...
24 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო არქივების ღიაობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: IDFI-მ ახალი ვებგვერდისა და კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა
ადვოკატირება

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის - www.Open-Archives.org - პრეზენტაცია გამართა.


შეხვედრა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გახსნა. მან მიმოიხილა ის მიღწევები და გამოწვევები, რაც არქივების ღიაობის კუთხით არსებობს საქართველოში. გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვებგვერდის ტექნიკური შესაძლებლობები და ასევე ისაუბრა იმ საინტერესო მონაცემებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ წარმოადგინა IDFI-ის და მისი პარტნიორების, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე ისტორიკოსების და მკვლევრების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგები. კვლევაში წარმოდგენილია 10 ქვეყნის 18 სახელმწიფო არქივის ღიაობის და ხელმისაწვდომობის ხარისხი. დოკუმენტი ემყარება IDFI-ისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც 5 კომპონენტისგან შედგება: საარქივო კანონმდებლობა, არქივებთან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობა, საარქივო სერვისები, არქივის ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი.


თითოეულ ქვეყანაში, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა, შეფასდა ორი არქივი: ერთი – ქვეყნის ძირითადი არქივი (ეროვნული ან საისტორიო არქივი), ხოლო მეორე – ძალოვანი სტრუქტურის არქივი. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში 2-2 არქივის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან მკვლევრებს ძალოვანი არქივის შეფასების საშუალება ფიზიკურად არ მიეცათ,“ - აღნიშნა ანტონ ვაჭარაძემ.


შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად. არქივები, რომლებმაც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს, შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, წერილობით განმარტავენ დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებს.

 

უმეტესწილად, ძალოვანი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის არქივებს არ აქვთ თავისი საკუთარი ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი, შესაბამისად, მათი ღიაობის პროცენტი ძალიან დაბალია.

 

18-იდან მხოლოდ 2 არქივის სამკითხველო დარბაზშია შესაძლებელი საკუთარი ფოტოაპარატით საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება.

 

 

ღონისძიების ფოტო ალბომი იხილეთ აქ