...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

1924 წლის აჯანყება - რამდენიმე გამოხმაურება

25 აგვისტო 2022


1924 წლის საერთო ეროვნული აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა იყო საქართველოში. საქართველოს სსრ მთავრობის მიერ შეფასდა, როგორც მენშევიკური ავანტიურა. აჯანყების მასშტაბები და მსხვერპლი ბოლომდე ზუსტად არაა დადგენილი და შესწავლის საკითხს წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ ბრძოლისას დაღუპულებისა და შემდგომში რეპრესიებს მსხვერპლთა რიცხვი რამდენიმე ათასია.

აჯანყების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ქართული ემიგრაცია: შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (იგივე პარიტეტული კომიტეტი), რომელიც დაკომპლექტდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით და მათ გარდა, კომიტეტში შედიოდნენ უპარტიო სამხედრო პირებიც. თუმცა, ყველა ემიგრანტი არ იზიარებდა აჯანყების სულისკვეთებას და იმდროინდელ ქართულ ემიგრანტულ პრესაში შევხვდებით სტატიებს, რომლებიც ამ მოვლენას აკრიტიკებდა და მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მათი ნაწილი საბჭოთა აგენტურის მიერ იყო მართული, ხოლო სტატიის ავტორების უმეტესობამ სამწუხარო ბედი გაიზიარა.

მიმოხილვა მოიცავს გაზეთების “კომუნისტისა” და “ახალი საქართველოს” სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნებულ რამდენიმე გამოხმაურებას, 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიმოხილვის ბოლო სტატია წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის განცხადებას, რომლითაც ორგანოს დაპატიმრებული თავმჯდომარე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და სხვა წევრები აჯანყების მონაწილეებს მოუწოდებენ: “იარაღი ჩააბარონ მთავრობის ორგანოებს და მთავრობისადმი მორჩილებით შეეცადონ გამოსწორებას იმ უდიდესი უბედურებისა, რომელიც მოუტანა ქართველ ერს გამოსვლამ”...

მენშევიკების ავანტიურა და კახეთის გლეხობა (კომუნისტი, 3 ოქტომბერი, 1924 წ., N226 (1081))

“იმ დროს, როდესაც დასავლეთ საქართველოში მენშევიკები წარმოუდგენელი პროვოკაციით, სიცრუით და ცილისწამებით, ყველა რეაქციონულ ძალების - გადაგვარებულ თავად-აზნაურობის, ხულიგან ოფიცრების, მედუქნეების და ყოველი ჯურის სპეკულიანტების საშუალებით აწყობდენ ავანტიურისტულ შეიარაღებულ გამოსვლას საქართველოს მუშურ-გლეხურ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ჟორდანიას “დემოკრატიულ ხალხოსნურ” და პარიტეტულ კომიტეტის გმირების მთავრობის დასამყარებლად, - სწორედ ამ დროს კახეთის გლეხები აჯანყდნენ თანამედროვე მენშევიზმის დასაყრდნობ ძალის - ყოფილი თავად აზნაურობის წინააღმდეგ და საფუძვლიანად გამორეკეს ისინი ყოფილ ფეოდალურ სამფლობელოდან…

…მენშევიკები თავიანთ პროკლამაციებში “ქართველი ხალხისადმი” მოუწოდებდნენ სწორედ გლეხებს და მუშებს აჯანყებულიყვნენ “მოღალატეების”, “უზურპატორ-ბოლშევიკების” ძალა-უფლების წინააღმდეგ და ხელახლა დაებრუნებიათ ჟორდანიას და მისი გმირების ხელისუფლება. ამ “აჯანყებისათვის” მენშევიკებს არ შერცხვენიათ აეღოთ ფულები ფრანგებისა და ამერიკელებისაგან. ჩვენ ვიცით, როგორი პასუხი გასცეს ამ პროვიკაციას საქართველოს პროლეტარიატმა თბილისში, ბათომში და ფოთში, რომლებმაც ერთსულოვნად, როგორც პარტიულები, ისე უპარტიოები იარაღით ხელში გამოვიდნენ მენშევიკურ-თავადაზნაურულ ავანტიურის ჩასაქრობათ. ეხლა კი კახეთის ამბებმა დაგვანახვა, რომ ქართველი გლეხები არ ჩამორჩებიან ქართველ მუშებს. კახეთის გლეხებმა ჟორდანიას მოწოდებაზე უპასუხეს აღშფოთებით და ზიზღით მათ მიმართ, ვინც წარსულშიაც და დღესაც არიან ქართველი გლეხობის უბედურებათა მიზეზი…

მენშევიზმის იდეა ქართულ სოფლებში სამუდამოდ დამარხულია…

საეჭვოა, რომ ნოე ჟორდანია, და ჩვენც კი, შეგვეძლო წარმოგვედგინა კიდევ უფრო მეტი სირცხვილი, მენშევიკური პარტიის უფრო სამარცხვინო დასასრული, ვიდრე ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ…”

ლ. ღოღობერიძე

(კომუნისტი, 3 ოქტომბერი, 1924 წ., N226 (1081))

ლევან ღოღობერიძე (1898-1937) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. ბაქოს რევკომის თავმჯდომარე (1920). 1923-1924 წლებში იყო საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1926-1930 წლებში პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1930-1934 წლებში სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ინსტიტუტში; 1934 წლიდან პარტიის ეისკის რაიკომის მდივანი; იყო პარტიის XV-XVI ყრილობის დელეგატი. 1936 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: nplg.gov.ge

აჯანყების შემდეგ (ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

“ძნელია გრძნობების დამორჩილება და ცივი გონებით ლაპარაკი, როცა ჩვენ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა, ჯერაც არ ვიცით, რომელი ჩვენი ნათესავი ან მეგობარი ჩააწვინა საფლავში “დამოუკიდებლობის კომიტეტის” საშინელმა ავანტიურამ.

მაგრამ არაფერია პოლიტიკაში ისე დამღუპველი, როგორც სუსტი გრძნობები და სანტიმენტალიზმი…

…დღეს აჯანყების სისხლის წვიმა გვავალებს მოვითხოვოთ ანტიბალშევიკური ფრონტის ლიკვიდაცია. და ეს კი ნიშნავს ამ ფრონტთან დაკავშირებულ ყველა პარტიულ და ინტერპარტიულ ორგანიზაციათა ლიკვიდაციას.

უნდა ვაღიაროთ აშკარად რომ, როგორც ნ. ჟორდანიას მთავრობა, ისე კ. Ჩხეიძის დამფუძნებელი კრება და მისი შემადგენელი პარტიები პოლიტიკურად მოკვდნენ…

...რა გვიშლის დღეს ამ საქართველოს, საბჭოთა საქართველოს მიღებას?

მხოლოდ ტერორი, რეპრესიები, რომელმაც “უდანაშაულონიც კი იმსხვერპლა”?..

- მერე რა არის გამოსავალი, სად არის პრაქტიკული საშუალება ამ ტერორის დასრულებისა? - ესაა იმ ანტიბალშევიკური ფრონტების საბოლოოდ ლიკვიდაცია, რომელთაც გამოიწვიეს ეს ტერორი…

…ჩვენ უნდა მივანებოთ თავი იმის წარმოდგენას, რომ ორჯონიკიძე ახალი გენერალი ციციანოვია… უნდა შევხედოთ მას და მის კოლეგებს ორახელაშვილს, ელიავას, ღოღობერიძეს, როგორც ქართულ მთავრობას, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ პირობებით და საქართველოს გარშემო არსებული დღევანდელი საერთაშორისო ძალთა-განწყობილების მიხედვით მოქმედებს…

…მართლაც განა შეიძლება კიდევ ქართული სისხლის ღვრა იმისათვის, რომ 1921 წელს თითქმის შემთხვევით ცნობილი de jure ანტანტის სახელმწიფოთა მიერ ნ. ჟორდანიას დემოკრატიული რესპუბლიკა კვლავ აღდგეს de facto?

…თვით ს. ორჯონიკიძე ამბობს თავის ერთ უკანასკნელ სიტყვაში (ოქტომბერში) - “ჩვენ გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირში” და დასძენს: “მე არ დავფიცავ და აშკარად ვიტყვი რომ დღეს ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაკლია ამ მხრივ, მაგრამ ამის მიზეზი საბჭოთა კავშირი კი არ არის, არამედ ის იმპერიალისტური სახელმწიფონი, რომლებიც ჩვენ მოსვენებას არ გვაძლევენ ჩვენი პროგრამის განსახორციელებლადო”...

