სიახლეები

გორისა და ქარელის რაიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაoმართა

26 აპრილი 2022

 

2022 წლის  20 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის  „სოლიდარობის ბრენდინგი - შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების ახლოს მცხოვრები მეწარმეების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA)  ერთად გორისა და ქარელის რაიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის მეორე შეხვედრა გამართა და მათ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო.

 

შეხვედრები გაიმართა ცერონისში, ავლევში, ქვემო ნიქოზსა და პატარა გარეჯვარში, სადაც, საოკუპაციო ხაზიდან 800 მეტრში, მეწარმეებს სასათბურე მეურნეობა აქვთ გაშენებული და სხვადასხვა ტიპის კულტურა მოჰყავთ.

 

შეხვედრაზე მეწარმეებმა ისაუბრეს თავიანთი პროდუქციის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ ძირითად საფრთხეებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც უარყოფითად აისახება რეალიზაციასა და, ზოგადად, მათ სამეწარმეო საქმიანობაზე. ასევე ხაზი გაუსვეს ექსპორტის აუცილებლობას ევროკავშირის ქვეყნებში, რაც რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების გარანტია.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ბენეფიციარებს პროექტის დეტალები გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გმირობს ტოლფასია მათი საქმიანობა, რომელსაც რუსი სამხედროების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციისა და გატაცების მუდმივი შიშის მიუხედავად მაინც ახორციელებენ.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია, ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გახადოს რუსული მტრული გავლენის მიმართ. ამისათვის პროექტის ამოცანაა, ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას.

 

პროექტში ასევე ჩართულნი არიან კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონისა“ და გორის ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით.