...
03 თებერვალი 2021
ონლაინ კონფერენცია - საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა, არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება
ადვოკატირება

2021 წლის 3 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), მეხსიერების კვლევების საერთაშორისო კოალიციისა (International Coalition of Sites of Conscience) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, გამართა ონლაინ კონფერენცია „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების აღმოჩენა, არქეოლოგიური და მეხსიერების კვლევები - საერთაშორისო გამოცდილება“. მომხსენებლებს შორის იყვნენ გიორგი კლდიაშვილი - IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა ნორისი - მეხსიერების კვლევების საერთაშორისო კოალიცია, ირინა ფლიგე - მემორიალი, სანქტ-პეტერბურგი, ვოლოდიმირ ბირჩაკი - განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრი, უკრაინა და ტომაშ ბორკოვსკი - პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (IPN). IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე იყო შეხვედრის მოდერატორი.

 

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გახსნა შეხვედრა და მოკლედ აღწერა აჭარაში აღმოჩენილი სამარხების ირგვლივ არსებული სიტუაცია. მან მონაწილეებს მადლობა გადაუხადა კონფერენციაზე დასწრებისთვის, მეხსიერების კვლევების საერთაშორისო კოალიციასა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კი - დახმარებისთვის.

 

2019 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, მასობრივი დახვრეტის ადგილის აღმოჩენის შესახებ, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს. გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარაში სამარხების აღმოჩენა ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის. რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა აქტუალური საკითხია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბევრ ქვეყანაში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილებზე მოწყობილია მემორიალური კომპლექსები, ხელისუფლების ხელშეწყობით იმართება რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები, წახალისებულია კვლევები. ყოველივე დიდ როლს თამაშოს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში. ამიტომ, აჭარის სამარხები სათანადო ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოს, ეკლესიის, მკვლევრების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან.

 

გიორგი კლდიაშვილმა დამსწრეებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია IDFI-ის აქტივობების, ასევე მომავალში შესასრულებელი მოქმედებების შესახებ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ხელვაჩაურში სამარხების აღმოჩენის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, IDFI-მ ჩაატარა კვლევა შსს არქივში და იქამდე ცნობილი 650-მდე ადამიანის სია გაიზარდა და დღეის მონაცემებით და შსს არქივში სიების სრული შესწავლით აღმოჩნდა რომ სულ 1050 ადამიანია დახვრეტილი. IDFI ესწრებოდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩამოყალიბებული კომისიის პირველ სხდომას, სადაც დაფიქსირდა პოზიციები. იმის გამო, რომ რიგი მიზეზების გათვალისწინებით, კომისიის მუშაობა არ იყო საკმარისად აქტიური, ორგანიზაციამ რამდენიმე სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა აჭარის მთავრობას, რომ ემოქმედათ და კომისიის მუშაობა გაეაქტიურებინათ. სანქტ-პეტერბურგის მემორიალის დირექტორთან, ირინე ფლიგესთან ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე, IDFI-მ შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია:

 

-  საჭიროა, რომ დაიწყოს ეროვნული მობილიზაცია და რეპრესირებულთა შთამომავლებისადმი მოწოდებები, რომ მათ ჩააბარონ დნმ ანალიზი, რომელიც შემდგომში შედარდება აღმოჩენილი ნეშტებიდან აღებულ მასალას. ამისთვის საუკეთესო პოლონული მოდელია. მათ ყველა გაზეთში, ტელევიზიაში, ინტერნეტში და საინფორმაციო საშუალებებით მოუწოდეს შთამომავლებს, დნმ ჩაებარებინათ სახელმწიფოს ხარჯზე.


- თავის ქალებისთვის 3-D პორტრეტების გადაღება და შესაბამისი ბაზის და ვიზუალური მასალის შექმნა.


- ქალების იდენტიფიკაცია, რათა ზუსტად დადგინდეს იმ ადამიანების დახვრეტის თარიღი, რომელთა სამარხიც აღმოაჩინეს.


-  შეთანხმება საერთო სამარხი-მემორიალის/პანთეონის აგების თაობაზე. ირინა ფლიგეს აზრით, რომელსაც IDFI-ც იზიარებს, საუკეთესო მემორიალი არის ლიეტუვაში, ქალაქ ტუსკულენიში აღმართული კომპლექსი. აქ შეიქმნა პანთეონი და ყველა ნეშტი ერთ სივრცეშია განთავსებული. საძვალეებზე გამოსახულია მათი 3-D ფოტო და იდენტიფიცირების შემთხვევაში - სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები.


გიორგი კლდიაშვილის შემდეგ, დამსწრეებს ლინდა ნორისმა მიმართა და მიაწოდა მოკლე ინფორმაცია International Coalition of Sites of Conscience-ის შესახებ, რომელიც დღესდღეისობით 65 ქვეყანას ფარავს. მან აღნიშნა, რომ კოალიციის მთავარი მიზანია მხარეებს შორის დიალოგის გზით მემორიალების შექმნა. მისი თქმით, დიალოგი, აზრთა და შედეგების გაცვლა მნიშვნელოვანია განსხვავებების გადასალახად. ამის გამო, ორგანიზაცია მხარს უჭერს IDFI-ის პროექტს „საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, რომლის მიზანიცაა აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისება და სახელმწიფოს კვლავ დაინტერესება აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხით.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, მთავარმა მომხსენებელმა, ირინა ფლიგემ, (მემორიალი, სანქტ-პეტერბურგი) ისაუბრა რეპრესიების მსხვერპლთა დახვრეტის და სამარხების დოკუმენტირებისა და ამ მიმართულებით მისი ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სსრკ-ში მასობრივ დახვრეტებთან დაკავშირებით სამი ტიპის დოკუმენტები არსებობს: 1. ნორმატიული აქტები, რომლებიც დახვრეტის პროცედურებს არეგულირებდა; 2. მოხსენებები, რომელიც აღწერდა კონკრეტული დახვრეტის დეტალებს; 3. პერსონალური აქტები, რომლებიც მოიცავდნენ ინფორმაციას განაჩენის, მსჯავრდებულისა და დახვრეტის თარიღის შესახებ. ნორმატიული აქტები, ბრძანებები და მოხსენებები ძირითადად გაერთიანებული სახით იგზავნებოდა ცენტრალურ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში, სადაც ისინი არქივებში ინახებოდა. თუმცა, პერსონალური აქტების უმრავლესობის აღმოჩენა ვერ ხერხდება. მეტიც, რუსეთში მასობრივ დახვრეტებთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გასაიდუმლოებულია და, შესაბამისად, მკვლევერებისთვის დღემდე გამოწვევაა მასობრივი სამარხების პოვნა. ირინა ფლიგემ, ასევე, აღნიშნა, რომ მასობრივ სამარხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური დეპარტამენტის არქივებში ისევე, როგორც სამხედრო დანაყოფის არქივებში მოსკოვში. ამასთანავე, 1956 წლის შემდეგ შექმნილი დოკუმენტები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ჩანაწერები და ისტორიები დახვრეტის სავარაუდო ადგილების შესახებ, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს მასობრივი სამარხების შესასწავლად.

 

ირინა ფლიგეს შემდეგ, ვოლოდიმირ ბირჩაკმა (განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრი, უკრაინა) ისაუბრა 2018-2019 წლებში უკრაინაში აღმოჩენილი მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების შესახებ. მან აღნიშნა, რომ, როგორც წესი, სამარხების აღმოჩენა ან - ორგანიზებული ექსპედიციების, ან მშენებლობების შედეგია. მან დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია 2018-2019 წლებში უკრაინაში აღმოჩენილი ხუთი სამარხის შესახებ. პირველი იყო დროგობიჩში, სადაც 2019 წელს 33 ნეშტი იპოვეს. როგორც ვოლოდიმირ ბირჩაკმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ისინი იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც დახვრიტეს გერმანიის არმიის მოახლოებისას 1939-1941 წლებში ან 1944 წლის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლები. მეორე სამარხი იყო ბოლშევციში, სადაც 2019 წელს გათხრების დროს აღმოაჩნეს 59 ნეშტი. აღსანიშნავია, რომ მათგან 21 იყო ბავშვი, რომელთა თავის ქალებიც დაზიანებული იყო ბლაგვი საგნით. ადგილზე არ აღმოჩნდა პირადი ნივთები. მესამე სამარხი იყო დუბნოში, რომელიც 2019 წელს იპოვეს. იქ მოთავსებული იყო 29 ნეშტი, აქედან - 7 ქალი. აღმოჩენილ ცხედრებს ჰქონდათ ნატყვიარი. ასევე, ადგილზე იპოვნეს პირადი ნივთები. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს სამარხი 1941 წლით თარიღდება. მეოთხე სამარხი 2018 წელს იპოვეს შუმსკში. ესაა სამხედრო სამარხი, რომელშიც 14 ცხედარი აღმოჩნდა. მათ უნიფორმებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკრაინის განმათავისუფლებელი არმიის სამხედროები იყვნენ. მეხუთე სამარხი კი 2018 წელს აღმოაჩინეს ლვოვში. აღნიშნული სამარხი ეკუთვნოდა #25 საპყრობილეს, სადაც სხვადასხვა ციხიდან პატიმრები იგზავნებოდნენ მანამ, სანამ მათ სხვა ციხეში გადაიყვანდნენ. სამარხში 51 ნეშტი აღმოჩნდა, მათგან - 11 ბავშვი. პირადი ნივთების შესწავლის საფუძველზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მონაზვნები და ერთი მღვდელიც იყვნენ მათ შორის. თუმცა, სავარაუდოდ, ისინი არ მოუკლავთ, არამედ გარდაიცვალნენ ციხეში და იქვე დაკრძალეს. ეს ადგილი ამჟამად ტერორის მუზეუმს ეკუთვნის. ვოლოდიმირ ბირჩაკმა, ასევე, აღნიშნა უკრაინის არქივების ეფექტური სამუშაო და რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასობრივი სამარხების შესწავლის საქმეში.

 

შემდეგმა მომხსენებლმა, ტომაშ ბორკოვსკიმ (პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი (IPN)) ისაუბრა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების ძიების, აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის სფეროში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. მან დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია IPN-ის ძიებისა და იდენტიფიკაციის სამსახურის აქტივობების შესახებ და ისაუბრა არქოლოგიურ ექსპედიციებზე „პოვონზკის“ სამხედრო სასაფლაოს ტერიტორიაზე ვარშავაში, სადაც კომუნიზმის მსხვერპლი სამხედროები არიან დაკრძალული. ასევე, ტომაშ ბორკოვსკიმ აღნიშნა ყოფილი გემრანული აეროდრომი, სადანაც პოლონელი ამბოხებულები ებრძოდნენ საბჭოთა ჯარს 1940-იან წლებში. ისინი, ვინც დაიღუპნენ, აქვე არიან დაკრძალული. ადგილზე აღმოჩნდა 44 ნეშტი და პირადი ნივთები. IPN აქტიურად მუშაობდა მათ იდენტიფიკაციაზე და იმ ქოხების რეკონსტრუქციაზე, რომელიც გერმანულ აეროდრომზე იდგა. ნეშტები, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა, გადაასვენეს. ტომაშ ბორკოვსკიმ, ასევე, ისაუბა 2013 წელს რუსთავში, ქართველ მკვლევრებთან ერთად ჩატარებული საერთო ექსპედიციის შესახებ. ამ ადგილას ვარაუდობდნენ, რომ სტალინის ტერორის მსხვერპლები იყვნენ დაკრძალული იქიდან გამომდინარე, რომ აქ ნეშტები იპოვეს. IPN-მა აღმოაჩინა ისეთი ნივთები, როგორებიცაა მონეტები, იარაღი და ერთმანეთში არეული სხვადასხვა ადამიანის ძვლები. 2018 წელს IPN-მა კიდევ ერთი ექპედიცია ჩაატარა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 56 ინდივიდუალური სამარხის აღმოჩენა მოხერხდა, ადგილზე ვერ იპოვეს მასობრივი სამარხი. აქედან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ ამ ადგილას მდებარეობდა ძველი, მიტოვებული სასაფლაო.

 

მოხსენებების შემდეგ, ანტონ ვაჭარაძემ დამსწრეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა IDFI-ის მიერ აჭარაში აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ. შსს არქივში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ აჭარაში 1937-38 წლების დიდ ტერორს ემსხვერპლა 1050 ადამიანი, რომელთაგან 11 ქალია. რაც შეეხება ეთნიკურ სურათს, კვლევამ აჩვენა, რომ ყველა რეპრესირებული, ვინც ძირითადად 1800-იანი წლების ბოლოსა და 1900-იანების დასაწყისში ბათუმსა და აჭარაშია დაბადებული, ატარებს მუსლიმურ სახელსა და მამის სახელს. ასეთი პირების რიცხვია 291. 316 რეპრესირებული არის გერმანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი, რომლებიც რუსეთის იმპერიის სხვადასხვა წერტილში არიან დაბადებული და ბათუმსა და აჭარაში ცხოვრობდნენ, 3 არის აფხაზი, 19 კი დღემდე არაა იდენტიფიცირებული. რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ 1920-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში ხალხი მასობრივად გახდა ათეისტი და ძალიან რთულია დღეს დადგინდეს, დახვრეტის მომენტისთვის ვინ რომელ კონფესიას მიეკუთვნებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რეპრესირებული 1050 პირიდან 151 სტალინური სიით, სტალინის პირადი ბრძანების საფუძველზეა გასამართლებული.

