...
23 აპრილი 2019
IDFI-ის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არქივების მეტი გამჭვირვალობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
ადვოკატირება

 

მართალია, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე აცხადებს, რომ ამკვიდრებს ღიაობის და გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტებს მმართველობის ყველა სფეროში, უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ, საქართველოში დაწესებულია გამორჩეულად თვალსაჩინო შემზღუდველი რეგულაციები.

 

ეს საკითხი პრობლემურია იქიდან გამომდინარეც, რომ შედეგად, საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დაინტერესებულია ისტორიული თუ საბჭოთა კვლევებით, ექმნება სხვადასხვა დაბრკოლება, რომ გაეცნოს საარქივო მასალებს და მოხდეს წარსულის სწორი გააზრება. IDFI-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში გაუმჯობესდეს საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, ამ მიზნით კი, პირველ რიგში, განსახორციელებელია შესაბამისი ცვლილებები და დამატებები მოქმედ კანონმდებლობაში.

 

აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI), 2019 წლის 10 აპრილს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი არქივების ღიაობა?

 

ღიაობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული პრინციპებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოების განვითარება. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, ინფორმაციაზე წვდომა, არქივების გახსნილობა და საარქივო დოკუმენტების გასაჯაროება რიგი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გაეცნოს და გაიაზროს ისტორია და ტოტალიტარული წარსული.

 

გარდა საბჭოთა რეპრესიული სისტემის მასალებისა, საქართველოში დაცული არქივები უმდიდრესია თავისი შინაარსით და სამეცნიერო მნიშვნელობით: განსაკუთრებით მდიდარ მასალას ინახავს საქართველოს ეროვნული არქივი, დაწესებულებაში დაცულია დოკუმენტები IX საუკუნიდან დღემდე. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს XIX-XX საუკუნის საარქივო ფონდები, რადგან ამ პერიოდში, თბილისი კავკასიის ადმინისტრაციულ და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა. ის მეცნიერები, ვისაც სურთ შეისწავლონ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის სამხრეთი, იმპერიის დიპლომატიურ ურთიერთობები, კავკასიური პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, აუცილებლად მოუწევთ საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში მუშაობა.


რატომ გახდა საჭირო კანონპროექტის ინიცირება? რაში ხედავს IDFI მთავარ პრობლემას?

 

IDFI დაარსების დღიდან მუშაობს არქივების ღიაობის და ხელმისაწვდომობის საკითხზე. 2018 წელს, IDFI-მ შეისწავლა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, რის საფუძველზეც დაიწერა კვლევა, სადაც აღწერილია ის საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია საქართველოს არქივების მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

 

პერსონალური საიდუმლოება:


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი“ და „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს პერსონალურ მონაცემთა შემცველ დოკუმენტებზე წვდომის მეტად შემზღუდველ რეგულაციებს. ამ მხრივ, საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით უზრუნველყოფილი არაა. ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და განზოგადების გარეშე შეუძლებელია აღვადგინოთ წარსულის ის მოვლენები, რომელთა ანალიზიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საზოგადოებისთვის. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, საარქივო დაწესებულებები უარს ამბობენ [1] გასცენ 1944 წლის შემდეგ შექმნილი დოკუმენტები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, რადგან არ არის გასული 75 წელი მათი შექმნიდან. 1944 წლის შემდეგ კი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებს ჰქონდა ადგილი:


- მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლები;


- 1956 წლის 5-9 მარტის და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები;


- მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის სხვა დისიდენტების საქმეები;


- 1989 წლის 9 აპრილი და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება;


- ზოგადად, 1944 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ: დაპატიმრება, იძულებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოკეტვა, სასამართლო პროცესები, დევნა და ა.შ.


კერძოდ, თუ ისტორიკოსი მოისურვებს, სრულფასოვნად შეისწავლოს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და დაწეროს მონოგრაფია, მას მოუწევს 2064 წლამდე მოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საარქივო დაწესებულებები უარს განაცხადებენ გასცენ დოკუმენტები პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

 

კანონის სხვა ჩანაწერის მიხედვით, საქმეების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მასში ნახსენები პიროვნებები 30 წელს მეტი ხნის გარდაცვლილები არიან. ამ შემთხვევაში, საარქივო დაწესებულება ითხოვს აღნიშნულის დოკუმენტურ დადასტურებას და მათთან გარდაცვალების ცნობების წარდგენას, რაც ხშირად აბსურდულ მომენტებსაც კი იწვევს: საარქივო კვლევისას მკვლევარი იყენებს ასობით დოკუმენტს, სადაც შესაძლოა დაფიქსირებული იყოს 1000-ობით ადამიანის სახელი და გვარი. არსებობს პრაქტიკული შემთხვევები, როდესაც ეროვნულმა არქივმა მოითხოვა საარქივო საქმეებში დაფიქსირებული რამდენიმე ასეული პიროვნების გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის წარდგენა, რაც ბუნებრივია მკვლევრისთვის/ ისტორიკოსისთვის შეუძლებელია.

