საარქივო და მეხსიერების კვლევები

საბჭოური მეხსიერების პოლიტიკა - ტოტალური დუმილიდან დამუნჯებამდე

17 მარტი 2022

 ანალიტიკური  სტატიის ავტორია გიორგი ჭკადუა და ის დაიწერა კონკურსისთვის „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას. 

 

გიორგი ჭკადუა არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.

 

შესავალი

საბჭოთა კავშირის ისტორია, პოლიტიკა და ზოგადი თუ კონკრეტული დისკურსები, არ იყო ერთგვაროვანი, ის დროთა განმავლობაში შექმნილი რეალობის ან მმართველის ცვლილების პარალელურად მოდიფიცირდებოდა. შესაბამისად, აუცილებელია, წინდაწინვე განისაზღვროს პერიოდი და ამ დროითი მონაკვეთის ისტორიული მახასიათებლები. თუმცა, ცხადია, ეს საკმარისი არ არის. მთავარი შეკითხვა, რაც დღესაც აქტუალურია - თუ რატომ ვერ გადავიაზრეთ საბჭოთა წარსული, უფრო ღრმა და ინტერდისიცპლინურ კვლევას მოითხოვს. პირველ რიგში, როდესაც საბჭოთა ისტორიაზე, მის პოლიტიკაზე, მიდგომების ცვლილებაზე, ტოტალიტარიზმსა და ტერორზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა მოსახლეობამ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე განიცადა. შესაბამისად, ეს ძალიან სენსიტიური, ტრავმული გამოცდილებაა, რომლის გადმოცემაც რთული და მტკივნეულია. როდესაც ამას ემატება საბჭოთა პროპაგანდისა და დისკურსის მახასიათებლები, თითქოს წარსული სრულიად ილუქება, ხდება მოუხელთებელი და განუსაზღვრელი.

ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ საქართველოში მალევე დაიწყო ახალი აწმყოსთვის აუცილებელი მექანიზმის მშენებლობა. საბჭოთა ხელისუფლების მთავარი იარაღი პროპაგანდა იყო. პროპაგანდა პატარა კოლექტივისთვის, იდეოლოგიური წვრთნით, კომპლექსური იდეების ახსნაა, რომელსაც აუდიტორია შემდეგში თავად გამოიყენებს და გაავრცელებს.[1]  ამ მიდგომის უპირატესობის კარგად გააზრებისთვის ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რომელ ისტორიულ პერიოდზე ვსაუბრობთ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის დასაწყისი ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბების მონაკვეთია. ერი სრულიად ახალი, მოდერნული კონცეფცია გახლდათ.[2] შესაბამისად, ასეთი დიდი ჯგუფები, ამგვარი ძლიერი კავშირით, უჩვეულო მოვლენა იყო მსოფლიოსთვის. მის ერთ-ერთ მთავარ ღერძად კი პრესა იქცა. მედია გახდა როგორც შორიშორ მყოფი ადამიანების მთავარი მაკავშირებელი, ასე ერთადერთი შუამავალი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის. ამგვარად, საფუძველი ჩაეყარა ახალი ტიპის სახელმწიფოს და მმართველობის ფორმებს.

საქართველოც ამ გზას მიჰყვებოდა. დაფუძნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რაც საზოგადოებისთვის განათლების მიღების წყარო უნდა ყოფილიყო, რათა მომავალში, პრესას სათანადოდ ემუშავა. პარალელურად, ისინი ცდილობდნენ, ჟურნალ-გაზეთებში საერთო ისტორიის ბაზის შექმნას, რაც კოლექტიური მეხსიერების შენების დასაწყისი იქნებოდა.[3] თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში ეს პროცესი გვიან დაიწყო[4] და ნელა მიმდინარეობდა, ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისთვის გაცილებით დიდი დრო იყო საჭირო. ჩრდილოეთიდან მოსაზღვრე სახელმწიფომ კი საქართველოს ეს დრო არ მისცა. წერა-კითხვის შესწავლა სწორედ საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში დასრულდა და პრესამაც სრული დატვირთვით ბოლშევიკების ხელში დაიწყო მუშაობა. უფრო მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს, დავუშვათ, ინტერნეტის მთლიან რესურსს ხელისუფლება აკონტროლებდეს და ყველა სხვა წყაროს ჩახშობას ცდილობდეს.

ბოლშევიკური რეჟიმი ალტერნატიულ ისტორიას ქმნიდა, რათა ოკუპირებული საქართველოს ახალ საბჭოურ აწმყოს ხარვეზის გარეშე გადაბმოდა წარსულიც. კომუნისტურ რეჟიმში პროპაგანდას ცენტრალური ფუნქცია ჰქონდა. ის იყო საზოგადოების ძირეული ტრანსფორმაციისა და  ,,ახალი ადამიანის’’ შექმნის მთავარი მექანიზმი. კომუნისტურმა პარტიამ პროპაგანდა  ჩართო როგორც მმართველობის პოლიტიკურ პროცესში, ისე განათლების სფეროშიც[5]. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მეხსიერების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. ესეში სწორედ მეხსიერების შექმნის პროცესს განვიხილავ, უფრო კონკრეტულად კი, ვისაუბრებ დუმილის ფენომენზე, რის საშუალებითაც შენარჩუნდა საბჭოური დისკურსის ყოვლისმომცველობა; მოდერნული ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე დიდი სოციალური ჯგუფის შექმნისა და კავშირის შენარჩუნების მაგალითი რელიგია და ეკლესიაა, რომლის დამორჩილებასაც ასევე ცდილობდა საბჭოთა რეჟიმი. ამ თეორიული მოსაზრებების პრაქტიკული გამოვლინებების საჩვენებლად კი, ერთი მხრივ, მიმოვიხილავ გასაბჭოების შემდეგ ეკლესიის მდგომარეობას, ამბროსი ხელაიას ფიგურასა და მის ბედს; მეორე მხრივ კი, ვისაუბრებ ლიტერატურულ პერსონაჟზე ლადო კოტეტიშვილის მოთხრობის ,,გოჩმანას’’ მიხედვით, რომლის ისტორიაც გადაჯაჭვულია ზოგადად ეკლესიისა და კონკრეტულად ამბროსი ხელაიას ამბავთან, რასაც მივყავართ სტალინიზმის საწყის პერიოდამდე, 20-იანი წლების დასაასრულისა და 30-იანი წლების ახალ რეალობამდე, როდესაც დუმილი დამუნჯებად გარდაიქმნა.

 

საბჭოური ნარატივი ძერწვა და დუმილი

პრესის მნიშვნელობა კოლექტიური მეხსიერების შექმნის პროცესში ცხადია. თუმცა სამთავრობო მედიებში რეჟიმს მორგებული დირექტივებით დაწერილი სტატიები მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. იმისათვის, რომ საერთო მეხსიერებაში ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდეს და სხვაგვარად ჩაიბეჭდოს კოლექტიურ მახსოვრობაში, აუცილებელია, სრულად გააქრო და გააჩუმო ალტერნატიული ხმა, საპირისპირო ნარატივი.

დუმილის ფენომენი საბჭოთა კავშირის, როგორც ტოტალიტალური სახელმწიფოს, ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია. მისი ნგრევაც, დუმილის საპირისპირო ქმედების დაშვებით საჯაროობით[6] დაიწყო. ვერედ ვინიცკის მიხედვით, არსებობს ორნაირი სახის დუმილი: ერთი - გამოხატული(overt), მეორე კი -  შეფარული(covert), ხოლო, თავის მხრივ, თითოეული ან დავიწყებისკენაა მიმართული ან დამახსოვრებისკენ.[7]  გამოხატული დუმილი სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ამ სიტყვებში მოვიაზრებთ. ადამიანი დგას და რაღაცაზე დუმს, ან სამსახურშია და დუმს, ან ტელევიზორს უყურებს და დუმს. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ხმას არ იღებს. თავში ამ დროს პირველ ფიქრად დაპაუზება, გაყინვა, გაშეშება მოგვდის. ის არ ლაპრაკობს, არ ჰყვება და თუ არ ჰყვება, არ დგება ამბის სიტყვებში მატერიალიზაციის პროცესი, ამბავი არ იქმნება და თუ არ არსებობს ამბავი, არ არსებობს არც მეხსიერება, რადგან მეხსიერების, უფრო მეტად კი, კოლექტიური მეხსიერების შესაქმნელად, აუცილებელია ნარატივი. ეს ონტოლოგიური ნარატივის ცნებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნარატივი არა მხოლოდ ეპისტემოლოგიური აღწერისთვის გამოიყენება, არამედ ონტოლოგიური არსის შექმნის წინაპირობაც არის. ნარატივს შეუძლია პასუხი გაგცეს შეკითხვაზე – ვინ ვარ მე? შესაბამისად, ის კავშირშია იდენტობის ძერწვასთან, მის ფორმირებასთან, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე.[8]

