სიახლეები

პირველადი მონაცემები აჭარიდან - №6 სამარხში 29 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

04 თებერვალი 2022

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) დელეგაცია ა/წ 24 იანვრიდან ახორციელებს აჭარაში აღმოჩენილი კიდევ ერთი, რიგით მეექვსე  მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხიდან ნეშტების ამოსვენებისა და შესწავლის სამუშაოებს.

 

3 თებერვალს, პოლონელმა სპეციალისტებმა სრულად გახსნეს №6 სამარხი, რის შემდეგაც დაიწყება ნეშტების ამოსვენების პროცესი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ  შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს შედგენილი განაჩენის აღსრულების აქტების შესწავლის შედეგად აღნიშულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას. 

 

დოკუმენტის თანახმად, 1938 წლის 11 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, გოგლიძის მიმართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ზაქარაიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, 1938 წლის 15 მარტს, ღამის 4 საათზე სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა აღასრულეს 29 ადამიანის მიმართ. 

 

ეს ადამიანები იყვნენ:

 

1. აშრაფიანი ფილიპე ივანის ძე -  დაბ. 1868 წ.

2. ასატურიანი არუთუნ გეორგის ძე -  დაბ. 1906 წ.

3. ანდღულაძე ილარიონ იასონის ძე - დაბ. 1887 წ.

4. აბაშიძე ისმაილ ჰუსეინის ძე -  დაბ. 1904 წ.

5. ალეკპეროვი ჰუსეინ ალეკპერის ძე - დაბ. 1869 წ.

6. ბულეიშვილი გერასიმე პეტრეს ძე -  დაბ. 1884 წ.

7. ბატტი მიხაილ მიხაილის ძე -  დაბ. 1868 წ.

8. ვერეშკო ანტონ ანტონის ძე -  დაბ. 1863 წ.

9. გოლიაძე პართენ ამბაკოს ძე -  დაბ. 1878 წ.

10. გაგუა სერაპიონ სიმონის ძე -  დაბ. 1885 წ.

11. გორდელაძე გიორგი იოსების ძე -  დაბ. 1893 წ.

12. გობრონიძე ირაკლი გიორგის ძე -  დაბ. 1883 წ.

13. ერშოვი ევგენი ვასილის ძე -  დაბ. 1890 წ.

14. ჟულჩენკო სიმონ დიმიტრის ძე -  დაბ. 1905 წ.

15. კრომლიდი ფილიპ გეორგის ძე -  დაბ. 1903 წ.

16. ლოპატინი ტიმოფეი პროკოფის ძე -  დაბ. 1892 წ.

17. მხჩიანი არამ გრიგორის ძე -  დაბ. 1898 წ.

18. მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული -  დაბ. 1908 წ.

19. ნიკოლაიშვილი ნიკოლოზ თაყას ძე -  დაბ. 1881 წ.

20. რუსეიშვილი ირაკლი მოსეს ძე -  დაბ. 1897 წ.

21. ტოლმაჩევი დემიან ფიოდორის ძე -  დაბ. 1890 წ.

22. ტანტ-ოღლი მევლუდ აჰმედის ძე -  დაბ. 1892 წ.

23. თოდუა ლეონიდე სიმონის ძე -  დაბ. 1893 წ.

24. ხარაიშვილი სიმონ დავითის ძე -  დაბ. 1895 წ.

25. ხალვაში აბდულა ისკენდერის ძე -  დაბ. 1905 წ.

26. ცეცხლაძე რიზა თემურის ძე -  დაბ. 1917 წ.

27.ცინცაძე გრიგოლ მაქსიმეს ძე -  დაბ. 1905 წ.

28. ჩაგანავა ნილოზი მელიტონის ძე -  დაბ. 1910 წ.

29. ჩხაიძე გედევან ქიშვარდის ძე -  დაბ. 1908 წ.

 

აღმოჩენილ ნეშტებს  ხელები უკან აქვთ შეკრული, ხოლო თავის ქალაზე აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ, საბჭოთა დიდი ტერორის დროს დახვრეტილი ადამიანების თავის ქალებს. გარდა ამისა, სამარხები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს (რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ მიწის ერთიანი მასა გადააყარეს), სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ანალოგიური ადგილების იდენტურია.

 

სამარხებში ასევე აღმოჩენილია 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები). ღილები, სავარცხელი, ბოთლის ნამსხვრევები, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ნარჩენები.

 

ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი. IPN ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია, უახლოეს მომავალში სრულფასოვნად  შეისწავლოს აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილ მსხვერპლთა ნეშტები. 

 

შესწავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ 1938 წლის 15 მარტს დახვრეტილებს შორის ქალიცაა - 30 წლის მანჯგალაძე (პოპოვა) მირა ვალერიანის ასული. მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სამარხის დათარიღება 100%-იანი სიზუსტით.

 

IDFI-ის მიერ არქივებში ჩატარებული კვლევით, 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად (როგორიც არის კულაკური ოპერაცია, სტალინური სიები, ნაციონალური ოპერაციები და სხვა) აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს. კვლევით დადგინდა, რომ ამ 1050 ადამიანს შორის იყო 11 ქალი. 

 

IDFI თვლის, რომ აუცილებელია წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანია მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაშიც უნდა ჩაერთოს მთავრობა, სასულიერო პირები, სპეციალისტები და საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, რათა აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ.

 

             

 

მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.