...
31 ოქტომბერი 2018
სახელმწიფო არქივების ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში
ადვოკატირება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია საზოგადოების ინსტიტუტის - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური დახმარებით შექმნა მკვლევართა ქსელი, რომელმაც შეიმუშავა სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგია და ამ მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასეს 10 ქვეყნის 20 სახელმწიფო არქივის ღიაობა [2017 წლის 1 ნოემბრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრამდე].

 

მეთოდოლოგია 5 კომპონენტისგან შედგება

 

- საარქივო კანონმდებლობა - რამდენად არის საარქივო კანონმდებლობით გარანტირებული სახელმწიფო არქივების ღიაობა და მათთან წვდომა;

 

- არქივებთან დაკავშირებული სხვა კანონმდებლობა - რამდენად არის გარანტირებული სახელმწიფო არქივების ღიაობა და მათთან წვდომა ქვეყნის სხვა ძირითადი კანონებით;

 

- საარქივო სერვისები - რამდენად გამართული და ხელმისაწვდომია საარქივო სერვისების მიწოდება;

 

- არქივის ვებგვერდი - პასუხობს თუ არა ვებგვერდი თანამედროვე გამოწვევებს და გამოსადეგია თუ არა მომხმარებლებისთვის;

 

- სამკითხველო (მკვლევართა) დარბაზი - როგორია არქივის სამკითხველო დარბაზში მუშაობის პრაქტიკა და შიდა რეგულაციები.

 

სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასებამ გამოავლინა, რომ:


- საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად;


- არქივებში, რომლებმაც უფრო მაღალი შედეგი აჩვენა, არ განსხვავდება მკვლევრებთან ურთიერთობის პირობები მოქალაქეობის მიხედვით;

 

- ღია არქივები შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, წერილობით განმარტავენ დარბაზში არდაშვების ან დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებს, ნაკლებად ღია არქივები ასეთ შემთხვევებში მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლებიან;

 

- ძალოვანი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების არქივების უმეტესობას არ აქვთ ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი, შესაბამისად მათი ღიაობის პროცენტი ძალიან დაბალია. გამონაკლისს წარმოადგენს უკრაინის და საქართველოს შემთხვევები, სადაც მსგავსი არქივები ღიაობის კუთხით მოწინავე პოზიციებზე დგანან;

 

- 20-იდან მხოლოდ 2 არქივის სამკითხველო დარბაზშია შესაძლებელი საკუთარი ფოტოაპარატის საშუალებით საარქივო დოკუმენტების ფოტოგადაღება.