გამოხატულ დუმილს მეორე სახეც აქვს, რომელიც დამახსოვრებისკენ არის მიმართული, მას რიტუალურ დუმილს ეძახიან. მაგალითად, როგორიცაა წუთიერი დუმილი. ისრაელში ჰოლოკოსტში დაღუპულ ადამიანებს სწორედ ასე მიაგებენ პატივს. არის რაღაც დრო და საათი, როდესაც მთელ ქვეყანაში ერთი წუთის განმავლობაში სირენის ხმა ისმის. მთელი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე ამ დროს საქმეს თავს ანებებს, ჩერდება და დუმს. ეს გამოხატული დუმილი დამახსოვრების დუმილია. შეფარული დუმილი კი უფრო რთულადაა ამოსაცნობი. საქმე ისაა, რომ, თავად ამბის მოყოლის, ანუ დამახსოვრების აქტიც, რამდენადმე, დავიწყების აქტია. შენ ჰყვები ამბავს, მაგრამ ამ ამბის სხვანაირობას ივიწყებ, ანუ შეფარვით დუმხარ სხვა პერსპექტივის შესახებ. შეფარული დუმილი დამახსოვრების და დავიწყების თანადროული პროცესია. შესაბამისად, ერთი მხრივ, საბჭოთა დისკურსის დომინანტობა, მეორე მხრივ კი, საპირისპირო ნარატივის არარსებობა დუმილის ტოტალურობის წინაპირობა იყო.

მცდარი ნარატივის შექმნას საბჭოთა კავშირი ევროპაშიც შეეცადა. ნოე ჟორდანიას მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის ემიგრაციიდან გამოგზავნილ პირველ წერილში ვკითხულობთ: ,,ჩვენ აქ დაგვხდა მოსკოვის მთავრობის მიერ გავრცელებული ამბავ საქართველოში რუსის ჯარი არ არის, არავითარი ომი არ ყოფილა, აჯანყებულმა ხალხმა განდევნა მენშევიკური მთავრობა და აირჩია ბოშევიკებისო[9]. საქართველოს საზღვრებს გარეთ ანტიბოლშევიკური ხმა, ქართული ემიგრანტული მთავრობის სახით, აქტიურად ჩაება ინფორმაციულ ომში. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა თავად საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც საბჭოთა პროპაგანდას ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა საპირისპირო ნარატივის დასადუმებლად. ახალი საბჭოთა ხელისუფლება 1924 წლამდე უფრო ზომიერ პოლიტიკას ატარებდა.[10] ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო აჯანყდა, სცადა დუმილის დარღვევა, მაგრამ დამარცხდა, საბჭოთა რეჟიმს მასობრივი რეპრესიებისთვის კარგი არგუმენტი მიეცა. ამას დავუმატოთ წარმატება გეოპოლიტიკურ ჭრილში. საბჭოთა კავშირი წარმატებულად განაგრძობდა მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნებთან საბჭოთა ხელისუფლების სუვერენიტეტის აღიარების საკითხზე.[11] ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო მარტო რჩებოდა იმპერიის წინააღმდეგ. დუმილის ტოტალურობა კი საბოლოო წერტილი არ იყო. საბჭოთა რეჟიმს, და შეიძლება ითქვას, რომ, კონკრეტულად, სტალინს, ბოლომდე მორჩილი საზოგადოება სურდა. არა დადუმებული, არამედ – დამუნჯებული.

 

დამუნჯება, როგორც საბჭოური პოსტტრავმული სინდრომი და კოლექტიური მეხსიერების გასაღები

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის კვლევებში დუმილის ფენომენზე ბევრი საუბრობს, თუმცა, ისევე, როგორც ვინიცკი, დამუნჯების ფენომენს ფართოდ არ განიხილავენ. შესავალში როგორც ვახსენე, ტრავმული ინციდენტის შემდეგ დამუნჯების ორ მაგალითზე ვისაუბრებ. ერთი მათგანზე ლადო კოტეტიშვილი გვიყვება თავის მოთხრობაში ,,გოჩმანა’’, ხოლო მეორე ისტორია საქართველოს კატოლიკოს პატრიარქს, ამბროსი ხელაიას ეხება. თავად ,,გოჩმანას’’ ამბავიც იმდროინდელი ისტორიის ჭრილში თავსდება. ლადო კოტეტიშვილის მოთხრობები უჯრაში ჩაკეტილ ფურცლებზე ეწერა და სრულიად შემთხვევით, მისი შთამომავლის მეშვეობით გამოვიდა მზის შუქზე.[12]

სანამ უშუალოდ პოსტ-ტრავმული სინდრომის რადიკალურ გამოვლინებაზე ვისაუბრებთ, ქრონოლოგიურად გავყვეთ მოვლენების განვითარებას. ასე აღწერს ლადო კოტეტიშვილი გასაბჭოების ფაქტს:

