საარქივო და მეხსიერების კვლევები

სტალინის მითი და წარსულის დერეალიზაცია

08 ნოემბერი 2021

 ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

ყველაზე მარტივად ხაფანგებს თავს აღწევს ის, ვინც მათ აგებს -  პუბლილიუს სირი, ჩვ. . აღ-მდე პირველ საუკუნე.

„6 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა, მოსწავლეებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერება – 1 ლარი.“  ასეთ წარწერას ვხვდებით საქართველოში ქალაქ გორში სტალინის სახელობის მუზეუმის ოფიციალურ საიტზე.

სტალინის ისტორიული ფიგურა თანამედროვე საქართველოშიპოლიტიკური მითოლოგიის ნოსტალგიური რეკვიზიტი თუ  სისხლიანი ტერორის სულისჩამდგმელი ტირანი?ავტორი ეცდება, მოცემულ  სტატიაში პასუხი გასცეს ამ კითხვას.

უპირველეს ყოვლისა, გასათავისებელია ის ფაქტი, რომ დამკვიდრებული შეხედულებების კომპლექსს სტალინზე განსხვავებული ბუნება აქვს, ვიდრე ტრადიციულ კოსმოგონიურ და ჰეროიკულ რწმუნებებს ბელადებზე. იგი ხანგრძლივი, საფუძვლიანი მასობრივი პროპაგანდისა და ბიუროკრატიული საქმიანობის პროდუქტია, დაფუძნებული არა  სიმართლეზე, რეალობაზე,  არამედ განმეორებითობის სიხშირეზე, რაც ფუნქციურად გუნდურ/ჯგუფურ რიტუალურ ქმედებას და სახელმწიფო მანკიერ ცერემონიალებს ენათესავება. ქართველიდიადი ბელადისმითოლოგემა საქართველოში დღემდე არამხოლოდ ცალკეულ ფაქტებს თუ არგუმენტებს, დიდ რიტორიკულ კონტექსტებს წარმართავს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ისეთ დიამეტრალურ შეხედულებებს აერთიანებს,  როგორებიცაა, მაგალითად: ნაციის მამა, ბრძენი ლიდერი, პარანოიდური პიროვნება და სადისტი, მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფატორი, ტექნიკური მოდერნიზაციისა და სოციალური კონტრმოდერნიზაციის სულისჩამდგმელი,  მრავალი შიდა თუ გარე მტრის მუდმივი თავდასხმისაგან თავდაცვის დრამატული ინსინუაცების მთავარი პერსონაჟი, გარდაუვალი მასობრივი ტერორის აპოლოგეტი, ახალი სოციალისტური ბრწყინვალე საზოგადოების რომანტიკოსი მშენებელი...

საქართველოში დღემდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ მხოლოდ ასი ათასობით ადამიანის სისხლის  ექსტრაორდინალურ ფასად იყო შესაძლებელი ფაშიზმის აღზევების საშიშროების წინაშე მდგარი  ერის გადარჩენა განადგურებისაგან და ტერორი იყო ერთადერთი ეფექტური ბერკეტი  იძულებითი მობილიზაციისა და საზოგადოებრივი წყობის რადიკალური მოდერნიზაციისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს იდეოლოგემა აერთიანებს ორ ძირითად პოსტულატს: ხელმძღვანელობის სუვერენიტეტი,  მისტიკურობამდე მისული ერთპიროვნული ძალაუფლება, მოსახლეობის ინტერესების თუ  ფასეულობების ტოტალური იმანენტური ღირებულების ლიკვიდაცია და მეორე: პერმანენტური კონფრონტაციის პოლიტიკის აუცილებლობა სხვადასხვა ტიპისმტრის ხატთან“. თუ თვალს გავადევნებთ  საზოგადოების განვითარების ისტორიას, ვნახავთ, რომ  მას  არ აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება ან საჭიროება  მსგავსი სეკულარული იდეოლოგემების არსებობისა. შესაბამისად, სტალინური კულტი ვერ შედგებოდა მისი ღრმად იდეოლოგიურ -  ინსტიტუციონალური დაგეგმვის, ტრანსფორმაციის, აგიტაციის  გარეშე. იგი ხელთქმნილია, ხელოვნურია და მისი ხასიათი რაციონალურად განიმარტება პროპაგანდის და მასებზე ზემოქმედების კარგად შესწავლილი მექანიზმებით.

