახებ შემდეგ ინფორმაციას გვაძლევს:

ფონდი N1, ნორმატიული აქტები - მოიცავს 1134 ტომს. დაცულია გრიფით სრ. საიდუმლო, საიდუმლო, არასაიდუმლო, 1920-1990 წწ. (1921 წლის დოკუმენტები დაცული არ არის) პერიოდის ნორმატიული აქტები, რომლებიც მრავალფეროვანია და თემატურად ეხება: პირად შემადგენლობას; ბრძოლას ჯაშუშობის, ბანდიტიზმის, ძარცვის, სპეკულაციის, კონტრაბანდის, ლოთობის და ა.შ. წინააღმდეგ; აგენტურას; ტრანსპორტს; იარაღის შენახვას და დაცვას; ფასეულობათა შენახვას და დაცვას; შიდა დისციპლინას; ბრძანებების და დადგენილებების შესრულებას; სამხედრო ტრიბუნალში საქმეების განხილვას; კონფისკაციას და რეკვიზიციას; სახელმწიფო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო და კერძო თეატრების ცენზურას; საზღვარგარეთ გასვლას; დიპლომატიურ საკუთრებასა და ფოსტას; საფელდეგერო სამსახურს; საიდუმლო საქმისწარმოებას; ჟურნალის გამოშვებას; სამსახურში მიღებას და კონსპირაციის დაცვას; უცხოელებთან კავშირს; სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ) საქმიანობას, კრედიტების გაცემას; საიდუმლო კორესპონდენციის გაგზავნას; განცხადებების განხილვას; ორგანოებში პატიმრების სტატისტიკას; დიპლომატიური და სატრანზიტო ვიზების გაცემას; სპორტულ საზოგადოებათა ორგანიზებას; საკონცენტრაციო ბანაკში პირების განთავსებას; ფულადი ატესტაციის გაცემას; სამხედო ნაწილებში ფოტო და კინო გადაღებების აკრძალვას; კანონს სამხედრო სამსახურის შესახებ; ლიტერატურის შენახვას და დაცვას; საკონსულო წარმომადგენლების უფლებებს; სანიტარული ინსპექციის დებულებას; ცხენების გაყიდვას; სპეციალური საშენის შენახვას; სსრკ-დან უცხოელების გასვლის და ჩამოსვლის წესს; დამნაშავე ელემენტის დაქტილოსკოპიას; პირების ფილტრაციის წესს; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; ოპერატიული დავალებების შესრულებას და სხვ.

ფონდი N6, სისხლის სამართლის საქმეები - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი მოიცავს 1919-1989 წლებში საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ), შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД), სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ),  შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს -დაახლოებით 20.000 ერთეულს. სისხლის სამართლის საქმეთა ნახევარზე მეტი აღძრულია, ძირითადად, პოლიტიკური მოტივით. ამ კატეგორიის დამნაშავეებს უყენებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას), 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება, მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისკენ). ასამართლებდნენ ასევე სამშობლოს ღალატის, ჯაშუშობის, ტერორისტული აქტის, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის, უკანონო სავალუტო ოპერაციების, ყალბი დოკუმენტების დამზადების, მასობრივი არეულობების მოწყობის, სპეკულაციის, კრიმინალური დანაშაულისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე.

სისხლის სამართლის საქმეების ფონდში ინახება ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოებამდე მე-9 და მე-11 არმიების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც თავისთავად უნიკალურია მასში არსებული მასალების შინაარსით, თანდართული ფოტოების, დოკუმენტებისა და პირადი მიმოწერის გათვალისწინებით. არის ექსკლუზიური მასალები 1924 წლის აჯანყების (რომელსაც იხსენიებდნენ „1924 წლის ავანტიურის“ სახელით) შესახებ, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიმოფანტულია 1925-1927 წწ. მასალებშიც და მოიცავს დაახლოებით 4.100 საქმეს.

უშიშროების არქივის ერთ-ერთი დიდი ნაწილი  1937-1938 წწ. პერიოდის რეპრესიების ამსახველი დაახლოებით 4180 სისხლის სამართლის საქმეა.