უნდა ითქვას, რომ საღი პოლიტიკა სწორედ ესაა და არა ნ. ჟორდანიას რესტავრაცია!..

ფრანგული ანდაზა ამბობს, რომ “tout homme a deux pays, le sien et puis la France”. (ყველა ადამიანს ორი სამშობლო აქვს, საკუთარი და შემდეგ საფრანგეთი)

დროა ეს პირველი სამშობლო დავიბრუნოთ!”

გ. ვეშაპელი

(ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

გრიგოლ (ვეშაპიძე) ვეშაპელი (1892-1926) -  ქართველი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მოგვიანებით - მაისში ლეგალურად გაემგზავრა სტამბოლში, სადაც საქართველოში და საზღვარგარეთ ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ბრძოლის შესახებ პარტიათა შორის მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო. 1924 წლის მაისში გრიგოლ ვეშაპელმა ინტერვიუ მისცა გრიგორი ალექსინსკის გაზეთს, სადაც ისაუბრა ბოლშევიზმთან დაპირისპირების შემთხვევაში ერთიანი ფრონტის აუცილებლობაზე ყველა ანტისაბჭოთა ძალას შორის და არ გამორიცხა შეიარაღებული აჯანყების სცენარი, რის გამოც საკუთარი პარტიის წევრებმა და დამოუკიდებლობის კომიტეტმა საქართველოდან საყვედური გამოუცხადეს წინდაუხედავი და თვითნებური საქციელის გამო და გაიწვიეს პარტიათაშორისი კომიტეტიდან. 1924 წლის 5 ნოემბრიდან პარიზში დაიწყო გაზეთ „ახალი საქართველოს“ გამოცემა, რომელსაც საიდუმლოდ აფინანსებდა საქართველოს სსრ მთავრობა პარიზში საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის გავლით. 1926 წლის 10 ივნისს, ემიგრანტმა ავთანდილ მერაბიშვილმა გრიგოლ ვეშაპელი პარიზში მოკლა. 

წყარო: firstrepublic.ge

ახალი საქართველო (ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

“გამოშრა ძველი ლოზუნგებიც და მათ შორის მოკვდა - უმთავრესი:  “ჟორდანიას საქართველო”

“ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართველ მშრომელ ხალხს შერჩეს ის, რაც მას დღეს ხელში აქვს: ხალხური რესპუბლიკა თანასწორთა შორის. (ქართველი ხალხისთვის ეს არაა ბევრი, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ “ძველი ბელადების” ჭკუასა და პოლიტიკურ ტაქტს - ეს შეიძლება ნორმაზეც მეტიც იყოს).

ამიტომ ჩვენ მთელის პოლიტიკური შეგნებით ვღებულობთ საბჭოთა ფედერაციაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკას, როგორც უდაო ფორმას ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებათა განხორციელებისათვის.

ჩვენი მიზანია - ვემსახუროთ ამ აზრის პოლიტიკურად განმტკიცებას, მის გადატანას და გაშლას ქართველი ხალხისა და ინტელიგენციის ფართო წრეებში.

ჩვენ ვიქნებით დაკმაყოფილებული, თუ შევძლებთ საბჭოთა სისტემის დაცვას, არსებულის შენახვას და მძიმე შრომის განაწილებას საბჭოთა ხელისუფლებასთან  ერთად - ოქტომბრის დიდი რევოლუციის ლოზუნგების განხორციელების საქმეში…

 …ჩვენ გვწამს, რომ ხვალინდელი დღე, როგორადაც არ უნდა შეიცვალოს იგი - ვერ დაარღვევს, ვერ გააქარვებს არსებულ სინამდვილეს, რადგანაც საბჭოთა საქართველოს არაა ქაჩალი კონფერენციების მიერ შექმნილი გეოგრაფიული ტერმინი. მისი მომავალი გადაჯაჭვულია დიდი პროგრესიული მსოფლიო მოვლენის მსვლელობაზე და აწი შეუძლებელია საქართველოს უფლებრივი ცხოვრება შეტრიალდეს ისე, როგორც დაიხა და დაიშალა „ფაქტიური“ და „იურიდიული“ აქტები „კეთილშობილი ევროპისა“...

და სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ტრიალებდა უბედურება, სწორედ, იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ჯგუფებს სურს გადმოათრიოს ქართველი ხალხი ამ სწორი გზიდან, - ჩვენ უცხადებთ ამ ავანტიურის ხალხს სასტიკ ბრძოლას... ჩვენ ჯვარს უსვამთ იმ მოძრაობას, რომლის მეთაურად ევროპაში გამოდის ჟორდანიას ყოფილი მთავრობა მის გარშემო შექმნილი ორგანიზაციებით და ლიკვიდაციას უშვრებით ემიგრანტულ, მენშევიკურ რესტავრაციის პოლიტიკას. რასაკვირველია, ჩვენ მდუმარებით ვერ აუვლით გვერდს უცხოელების მიერ ხელის ფათურს ჩვენი ქვეყნის საქმეებში. და რადგანაც ევროპის „მეგობრობა“ მეტად ძვირად უჯდება ქართველ ხალხს, - ჩვენ მთელი სისასტიკით მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს ეს საეჭვო „მოყვრობა“, ბოლო მოეღოს არამკითხე „აპეკუნობას“ საქართველოზე და დაგვანებოს ყველამ თავი…”

ნ. მიწიშვილი

(ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ, N1. პარიზი)

(ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი) ნიკოლოზ მიწიშვილინიკოლოზნიკოლოზ მიწიშვილი =ნიკოლოზ

ნიკოლოზ მიწიშვილი (1896-1937) - ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი.  1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა პარიზში თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოსთან“. 1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს. Მის ბრალდებაში ეწერა, რომ რომ იყო ანტისაბჭოთა ფაშისტური, ნაციონალისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1923 წელს, პარიზში ყოფნისას, მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა მენშევიკური ემიგრაციის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიასთან და ამ უკანასკნელისგან მიიღო მითითებები საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის წარმართვის შესახებ. 1924 წელს მიწიშვილმა ჯაშუშების, ქარუმიძისა და პირუმოვის მეშვეობით კავშირი დაამყარა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაზვერვასთან და გადასცემდა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 13.07-1937 წლის დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. დახვრიტეს იმავე დღეს.

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან; nplg.gov.ge

ქართველ პროფესორთა დეკლარაცია (ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

1924 წლის 5 სექტემბერს შედგა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა კრება, რომელზეც ერთხმად მიიღეს შემდეგი დეკლარაცია:

“უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველოში სუფევს მტკიცე სამოქალაქო მშვიდობიანობა…

მცირერიცხოვანი ქართველი ხალხი დასუსტებული ათასგვარი ფიზიკური უბედურებით, - სრულიად გარკვეულად შევიდა მშვიდობიანი ცხოვრების ეპოქაში…

მრავალ დროთა განმავლობაში დევნილ ქართულ ენას და ქართულ ლიტერატურას საშუალება მიეცათ თავისუფალი განვითარებისა და მათი აყვავების ნიშნები უდაო და შესამჩნევი იყო…

ასეთ პირობებში ავანტიურისტულად შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში მიჩნეული უნდა იქნეს ყოვლად მიუტევებელ დანაშაულად ქართველი ერის წინაშე, მისი საციცოცხლო ინტერესების დამღუპველად და მომაკვდინებლად…

ქართულ უნივერსიტეტს არ შეუძლია არ განაცხადოს მხურვალე პროტესტი და არ აღიმაღლოს თავისი ხმა მათ წინააღმდეგ, ვინც დაკარგული ძალა-უფლების დაბრუნების გულისათვის, საფრთხეში აგდებს ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას და უმზადებს მას განსაცდელს…

პროფესორთა საბჭო საჯაროდ ჰკიცხავს ამ უპასუხისმგებლო და ავანტიურისტულ გამოსვლას არსებულ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს გამოსვლა მას მიაჩნია ქართველი ერის ინტერესების ღალატათ.

ის გარემოება, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე მეოცნებე ერთი მუჭა ხალხი ეფარებოდა „ერის განთავისუფლების“ ლოზუნგებს,- სრულიად არ ანთავისუფლებს ამ ავანტიურას იმისაგან, რომ ის არ იქნეს მიჩნეული, როგორც მიუღებელი და ქართველი ერისათვის დამღუპველი ნაბიჯი.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო გამოსთქვამს იმედს, რომ ყოველი პატიოსანი ქართველი ინტელიგენტი ღირსეულად დააფასებს შექმნილ მდგომარეობას და თავის აღშფოთების მთელ ძალას მიმართავს მათკენ, ვინაც ასე გულგრილად ჩააგდო განსაცდელში ქართველი ხალხი.

პროფესორთა საბჭო იმედოვნებს, რომ ეს ავანტიურა არ შეუშლის ხელს და არ დაარღვევს იმ კეთილ განწყობას, რომელიც არსებობდა საბჭოთა ხელისუფლებისა და ქართული კულტურის მატარებელთა შორის.

პროფესორთა საბჭოს სწამს, რომ მეცნიერებისა და ქართველი ხალხის მიმართ, სამოქალაქო მშვიდობიანობის დაწყნარების შემდეგ, შეურყეველი დარჩება ის გზა, რომელზედაც ვითარდებოდა და განვითარდება მომავალშიაც საბჭოთა აღმშენებლობა.

პროფესორები:

ი. ჯავახიშვილი, ა. ჯავახიშვილი, ბერიტაშვილი, მაჭავარიანი, გ. ნათაძე, გ. გეხტმანი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, კოტე ამირეჯიბი, გ. წერეთელი, ბორის ღოღობერიძე, მ. Შალაბერიძე, მ. ასათიანი, იოველ ქუთათელაძე, ნ. მუსხელიშვილი, ჟღენტი, გედევანიშვილი, შ. Ნუცუბიძე, დიდებულიძე, გ. ჯავახიშვილი, გ. ნიკოლაძე, გ. ახვლედიანი.

მასწავლებელთა წარმომადგენელნი:

ზ. ყანჩაველი, დ. იოსელიანი”

                      

(ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

მენშევიკური ავანტიურის გარშემო სიცრუესა საზღვარი უნდა ჰქონდეს  (კომუნისტი, 9 ოქტომბერი, 1924 წ., N231)

“ქართველ მენშევიკების წარმომადგენლობამ საზღვარ-გარეთ და მეორე ინტერნაციონალმა სრულიად დაჰკარგეს გონება საქართველოში მათი ავანტიურის ასე სამარცხვინოდ დამთავრების გამო. სამი კვირის განმავლობაში გაჰყვიროდნენ თავისი გამარჯვებების შესახებ, აცხადებდნენ, რომ აიღეს ბათომი, ქუთაისი, თბილისი, აჯანყების ცეცხლი დაანთეს მთელს კავკასიაში, განდევნეს წითელი არმია. ეხლა კი ირკვევა, რომ 24 საათით აიღეს ჭიათურა და კიდევ რამოდენიმე მსოფლიო ცენტრი, რომელსაც ვერც ერთ რუქაზე ვერ იპოვნი… ახლა ისინი უარს ამბობენ გამარჯვებულთა როლზე და გამოდიან საბრალო მოტყუებულ მსხვერპლთა როლში…

…ქართველი მშრომელი ხალხი არ წამოეგო კლასობრივად გახრწნილ ავანტიურისტების ბანდის ანკესზე… ნოე ჟორდანიამ და წერეთელმა თავად იზრუნეს იმისათვის, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნილიყვნენ…”

 

მენშევიკთა ავანტიურა საქართველოში  (კომუნისტი, 9 ოქტომბერი, 1924 წ., N231)

(ამხ. მიასნიკოვის სიტყვა თბილისის საბჭოს გაფართოებულ პლენუმზე საქ. ცაკის წევრების თანდასწრებით)

“მენშევიკური ავანტიურა მსოფლიო იმპერიალიზმის ერთი იერიშთაგანია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. - ფრანგი სოციალისტები და მეორე ინტერნაციონალი ხელს უწყობდნენ მენშევიკურ ავანტიურას. - ოსმალეთი არ წამოეგო პროვოკაციის ანკესზე…

…უმთავრესად საფრანგეთი და ამერიკა სცდილობენ საბჭოთა რესპუბლიკის განაპირა კუთხეებში შექმნან ისეთი პირობები ჩვენთვის, რომელმაც ევროპის ბურჟუაზის თვალსაზრისით, შეიძლება გამარჯვება მოუპოვოს მას საბჭოთა ხელისუფლებაზე და ის რაც მოხდა საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ რგოლს იმ ბრძოლის ჯაჭვში, რომელსაც ევროპის თვითმპყრობელი კაპიტალი აწარმოებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ…

…მე უნდა აღვნიშნო, რომ მენშევიკურ ავანტიურის ლიკვიდაცია 3-4 დღის განმავლობაში და სრული მშვიდობიანობის ჩამოგდება, როგორც საქართველოში, ისე ამიერ-კავკასიაშიც, ჩვენ შევძელით იმ კავშირის შემწეობით, რომელიც დამყარდა რამოდენიმე წლის წინეთ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მუშათა და გლეხთა შორის…”

ალექსანდრ მიასნიკოვი (1885-1925), ფსევდონიმი - “მარტუნი” - ბოლშევიკი რევოლუციონერი, პარტიული მოღვაწე. 1922 წლიდან ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე და ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი. კომუნისტური Პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი (1923-1925). 1925 წლის 22 მარტს დაიღუპა თბილისში, ავიაკატასტროფაში ასევე ცნობილ ბოლშევიკებთან, ათარბეკოვთან და მოგილევსკისთან ერთად. ერთი ვერსიით, ეს ავიაკატასტროფა მოწყობილი იყო და ბოლშევიკები მოიშორეს, ხოლო სხვა ვერსიით, ქართველმა პილოტმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საოკუპაციო რეჟიმს, თავი გასწირა და ისინი დახოცა.

ამხ. ფილიპე მახარაძის მოხსენება მენშევიკური ავანტიურის შესახებ  (კომუნისტი, 9 ოქტომბერი, 1924 წ., N231)

“ამ საქმეს შეუდგენ ერთი წლის შემდეგ, რაც აქედან გადაბარგდენ… აქამდე ჩვენ მხოლოდ ვიცოდით რომ ისინი ეწეოდენ მუშაობას, ავრცელებდენ ჭორებს ევროპაში, აქაც რამდენათ შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ამ საქმის მიმდინარეობა…

…მენშევიკები გვეუბნებიან ჩვენ საქართველოს განთავისუფლება გვინდაო. აი ამ ნიადაგზე მოხდა შეკავშირება სხვა და სხვა პარტიების… მათი განზრახვა იყო აღედგინათ საქართველოში დამფუძნებელი კრება ე.ი აღედგინა მენშევიკური წესწყობილება…

უნდა მოგახსენოთ, რომ ისეთი დატყუილება, ისეთი ავანტიურა, რომელიც იქნა აქ ჩადენილი წარმოუდგენელია. ან მეთაურები რას ჩადიან? განა დედამიწის ზურგზე მოიპოვება ისეთი რევოლუციონური პარტია, რომელსაც ებრძოლოს და მეორე დღეს ეთქვას, რომ ჩვენ ავანტიურისტები ვართო? ასეთი რევოლუციონური პარტია არ არსებობს.

ჟორდანია ამბობდა: ირლანდიაში ბრბოები იბრძვიან ინგლისის წინააღმდეგო. ირლანდია მთელი საუკუნოების განმავლობაში იბრძოდა და იბრძვის, თუმცა ახლა შეიცვალა მდგომარეობა იქ ინგლისის წინააღმდეგ, მაგრამ არასოდეს ბელადები არ წამხდარან არ დამცირებულან ისე, არ დაუგმიათ მათი მოქმედება, ისინი ლპებოდნენ საპყრობილოებში, სახრჩობელაზე, მაგრამ არ ამბობდნენ ჩვენი მოქმედება ავანტიურისტულიაო. ჩვენში კი ამას ვხედავთ და ამაზე მეტი დამცირება განა შესაძლებელია… შეიძლება სთქვათ, რომ ეს სიკვდილის შიშის ქვეშ ხდებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არც ერთ რევოლუციონურ პარტიას არ მოსვლია…”

(კომუნისტი, 9 ოქტომბერი, 1924 წ., N231) ფილიპე მახარაძე ფილიპე მახარაძე ფილიპე მახარაძე ფილიპე მახარაძე ფილიპე მახარაძე

ფილიპე მახარაძე (1868-1941) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე. გარდაიცვალა საკუთარი სიკვდილით.

ქართული მენშევიზმი და გლეხობა (კომუნისტი, 4 ნოემბერი, 1924 წ., N253 (1108)

“აგვისტოში მოწყობილ აჯანყების დროს საქართველოს სოციალ-დემოკრატია მთელს თავის იმედებს ამყარებდა გლეხობაზე  იმედები არ გამართლდა და აჯანყება ჩქარა და ადვილად იქნა ჩაქრობილი.

მაგრამ ის ფაქტი, რომ მენშევიკები მთელს თავის იმედებს გლეხობაზე ამყარებდნენ, ამტკიცებს მათ პოლიტიკურ ჭკუამოკლეობას… 

...ჟორდანია ამბობდა: „თუმცა ჩვენ არ უნდა გაგვკვირვებოდა გლეხთა აჯანყებები, მაგრამ ჩვენ იმდენათ დავივიწყეთ მარქსიზმი და იმდენათ დაუჯერეთ ესერების აზრებს, რომ მრავალი ჩვენგანი აქამდე ამ გლეხებს რევოლუციონერებათ სთვლის და უხალისოთ თანხმდებიან რეპრესიული ზომების მიღებაზე მათ წინააღმდეგ...

...მარქსზე დამყარება ჟორდანიას მხრივ, - ეს გაიძვერული ცდაა, რომლის მიზანია საძაგელი კონტრ-რევოლუციონური მოქმედების გამართლება დიდი რევოლუციონერის სახელით...

...ქართველ გლეხებს მშვენივრათ ახსოვთ მენშევიზმის პრაქტიკა, - ისინი პოლიტიკურათ საკმაოთ განვითარებული არიან იმისათვის, რომ შეიგნონ მენშევიკის ძალაუფლება ნამდვილათ ნიშნავს მემამულის და კაპიტალისტის ძალაუფლებას...

…გლეხობა დაიცავს ძლევამოსილ კავშირს მუშათა კლასთან, - მენშევიზმი გაიხრწნება და დალპება დამარცხებულ ბურჟუაზიასთან ერთად.”

ილ. მგელაძე

 

ილარიონ მგელაძე (1890-1941), მეტსახელი - ვარდინი - რევოლუციონერი, ლიტერატორი. 1927 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, როგორც „ტროცკისტული ოპოზიციის“აქტიური წევრი, თუმცა 1928 წელს აღადგინეს. 1935 კვლავ გარიცხეს და ამავე წელს დააპატიმრეს. მისჯილი ჰქონდა 10 წლით პატიმრობა. 1941 წლის 7 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე წლის 27 ივლისს.

განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა (ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი)

“დამოუკიდებლობის კომიტეტი მიმართავს კომიტეტში შემავალ პარტიებს და ყველა იმ შეიარაღებულ რაზმებს, რომელნიც გაიფანტნენ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში და მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს, წინადადებით: დაუყონებლივ ხელი აიღონ არსებულ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებზე, დაშალონ სავსებით ყველა შეიარაღებული ძალები, იარაღი ჩააბარონ მთავრობის ორგანოებს და მთავრობისადმი მორჩილებით შეეცადონ გამოსწორებას იმ უდიდესი უბედურებისა, რომელიც მოუტანა ქართველ ერს ჩვენმა გამოსვლამ. ამის შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტს, როგორც ცენტრში, ისე ადგილობრივათ დაშლილათ ვაცხადებთ.

კომიტეტის თავმჯდომარე კ. ანდრონიკაშვილი, მდივანი ი. [იასონ] ჯავახიშვილი, წევრი მიხ. ბოჭორიშვილი... ხელს აწერენ ასევე ჟ. ჯინორია, მ. იშხნელი.”

 

ახალი საქართველო, 5 ნოემბერი, 1924 წ., N1. პარიზი დდდდდდდდდ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი კონსტანტინე

 

 

-

  

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.