 

არქივში მკვლევართა დაშვება:


IDFI-ის შეფასებით, კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ განსაზღვრავს არქივების გამოყენების ზოგად პრინციპებს, შედეგად ეროვნული საარქივო ფონდის ხელმძღვანელ პირებს მინიჭებული აქვთ ფართო დისკრეციული უფლებამოსილება საარქივო დოკუმენტებზე დაშვების ვადებისა და პროცედურების განსაზღვრისას, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებლად იზღუდება მკვლევართა უფლება ხელი მიუწვდებოდეთ ისტორიულ საარქივო დოკუმენტებზე. არქივებთან დაშვების საკუთარი შეხედულებით რეგულირების მანკიერი პრაქტიკა დანერგილია და განსაკუთრებით თვალშისაცემია ჩვენ მიერ ნახსენებ საქართველოს ეროვნულ არქივში: დარბაზში მკვლევრის დაშვება ხდება შეუსაბამოდ ხანგრძლივი პერიოდის - წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დაშვების შემდეგ 1 დღე ესაჭიროება საარქივო ფონდების აღწერის დოკუმენტების მიღებას, ხოლო სასურველი საქმეების შერჩევის შემდეგ მკვლევარი სასურველ დოკუმენტს იღებს 3 სამუშაო დღის შემდეგ. მარტივად რომ შევკრიბოთ, არქივის მკვლევარი 1 დოკუმენტს შეიძლება ელოდოს 9(!) სამუშაო დღე. თანამედროვე სამყაროში აღნიშნული ვადა წარმოუდგენლად დიდია, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული არქივის სამკითხველო დარბაზით წელიწადში 100-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს და მათთვის თითოეული ლოდინის დღე ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

 

ეროვნულ არქივთან მიმართებაში ვაწყდებით უფრო სერიოზულ გამოწვევასაც: ბოლო ორი წლის მანძილზე, უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივში“ მათ პრობლემები შეექმნათ საარქივო დოკუმენტებთან დაშვებაზე და არ მიეცათ მკვლევართა დარბაზში მუშაობის უფლება [2]. აღნიშნულ საკითხზე უარის სამართლებრივი განმარტება კი შესაბამისი უფლებამოსილი პირებისგან ვერ მიიღეს. საჯარო განცხადების გარდა, უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ IDFI-ის მიწერა მსგავსი პრობლემის შესახებ, თუმცა სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით კონფიდენციალურად დარჩენა ამჯობინა. საქართველოს ეროვნული არქივი ან მისი ზემდგომი ორგანო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასეთი პოლიტიკით ეჭვქვეშ აყენებს არქივის რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის დაწესებულების საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენ მკვლევარს და რა მიზეზით შეეზღუდა წვდომა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე. განცხადებას არ მოჰყოლია რაიმე ქმედების განხორციელება საქართველოს ეროვნული არქივის მხრიდან, რის გამოც საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით IDFI-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და დაავალა სსიპ ეროვნულ არქივს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართათვის არქივში დაშვების უარის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ძირითად არქივებში არ არის ხელმისაწვდომი დაზიანებული თუ დაკარგული საქმეების სია, რაც, თავის მხრივ, ზრდის საქმეების თვითნებური განკარგვის შესაძლებლობას. მკვლევრები მიუთითებენ ამის პრაქტიკაში გამოყენებასაც, როდესაც მათ უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ საქმე დაზიანებულია [3]. მნიშვნელოვანი, რომ ასეთი სიების არსებობა, რადგან ეროვნული საარქივო ფონდის თითოეული დოკუმენტი არის სახელმწიფოს და არა რომელიმე საარქივო დაწესებულების ექსკლუზიური საკუთრება.

 

ასლის გადაღების საფასური და დოკუმენტის ფოტო გადაღება


კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში და შსს არქივებში მოქმედებს ასლის გადაღების მაღალი საფასური, ხოლო საარქივო დოკუმენტის ფოტო-გადაღება საკუთარი ტექნიკური საშუალებით აკრძალულია სამკითხველო დარბაზში აკრძალულია. აღნიშნული პრაქტიკა მსგავსია მოლდოვას, ბელარუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უზბეკეთის სახელმწიფო არქივებშიც, ხოლო უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის არქივებში ფოტოგადაღება ნებადართულია. ფოტოაპარატის გამოყენება დაშვებულია განვითარებული დასავლური სახელმწიფოების ეროვნულ არქივებში. 2015 წლიდან საკუთარი ტექნიკური საშუალებით ფოტოგადაღება დაშვებულია ლიტვის [4] და ლატვიის [5] არქივებში. ესტონეთში აღნიშნული მიმართულებით რეგულაციები კანონსა და კანონქვემდებარე აქტებში არ არის დაფიქსირებული, თუმცა ესტონეთის არქივების სამკითხველო დარბაზებში ფოტოგადაღება შეზღუდული არ არის. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს თუ მაგალითად მოვიყვანთ, ფოტოგადაღება ნაწილობრივ დაშვებულია გერმანიის სახელმწიფო არქივებში [6], სადაც განსაზღვრულია დოკუმენტების კატეგორიები. ფოტოგადაღება დაშვებულია დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, პორტუგალიის და აშშ-ს ეროვნული არქივები [7]. აშშ-ს ეროვნულ არქივში გარდა ფოტოკამერისა დაშვებულია ასევე პორტატული სკანერის გამოყენებაც [8].


