...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

აფხაზთა მუჰაჯირობა

13 აპრილი 2022


ავტორები: ანტონ ვაჭარაძე, გიორგი კლდიაშვილი

 

შესავალი

 

აღნიშნული სტატია არის ავტორების მცდელობა, აღწერონ საქართველოს ძირძველი კუთხის შვილების - აფხაზების მუჰაჯირობის პროცესის მიზეზები, წინაპირობები, მიმდინარეობა და შედეგები. ასევე — აფხაზეთის მეხსიერების პოლიტიკასთან მიმართებით არსებული დღევანდელი მდგომარეობა  და სადავო საკითხები ამ ჭრილში. სტატიის ავტორების კვლევა ეყრდნობა საქართველოს არქივებში დაცულ მასალებს, სხვადასხვა ავტორის ნაშრომებსა და მოგონებებს.

მუჰაჯირობა არაბული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც „გადასახლებული“/ „ემიგრანტი“. კავკასიაში ეს მოვლენა დაკავშირებულია მუსლიმი მოსახლეობის იძულებით მასობრივ გადასახლებასთან რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთის იმპერიაში, ძირითადად, დღევანდელი თურქეთის, იორდანიის, სირიისა და ეგვიპტის ტერიტორიებზე. სხვაგვარად, მუჰაჯირებს რელიგიური ემიგრანტები შეიძლება ეწოდოთ (Coene, 2010: 128). ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის იმპერიამ ჩაანაცვლა თავის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ხალხებით, კერძოდ: რუსებით, სომხებით, ოსებით, კაზაკებითა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებით (Bullough, 2010).

1859 წლიდან 1920 წლამდე რუსეთმა კავკასიიდან იძულებით გადაასახლა დაახლოებით 2,5 მილიონი მაცხოვრებელი, მათ შორის, აფხაზები, ჩერქეზები, უბიხები, ჩეჩნები, ნოღაელები და ა.შ. (Coene, 2010: 127). თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს აქტი შეფასდებოდა, როგორც ეთნიკური წმენდა, ან გენოციდი (Coene, 2010; Colarusso, 2007).

ზოგიერთი ერის ბედი ამ პროცესის შემდეგ უკიდურესად დრამატული აღმოჩნდა. მაგალითად, 50,000-იანი ეთნოსი - უბიხები - მუჰაჯირობამ, ფაქტობრივად, გაანადგურა, 1992 წელს გარდაიცვალა ტევფიკ ესენჩი, ბოლო ადამიანი, რომლისთვისაც უბიხური - მშობლიური ენა იყო (წყარო ინტერნეტიდან №1) .

 


მუჰაჯირობის მონუმენტი სოხუმში(წყარო ინტერნეტიდან №2)

 

აფხაზების მუჰაჯირობა (1864-1877 წწ.)

 

საკუთრივ აფხაზეთში, მუჰაჯირობის სამი ტალღა შეგვიძლია გამოვყოთ: 1864, 1866 და 1877 წლებში. მუჰაჯირების საერთო სტატისტიკის ზუსტი მონაცემები არ არის ცნობილი. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მოიაზრებენ 50,000 იძულებით გადასახლებულ აფხაზს (Ачугба, 2010: 105). თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდის აფხაზეთის საერთო მოსახლეობა დაახლოებით 79,190 ადამიანს შეადგენდა (Аверкиев, 1866), მარტივი წარმოსადგენი ხდება მუჰაჯირობის მასშტაბები და მისი გავლენა აფხაზეთის დემოგრაფიაზე. მუჰაჯირობის წინაპირობები ჩადებული იყო რუსეთის იმპერიის პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში კავკასიის მიმართ.

 

აფხაზები სამსუნის (თურქეთი) საზღვაო პორტში, 1864 წელი (წყარო ინტერნეტიდან №3)

რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო 1810 წელს შემოიერთა იმდროინდელი მმართველების, მამა-შვილ ასლან-ბეი და კელეშ-ბეი შერვაშიძეების, შიდა დაპირისპირების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებისა და სოხუმში დამხმარე დესანტის გადასხმის შედეგად (Петров, 1887: 231),მაგრამ რეალური ძალაუფლება და  გავლენა იმპერიალისტურმა რუსეთმა მხოლოდ 1864 წელს იმამ შამილის დამარცხებისა და რუსეთის მიერ კავკასიურ ომებში (1817-1864) საბოლოო გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (1810-1864), აფხაზეთი ეწინააღმდეგებოდა რუსული ჰეგემონიის დამყარებას, რაზეც მოწმობს არაერთი აჯანყება. 1866 წლის ზაფხულში, სოფელ ლიხნიში, ლიხნაშთას ველზე, შეიკრიბა 7,000 აფხაზი. ისინი აღშფოთებულები იყვნენ რუსების მიერ ვორონეჟში იძულებით გადასახლებული მიხეილ შერვაშიძის სიკვდილით და 1864 წლის მუჰაჯირობის პირველი ტალღის დასაწყისით, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ 1867 წელს, 20,000-მა აფხაზმა დატოვა სამშობლო. მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად დაცარიელდა. გაპარტახდა მთიანი მხარეები: წებელდა, დალი, ფსხუ. ეს პროცესი მხოლოდ სამურზაყნოს არ შეჰხებია. ნიკო მარი აღნიშნავდა: „აფხაზეთის ცენტრალური ეთნოგრაფიული ნაწილიც კი გაუკაცურდა... დარჩა მხოლოდ გაველურებული ეზოები, არ იყო არც ერთი აფხაზი და არ ისმოდა აფხაზური სიტყვა“. (Марр, 1938: 177.)  პრაქტიკულად, მთლიანად გადასახლდნენ აფხაზების ეთნიკურად მონათესავე ჯიქეთის მთიელთა თემები. მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან გვიან ფეოდალურ პერიოდში მუდმივად ხდებოდა აფხაზეთში მოსახლეობის ინფილტრაცია. (Хорава, 2013: 8-9). საბჭოთა კავშირისა და თანამედროვე აფხაზური ისტორიოგრაფია ახსენებს ამ მიზეზებს, თუმცა პროტესტის  საკვანძო ფაქტორად მაინც რუსეთის მიერ ჩაფიქრებულ რეფორმას - ბატონყმობის გაუქმებას ასახელებს (Бгажба & Лакоба, 2015: 248). ლიხნის შეკრება აჯანყებაში გადაიზარდა, რომელსაც, მოგვიანებით, აფხაზი ავტორების ნაშრომებში „უცნაური“ ეწოდა. ცარისტულმა რეჟიმმა ამ ყველაფერს მუჰაჯირობის მეორე (1866) და მესამე (1877) ტალღებით უპასუხა.

 

1864 წლის 24 ივნისს, მიხაილ რომანოვმა, კავკასიის არმიის მთავარსარდალმა, ოფიციალურად აცნობა აფხაზეთის უკანასკნელ მმართველს, მიხეილ შერვაშიძეს (ჩაჩბა), მისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევისა და რუსული მმართველობის დამყარების შესახებ (ხორავა, 2013: 62), რასაც მოჰყვა შერვაშიძის გადასახლება რუსეთში, სადაც ის 1866 წელს გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ, აფხაზეთის სტატუსი შეიცვალა და ეწოდა სოხუმის სამხედრო ოლქი, ხოლო მეთაურად დაინიშნა გენერალ-მაიორი პავლე შატილოვი. ნომინალურად სოხუმის ოლქი ემორჩილებოდა ქუთაისის გუბერნიას, მაგრამ, ფაქტობრივად, — კავკასიის მეფისნაცვალს (Дзидзария, 1960: 71; ხორავა, 2013: 64-65).

