...
20 ნოემბერი 2019
შეხვედრა მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის (ENRS) დირექტორთან
სიახლეები

20 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) ვიზიტით იმყოფებოდა მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის (ENRS)დირექტორი, რაფალ როგულსკი და წარმომადგენლები უნგრეთიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

 

IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა სტუმრებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულებით.  მან ისაუბრა პროექტებზე, რომლებსაც IDFI 2009 წლიდან ახორციელებს და მოიცავს საარქივო დოკუმენტებისა და ზეპირი ისტორიების შეგროვებას, ბაზების შექმნას, სტატიების წერასა და მათ გავრცელებას ინტერნეტისა და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მეშვეობით. ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებს შორის გამოცემებს და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე, არქივების ღიაობის საერთაშორისო რეიტინგების შექმნასა და საქართველოში არქივების ღიაობის ადვოკატირებაზე. გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს დაბალ ინტერესს აღნიშნული მიმართულებით და იმ პრობლემებს, რომლებსაც ორგანიზაცია თავის საქმიანობაში აწყდება.

 

ENRS–ის მიზანია ხელი შეუწყოს მე–20 საუკუნის ევროპული ისტორიის და მეხსიერების შესწავლას. ორგანიზაცია მხარს უჭერს აკადემიურ კვლევებს, საგანმანათლებლო პროექტებსა და პოპულარიზაციის ღონისძიებებს. ამას ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო მეცნიერთა და ENRS პარტნიორი ინსტიტუტების ქსელის მეშვეობით, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს 34 ქვეყანაში 363 პარტნიორ ორგანიზაციას მოიცავს.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის და მეხსიერების კვლევების მიმართულებით.