 

ტოტალიტარული ტრავმა საქართველოში

სოციოლოგიური კვლევებისას პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანებიც კი ამბიდენტურად აფასებენ სტალინის როლს, მაგალითად, საპირისპირო კონოტაციით გამსჭვალული შემდეგი ორი  მტკიცებულება  ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას: სტალინი არის ტირანი, დამნაშავე მილიონობით ადამიანების სიკვდილში და მხოლოდ სტალინის ხელმძღვანელობით იქცა სსრკ უძლეველ სახელმწიფოდ. ხალხის მასების შეფასებების, ერთი შეხედვით, ეს უცნაური  ამბივალენტობა მახასიათებელია ტოტალიტარული და პოსტ-ტოტალიტარული ცნობიერებისათვის და მიუთითებს ნაციონალური სიდიადის პოსტულატის  ინდუცირებულ, გარდაუვალ ძალადობასთან კორელაციაზე, იმ კავშირზე, რომელიც ნაციონალური ცნობიერების სახასიათო ტრავმულ სტრუქტურას, იდენტობის თავისებურებას წარმოშობს, დახუნძლულს კოლექტიური მითებითა და სიმბოლოებით.

ქართულ საბჭოურ ცნობიერებაში ღრმად  დამკვიდრდა  ნარატივი, რომმაღალი ღირებული, ძვირფასი მოითხოვს მსხვერპლს და უდანაშაულოთა სისხლის გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ფარისევლობად და პოლიტიკურ რიტორიკად იქცევა. სწორედ აღწერილი დამკვიდრებული კულტურული შაბლონები, რომლებიც, საბოლოო ჯამში,  ბოროტების ფასცინაციას[1], სტალინის ტოტალიტარული  მმართველობის  საკრალიზაციას, სისხლიანი რეპრესიების აუცილებლობას აღიარებს –  მიუთითებს საზოგადოებრივი სოლიდარობის სუსტს პოტენციალზე და ასევე იმაზე, რომ ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაში კვლავაც მტკივნეულად განიცდება ტოტალიტარულ პერიოდთან დაკავშირებული სოციალური ტრავმული წარსული, რომელიც არსებობს და ამავე დროს განიდევნება საზოგადოების მიერ

რეპრესირებულთა შვილებს შორის ხშირ შემთხვევაში ვიღებდით ორმაგ იდენტიფიკაციას - როგორც მსხვერპლთან, ისე აგრესორთან, რაც მათი თვითიდენტიფიკაციის დეპერსონალიზაციას იწვევდა. ამ ფაქტს კარგად ასურათებს ის მოვლენა, რომ ისინი მსგავსი ემოციებით გლოვობდნენ, დაღუპულ რეპრესირებულ მშობელსა და  სტალინს. საბჭოთა სისტემამ რეპრესიების შედეგადგამქრალიმშობლის – სტალინის (მისი წარმომავლობა უფრო ამარტივებდა თვითიდენტიფიცირებას) მამობრივი, მზრუნველი ხატით ჩანაცვლებას შეუწყო ხელი, ხოლო სოციალური გარემოცვა (მასწავლებელი, მეურვე) აგრესორის ანუ რეჟიმის სიმბოლო იყო. მეორე მხრივ, რეპრესიების მოწმე/შემსწრე საზოგადოების უმწეობის, შიშის, დათრგუნვის  შეგრძნებებმა, ერთი მხრივ, არაცნობიერად მოახდინა მათი ინსტრუმენტალიზება და მენტალურად ისინიც მსხვერპლის კატეგორიაში ჩააყენა, მეორე მხრივ კი,  უმოქმედობამ მასობრივი რეპრესიებისა და  სისასტიკის წანააღმდეგ განაპირობა მათ თვითიდენტიფიცირება აგრესორთან. ამ კოგნიტურად დისონანსურმა, ბინარულმა და ამბივალენტურმა შინაგანმა ცნობიერმა თუ არაცნობიერმა პარადიგმებმა საზოგადოების  „დამკვირვებელი ნაწილირეჟიმს დაუქვემდებარა და უსიტყვო მორჩილების ტოტალურ სისტემაში კიდევ  უფრო ფართო სოციალური ფენების ინტერნალიზაცია განაპირობა. საბოლოო ჯამში,გამვლელებიითავსებდნენ როგორც აგრესორის, ისე მსხვერპლის როლს: რეჟიმის თავგამოდებული სამსახური არ ეხმარებოდა ადამიანებს რეპრესიებისგან თავდაცვაში და აგრესორები თავად ხდებოდნენ მსხვერპლნი. „გამვლელიიძულებული იყო, თავად ჩართულიყო სხვების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიის ლეგიტიმაციის საკითხში, რაც მას აგრესორად აქცევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თავად აღმოჩენილიყო მსხვერპლის როლში. სტრესორების რთულმა ტოტალიტარულმა ტრავმამ ქართული საზოგადოება მიიყვანა უსაფრთხოების შეგრძნების და საკუთარი თავის პატივისცემის ხელყოფამდე, ღირსების შელახვამდესაკუთარი ცხოვრების კონტროლის და სხვადასხვა, მისთვის ფასეული პერსონალური თუ ემოციური ღირებულების დევალვაციამდე