ასევე მოცულობითია მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში (1939-1950 წ.წ.) წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ძირითადად აღძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 (სამშობლოს ღალატი) მუხლის საფუძველზე და ისჯებოდა  25 წლით თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრობის ბრალდებით ასამართლებდნენ მათი ოჯახის წევრებსაც.

70-იანი წლების სისხლის სამართლის საქმეებიდან აღსანიშნავია მასალები, რომლებიც დისიდენტურ მოძრაობასა და ჰელსინკის კავშირის შექმნას შეეხება. 80-იანი წლების სისხლის სამართლის საქმეებიდან ყველაზე ცნობილია საქმე #8309 (22 ტომი), ე.წ. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე”, რომელიც საჰაერო ხომალდის გატაცების ფაქტს ეხება.

ფონდი N8, სხდომის ოქმები - საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), შინსახკომთან (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (НКВД)) არსებული სამეულის, გასახლებულ და შემოსახლებულ პირთა სიების, კონტრრევოლუციონერთა საქმეების გადამოწმების რესპუბლიკური კომისიის სხდომის ოქმების ფონდი. მოიცავს 491 საქმეს. პერიოდი: 1921-დან 1955 წლის ჩათვლით.

ფონდი N9, სახელმწიფო შემოწმების და ფილტრაციის მასალების ფონდი - მოიცავს 1946-1951 წწ. პერიოდს, მასში გაერთიანებულია დაახლოებით 1.300 საქმე. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებთან ტყვედ ნამყოფობის შემდეგ ხდებოდა ომის მონაწილეთა სპეცშემოწმება და შესწავლა, რის შემდეგაც ისინი იგზავნებოდნენ ე.წ. „საფილტრაციო ბანაკებში“, სადაც გამოიყენებოდნენ იძულებით სამუშაოებზე. ისინი რეპრესირებულნი იყვნენ გერმანიის არმიასთან თანამშრომლობის გამო. 1991-1992 წლებამდე, სანამ უშიშროების კომიტეტის არქივში ხანძარი გაჩნდებოდა, ამ ფონდში დაცული იყო 45 000 საქმე, რომლებიც პრაქტიკულად სრულად დაიწვა.

ფონდი N12, დახვრეტილები - საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატი (НКВД) მიერ გასამართლებულ პირთა მიმართ განაჩენის უმაღლესი ზომა - დახვრეტის სისრულეში მოყვანის შესახებ მიმოწერა და აქტები - 1921 წლიდან 1952 წლის ჩათვლით. ფონდი მოიცავს 92 საქმეს. დაცული დოკუმენტების მიხედვით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა 16693 პიროვნებას, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.

ფონდი N13, სპეცგადასახლებულთა ფონდი - დაცულია ე.წ. „საეშელონო სიები“ და სპეცგადასახლებულთა საქმეები. მოიცავს 1941-დან 1951 წლამდე პერიოდს.

საეშელონო სიებში მოცემულია ინფორმაცია როგორც გადასახლებულთა, ისე გადასახლებიდან დაბრუნებულთა შესახებ. სიებში აღნიშნულია ოჯახის უფროსი და მასთან ერთად გადასახლებულ ოჯახის წევრთა რაოდენობა, რიგ შემთხვევებში სრულწლოვანი ოჯახის წევრების სახელები და გვარებიცაა მოცემული, არასრულწლოვნებს კი მხოლოდ სულადობით აღნიშნავდნენ. მოცემულია აგრეთვე იმ ვაგონებისა და ეშელონების ნომრები, რომლებითაც მოხდა მათი ეტაპირება.

გადასახლებას ექვემდებარებოდნენ ემიგრანტები, ,,ხალხისა და სამშობლოს მოღალატეები”, ყოფილი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ირიცხებოდნენ გერმანიის არმიის ნაციონალურ ფორმირებებში, აგრეთვე თურქეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები და მათი ოჯახის წევრები. ასახლებდნენ ეთნიკური ნიშნით (ბერძნები, ირანისა და თურქეთის ქვეშევრდომები, გერმანელები, ქურთები, ხემშილები და სხვ.), ასევე შრომისუუნარო და არასრულწლოვან პირებს.

