...
09 აპრილი 2019
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების საკითხი საქართველოში
ადვოკატირება

საბჭოთა კავშირის დროინდელი რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ადგილმდებარეობის აღმოჩენა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რიგ ქვეყნებში აღნიშნული პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, აღმოჩენილია არაერთი მასობრივი სამარხი და რეპრესირებულთა ხსოვნის პატივსაცემად მოწყობილია მემორიალები. საბჭოთა პერიოდში საქართველოში ფართომასშტაბიანი რეპრესიები ხორციელდებოდა, რომლებმაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში სამარხების აღმოჩენის და მემორიალების შექმნის პრეცედენტი, ფაქტობრივად, არ გვქონია. რეპრესირებულთა საფლავებისა და ნეშტების ძიება, ძირითადად, წარუმატებლად სრულდებოდა, რადგან 1990-იან წლებში, ძიებისათვის აუცილებელი არქივების დიდი ნაწილი განადგურდა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2009 წლიდან მუშაობს საბჭოთა რეპრესიების თემაზე. 2012 წელს გამოვაქვეყნეთ სტატია 1937-1938 წლების სტალინური რეპრესიების შესახებ, სადაც დეტალურად შევეცადეთ აღგვეწერა თუ როგორ და სად ხორციელდებოდა დახვრეტები. ორგანიზაციამ შეაგროვა ინფორმაცია 3600-ზე მეტი რეპრესირებული ადამიანის შესახებ და შექმნა ე.წ. „სტალინური სიების“ ბაზა. IDFI მუშაობს მასობრივი სამარხების ადგილმდებარეობის დაზუსტებაზეც.


რეპრესიების შესწავლისათვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს, 2019 წლის 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ ქ. ბათუმთან, ხელვაჩაურში მიკვლეული მასობრივი დახვრეტის ადგილი, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი.


გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: 


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა“.


განცხადებას ერთვის 50-მდე ფოტო, რომელიც ასახავს მიცვალებულთა ნეშტების მდგომარეობას, ასევე რამდენიმე შემორჩენილ ნივთს, მათ შორის ტყვიის მასრებსა და ხურდა ფულს.

 

  

 

5 აპრილსვე, რეპრესიების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა სამარხი საერთოდ არ ეკუთვნოდათ რეპრესირებულებს და ამ ადგილას თურქი ჯარისკაცების ნეშტები შეიძლება ყოფილიყო. განცხადებას 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პასუხი მოჰყვა, სადაც ვკითხულობთ:


„აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდათ არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების). 


დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები.


სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ”.


ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის და ფოტოების გაცნობის საფუძველზე IDFI მიიჩნევს, რომ დეტალური შესწავლის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სამარხი ე.წ. "სტალინური სიებით" დახვრეტილი ადამიანების დასაფლავების ადგილს, რადგან "სტალინურის" გარდა 1930-იან წლებში რეპრესიების სხვა ოპერაციებიც (კულაკური, ეროვნული, ე.წ. „სამეულების“) ჩატარდა, რომელმაც აჭარაში ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება დნმ ანალიზის ჩატარება რის საფუძველზეც დადგინდება, ეკუთვნოდათ თუ არა აღნიშნული სამარხი ე.წ. „სტალინური სიებით“ რეპრესირებულ ადამიანებს.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, აჭარის მთავრობასა და ყველა იმ საჯარო უწყებას, რომელიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას სამარხის შესახებ, პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოთ პროფესიონალი ისტორიკოსები და მკვლევრები. სამწუხაროა, რომ IDFI-ის და რეპრესიების თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებსა თუ ისტორიკოსების ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება ადგილზე ემუშავათ და ზუსტად დაედგინათ, თუ რა ტიპის სამარხი იყო აღმოჩენილი. კვალიფიციური კვლევის გარეშე, ნეშტების დამარხვის შემთხვევაში, გაჩნდება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა. შსს-ს არქივში დაცული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, მაღალი იქნებოდა იმის ალბათობა, რომ დაგვედგინა, თუ რომელი კონკრეტული სიით რეპრესირებულთა სამარხია აღმოჩენილი. ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული სიაც, რომელიც რეპრესირებული 608 ადამიანს სახელსა და გვარს მოიცავს არასრულია, რადგან მასში არ ფიგურირებს ე.წ. "სტალინური სიებით" და სხვა ოპერაციებით გასამართლებული ბევრი ადამიანის ვინაობა. ცხედრებისთვის პატივის მიგება და მათი დაკრძალვა მნიშვნელოვანია, თუმცა ამან არ უნდა დააზარალოს სამეცნიერო-კვლევითი და ზოგადად ის მაღალი საჯარო ინტერესი, რომელიც ამ თემის გარშემო არსებობს. 

 

IDFI გამოთქვამს მზადყოფნას, თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ახლად აღმოჩენილი სამარხებისა თუ შემონახული არტეფაქტების კვლევაში და ამისთვის გამოიყენოს თავისი კომპეტენცია, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსები, რეპრესირებულთა მონაცემთა ბაზები და სხვა საშუალებები.


გთავაზობთ საქართველოს შსს არქივში დაცულ რამდენიმე საარქივო დოკუმენტს 1937-1938 წლებში ბათუმში განხორციელებული რეპრესიების შესახებ.


1-2. 1938 წლის 8 იანვრის წერილი აჭარის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ჯინჯოლიასადმი 19 გასამართლებულის სიკვდილით დასჯის თაობაზე

 

 

 

 

3. საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის 27 სექტემბრის ოქმი აჭარაში კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის დახვრეტის, ხოლო 3-ისთვის პატიმრობის მისჯის თაობაზე.

 

  

დოკუმენტს ხელს აწერს ლავრენტი პავლეს-ძე ბერია. 

 

აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლო პროცესი ფორმალობას წარმოადგენდა, ხოლო პიროვნებებისთვის განაჩენი პარტიის საიდუმლო სხდომებზე გამოჰქონდათ

 

 

4. 1937 წლის 18 ნოემბრის აქტი: ჰუსეინ ასაცბას, იოსებ ცეცხლაძის და მიხეილ აფხაზავას დახვრეტის თაობაზე

 

 

 


5. 1938 წლის 16 ოქტომბრის აქტი, განსაკუთრებული სამეულის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის და 12 გასამართლებული პიროვნების დახვრეტის თაობაზე

 

 

 

 

___

 

თეზისების კრებულის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

09.04.2019