ტრავმის გადალახვა საჭიროებს გამოგლოვების პროცესს, რომელიც  ხელს უწყობს მომხდარის გადააზრებას, ადეკვატურ შეფასებას და ფსიქიკური რეპრეზენტაციების ინტეგრაციას საკუთარმე“- ფასეულ ასპექტებში. გლოვა შეიძლება მოიცავდეს საზოგადოებრივი ცხოვრების  სხვადასხვა ასპექტს, მაგალითად, დანაკარგის ამსახველი სიმბოლური მემორიალებისა და ქანდაკებების აღმართვას, წარსული მეხსიერების, როგორც სოციალურად განპირობებული საზოგადოებრივი ცნობიერების ელემენტის, გადააზრებას მისი ღრმა ანალიზის  გზით, სამართლიანობის აღდგენის მცდელობას სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ბერკეტით და ასე შემდეგ. საბჭოთა საქართველოში რეპრესიებისა და დაკავშირებული ტოტალიტარული ტრავმის გამოგლოვება შეუძლებელი იყო, ეს ქმედება თვითგადარჩენის ინსტინქტს ეწინააღმდეგებოდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ტრავმა განიდევნა და ქვეყანამ კვლავ ვერ გამოიგლოვა იგი, პოსტ-საბჭოთა პერიოდში მომხდარმა ტრავმულმა არაერთგვაროვანმა მოვლენებმა კი საზოგადოების რეაქცია ფსევდო-გლოვად გარდასახა.

 

ტოტალიტარიზმის გადააზრების სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი მცდელობები

როგორც ვხედავთ, საბჭოთა წარსული არაერთგვაროვანი პერიოდია ქართველი ერისათვის, რომელიც უარყოფს დაძაგებს მას ქართული ნაციონალიზმის ჩახშობისათვის და ამავე დროს ნოსტალგიურ განცდებს გამოხატავს სტაბილური ცხოვრებისა და ძლიერი ქართველი ლიდერის-სტალინის მიმართ. 2010-იან წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქართული მოსახლეობის დაახლოებით 25% პატივისცემით მოიხსენიებდა ბელადს, ხოლო 15% კი სიმპატიებს გამოთქვამდა მისი პერსონის მიმართ და მოხარული იქნებოდა საქართველო  სტალინის დარი ხელმძღვანელის მიერ იმართებოდეს. ქართულ მეხსიერებაში სტალინის როლის გაანალიზებისას სენტიმენტები ბელადის მიმართ უდავოდ  ნაციონალური სიამაყითაც აიხსნება. სტალინი ხომ ეთნიკურად ქართველი ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ნახევარ მსოფლიოს მართავდა.

საქართველოს მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საბჭოთა წარსულისადმი დამოკიდებულების კუმულაცია, საკანონმდებლო გზით,  დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წლის შემდგომ, 2011 წლის 31 მაისს მოახდინა, როდესაც  კანონსთავისუფლების ქარტიას მოეწერა ხელი. ამის უმთავრესი მიზეზი  იყო ის, რომ თბილისის სამოქალაქო ომის დროს ყოფილი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის „КГБ“-ის შენობა დაიწვა, რასაც 210,000 საარქივო საქმე ემსხვერპლა (საარქივო დოკუმენტების 80%). ამასთანავე, საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებმა ყოფილი უსაფრთხოების კომიტეტის საარქივო მასალების დიდი ნაწილი მოსკოვში გაიტანეს და ისინი დღემდე რუსეთში ინახება. ლუსტრაციის ეფექტურად განსახორციელებლად კი ამგვარი საარქივო მასალების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კანონის ერთ-ერთი მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა. დასახული მიზნების განსახორციელებლად კანონი ითვალისწინებს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს ეძლევა გაფრთხილება, კანონის ხელმეორედ დარღვევა კი ისჯება 1000 ლარიანი ჯარიმით.

საინტერესოა, რომ ჩვენი ინსტიტუტის, IDFI- მიერ სახელმწიფო უშიშროებისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლამდე კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა, 2016-2017 წლებში კი  მხოლოდ 5 შემთხვევაში აკრძალა ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკის დემონსტრირება. 2017-2019 წლებში კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის აღმოფხვრის მიზნით გაიზარდა უფლებამოსილ პირებთან კომისიის მიერ გაგზავნილი მიმართვების რაოდენობა, რაც უკანასკნელი წლებში მსგავსი სიმბოლიკის საჯარო სივრცეში გამოყენების შემთხვევების ზრდას უკავშირდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ კომისია სამი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ შეკრებილა.