 

 

მიხეილ შერვაშიძე(წყარო ინტერნეტიდან №4)

 


აფხაზთა მუჰაჯირობა - ჩანახატი

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, აფხაზები მხარს უჭერდნენ თურქებს. გამარჯვებულმა რუსეთმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ „მოეგვარებინა“ აფხაზების ხანგრძლივი დაუმორჩილებლობა და „დაესაჯა“ აფხაზები. თავისი ჩანაფიქრი კი ორი მიმართულებით განახორციელა: პირველი - მუჰაჯირობის მესამე ტალღითა და აფხაზების რუსეთის შორეულ ჩრდილოეთ ტერიტორიებზე გადასახლებით, მეორე - 1880 წელს აფხაზების „დამნაშავე მოსახლეობად“ შერაცჰხვით, რაც მათ უკრძალავდა დასახლებას სოხუმის მიდამოებში, მაღალმთიან ზონასა და ზღვის სანაპიროებთან. ეს აკრძალვა მხოლოდ 1907 წელს გაუქმდა (ანჩაბაძე და სხვები, 2008).

აფხაზების მუჰაჯირობას  რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა: რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში, ადგილობრივი ელიტის კოლაბორაციონიზმი, შიდა დაპირისპირებები, ოსმალეთის ინტერესები და რელიგიური ფაქტორი.  

მუჰაჯირობის უმთავრესი მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში და მის მიმართ ექსპანსიური, დამპყრობლური, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში უწოდებდნენ - „ცარისტული კოლონიზატორების პროვოკაციული პოლიტიკა“ (Тотоев, 1948: 46), რომელიც უშუალოდ აისახებოდა ქართულ სამეფოებზე. 1801 წლიდან, ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ საქართველოს სხვადასხვა ნაწილის - სამეფო-სამთავროების შემოერთება დაიწყო. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო აფხაზეთის სამთავროს შემოერთება, რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონი იყო შავ ზღვაზე და მთელი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომში მთავარი ფორპოსტი იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო 1810 წელს შემოიერთა, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებითაც. 1830-იანი წლებიდან, აფხაზეთში რუსეთის იმპერიამ დაიწყო შავი ზღვის სანაპირო ხაზის (Черноморская береговая линия) აგება. ეს იყო სამხედრო-საფორტიფიკაციო ნაგებობების წყება, რომელიც აფხაზეთს, ერთი მხრივ, ოსმალეთის იმპერიის თავდასხმისგან დაიცავდა, მეორე მხრივ კი, დაუმორჩილებელ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებს, ფაქტობრივად, მოუჭრიდა ზღვაზე გასასვლელ და ისლამურ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზას.

აფხაზთა მუჰაჯირობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წინაპირობა შეუქმნა 1853-1856 წლებში ყირიმის ომმა, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ დროებით  აღადგინა აფხაზეთზე თავისი გავლენა. ყირიმის ომში წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთმა მაინც შესძლო შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზე გავლენის გავრცელება, იმ საზავო პირობით, რომ აქ არ შეუდგებოდა სამხედრო პორტებისა და გემების მშენებლობას, ხოლო შავი ზღვა ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდებოდა. თავად მიხეილ შერვაშიძეს შეუნარჩუნდა ხელშეუხებლობაც და აფხაზეთის მმართველი თავადის ფორმალური ტიტულიც, თუმცა რუსეთის მმართველობა შერვაშიძეს ბოლომდე არ ენდობოდა, რადგან ყირიმის ომის დროს ის აფხაზეთში, საკუთარ რეზიდენციაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მმართველობას მყარი მტკიცებულებები არ გააჩნდა,  მაინც ეჭვობდა თურქებთან მისი შესაძლო კავშირის თაობაზე. ზემოაღნიშნულ ისტორიულ პერიპეტიებს აღწერს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საქმე. მასში თავმოყრილია 1863 წელს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი თავადის, მიხეილ შერვაშიძის მოქმედებების შესახებ  სადაზვერვო ინფორმაცია. საქმე  საკმაოდ ვრცელია და 50 გვერდს მოიცავს.

 


საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416, აღწერა N3, საქმე N181 - საქმის ყდა

 

იგივე თემას ეხმიანება კავკასიის არმიის მთავარი შტაბის ხელმძღვანელის წერილი თავად მიხეილ შერვაშიძისადმი, აფხაზეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის შესახებ. წერილში მიხეილ შერვაშიძეს ატყობინებენ, რომ სამომავლოდ დაუშვებელი იქნებოდა მისი შვილის, გიორგი შერვაშიძის, აფხაზეთის მთავრად გახდომა. (საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416, აღწერა N3, საქმე N180) შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დასაპყრობად რუსეთი მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ცდილობდა განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა აფხაზეთის ზღვისპირა ზოლში. 1821, 1824 წლების აფხაზეთის ანტირუსული გამოსვლებისას, ცარისტულმა რუსეთმა სისხლით ჩაახშო აჯანყებები. ამ პერიოდში რუსები მხოლოდ სოხუმ-კალეს (სოხუმის ციხესიმაგრეს) ფლობდნენ, სადაც მათი გარნიზონი მდებარეობდა (Гамба, 1987: 81-82). აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჯიქების, უბიხებისა და სხვა მთიელი კავკასიელი ტომების გამუდმებული თარეშის აღკვეთისათვის აფხაზეთის მმართველმა მიხეილ შერვაშიძემ (1823-1864წ)  მიმართა რუსეთს აფხაზეთის „ბუნებრივი კარიბჭის“- გაგრის დაკავებისა და საკუთარი დაცვის გაძლიერების თხოვნით (Дьячков­Тарасов, 1903: 55).

 

გაგრის დაკავება რუსულმა დესანტმა მხოლოდ 1830 წლის 8 ივლისს მოახერხა ე.წ. „აფხაზური ექსპედიციის“ ფარგლებში. ბომბორაში, ბიჭვინთასა (პიცუნდაში) და გაგრაში რუსეთის საჯარისო დანაყოფებმა გამალებით დაიწყეს ციხე-სიმაგრეების აგება, რომელთაც, ერთი მხრივ, უნდა ჩაეკეტათ გზა დამარბეველი ჯიქებისა და უბიხებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ კი, გაეძლიერებინათ რუსების მმართველობა (Фадеев, 1935: 142-143). 30-იან წლებში რუსული მმართველობა, ძირითადად, გაგრის ციხე-სიმაგრის გამაგრებითა და დაცვით იყო დაკავებული. 1835 წელს აფხაზურ ზღვისპირა ზოლში ორი ციხე-სიმაგრე აიგო: ილორსა და დრანდაში (Мачавариани: 1913: 261). აფხაზები და ზღვისპირა ზოლში მცხოვრები უბიხები და ჯიქები მცირე შენაერთებით ხშირად ესხმოდნენ თავს რუსულ გარნიზონებს. მთიანი აფხაზეთის თემებიც მხარს უჭერდნენ რუსული ადმინისტრაციის მიერ არაკონტროლირებად პარტიზანულ დაჯგუფებებს. რუსულ მმართველობას ყველაზე ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა წებელი(Фадеев, 1935: 143). 1837 წელს ბარონ როზენის ხელმძღვანელობით დაიგეგმა ექსპედიცია და, საბოლოოდ, წებელში და დალში რუსული მმართველობა დამყარდა (Акты, т. VIII: 459-461), ამავე პერიოდში თემის ქართული სახელწოდება - წებელი ტრანსფორმირდა/გადაიქცა რუსულ - წებელდად (Хорава, 2013: 23). რუსული ხელმძღვანელობა სავსებით სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ჯიქებისა და უბიხების დამორჩილებამდე, ვერ მოხერხდებოდა აფხაზეთისთვის ქედის მოდრეკა. 1840-იანი წლების დასაწყისში ორივე ზემოხსენებული თემი პერიოდულად აქტიურდება რუსული ჯარების წინააღმდეგ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. არაერთ სადამსჯელო ექსპედიციას გზავნიან რუსი მხედართმთავრები. 1840 წლის ივნისში რუსებმა დაიპყრეს პსხუ, შეიქმნა პსხუს პრისტავსტვო (приставство რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) (Дзидзария: 1960: 63). აშენდა ციხე-სიმაგრე მრამბაში, სადაც ჩადგა რუსული გარნიზონი (Мачавариани: 1913: 268). 1841 წელს მიხეილ შერვაშიძის დახმარებითა და თაოსნობით, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზურ ტომებს შორის, ჯიქები დაემორჩილნენ რუსებს. 1847 წელს  სამურზაყნოს გამოყოფის შემდეგ მიხეილ შერვაშიძემ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა საგვარეულო უფლებებზე, რითაც აღაშფოთა კავკასიის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ვინაიდან ისინი მხოლოდ საკუთარი ძალებით უძლურნი იყვნენ ეკონტროლებინათ მდგომარეობა აფხაზეთში. იმ დრომდე მიხეილ შერვაშიძე  აფხაზეთის ერთპიროვნული მმართველი იყო და, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა  რუსული ბატონობის გაძლიერებას (Эсадзе, 1907: 134-137).

 

ყირიმის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიას ხელახლა მოუწია ბრძოლა აფხაზეთის დასაპყრობად. შავიზღვისპირეთის სანაპირო ზოლი კვლავ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს, განმათავისუფლებელი ანტირუსული მოძრაობა შესუსტდა, მაგრამ რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა კვლავ არ იყო მშვიდად. 1856 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მურავიომ-ყარსელმა, ყირიმის ომის დროს (1854-1856), მიხეილ შერვაშიძე დაადანაშაულა ვითომდა ღალატში და  წამოსწია აფხაზეთის სათავადაზნაუროს (კნიაჟესტვო) გაუქმების მოთხოვნა(Акты, т. XI: 54), მაგრამ რუსული ხელმძღვანელობა მიხეილ შერვაშიძეს აღმოსავლეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების გარანტად მიიჩნევდა, იგი ჯერ კიდევ სჭირდებოდათ, ამიტომაც იმპერატორმა არ აღიარა შერვაშიძის ღალატი და ამგვარად საკითხი მიჩუმათდა. 1856 წელს კავკასიური კორპუსის ხელმძღვანელი გახდა ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862), მან განახორციელა კავკასიური კორპუსის ხელმძღვანელობის რეორგანიზაცია. აფხაზეთის სათავადაზნაურო ნომინალურად ექვემდებარებოდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, რეალურად კი, კავკასიის მეფისნაცვალს (Эсадзе, 1907: 97-99). ა. ბარიატინსკი მიიჩნევდა, რომ შავიზღვისპირეთსა და აფხაზეთში პოზიციების განმტკიცების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობა. მაგრამ რუსების მდგომარეობა აფხაზეთში კვლავ არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა. 1858 წელს 12 აგვისტოს  რაპორტში აფხაზეთის ჯარების ხელმძღვანელი მ. ლორის-მელიქოვი წერდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს გ. ერისთავს: „ჩვენ დავიკავეთ სოხუმი 1858 წელს 12 აგვისტოს. თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი გავლენა აფხაზეთში პრაქტიკულად არ გაზრდილა... ჩვენ კი არა ვფლობთ, მხოლოდ ვიკავებთ აფხაზეთს...“ (Акты, т. XII: 792).

 

1864 წლის 21 მაისს, რუსეთის იმპერატორმა რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების შესახებ ოფიციალური დეკრეტი გამოსცა. ომის დასრულებიდან მცირე ხანში, იმავე წლის ივლისში, რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა, სრულად შეეცვალა აფხაზეთის მმართველობის ფორმა და აფხაზეთის, სამურზაყანოს, ქალაქ სოხუმისა და წებელდას გაერთიანებით შეექმნა რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შემავალი განსაკუთრებული სამხედრო ოლქი (ოფიციალურად ეწოდა „სოხუმის ოლქი“). ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტში აღწერილია ოლქის ადმინისტრაცია, ახლადშექმნილი თანამდებობები და უფლება-მოვალეობები და სოხუმის ოლქის მმართველობის ზოგადი პრინციპები. ასევე მოცემულია ინფორმაცია იმერეთის გუბერნიიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე.

 

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416 აღწერა N3 საქმე N1212

 

აფხაზეთის ახალი სტატუსი მისი მოსახლეობის დიდი ნაწილის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან, ცალსახად მიმართული იყო მათი უფლებების შეზღუდვისკენ. ამავე დროს, 1866 წელს ცარისტულმა რუსეთმა დაიწყო გლეხური რეფორმის მზადება, თუმცა ხელისუფლებას არ ჰქონდა მზაობა და სურვილი გაეთვალისწინებინა აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებები. აფხაზთა ცხოვრების წესში უხეშმა ჩარევამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ ხალხის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია, რაც, საბოლოო ჯამში, აჯანყებაში გადაიზარდა (იხ.: Дзидзария, 1955). აჯანყებას რუსეთმა ტრადიციულად უპასუხა - უხეში ძალის გამოყენებით და მკვიდრი მოსახლეობის გადასახლებით ოსმალეთის იმპერიაში. სწორედ აჯანყების შემდეგ გამოჩნდა აფხაზთა გადასახლების საჭიროების პირველი დასაბუთებები, რომელთაც ვხვდებით მთიანი კავკასიის ხელმძღვანელის დ. სტაროსელსკის მიმართვაში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორთან დ. სვიატოპოლსკ-მირსკისთან 1866 წლის 27 ოქტომბერს მიწერილ მიმართვაში: „არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის სამხედრო დანაყოფის მხრიდან საფრთხის ასაცილებლად - ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება.“ (ЦИА НАГ, ф. 545, оп. 1, д. 91, л. 21). ამით საკითხი საბოლოოდ დარეგულირდებოდა. 1867 წლის გაზეთ „დროების“ ივნისის ნომერში ვკითხულობთ: „აფხაზები ძალიან დასევდიანებულები არიან... სამურზაყნო შიშით კანკალებს, რომ შეიძლება გადასახლება მათაც შეეხოთ. წავიდნენ წებელდელები, დალელები, გუპელები. აბჟუას ოლქიდანაც (Уезд) ბევრი წავიდა. გააძევეს თავისი სამოსახლოდან ჭილოელები, ჯგერდინები“ („დროება“, 1867, № 23).

