2020 წლის 4 თებერვალს, ბელარუსის დოკუმენტური ცენტრის პრეს-ცენტრში გაიმართა ბრიფინგი და დისკუსია ჟურნალისტებისთვის, სადაც განიხილეს სახელმწიფო არქივების ღიაობის და რეპრესირებულების მონაცემების საჯაროობის პრობლემები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ბელარუსის დოკუმენტური ცენტრის მკვლევარი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის - „არქივების ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“ პარტნიორი, დიმიტრი დროზდი.
დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ ბელარუსის ეროვნული და ყოფილი უშიშროების (КГБ) არქივების წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრას არ დაესწრნენ. ბელარუსის დოკუმენტური ცენტრის თქმით, მათგან ამ ქმედებას ელოდნენ და არ გაჰკვირვებიათ, რადგან ბელარუსი მაღალჩინოსნები არ გამოხატავენ მზაობას საარქივო მიმართულებით ცვლილებებისთვის.
შეხვედრის გახსნისას აღინიშნა, რომ 2020 წელს სრულდება 90 წელი მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში დაიწყო „გაკულაკების“ პროცესი, ხოლო დასავლეთ ბელარუსიდან და უკრაინიდან ხალხთა მასობრივი დეპორტაციების შემდეგ 80 წელი გავიდა. დამსწრეებმა ისაუბრეს საზოგადოებრივ კამპანიაზე - „მოკლული, მაგრამ არდავიწყებული“, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ინიციატივების კოორდინაცია ქვეყნის იმ ძირითად ქალაქებში (მინსკი, ორშა, მოგილევი, ვიტებსკი, გომელი და ა.შ.), სადაც არის რეპრესიების მსხვერპლთა დახვრეტის ფაქტები და მასობრივი სამარხები. შეხვედრისას გაჟღერდა პრობლემები, რომელსაც ის ადამიანები აწყდებიან, ვისაც სურს ბელარუსის არქივებში წინაპრების ისტორიების შესწავლა. ორგანიზაციების თქმით, ბოლო წლებში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა - 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ხელმისაწვდომი დოკუმენტები აღარ არის ღია.
საარქივო კვლევისას მთავარ ბარიერს ბელარუსი ისტორიკოსები აწყდებიან ნათესაობრივი კავშირების დამტკიცებისას, რაც ხანგრძლივი დროის გასვლის, ომებისა და დოკუმენტების განადგურების გამო, ხშირად შეუძლებელია. გარდაცვლილთან/რეპრესირებულთან ნათესაობრივი ან სხვა სახის კავშირის არარსებობის შემთხვევაში კი დოკუმენტები სხვა პირებზე არ გაიცემა. ბელორუსის ეროვნულმა არქივმა დახურა ერთ დროს ღია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავდა რეპრესირებული მოქალაქეების მონაცემებს.
თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი დაადასტურებს ნათესაურ კავშირს, მას ელის დაუსაბუთებელი შეზღუდვები: ასე, მაგალითად, ერთი მკვლევარი აღნიშნავდა, რომ იმის მაგივრად, რომ მისთვის წინაპრის საბრალდებო საქმის გაცნობის საშუალება მიეცათ, არქივის თანამშრომლებმა მას დოკუმენტები ხმამაღლა წაუკითხეს, რა დროსაც სპეციალურად ტოვებდნენ სხვა მოქალაქეებისა და სახალხო კომისართა საბჭოს (НКВД) თანამშრომლების გვარებს. ვიდეო და აუდიო გადაღება არქივებში დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არქივების მოხმარება უფასოა, არქივი ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ სხვადასხვა ცნობას. ცნობების აღების საფასური და დახარჯული დრო არც თუ ისე მცირე რესურსებთანაა დაკავშირებული. გაცილებით რთულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებიც არქივს საკონსულოებისა და სხვა დიპლომატიური არხების საშუალებით მიმართავენ და ამისთვის კიდევ უფრო მეტ რესურსსა და დროს ხარჯავენ.