2013 წელს აქტივისტების თაოსნობით, საქართველოში უჩვეულო აქცია გაიმართა სახელწოდებით - „სტალინის 50 ძეგლი, რომელიც უნდა შეღებო, სანამ ცოცხალი ხარ“. ამ სათაურით სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალური გვერდიც დარეგისტრირდა. სტალინის ძეგლების ვარდისფრად გადაღებვა 19 იანვარს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის ცენტრში სტალინის აღდგენილ ძეგლით დაიწყო. საინტერესოა, რომ თუშეთის ამ სოფელში ბელადის ძეგლი 2011 წლის ივნისში ფარულად აიღეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, დააბრუნეს. იგივე გამეორდა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, სადაც სტალინის ბიუსტის დემონტაჟი 2010 წელს მოხდა, თუმცა 2012 წელს, ბელადის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს, იგი სოფლის ცენტრში კვლავ დაბრუნდა, თებერვალში კი მას ვარდისფერი საღებავი შეასხეს. აქციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიცვა, ვრცელდებოდა ვიდეოასალაც, რომელიც მოსახლეობას ანალოგიური ქმედებებისაკენ მოუწოდებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამგრძნობთა გარდა, მოსახლეობის ნაწილი ამ და მსგავს ქმედებებს ვანდალიზმად აღიქვამდა. მაგალითად, ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ზიკილიაში 2020 წლის თებერვალში, როდესაც ადგილობრივებმა სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს, სოფელში მერის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო წლები, საქართველოს ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლების მასობრივი დემონტაჟით აღინიშნა. ამ კამპანიის პიკი იყო 2010 წლის 24-25 ივნისს სტალინის 6-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების შუაღამით ფარულად მოხსნა ბელადის მშობლიური ქალაქის - გორის  ცენტრალური მოედნიდან.  მონუმენტის ირგვლივ პერიმეტრი ალყაში მოაქციეს, გათიშეს არსებული პირდაპირი ჩართვის კამერებიც, არ დაუშვეს ჟურნალისტები,  ტრანსლაციის აღდგენის შემდეგ კი კვარცხლბეკი უკვე ცარიელი იყო...  

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სტალინი იყო, ჩემი აზრით, პოლიტიკური დამნაშავე. ის 1921 წელს შემოუძღვა საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას, რომელმაც განახორციელა საქართველოს ოკუპაცია, რაც 70 წელი გაგრძელდა. სტალინი იყო ადამიანი, რომელმაც  შექმნა ეთნიკურ დაყოფასა  და გათიშულობაზე დამყარებული ავტონომიები, რომლებიც დღესაც საქართველოს უდიდეს ბარიერს უქმნის  თავისუფლების, დემოკრატიის და კონსოლიდაციის საქმეში... და, სტალინი იყო ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ჩვენი ბევრი მეზობლის, მეგობრის, მოკავშირე ერების საუკეთესო ნაწილები, უბრალოდ გაანადგურა. ერთი მხრივ, გმირთა მოედანზე გქონდეს მემორიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთი ჩვენი დიდი ქალაქის მთავარ მოედანზე, გქონდეს სტალინის ძეგლი, რბილად რომ ვთქვათ, არის, ახირებული, ძალიან გაუგებარი დაუდევრობა“. მისი კომენტარით, ძეგლის დემონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური მთავრობის თანხმობით განახორციელა.  ხელისუფლების ეს ნაბიჯი ახალი პოლიტიკური იდენტობის შექმნის, წარსულის გადააზრების და პოლიტიკური ღირებულებების გადაცემის მცდელობად შეგვიძლია განვიხილოთ, იგი ერთგვარი  სახელმწიფო კონოტაციაა, რომ საქართველო აღარაა ის ადგილი, სადაც კვლავ პატივს სცემენ სტალინსა და  მის სისხლიან ეპოქას.  

1991 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში მასობრივად განხორციელდა სტალინისა და ლენინის ქანდაკებების დემონტაჟი, თუმცა სტალინის მშობლიურ გორში მისი ქანდაკება 2008 წლის აგვისტოს რუსული 10 დღიანი ოკუპაციის შემდგომაც ხელუხლებელი დარჩა. მიუხედავად ხელისუფლების ვარაუდისა, მოსახლეობის მხრიდან ამ ფაქტს მნიშვნელოვანი მღელვარება არ გამოუწვევია. თუმცა ყოველ წელს, ტრადიციულად 21 დეკემბერს ბელადის დაბადების დღესკომუნისტური პარტიისადა საზოგადოებასტალინელებისწევრები იკრიბებიან სტალინის სახლ-მუზეუმთან, მიემართებიან ცენტრალური მოედნისაკენ, პროტესტს გამოთქვამენ ქანდაკების დემონტაჟის ფაქტზე და მოითხოვენ მის აღდგენას.

    „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელების“ წევრების აქცია

 სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული დისკუსიები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს კვლავ გააქტიურდა. 2013 წელს ადგილობრივმა მთავრობამ თანხაც გამოყო ძეგლის აღსადგენად, თუმცა ბალტიის ქვეყნების ელჩების თხოვნის შემდეგ, პროცესი შეჩერდა. 2015 წელს ორგანიზაციამგორელებიგორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა თხოვნით, რომ აღდგენილიყო მონუმენტი. ამის შემდგომ მერიაში გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი თვითმმართველობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას და სტალინის ძეგლის აღდგენის მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სტალინის ძეგლის გარშემო დისკუსიები დღემდე აქტუალური რჩება, რასაც მოწმობს ამ თემასთან დაკავშირებით გორში გამართული არაერთი აქცია. სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, საინტერესოა ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის გამოხმაურება,  რომელიც ამ ფაქტს  ბელადზე დაგვიანებულ შურისძიებად და  ტრავმული ისტორიის უგულებელყოფის მცდელობად აფასებს: „თუკი ძეგლს ვხსნიდით, რაც მე, რასაკვირველია, დიდ ეროვნულ ტრაგედიად არ მიმაჩნია. კარგი იქნებოდა, რომ ამის თაობაზე ყოფილიყო დისკუსია. ეს შანსი ჩვენ გავუშვით. გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო გამოკითხული, ესეც საინტერესო იქნებოდა, დემოკრატიის აღმშენებლობის თვალსაზრისით. გვინდა სტალინის ძეგლი თუ არ გვინდა...  კარგი იქნება, რომ სტალინიზმის და საბჭოთა პერიოდის კვლევები უფრო გაღრმავდეს საქართველოში, მაშინ იქნება შესაძლებელი, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავამარცხეთ სტალინიზმი და ჩვენ შევისწავლეთ ეს პერიოდი, ვიცით ამ პერიოდის შესახებ, უფრო მეტი, ვიდრე წინათ ვიცოდით. ჩემთვის სტალინის ძეგლის მოხსნა არის ძალიან სიმბოლური ქმედება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვიანებულია ძეგლის მოხსნა, ეს ერთი და,  ასეთი მოხსნა, როგორც ღამით მოხდა, ნაადრევი“.

სტალინის მონუმენტის ადგილას წინამორბედი ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნას აპირებდა, ამ მიზნით შემოქმედებითი  კონკურსიც კი გამოცხადდა, თუმცა ეს გეგმა დღემდე განუხორციელებელია. საინტერესოა თავად მონუმენტის ბედ-იღბალი, რომლის გადატანაც ხელისუფალთა განცხადებით სტალინის სახლ-მუზეუმში იგეგმებოდა, თუმცა არც ეს ქმედება შედგა და ქანდაკების კვალიც კარგა ხნით დაიკარგა... ძეგლი ამჟამად სოფელ ბერბუკში, გორის მერიის მიერ დაფუძნებულიკეთილმოწყობის სააგენტოსსიახლოვეს ინახება. ასევე, საყურადღებოა, რომ საქართველოში დღემდე არსებობს იოსებ სტალინის სახელობის ქუჩები, მაგალითად, გორში, ბოლნისში, სენაკსა და ლენტეხში.

 

სტალინის მუზეუმი

დღეს საქართველოში სტალინისადმი - როგორც პოლიტიკური, ისტორიული, მორალური პერსონალიისადმი, მისი  სადავო, ამბივალენტური შეფასებების  გათვალისწინებით, დამოკიდებულების შესწავლისათვის  პროდუქტიულ პრიზმას წარმოადგენს ბელადის ხსოვნის, მონუმენტების, სახლ-მუზეუმის მიმართ საზოგადოების პოზიცია. სწორედ ამ კუთხით გვინდა შევეხოთ სტალინის სახლ-მუზეუმს.  გორში სტალინის გამზირზე განლაგებული სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი (სადაც სტალინი დაიბადა), სტალინის ვაგონი და ორსართულიანი საექსპოზიციო დარბაზი. მუზეუმში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატები: (40,000-ზე მეტი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და დამხმარე სამუზეუმო მასალა) მემორიალური ნივთები, საჩუქრები, ფერწერული ტილოები, ფოტო-კინო დოკუმენტები.  

სტალინის სახლ-მუზეუმი

ეპოქის ამსახველი  არტეფაქტები და  სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სტაციონარული ექსპოზიცია მუზეუმის ექვს დარბაზშია განთავსებული. განსაკუთრებული კუთხე აქვს დათმობილი თეირანის, იალტის, და პოტსდამის კონფერენციებს, გამოფენილია სტალინის ერთ-ერთი საინტერესო ფოტო რეტუშის გარეშე. ცალკე კუთხე აქვს დათმობილი  სტალინის პირად ცხოვრებას. მეოთხე დარბაზში მარმარილოს სვეტებს შორის მოთავსებულია სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღებული ბრინჯაოს ნიღაბის მეექვსე ეგზემპლარი. სტუმართა დიდი ნაწილი მუზეუმს გიდის კომენტარების თანხლებით ათვალიერებს. მონათხრობიდან ისინი შეიტყობენ საბჭოთა პერიოდში შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებსა და სკოლების მასობრივ გახსნაზე, ეკონომიკურ წარმატებასა და ინდუსტრიალიზაციის მიღწევებზე. თუმცა, იმ პატარა ოთახს, სადაც განთავსებულია მასალა საბჭოთა რეპრესიების შესახებ და რომელიც 2010 წლიდან ამოქმედდა, რამდენიმე წუთზე მეტი არ ეთმობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ოთახის კარი ღიაა.