საქართველოს არქივებში მოქმედი ზემოთაღნიშნული რეგულაციები გარკვეულწილად შემაფერხებელია მკვლევართათვის, რომ იმუშაონ საარქივო დოკუმენტებზე, რადგან მკვლევართა უმეტესობა სტუდენტია, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, აქვთ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები. ამასთან ერთად, ფოტო-გადაღების დაშვება ასევე დაზოგავს, როგორც მკვლევრის, ასევე არქივის თანამშრომელთა დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული არქივის დარბაზში ასლების გადაღებიდან მიღებული წლიური შემოსავალი საშუალოდ 20.000-30.000 ლარია, ხოლო ეს ციფრი გაცილებით ნაკლებია შსს არქივის შემთხვევაში. ეს შემოსავალი არანაირად არ არის კრიტიკული არქივების ფუნქციონირებისთვის, ხოლო არქივებში მკვლევართა მოსაზიდად და მეცნიერების განსავითარებლად კი წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ დაბრკოლებას.


რა სარგებელს მოიტანს IDFI მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები?

 

ჩვენს მიერ ნახსენები პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებებით და მათი საარქივო დაწესებულების მიერ პრაქტიკაში დანერგვით. მოცემული კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და მათ საფუძველზე დანერგილი მანკიერი პრაქტიკა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

ჩვენ მოვახდინეთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება რამდენიმე მიმართულებით:

 

- ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ სახელმწიფო საიდუმლოების, პერსონალურ მონაცემთა (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა) შემცველი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა სამეცნიერო-კვლევით მიზნებისთვის;


- ეროვნულ საარქივო ფონდებზე დაშვების შესახებ განცხადებათა განხილვის ვადებისა და განცხადებათა აღრიცხვის ვალდებულების კანონის დონეზე დარეგულირება;


- სამკითხველო დარბაზში დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება;


- დაზიანებული და დაკარგული საქმეების სიის საჯაროობა.


პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მიღების შემთხვევაში საზოგადოება, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დაინტერესებულია ისტორიული თუ საბჭოთა კვლევების საკითხით, შეძლებენ გაცილებით მარტივად და დაბრკოლებების გარეშე გაეცნონ საარქივო დოკუმენტებს.

 

საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები შედეგად მოიტანს სამეცნიერო საქმიანობის გაფართოებას, საქართველოში უფრო მეტი მკვლევრის ვიზიტს და ქვეყნის ისტორიის იმ მნიშვნელოვანი დეტალების გამოაშკარავებას, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო მასშტაბით, ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით საქართველო დაიკავებს სათანადო ადგილს იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავისი არქივების ხელმისაწვდომობით მაქსიმალურად უწყობენ ხელს მეცნიერების განვითარებას.

 

 

[1] http://magastimes.ru/obrashhenie-bersnako-gazikova-k-prezidentu-akademii-nauk-gruzii-georgiyu-kvesitadze/
https://www.kavkazr.com/a/intriga-vokrug-gruzinskogo-arhiva/28765909.html
https://www.kavkaz-uzel.eu/articles/310286/
https://riaderbent.ru/urozhentsam-severnogo-kavkaza-zakryli-dostup-v-arhiv-gruzii.html

 

[2] http://www.archyvai.lt/en/accessandservice.html

 

[3] https://www.arhivi.gov.lv/files/files/Ieksejie%20normativie%20akti/amended%20regulations.pdf

 

[4] http://www.bundesarchiv.de/DE/Content/Artikel/Ueber-uns/Rechtsgrundlagen/Weitere-Rechtsgrundlagen/rechtsgrundlagen_benutzersaalordnung-fuer-das-bundesarchiv-neu.html

 

[5] http://www.nationalarchives.gov.uk/about/visit-us/researching-here/can-take-reading-rooms/ http://www.archives.go.jp/english/gettingstarted/guide.html
http://antt.dglab.gov.pt/servicos/leitura-e-referencia/
http://www.naa.gov.au/collection/fact-sheets/fs230.aspx

 

[6] https://www.archives.gov/faqs

 

[7] მაგალითისთვის იხილეთ: http://www.tabula.ge/ge/story/141494-arqivi-sovlabsteroris-msxverplta-reabilitaciis-katalogis-gacnobis-uflebas-ar-adzlevs

 

[8] მაგალითისათვის იხილეთ კვლევა - Open Access to the KGB Archives in the Eastern Partnership (‘Georgia’), Kyiv, 2017