გადასახლებულთა ეტაპირება ხდებოდა, ძირითადად, შუა აზიაში (უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში) და სსრკ შორეულ მხარეში - ციმბირში.

მასობრივი გადასახლებები 1941 წლიდან დაიწყო, როცა სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტმა 1941 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #744 ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც საქართველოდან, ძირითადად, გადაასახლეს ეროვნებით გერმანელები.

ფონდი N14, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ფონდი - ამ ფონდში დაცულია II მსოფლიო ომში დაღუპულ, ტყვედ ჩავარდნილთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 120.000 პირის შესახებ. არის 105 ტომი, თითოეულში მოცემულია ინფორმაცია  1.200-დან 1.800-მდე ადამიანის შესახებ.

ამ სიებიდან ვიგებთ, საქართველოს რომელი რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ იყვნენ გაწვეული ჯარისკაცები, რა სამხედრო წოდება და თანამდებობა ჰქონდათ მათ.

ასე მაგალითად: გრიგოლ გრიგოლის ძე ავალიშვილი, დაბ. 1902 წელს, ფოთის რ-ნში, გაწვეულ იქნა ფოთის რაიკომისარიატის მიერ; წოდება - წითელარმიელი; თანამდებობა - მსროლელი; სამხედრო ნაწილი - მე-800 მსროლელთა პოლკი; ამორიცხვის თარიღი - 05.07.1942. დაკარგვის მიზეზი - გარდაიცვალა ჭრილობებისგან; დაკრძალვის ადგილი - ორლოვის ოლქი, დოლგორუკოვის რ-ნი, სოფ. სტეფანოვკა.

ამ მასალების ორიგინალები ინახება რუსეთის სფსრ, ქ. პოდოლსკში, ხოლო საქართველოს შსს-ს არქივი ინახავს დოკუმენტების ასლებს.

ფონდი N21, რეაბილიტირებულები - ფონდში დაცულია პროკურატურის დასკვნები და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ რეაბილიტირებულთა სიები.

სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსა და შინსახკომის მიერ რეპრესირებულების მიმართ საქართველოს სსრ პროკურატურამ გამოიტანა დასკვნები მათი რეაბილიტაციის შესახებ.

აღნიშნულ პერიოდში რეპრესირებულები რეაბილიტირებულნი არიან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების თანახმად.

მოიცავს 60 ტომს, სადაც მოცემულია ინფორმაცია დაახლოებით 18.000 რეპრესირებულის რეაბილიტაციის შესახებ.

ასევე ამ ფონდში შედის საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიის მიერ რეაბილიტირებულთა სიები, რომლებიც ეროვნული არქივიდან გადმოგვეცა.

საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით გასამართლებული პირები 1955-60 წლებში რეაბილიტირებულად ცნო.

მოიცავს 6 ტომს, სადაც მოცემულია 10.768 ჩანაწერი რეაბილიტაციის შესახებ.

ამჟამად ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი თავისი მოცულობით ერთ-ერთი უდიდესიასაქართველოში, რომელშიც 8300-მდე ფონდია დაცული. აქ არსებული ფონდები და მასალებიფასდაუდებელ და შეუფასებელი,მდიდარიწყაროაროგორც პარტიული, ისე კომკავშირული ცხოვრების ისტორიის შესწავლის საქმეში.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შსს-სარქივში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.დაიწყო დიგიტალიზაციის პროცესი, შეიქმნა ელექტრონული მონაცემთა ბაზები. გამოვლინდა დასაზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა მრავალი საინტერესო დოკუმენტი. მოხდა არქივშიდაცული 8.000-მდე ფოტოს დიგიტალიზაცია. რაც ყველაზე მთავარია, არქივისადმი ინტერესიდღითიდღე იზრდება. აქ დაცული მასალების მიხედვით გამოდის ორენოვანი ჟურნალი „საარქივომოამბე“, მზადდება დოკუმენტური ფილმები და ტელესიუჟეტები, პრესაში ქვეყნდებამრავალი საინტერესო მასალა.

საქართველოს ეროვნული არქივი ქვეყანაში საარქივო ფონდების უმსხვილესი შემნახველია. მასალა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მკვლევრებისთვის, რომლებიც შეისწავლიან კავკასიის, რუსეთის იმპერიის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ბოლშევიკური სახელმწიფოს დაარსების, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის და საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის ისტორიას. არქივი წელიწადში 1000 მკვლევარს ემსახურება, რომელთაგან 100-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული არქივები აღარ ინახავენ საიდუმლო მასალებს. კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ ზედამხედველობს და უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის მასალების ღიაობას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონის გათვალისწინებით და იმ შემთხვევაში,  თუ დოკუმენტის შექმნიდან გასულია 75 წელი, არ შეიცავს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ან რაიმე სხვა სახით არ არის აკრძალული კანონის მიერ.

ოფიციალურ ჟურნალს თუ დავეყრდნობით, შსს-ს არქივის ვებ-გვერდი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ხელმისაწვდომობის სტანდარტი. საქართველო,  ბალტიის ქვეყნებთან ერთად, იყო პირველი, ვინც საიდუმლო სამსახურების არქივები გახსნა, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო. შსს-ს არქივის ვებ-გვერდზე ბევრი ისეთი მასალაა ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, შსს-ს არქივის ოფიციალური ჟურნალი კი წერს, რომ ვებ-რესურსი შესაძლოა მაგალთადაც გამოდგეს სხვა ქვეყნებისთვის. თუმცა შესაძლოა აღიშნული გავაკრიტიკოთ და შევადაროთ უცხო ქვეყნების ძირითად არქივებს და დავასკვნათ, რომ შსს-ს არქივის ვებ-გვერდი დასახვეწია, არ იძლევა სრულ ინფორმაციას და აქვს ციფრულ დოკუმენტებთან წვდომის მინიმალური შესაძლებლობა. საქართველოს ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე შეიძლება თქვას,  მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდი ორენოვანია და უკეთესი დიზაინით გამოირჩევა, ის უფრო პიარის და მარკეტინგის კუთხითაა წარმატებული და მკვლევართა საჭიროებებს ნაკლებად პასუხობს.

გარდა ზემოხსენებულისა, გარკვეული შეკითხვები არსებობს შსს-ს არქივთან მიმართებით. ანალიტიკურ ჟურნალში - „КГБ-სარქივებთან დაშვება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ - (კიევი, 2017) მკვლევრები სვამენ შემდეგ კითხვებს:

  1. რა ბედი ეწია რეპრესიული სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების პერსონალურ ფაილებს? ეს მასალა განადგურდა თუ შენახულია?
  2. სად და რა მდგომარეობაშია საქართველოს КГБ-ს რაიონული ორგანიზაციების არქივები?
  3. სად არის სასაზღვრო დაცვის და შინაგანი ჯარების საარქივო მასალები?

სტატიის წერის პროცესში მივმართეთ შსს-ს არქივის ოფიციალურ პირს, რომელმაც ზემოხსენებულ კითხვებზე  ასე გვიპასუხა:

  1. თბილისის სამოქალაქო ომის დროს საარქივო მასალის  ძირითადი ნაწილი დაიწვა. ოფიციალური პირების განცხადებით, ყველა დოკუმენტის თითო  პირის გადაღება და მოსკოვში გაგზავნა მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, КГБ-ს რამდენიმე თანამშრომელმა რუსეთიდან გამოითხოვა დოკუმენტი  შრომითი სტაჟის შესახებ და მიიღო კიდეც.
  2. КГБ-ს რაიონული ორგანიზაციების მასალები თბილისში იგზავნებოდა ცენტრალიზებული აღრიცხვისა და შენახვისთვის.
  3. აღნიშნული მასალა არ ინახება საქართველოს შსს-ს არქივში. მათი ვარაუდით, ეს მასალა სრულად კონტროლდებოდა საბჭოთა კავშირის სასაზღვრო დაცვის კომიტეტის მიერ.

სხვა ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ არქივზე, არის ზოგადი ხასიათის, ხოლო ეროვნულ არქივსა და სხვა არქივებს აქვთ საკუთარი რეგულაციების და შიდა ბრძანებების მიღების საშუალება. შესაბამისად, სხვადასხვა არქივს აქვს დოკუმენტების დაცვის, აღრიცხვის და გამოყენების სხვადასხვა სტრატეგია და რეჟიმი. 2009 წლიდან არ ყოფილა შემთხვევა, რომ შსს-ს არქივს უარი ეთქვას მკვლევრებისთვის დოკუმენტების გამოყენებაზე. დოკუმენტების გამოყენება და ფასები რეგულირდება შიდა ბრძანებით:

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N494 (06.09.2011) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნის შესახებ“ განმარტავს არქივის და მისი განყოფილებების ფუნქციებს;
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N428 (16.10.2012) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესების და პირობების დამტკიცების შესახებ“.

როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს აქვთ დოკუმენტებთან დაშვების უფლება - კანონი არ ითვალისწინებს შეზღუდვებს მოქალაქეობის მიხედვით. კანონი არ ითვალისწინებს არავითარ შეღავათს მეცნიერებზე, სტუდენტებზე, იმ პიროვნებებსა  და მათ მემკვიდრეებზე, რომელთაც ეს  დოკუმენტები ეხება. არქივი დოკუმენტების ასლებს გასცემს ე.წ. „წყლის ნიშნებით“, რაც მათი სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას  აფერხებს.

ამჟამად შსს-ს აკადემიის არქივი გადადის ახალ შენობაში, რაც მკვლევრებს დოკუმენტებთან მუშაობის უკეთეს საშუალებას მისცემს. აქამდე არქივის ნაწილი (შსს-სა და უშიშროების არქივები) სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში, ხოლო მეორე ნაწილი (პარტარქივი) ყოფილი სატელეფონო სადგურის შენობაშია განთავსებული. აქ კი მკვლევართა დარბაზებში მუშაობა საკმაოდ არაკომფორტულია არასაკმარისი სამუშაო ადგილისა და თანამშრომელთა ოთახების სიახლოვის გამო. გარდა ამისა, დარბაზებში არ არის ხელმისაწვდომი სტაციონალური კომპიუტერები და ინტერნეტი.

 

ნასწავლი გაკვეთილები

უშიშროების კომიტეტის შენობაში გაჩენილმა ხანძარმა, ომებმა და ზოგადმა ქაოსმა 1990-იანი წლების საქართველოში დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესის შეფერხებაში. მომხდარი მოვლენების გამო ინიციატივები და დისკუსია არქივების და საბჭოთა წარსულის პრობლემების შესახებ ქვეყანის დღის წესრიგში მეორეხარისხოვანი იყო.

საზოგადოების ინტერესი ლუსტრაციაზე, მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და საბჭოთა რეპრესიებზე, საბჭოთა წარსულისა და წითელი ტერორის გააზრებაზე მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გამძაფრდა. ახალი დროის მოსვლასა და ქვეყნის ვესტერნიზაციის პარალელურად ეს კითხვები კვლავ აქტუალურია.

მას შემდეგ, რაც შსს-ს არქივი გადაკეთდა და 2000-იანი წლების ბოლოს ხელმისაწვდომი გახდა, გამჭვირვალობის და ინფორმაციასთან დაშვების საკითხებმა უფრო მკაფიო  მნიშვნელობა შეიძინა. ამ მოვლენების შემდეგ არქივი ოფიციალურად აცხადებს, რომ მისი მუშაობა გამჭვირვალეა, დოკუმენტები ხელმისაწვდომია და  მეცნიერებს თანამედროვე სერვისებს სთავაზობს. მკვლევართა ხელშეწყობის გარდა, ორგანიზაცია უშვებს ჟურნალს - „საარქივო მოამბე“ როგორც ბეჭდურ, ისე  ელექტრონულ ვერსიებს. ჟურნალის თემები ხშირად ეხება საბჭოთა რეპრესიებს, რეჟიმს და იმ დანაშაულებს, რაც იმ პერიოდში ქვეყანამ ჩაიდინა.

1990 წლებში საზოგადოებრივი ინიციატივა მხოლოდ ერთადერთ ორგანიზაციას, "მემორიალს" გააჩნდა. ისინი ცდილობდნენ დაეკავშირებინათ რეპრესირებულთა ოჯახის წევრები, მოეხდინათ მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, შეეგროვებინათ საოჯახო არქივები და გაევრცელებინათ ინფორმაცია საზოგადოებაში - გამოექვეყნებინათ ისინი ინტენეტის საშუალებით. ორგანიზაცია კვლავ არსებობს, თუმცა აქტურად აღარ მუშაობს და მათი ელექტრონული არქივიც არაა ხელმისაწვდომი. „მემორიალი“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გამოთქვა ინიციატივა КГБ არქივის ღიაობის შესახებ. ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 1924 და 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირთა საარქივო დოკუმენტების სისტემატიზაციაში. საზოგადოება საკუთარ გაზეთში აქვეყნებდა ინფორმაციას, თუმცა რესურსების უქონლობის და სხვა მიზეზების გამო გამოცემა შეჩერდა.

2010 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB) აწარმოებს კვლევას და საგანმანათლებლო პროექტების არქივებში საბჭოთა წარსული გასააზრებლად. პროექტებს შორის აღსანიშნავია: „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“ ისტორიულ-საგანმანათლებლო ტური, „საბჭოთა წარსული გააზრება“  დისკუსიების კრებული,  „დაკარგული ისტორია - რეპრესირებულ ქალთა მეხსიერება“ გამოცემა. ორგანიზაციამ გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი: „დიდი საბჭოთა ტერორი - ადამიანური ისტორიები“, „ცოცხლად მოსმენილი ისტორიები - რეპრესირებულ ქალთა მეხსიერება“. ამ პროექტების ფარგლებში განხორციელდა გამოფენები საქართველოს სხვადასხავ ქალაქში. იმავე წელს, ორგანიზაციამ დაიწყო პროექტი „სახალხო არქივი“ (archive.ge) – ვებ-გვერდი, რომელიც აგროვებს ხალხში არსებულ უნიკალურ საარქივო დოკუმენტებს (იმ დოკუმენტების ჩათვლით, რომლებიც რეპრესირებულების ოჯახის წევრებს აქვთ). 2013-2017 წლებში ორგანიზაციამ განახორციელა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: „დამფუძნებელი კრების წევრთა მემორიალური კოლექცია“; პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 1920-1940 წლებში თბილისის, თელავის და გორის შემოგარენში მასობრივი დახვრეტის ადგილების აღმოჩენას; საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის ისტორია; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა 1918 წელს. გარდა ამისა, SOVLAB-მა   ინიცირება გაუწია კანონპროექტს, რომელიც უფლებას აძლევს მკვლევარებს, არქივის დარბაზებში საკუთარი ფოტოაპარატი გამოიყენოს და განსაზღვროს პერსონალური ინფორმაციის სახეები არქივის შემთხვევაში. ეს კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა უმცირესობის წევრმა ორმა პარლამენტარმა და ის კვლავ განხილვის პროცესშია.