2008 წლის ომის შემდეგ დამთვალიერებლები უფრო და უფრო ხშირად აფიქსირებდნენ მოსაზრებას, რომ მუზეუმი საბჭოთა რეალიებს, კერძოდ კი რეპრესიების არსებობის ფაქტს ყრუ დუმილით ეხმიანებოდა. დამთვალიერებელთა „დაკვეთა“  დააკმაყოფილეს და ექსპოზიციას შეემატა „რეალობის ამსახველი“ არტეფაქტებიც, თუმცა  თვალსაჩინო ადგილას მდებარე ოთახს თავისი ფუნქციის მიმანიშნებელი წარწერაც კი არ აქვს, აქ მოსულ სტუმარსა თუ ტურისტს მხედველობიდან რომ არ გამორჩეს მთავარი. ოთახის კედლის ერთი მხარე გულაგებიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილების ასლებს უკავია. კედელზე ოციოდე წერილია მიმაგრებული, რომელზეც გადასახლებული ადამიანების სახელები წერია, ოთახის მეორე მხარეს კი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოღებული ინფორმაციაა გამოფენილი. როგორც ერთ-ერთი ამონარიდით ვიგებთ, ადამიანთა გადასახლებასა და დახვრეტაში ბრალი ედება არა სტალინს, არამედ თვითნებურ არასასამართლო ორგანოებს - ე.წ. „სამეულებსა“ და „ორეულებს“. შორეულ კედელზე შევხვდებით 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველ ფოტო-მასალას. მუზეუმი ქალაქ გორის ყველაზე მნიშვნელოვან თუ არა ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და წელიწადში დაახლოებით 50,000 უცხოელ ტურისტს იზიდავს.   

სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან, მის სიცოცხლეშივე არსებობდა. ყურადსაღებია, რომ სტალინის მუზეუმის დაფუძნებაც ისეთსავე  წინააღმდეგობრივად დატვირთულ  პერიოდში  მოხდა, რომელსაც ახლაც განიცდის საქართველო. ხრუშჩოვის 1957 წლის „ფარულმა მოხსენებამ“ „ქართველი ერის დიადი შვილის“ კეთილი სახელის დასაცავად სტალინურ-ნაციონალისტური იდეებით გამსჭვალული მასობრივი მღელვარება და სტიქიური პროტესტი ააგორა, რომელსაც, როგორც ცნობილია, არაერთი ასეული ადამიანი შეეწირა.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის მოსაზრებით, კომპლექსი  რეორგანიზაციას საჭიროებს და მნიშვნელოვანია მთავარ დარბაზშივე დაემატოს რეალური საბჭოელი რეპრესირებული ადამიანური ისტორიების და ტრაგედიების ტრანსლირებისათვის სივრცე, რომელიც  ერთგვარად კრიტიკულად შეაფასებს თავად მუზეუმის არსს: „ეს მუზეუმი არის მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანაში ისტორიისადმი. ზოგადად, სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფებით ისტორიასთან და ვერ ვახერხებთ მის გადააზრებას. ის პატარა „რეპრესიების ოთახი“ კი, რომელიც დღეს კიბის ქვეშ არის განთავსებული, მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი“, - ლაშა ბაქრაძე. კარპსა და ლევინს თუ დავეყრდნობით, ორიგინალური ექსპოზიცია შეიქმნა იმისათვის, რომ; „განემტკიცებინა ერთი ჭეშმარიტება და უარეყო მეორე.“