საიდანღაც მოვიდა შავი ხალხი, შეკრული შუბლით, სისხლიანი თვალები და ქვეყანას რისხვით დაემუქრა. კიდევ რამდენიმე ხანი და საშინელი გრგვინვით დაიმსხვრა ზღუდე და ბორკილი, გაცეცხლებულ ლავასავით მოედო შავი მასა ტფილისის ქუჩებს. ტფილისი აბრუნდა. ყველაფერი სუსტი, ბებერი და უნიათო დაიმსხვა ამ ბრუნვაში. წითელი დროშების ელვარებამ ბევრს დაახუჭინა თვალი. ბევრს გული გაუხეთქა ამ საზარელმა სანახაობამ. ამ გაუთავებელ ბრუნვაში ძველი ტფილისი შუაზე გადატყდა. ახალგაზრდა ტოტებმა იწყეს გამხმარი ფოთლების ანიავება. ძველი ამ დროს მოჭრილი მუხასავით იდგა, ცივი და შიშველი. ახალი ტფილისი ივსებოდა ქარხნებით, შუქით, ახალი ხალხით. შრომა როგორც ზეიმი. დასვენება კლუბებში. კლუბებში კიდევ ზეიმი. კინო. რადიო. სიმღერები. დაკვრითი ტემები, სოციალისტური შეჯიბი, გაუთაველები ინდუსტრიალიზაცია. კიდევ ტემპები. გაგიჟება შრომით და შრომაში. მებრძოლი უღმერთოება. აქ ღმერთებს ყოველღამ ასამართლებენ.[13]

ამ შემთხვევაში, ,,მებრძოლი უღმერთოება’’ შემთხვევით არ არის ნახსენები. 1928 წელს იქმნება ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი’’, რომელიც ათეიზმის დანერგვას, ეკლესიების დახურვასა და მღვდლების გაკრეჭვას ემსახურებოდა.[14] მას, როგორც იდეოლოგიური, ისე სხვა, კონკრეტული მიზეზიც ჰქონდა. საქართველოში ანტიბოლშევიკური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წამომწყები, თან ისეთი, ხმა ევროპასაც კი რომ მიაწვდინა, კათოლიკოს პატრიარქი, ამბროსი ხელაია იყო. მან გენუის კონფერენციაზე გაგზავნა წერილი: ,,ოკუპანტები, მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველა დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება’’.[15] მისი უშუალო მოთხოვნა კი ასეთი იყო: ,,საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება’’.[16] საქართველოს პოზიციის ასე ცხადი და ერთმნიშვნელოვანი გამოხატვა გლობალურ რუკაზე საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის დასმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ამბროსის მოწოდების სულისკვეთებას ეხმაურებოდა 1922 წლის მარტში უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის მიმართვა ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდებისადმი. ისინ აცხადებნენ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ საქართველოს ეროვნული თავისუფლებისათვის, გამოთქვამდნენ იმედს, რომ საქართველო კვლავ დააღწევდა თავს რუსეთის მონობას და განაგრძობდა ოკუპანტების ტერორის პირობებში ჩახშობილ სამეცნიერო მუშაობას. [17]

უნდა აღვნიშნოთ 1922 წლის 24 მაისის ინციდენტიც, როდესაც სტუდენტებმა ორი დღით ადრე დაიწყეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, რათა მოულოდნელობის ეფექტის გამო მათთვის რუსულ ჯარს ხელი არ შეეშალა. მალევე უნივერსიტეტის ეზოში ჯარისკაცები გამოჩნდნენ. ამ დროს ეზოში გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით იკითხა, რა ხდებაო. ,,რუსულად ილაპარაკე’’, იყო რუსი ჯარისკაცების პასუხი.[18]

საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში, იმპერიის ცენტრი თავიდანვე არ მიმართავდა რეპრესიულ პოლიტიკას. მათ სჭირდებოდათ პერიფერიებში ადგილობრივი მოსახლეობის მიმხრობა და პოზიციების გამყარება, რადგან რუსეთმა მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ომი გადაიტანა და რეალურად, საკმაოდ უჭირდათ ძალაუფლების შენარჩუნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამბროსი ხელაიას გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ წერილს ვინმე აპატიებდა.

1922 წლის 13 ივნისიდან იწყება ამბროსი ხელაიას დაკითხვებზე სიარული. პატრიარქმა დაკითხვაზე ბრალი დასდო ახალ ხელისუფლებას საქართველოში უცხო ელემენტების მომრავლებაში, ელემენტარული დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში, განსხვავებული აზრისა და ჟურნალ-გაზეთების დევნაში. არ დააყოვნა საპირისპირო ბრალდებამაც, რაც კონტრევულუციონერობას გულისხმობდა.[19] თუმცა, კათოლიკოს პატრიარქის დაპატიმრებას მაინც ერიდებოდნენ. დაკითხვებმა მთელ წელიწადს გასტანა. იმის გამო, რომ ამბროსი ხელაიამ უკან არ დაიხია, 1923 წლის 12 ივნისს ის და მთელი საკათალიკოსო საბჭო დააპატიმრეს.

ეს ხელისუფლების გეგმის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო. ამბროსის არყოფნაში შეიქმნა ახალი საკათალიკოსო საბჭო, რომელმაც დაგმო ამბროსის საქციელი და გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი წერილს შეცდომა უწოდა. ამბროსი ხელაიას საპატრიარქოშივე შეუქმნეს საპირისპირო ფრონტი, რაც მის გავლენას და ძალას შეასუსტებდა. 1924 წლის 20 ოქტომბერს საეკლესიო საბჭომ განაცხადა, რომ ისინი აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას და გმობდნენ 1924 წლის აგვისტოს ,,ავანტურას’’.[20]

ამავდროულად თვალი მივადევნოთ, თუ რა ხდება თბილისში, სადაც სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებით ადენილი მტვერი ტრიალებს. ქალაქის გარემოს ცვლილებას, ლადო კოტეტიშვილის მოთხრობის ტექსტის კითხვისას, შინაარსის გააზრების გარეშეც ვგრძნობთ. ჯერ კითხულობ ქალაქის მდორე, ბებერ, ნელ მოძრაობებზე, ხოლო შემდეგ წინადადებები მოკლდება, მერე კიდევ უფრო მოკლდება, იმატებს ტემპი, სწრაფდება რიტმი, ისევე, როგორც რიტმი სოციალისტური მშენებლობისა. თაობა იცვლება. ,,ახალი ტოტები იზრდებიან. არნახული და არგაგონილი კარნავალები მუშათა ახალგაზრდობის. ორად გაწეული ფილტვების საღი სიცილი. დემოსტრაციები. წითელი დროშების ტყე. გახარებული ხალხის დენა, უსაზღვრო და უნაპირო. აღმშენებლობა. გეგმები. აღმშენებლობის დაკვრითი ტემპები. ხუთწლიანი გეგმა ინდუსტრიალიზაციისა ოთხ წელიწადში. სამ წელიწადში. ორ წელიწადში. სოციალისტური წარმატებები...’’[21]. ერთადერთი, რაც ამ დრომდე მოთხრობაში არ იცვლებოდა, სიონის ზარი იყო. გოჩმანა თავის დანიშნულებას ამაში ხედავდა, რომ ზარის რეკვით ესაუბრა ქალაქთან.[22] ერთადერთი ეს უხაროდა. ავტორის თქმით, თბილისსაც ესმოდა გოჩმანასი, დიდხანს ესმოდა, მაგრამ ამ სისწრაფეში სმენა მოუყრუვდა. მერე ისევ გაიგონა, ოღონდ ახლა შეწუხდა, შეწუხდა და პირდაპირ ზარის მოშორება გადაწყვიტა.

გოჩმანას ზარის ქვეშ ეძინა. როცა კი გაიგო, ქვემოთ ჩოჩქოლიაო, ზარს მივარდა და რეკა დაიწყო. რეკდა გულანთებული, აგონიაში მყოფი, ოღონდ ეს სხვანაირი რეკა იყო, ახლა განგაშის ზარი რეკდა. მოსაშველებლად არავინ მოვიდა. გოჩმანას საწოლი დაანგრიეს, ერთი-ორი უთავაზეს, ზარი კი ეზოში გადმოაგდეს.

გოჩმანას სამი დღე ზართან ეძინა. სამი დღის შემდეგ წაიღეს ზარი. ,,დასაფლავების’’ შემდეგ, როგორც წესი და რიგია, ,,ქელეხი’’ უნდა იყოს. ქელეხი დუქანში გაიმართა. სამი სადღეგრძელო ითქვა, ჯერ სიონისა, შემდეგ გოჩმანასი, მესამემ კი ვეღარ ამოთქვა სათქმელი და კედელს შეალეწა ღვინით სავსე ჭიქა. ვერგამოთქმული ტკივილი ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. მერე კი სვეს, ბევრი სვეს და დილამდე ქეიფობდნენ. დილით იმ ორმოსთან მივიდნენ, სიონის ზარს დაცემისას რომ ამოეღრუტნა ეზოში, სამი წრე შემოარტყეს ეკლესიას და წავიდნენ. გოჩმანა დანგრეულ სამრეკლოში დაწვა და დაიძინა, დილით გაღვიძებულს კი ხმა ვეღარ ამოეღო. გოჩმანა დამუნჯდა. სიარულიც დაავიწყდა. ახალი გიჟი შეემატა ქალაქს. დარბოდა გოჩმანა ქალაქში და ზეცას ხელებს უშენდა.

