ფაქტები

12 დეკემბრის ანდერძი (1921 წელი)

12 დეკემბერი 2021

1921 წლის 12 დეკემბრის დილას თბილისის სკოლებში სწავლა ჩაიშალა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და ღირსების დემონსტრირება სრულიად მოულოდნელად თბილისელმა მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე - 12 დეკემბერს, 12 საათზე მასობრივი „შატალო“ ნაძალადევის სერზე შეერთდა. 

1917 წლიდან უწყვეტ ომებში დაღუპული მამების, ძმების, ნათესავების ნაცნობის თუ უცნობის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიისა და არმიის ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე, ბავშვური ხმით ნამღერი ტრადიციული სამგლოვიარო ჰიმნისა და „დიდების“ შემდეგ, უცნობი მოსწავლის სიტყვა-მოწოდება გაისმა და სახალხო გვარდიის დღის მეოთხე და უკანასკნელი საჯარო აღნიშვნის ამბის ტრაგიკულ ექოდ დარჩა:

„მამებმა შვილებს ანდერძი დაგვიდეს - ჩვენი ვალია ანდერძი შევასრულოთ და დახოცილ მებრძოლთა ძვლებს ფიცი მივცეთ, ფიცი მტკიცე, უშიშარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ გზას და სამშობლოსა და დემოკრატიისათვის ისევე ერთგულად დავდებთ თავს, როგორც ეს აქ განსვენებულმა მამებმა მოიმოქმედეს. ჩვენი მამები ციხეებში სხედან, ჩვენი მამები ტყეებში და მთებში გახიზნულან, ჩვენი მამები დახოცილები დარჩნენ ბრძოლის ველებზე და დამპყრობლებმა მათ გვამებზე გადმოაბიჯეს, ხოლო მკვდრები ყვავ-ყორნებს დაუტოვეს უპატრონოდ. მთელი ქართველი ერი ძაძებშია შემოსილი და ყოველ ქოხს გლოვა დაუფლებია, დაპყრობილი ქვეყანა გმინავს მონობის უღელქვეშ, ხოლო უცხო ძალები და მოღალატენი დაპატრონებიან ჩვენს საუნჯეს და ურცხვად ძიძგნიან.

დღეს, ქართველი ერის გლოვის მეათე თვის თავზე საქართველოს სახალხო გვარდიის დღეს, ჩვენ აქ მოვედით, რომ მოვიგონოთ დახოცილი მებრძოლები და მამათაგან დადებულ ანდერძს კიდევ ერთხელ შევფიცოთ“.