დიმიტრი დროზდმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა IDFI-ის მიერ შემუშავებული რეიტინგი, სადაც 2018 წელს ბელარუსმა ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა. მან ისაუბრა, არქივების ღიაობის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონფერენციის შედეგებზე და შეფასების მეთოდოლოგიაზე. აქვე მან აღნიშნა, რომ თუ ბელორუსის ეროვნულ არქივს შედარებით ნორმალური, 56%-იანი რეიტინგი ჰქონდა, უშიშროების არქივი ერთ-ერთი დახურული იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მისი რეიტინგი 22%-ს შეადგენდა. 2019 წელს საერთაშორისო რეიტინგს დაემატა ახალი ქვეყნები, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელთა შეფასებაც ჯერ არ დასრულებულა. დიმიტრი დროზდი ვარაუდობს, რომ ბელარუსი შედეგებით მეცხრედან მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე ადგილზე დაეშვება.
"იდეაში ჩვენი არქივი არ მუშაობს როგორც არქივი. ის არის საწყობი, რომელშიც დოკუმენტები ინახება. ამავდროულად დაწესებულება ყველანაირად ცდილობს, რომ გაართულოს საარქივო საქმეებთან დაშვების პროცედურა." - აღნიშნა დიმიტრი დროზდმა.
მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს მათ მეზობელ ქვეყნებზე: რუსეთზე, სადაც რეიტინგის და პრაქტიკის თანახმად, სიტუაცია გაცილებით უკეთესია და უკრაინაზე, სადაც 2015 წლიდან მოყოლებული საარქივო სფეროში რევოლუციური ცვლილებები მოხდა. უკრაინის უშიშროების არქივმა სრულად გახსნა საბჭოთა პერიოდის მასალა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გაეცნოს არა მხოლოდ რეპრესირებულების, არამედ აგენტებისა და უშიშროების ორგანოების თანამშრომლების საქმეებსაც. ისტორიკოსების თქმით, ამისათვის უკრაინაში ჩასვლაც აღარაა საჭირო და მკვლევარს საქმეების ციფრული ასლების მიღება ელექტრონულადაც შეუძლია. ზოგიერთი ექსპერტის შიში იმის თაობაზე, რომ ეს გამოიწვევდა უკრაინაში შთამომავლებს შორის დაძაბულობასა და შურისძიებას - არ გამართლდა, მსგავსი არაფერი მომხდარა.
დიმიტრი დროზდმა ისაუბრა 2019 წლის წინასწარი რეიტინგის ლიდერის, ლიტვის არქივებზე, რომელშიც მუშაობის გამოცდილებაც მას, პირადად, გააჩნია:
- მე ჩავდივარ ლიტვაში, ვიღებ ნებისმიერი რაოდენობის ნებისმიერ საქმეს. ვუღებ ფოტოებს და 5-6 საათში ვასწრებ იმდენივეს, რამდენსაც ბელარუსში რამდენიმე თვის მანძილზე გავაკეთებდი - სადაც ყველაფერი ან კომპიუტერში უნდა აკრიფო, ან ფასიანი ასლები მოითხოვო. ამას გარდა, არავინ მეკითხება, რაში მჭირდება ეს მასალა. ბელარუსში მომთხოვდნენ რამდენიმე განცხადებას და შემეკითხებოდნენ - რა თემაზე ვმუშაობ და რად მინდა ეს მასალა. საარქივო საქმე, რომელშიც შეიძლება 1 ფურცელი იყოს 75 წელზე ადრე შექმნილი, შეიძლება დახურულად გამოაცხადონ, იმ შემთხვევაშიც კი თუ იქ პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემები არაა. აბსურდი იქამდეც მიდის, რომ ბელარუსში დახურული უამრავი საარქივო საქმე რუსეთის არქივებში თავისუფალ დაშვებაშია.
ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტის იურისტმა ისაუბრა არქივების დახურული ბუნების იურიდიულ ასპექტებზე და კანონმდებლობის ხარვეზებზე. მისი თქმით, ბელარუსში ბევრი კანონი ინერციით, საბჭოთა ეპოქიდანაა შემორჩენილი, საარქივო დაწესებულებებს კი ინსტიტუციური მეხსიერება არ შესცვლიათ და, შესაბამისად, აგრძელებენ მუშაობას.
ინფორმაციის მიღების უფლება ბელარუსის მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ როგორც კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით და კანონებით. მაგრამ, არადემოკრატიულ სახელმწიფოს არ სურს მოქალაქეებს მისცეს იმ სიკეთეებით სარგებლობის უფლება, რაც კონსტიტუციითა გარანტირებული. ბელარუსის ჰელსინკის ცენტრმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებულ პირებს ასწავლიან, როგორ უნდა დაწერონ იურიდიულად გამართული განცხადებები. ისინი იმედოვნებენ, რომ მიღებული ცოდნის მიღების შემდეგ დაწერილი განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებს არ დაუტოვებს შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს სამართლებრივი ვალდებულებები. საბოლოო ჯამში, ისინი დაუსაბუთებელ უარს ვეღარ ეტყვიან მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვენ საარქივო დოკუმენტებთან დაშვებას.
საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია შედარებით უკეთესია, თუმცა აქაც თავს იჩენს რიგი პრობლემები. IDFI წლების მანძილზე ცდილობს სახელმწიფომ კანონმდებლობის დონეზე გამოასწოროს ის პრობლემები, რომელიც საქართველოს არქივებში მკვლევრებს ხვდებათ. ორგანიზაციის აქტიური ადვოკატირების კამპანიის შედეგად, სახელმწიფო არქივებმა გადადგეს ნაბიჯები: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში გაუქმდა საარქივო დოკუმენტების გაცნობისთვის დაწესებული საფასური, გარდა ამისა შსს არქივს დაევალა რეპრესირებულთა შესახებ ინფორმაციის და კატალოგების პროაქტიული გამოქვეყნება.
საქართველოში საარქივო სფეროში კვლავ აქტუალურია ბელარუსის არქივების მსგავსი რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. პრობლემები, რომლებიც ლიტვაში, უკრაინაში, პოლონეთში, უნგრეთსა და სხვა ღია არქივების მქონე ქვეყნებში წლების მანძილზე მოხსნილია:
პირველ რიგში, ეს ეხება მასალის ასლების საკუთარი ფოტოაპარატით გადაღებას, რაც მკვლევრების დროს და რესურსს საგრძნობლად ზოგავს, საქართველოს სახელმწიფო არქივებს კი ამით მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარის შემოსავალი დააკლდება.
მეორე ძირითადი პრობლემაა „პერსონალური მონაცემთა“ კანონის გავრცელება საარქივო დოკუმენტებზე და ამ მიზეზით 75 წელზე ადრე შექმნილი დოკუმენტების ან სრულად დაბლოკვა, ან დაშტრიხული ფორმით მიწოდება. აღნიშნული საკითხიც მრავალ ქვეყანაში მოხსნილია და არქივში გადაცემულ მასალაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ ვრცელდება.
პრობლემას წარმოადგენს მკვლევართა დარბაზებში დაშვების გაჭიანურებული დრო.
არქივში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს დოკუმენტებთან დაშვებაზე უარის თქმის საფუძვლის არ აღრიცხვას. ამის შესახებ IDFI-ის სარჩელი ეროვნული არქივის წინააღმდეგ ორი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
IDFI-ის მიერ კიდევ ერთი იდენტიფიცირებული პრობლემაა დაზიანებული და დაკარგული საქმეების სიის პროაქტიული გამოქვეყნება.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფოს ნება იმის თაობაზე, რომ საარქივო კანონმდებლობამ სრულად უზრუნველყოს ღიაობის უმაღლესი სტანდარტები: საქართველოს პარლამენტმა, 2019 წლის 30 აგვისტოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა IDFI-ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე (N1-7153/19; 10.04.2019). მიუხედავად პრინციპებზე თანხმობისა, პარლამენტმა არ დააკმაყოფილა საკანონმდებლო წინადადება და აღნიშნა, რომ წარდგენილი პროექტი იყო რისკების მატარებელი.
IDFI მიიჩნევს, რომ ღიაობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული პრინციპებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოების განვითარება. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, ინფორმაციაზე წვდომა, არქივების ღიაობა და საარქივო დოკუმენტების გასაჯაროება რიგი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გაეცნოს და გაიაზროს ისტორია და ტოტალიტარული წარსული.
პარლამენტის მიერ IDFI-ს მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე გაეცნონ საარქივო დოკუმენტებს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები შედეგად მოიტანს სამეცნიერო საქმიანობის გაფართოებას, საქართველოში უფრო მეტი მკვლევრის ვიზიტს და ქვეყნის ახალი და უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი დეტალების გამოაშკარავებას, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო მასშტაბით, ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით საქართველო დაიკავებს სათანადო ადგილს იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავისი არქივების ხელმისაწვდომობით მაქსიმალურად უწყობს ხელს მეცნიერების განვითარებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებას.
___
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.