რატომ არის მნიშვნელოვანი არქივების ღიაობა?
ღიაობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული პრინციპებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თავისუფალი საზოგადოების განვითარება. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, ინფორმაციაზე წვდომა, არქივების გახსნილობა და საარქივო დოკუმენტების გასაჯაროება რიგი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გაეცნოს და გაიაზროს ისტორია და ტოტალიტარული წარსული.
კიდევ უფრო მეტად ეს საკითხი წინ იწევს ისეთ ქვეყნებში, სადაც საარქივო დოკუმენტების საფუძველზე ხდება საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათი სამართლებრივი რეაბილიტაცია. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში, იქ სადაც, ძირითადად, საკუთარ გავლენას ავრცელებდა საბჭოთა ტოტალიტარული ქვეყანა, სახელმწიფო არქივები, განსაკუთრებით კი ის არქივები, რომლებიც ინახავს საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაზარალებულ პირთა დოკუმენტებს, ამ მხრივ, ძალზედ დიდ როლს ასრულებს.
გარდა ამისა, რეპრესიების ისტორიის მეცნიერული კვლევა და გააზრება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა აღარ დაუშვან ტოტალიტარული და რეპრესიული სისტემების აღმოცენება.
რატომ უნდა იყოს ნებადართული საარქივო მასალათა ფოტოგადაღება?
არქივში მკვლევართათვის მეცნიერული კვლევის ჩასატარებლად, საჭიროა საკმაოდ დიდი დრო და ფინანსური რესურსი, თითო სტატიის მომზადებას შესაძლოა სჭირდებოდეს რამდენიმე ასეული საარქივო დოკუმენტის დამუშავება, რომლებიც ინახება სხვადასხვა საარქივო ფონდში.
საარქივო დარბაზები, მაგალითად, ეროვნული არქივის დარბაზი ღიაა მხოლოდ სამუშაო დღეებში, 9:30-დან 17:00 საათამდე. მეცნიერების დაბალი ხელშეწყობის გამო, საქართველოში მეცნიერ-მკვლევართა უმეტესობას უწევს პარალელურად სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ეს კი ზოგი მათგანისთვის არქივის დარბაზში ფიზიკურად მისვლასა და იქ ხანგრძლივად ყოფნას შეუძლებელს ხდის.
დროის დაზოგვა შესაძლებელია ონლაინ, ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობით, თუმცა ეროვნული არქივის შემთხვევაში, ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებისა და ფონდების რაოდენობა კვლავაც უმნიშვნელოა და მხოლოდ საიმიჯო ხასიათს ატარებს, შსს არქივის ვებგვერდზე კი საერთოდ არ არის ატვირთული.
საქართველოს ორ ძირითად არქივში - საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს შსს არქივში, დოკუმენტის 1 გვერდის ასლის გადაღება საშუალოდ 2,5 - 3 ლარი ღირს, საკუთარი ფოტოაპარატით გადაღება კი აკრძალულია .[1]
როგორია საერთაშორისო გამოცდილება საარქივო დაწესებულებებში ფოტოაპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით?
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 2019-2020 წლებში განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების გამჭვირვალობისა და ღიაობის ხარისხის შეფასებას. შეიქმნა სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგი წამყვანი საერთაშორისო მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მიერ შემუშავებულ უნიკალურ, 86 პუნქტისგან შემდგარ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რითაც მოხდა რეგიონის 18 ქვეყნის 35 სახელმწიფო არქივის შეფასება. მიღებული შედეგები დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე მისვლამდე წინასწარ იყოს ინფორმირებული, რა დონის ღიაობას სთავაზობს მკვლევარს ესა თუ ის საარქივო დაწესებულება. გარდა ამისა, არქივებს ეძლევა შესაძლებლობა გაიგოს, რომელ კომპონენტშია მათი მუშაობა შეფასებული არადამაკმაყოფილებლად.
შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ საუკეთესო ღიაობის მქონე პირველი ექვსიდან ხუთ არქივში: ჩეხეთში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში - დარბაზებში დაშვებულია საკუთარი ფოტოაპარატის გამოყენება.
აქვე აღსანიშნავია, რომ უცხოეთის ყველა საარქივო დაწესებულებაში არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პრაქტიკას ითვალისწინებენ უფრო მეტად დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ქვეყნები, ხოლო ნაკლებად განვითარებული დემოკრატიის სახელმწიფოების აბსოლუტურ უმეტესობას აკრძალული აქვთ დარბაზში ფოტოგადაღება.
რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით საქართველოში და როგორი იყო სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხთან?
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების მანძილზე ახორციელებს სახელმწიფო არქივების ღიაობისთვის ადვოკატირებას. საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 30 აგვისტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა IDFI-ის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (N1-7153/19; 10.04.2019). IDFI-ის საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა ცვლილებებს რამდენიმე, მათ შორის საარქივო დოკუმენტთა ფოტოგადაღების მიმართულებით.
საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა უარი განაცხადა, რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იყო იუსტიციის სამინისტროს პოზიცია დარბაზში ფოტოგადაღების დაშვების თაობაზე. სამინისტრომ განაცხადა, „რომ ასეთი ფორმით გადაღება შესაძლებელია რისკის მატარებელი იყოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან მას არ ექნება ეგრეთ წოდებული წყლის დამცავი ნიშანი ან შტამპი, ასევე შეიძლება მოხდეს მისი დაზიანება“.
IDFI არ დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და აღნიშნა, რომ დარბაზებში თავისუფალი ფოტოგადაღება დაშვებულია მსოფლიოს წამყვან არქივებში და არცერთ ამ არქივში ეს საკითხი არ განიხილება დოკუმენტის დაზიანების რისკად. დოკუმენტის დაზიანება ფოტოგადაღებისას გამორიცხულია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც სამკითხველო დარბაზში არის არქივის თანამშრომელი და ის აკონტროლებს აღნიშნულ პროცესს. მეტიც, მკვლევრებისთვის კომფორტის შექმნის და დროის დაზოგვის გარდა, საარქივო დარბაზებში ფოტოგადაღების დაშვებით, საარქივო დოკუმენტების საცავებიდან გამოტანა და გამოყენება მოხდება ნაკლები ინტენსივობით, რაც დოკუმენტებს ფიზიკური დაზიანებისა და განადგურებისგან დაიცავს. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ე.წ. „წყლის ნიშნის“ ან შტამპის მოშორება კი ძალზედ მარტივი ამოცანაა.[2]
ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ფოტოკამერის გამოყენების შემთხვევაში ეროვნული არქივი დაკარგავს შემოსავალს. სინამდვილეში, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ დოკუმენტების ასლების სკანირებით მიღებული თანხა ყოველწლიურად საშუალოდ 25.000 ლარს, არქივის შემოსავლების დაახლოებით 0.6-0.7% შეადგენს.[3]
დასკვნა
საარქივო დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის ზრდის, არამედ მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებითაც. ამ გზით ხელისუფლება დაადასტურებს, რომ მას სრულად აქვს გათვიცნობიერებული არქივების ღიაობის მნიშვნელობა და დაამკვიდრებს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების მსგავს პრაქტიკას საქართველოში.
საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნება მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევები. გარდა ამისა, დოკუმენტის ასლების გადაღება დარბაზში მნიშვნელოვნად დაზოგავს არქივის სხვადასხვა სახის რესურსსაც, რომელსაც თითოეული მკვლევარი დარბაზში მისვლით იყენებს.
დარბაზში ფოტოგადაღების საჭიროება ცხადად დაგვანახა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ახალმა რეალობამაც: 2020 წლის 5 მარტიდან მომსახურების მიწოდება შეაჩერა საქართველოს ეროვნულმა არქივმა. მუშაობა შეწყვიტა საქართველოს შსს არქივმაც, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.[5] ფოტოგადაღების დაშვების პირობებში, მკვლევართა საქმიანობა არ შეფერხდებოდა, მათ ექნებოდათ სოციალური დისტანცირების პერიოდის ეფექტურად გამოყენებისა და სახლიდან მუშაობის პირობებში აკადემიური და კვლევითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილ იქნას მკვლევართა უფლება - დაუბრკოლებლად გადაიღონ მათი ინტერესის სფეროში შემავალი საარქივო დოკუმენტების ფოტო-ასლები. ამ მიზნით კი აუცილებელია შესაბამის ცვლილებათა განხორციელება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ვიზუალიზაცია იხილეთ აქ.
_______
[1] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ. საქართველოს მთავრობის დადგენილება №506, 2011 წლის 29 დეკემბერი. / http://archive.security.gov.ge/tarifi.html
[2]გადასამოწმებლად შესაძლებელია გუგლის საძიებელში ჩაწეროთ: „how to remove watermark“ და საიტი მოგვცემს ათასობით შედეგს და შემოგვთავაზებს შესაბამის პროგრამებს.
[3]საქართველოს ეროვნული არქივს თავის ვებ-გვერდზე შესაბამის განყოფილებაში (https://archive.gov.ge/ge/sakartvelos-mtavrobis-2013-tslis-26-agvistos-219-dadgenilebis-shesabamisad-sakartvelos-erovnuli-arkivi-akveqnebs-sajaro-informatsias-2019-tseli-1) არ აქვს ვალდებულება დეტალურად გამოაქყვენოს ინფორმაცია საკუთარი შემოსავლების თაობაზე, თუმცა საშუალო თანხას ადასტურებენ არქივების მკვლევართა დარბაზების თანამშრომლები.
მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.