 

საგლეხო რეფორმით შეშფოთებულები იყვნენ აფხაზი მემამულეებიც. ისინი ხედავდნენ, რომ აფხაზური სათავადაზნაუროს გაუქმებისა და 1866 წლის აჯანყების შემდეგ ცარისტული რუსეთის დამოკიდებულება მათ მიმართ შეიცვალა, კერძოდ, რუსები არ აღიარებდნენ მათ უფლებებს გლეხთა მიწებზე. რუსებს თავად უნდოდათ მოეპოვებინათ მნიშვნელოვან მიწის ფონდებზე უფლებები სამომავლო კოლონიზაციისათვის. შესაბამისად, ზოგმა აფხაზმა თავად-აზნაურმა თავად დაგეგმა გადასახლება თურქეთში თავის გლეხებთან ერთად. გენერალი მ. ტოლსტოი, სოხუმის სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი 1867 წლის 16 მარტს სწერდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, რომ დაახლოებით 40 წებელდელი თავადი გეგმავს 1 მაისიდან გადასახლებას თურქეთში 2,170 გლეხთან ერთად. ტრადიციები და ნათესაური კავშირები  ავალდებულებდა გლეხებს გადასახლებას მემამულეების კვალდაკვალ (Дзидзария, 1982: 279-281).

 

მუჰაჯირობას დამატებით შეუწყო ხელი ადგილობრივი ელიტის კოლაბორაციონიზმმა. ცარისტული რეჟიმი წარმატებით სპეკულირებდა ადგილობრივი არისტოკრატიის პირადი ინტერესებით და, თანამშრომლობის სანაცვლოდ, მათ აძლევდა გარანტიას, რომ შენარჩუნდებოდა არსებული სოციალური წყობილება, ისინი დაცულები იქნებოდნენ გლეხთა აჯანყებებისგან, ექნებოდათ წარმატებული სამხედრო კარიერის პერსპექტივა და გახდებოდნენ ევროპული ყაიდის თავად-აზნაურობის სტატუსის მფლობელები (Lieven, 2000: 248-249). როგორც ჩარლზ კინგი აღნიშნავს, იმპერიული რუსეთის ხელქვეითები იხვეჭდნენ ნდობას ადგილობრივ ფეოდალურ წრეებში, მხარს უჭერდნენ ადგილობრივი ელიტის გაძლიერებას და ამ გზით მათ ცარისტულ რეჟიმზე დამოკიდებულს ხდიდნენ (King,2008: 164). აღსანიშნავია, რომ ელიტის როლი საკმაოდ მკაცრად არის გაკრიტიკებული თითქმის ყველა აფხაზურ მეცნიერულ ნაშრომში მუჰაჯირობაზე. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთ ამონარიდს: „ვლინდება მოღალატეობრივი როლი ადგილობრივი ფეოდალური დიდგვაროვნების, რომელთა საქმიანობა იყო გადასახლების გადამწყვეტი შთამაგონებელი ფაქტორი, რაც უცხო სახელმწიფოებს მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებდა მხარის შიდა საქმეებში ჩარევას“ (Дзидзария, 1982: 8).

მუჰაჯირობის კიდევ ერთი მიზეზი იყო შიდა დაპირისპირებები და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებით განმსჭვალული მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ბანაკს უჭერდნენ მხარს და ამით კიდევ უფრო  ასუსტებდნენ აფხაზეთს. ამის მაგალითია ნახევარძმების, საფარ-ბეისა და ასლან-ბეის, დაპირისპირება. პირველი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიას, ხოლო მეორე — ოსმალეთის იმპერიას (Ачугба, 2010: 94).  სამეგრელოს მმართველი ნინო დადიანი მოწმობს, რომ კონსტანტინოპოლიდან (სტამბულიდან) ჩამოვიდა „სხვადასხვა საჩუქრით“და ფულით დატვირთული ხომალდი (АКАК. т.IV: 389-390). შედეგად სოხუმში განთავსდა მსხვილი გარნიზონი. თუ 1807 წელს 16 ქვემეხი იყო მხოლოდ განთავსებული, ახლა 100 ქვემეხი იდგა. რეიდზე კი რამდენიმე აღჭურვილი თურქული სამხედრო გემი იყო განლაგებული. ამის გარდა, ასლანბეის მხარეს გადავიდა თურქული ორიენტაციის ფეოდალების ახალი ტალღაც, ხოლო ფოთის ციხე-სიმაგრიდან თავისი საჯარისო დანაყოფებით ჩამოვიდა ქუჩუკბეი შერვაშიძე. ასლანბეისა და თურქეთის კოალიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სოხუმის ციხე-სიმაგრის დაცემის შემდეგ, 1810 წლის აგვისტოს, რუსულმა ხომალდებმა  დააკავეს თურქეთის დედაქალაქიდან ჩამოსული გემი (43 კაციანი ეკიპაჟით), სადაც აღმოაჩინეს სამი სულთნის ფირმანი ასლანბეის სახელზე, ლაფეტები, ხორბალი, მარილი და სხვა..

რუსული ორიენტაციის აფხაზეთში ხელმძღვანელობდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საფარბეი (გიორგი) შერვაშიძე, ხელდასხმული მამის მიერ მისივე ცხოვრებაში. მისი მცდელობა დაეკავებინა სოხუმის ციხე-სიმაგრე წარუმატებლობით დასრულდა და მან გადაწყვიტა მიემართა რუსეთისათვის. 1810 წლის 17 თებერვლის მანიფესტით იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დააკმაყოფილა გიორგი შერვაშიძის ე.წ. „მოთხოვნილი პუნქტები“ და გადასცა მას ინვესტიტურული სიგელი. რუსული იმპერიის „უზენაესი მმართველობის“ ქვეშ აფხაზეთი იმართებოდა „ძველი ადათ-წესებით“ (Дзидзария, 1982: 35-36). ამავე დროს, წებელდელი და დალელი თავადები მარშანიები უარზე იყვნენ დამორჩილებოდნენ რუსულ მმართველობას და არ აღიარებდნენ საფარ-ბეის, ისევე როგორც ჯიგეტელი თავადები, გარდა ლევან ცანბასი, რომელიც გიორგი შერვაშიძემ გადაიბირა. 1810 წლის მარტში, დაპირისპირების შედეგად, სოხუმის ციხე-სიმაგრე დაიკავა  გიორგი შერვაშიძემ (ჩაჩბა), დამარცხებულმა ასლანბეიმ და მასთან დაახლოვებულმა პირებმა კი თურქეთს შეაფარეს თავი. ი. ჭიჭინაძის ცნობით 1810 წლის აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობა 5,000 ადამიანს შეადგენდა. „ასლანბეი და მისი თანამოაზრე პოლიტიკური ავანტიურისტები და მოღალატეები, რომელთაც სამუდამოდ დაკარგეს ადგილი მზის ქვეშ სამშობლოში, ათწლეულების მანძილზე მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებულნი, რომ მუდმივად აწუხებდნენ აფხაზეთის მაცხოვრებლებსა და პროვოცირებას უწევდნენ მათ თურქეთში გადასახლებას“ (Дзидзария, 1982: 9). 1821 წელს აფხაზეთი კვლავ აჯანყების ტალღამ წალეკა, მასების სტიქიური მოძრაობის გამოყენება რუსეთისადმი უარყოფითად განწყობილმა ანტიკლერიკალურმა-ფეოდალურმა ფრთამ სცადა, თურქეთის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გადმოისროლა ასლანბეი შერვაშიძე, აღჭურვა თანხებითა და იარაღით. თავად მამის მკვლელი  ასლანბეი აღიარებდა თურქეთის სულთნის მხარდაჭერას, ამტკიცებდა რომ გააჩნია სულთან მაჰმუდ მეორის მიერ ბოძებული ფირმანი, რომელიც მას „აფხაზთა ბეიდ“ აცხადებდა. ასლანბეი ავრცელებდა პროვოკაციულ ხმებს, თითქოსდა რუსმა დესპანმა კონსტანტინეპოლში გაახმოვანა მეფის თანხმობა გაეყვანა ჯარები აფხაზეთიდან. ამით იგი ცდილობდა თავისი მოწინაღმდეგეების პოლიტიკური ზეგავლენის გაქარწყლებას ადგილობრივ რუსული ორიენტაციის  თავადაზნაურთა შორის, მაგრამ ასლანბეის წამოწყება კრახით დასრულდა, მას არ ეყო ძალები და გენერალ გორჩაკოვის სამხედრო-საექსპედიციო დანაყოფთან შეტაკების შემდეგ დამარცხდა. მსგავსი სცენარი გათამაშდა 1824 წლების აფხაზების ანტირუსული გამოსვლებისას და კვლავ გენერალი გორჩაკოვი მიავლინეს „ყველასგან დაწყევლილი“ ასლანბეის წინააღმდეგ და იგი უკუგდებულ იქნა თურქეთში. აფხაზი გლეხები არ გამოეხმაურნენ მის მოწოდებებს (ЦГВИА, ф. ВУА, д. 23678. лл, 1-49). საინტერესოა, რომ ის ფეოდალები რომელთაც მას თავდაპირველად აუბეს მხარი შეშფოთდნენ აჯანყების შედეგებით და მალევე, 130-მა აფხაზმა თავად-აზნაურმა რუსეთის მეფეს შეჰფიცა ერთგულება (ГАКК, ф. 260, оп. 1, д. 745. лл 14-22). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ფეოდალი მოსყიდული იყო ცარისტული რუსეთის მიერ. მაგალითად, დალელი თავადი მიხეილ (ნათლობამდე ალმახსიტი) მარშანია დიდ დახმარებას უწევდა ხელისუფლებას მტრულად განწყობილი წებელდელებისა და დალელების გადასახლებაში (ЦИА НАГ, ф. 545, оп. 301, д. 91, л. 1-6). მიხეილ და მისი ძმის ხრისპე მარშანიას გლეხებს არ სურდათ გადასახლება მათ გარეშე. იმისათვის, რომ გადასახლების პროცესი არ გაჭიანურებულიყო და დაეყოლებინათ დალელები, გადაწყდა, რომ ხრისპე მარშანია მათ გაჰყვებათ თურქეთში და, ამავე დროს, მას გადასცეს საზღავრგარეთული პასპორტი და თანხები, რათა იგი დაბრუნებულიყო აფხაზეთში (ЦИА НАГ, ф. 545, оп. 1, д. 91, л. 63). მიხეილ მარშანია პორუჩიკის წოდებითაც აღჭურვეს (ЦИА НАГ, ф. 545, оп. 1, д. 301, л. 58). ძმები ადრეც გამოირჩეოდნენ რუსული ხელმძღვანელობისადმი ლოიალურობით, მათი გავლენის შედეგად დალელები არ ჩაერთვნენ, მაგალითად, 1866 წლის აჯანყებაში და ეხმარებოდნენ წებელდის გარნიზონს ციხე-სიმაგრის დაცვაში (Чхетия, 1954: 75).

ამასთანავე, მუჰაჯირობის წინაპირობად შეიძლება განვიხილოთ ოსმალეთის სულთნის ინტერესებიც: ოსმალეთს სურდა კავკასიელების სახით ერთგული ქვეშევრდომების რიცხვის გაზრდა და მათი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. სულთანი ცდილობდა, მიმზიდველი გაეხადა საცხოვრებლად თურქეთში გადასვლის პერსპექტივა. მისი მთავარი სამიზნე კი, ვის დარწმუნებასაც აქტიურად ცდილობდა,  ადგილობრივი ელიტა იყო (Дзидзария, 1982: 9).

მუჰაჯირობის მიზეზებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს რელიგიური ფაქტორი. ოსმალეთის იმპერია კავკასიაში დამკვიდრდა მე-16 საუკუნიდან და მე-18 საუკუნის  ბოლოსათვის და მისი გავლენა რეგიონში ძალზედ ძლიერი იყო. ამ პერიოდში ისლამი აქტიურად გავრცელდა. ზოგ შემთხვევაში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ძალადობრივი ისლამიზაცია. სამი საუკუნის განმავლობაში დომინანტურ რელიგიას ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთში ისლამი წარმოადგენდა, სულთანი კი ამქვეყნად ალაჰის წარმომადგენლად  და ყველა მუსლიმის სულიერ მამად და დამცველად ითვლებოდა (Дзидзария, 1982: 10). ამავდროულად, რუსეთის იმპერიისთვის, განსაკუთრებით XIX საუკუნეში, რელიგია, ძირითადად, წარმოადგენდა დაპყრობილი ხალხის მასების მართვის ეფექტურ  საშუალებას (იხ.: Lincoln, 1978; Raeff,1984; Riasanovsky, 1969 და 2005). იქაც კი, სადაც არ იყო საჭირო რელიგიის შეცვლა და დაპყრობილი/ შემოერთებული ქვეყანა ან ერი მართლმადიდებლური სარწმუნოების იყო, რუსეთის იმპერია ამყარებდა საკუთარ წესრიგს. ამის ნათელი მაგალითია 1811 წელს საუკუნოვანი ქართული ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმება და საქართველოს საეგზარქოსოს შექმნა.

 

საბოლოო ჯამში, აფხაზეთი გახდა ჩრდილო კავკასიელ მუსლიმთა ისლამური სამყაროსგან იზოლაციის მთავარი ფორპოსტი (კავკასიონის უღელტეხილები და საქართველოს სამხედრო გზა ადვილად დასაცავ სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენდა, ასევე კასპიის ზღვიდან სამხრეთში გაჭრა არ იყო ადვილი), სადაც რელიგიური დილემები მჭიდროდ გადაეჯაჭვა სამხედრო მიზნებსა და სახელმწიფოებრივ კონიუნქტურას. მაგალითად, ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელშიც შავი ზღვის სანაპირო ხაზის ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი სერებრიაკოვი გამოთქვამს მოსაზრებებს თუ როგორ და რა ხერხებით უნდა გავრცელდეს  დაქვემდებარებაში მყოფ მხარეში ქრისტიანობა.  ამავე საარქივო საქმის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც 1853 წლის 10 აპრილით თარიღდება, წარმოადგენს წერილს, რომლითაც კავკასიის მთავარი სამხედრო შტაბის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) მადლობას უხდის აფხაზეთში სასულიერო პირების წარმატებული საქმიანობისთვის. დოკუმენტს თან ერთვის 20-მდე სასულიერო პირის, ძირითადად, რუსი ეროვნების მღვდლებისა და დიაკვნების ჩამონათვალი. აღნიშნულ დოკუმენტში ნათლად ვლინდება იმპერიის მიდგომა ახლადდაპყრობილი ტერიტორიის ასიმილირების საკითხისადმი: მნიშვნელოვან რეგიონში იგზავნებოდნენ რუსი სასულიერო პირები, რომლებიც ადგილობრივი მღვდლებისგან განსხვავებით, განუხრელად გაატარებდნენ იმპერიის იდეოლოგიურ ხაზს.

 

                  

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N488, აღწერა N1, საქმე N25879

 

 

მუჰაჯირობა თანამედროვე აფხაზურ და ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაში

 

მორის ჰალბვაქსი ერთმანეთისგან განასხვავებს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას (იხ.: Halbwachs, 1992). მისი აზრით, ინდივიდუალური მეხსიერება არ არსებობს, რადგან ადამიანი შემოსაზღვრულია სოციალური ჩარჩოებით. შესაბამისად, ინდივიდუალური მეხსიერება კონკრეტული ისტორიული მოვლენის თუ, ზოგადად, წარსულის შესახებ ფორმირდება მუდმივად ცვალებად სოციალურ სტრუქტურებთან და ჩარჩოებთან ინტერაქციით და ამგვარად ყალიბდება კოლექტიური მეხსიერება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონკრეტული ჯგუფის სხვადასხვა წევრს, ამყარებს მათ ერთიანობას და კრავს მათ ერთ ჯგუფად. ნარატივები და წარმოდგენები ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შესახებ, როგორიცაა მუჰაჯირობა, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როგორც თანამედროვე აფხაზური, ასევე ქართული კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში.

თანამედროვე აფხაზურ კოლექტიურ მეხსიერებაში მუჰაჯირობას დიდი როლი უკავია. გარდა დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურისა და სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში ამ მოვლენის აქცენტირებისა, არაერთი მხატვრული ნაწარმოები მიეძღვნა ამ საკითხს. მათ შორის, კლასიკადაა მიჩნეული ბაგრატ შინქუბას „უკანასკნელი უბიხი“. აღსანიშნავია, მიხეილ ლაკობას მოთხრობები: „ერთი მუჭა მშობლიური მიწით“, „პირველი წიგნი“, „ატირასი“ და სხვა. ყველა მათგანი საუბრობს იმ მძიმე, გაუსაძლის პირობებზე და ბედზე, რაც მუჰაჯირებს ერგოთ წილად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  ლაიტმოტივად ამ ნაწარმოებებს მუჰაჯირების სიმამაცე და შეუდრეკლობა გასდევთ. მუჰაჯირთა დიასპორასაც შეაქვს წვლილი წერილობითი წყაროების შექმნაში. გვხვდება ავტობიოგრაფიული ჟანრის თხზულებებიც, რომელიც  პირად ან  ოჯახურ  მოგონებებს ისტორიულ ასპექტში განიხილავს. ამის მაგალითია მურატ იაგანის „მე მოვედი კავკასიის მთებიდან“ (ინგლისურად: I Come from Behind Kaf Mountain), მუსტაფა ბუტბას „მოგონებები კავკასიაზე“ და ა.შ. 

თანამედროვე აფხაზი ისტორიკოსები მუჰაჯირობის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვისას სიფრთხილით არჩევენ ფორმებს, ყველანაირად ცდილობენ, „სიუზერენ“ მოსკოვს ამ მხრივ უხერხულობა არ შეუქმნან და ოფიციალური კურსიდან არ გადაუხვიონ. ამგვარი მიდგომის ნათელი ილუსტრაციაა  ოფიციალურ სახელმძღვანელოებში აღწერილი მოვლენების გაშუქება, ფაქტების ინტერპრეტირება და ტერმინების შერჩევა. 1866 წლის აჯანყებას აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში „უცნაურს“ უწოდებენ (О. Х. Бгажба, С. З. Лакоба, 2007, §17) და მის მიზეზებზე საუბრისას არსადაა ხაზგასმული რუსეთის იმპერიალისტური, სტანდარტული სადამსჯელო მოქმედებების ხასიათი.

აფხაზურ ისტორიოგრაფიაში უფრო მეტად მომგებიანია ერის ვიქტიმიზაცია, რაც გულისხმობს აფხაზი ერის მუდმივად „ბოროტი იმპერიალისტი ქართველების“ მსხვერპლად წარმოჩენას. ამისთვის ხშირად ხდება აპელირება საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) დროს აფხაზეთის საკითხით. სტანისლავ ლაკობას წიგნში - „აფხაზეთი ორი იმპერიის შემდეგ XIX-XXI საუკუნეებში“ ვრცელი თავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას ეხება და გამსჭვალულია პათოსით, რომ ჟორდანიას მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა აფხაზთა მიერ არჩეული ეროვნული საბჭო, იქ დასვა საკუთარი მარიონეტული ეროვნული საბჭო და მთავრობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყანას უღალატა და იმპერიალისტური საქართველოს ინტერესებს იცავდა.

 

განსხვავებულ ისტორიულ სიმართლეზე საუბრობს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტი. 1920 წლის 19 თებერვალს, აფხაზი მუჰაჯირების წარმომადგენლები, მარშანია და მარღანია მივიდნენ კონსტანტინოპოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ რცხილაძესთან. მუჰაჯირებმა საქართველოს მიულოცეს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს მთავრობას შეატყობინეს, რომ 150,000 აფხაზი გამოთქვამდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილს: „მათ განაცხადეს, რომ როგორც ისინი პერსონალურად, აგრეთვე ყველა აფხაზნი საქართველოსთან ერთობის მომხრენი არიან და მომავალში ამისათვის იმუშავებენ. მათი სიტყვით ოსმალეთში ასეთი მუხაჯირების რიცხვი 150.000 აღწევს... ამიტომ გთხოვთ იქონიოთ ეს მხედველობაში და ოსმალებთან ზავის შეკვრის დროს მოითხოვოთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას საგანგებო დადგენილებით იმ მუხაჯირებისთვის, რომელნიც გადმოსახლებულნი არიან ოსმალეთში კავკასიიდან რუსების ბატონობის დროს და აგრეთვე მათი შთამომავლებისთვის - უფლება სამშობლოში დაბრუნებისა.“ სამწუხაროდ, აღნიშნულ პროექტს განხორციელება არ ეწერა, რადგან მცირე ხანში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო.

 

                                          

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა).

 

მუჰაჯირობის თემა აქტუალურია, ზოგადად, თანამედროვე აფხაზური მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტშიც. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსაყოფია გადასახლებულ აფხაზთა რეპატრიაციის საკითხი. 1998 წელს აფხაზეთში მიიღეს რეპატრიაციის შესახებ კანონი. პირველი მუხლი განმარტავს თუ ვინ არის რეპატრიანტი: „რეპატრიანტად (თანამემამულედ) მიიჩნევიან - ეთნიკური აფხაზები (აბაზები), ლტოლვილების პირდაპირი შთამომავლები, რომელთაც დატოვეს აფხაზების (აბაზების) ისტორიული დასახლების ტერიტორიები რუსულ-კავკასიური და რუსულ-თურქული ომებისა და მე-19 საუკუნის სხვა მოვლენების შედეგად“. ამას გარდა, კანონი განსაზღვრავს რეპატრიანტების უფლებებსა და მოვალეობებს, გამარტივებული წესით ამ სტატუსის მიღების პროცედურებს. რაც მთავარია, კანონის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს რეპატრიანტებს ყველა სფეროში. ეს გულისხმობს მათ დახმარებას დასაქმებაში, განათლების მიღებაში, დაბინავებაში ან მათთვის სხვა ნებისმიერ სამართლებრივი თუ მატერიალური გარანტიების შექმნაში. პროცესის ფასილიტაციის მიზნით ჯერ კიდევ 1993 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, შემდგომში სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რეპატრიანტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის. 2018 წელს განხორციელდა ამ კომისიის რეორგანიზაცია სამინისტროდ, თუმცა ენობრივი ბარიერები (მუჰაჯირების უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს რუსულ ენას და ბევრმა მათგანმა აფხაზურიც არ იცის), მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია, რიგ შემთხვევებში, იდეალიზებული სამშობლოსგან დამსხვრეული ილუზიები, აფერხებს მუჰაჯირების სრულფასოვან თუ ფართომასშტაბიან დაბრუნებასა და ინტეგრაციას (არძინბა, 2019, JAMNews).

იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, მუჰაჯირობა რუსული იმპერიალიზმის ბოროტი გამოვლინებაა, მეორე მხრივ კი, აქტუალური თემაა თანამედროვე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში, იგი არც თანამედროვე საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიღმა დარჩენილა. ზემოაღნიშნულმა განსაკუთრებული მნიშვნელობა 2008 წლის რუსულ-ქართული კონფრონტაციის  შემდეგ შეიძინა, როდესაც ქართულ მეხსიერების პოლიტიკაში აქტუალური გახდა ნარატივი 200 წლიანი რუსული ოკუპაციისა და იმპერიალიზმის შესახებ, რამაც დააზარალა არა მხოლოდ ქართველები, არამედ — კავკასიის სხვა ხალხებიც.  2012 წელს თბილისში გაიხსნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი. მისი მთავარი მიზანია „ჩერქეზებისა და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზება“ (თარხნიშვილი, 2012, რადიო თავისუფლება). ჩერქეზები, ისევე როგორც, ადიღეელები, ყაბარდოელები და უბიხები, აფხაზების მონათესავე ხალხებია და მათი ენები საერთო იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს განეკუთვნებიან. ცენტრის დამაარსებელია ლინგვისტი და პროფესორი მერაბ ჩუხუა, რომელმაც შეიმუშავა წინადადება და ლობირებდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 20 მაისს ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჩერქეზებისა და მისი მონათესავე ერების მუჰაჯირობა შეაფასა გენოციდად. პარლამენტის რეზოლუციაში  აღნიშნულია: „აღიარებულ იქნეს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში  ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და ისტორიული სამშობლოდან  განდევნა გენოციდის აქტად, თანახმად „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ“ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის IV კონვენციისა და „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ“ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციისა.“

ამ რეზოლუციის ერთგვარი ვიზუალიზაციაა „მემორიალი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიელ ხალხთა მიმართ გენოციდის პოლიტიკის შედეგად ფიზიკურად განადგურებული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება, საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქ ანაკლიაში განთავსდება, ანუ, იქ, სადაც მე–19 საუკუნეში სამშობლოდან იძულებით აყრილმა, ოსმალოთა იმპერიაში მიმავალმა, ჩერქეზული (ადიღური) დევნილი მოსახლეობის არაერთმა ტალღამ გაიარა“ (ჩუხუა, 2011: 21).

 

 

და ბოლოს ...

 

აფხაზთა მუჰაჯირობა იყო რუსეთის იმპერიის მიერ მკვიდრი მოსახლეობის მიმართ  ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული, რომელმაც ცალსახად უარყოფითი შედეგები გამოიწვია და აფხაზთა და სხვა კავკასიელი ხალხის ყოფა-ცხოვრება და მათი დემოგრაფიული მდგომარეობა საგრძნობლად შეარყია.

 

მუჰაჯირობის მასშტაბები მართლაც საგანგაშო იყო და დადგა რეალური საფრთხე იმისა, რომ ერი განადგურებამდე მისულიყო. პირველი მასობრივი გადასახლება განხორციელდა 1867 წელს, როდესაც 20,000-მა აფხაზმა დატოვა სამშობლო. მასობრივი გადასახლების მეორე ტალღა 1877 წელს აგორდა, როდესაც უკვე 30,000 აფხაზი გადაასახლეს (Хорава, 2013: 8).

 

აღსანიშნავია, რომ  აფხაზთა სიებში გვხვდება უამრავი გვარი ქართული სუფიქსით -ია, -უა, -ვა, -ძე, -შვილი: აბჟინაა (ბჟინავა), არკარიძე, ბაღათელია, ბამბურაძე, ბედია, ბიგვა(ვა), ბოჯგუა, გაბელია, გვარამია, გოგუა, გუნია, ჯინჯია, ჯინჯოლია, ჯოჯუა, ქარდაა (ქარდავა), კვეკვესკირი, კინკაძე, კობახია, კურდღელია, ქირია, ქვაჩახია, ქორიძე, ქუთელია, ლაგულაა (ლაგვილავა), ლაზარია, ლასურია, ლოგუა, ლომია, მალანია, მარღანია, მარხოლია, მატუა, მიხელია, ფაჩულია, ფილია, საბეკია, სონღულია/ სონგულია, საგარია, თორდუა, თორია, ხალვაში, ხახუბია, ხვარაა/ ხორა (ხორავა), ცაცუა, ჩანგელია, ჩხაჩხალია, ჩხოტუა, ჩხონგურია, ჭკადუა, ჭითანავა, შაკაია. (Хорава, 2013: 95). ეს მიუთითებს იმაზე, რომ მუჰაჯირობას აფხაზების გარდა ეთნიკური ქართველებიც ემსხვერპლნენ. საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში მუჰაჯირობა არ არის აღქმული როგორც „ქართული“ ტრაგედია, არამედ ეს პროცესი ქართველი ერისგან განყენებულად, აფხაზთა ტრაგედიად განიხილება. ავტორების აზრით, შესაძლებელია თანამედროვე მეხსიერების პოლიტიკის იმგვარად შემუშავება და წარმართვა, რომ მოხდეს ქართულ-აფხაზური კოლექტიური მეხსიერების ურთიერთდაახლოება. ეს კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისათვის ერთგვარი წინაპირობაა.

 

მეორე მხრივ, თანამედროვე აფხაზური ისტორიოგრაფიისთვის გაცილებით უფრო მომგებიანია პირველი რესპუბლიკის პერიოდში საქართველოს „იმპერიალისტური მოქმედებებით“ მანიპულირება და პროპაგანდა... და ეს  მაშინ, როდესაც საარქივო დოკუმენტებით დასტურდება, რომ ქართული ჯარი აფხაზეთს ჯერ დენიკინელებისგან იცავდა, შემდეგ კი ადგილობრივი ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აღკვეთდა. პირველი რესპუბლიკის პოლიტიკოსები კი აქტიურად განიხილავდნენ მუჰაჯირების რეპატრიაციის საკითხის გადაჭრას და აფხაზეთში მკვიდრი მოსახლეობის დაბრუნებას.

 

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ნესტორ ლაკობას მკვლელობის და საბჭოთა რეპრესიების „ქართველიზაცია“ ბერიასა და სტალინის წარმომავლობაზე მინიშნებით. თუმცა მსგავსი სტატიებისა და კვლევების ავტორებს „ავიწყდებათ“, თუ როგორი იყო რეპრესიების მასშტაბები კრემლის ბელადების მშობლიურ საქართველოში და რამდენი ცნობილი საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი გამოასალმეს სიცოცხლეს მათი ხელმოწერილი დოკუმენტებით.

 

თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში თვალშისაცემია ისტორიის შერჩევითი, კონტექსტუალური თხრობა და ფაქტების ინტერპრეტაცია საბჭოური და მისი შვილობილი რუსული ისტორიული ნარატივის გატარებით. თუმცა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის არქივები ინახავს საკმაო მასალა, რომ მსგავს ინტერპრეტაციებს დასაბუთებული პასუხი გაეცეს.

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

 

საარქივო წყაროები

 

1. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416, აღწერა N3, საქმე N180

2. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416, აღწერა N3, საქმე N181

3. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N416 აღწერა N3 საქმე N1212

4. საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი N488, აღწერა N1, საქმე N25879

5. საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა)

6. ЦИА НАГ, ф. 545, оп. 1, д. 91, л. 21

7. ЦГВИА, ф. ВУА, д. 23678. лл, 1-49

8. ГАКК, ф. 260, оп. 1, д. 745. лл 14-22

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

1. Bullough, Oliver (2010). Let Our Fame be Great Again. United Kingdom: Penguin Books.

2. Coene, Frederik. (2010). The Caucasus: An Introduction. London and New York: Routledge.

3. Halbwachs, Maurice (1992) On Collective Memory. Chicago and London: University of Chicago Press.

4. Colarusso, John. (1995). Abkhazia. Central Asian Survey, 14(1), pp. 75-96.

5. King, Charles (2008) The Ghost of Freedom: A History of the Caucasus. Oxford, New York: Oxford University Press.

6. Lieven, Dominic (2000) Empire: The Russian Empire and Its Rivals. New Haven, London: Yale University Press

7. Lincoln, W.B., (1978), Nicholas I: Emperor and Autocrat of All Russia.

8. Raeff, M., (1984), Understanding Imperial Russia: State and Society in the Old Regime.

9. Riasanovsky, N., (1969) Nicholas I and Official Nationality in Russia.

10. Riasanovsky, N.V., (2005), A History of Russia, 7th edn., with M. Steinberg.

11. Ачугба, Теймураз, (2010), Этническая История Абхазов XIX-XX вв. Этнополитические и Миграционные Аспекты. Сухум: Абхазский Институт Гуманитарных Исследований им. Д.И. Гулия.

12. Гамба Ж.­Ф., (1987), Путешествие в Закавказье, Тбилиси.

13. Дзидзария Георгий, (1955), Восстание 1866 года в Абхазии, Абгосиздат, Сухуми.

14. Дзидзария, Георгий, (1960). Присоединение Абхазии к России и его Историческое Значение. Сухуми: АБГОСИЗДАТ.

15. Дзидзария, Георгий, (1982). Махаджирство и Проблемы Истории Абхазии XIX Столетия. 2-е издание. Сухуми: «Алашара».

16. Дьячков­Тарасов А. Н., (1903),  Гагры и их окрестности, Записки Кавказского отдела Императорского Русского Географического Общества, , книга 24,  Выпуск 1. Тифлисская Типография К. П. Козловскаго.

17. Марр Н. Я., (1938), О языке и истории абхазов, Изд-во АН СССР, Москва — Ленинград.

 

18. Петров, А. Н., (1887), Война России с Турцией 1806-1812 гг. // XI. Действия на Черном море в 1810 году. Взятие Сухум-Кале. Экспедиция к Трапезонду.. — СПб.: Военная Тип.,. — Т. 3.

 

19. Тотоев, М., (1948). К Вопросу о Переселении Осетин в Турцию (1859-1865 гг.). Известия Северо-Осетинского Научно-Исследовательского Института, XIII (1).

 

20. Трапш, Николай. (2004). Инкорпорация Абхазии в Состав Российской Им

перии в Контексте Формирования Региональной Модели Модернизации (1810 – 1917 гг.). Логос, 5. Ст. 216-224.

21. Бгажба О. Х., Лакоба С. З. (2007). История Абхазии, с древнейсхих времен до наших дней. Сухум, 2007.

22. А. В. Фадеев, “Убыхи в освободительном движении на Западном Кавказе”,  Исторический сборник. Ленинград, 1935 г. N 4  с. 142-143.

23. К. Д. Мачавариани, “Описательный путеводитель по городу Сухуму и Сухумскому округу С историко-этнографическим очерком Абхазии”, Издательница Н. Д. Гогиджанова, Сухум , 1913 г. с. 261.

24. Акты, т. VIII, под редакцией А.П. Берже, Типография Главного Управления Наместника Кавказского, Тифлис 1866-1904 г.  № 345, с. 459 -461

25. Акты, т. XI, , под редакцией А.П. Берже, Типография Главного Управления Наместника Кавказского, Тифлис 1866-1904 г № 43, с. 54.

26. Акты, т. XII, ч. I, , под редакцией А.П. Берже, Типография Главного Управления Наместника Кавказского, Тифлис 1866-1904 г № 662, с. 792.

27. АКАК. т.IV, под редакцией А.П. Берже, Типография Главного Управления Наместника Кавказского, Тифлис 1866-1904 г с. 389-390

28. Эсадзе, С. С., (1907), Историческая записка об управлении Кавказом, Тифлис.

29. Ш. Чхетия, Документы по истории Грузии Грузия в период буржуазных реформ (1862-1872), Тбилиси, 1954 г. т. 1, ч. 1, с. 75.

30. Хорава, Бежан, (2013). Мухаджирство Абхазов 1867 года. Артануджи, Тбилиси,.

 

31. გაზეთი „დროება“, 1867, № 23

 

ინტერნეტრესურსები

1. Аверкиев, Иван. (1866). С Северо-восточного Прибрежья Черного моря. URL: http://apsnyteka.org/1331-averkiev_i_s_severo_vostochnogo_poberezhja_chernogo_morja.html [6.03.2020].

2. Пегов, Семен. (2010). В Сухуми Открыли Памятник Махаджирам. URL: https://www.ekhokavkaza.com/a/2169813.html [03.03.2019].

3. არძინბა, ასტა. (2019). რეპატრიაცია აფხაზეთში: მითები და რეალობა. URL: https://jam-news.net/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B/?lang=ka [5.03.2020].

4. თარხნიშვილი, ნინო. (2012). გაიხსნა ჩერქეზთა კულტურის ცენტრი. URL: https://www.radiotavisupleba.ge/a/24486077.html [5.03.2020].

5. ჩუხუა, მერაბ. (2011). ჩერქეზების გენოციდი – პრობლემის ისტორია, მოვლენათა ქრონიკა, სამეცნიერო დასკვნა. URL: http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/18399/genocidi-ge [5.03.2020]  

 

სახელმძღვანელოები

1. ანჩაბაძე, გიორგი., გამყრელიძე, გელა., კიკნაძე, ზურაბ., სურგულაძე, მზია. და დიმიტრი შველიძე. (2008). საქართველოს ისტორია. IX კლასი. თბილისი: ლოგოს პრესი.

2. Бгажба, Олег и Станислав Лакоба. (2015). История Абхазии. С Древнейших Времен до Наших Дней. 10-11 классы. 2-е издание. Сухум.

 

საკანონმდებლო აქტები

1. 2011 წლის 20 მაისის საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია: რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ. URL: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1333945?publication=0 [5.03.2020].

2. Конституционный Закон Республики Абхазия о Репатриантах, 1998, URL: http://presidentofabkhazia.org/upload/iblock/e85/%D0%97%D0%B0%D0%BA%D0%BE%D0%BD_%D0%BE_

%D1%80%D0%B5%D0%BF%D0%B0%D1%82%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B0%D1%85_2015_03_31_13_16_13_782.pdf  [5.03.2020].

 

 

ინტერნეტიდან დამოწმებული წყაროები

1. https://circassianworld.wordpress.com/2013/09/04/tevfik-esenc-the-last-person-able-to-speak-the-ubykh-language/

2. https://susanin.top/azija/abhazija/suhumi

3. https://genioh-07.livejournal.com/23204.html

4. https://nobility.pro/