...
17 ოქტომბერი 2022
IDFI-მ ოზურგეთსა და ხონში რეპრესირებულთა შესახებ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გამართა
სიახლეები

 

2022 წლის 11-12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან“ თანამშრომლობით ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

აღნიშნული შეხვედრა ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავლის" ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძე მიესალმა და რეპრესირებულთა თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ხონის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამართულ ღონისძიებას კი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, ადგილობრივი მედია, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საბჭოთა პერიოდის მახასიათებლები, მასშტაბური რეპრესიების მიმდინარეობის ეტაპები, რეპრესიებს შეწირული ადამიანების ბედი და საქართველოში, მასობრივი სამარხების გახსნისა და ნეშტების იდენტიფიცირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხების თემაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 7 ლარს შეადგენს.

 

რეპრესირებულთა საკითხის მიმოხილვის შემდეგ „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა. ფილმში ასახულია ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნი N6 სამარხის გახსნის პროცედურები, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მიერ განხორციელებული სამუშაოები და ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილის ისტორია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში მოიძებნება საშუალება, რათა მისი დნმ მასალა შედარდეს N6 სამარხში აღმოჩენილ 29 ადამიანის დნმ-თან.

 

შეხვედრების ბოლოს გაიმართა დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინა საპრეზენტაციო თემის ირგვლივ.

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.