საარქივო და მეხსიერების კვლევები

ისტორიის ანექსია - რუსული ჰიბრიდული ომი და უკრაინა

27 აპრილი 2022

ავტორები: ნინო გოზალიშვილი; მეგი ქარცივაძე; ეკა კალანდაძე;
რედაქტორი: ანტონ ვაჭარაძე

 

20 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციის - “რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა” (АНО «Россия – страна возможностей») - სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა სკოლებში ისტორიული განათლების მოდიფიცირებას, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი თქმით, რუსეთში სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაუცველები არიან დასავლეთიდან და უკრაინიდან გავრცელებული ყალბი ამბების მიმართ.

 

“ბავშვებში ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ. სკოლებში უკვე ჩავატარეთ გაკვეთილები სოციალურ მეცნიერებებსა და ისტორიაში, სადაც ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში, რა არის სპეცოპერაციის მიზანი,”- განუცხადა კრავცოვმა პუტინს სხდომაზე. საგულისხმოა, რომ სხდომა პირდაპირ ეთერში სოციალურ ქსელ “ВКонтакте”-ში გადაიცემოდა.


რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო სკოლებში ისტორიის სწავლების დანერგვას პირველი კლასიდან გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი კრავცოვმა 19 აპრილს განაცხადა პირველ რუსულ სასკოლო ისტორიულ ფორუმზე "ძალა სიმართლეში!". მან აღნიშნა, რომ 1 სექტემბრიდან ისტორიის შესწავლა უკვე არსებული საგნების ფარგლებში მოხდება, ამისთვის დამატებითი გაკვეთილების დანერგვა არ იგეგმება. ასევე დასძინა, რომ სახელმძღვანელოებში საუბარი იქნება “იმ მოვლენებზე, რომელიც სპეცოპერაციას უკავშირდება”.


"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება. გადავწყვიტეთ, რომ ისტორიული განათლება სკოლებში პირველი კლასიდან დაიწყოს,“ - განაცხადა კრავცოვმა. მან ასევე ისაუბრა სკოლებში ყოველკვირეულად დროშის აღმართვისა და სახელმწიფო ჰიმნის დანერგვის თაობაზე.


გარდა ამისა, სერგეი კრავცოვმა აღნიშნა, რომ განათლების შესახებ ფედერალურ კანონში შეიძლება შევიდეს ახალი თავი განათლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სკოლის მოსწავლეების განათლების, მათ შორის პატრიოტიზმისა და მოქალაქეებად ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც, კრავცოვის თქმით, წინაპირობად უდევს ახალ რეფორმას.


“მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით - ეს არის, რეალურად, განათლების დაბრუნება სკოლაში. და შემდეგი ნაბიჯი - ალბათ, გვექნება ცალკე თავი განათლების შესახებ კანონში - თავი განათლების შესახებ,“ - ციტირებს TAСС-ი მინისტრის სიტყვებს.


მანამდე კი, “Дигория”-ს ექსპერტთა კლუბის წევრმა, პოლიტოლოგმა იაროშენკომ ისაუბრა, თუ როგორ მიდის საინფორმაციო ომი რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის.


„დასავლეთის საინფორმაციო ომი რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ აღწევს საპირისპირო მიზნებს. დასავლეთი ცდილობს რუსული საზოგადოების გახლეჩვას, მისი ნაწილის რადიკალიზაციას და ქუჩაში გაყვანას, სოციალური ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მაგრამ გარე ზეწოლისა და საფრთხეების ფონზე რუსულ საზოგადოებაში განხეთქილების ნაცვლად, აშკარაა მოქალაქეების კონსოლიდაციის ტენდენცია“, - თქვა მან.

 

ისტორია რუსულ ჰიბრიდულ ომში

 

ომის კლასიკური ხერხებისა და სტრატეგიებისგან განსხვავებით, რუსულ ჰიბრიდულ ომს მეტად ფართო და მრავალფეროვანი სტრატეგია და საშუალებები ახასიათებს. მისი იმპლემენტაცია, დეზინფორმაციის ჰორიზონტალური გავრცელების გზებით, ნაკლებად ცენტრალიზებულია და ერთდროულად რამდენიმე თემატურ, სტრატეგიულ და მიზნობრივ ასპექტს მოიცავს. ისტორიის ფალსიფიცირება, ფაქტების დამახინჯება და კონტექსტის გარეშე გამოყენება ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც თანამედროვე რუსულ ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. განსხვავებით ტრადიციული „რბილი ძალის“ პოლიტიკისგან, რომელშიც წამყვანი როლი მოწონებისა და დარწმუნების სტრატეგიებს უკავია [1], კრემლის თანამედროვე ჰიბრიდული ომი, შეიძლება ითქვას, „დაშინებით-სიყვარულისა“ და დასავლური ღირებულებითი სისტემის დაკნინების სტრატეგიების პრიორიტეზირებას ახდენს. [2]


ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის აქტიური პრაქტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ითვლება 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება (მუხლი 354-1. „ნაციზმის რეაბილიტაცია“). ცვლილება გულისხმობს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების კრიმინალიზებას. თუმცა, ცრუ ინფორმაციის კლასიფიცირება, რუსული სასამართლოს პრეროგატივად დარჩა. ამ ცვლილების შედეგად, „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ეჭვმიტანილებს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღნიშნულს, უკვე 2020 წელს საკონსტიტუციო ცვლილება მოჰყვა: მუხლი 671, რომელიც ეძღვნება ისტორიას, აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა და რომ ის „პატივს სცემს სამშობლოს დამცველთა ხსოვნას და დაიცავს ისტორიულ სიმართლეს“. [3] * ნაწილობრივ რუსული „ისტორიის კანონების“ საპასუხოდ, 2015 წელს, უკრაინამაც მიიღო ახალი „დეკომუნიზაციის კანონები“, რომელთა მიხედვითაც, არაკანონიერად გამოცხადდა „უკრაინაში 1917-1991 წლებში არსებული რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათის უარყოფა“ და აიკრძალა როგორც კომუნისტური, ასევე - ნაცისტური სიმბოლიკა.


საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის გაკვეთილებიდან, ისტორიული ნარატივების მონოპოლიზება და მისი გადაწერა, ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე, ეფექტური იარაღია. ამრიგად, ისტორია და მის ინტერპრეტირებაზე ჰეგემონიის ამბიცია კრემლის ინტერესებში კვლავ მოექცა და მისი ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. რუსული ისტორიული პროპაგანდა არ შეეხება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასა და რუს ხალხს, არამედ მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე სხვა ერების სანდოობის შელახვა და მათი ისტორიული ნარატივების მონოპოლიზება. [4] იმდენად, რამდენადაც ისტორია გავლენას ახდენს პოლიტიკური განვითარების აღქმაზე, მისი გავლენა მნიშვნელოვანი და აქტუალურია საზოგადოებრივ წარმოდგენებზე და მათ საარჩევნო ქცევაზე.

 

რუსეთის, როგორც განსხვავებული, ევრაზიული ცივილიზაციის წარმოჩენა უმთავრესად გულისხმობს მისი ღირებულებებისა და კულტურის დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებულობის დემონსტრირებას. ამ განსხვავებულობის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლად მართლმადიდებლური ქრისტიანობაა მიჩნეული, რისი სახელითაც ხშირად ხდება დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირება. ამგვარად, რუსეთი წარმოჩინდება, როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატიული ცივილიზაცია, რომელიც ე.წ. ტრადიციულ ღირებულებებს იცავს, თუმცა ეს არ ემსახურება მხოლოდ მისი რეჟიმის შენარჩუნებას რუსეთის შიგნით, არამედ ორიენტირებულია რუსეთის უკვე არსებული გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და გაფართოებაზე. რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის როლის გასაზრდელად საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის ხელისუფლების პრიორიტეტია რუსული ენისა და კულტურის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საშუალებით. ამისთვის კი, რუსეთის ხელისუფლება, ასევე წარმატებით იყენებს ისტორიულ ნარატივებს, რომელთა მანიპულაციის გზითაც ცდილობს, რომ ქვეყნები, რომლებსაც ის ევრაზიული ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევს, მიიბას არა მხოლოდ მათი პოლიტიკური აწმყოთი და მომავლით, არამედ - წარსულითაც. [5]

 

ამ მხრივ, რუსეთი ყველაზე აქტიურად იყენებს მანიპულირებულ ნარატივებს მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ეპიზოდის შესახებ. პუტინის ხელისუფლების მიერ მეორე მსოფლიო ომის (რომელსაც რუსეთში „დიდი სამამულო ომის“ სახელით მოიხსენიებენ) თემატიკის წინ წამოწევა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო ახალი ნაციონალისტური ნარატივის განვითარებასთან, რაც, ერთი მხრივ, ემსახურებოდა პუტინის რეიტინგის გაზრდასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ - აგრესიული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაციას. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობაში სერიოზულმა იდენტობის კრიზისმა დაისადგურა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ახალ გეოგრაფიულ საზღვრებში, პოლიტიკურ რეალობასა და საერთაშორისო დღის წესრიგში ახალი ეროვნული იდენტობისა და ნაციონალური ნარატივის შექმნა მანამ, სანამ პუტინის მთავრობამ წინ არ წამოსწია პატრიოტული ნარატივი „დიდი სამამულო ომის“ შესახებ. ეს ნარატივი პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან ერთი მხრივ ისტორიები და მითები რუსი ხალხის გმირობასა და ტანჯვაზე აღვივებს ერთიანობის განცდას რუს ერში, მეორე მხრივ კი, რუსეთის, როგორც „ევროპის გადამრჩენის“, წარმოჩენა, ამავე გამარჯვებაში დასავლეთის უდიდესი წვლილის იგნორირებით, ხელს უწყობს რუსეთის მოსახლეობაში პატრიოტული და იმპერიალისტური გრძნობების გაღვივებას. ქვეყნის გარეთ კი რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მონოპოლიზება ემსახურება განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის ექსკლუზიური გავლენების გამყარებასა და ლეგიტიმაციას. [6] ამას ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 2021 წლის განცხადებაც. მისი თქმით, იოსებ სტალინის წარმოჩენა მისი ეპოქის მთავარ ბოროტმოქმედად არის რუსეთის წარსულსა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმა. ეს განცხადება მან ქალაქ ვოლგოგრადში გააკეთა, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებოდა.

 

ასევე, 2021 წლის 1 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთში იკრძალება მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის როლის გათანაბრება.

 

ისტორიული ტერიტორიების გარშემო დავების გამოყენება პუტინისთვის არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. ამის შესახებ მისი 2016 წლის ინტერვიუც მოწმობს, სადაც ის ხაზს უსვამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტერიტორიული წესრიგის გადააზრების მნიშვნელობას, როგორც კალინინგრადის, ისე აღმოსავლეთ გერმანიისა და ცენტრალური ევროპის ტერიტორიების შემთხვევაში. [7] ამ პოლიტიკის გამოკვეთილი მიზანია, ისტორიული რევიზიონიზმის ხელშეწყობით (სლოვაკეთსა და უნგრეთს, უნგრეთსა და რუმინეთს, უნგრეთსა და უკრაინის, უკრაინასა და პოლონეთს, პოლონეთსა და გერმანიასა და ჩეხეთსა და გერმანიას შორის), რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან დაპირისპირება. ამრიგად, კრემლის თანამედროვე მეთოდები გარკვეულწილად ეფუძნება საბჭოურ „აქტიურ ქმედებებს“, რომელიც მიმართული იყო სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციისკენ. ამ მხრივ კი, რუსული ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ ისტორიული მეთოდების, არამედ ისტორული ნარატივების ინსტრუმენტალიზაციას გულისხმობს.

 

რუსული ნარატივები უკრაინის ისტორიაზე

 

უკრაინული და რუსული ისტორიულ ნარატივებსა და კოლექტიურ მეხსიერებებს შორის დაპირისპირება მრავალ წელს ითვლის. რუსი ნაციონალისტები, ძირითადად, უკრაინას - დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, უკრაინელ ხალხს კი - ცალკე ერად არც განიხილავენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ კიევის რუსეთიდან მოყოლებული, უკრაინასა და რუსეთს ბევრი ტრაგედია თუ ტრიუმფი გაუზიარებიათ, ამ ორი ერის ისტორია მართლაც გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, თუმცა, როგორც წესი, რუსი ნაციონალისტები ამას იმგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ, რომ უარყოფენ უკრაინის დამოუკიდებლობის იდეას. დღესდღეობით კი ამგვარი დისკურსის თანამონაწილე რუსეთის ხელისუფლებაცაა, რომლის წარმომადგენლებიც უკრაინის დამოუკიდებლობას ოფიციალურ განცხადებებშიც კი აყენებენ ეჭვქვეშ. თუმცა, გარდა ისტორიოგრაფიული დებატებისა, ბოლო წლებში რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ახდენს უკრაინის უახლესი ისტორიის მანიპულაციას იმისათვის, რომ უკრაინელ ხალხში გააღვივოს უთანხმოება და დაპირისპირება. 2019 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა რეზოლუციაც კი გამოსცა, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მცდელობები მეზობელ ქვეყნებში წაახალისოს პოლარიზაცია საინფორმაციო ოპერაციების მეშვეობით საბჭოთა წარსულის განდიდების გზით. სხვადასხვა მანიპულაციური ისტორიული ნარატივის შესწავლის საფუძველზე, ლონდონის ეკონომიკური სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, უკრაინულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მცდელობებზე, რომ ისტორიული ნარატივების ინსტრუმენტალიზაციის გზით გააღრმავოს პოლარიზაცია საზოგადოებაში.[8]


უკრაინაში აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ისტორიულ ნარატივებზეა დაშენებული, ყველაზე მეტად გააქტიურდა 2013-2014 წლებში, “ევროიმაიდნის” კონტექსტში. კრემლთან აფილირებული მედია ევრომაიდნის დემონსტრანტებს მოიხსენიებდა როგორც „ბანდეროვცებს“, რომელიც არის საბჭოთა რუსული ტერმინი იმ უკრაინელი ნაციონალისტების მოსახსენიებლად, რომლებიც ნაცისტების გვერდით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ყირიმის ანექსიის ფონზეც, აქტიურად ვრცელდებოდა საბჭოთა და რუსული იმპერიალისტური ნარატივები, რითად ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთება მართლდებოდა, უკრაინის აღმოსავლეთით ბრძოლები კი წარმოჩინდებოდა არა ბრძოლად რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ ბრძოლად უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ. ეს ნარატივები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც გააჟღერა ოფიციალურ დონეზე: „ყირიმში ყველაფერი ჩვენს საერთო ისტორიაზე მეტყველებს. ეს არის უძველესი, ტავრიის ქერსონესის ტერიტორია, სადაც დიდი მთავარი ვლადიმირი მოინათლა. ხალხის გულსა და გონებაში ყირიმი ყოველთვის იყო და ახლაც არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი“. იმავე გამოსვლაში პუტინმა ევრომაიდანი უკრაინელი ნეო-ნაცისტების მიერ ორგანიზებულ რევოლუციადაც მოიხსენია: „ნაციონალისტებმა, ნეო-ნაცისტებმა, რუსოფობებმა და ანტისემიტებმა განახორციელეს ეს სახელმწიფო გადატრიალება“. [9]

 

უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ მანიპულაციური ნარატივები ვრცელდება როგორც ტრადიციული, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით. Internews-ისა და Ukraine World-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მკვლევრებმა გააანალიზეს 850,000 პოსტი რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში და 16,000 პოსტი Facebook-ზე 2016 წლის იანვრიდან 2019 აპრილამდე პერიოდში. მათი კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი ნარატივის გამოკვეთა, რომლითაც აქტიურად მანიპულირებენ კრემლთან ასოცირებული აქტორები:

 

- უკრაინელების წარმოჩენა ნეონაცისტებად და დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების იმგვარად ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის მეორე მსოფლიო ომის გაგრძელება - სეპარატისტები იბრძვიან უკრაინელი „ფაშისტების“ წინააღმდეგ.

