სიახლეები

პროექტის - "ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის" - ფარგლებში გორის ახალგაზრდობასთან სადისკუსიო შეხვედრები შედგა

23 თებერვალი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები, პროექტის - „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ - შეხვდნენ გორის სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს. 2022 წლის 18 თებერვალს შეხვედრა გაიმართა გორის ფოტოგრაფთა კლუბის საგამოფენო სივრცეში, ხოლო 21 თებერვალს - ვერხვების დასახლებაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებთან.

 

შეხვედრაზე გორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს გორის ისტორიაზე, გამორჩეულ ადგილებსა და პიროვნებებზე. გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ქალაქის წარსული და თანამედროვე მნიშვნელობის შესახებ. გორის ღირსშესანიშნავ და ნაკლებად ცნობილ ადგილებს შორის გამოყვეს ის ლოკაციები, რომელთაც მათი აზრით ქალაქის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში  მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. ისაუბრეს გორში მოღვაწე პიროვნებებზე: მხატვრებზე, მწერლებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე.

 

შეხვედრის განმავლობაში IDFI-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს პროექტის სამომავლო გეგმები. ახალგაზრდებმა გამოთქვეს ინიციატივა პროექტში აქტიურობისა და ჩართულობის შესახებ, რაც პროექტის ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტი იანვარში დაიწყო და მიზნად ისახავს გორისა და შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობის ზეპირი ისტორიების შეგროვება, საარქივო მასალის მოძიება და ანალიზი, ქალაქ გორის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის” შექმნა.

 

პროექტში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ორგანიზაციების, „გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და „ფოტოგრაფთა კლუბის“, წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო ლივინსტრონსა და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან” (Sovlab) თანამშრომლობით.

 

 

პროექტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.

 

ფოტო გალერეა იხილეთ აქ