სტალინის მუზეუმი გორში სახელმწიფო დაწესებულებაა  ისტორიული ფაქტების გადააზრებისა და თანამედროვე პოლიტიკური ცვლილებების გასაყარზე, მაგრამ  მიუხედავად ხელისუფლების მცდელობის და სურვილისა კომუნისტური ტოტალიტარიზმის   ეპოქისადმი კრიტიკული  დამოკიდებულება წარმოაჩინოს ერთგვაროვანი „მესიჯის“ მიწოდება დამთვალიერებლისადმი წინაღობას აწყდება, გარკვეულწილად ამის მიზეზი, ერთი მხრივ, თავად ორიგინალური ექსპოზიციის სტრუქტურული ამბივალენტობაა, მეორე მხრივ კი, მუზეუმის პერსონალის დამოკიდებულება და განწყობები. ორიგინალური ექსპოზიციის მიზნად შეგვიძლია განვიხილოთ საბჭოთა ისტორიის გარკვეული/კონკრეტული ვერსიის წარმოჩენა და გარკვეულწილად აქცენტი ბელადის ნაციონალობაზე, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური ვითარების კონტექსტში კომუნიზმის მშენებლობაში  სტალინის მიერ შეტანილი როლის ხაზგასმამ დაკარგა აქტუალობა. როგორც ჰენდლერი აღნიშნავს, თანამედროვე მუზეუმების მიზანი „ინდივიდუალური იდენტობის შექმნაა“, იდენტობისა, რომლის რეპრეზენტაცია უნდა მოხდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისათვის. მუზეუმის მარგინალური ხასიათის მიუხედავად, არა მხოლოდ ქალაქ გორის ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგი მნიშვნელოვანი მოვლენაა  საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისათვისაც.  რეპრესიების ოთახის შექმნის იდეოლოგიურ ქვეტექსტად შეგვიძლია განვიხილოთ საბჭოთა წარსულის ლეგიტიმურობის უარყოფა და რუსეთისაგან პოლიტიკური დისტანცირების მცდელობა. მუზეუმი მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს  საბჭოური ისტორიის წაკითხვის მცდელობას. იმ ისტორიისა, რომელიც დღეს უარყოფილი და განდევნილია და უპირისპირდება ქართულ ნაციონალურ სახელმწიფოებრიობას. „სტალინის მუზეუმი განსაკუთრებული რამაა და მისი გადარჩენა გასაკვირი. ჩვენ იგი უსაფრთხოდ უნდა ვაქციოთ. ყველამ უნდა იხილოს, თუ რა პრიმიტიული იყო  საბჭოთა პროპაგანდა. რაოდენ პრიმიტიული იყო სტალინის კულტი. ასე რომ, ჩვენ იგი უნდა შემოვინახოთ“.- განმარტავს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. სამომავლოდ,  მისი ხედვით,  მუზეუმში აუთვისებელი სივრცეები „პარალელურ ექსპოზიციად“ უნდა გარდაიქმნას, რომელიც „განმარტავს“ ძირითად გამოფენას. „ეს უნდა იყოს თანამდეროვე მუზეუმი, სადაც შეგვიძლია მოვიყვანოთ სკოლის მოწაფეები, სტუდენტები, რიგითი ქართველი. იგი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად... არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ტოტალიტარული სისტემების შემეცნების ძირითად ადგილად“ – ლაშა ბაქრაძე.

რეპრესირებულები - ქართული რეალობა

კომუნისტური რეჟიმების დანგრევის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტ საბჭოთა სივრცეში, სახელმწიფოებმა, რომლებმაც დემოკრატიზაციის კურსი აირჩიეს, საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულება. ე.ი. სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქმედებით არ დაარღვიოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (ნეგატიური ვალდებულება), ხოლო სხვათა მიერ აღნიშნული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ეფექტური ზომები დარღვეულ უფლებათა აღდგენის მიზნით (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კომპენსაცია, დამრღვევთა მიმართ შესაბამისი საკანონმდებლო სანქციების გამოყენება და ა.შ.). სწორედ სახელმწიფოსადმი დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკისრება ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიებზე განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დარღვეული უფლებების აღდგენა და ამ მიზნით, შესაბამისი ეფექტური ზომების მიღების ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო პრინციპს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება “მემორიალთან“ ერთად, აქტიურად ითხოვს რეპრესირებულ პირთათვის განკუთვნილი სოციალური და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის (7 ლარი) გაზრდას და მათ გათანაბრებას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის იმ ოდენობასთან (44 ლარი). 2012 წლიდან დღემდე  სხვადასხვა უწყებაში უკვე რამდენიმე ათეული წერილია გაგზავნილი. ყველა მათგანზე ორგანიზაციები იღებდნენ სტანდარტულ პასუხებს – რომ მოთხოვნას განიხილავდნენ, რომ წერილი ქვემდებარეობით გადაეგზავნა ამა თუ იმ კომპეტენტურ უწყებას და შემდეგ კი –  სტანდარტულ უარს, რომ „ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გათვალისწინებული არ არის“ ან „ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა კატეგორიის პირებში ანალოგიური შეღავათით სარგებლობის მოთხოვნით“. ეს ყველაფერი კი ადასტურებს სამწუხარო რეალობას, რომ:

           საქართველოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს 10.000-მდე რეპრესირებული, რომელმაც უდიდესი დამცირება, ჩაგვრა და შევიწროვება გადაიტანა საბჭოთა ეპოქაში და მათ ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო სუბსიდია ეძლევათ.

           საქართველოს სახელმწიფო არ ცდილობს ამ მიმართულებით გაიზიაროს ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც რეპრესირებულთა კომპენსაცია და სოციალური დახმარება მაღალი სტანდარტებით წარმოებს და სადაც ისინი არა მხოლოდ კომპენსაციას იღებენ, არამედ წართმეულ ქონებასაც აქტიურად იბრუნებენ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერებიდან განდევნილ ტოტალიტარულ წარსულთან გამკლავებაზე მუშაობა მასზე ინფორმირებულობისა დონის ამაღლებით უნდა დაიწყოს.  მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ტრავმული გამოცდილების გადააზრება ინტერდისციპლინურ ფორმატში შეძლოს, რადგან რეპრესიების პრობლემა კომპლექსურია და ანალოგიური ფორმატით  შესწავლასა და რეაგირებას საჭიროებს, რისთვისაც, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარემო. ყველაზე ყურადსაღები კი ალბათ კი არის, რომ მოხდეს  ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება ტოტალიტარულ წარსულზე, მათი ჩართულობაში ხელშეწყობა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალიზაციასა და რეპრესიებთან დაკავშირებული ტრავმის სიმბოლიზაციაში; სტალინის  პიროვნებას რაც შეეხება, როგორც თავადი ბელადი წერდა:

„შეცდომა ბევრი იყო, მაგრამ წარმატებებიც ხომ გვქონდა? შეცდომებს, ბუნებრივია, მე მომაწერენ. ჩემს სამარეს ნაგავს მიაყრიან, მაგრამ მოვა დრო და ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფანტავს“.  ისტორიის ქარი შეუცდომელია, სტალინის პიროვნების,  მისი კულტის კვლევა და დუალისტური დამოკიდებულება არც სამომავლოდ დაკარგავს აქტუალობას და, სავარაუდოდ, მომავალი თაობებისათვისაც მუდმივი დავის საგნად დარჩება...  

 

 


[1] ფასცინაცია - ფსიქოლოგიაში არსებული სპეციალური ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ აღსაქმელი მასალის ეფექტურობის აწევის წესებს, შესაბამისი ფონური ზემოქმედების გამოყენების წყალობით.

 

__________________________________

წყაროები:

1. Carnegieeurope. Thomas de Waal,  Maria Lipman,  Lev Gudkov,  Lasha Bakradze. The Stalin Puzzle: Deciphering Post-Soviet Public Opinion”. Published March 1, 2013. 
https://carnegieeurope.eu/2013/03/01/stalin-puzzle-deciphering-post-soviet-public-opinion-pub-51075  
Accessed June 28, 2021.

2. Cevro Institute. Giorgi Kldiashvili, “Lustration”/ Anton Vatcharadze, “Regime Archives”. Memory of Nations: Democratic Transition Guide, Georgian Experience. 
http://www.cevro.cz/web_files/soubory/democracy-guide/democracy-guide-2019/MN-DTG%202019%20-%20(07)%20The%20Georgian%20Experience.pdf   
Accessed June 28, 2021.

3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ლუსტრაციის წარუმატებელი პროცესი საქართველოში". გამოქვეყნებულია 2016 წლის 25 იანვარს.  https://idfi.ge/en/failed-lustration-in-georgia ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.

4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). „საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიმოხილვა“. გამოქვეყნებულია 2020 წლის 10 ნოემბერს. https://idfi.ge/en/the_overview_of_the_memory_politics_of_georgia  ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.

5. BBC. “Stalin statue taken down in his Georgian hometown”. Published 25 June 2010.  https://www.bbc.com/news/10412097 Accessed June 28, 2021.

6. Gotfredsen, Katrine. 2013. “Evasive Politics: Paradoxes of History, Nation and Everyday Communication in the Republic of Georgia.” PhD dissertation. University of Copenhagen.

7. რადიო თავისუფლება. “ამით გავიხსენებ საქართველოს" - იცით, რას ჰყვება სტალინზე გორის მუზეუმი?” გამოქვეყნებულია 2019 წლის 1 ნოემბერს. https://bit.ly/2Sx1AyN ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.

8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა“. გამოქვეყნებულია 2020 წლის 28 აპრილს.  https://idfi.ge/en/statistics_of_social_assistance_to_victims_of_political_repression ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.

9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). IDFI მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაზარდოს რეპრესირებულ პირთათვის სუბსიდირება". გამოქვეყნებულია 2020 წლის 15 დეკემბერს.  https://idfi.ge/en/idfi_calls_for_the_prime_minister_of_georgia ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.

10. Topwar. "После моей смерти на мою могилу нанесут кучу мусора, но ветер истории безжалостно развеет её" (“My grave will be thrown garbage at, but the time will come when the wind of history will sweep away that garbage.”). Published 30 October 2019. https://topwar.ru/164105-posle-moej-smerti-na-moju-mogilu-nanesut-kuchu-musora-no-veter-istorii-bezzhalostno-razveet-ee.html   Accessed June 28, 2021. 

11.Reginfo. ,, გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს”. გამოქვეყნებულია 2018 წლის 21 დეკემბერი. https://reginfo.ge/people/item/11566-gorshi-stalinis-dabadebis-dge-agnishnes ბოლოს ნანახია 2021 წლის 28 ივნისს.