საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 30 აგვისტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე (N1-7153/19; 10.04.2019).
საკანონმდებლო წინადადებები ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით:
- ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ სახელმწიფო საიდუმლოების, პერსონალურ მონაცემთა (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა) შემცველი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა სამეცნიერო-კვლევით მიზნებისთვის;
- ეროვნულ საარქივო ფონდებზე დაშვების შესახებ განცხადებათა განხილვის ვადებისა და განცხადებათა აღრიცხვის ვალდებულების კანონის დონეზე დარეგულირება;
- სამკითხველო დარბაზში დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება;
- დაზიანებული და დაკარგული საქმეების სიის საჯაროობა.
კომიტეტის სხდომას დაესწრო IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და თავის გამოსვლაში ისაუბრა არქივების ღიაობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში. მისი თქმით, IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ხარვეზები, რომლებიც საქართველოს მკვლევრებს საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაშვების მისაღებად ესაჭიროებათ არაპროპორციულად დიდი დრო, ხოლო ეროვნული არქივი თავისი შეხედულებისამებრ, დასაბუთების გარეშე წყვეტს უთხრას თუ არა თანხმობა მკვლევარს საარქივო დოკუმენტებთან დაშვებაზე. განსაკუთრებით პრობლემურია სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების ფოტოასლის გაკეთების აკრძალვა მკვლევრის აპარატის საშუალებით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საარქივო დოკუმენტის ფოტოასლის გაკეთების ოფიციალური მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია. გიორგი კლდიაშვილის თქმით, ინიცირებული კანონპროექტის ერთადერთი მიზანი გახლდათ საარქივო კვლევების ხელშეწყობა, რაც უმნიშვნელოვანესია წარსულის, განსაკუთრებით საბჭოთა ტოტალიტარული ეპოქის შესწავლის კუთხით და პირდაპირ უკავშირდება ისეთ აუცილებელ თემებს, როგორებიცაა ლუსტრაცია, საბჭოთა წარსულის გააზრება და დესოვიეტიზაცია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საკითხის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოებას საკითხის წამოწევისთვის და განხილვაში მონაწილეობისთვის. თავმჯდომარის შემდეგ პოზიციები დააფიქსირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი გიგუაშვილმა და მანაც ისაუბრა წარმოდგენილი ცვლილებების ღირებულების შესახებ, რის საბოლოო მიზანიც გახლდათ სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა.
იურიდიული კომიტეტის მთავარი მოტივაცია კანონპროექტის ამ სახით მიუღებლობის თაობაზე გახლდათ ის, რომ სამეცნიერო-კვლევითი მიზნის შემთხვევაში, მკვლევარს პრაქტიკულად უჩნდება შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე და პირის პერსონალურ მონაცემებზე და წარდგენილი პროექტი ამ ნაწილში არის გარკვეული რისკების მატარებელი.
IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და იურიდიული კომიტეტის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს პოზიცია იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიზანი არ ყოფილა პერსონალურ მონაცემთა და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების საკითხის ღიად დატოვება და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა მოხდეს მუხლების გადამუშავება, ტერმინებისა და პრინციპების მკაფიო და ზუსტი ფორმულირება და კანონპროექტის ხელახლა წარდგენა.
აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა დამსწრეებს გააცნო იუსტიციის სამინისტროს პოზიცია დარბაზში ფოტოგადაღების დაშვების თაობაზე. გიორგი გიგუაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, „რომ ასეთი ფორმით გადაღება შესაძლებელია რისკის მატარებელი იყოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან მას არ ექნება ეგრეთ წოდებული წყლის დამცავი ნიშანი ან შტამპი, ასევე შეიძლება მოხდეს მისი დაზიანება“. IDFI არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და აღნიშნავს, რომ დარბაზებში თავისუფალი ფოტოგადაღება დაშვებულია მსოფლიოს წამყვან არქივებში (იხ. ინფორმაცია ჩვენს სტატიაში), არცერთ ამ არქივში ეს საკითხი არ განიხილება დოკუმენტის დაზიანების რისკად და დოკუმენტის დაზიანება ფოტოგადაღებისას გამორიცხულია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც სამკითხველო დარბაზში არის არქივის თანამშრომელი და ის აკონტროლებს აღნიშნულ პროცესს.
IDFI წლებია მუშაობს არქივების ღიაობის მიმართულებით. ამ მხრივ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ. მოპასუხე მხარეს დაევალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.
მოცემული დავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა სტატისტიკური ინფორმაციის შექმნა და გაცემა. ამასთან მან ხაზი გაუსვა საარქივო ფონდებთან დაშვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გააგრძელებს საქართველოს პარლამენტთან და ყველა დაინტერესებულ უწყებასთან მუშაობას არქივების მარეგულირებელი კანონმდებლობის და არქივების გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე.