...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

24 ივნისი - საუბრები საქართველოზე ევროპაში

24 ივნისი 2022


ავტორები: ანტონ ვაჭარაძე, ნინო გოზალიშვილი

  

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია მიმართავს ევროპელ ლიდერებს:

“ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. და მათ გვკითხეს: – რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი; ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი. და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით. 

ყარო: civil.ge

 

ივნისი, თბილისსა და მთლიანად საქართველოში, წარსულში და დღეს, არაერთხელ გამხდარა გარდამტეხი ცვლილებებისა თუ მათი მოლოდინით სავსე თვე. 2022 წლის ივნისში, საქართველოში გულისყურით, მოლოდინის შესაფერისი ფორიაქით ელოდნენ 23-24 რიცხვში, ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებას.

სწორედ ამ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის ყველაზე აშკარა პროექტის - ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამივე ქვეყნიდან ოფიციალური განაცხადის წარდგენა უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრისა და მიმდინარე ომის ფონზე, ერთი მხრივ, ახალ გეოპოლიტიკურ წყობაში ადგილს, მეორე მხრივ კი, ამ ქვეყნებისთვის დემოკრატიული, სტაბილური და განვითარებული მომავლის მტკიცე არჩევანს მოიაზრებს.

ევროპულმა საბჭომ აღნიშნული არჩევანის სიმტკიცეზე, ქვეყნების მზაობასა და მათი ევროპული ინტეგრაციის მომავალზე იმსჯელა. საბჭო შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან. ამ უკანასკნელი სტრუქტურისგან კი საბჭომ რეკომენდაციები 17 ივნისს უკვე მიიღო. ევროკომისიამ, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, სამიტის წინ იმსჯელა სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მათთვის, ვისთვისაც შეუცვლელი და ისტორიულია ევროპული ცივილიზაციის, მასთან ასოცირებული ღირებულებების ნაწილად საქართველოს წარმოდგენა, ცხადია, სამწუხარო აღმოჩნდა ევროკომისიის დასკვნა. დასკვნის მიხედვით, გეოპოლიტიკური ბედის საზიარო უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია, მართლმსაჯულების ჩავარდნილი/გაუტარებელი რეფორმები და ოლიგარქიის ნიშნები დაუდგა. სწორედ ამ მიმართულებებით უნდა მოხდეს საქართველოს ხელახალი შეფასება, მისი ისტორიული არჩევანის - ევროპული ინტეგრაციის - რეალობაში განხორციელების პერსპექტივამდე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საბოლოო დასკვნას არ წარმოადგენდა, ის მნიშვნელოვანი დოკუმენტია საბჭოსთვის. სწორედ რეკომენდაციების გათვალისწინებით, 23 ივნისს ევროპულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ ისტორიულ “ფანჯარაში”, როგორც ის საქართველოში მოიხსენიება, ჩვენი ქვეყნისთვის კი ევროპული მომავალის მხოლოდ პერსპექტივა გამოჩნდა.

ამრიგად, საქართველოში მოლოდინით გამოწვეული შფოთვა არც უადგილო და არც მოულოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ამ ქვეყნისთვის მოღვაწე ადამიანებს ევროპასთან დაახლოება არა მხოლოდ სადღეგრძელოებსა და გრძელ საუბრებში, არამედ პრაქტიკულ, პოლიტიკურ დონეზე.

___

საქართველოს ევროპულ არჩევანს მრავალი ისტორიული ფაქტი თუ მოვლენა ამყარებს, თუმცა მათ შორის, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც შეძლო და არასრულ სამ წელიწადში, იმდროინდელი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეში, კავკასიაში, თვისობრივად ახალი ტიპის დემოკრატიის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ისეთ დემოკრატიას, რომლის მრავალი ნიშანიც (დეცენტრალიზაცია, კოალიციური მთავრობა, მძლავრი თვითმმართველობა და ა.შ.) თანამედროვე ქართული სახელმწიფოს 30 წლიან ისტორიაში სრულფასოვნად ჯერაც არ განმეორებულა. ისეთ დემოკრატიას, რომლის პრაქტიკაში მუშაობის გასაცნობადაც, „მეორე ინტერნაციონალად“ წოდებული წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსები 2-3 თვის მანძილზე იმყოფებოდნენ საქართველოში.

დემოკრატიული განვითარება და ევროპისკენ სწრაფვა 1921 წელს უხეშად შეწყვიტა ისტორიულმა მტერმა, რუსეთმა. მთავრობამ არ გამოაცხადა კაპიტულაცია და ემიგრაციაში ბრძოლის გაგრძელების გზა აირჩია. როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა ქვეყანას, მაშინაც ევროპა გამოჩნდა ნავსაყუდლად...

___

2022 წლის 24 ივნისს, ზუსტად 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ პარიზთან ახლოს, ლევილში ის შატო შეიძინა, რომელიც 70 წლის განმავლობაში მთავრობის წევრებისა და მათი შთამომავლების საცხოვრებელს წარმოადგენდა.

 

 

ლევილის შატო. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

მთავრობის მინდობილობით, ცნობილმა სოციალ-დემოკრატებმა, ბენია ჩხიკვიშვილმა და ნიკოლოზ ჯაყელმა ნოტარიულად გააფორმეს მამულის შესყიდვა და იმავე დღეს მთავრობას ხელწერილით მიმართეს, რომ არც მათ და არც მათ მემკვიდრეებს არ ექნებოდათ უფლება, ესარგებლათ აღნიშნული მამულით ან იმის შემოსავლით.

 

 

ენია ჩხიკვიშვილი [1919 წელი]. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

შატოში მიმდინარეობდა ემიგრანტი ქართველების ცხოვრება 70 წლის განმავლობაში, რომელიც სავსე იყო აღმასვლებით და კიდევ უფრო მეტად - დამარცხებებით… ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც ქალაქ თბილისის ყოფილ მერს ეკლესიის რესტავრაციისას მღებავად უწევდა მუშაობა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - რძის და მაწვნის წარმოება, კიდევ არაერთს ავტოქარხანაში მუშაობა და მიუხედავად მსგავსი უკიდურესი გაჭირვებისა, არავის მოსვლია აზრად ქართული საგანძური გაენიავებინა და ამით ესარგებლა. ცხოვრება, რომელიც საზრდოობდა სამშობლოში დაბრუნების დიდი იმედით, რაც წლების მანძილზე სულ უფრო ფერმკრთალდებოდა.

ევროპაში ემიგრანტთა ცხოვრება აღვსილი იყო მრავალი ისეთი ისტორიით, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქალაქურ ლეგენდებში და ხელოვნებაშიც კი დამკვიდრდა: ექვთიმე თაყაიშვილის მეწველი თხით და მაწვნით, რომელსაც წარმატებით ყიდიან ფილმ „ფესვების” გმირები; „ლევილის დედა“ ნამეტია ბერძენიშვილით, რომელიც დამოუკიდებლობის დროს ქმართან, ვალოდია გოგუაძესთან ერთად ჯავშნოსანი მატარებლით დაქროდა საქართველოს ყველაზე ცხელ წერტილებში, ლევილში კი შატოს დიასახლისობა ითავა; კომუნისტებთან მებრძოლი გიორგი კვინიტაძითა და მისი შვილიშვილით, რომელიც შემდეგ ჯეიმს ბონდის გოგონას ამპლუაში შეებრძოლა კომუნისტებს; საქართველოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის 16 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრისით და ა.შ…

 

 

ლევილის შატოს გეგმა, 1921 წელი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

შატოშივე დაიგეგმა 1924 წლის საერთო ქართული აჯანყება - XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი დიდი ერთობის გამოვლინება 1918 წლის 26 მაისის შემდეგ. აჯანყებისას არ ყოფილა ვიწროპარტიული კინკლაობა და თავის წარმოჩენის სურვილი. თუმცა, აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ, გვსმენია სამწუხარო ისტორიები ურთიერთდაპირისპირებაზე, მძიმე ბრალდებებზე, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზეც კი… აჯანყებაში მონაწილეებს კი, უკვე ფესვებგადგმული საბჭოთა რეჟიმი, მოგვიანებით სასჯელის უმაღლესი ფორმით არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური განადგურებით დაუპირისპირდა.

2022 წლის 24 ივნისს, ევროპის ცენტრში, ლევილის შატოში შეიკრიბებიან ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ბერიშვილების, შარაშიძეების და სხვათა შვილიშვილები და შვილთაშვილები, გაიხსენებენ წინაპრებს. ისაუბრებენ მათ ოცნებაზე, ეხილათ ევროპის წევრი, თავისუფალი საქართველო. საოცნებო მიზანზე რომლისთვის ბრძოლა 100 წლის შემდეგ კვლავ უწევთ საქართველოს ბედზე მოფიქრალ მოქალაქეებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, 25 წლიანი ოცნება, რომ ევროპის შიგნით 45,000 კვადრატული მეტრი ფართობი ქცეულიყო საქართველოს ნაწილად, 6 წლის წინ ახდა. თუმცა, ჯერ კიდევ აუხდენელია ასწლიანი ოცნება, რომ 69,700 კვადრატული კილომეტრის ფართობი იქცეს ევროპის ნაწილად...

 

აქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აარქივო დოკუმენტები იხილეთ აქ.