 

-  სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთის ისტორიულ ნაწილად წარმოჩენა. აგრეთვე, მტკიცება, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უძველესი რუსული მიწა და რუსული მართლმადიდებლობის აკვანია (ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ რუსული ისტორიული ნარატივი ყირიმის შესახებ სრულად უგულებელყოფს ყირიმელი თათრებისა და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მემკვიდრეობას).

 

- ნარატივები, რომლებიც ორიენტირებულია საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოდ წარმოჩენაზე და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებაზე უკრაინელ მოსახლეობაში. ამ ნარატივებს, როგორც წესი, თან ახლავს მტკიცება, რომ უკრაინული სახელმწიფოს შექმნა ბოლშევიკების დამსახურებაა.

 

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ კრემლთან ასოცირებული გვერდებისა და ანგარიშების მიერ გავრცელებული ნარატივები, ასევე მოიცავდა მტკიცებებს, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ისტორიულად ერთი ერი იყო, რომელიც შემდგომ ხელოვნურად გაიყო; უკრაინელი ნაციონალისტები სინამდვილეში სამხედრო დამნაშავეების, ფაშისტებისა და ნაცისტების იდეური მემკვიდრეები არიან; ცხოვრება უკეთესი იყო საბჭოთა კავშირში. საბოლოოდ კი, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ წინ უძღვოდა "ისტორიის ანექსია", რაც ამჟამინდელი მდგომარეობისთვისაც რელევანტური შეფასებაა.

 

უკრაინის ისტორიულ ნარატივებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა მეორე მსოფლიო ომი, მისი აღნიშვნა და მასთან დაკავშირებული სიმბოლიკა. 2015 წელს უკრაინაში მიიღეს კანონი „1939-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც შეიცვალა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სიმბოლიკა და ღონისძიებები. მაგალითად, ტერმინი „დიდი სამამულო ომი“ შეიცვალა „მეორე მსოფლიო ომით“ და ომის დაწყების თარიღად, რუსული ვერსიის - 1941 წლის ნაცვლად, 1939 წელი დადგინდა. ამასთანავე, თუკი მანამდე უკრაინა ფაშიზმზე გამარჯვებას, რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მსგავსად, 9 მაისს ზეიმობდა, ახლა გამოცხადდა ორი დღე - 8 და 9 მაისი. შესაბამისად, 9 მაისის პარალელურად, უკრაინა დასავლური ქვეყნების მსგავსად, 8 მაისს ზეიმობს ეროვნული ხსოვნის დღეს. ამ ახალ კანონთან დაკავშირებით რუსული და პრორუსული მედია აქტიურად ავრცელებდა მანიპულაციურ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას, რისი მიზანიც იყო უკრაინის მოსახლეობაში (განსაკუთრებით რუსებსა და უკრაინელებს შორის) პოლარიზაციის წახალისება. [10]

 

უკრაინის ისტორიის შესახებ რუსეთის მხრიდან მანიპულაციური ნარატივების გავრცელების საპირწონედ, უკრაინულმა მხარემ რამდენიმე მიმართულებით განახორციელა აქტივობები. უპირველეს ყოვლისა, უკრაინულმა მედიამ დაიწყო არაერთი პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იყო რუსული და საბჭოთა მითების გაბათილებაზე. მაგალითად, Channel 5-მა გამოუშვა რამდენიმე სერია სათაურით „უკრაინა არაა რუსეთი“, არხმა „1+1“ ასევე გადაიღო სერიები სათაურით „უკრაინა: საკუთარი ისტორიის დაბრუნება“ და პროგრამამ „ისტორიის საათი“ შეიმუშავა ისეთი პროგრამები, როგორიც იყო „საბჭოთა ყალბი ამბები მეორე მსოფლიო ომის შესახებ“.  რუსული და საბჭოთა ისტორიული მითების გაქარწყლებაზე მუშაობდა უკრაინის მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტიც. ინსტიტუტიც ინიციატივით დაიწყო “უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ შესახებ რუსული ისტორიული ნარატივების დეკონსტრუქცია. შედეგად, ინსტიტუტმა შეიმუშავა ისეთი პროექტები, როგორიც იყო „10 მითი “უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ შესახებ“ და „ომი და მითი: უცნობი მეორე მსოფლიო ომი“, რომლის მიზანიც იყო მეორე მსოფლიო ომის შესახებ საბჭოთა მითების გაბათილება.

 

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მანიპულაციური ნარატივების საპირისპიროდ უკრაინაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და დღემდე ხორცილდება, როგორც ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანგარიშშია აღნიშნული, თავისთავად ის ფაქტი, რომ უკრაინული მედია ამდენ ყურადღებას უთმობს რუსეთის მხრიდან ისტორიის ფალსიფიკაციას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, რომელიც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, მეტყველებს იმაზე, რომ „ისტორიულ დღის წესრიგს“ ჯერ კიდევ რუსეთი ქმნის. [11]


ანალიზში მიმოხილული მეთოდებისა და ნარატივების საშუალებით, რუსეთი წლების განმავლობაში ამზადებდა იდეოლოგიურ საფუძველს და შესაბამის ისტორიულ ნარატივს უკრაინში შეჭრის ლეგიტიმაციისთვის. ამრიგად, ისტორიას რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და შესაბამისად უნდა აისახოს პოლიტიკურ ანალიზშიც. უკრაინის შემთხვევა კი, ბუნებრივია, განსაკუთრებით სამაგალითო და რელევანტურია დანარჩენი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებმაც დემოკრატიული ტრანსფორმაცია და დასავლური ინტეგრაცია დაისახეს სტრატეგიულ მიზნად. საქართველოსთვის უკრაინაში აგრესიული შეჭრის შემთხვევა და ისტორიული ნარატივების ინსტრუმენტალიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე აკადემიისა და სახელისუფლებო ძალების მხრიდან.

 

 

 ___________

 

[1] Alexander Sergunin and Leonid Karabeshkin, “Understanding Russia’s Soft Power Strategy,” Politics 35, no. 3–4 (November 1, 2015): 347–63, https://doi.org/10.1111/1467-9256.12109.

[2]  Peter Pomerantsev and Michael Weiss, “The Menace of Unreality: How the Kremlin Weaponizes Information, Culture and Money,” 2014, https://dataspace.princeton.edu/handle/88435/dsp014m90dx90f.

[3] “Putin’s New Constitution: The Court Weighs In | Wilson Center,” accessed July 19, 2021, https://www.wilsoncenter.org/blog-post/putins-new-constitution-court-weighs. თარგმანი ადაპტირებულია.

[4] Ivo Juurvee et al., “Falsification of History as a Tool of Influence” (StratCom | NATO Strategic Communications Centre of Excellence Riga, Latvia, January 2021), https://stratcomcoe.org/publications/falsification-of-history-as-a-tool-of-influence/16.

[5] Koposov, Nikolay. Memory Laws, Memory Wars: The Politics of the Past in Europe and Russia. Cambridge: Cambridge University Press (2018), pp. 177-206.

[6] https://www.opendemocracy.net/en/can-europe-make-it/abuse-of-history-in-ukrainian-crisis/

[7] “Putin Discusses Trump, OPEC, Rosneft, Brexit, Japan (Transcript) - Bloomberg,” accessed July 19, 2021, https://www.bloomberg.com/news/articles/2016-09-05/putin-discusses-trump-opec-rosneft-brexit-japan-transcript.

[8] https://www.lse.ac.uk/iga/assets/documents/Arena-LSE-From-Memory-Wars-to-a-Common-Future-Overcoming-Polarisation-in-Ukraine.pdf

[9] http://en.kremlin.ru/events/president/news/20603

[10] https://www.opendemocracy.net/en/can-europe-make-it/abuse-of-history-in-ukrainian-crisis/ 

[11] https://www.lse.ac.uk/iga/assets/documents/Arena-LSE-From-Memory-Wars-to-a-Common-Future-Overcoming-Polarisation-in-Ukraine.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.