...
06 დეკემბერი 2019
რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები
ადვოკატირება

5-6 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა “(IDFI) რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივების დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა.

 

”სახელმწიფო არქივების ღიაობა და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ტოტალიტარული წარსული და ჯერ კიდევ ვერ გაუმკლავდნენ მის პრობლემურ მემკვიდრეობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ საფუძველზე. მკვლევრები, მეცნიერები, სტუდენტები და ჟურნალისტები ყოფილი ტოტალიტარული სახელმწიფოების არქივში მუშაობის დროს სხვადასხვა წინააღმდეგობას აწყდებიან. არქივების ღიაობა არის ტოტალიტარული წარსულის კვლევების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციას და არის ტოტალიტარულ იდეოლოგიათა ხელახალი წარმოშობისა პრევენცია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაარსების დღიდან, 2009 წლიდან, ცდილობს გააძლიეროს სახელმწიფო არქივების ღიაობა და მათი პოლიტიკის და მომსახურების მოქნილობა ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

საერთაშორისო პრაქტიკა, სამართლებრივი რეგულაციები და საარქივო დოკუმენტებზე წვდომის პრაქტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოების არქივებზე წვდომის გამოწვევები და არქივის როლი მეხსიერების კვლევებში - ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. 

„არქივი შეიცავს ბევრ პირად ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ტოტალიტარიზმის დროს ინარჩუნებდნენ მთელი ერების ღირებულებებს და ამის გამო დაზარალდნენ. ამ ისტორიების აღმოჩენა და პოპულარიზაცია არის საკუთარი თავის გაგება ისტორიის თვალსაზრისით“ - აღნიშნა ანნა ოლიინიკმა,  უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის  კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ ღია არქივების ქსელის წარმომადგენლები. ღია არქივების ქსელი შექმნილია ღია საზოგადოება ბუდაპეშტის ფონდის მხარდაჭერით და მოიცავს ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლური ბლოკის 18 ქვეყანას - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლიეტუვა, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი და საქართველო. 

 

ღონისძიებია IDFI-ს ორგანიზებითა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.