...
10 ნოემბერი 2020
საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიმოხილვა
ადვოკატირება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოცემულ ანგარიშში განიხილა დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე, ამ მხრივ არსებული მიღწევები და გამოწვევები სამი ძირითადი მიმართულებით - სამართლებრივი განზომილება, ინსტიტუციური განზომილება და მემორიალური განზომილება. წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მეხსიერების პოლიტიკის კუთხით გამოწვევები არსებობს სამი მიმართულებით.

 

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ „КГБ“-ის საარქივო დოკუმენტების 80% თბილისის ომის დროს განადგურდა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სრულფასოვან ლუსტრაციას ქვეყანაში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ვარაუდებიც იმის თაობაზე, რომ აღნიშნული არქივების დიდი ნაწილი შესაძლოა რუსეთშიც ინახებოდეს. ეს კი განსაკუთრებული საფრთხის შემცველია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პირობებში. ამგვარი დოკუმენტების რუსეთში არსებობის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა ეფექტური იარაღი აღმოჩნდნენ რუსეთის ხელისუფლების ხელში, რომელიც შეიძლება გამოყენებაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის. ასევე, IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისიის საქმიანობა საკმაოდ ბუნდოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ეფექტურობა, ამიტომ საჭიროა კომისიის საქმიანობის გადახედვა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს კომისიაში პარლამენტის წევრების მონაწილეობას, პრაქტიკა აჩვენებს, რომ პარლამენტარების ჩართულობის ხარისხი საკმაოდ დაბალია.

 

ამასთანავე, საქართველოში არსებობს გამოწვევები ტოტალიტარული იდეოლოგიების ხელახლა აღმოცენებისა და ტოტალიტარული სიმბოლიკის გავრცელების პრევენციის კუთხით. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც სუს-ში არსებულ „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებულ კომისიას საშუალებას მისცემს, მყისიერად და უფრო ეფექტურად იმუშაოს საჯარო სივრცეში ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიმართულებით. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ჩატარდეს აქტიური საინფორმაციო კამპანიები და დისკუსიები, რის შედეგადაც კონსენსუსის საფუძველზე მოხდება ტოტალიტარული სიმბოლიკის აღება ან/და ჩანაცვლება.  

 

განსაკუთრებულად საყურადღებოა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და რეაბილიტაციის კუთხით სახელმწიფოს გააქტიურება. IDFI საჭიროდ მიიჩნევს, რომ განახლდეს 2018 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი, რეპრესირებულ პირთა ან მათ მემკვიდრეთა უფლება ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, შესაბამისი განცხადებით მიმართონ სასამართლოს და გაიზარდოს დადგენილი ერთჯერადი დახმარების ოდენობა, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე, 1.000-დან 2.000 ლარამდე მერყეობდა. ასევე მნიშვნელოვანია, რეპრესირებულთათვის ყოველთვიური სუბსიდიის 7 ლარიდან 44 ლარამდე გაზრდა, რისთვისაც IDFI აგრძელებს აქტიურ ადვოკატირების კამპანიას. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რეპრესირებულ პირთა გათავისუფლება საყოფაცხოვრებო-კომუნალური გადასახადებისგან, მათ, ვინც არ ფლობს საცხოვრებელ ფართს, მიეცეთ ყოველთვიური დახმარება ქირის გადასახადის სრული ან ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, კანონით დადგენილი იყოს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათი რეპრესირებული პირებისათვის და რეპრესირებულ პირთათვის გათვალისწინებული სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა ითვალისწინებდეს რეალურ საარსებო მინიმუმს.

 

რაც შეეხება ინსტიტუციურ განზომილებას, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აქამდე საქართველოში შექმნილი კომისიები, რომლებიც მუშაობდნენ საბჭოთა რეპრესიების შესწავლაზე, უფრო მეტად ემსახურებოდნენ მათი თანამედროვე მოვლენების ისტორიული კონტექსტით ახსნას, ვიდრე წარსულის გადააზრებას, შეფასებას და ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციას. ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაახლოს მუშაობა ამ კუთხით და წაახალისოს საბჭოთა წარსულის კვლევები, რაც აუცილებელია საბჭოთა ტერორის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მომავალში მსგავსი ტოტალიტარული რეჟიმების აღმოცენების პრევენციისთვის. მართალია, საქართველოში საბჭოთა წარსულისა და მასთან დაკავშირებულ კვლევებზე მომუშავე ორგანიზაციები არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა არც ისე დიდია.  ხშირ შემთხვევაში, საკითხები, რომელსაც ეს ორგანიზაციები ადვოკატირებენ - არქივების ღიაობა, ეფექტური მეხსიერების პოლიტიკის შემუშავება და მსხვერპლთა რეაბილიტაცია, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ, საჭიროა, რომ საბჭოთა წარსულის კვლევებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის თანამშროლობის ხარისხი გაიზარდოს, რათა ქვეყანაში ეფექტური მეხსიერების პოლიტიკის წარმართვა გახდეს შესაძლებელი.

 

მემორიალურ განზომილებასთან დაკავშირებით კი IDFI განსაკუთრებულ გამოწვევად მიიჩნევს აჭარაში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების საკითხს, ვინაიდან მაშინ, როცა, ბევრ ქვეყანაში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილებზე მოწყობილია  მემორიალური კომპლექსები, ხელისუფლების ხელშეწყობით, იმართება რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და წახალისებულია ამ მიმართულებით კვლევები, ამგვარი რამ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს.  მიუხედავად IDFI-ის არა ერთი მოწოდებისა, აღმოჩენიდან ერთი წლის შემდეგაც, სამარხები და ნეშტები კვლავ გამოუკვლეველია, არც აღნიშნული ადგილას მემორიალის მოსწყობად დაწყებულა სამზადისი და არც საგანმანათლებლო ან სხვა სახის ღონისძიებებს ჩაყრია საფუძველი. რაც მთავარია, დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საერთო სამარხის მოწყობის ან ნეშტების იდენტიფიცირების და მათი ოჯახებისთვის გადაცემის შესახებ. IDFI კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას ამ კუთხით და მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ დროულად გაითვალისწინოს ორგანიზაციის რეკომენდაციები და დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. 

 

ამასთანავე, გამოწვევად რჩება ქვეყანაში იმგვარი მუზეუმების არსებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საბჭოთა წარსულის საფუძვლიან კვლევასა და მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფაზე. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ ჩატარდეს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია და მთლიანად შეიცვალოს მისი კონცეფცია, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის პარალელურად.  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მეტად ინტეგრირდეს კვლევითი კომპონენტი და მის სამომავლო განვითარებასა და გაფართოებაში აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდა მკვლევარები. IDFI გამოთქვამს მზაობას, რომ ამ კუთხით აქტიურად ითანამშრომლოს როგორც სახელმწიფოსთან, ასევე, კონკრეტული მუზეუმების წარმომადგენლებთან.

 

კვლევას რულად იხილეთ აქ.

 

___

      

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) მიერ.

 

შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო და "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.