2009 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს რამდენიმე იდეას შსს-სა და ეროვნულ არქივებთან თანამშრომლობით. ორგანიზაციას აქვს მდიდარი გამოცდილება საარქივო დოკუმენტების შეგროვებაში, ანალიზსა და გამოქევეყნებაში. 2011-2013 წლებში ორგანიზაცია ჩართული იყო 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებაში. ამ დღეებში საბჭოთა მილიციამ და საჯარისო ნაწილებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტები დაარბიეს და დახოცეს. შემდეგი დიდი პროექტი IDFI-მ განახორციელა შსს-ს არქივთან ერთად და ის მიზნად ისახავდა „სტალინური სიების“ გამოქვეყნებას. ეს არის ბაზა, სადაც ხელმისაწვდომია  ინფორმაცია 3600-ზე მეტი ადამიანის შესახებ, რომლებსაც ე.წ. „დიდი ტერორის“ დროს რეპრესიები მოუწყვეს. IDFI-ს აქვს არქივების შესახებ კონფერენციების მოწყობის გამოცდილება შსს-ს არქივთან, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების არქივთან და საზოგადოება „მემორიალთან“ თანამშრომლობის შედეგად. კონფერენციების დროს აქტიურად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მეცნიერებს, არქივისტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს შორის. განიხილებოდა არქივებში კვლევის და სახელმწიფოს მხრიდან ღიაობის უზრუნველყოფის თაობაზე. IDFI იდეას არქივების ღიაობის  შესახებ წლების მანძილზე უწევს პოპულარიზაციას პოლიტიკურ და სამოქალაქო სექტორში. მათი ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარედგინა   იდეა  საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დოკუმენტის გაცნობისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმების შესახებ. ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში IDFI-მ ადვოკატირება გაუწია ყოფილი КГБ არქივის კატალოგის დიგიტალიზაციას. OGP კომიტეტი პოზიტიურად აფასებდა IDFI ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებებით. 2017 წლის ნოემბერში IDFI-მ დაიწყო პროექტი - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“. პროექტის ძირითადი მიზანია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არქივების ღიაობის პოპულარიზაცია და მკვლევართა ქსელის შექმნა მონაწილე ქვეყნებში. 2018 წლის 27-28 აპრილს IDFI-მ უმასპინძლა კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იყო 30 მეცნიერი (საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები, სახელმწიფო არქივების წარმომადგენლები) 20-მდე ქვეყნიდან, რომელთაც გააზიარეს თავიანთი გამოცდილება არქივების ღიაობის კუთხით.

ზემოხსენებული ინიციატივების უმეტესობას მხარი დაუჭირა ქართულმა არქივებმა და ორგანიზაციებს მიეცათ არქივების თავისუფლად გამოყენების უფლება. მაგალითად, „სტალინური სიების“ პროექტის განსახორციელებლად შსს-ს არქივმა IDFI-ს გადასცა რამდენიმე ათასი დოკუმენტის დასკანერებული ვერსია, რათა გაენალიზებინა, დაეხარისხებინა ეს დოკუმენტაცია და შეეტანა ბაზაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს ბაზა თავის ვებ-გვერდზე განათავსა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. მიუხედავად დახმარებისა, არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც: IDFI-მ დაიწყო სასამართლო წარმოება ეროვნული არქივის წინააღმდეგ, რადგან მათ არ გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. SOVLAB-იც ჩართულია მსგავს პროცესში და ითხოვს ეროვნული არქივის პასუხისმგებლობას პერსონალური ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. უახლოეს მომავალში ამ პროცესების შედეგები ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.

სამოქალაქო ინიციატივები, რომლებსაც იჩენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფასდაუდებელია არქივების ღიაობის პროცესში და აქვს პირდაპირი გავლენა არქივების ღიაობის პოპულარიზაციასა და საარქივო კვლევების ინტენსივობის ზრდაზე. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არქივების ღიაობას  უდიდესი გავლენა აქვს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. საქართველოს მაგალითით, სამუშაო რომელიც IDFI-მ გასწია უშიშროების არქივის ღიაობის და მათი კატალოგის გამოქვეყნების კუთხით, ასევე საერთაშორისო კვლევითი პროექტები საბჭოთა კვლევის კუთხით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის დოკუმენტების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.

 

რეკომენდაციები

მნიშვნელოვანია  სარეჟიმო არქივების ფონდების და დოკუმენტების ფიზიკური დაცულობა: უსაფრთხოების მხოლოდ ბიუროკრატიულ აპარატზე მინდობა დაუშვებელია. უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმი არქივებზე, განსაკუთრებით დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ უზრუნველყო არქივების დაცულობა და მათი დიდი ნაწილი განადგურდა. სავარაუდოდ, დოკუმენტების ასლები აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის სამართაალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის ხელში და სადღეისო პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ძნელი წარმოსადგენია, ის საქართველოს უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს.

