საარქივო და მეხსიერების კვლევები

მეხსიერების პოლიტიკა და ტრავმასთან გამკლავების მექანიზმები. საბჭოთა ქალების გამოცდილება ზაირა არსენიშვილის რომანში „ვა, სოფელო (კახური ქრონიკები)“

17 მარტი 2022

 ანალიტიკური  სტატიის ავტორია ნინო ბუკია და ის დაიწერა კონკურსისთვისსაბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida- ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას. 

 

ნინო ბუკია არის კონკურსის გამარჯვებული - III ადგილის მფლობელი.

  

შესავალი

ზაირა არსენიშვილის რომანივა, სოფელომე-20 საუკუნის საბჭოთა ტერორისა და რეპრესიების გამოცდილებას გვიზიარებს.იმის მიუხედავად, რომ ტექსტი  თავდაპირველად ავტორის სიცოცხლეში გამოიცა, იგი ქართველ მკითხველთა უმრავლესობამ მხოლოდ 2019 წელს, ხელახლა გამოცემის შემდეგ აღმოაჩინა.  „ვა, სოფელო“ დღემდე ერთ-ერთ თანამედროვე ბესტსელერად რჩება და ახალი ქართული ლიტერატურის განუყოფელ ნაწილად აღიქმება. გარდა მხატვრული ღირებულებისა, ტექსტი საინტერესოა როგორც მეხსიერების პოლიტიკისა და მეხსიერების ინტერდისციპლინარული კვლევის საგანი. მწერალი ახერხებს შექმნას ფემინისტური ლიტერატურის ტრადიციების მატარებელი რომანი, რომლის პერსონაჟებიც არა მხოლოდ აღწერენ, თუ როგორ მოქმედებს მეხსიერების პოლიტიკა, ინფორმაციის შექმნისა და გადაცემის პროცესი, არამედ გვთავაზობენ აღნიშნულ მექანიზმებთან გამკლავებისა და რეაბილიტაციის გზებს. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია, განიხილო ტექსტი, როგორც მეხსიერების შენახვისა და გადაცემის მედიუმი და ზაირა არსენიშვილის პერსონაჟებზე დაყრდნობით გააანალიზო ის გენდერული როლი, რომელიც ქალებმა შეასრულეს 20-50-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ტრავმატული გამოცდილების დაძლევაში. ზაირა არსენიშვილის ტექსტში ქალი პერსონაჟების მიერ შექმნილი ერთგვარი კომუნა იზიარებს და ავითარებს იმ იდეოლოგიასა და რწმენას სამყაროს, ომის, ტრავმებისა და გადარჩენის შესახებ, რომელსაც ვაწყდებით ქალი მოაზროვნეებისა და ხელოვანების, აქტივისტებისა და უფლებათა დამცველების ტექსტებში - როგორიცაა კატო მიქელაძე, ვირჯინია ვულფი, სვეტლანა ალექსიევიჩი. მათ  აერთიანებს ომის, ქალთა უფლებებისა და მეხსიერების პოლიტიკის პირისპირ ერთიანი,ქალური მიდგომა“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პატრიარქალურ სისტემაში ცხოვრებამ და ადაპტაციამ ჩამოაყალიბა. ამ მიდგომებისა და მათი ტექსტში გადმოცემის ხერხების გაანალიზებით შესაძლებელი გახდა ქართული მეხსიერების იმ ნაპრალების მცირე ნაწილის ამოვსება, ომელსა საბჭოთა კავშირში ქალების გამოცდილება ჰქვია.

 

„1921 წლიდან მე ხელოვნურად დამამუნჯეს[1]” - კატო მიქელაძე

მეხსიერებისა და დავიწყების ისტორიული მექანიზმები განაპირობებ საზოგადოების აზრის ფორმირებას. იმისთვის, რომ კონკრეტული დროისა და სივრცის აღქმა სხვადასხვა საკვლევი მედიუმის საშუალებით, ამ შემთხვევაში კი მხატვრული ლიტერატურის გზით, მკაფიოდ და ზუსტად შევძლოთ, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა პოლიტიკურ, კულტურულ თუ გენდერულ თავისებურებებს ითვალისწინებს ესა თუ ის ტექსტი და რას ნიშნავს ცნება ტექსტით გადმოცემული მეხსიერება.

ზაირა არსენიშვილის რომან აღწერილია გაბატონებული საბჭოთა ნარატივი, რომელსაც უპირისპირდება როგორც ნაციონალური, ასევე ალტერნატიული ნარატივი. „საბჭოურ პირობებშიც საქართველოში მიმდინარეობდა კულტურული იდენტობის საფუძველზე ეროვნული იდენტობის საზღვრების მონიშვნა, ერის კოლექტიური მეხსიერების განმტკიცება, კოლექტიური თვითიდენტიფიკაცია“ - წერს ბელა წიფურია. (წიფურია 2016,75) შესაბამისად, საბჭოთა ნარატივის გარდა, უნდა გამოვყოთ ნაციონალური და ალტერნატიული ნარატივები. თუ კი ალტერნატიულ ნარატივს განვიხილავთ, როგორც მიღებულისაგან განსხვავებულ ნარატივს, ერთგვარ მარგინალიზებულ ფორმას, შესაძლოა ქალების ნარატივსაც ალტერნატიული ნარატივის სახელი მივანიჭოთ. იმის მიუხედავად, რომ ტრადიციული გაგებით მეოცე საუკუნის ალტერნატიულ ნარატივად მოაზრებულია, მაგალითად, ქართული მოდერნიზმის სივრცე, თუკიალტერნატიულობასგავიაზრებთ, როგორც ფართო კულტურულ მოვლენას, მის ფარგლებში ვიპოვით ქალთა ნარატივის ადგილს, რომელიც, ისევე როგორც მოდერნიზმის სივრცე, წარმოადგენს ნაციონალური სივრცის ალტერნატივას. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა ეპოქაში ნაციონალური ნარატივის კლასიკური გამოვლინება  სახიფათო  იქნებოდა  და    მხოლოდ  მისი  საბჭოთა  დისკურსისთვის  მორგებული ფორმები იყო მისაღები (საბჭოთა დისკურსის მიხედვით, საქართველო იყო საოცნებო ქვეყანა, რომლის დადებითი თვისებებიც ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირზე, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი მიიჩნეოდა საოცნებოდ)(წიფურია 2016,48), ქალური ნარატივიც ასევე ფარულად თანაარსებობდა მარგინალიზებულ კოლექტიურ ჯგუფებს შორის, როგორიცაა ქალების სამეგობრო ზაირა არსენიშვილისვა, სოფელოშიდა ამ მცირე არეალში ახერხებდა როგორც ნაციონალური იდენტობისთვის დამახასიათებელი მარკერების გადაცემას, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნიკალური ქალური ნიშნების შენარჩუნებასაც.

 

„პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს...“ - ვკითხულობთ რომანის ანოტაციაში. ტექსტში აღწერილი გამოცდილება, რომლის გაზიარებასა და გადალახვას პერსონაჟები ერთიანი ძალით ახერხებენ, გაერთიანებულია რუსუდანის, ევასა და მაკას, რუსუდანის შვილიშვილის - ანუ მთხრობლისა და მისი მეგობრის, ჩიკოს გარშემო. მთხრობელი და ჩიკო ახალი თაობაა. ყველა სხვა ამბავი და ადამიანი მათ გარშემო ტრიალებს, ბოლოს კი იმ ენერგიად გარდაიქმნება, რომლის გამოც მთხრობელს წიგნის დაწერა განუზრახავს, თუმცა მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი ისტორიული რომანია და გადაწყვეტილებას, ტექსტში საერთო მეხსიერება და მასზე რეფლექსია გამოიხატოს, ჯერაც დრო, ფიქრი და გამბედაობა სჭირდება.

მორის ჰალბვაქსის მიხედვით, შეუძლებელია ადამიანს მხოლოდ ინდივიდუალური მეხსიერება ჰქონდეს, რადგან იგი მუდმივადაა ჩართული სოციალურ ურთიერთობებსა და ჩარჩოში (Assmann 1992,19). სწორედ სოციალური ჩარჩო აყალიბებს კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც განსაზღვრული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელ ინდივიდთა მეხსიერებას აერთიანებს. დამახსოვრებისა და შინაარსის მინიჭების ფორმები ერთი სოციალური ჯგუფის წევრებს საერთო და მსგავსი აქვთ. ჰალბვაქსის მიხედვით, ინდივიდის ენა, მეტყველების და კომუნიკაციის უნარი არ არის თავისთავადი, არამედ გამომუშავებულია სხვებთანმიმოცვლისპრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერი ჩაკეტილ სისტემაში არ ყალიბდება და შინაგან თუ გარეგან ურთიერთქმედებას განიცდის (Halbwachs 1992,53). ზემოთ აღწერილი პრინციპი მოქმედებს სოციალური ჯგუფებისათვის მეხსიერების გარკვეული ტიპის, ერთგვარი ნარატივის შექმნის პროცესშიც. მეოცე საუკუნის საქართველოში პარალელურად არსებობდა, როგორც საბჭოთა კულტურული იდენტობა, ის ნაციონალური ნარატივიც (წიფურია 2016,81). კულტურული ინდოქტრინაცია კი ადრეული ასაკიდან იწყებოდა სხვადასხვა ფორმით, იქნებოდა ეს განათლების სისტემა, მასობრივი კულტურა თუ პოლიტიკური დღის წესრიგი. პატრიოტული ლირიკა და ისტორიული რომანები ადრეული ასაკიდანვე აყალიბებდ საერთო იდენტობას, თუმცა, რა თქმა უნდა, აქტიური იყო კინო, თეატრი, მუსიკაც (წიფურია 2016,81). ლოგიკური იქნება დავასკვნათ, რომ სწორედ მიმოცვლის პრინციპის გამოისობით თანაარსებობდა საბჭოთა და ეროვნული იდენტობა მათ შორის არსებული განსხვავებებისა და დაპირისპირების მიუხედავად. სოციალური ჯგუფები, როგორიცაა ოჯახი, რელიგიური გაერთიანება, ერი, განაპირობებს დამახსოვრების ფორმასა და ინფორმაციის სელექციას. დამახსოვრებისა და მეხსიერების გადაცემის პროცესში შევარჩევთ, თუ რა და როგორ დავიმახსოვროთ. აქედან გამომდინარე, მეხსიერება არ არის სტატიკური და დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებსაც განიცდის. იმისთვის, რომ ინდივიდუალური მეხსიერება გავიაზროთ, საჭიროა გავიაზროთ ის კონტექსტი, ანუ სოციალური ჯგუფი, რომელშიც ეს უკანასკნელი ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მართალია, მეხსიერებას კონკრეტული ინდივიდი ატარებს, მაგრამ მისი ჩამოყალიბება დამოკიდებულია სოციალურ ჯგუფსა და კოლექტივზე (Halbwachs 1992,54).

არსენიშვილის ტექსტში მთხრობლის მეხსიერებაზე მიზანმიმართულად ზემოქმედებს არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი ოჯახიც. კერძოდ, ბებია რუსუდანი ცდილობს, ბავშვების მოგონება ცივი, დამღლელი და გრძელი ნავთის რიგების შესახებ შეცვალოს და დასამახსოვრებელი გახადოს მეტად მიმზიდველი, ფერადი ნიშნით ბებია და შვილიშვილი რიგებში ვეფხისტყაოსანს ჰყვებიან. აღნიშნულ ეპიზოდში ბებია და შვილიშვილი ერთი ჯგუფის წევრები არიან. იმისათვის, რომ მათ მცირე, მაგრამ კოლექტიურ ჯგუფს ერთიანი, რეალობისგან განსხვავებული გამოცდილება შეექმნას, ბებია რუსუდანი ცდილობს სწორედ ინდივიდუალურ მეხსიერებაზე მოახდინოს გავლენა; მიმოცვლის პრინციპი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ბებიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ გეგმას მიჰყვება - სიცივე, შიმშილი და დაღლილობა კონკრეტულ მოგონებაში მეორეხარისხოვან როლს დასჯერდება და ბებიის მიერ წამოწეული მნიშვნელოვანი ღირებულება - ვეფხისტყაოსანი, რომელიც აღნიშნული ჯგუფის (ოჯახი - ბებია და შვილიშვილი; ან სამეგობრო - პერსონაჟი ქალები) იდენტობის ერთ-ერთი მარკერია, გადაფარავს უარყოფით მოგონებას, რაც, ჩვენი მსჯელობის თანახმად, იყო კიდეც ბებია რუსუდანის მიზანი.

ცნება კოლექტივი და მისი მნიშვნელოვნება შეიძლება მკითხველს ორაზროვნად მოეჩვენოს. ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირში არსებობდა კოლექტივის, როგორც საბჭოთა მოსახლეობის გამაერთიანებელი სოციალური და კულტურული სივრცის აღქმა; მეორე მხრივ, ტექსტის პერსონაჟები - ევა, რუსუდანი, მაკა - ქმნიან გამორჩეულ სამეგობროსა და ქალთა კოლექტივს, რომლის მთავარი ფუნქციაც თითქოს წინასწარ არის გაწერილი. ისინი ვალდებული არიან, იზრუნონ ერთმანეთზე, საკუთარ ქვეყანასა და ახალ თაობაზე და ამ მზრუნველობის გამოხატულებანი ქმნი ქალებს შორის ემპათიის, მიმოცვლისა და გაზიარების პრეცედენტებს. ამავდროულად, რადგან ქალები საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ, ზოგადად, პატრიარქალური სისტემის წნეხსა და მარწუხებს, ქალთა ჯგუფებს გამოუმუშავდათ განსხვავებული თავდაცვითი მექანიზმი5 (Beavoir 1968,152-156). თითქოს, გამეფებულ წესრიგში ცხოვრების საკუთარი მდინარების პოვნა თითოეული ქალის შიგნით ჩადებული ინსტინქტი იყოს. შესაბამისად, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მარტო დარჩენილ ქალებს ეხმარებათ ის  გამოცდილება, რომელიც მათში საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა.

ზემოთ ხსენებული ქალები ტექსტში მკვეთრი ნაციონალური იდეების გამტარები არიან. იმის მიუხედავად, რომ ქართული იდენტობა მათ ეპოქაში მარგინალიზებულია, ისინი ახერხებენ არა მხოლოდ შეინარჩუნონ, არამედ გადასცენ ეს უკანასკნელი მომავალ თაობას.[2] ნაციონალური იდენტობის მარკერებად შეგვიძლია მოვიაზროთ მთხრობლისა და ჩიკოსათვისვეფხისტყაოსნისმონაკვეთების თხრობა, ილიასა და ვაჟას ნაწარმოებების განხილვა თუ სპექტაკლებად გათამაშება. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, ტექსტში მნიშვნელოვანი დეტალია ქრისტიანული დისკურსის გამოყენება ბავშვების აღზრდის პროცესში. ევა და რუსუდანი ბავშვობიდან დადიოდნენ მამა ლუკასთან წერა-კითხვის სასწავლად, რუსუდანი გალობდა და წერდა კიდეც; ცხადია, რომ რწმენა და რელიგია მათ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა და ზრდასრულ ასაკში ისინი ცდილობენ, მომავალ თაობასაც გადასცენ ქრისტიანობის ფუნდამენტური ღირებულებები. ერთიანად ეს მიდგომა ჩანს ტექსტის ბოლოს, როდესაც მთხრობელი გვიზიარებს ლოცვებს ბებია რუსუდანის ჩანაწერებიდან. ვედრების, შენდობისა და მადლობის ლოცვები, თავის მხრივ, რუსუდანისა და ჩვენ მიერ ნახსენები ქალთა ჯგუფის ერთიანი მიმართებაა როგორც უფლის, ის ზოგადად სამყაროს მიმართ. რადგან როგორც აღვნიშნე, ამ ეპოქაში ხშირია რამდენიმე ნარატივის თანადროული არსებობა, ხშირია მათი თანაკვეთა ან შეპირისპირება. მნიშვნელოვანია, რომიდეურ-სოციალურ ასპექტში ქრისტიანულ მეტანარატივს აშკარად უპირისპირდებოდა მარქსისტული (წიფურია 2016, 112), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა, ამ შემთხვევაში ზაირა არსენიშვილის პერსონაჟების ნარატივის ალტერნატიულ ხასიათს.

ვედრების ლოცვაში რუსუდანი წერს:

, გევედრები მუხლმოყრილი, ღმერთო მაღალო,

ხალხის ბედ-იღბალს ნუ მიანდობ უგულო ჯალათს,

ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა

 ჩირად არ უღირს“ (არსენიშვილი 2019,658).

 

ეს მონაკვეთი რუსუდანის მთავარ შიშსა და სურვილს ერთდროულად გათქვამს. საბჭოთა რეჟიმისა და რეპრესიების მსხვერპლი ქალისთვის მთავარი ღირებულება და ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლეა.

 

შენ შეაფერხე ფუჭი სრბოლა მწყრების სპასპეტთა,

თქარათქურით რომ მიაჭენებ ცხოვრების შარას,

და მხოლოდ მტვრით და კორიანტელით

გვივსებენ თვალებს...“ (არსენიშვილი 2019,658).

 

მტვერი, გაცამტვერება, დავსებული თვალები - ეს მხატვრული სახეები ტექსტში მრავლად გვხვდება. ბუნებრივია, ასე გამოიხატებოდეს ის ტრავმა, რომელიც ნგრევასდა რღვევასთან ასოცირდება (წიფურია 2016,92).გაცამტვერებული და წყალწაღებული, მართლაც ხავსივით ვეჭიდებოდი ჩემს აგებულ თოვლის პაპას....“, იხსენებს მთხრობელი მას შემდეგ, რაც თეატრში ხალხის მტრების სამხილებელწარმოდგენასდაესწრება, სადაც მისი თანატოლების მშობლები ერთმანეთს ცილს სწამებენ და აბეზღებენ. „იქნებ როგორმე მომეკრიბა გონება და მივმხდარიყავი ჩვენი უბედურების თავსა და ბოლოს. ასე მეგონა, ამ გამოცნობით რაღაცას მივაღწევდი, ასეთი ჩაქოლილი და გაცამტვერებული აღარ ვიქნებოდი“ (არსენიშვილი 2019,295) - იგი აგრძელებს საერთო უბედურებაზე ფიქრს და კვლავ გაცამტვერების, განადგურებისა და უსასოობის განცდა დაჰყვება გამოსავლის მუდმივ, ბავშვურ ძიებას.