მაგრამ, ყველაფერ ამის მიუხედავად, თბილისში სიცოცხლე მაინ დუღდა, ტემბრი მაინც არ ნედლებოდა: სოციალიზმისკენ გაჭენებულ ცხოვრებას ვეღარ აშინებდა ჰალუცინაციები, სიცხე და თავბუ. არც გოჩმანას სიგიჟე აწუხებდა ქვეყანას. აშკარად ჩანდა, რომ ეს სირბილი და გაგიჟება ვეღარ იხსნიდა ძველ თბილისს სამუდამო დამუნჯებისგან ძველი სიონის დიდი ზარის დამსხვრევის შემდეგ.[23]

სანამ გოჩმანა დამუნჯდებოდა, ანუ სანამ 1930 წელს სიონის ზარის დემონტაჟს მოახდენდნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ პატრიარქი გაათავისუფლა. ამბროსი ხელაიას 7 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 2 წლის შემდეგ დატოვა საპატიმრო. რეჟიმს კათალიკოსის საკანში ყოფნით აღარ სურდა ვითარების დაძაბვა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპატრიარქოში ხელისუფლების მორჩილი და ამბროსის საპირისპირო ფრთა უკვე შექმნილიყო. ამბროსი ხელაიას აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც გავლენები, რომ რაიმე ცვლილება განეხორციელებინა.[24]

1927 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით უწმინდეს ამბროსის ჩამოართვეს საკათალიკოსო და საეპარქიო კანცელარია, რომელიც გადაეცა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას.  1927 წლის 22 მარტს უწმინდეს ამბროსის გამოუცხადეს, რომ იგი განთავისუფლებულია საქმის წარმოებისაგან, ფაქტობრივად, ის გადააყენეს. 23 მარტს ამბროსიმ დაკარგა მეტყველების უნარი, დამუნჯდა, 27 მარტს დაკარგა გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე კი გარდაიცვალა.[25]

 

დასკვნა - უნივერსალური ტრავმა

ერთი მხრივ, გოჩმანა და, მეორე მხრივ, კათოლიკოს პატრიარქი, რომლებიც კონკრეტულად ქართული საბჭოური ტრავმის მსხვერპლნი არიან, პოსტტრავმული აშლილობის იმავე სიმპტომებს ავლენენ, რომლებიც ჰოლოკოსტის შემდეგ გადარჩენილ ებრაელებს გამოუვლინდათ. დამუნჯება, გაგიჟება, არაადეკვატური ქცევა და თუნდაც, სიარულის დავიწყება, ჰოლოკოსტის შემდგომი ყველაზე მწვავე პოსტტრავმული სინდრომებია. გოჩმნას მსგავსად ,,მუსლიმებმა’’[26] დაკარგეს კომუნიკაციის უნარი.

მათი [მუსლიმების] სიცოცხლე მოკლეა, მაგრამ მათი რაოდენობა ულევი, ისინი - მუსლიმები, ჩაძირულნი, ანონიმური მასა, მუდმივად განახლებადი და ყოველთვის იდენტური არაადამიანების, რომლებიც მუშაობენ სიჩუმეში, სიკვდილის ღვთიური ნაპერკლით, უკვე ბოლომდე დაცლილნი იმისთვის, რომ დაიტანჯონ. მათთვის ადამიანის დაძახებაც კი საყოყმანოა: მათი სიკვდილისთვის სიკვდილის დაძახებაც საყოყმანოა, მათ სახეზე არ აღიბეჭდება შიში, რადგან ისინი ზედმეტად დაღლილები არიან, რომ გაიგონ[27].

მუსლიმებსიმ ებრაელებს ეძახდნენ, რომლებიც საბოლოოდ დანებდნენ ტერორს. ამ ტერმინით ისეთ ადამიანებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც საბოლოოდ დაცარიელდნენ, დაიცალნენ შინაარსისგან, დამორჩილდნენ და ჩასცდნენ ადამიანის ღირსების ზღვარს. მათ დიდ ნაწილს აღარ შეეძლო საუბარი, მათ დაკაგული ჰქონდათ ნარატივის შექმნის უნარი. ასეთ ადამიანებს შეგვიძლია უბრალო სამხილები ვუწოდოთ. ისინი არ არიან მოწმენი, რომლებიც სასამართლოზე თავად მოყვებიან საკუთარ ისტორიას, მაგრამ ისინი იქნებიან საკუთარი ტრავმების არსებობის სამხილები. ასეთივე სამხილია გოჩმანაც, არა მოწმე ტრავმისა, არამედ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სამხილი.[28] ასევეა, ამბროსი ხელაიაც.

,,მუსლიმის’’ ეკვივალენტი საბჭოთა რეალობაშიც არსებობს. საბჭოთა ავტორმა ჩინგი აიტმატოვმა 1980 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით ,,და დღე წუთისოფელზე გრძელია’’. წიგნში მოთხრობილია ამბავი ჟუან ჟუანების მომთაბარე ტომის შესახებ, რომლებიც ტყვედ წაყვანილ მტრებს გადაპარსავდნენ და თავზე მჭიდროდ დაახურავდნენ ახალდაკლული აქლემის ცხელ ტყავს, ხელ-ფეხს შეუკრავდნენ და ტოვებდნენ ასე. ცოტა ხანში თმა იწყებდა ამოსვლას, მაგრამ თავზე გადაკრული ტყავის გამო უკან ჩაიზრდებოდა. ამ ტანჯვას ბევრი ვერ უძლებდა და კვდებოდა, მაგრამ ვინც უძლებდა, მეხსიერებას კარგავდა, ავიწყდებოდა საკუთარი ვინაობაც და ხდებოდა მორჩილი მონა. მათ ,,მანქურთებს’’ ეძახდნენ. ისინი მონებზე უკეთესები იყვნენ, რადგან მონა ჯერ მაინც ფიქრობს თავისუფლებაზე, ,,მანქურთები’’ კი ფიქრადაც არ გაივლებდნენ ამას.[29]

დამუნჯება, ნარატივის გაუქმება კი მეხსიერების შექმნის უნარის დაკარგვას ნიშნავს. ეს იყო რეჟიმის მიზანიც, გაექრო სხვა ნარატივი და ჩაენაცვლებინა ის საკუთარით, გაექრო რეალური წარსული. საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ცდილობდა გაეკონტროლებინა ის, რაც გარდაიქმნება მეხსიერებად და ასევე ისიც, რაც დავიწყებას მიეცემოდა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ლადო კოტეტიშვილის მოთხრობები უჯრაში ინახებოდა ათეული წლის განმავლობაში და არც ის, რომ ტოტალიტარული მმართველობის დამყარებისას გახშირდა დღიურების წერა, ხოლო რეპრესიების დროს – მათი ფერფლად ქცევა.[30] ლოგიკურად კი, რაც არ მოყოლილა, არ მოგვისმენია, ტრავმად არ აღგვიქვამს და ემპათია არ გამოგვივლენია, იმას ვერც გადავიაზრებთ. სწორედ ეს ხდის მოუხელთებელს საბჭოთა ისტორიას, რომლისთვისაც მშრალი აკადემიური კვლევა საკმარისი არ არის.

 

 

ბიბლიოგრაფია:

ვარდოსანიძე სერგო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში. გამომცემლობაქრონოგრაფი“, თბილისი, 2000.

კოტეტიშვილი, ლადო. კეთროვანთა ზღაპრები. ,,გოჩმანა’’. თბილისი: ინტელექტი, 2018.

რატიანი, ნესტან. მანქურთი - ერთ-ერთი საუკეთესო მეტაფორა. 2019.

http://mastsavlebeli.ge/?p=24021

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. ფონდი N2113, აღწერა 1, საქმე 70.

შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტომი I. თბილისი, 2004.

Cioflâncă, Adrian. The Communist Propagandistic Model. Towards A Cultural Genealogy. Romanian Political Science Review. Vol. X, no. 3: pp.447-482

Levi, Primo. If this is a man. Translated by Stuart Woolf. New York: The Orion Press, 1959.

Vinitzky, Vered. Unpacking the Unspoken Silence in Collective Memory and Forgetting. University of Pennsylvania Library, 2015.

Hellbeck, Jochen. Revolution on My Mind: writing a diary under stalin. USA: The President and Fellows of Harvard College, 2006.

Agamben, Giorgio. Remnants of Auschwitz The Witness and the Archive. Translated by Daniel Heller- Roazen. New York: Zone Books, 1999.

Geoffrey Hosking, ,,War Communism’’. The First Socialist Society: A History of the Soviet Union from Within Cambridge, MA: Harvard University Press, 2003.

Somers, Margaret R. “The Narrative Constitution of Identity: A Relational and Network Approach.” Theory and Society 23, no. 5 (1994): 605–49.

http://www.jstor.org/stable/658090.

Evtuhov, Catherine. A history of Russia: peoples, legends, events, forces . Boston: Houghton Mifflin, 2004.

Benedict Anderson, Imagined Communities:  Reflections on the Origins and Spread of Nationalism. London-New York:  Verso, 1983, 1991.

Geoff Eley and Ronald Grigor Suny, Becoming National:  A Reader . New York:  Oxford University Press, 1996.