საარქივო დოკუმენტების მცირე ნაწილი კი, რომლებიც  გადარჩა, შსს-ს არქივის ოფიციალური განცხადებით, სრულად ხელმისაწვდომია მკვლევართათვის.  იმის გამო, რომ საზოგადოებას დამოუკიდებლად არ შეუძლია არქივების მონიტორინგი და საცავები კი არ აქტიურობენ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ განცხადებას. საზოგადოება ძალაუნებურად უნდა ენდოს შსს -ს არქივის მიერ გამოქვეყნებულ აღწერილობებს. ერთი რამის თქმა შეიძლება დანამდვილებით, რომ ფონდების გამოყენებაზე შსს-ს არქივს უარი არავისთვის უთქვამს.

მრავალი მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ საარქივო დოკუმენტების დიგიტალური ვერსიების დამზადებისა და გამოყენების საფასური ძალიან მაღალია. IDFI ფიქრობს, რომ მკვლევრებს აუცილებლად უნდა მიეცეთ საშუალება, დარბაზში გადასაღებლად გამოყენონ საკუთარი ტექნიკური საშუალებები, რაც ღიაობისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და რიგ პრობლემებს გადაჭრის, თუმცა არც ეროვნული და არც შსს-ს არქივები ამის საშუალებას მკვლევრებს არ აძლევენ.

სამომავლოდ რუსეთის КГБ არქივებში დაცული დოკუმენტების კვლევა, ციფრული ასლების მოპოვება და  ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა აუცილებელია, თუმცა დღესდღეობით ეს შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გამო. აღნიშნული არქივების კვლევის გარეშე მუდმივად იქნება წინააღმდეგობრივი ფაქტები საბჭოთა კავშირის რეპრესიების განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობის ისტორიის შესწავლაში. აღნიშნული მისია დღევანდელი, 2018 წლის გადმოსახედიდან, შეუსრულებელია, ხოლო ქართულ საზოგადოებაში მრავალი კთხვა კვლავ პასუხის გარეშეა დარჩენილი.

 

წყაროები და დამატებითი საკითხავი

  1. საარქივო მოამბე N1, 2008 გვ. 6-8
  2. დოკუმენტური ფილმი ‘დაკარგული ისტორია’: https://www.youtube.com/watch?v=5vYlBOxhBj4
  3. იხილეთ http://archives.gov.ge/en/history
  4. საქართველოს კანონი - ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ,მიღების თარიღი: 29.12.2006; https://matsne.gov.ge/ka/document/view/22420
  5. ინტერვიუ საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილესთან, ქეთევან კობიაშვილთან, 2015.
  6. Vatcharadze, Anton, Problems of Archival Descriptions in Post-Soviet Countries (Case study according to the Central Historical Archive of Georgia), International Conference Proceedings, Radenci, 2016.
  7. „Open Access to the KGB Archives in the Eastern Partnership“, part „Georgia“, Author: Irakli Khvadagiani, Kiyv, 2017.
  8. Gularidze, Tea, “Deficienes of ruling Party were visable from day one”, in Civil.ge, 28 February, 2004, http://www.civil.ge/geo/_print.php?id=6139
  9. http://police.ge/en/useful-information/mia-archive?sub=428
  10. http://archive.security.gov.ge/security_fond.html
  11. საქართველოს კანონი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ,მიღების თარიღი: 28.12.2011; https://matsne.gov.ge/ka/document/view/1561437?publication=20
  12. საქართველოს კანონი - სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, მიღების თარიღი: 16.20.1996.
  13. საარქივო მოამბე, N5, 2009, 112–114.
  14. http://archive.security.gov.ge/ushishroebis_fondi.html
  15. http://archive.security.gov.ge/archival_bulletin.html
  16. https://idfi.ge/en/archival_studies_post_soviet_space
  17. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=26
  18. http://sovlab.ge/en/about/index
  19. https://idfi.ge/ge/access_to_state_archives_discussed_by_international_researchers_in_georgia

 

ავტორის შესახებ

ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს კვლევით მიმართულებას საარქივო და საბჭოთა კვლევების პროგრამის ფარგლებში. ანტონ ვაჭარაძე განათლებით ისტორიკოსია, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები. ამჟამად სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2018 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა.