...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

1944 წლის ოფიციალური დოკუმენტები საქართველოში მცხოვრები უმცირესობების გადასახლების თაობაზე

20 ნოემბერი 2020


ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

1944 წლის 15 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა კავშირის შინსახკომის (НКВД) №001176 ბრძანების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებდა „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები თურქების[1], ქურთებისა და ჰემშინების (მუსლიმი სომხები)“ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გადასახლებას. ისინი, როგორც ხალხის მტრები, ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს და ჩამოართვეს უკან დაბრუნების უფლება. იოსებ სტალინის მიერ ხელმოწერილი, 1944 წლის 31 ივლისის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის № 6279сс დადგენილების თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადასახლებას დაექვემდებარა სამხრეთ საქართველოს 200 სოფლის მაცხოვრებელი, 86,000 ადამიანი (ბერიას შემაჯამებელი ტელეგრამის მიხედვით, სულ გადაასახლეს 91,095 მოსახლე) და ასევე 41,000 სამხედრო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე იბრძოდა.

 

ერთ-ერთი გადასახლებული მუსლიმი მესხის შთამომავალი, ფაშალი სულთანოვი, უნივერსიტეტში სწავლის დროს ცდილობდა ეპოვნა დოკუმენტები, რითაც ახსნიდა დეპორტაციის მიზეზებს. მხოლოდ 1989 წლის ერთ საგაზეთო სტატიაში, რომელიც სამართლებრივ საკითხებს ეხებოდა, მან ამოიკითხა, რომ იძულებითი გადასახლების მიზეზი იყო საზღვრების უკეთესი კონტროლი - თითქოს, სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ზედმეტად ხშირად კვეთდნენ საზღვარს.[2]

 

მეორე მსოფლიო ომში 41,000 მუსლიმი მესხი გაიწვიეს. უკან მხოლოდ 14,000 დაბრუნდა. 1953 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 14,000-დან მხოლოდ 3,500 მესხი დარჩა ცოცხალი. მათი უმრავლესობა ჭრილობებით და სხვადასხვა დაავადებით გარდაიცვალა.

 

1989 წელს „თურქ მესხებს“ კვლავ მოუწიათ გადასახლება. უზბეკეთში, ფერღანის რეგიონში, თურქების შევიწროება დაიწყო და საქმე ეთნიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. საბოლოოდ 70,000 მუსლიმი მესხი იძულებული გახდა კვლავ აყრილიყო და აზერბაიჯანში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გადასულიყო საცხოვრებლად. რთულია ამ ეთნიკური დაპირისპირების მიზეზების ახსნა: მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფის მიერ ხუთი განსხვავებული მიზეზი სახელდება - დაწყებული ბაზრობაზე წარმოქმნილი მცირე კონფლიქტით, გაგრძელებული ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებით და დასრულებული პოლიტიკური შეთქმულებით.

 

საინტერესოა, რომ მუსლიმი მესხების ნაწილმა მესამედაც განიცადა დეპორტაცია. მაგალითად, 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული მოქმედებების დაწყებამდე, დაახლოებით 2,000 მუსლიმი მესხი ცხოვრობდა დონბასის რეგიონში და უმრავლესობას კვლავ მოუწია გადაადგილება რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის გამო. მათი ძირითადი ნაწილი თურქეთში გაემგზავრა.[3]

 

მუსლიმი მესხების“ დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მათთვის განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსი და მათი რეპატრიაციის პროცედურა წლების მანძილზე ფართო განხილვის თემაა და ამ ურთიერთობაში ჩართული არიან დამატებითი მედიატორებიც ევროპული უწყებებიდან. აღნიშნული საკითხი ცალკე კვლევის საგანია, მიმდინარე სტატიით კი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) სურს, მიმოიხილოს 1944 წელს გამოცემული ის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლითაც სამხრეთ საქართველოდან ეთნიკური ჯგუფების გადასახლება განხორციელდა.

 

დოკუმენტები (ნაბეჭდი სახით) ხელმისაწვდომია ალექსანდრ იაკოვლევის ელექტრონულ არქივში. არქივი დაკომპლექტებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციული არქივების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით, რომლებთან წვდომაც სახელმწიფომ განმეორებით დახურა. ასევე, აღნიშნული დოკუმენტები სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იყო დოკუმენტების კრებულებში. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ არქივში ასლები დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დართული, მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის ალექსანდრ იაკოვლევის არქივში შესული დოკუმენტების ნაბეჭდი ვერსიები ორიგინალების ძალის მქონეა, რადგან ორიგინალურები კვლავაც არაა ხელმისაწვდომი.[4]

 

IDFI-მ თარგმნა და სტატიაში მიმოიხილავს ხუთ მთავარ დოკუმენტს:

 

- სსრკ თავდაცვის  სახელმწიფო კომიტეტის №6279сс დადგენილება საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქი-მესხების, ქურთებისა და ჰემშინების გადასახლების შესახებ. 1944 წლის 31 ივლისი.

- სსრკ შინსახკომის (НКВД) ბრძანება №001176 საქართველოსსსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქების, ქურთებისა და ჰემშინების გადასახლების შესახებ. 1944 წლის 20 სექტემბერი.

- ინსტრუქცია საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქი-მესხების, ქურთებისა და ჰემშინების გადასახლების პროცედურის შესახებ (სსრკ НКВД №001176 ბრძანების დანართი). 1944 წლის 20 სექტემბერი.

- საქართველოს სსრ უშიშროების სახალხო კომისრის, ა.ნ. რაფავას ტელეგრამა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისარს, ლ.პ. ბერიას თურქი მესხების, ქურთებისა და ჰემშინების გადასახლების დაწყების თაობაზე. 1944 წლის 15 ნოემბერი.

- შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ლ.პ. ბერიას მოხსენებითი ბარათი, ი.ვ. სტალინს, ვ.მ. მოლოტოვს, გ.მ. მალენკოვს - თურქების, ქურთებისა და ჰემშინების საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან გადასახლების ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. 1944 წლის 28 ნოემბერი.

 

დოკუმენტები ნათლად ასახავს იმ ქმედებებს, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადიოდა. უდანაშაულო მოსახლეობის გასახლების მიზეზი იყო მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობა და საფრთხე, რომ მუსლიმი მესხების, ქურთებისა და ჰემშინების მოსახლეობის უმრავლესობა რელიგიური ნიშნით თურქეთის მხარეს გადავიდოდა. თურქეთი ამ პერიოდისთვის არ იყო საბჭოთა კავშირის მოკავშირე და შესაძლოა, კრემლის ხელმძღვანელობა ამ მხრიდან საფრთხეს არ გამორიცხავდა, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ 1944 წლის დასაწყისში თურქეთმა შეწყვიტა ნაცისტური გერმანიისთვის ომისათვის საჭირო ნედლეულის მიწოდება, აგვისტოს თვეში გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა, 1945 წლის თებერვალში კი მოკავშირეების მხარეს ომს შეუერთდა. შესაბამისად, სამხრეთ საქართველოდან მოსახლეობის 1944 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გადასახლება იმ მოტივით, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ მეორე მსოფლიო ომში და თურქეთს შეუერთდებოდნენ, მხოლოდ საბაბი იყო ამ ტერიტორიების ეთნიკურად გაწმენდისა და,  ამავდროულად, ცენტრალური აზიის უზარმაზარი ცარიელი ტერიტორიების დასახლების მიზნით.

 

86,000 ადამიანის გადასახლებისთვის გამოიყო 20,000 ჯარისკაცი შინსახკომის საჯარისო ნაწილებიდან, ასევე — НКВД-НКГБ 4,000 ოპერმუშაკი. გადასახლებისთვის მობილიზდა 900 ერთეული „სტუდებეკერის“ ტიპის სატვირთო ავტომობილი. ოპერაციის ზოგადი ხელმძღვანელობა დაევალათ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და შინსახკომის მაღალჩინოსნებს - ავქსენტი რაფავას, ბოგდან ქობულოვს და გრიგოლ კარანაძეს.

 

 

ოპერაციის დაწყებამდე ზედმიწევნით შეისწავლეს აგენტურული ცნობები გადასასახლებელი კონტიგენტის შესახებ, მათ შორის იმ ინფორმატორების ცნობები, რომლებიც შემდეგ ასევე გადაასახლეს. ოპერაციამდე  ადგილზე სიტუაციის შესასწავლად გაგზავნეს კონსპირაციულად მოქმედი შინსახკომელები. ისინი სამხრეთ საქართველოს 5 რაიონში და აჭარაში ნიშნავდნენ იმ აუცილებელ ადგილებს, სადაც ხევებში შესაძლებელი იყო ჩასაფრების მოწყობა, ასევე აკონტროლებდნენ იმ ხეობებსა და ბილიკებს, რომელიც მიემართებოდა სასაზღვრო ხაზამდე და მიმდებარე რაიონებამდე; დეტალურად იყო შემუშავებული და განსაზღვრული დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევის გეგმები და  საჯარისო რეზერვის განლაგების ისეთი პუნქტები, საიდანაც ყველაზე სწრაფად შეიძლებოდა ძალების გადასროლა ექსცესების დაწყების შემთხვევაში.

 

შინსახკომის თანამშრომლებისთვის გაცემულ ინსტრუქციაში პირდაპირ შევხვდებით ისეთ მითითებებს, როგორებიცაა - „ანტისაბჭოთა გამოხტომების და ოპერჯგუფებზე თავდასხმის საფრთხის გათვალისწინებით, რაიონის პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ექსცესების წარმოქმნის შემთხვევაში, მიიღონ გადამჭრელი ზომები დაუყოვნებლივ ლიკვიდაციისთვის“„იმოქმედონ მკაცრად და დამაჯერებლად, ზედმეტი აურზაურის, ხმაურის და პანიკის გარეშე.“ ანუ, გადაწყვეტილი იყო, რომ მცირედი წინააღმდეგობაც კი საჩვენებლად, იარაღით უნდა აღკვეთილიყო.

 

15 ნოემბრის დილით, სამხრეთ საქართველოს სოფლებში მცხოვრები, გადასახლებას დაქვემდებარებული მამაკაცები შეკრიბეს და აცნობეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ისინი უნდა გადასახლებულიყვნენ ცენტრალური აზიის სამხრეთ რაიონებში. თითოეულ ოჯახს მიეცა 1500 კგ. წონის საოჯახო ნივთების (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასოფლო და საოჯახო ინვენტარი) წაღების უფლება. იმავე საღამოს 18:00 საათამდე, რაფავას მიერ ბერიასთვის მიწერილი ტელეგრამის თანახმად, ეშელონებში იმყოფებოდა და გასამგზავრებლად მზად იყო 26,591 ადამიანი.

 

 

საქართველოს სსრ უშიშროების სახალხო კომისრის, ა.ნ. რაფავას ტელეგრამა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისარს, ლ.პ. ბერიას მუსლიმი მესხების, ქურთების და ჰემშინების გადასახლების დაწყების თაობაზე. 1944 წლის 15 ნოემბერი.

დოკუმენტის ორიგინალური ასლი არ არის ხელმისაწვდომი, წარმოგიდგენთ მის სტილიზებულ ვერსიასა და თარგმანს.

 

ოპერაციის დასრულების შემდეგ, 28 ნოემბერს, ბერიამ სტალინს, მოლოტოვსა და მალენკოვს ტელეგრამით შეატყობინა გადასახლების მოტივი და საბოლოო შედეგი: „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც მოსაზღვრე თურქეთის რაიონების მოსახლეებთან ნათესაობა აკავშირებდათ, დაკავებული იყვნენ კონტრაბანდით, ავლენდნენ ემიგრაციულ განწყობებს და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისათვის წარმოადგენდნენ ჯაშუშურ ელემენტებად გადმობირებისა და ბანდიტური შენაერთების ფორმირების წყაროს. ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონების მოსახლეობის გადასახლების ოპერაცია ჩატარდა მიმდინარე წლის 15-18 ნოემბერს,  აჭარის ასსრ-ში მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს. ჯამში გადასახლდა 91,095 ადამიანი.“

 

როგორც კრემლში გაგზავნილი ტელეგრამიდან ვიგებთ, ექსცესები არ ყოფილა და მოსახლეობა დაემორჩილა მათთვის მიცემულ მითითებებს და ცენტრალური აზიისკენ მიმავალ შორეულ გზას გაუდგა, სადაც მათ უმძიმესი ცხოვრება ელოდათ. შემდგომ თაობას კი,  უკვე 1989 წელს, კიდევ ერთი უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს.

 

 

სრულად გაეცანით IDFI-ის მიერ ქართულად ნათარგმნ დოკუმენტებს აქ.

 

___

 

[1] საბჭოთა კავშირის დროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებში ადამიანთა აღნიშნული ჯგუფი მოიხსენიება, როგორც: „თურქები“ ან „თურქი-მესხები“, რის შემდეგაც აღნიშნული მცდარი ტერმინი („თურქი მესხები“) დამკვიდრდა. სინამდვილეში აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი მუსლიმი მესხები იყვნენ და თურქებთან არანაირი კავშირი არ გააჩნდათ.

[2]https://ukrainer.net/the-meskhetian-turks/

[3]https://www.worldbulletin.net/diplomacy/turkey-welcomes-meskhetian-turks-from-east-ukraine-h167797.html

[4] https://www.alexanderyakovlev.org/

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.