პირველი არხის დოკუმენტური ფილმი, ,,საიდუმლო კართოტეკა - ,უღმერთოები და კრიმინალები’- პირველი სერია.’’ 18 თებევრალი, 2020.

https://www.youtube.com/watch?v=vTZ4PI9hCLA&list=PL1cZft2A2yz7TwJ9V31mW3-bVekloyyk9&index=3 



[1] Cioflâncă, Adrian. The Communist Propagandistic Model. Towards A Cultural Genealogy. Romanian Political Science Review. Vol. X, no. 3: pp.447-482, 449.

[2] იხ. Benedict Anderson, Imagined Communities:  Reflections on the Origins and Spread of Nationalism. London-New York:  Verso, 1983, 1991. Geoff Eley and Ronald Grigor Suny, Becoming National:  A Reader . New York:  Oxford University Press, 1996.

[3] მესხი, სერგეი. რა მოეთხოვება გაზეთს. ,,დროება’’, 1875წ., N95-96.

[4] მთავარი მიზეზი რუსეთის იმპერიაში დაგვიანებული ინდუსტრიალიზაცია და მოდერნული რეფორმების გატარება იყო. ალექსანდრე II-ის მიერ დაწყებული ,,დიდი რეფორმების’’ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო. ამხელა იმპერიის ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანა, ქარხნების აშენება, ურბანიზაციისთვის ფეხის აწყობა და ეკონომიკის გამართვა, ამავდროულად კი აბსოლუტური მონარქიის შენარჩუნება რუსეთის იმპერიისა და მისი შემადგენელი პერიფერიების გვიანი და ნელი ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ თემასთან დაკავშირებით იხ. Evtuhov, Catherine. A history of Russia: peoples, legends, events, forces . Boston: Houghton Mifflin, 2004.

[5] Cioflâncă, 453.

[6] იგულისხმება გარდაქმნის დასაწყისი და გორბაჩოვის მთავარი რეფორმა - Гласность.

[7] Vinitzky, 2.

[8] Somers, Margaret R. “The Narrative Constitution of Identity: A Relational and Network Approach.” Theory and Society 23, no. 5 (1994): 605–49.

http://www.jstor.org/stable/658090.

[9] საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. ფონდი N2113, აღწერა 1, საქმე 70, ფურცელი 3.

[10] Geoffrey Hosking, ,,War Communism’’. The First Socialist Society: A History of the Soviet Union from Within. Cambridge, MA: Harvard University Press, 2003.

[11] ,,AGREEMENT WITH SOVIET’’ The Times, August 9, 1924, 10.

[12] იხ. წიგნის წინათქმა.  

[13] კოტეტიშვილი, 52.

[14] იხ. პირველი არხის დოკუმენტური ფილმი, ,,საიდუმლო კართოტეკა - ,უღმერთოები და კრიმინალები’- პირველი სერია.’’

https://www.youtube.com/watch?v=vTZ4PI9hCLA&list=PL1cZft2A2yz7TwJ9V31mW3-bVekloyyk9&index=3

[15] ვარდოსანიძე სერგო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1927 წლებში, 56-57.

[16] იქვე.

[17] იქვე, 57.

[18] იქვე, 58.

[19] იქვე, 59.

[20] იქვე, 79. იგულისხმება, 1924 წლის ანაჯყება. საბჭოთა პრესა აჯანყების მცდელობას სწორედ ,,ავანტურას’’ უწოდებდა.

[21] კოტეტიშვილი, 53.

[22] საგულისხმოა, რომ ზარს აქვს ,,ენა’’.

[23] კოტეტიშვილი, 68.

[24] ვარდოსანიძე, 80.

[25] იქვე, 81-82.

[26] მუსლიმის სხვადასხვა განმარტება არსებობს. ერთ-ერთი სარწმუნო ვარიანტის მიხედვით, ისინი დაჩოქილები ჭამდნენ, ზუსტად ისე, როგორც მუსლიმები ლოცულობენ. ასევე არის ვერსია, რომ ეს სახელი მოდიფიცირებულია muschelmann-ისგან, ანუ shell-man, თაროს ადამიანისგან, რომელიც თავისი ნებით დაიხურა და მზადაა თაროზე შემოსადებად.

[27] Levi, 103.

[28] ამ თემაზე იხ. Agamben, Giorgio. Remnants of Auschwitz The Witness and the Archive. Translated by Daniel Heller- Roazen. New York: Zone Books, 1999.

[29] რატიანი, ნესტან. მანქურთი ერთ-ერთი საუკეთესო მეტაფორა. 2019. http://mastsavlebeli.ge/?p=24021

[30] ამ თემზე იხ. Hellbeck, Jochen. Revolution on My Mind: writing a diary under stalin. USA: The President and Fellows of Harvard College, 2006.