სიახლეები

თანამედროვე რუსული დეზინფორმაცია - IDFI-მ მარნეულის ამერიკულ კუთხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

11 მაისი 2022

 

2022 წლის 11 მაისს, მარნეულში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მარნეულის ამერიკული კუთხის ორგანიზებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა თემაზე - „საბჭოთა პროპაგანდა და ინფორმაციული ომი, როგორც მისი მემკვიდრეობა“.

 

აღნიშნულ შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარი შეეხო რუსული პროპაგანდის ძირითად მარკერებსა და მიზნებს, საბჭოთა კავშირის განდიდებასა და მის როლს თანამედროვეობაში, ქართველებისადმი დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთში. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რუსული მასობრივი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ტენდენციების  მაგალითები, მათი გავრცელების მასშტაბი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე გამოწვევები რუსული პროპაგანდისა და ინფორმაციული ომის ფონზე. მან ხაზი გაუსვა, რომ გაყალბებული ისტორიული ნარატივების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში არსებული მავნე აქტორების მიერაც. გავრცელების ფორმები და მეთოდები კი ძალიან ჰგავს რუსული პროპაგანდის „იდეოლოგიურ ღრუბელს“, რომელიც მიმართულია ისტორიის რეინტერპრეტაციისა და კრემლის რიტორიკის კვალდაკვალ. ანტონ ვაჭარაძემ ასევე ისაუბრა მოქალაქეებისა და მედიის პასუხისმგებლობაზე ფაქტების გადამოწმებასთან მიმართებით.

 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მათთვის საინტერესო კითხვები ღიად დააფიქსირეს. დისკუსია გაიმართა ფართო საინფორმაციო ჭრილში.

 

მარნეულის ამერიკულმა კუთხემ მზაობა გამოხატა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) სამომავლო თანამშრომლობაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.