ტექსტის საბოლოო პასაჟი და ფინალური ლოცვა გვიხსნის არსენიშვილის დამოკიდებულებას მთელს საბჭოურ ტრავმასთან მიმართებით:

 

გმადლობ, უფალო,

მაზიარე უმთავრეს მცნებას:

მოყვასისთვის ამავსე ზრუნვით

და ტანჯვა მისი შენ მიქციე საკუთარ ტანჯვად...“ (არსენიშვილი 2019,660).

 

ავტორისთვის გამოსავალი ტანჯვის გაზიარებაშია. რთული გამოცდილების ერთად გადატანა და მოყვასზე ზრუნვა ერთგვარი გამოსავალია, რომელსაც ბებია რუსუდანმა სულის სიმშვიდისათვის მიაგნო.

გმადლობ, უფალო,

არ გამწირე შენ საბოლოოდ და ფუტურო ხეს

შემარჩინე პატარა ყლორტი...“(არსენიშვილი 2019,660).

 

ატარა ყლორტი ის ბუნებრივი ენერგიაა, რომელიც ბებიამ შვილიშვილს, ძველმა თაობამ კი ახალს გადასცა. რუსუდანის მიერ შემოთავაზებული გაზიარებისა და მარადი განახლების იდეა ეხმიანება როგორც ტრავმის დაძლევის სურვილსა და გზას, ის ეკოფემინისტურ ნარატივსაც (Indu A.S. 2015,1).

ყოველი ამბავი, რომელსაც ადამიანები ერთმანეთის შესახებ გავიგებთ და დავიმახსოვრებთ, ჩვენს საერთო, კულტურულ მეხსიერებაში გაერთიანდება. კულტურულ მეხსიერებას ახასიათებს რეკონსტრუქციის უნარი. არც ერთ მეხსიერებას არ შეუძლია წარსულის სრულად შენახვა. რჩება მხოლოდ ის, რისი აღდგენა თუ რეკონსტრუქციაც კონკრეტულ ერაში კონკრეტულმა საზოგადოებამ მოახერხა საკუთარ ჩარჩოებს შიგნით, საკუთარი კონტექსტით. კულტურული მეხსიერება რეკონსტრუქციის პრინციპზეა დაფუძნებული და იმ ცოდნას ყრდნობ, რომელიც ამა თუ იმ მოვლენასა ან საგანზე გვაქვს. ბებია რუსუდანის მიერ თავისი შვილიშვილისთვის დატოვებული მთავარი თხოვნა სწორედ მეხსიერების რეკონსტრუქციის პროცესის დაძვრაა - ამ ძალის წარმმართველია სურვილი, რომ მთხრობელმა უნდა თქვას სიმართლე შეულამაზებლად, რომ მან უნდა გაიხსენოს, დაიმახსოვროს და გადასცეს, რადგან მხოლოდ ასე მოიხდის ვალს სამყაროს წინაშე.

ამ ტიპის მეხსიერებას აქვს ორი კატეგორია: პოტენციური და ნამდვილი. პოტენციური მეხსიერება მოიცავს არსებულ ინფორმაციას, სახეებს, სურათებსთუ ტექსტებს და  ყალიბდება იმად, რაც მათი გადამუშავებით პოტენციურად გამოვიდოდა. ხოლო ნამდვილი თითოეულ ამ მონაცემს კონკრეტულ კონტექსტსა და ობიექტურ მნიშვნელობას ანიჭებს და, შესაბამისად, ყალიბდება ამ ინფორმაციის რელევანტურობა. ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ნამდვილი მეხსიერება, როგორც კი მას მთხრობლის კალამი ეხება, გადაიქცევა პოტენციურად. თუმცა, ბებია რუსუდანის თხოვნა გულისხმობს მცდელობას, რაც შეიძლება უცვლელად და ობიექტურად აისახოს სწორედ რომ ნამდვილი მეხსიერება, რაც მხოლოდ კონტექსტის ოსტატური, დაუფარავი აღწერით თუ მიიღწევა.

 

ტექსტის დაბადება და ფუნქცია - რეფლექსიურობა

მეხსიერების საზღვრები ფართოვდება. იგივე ვრცელდება იმ ელემენტებზე, რომლებიც ცდებ პრაქტიკულ მნიშვნელობას - სიმბოლო, მონუმენტები, მემორიალები, ხატები და ტაძრები; ნივთების მეხსიერებაც ლახავს ამ საზღვრებს, რადგან დროისა და იდენტობის იმპლიციტური ინდექსი გარდაიქმნება ექსპლიციტურად. იმპლიციტური ინდექსის ექსპლიციტურად გარდაქმნა მოიაზრებს მოგონების გამოუხატავი,  შინაგანი  ფორმიდან,  გამოხატულ,  გარეგან  ფორმაში  გადატანას  -  ასე წარმოიქმნება  ნიშნები,  ტექსტები,  სიმღერები  -  თვითგამოხატვისა  და  კომუნიკაციის მცდელობებით (Schwartz 2016,21). თითოეული ამბავი, ნივთი, დღესასწაული და ხატი, რომელსაც კულტურა ინდივიდის           გარშემო უყრის თავს, გადამუშავებისა და ინტერპრეტირების  შემთხვევაში  პოტენციური  ტექსტი  და  ინტერპრეტირების  ახალი საგანია.

წერს, წერას სწავლობს ან ასწავლის არსენიშვილის თითოეული პერსონაჟი, რომელიც ტექსტში თავისუფალ, გაბატონებული იდელოგიისგან განსხვავებულ სააზროვნო არეალს ქმნის. განურჩევლად იმისა, ფსალმუნების, „ვეფხისტყაოსნისთუ საკუთარი რომანის გამოწერაზე ვისაუბრებთ, სიმბოლური და რეფლექსიური დატვრთვა წერის პროცესს მუდამ თან გასდევს. მკითხველივა, სოფელოსდასაწყისშივე იგებს, რომ მთხრობელს წერა განუზრახავს. მისი ჩანაფიქრი ისტორიული რომანია, რომელსაც ბებია რუსუდანი ეჭვით უყურებს. ბებია რუსუდანის ეჭვის მიზეზი მისი შინაგანი რწმენაა, რომ ტექსტი უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს და მისი შვილიშვილის განვლილი ცხოვრება, რუსუდანისა და სხვა ქალების მიერ მოყოლილი და გადატანილი ამბავი უნდა მოიყოლოს:

თუ მართლა აპირებ რაიმე შეთხზა, არ გაქვს უფლება, მთავარ თემას, რაც თვითონ ჩვენმა ყოფამ განსაზღვრა, გვერდი აუარო; გვერდი აუარო იმ ჭირს თუ ხანძარს, ნაპერწკლიდან რომ აალდა, როგორც მეტაფორულად ამბობდნენ, რომელმაც გადაბუგა მთელი ქვეყანა, გათელა ღირსება, გააქარწყლა სინდისი, მარწუხებში მოაქცია ჩვენი ყოფა და უსასოობაში ჩაგვაგდო და, რაც მთავარია, გააჩანაგა მილიონობით სიცოცხლე... აი, ეს მიხუთავს სულს, ამდენი გაჩანაგებული სიცოცხლე... მერე შენ მოხვალ და საფლავში ჩამომძახებ, რომ შესძელი, წვითა და დაგვით, ტანჯვით და გვემით გეთქვა მართალი სიტყვა, ამოტანილი ჩვენი სულის უფსკრულიდან (არსენიშვილი 2016,66) - ამბობს ბებია რუსუდანი.

 

ერთი შეხედვით, მკაცრად გვეჩვენება ბებიის თხოვნა, რომ შვილიშვილმა ისტორიული და ემოციურად ფრთხილი სიუჟეტების ნაცვლად, ცოცხალ და ჯერაც მტკივნეულ ამბებზე წეროს. თითქოს უცნაურია მითითება იმის შესახებ, თუ რა უნდა წერო, თუმცა სწორედ რუსუდანმა იცის, რომ მისი შვილიშვილის მეხსიერება მოგონებებისა და მათზე რეფლექსიის უდიდესი სივრცეა, რადგან თავად მიუძღვის დიდი წვლილი მის ჩამოყალიბებაში. მთხრობლის მეხსიერება დაფუძნებულია სულ სხვა ხატებსა და სიმბოლოებზე, მისი კულტურული იდენტობა შორსაა მეფე თეიმურაზ პირველის ისტორიისგან, რომელზე წერაც მთხრობელს თავდაპირველად განუზრახავს. შესაბამისად, რუსუდანის რწმენაც, რომ აქტუალური ახლა სხვა ამბის მოყოლაა, მკითხველისთვის სავსებით გასაგებია. მთხრობელი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისაგან, სწორედ კომუნიკაციამ, მოყოლილმა ამბებმა და მხოლოდ მისთვის შექმნილმა ფიქრის არეალმა იხსნა. ტექსტში ამ არეალის ურყევ მტკიცებულებად ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სცენა გვევლინება - პირველ მათგანში მთხრობელი იხსენებს სიტყვების ჩუქების თამაშს, რომელშიც, მისი თქმით, ჩიკო მუდამ სჯობნიდა. იმის მიუხედავად, თუ რომელს ჰქონდა მეტად მხატვრული და მრავალფეროვანი ფანტაზია, ფაქტია, რომ აღმზრდელმა ქალებმა ბავშვებს ალტერნატიული, საოცნებო, ფანტაზიისა და მოგონების სივრცე შეუქმნეს.

მეორე, გაცილებით უფრო მძაფრ მაგალითად პატარა გოგონას პანიკური შეტევა გვეხატება. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის მოწყობილ დიდ სადამსჯელო წარმოდგენას, აბსურდისა და უსამართლობის განცდას გამოქცეული მთხრობელი ქალაქის გიჟთან, ყველაზე გარიყულ და მარგინალ პერსონაჟთან საუბრით აღწევს თავს. იმის მიუხედავად, რომ სცენის დასაწყისში გოგონას შეშლილ გიგოსთან მიახლოების ეშინია, იგი მას უზიარებს საკუთარ უდიდეს საიდუმლოს - ბრაზს მამის მიერ გამოჩენილისილაჩრისგამო. შეშლილი გიგო ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც მოახერხებს ბავშვს აუხსნას, რას გულისხმობს საბჭოთა სისტემა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გიგოს შეშლილობა მას ავტომატურად ათავისუფლებს გაბატონებული დისკურსის მარწუხებისაგან და, შესაბამისად, მას გადალახული აქვს ზღვარი - ამიტომაც ჭვრეტს სიმართლეს. გიგო ამტკიცებს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ სიმაღლის კედელს, საბჭოთა სისტემას გადაახტება (არსენიშვილი 2019,306). შინაგანი პროტესტისდა შიშის დასაძლევად მთხრობელი ორ ეტაპს გადის. პირველი საკუთარი  და გიგოს  ტკივილის აღიარებაა, ხოლო მეორე არის რიტუალი - ქალების საკრალურ სივრცეში შესრულებული ევას შელოცვა.

რუსუდანის სურვილი ასრულდა, მთხრობელმა საკუთარი გამოცდილების მოყოლა აირჩია. მხოლოდ ახლა, ასე შეუძლია მეხსიერებას ჩამოაყალიბოს და გადასცეს ინფორმაცია იმ ჩარჩოებსა და წესებს მიღმა, რომელიც ამ ინფორმაციის წარმოქმნის მომენტში იყო გაბატონებული; კულტურული მეხსიერება კვებავს ტრადიციასა და კომუნიკაციას; მის გარეშე არ იქნებოდა ინოვაცია თუ კონფლიქტი, რევოლუცია თუ მარტივი ცვლილება; თითოეული, უკვე მინიჭებული მნიშვნელობებისგან გადახვევისა და მათი შეცვლის მცდელობაა.

 

დასკვნა

ვა,სოფელოსპერსონაჟები ლიტერატურას განიხილავენ, როგორც ინფორმაციის კონსერვაციისა და გადაცემის, მეხსიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ მექანიზმს. თავის მხრივ, სწორედ რომანივა, სოფელოარის ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ესაა ტექსტი, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებს იმ ცენტრალურ და პერიფერიულ გამოცდილებებს შორის, რომელთა თხრობაც ქალმა პერსონაჟებმა იტვირთეს. რომანში, მოვლენების ეპიცენტრში გვხვდება ქალების ვიწრო ჯგუფის გაერთიანება, რომელიც ბავშვობიდან ან ახალგაზრდობიდან მიიჩნევდა თავს ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ყოველდღიურობის ნაწილად. ტექსტში ასევე ვხვდებით ქალებს, რომელთაც სურთ მხოლოდ საოჯახო ასპარეზი შეინარჩუნონ და საქვეყნო საქმე საკუთარ საფიქრალად არ გაიხადონ. მიუხედავად ამისა, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გარემო ამ პერიფერიაზეც აისახება. ტექსტი თავად წარმოადგენს ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია უნდა მივანიჭოთ მას როგორც მკითხველებმა თუ მკვლევრებმა. ესაა სიმართლის თხრობისა და გამხელის მცდელობა, რომელსაც შინაარსობრივი ნაწილის გარდა, აქვს მკვეთრად გამოხატული ფემინისტური თხრობის დისკურსი და კოლექტიური ხმა. სწორედ კოლექტიური ხმით მოთხრობილი ქალური გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი ქალი-ავტორის ტექსტი განვიხილოთ მსოფლიო ფემინისტური ლიტერატურის ნაწილად დავა, სოფელოზედაყრდნობით აღვწეროთ საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკის გავლენა ქართულ ლიტერატურასა და ცნობიერებაზე.

ზაირა არსენიშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟები წარმოადგენენ დამოუკიდებელ, სრულფასოვან ქალებს, რომლებიც რეპრესიული რეჟიმის მიუხედავად, ფლობენ საკუთარ თავსა და საკუთარ ცხოვრებას - ინარჩუნებენ პრინციპებსა და ნაციონალურ, ქალურ, ალტერნატიულ მსოფლაღქმას; გადასცემენ მას მომავალ თაობას და ამავდროულად ქმნიან ავტორის პრეცედენტს, რომელმაც ზუსტად იცის, რისთვის უნდა დაიწეროს ტექსტი; ქმნიან ტექსტის პრეცედენტს, რომელიც ეუბნება მკითხველს, რისთვის უნდა წაიკითხოს ეს ტექსტი; აღნიშნული ტექსტიცა და მთხრობელიც წინასწარაა განსაზღვრული მომავალ თაობასთან კომუნიკაციისთვის, კოლექტიური, ქალური და ეროვნული მეხსიერების ფორმირებისა და მათთვის სიმართლის მოყოლისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

პირველადი წყარო:

1.  არსენიშვილი ზაირა, 2019. ვა,სოფელო (კახური ქრონიკები). რედ.: ანა ჭაბაშვილი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

მეორეული წყაროები:

1.      მიქელაძე, კატო. 1939. ავტობიოგრაფია. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი: კატო მიქელაძის არქივი #1012.

2.     პატარიძე სალომე, 2021. ქალური ნარატივის თავისებურებანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გერმანულენოვან და ქართულ პოეზიაში. თბილისი:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi5/Salome_Pataridze.pdf (15.06.2021)

3.      ცაგარელი, ლევან. 2016. კულტურის კვლევების შესავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: თბილისი.

4.      ცაგარელი, ლევან. 2012. თხრობის თეორია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: თბილისი. (გამოუქვეყნებელი სკრიპტი)

5.      წიფურია, ბელა. 2016. ქართული ტექსტისაბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

     6.      Alexander, Jefrey C. 2004. Cultural Trauma and Collective Identity. California University of California Press. Berkeley

7.   Assmann, Aleida. 2012. „To Remember or to Forget:Which Way Out of a Shared History of Violence?“ Chapter in Memory and Political Change Edited by Aleida Assmann Linda Shortt. Palgrave Macmillan Memory Studies

8.     Assmann. Jan. 1992.Cultural Memory and Early Civilization. Cambridge University Press.

9.     Assmann, Jan and Czaplicka. 2008. Collective Memory and Cultural Identity.New German Critique“. No. 65, Cultural History/Cultural Studies (Spring - Summer, 1995), pp. 125-133 (9 pages) Published By:Duke University Press

10.  De Beavoir, Simone.1968. The Second Sex. Trans.: Constance Borde. Vintage Publishing.

11.  Halbwachs, Maurice. 1992. On Collective Memory. University of Chicago Press.

12.  Schwartz, Barry. 2016. „ Rethinking the concept of collective memory“. Chapter in Routledge International of Handbook of Memory Studies edited by Anna Lisa Tota and Trever Hagen.



[1] მიქელაძე, კატო., ავტობიოგრაფია, 1939 . . ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, კატო მიქელაძის არქივი, #1012.

 

[2] ეროვნებისა და იდენტობის განცდის გასაქრობად საბჭოთა კავშირში იყენებდნენ წარსულის დავიწყებას, რითაც ადამიანებს მორალურ საყრდნეს აცლიდნენ. გამოიყენებოდა Homo Sovieticus, ანუ საბჭოთა ახალი ადამიანის ცნება, რომელიც ინდივიდს ერთგვარ ზედმეტ ადამიანად გადააქცევდა და უკარგავდა იდენტობას (პატარიძე 2021,4).