 

კონფერენციის დასასრულს, გაიმართა კითხვებისა და პასუხების სესია, რომელზეც დისკუსიის დამსწრეებს მიეცათ საშუალება მოწვეული მომხსენებლებისთვის კითხვები დაესვათ. კითხვები ძირითადად ეხებოდა აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენეიშვილმა ირინა ფლიგეს ჰკითხა, თუ როგორ ხდება ცხედრების იდენტიფიცირება რუსეთში. ირინა ფლიგეს პასუხის მიხედვით, რუსეთში პერსონალური იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, თუმცა ისტორიკოსები და მკვლევრები ახერხებენ კოლექტიურ იდენტიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ინდივიდების იდენტიფიცირება არ შეუძლიათ, შეუძლიათ დაადგინონ რეპრესირებულთა ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება, გარდაცვალების თარიღი და ა.შ. ასევე, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რაფალ მიჩლინკსიმ ჰკითხა ვოლოდიმირ ბირჩაკს, ხდება თუ არა ცხედრებს იდენტიფიცირება უკრაინაში დნმ ტესტის საფუძველზე. ვოლოდიმირ ბირჩაკმა უპასუხა, რომ დნმ ტესტირება რთულია, რადგან ამისთვის საჭიროა მკვლევრებმა იცოდნენ პირის ზუსტი იდენტობა და შემდეგ მოძებნონ მისი ნათესავები დნმ ტესტირებისა და მასალების შედარებისთვის. ამის გამო, გარდა აღმოჩენილი მასალისა, იდენტიფიცირებისთვის იყენებენ საარქივო დოკუმენტებს, მემუარებსა და ზეპირ ისტორიებს.

 

ირინა ფლიგეს ანტონ ვაჭარაძემ დაუსვა შეკითხვა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ფაქტის შესახებ, თითქოს სამთავრობო, ე.წ. „ბერიას აგარაკზე“ იხვრიტებოდნენ სიკვდილმისჯილები. ანტონ ვაჭარაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ადგილების სიმრავლის გამო, შესაძლოა აგარაკზე დახვრეტა მხოლოდ მითებს უკავშირდებოდა და ეს არარეალური იყო. ირინა ფლიგემ მოდერატორს უპასუხა, რომ მის კითხვაში ამოიკითხა ორი საკითხი: 1. რამდენად შესაძლებელია ვენდოთ მსგავს გადმოცემებსა და ისტორიებს, რამდენად მართალი შეიძლება აღმოჩნდეს ისინი; 2. ღირს თუ არა ასეთ ადგილებში სამძებრო სამუშაოების და გათხრების დაწყება. ირინა ფლიგეს აზრით, საუკეთესო მაგალითია ე.წ. „კომუნარკას“ სპეცობიექტი მოსკოვთან ახლოს, სადაც ასევე იყო საბჭოელი მაღალჩინოსნის, იაგოდას აგარაკი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იაგოდას აგარაკზე დახვრეტები მისი დაკავებისა და დახვრეტის შემდეგ დაიწყო. ფლიგემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ასეთი ზეპირი ისტორია შესასწავლია, მაგრამ ხანგრძლივი დროის გასვლის გათვალისწინებით, აუცილებელია მათი დოკუმენტურად გადამოწმება, რათა მკვლევრებმა დრო არ დაკარგონ და ფუჭად არ დაიწყონ სამარხების მოძიება.

 

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა დასვა ოლეგ ჯიბაშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მრავალი სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებდა ბათუმთან აღმოჩენილ სამარხში მონეტების არსებობას, და თვლიდა, რომ სამარხი არ ეკუთვნოდა 1937-1938 წლებში რეპრესირებულებს. მათი აზრით, დაპატიმრებულებს დახვრეტამდე სრულად ართმევდნენ პირად ნივთებს. ამასთან დაკავშირებით ირინა ფლიგემ აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან ბევრი სამარხი, სადაც მრავალი ნივთი, მათ შორის ფულიცაა აღმოჩენილი და არსებობს სამარხები, სადაც მსგავსი აღმოჩენები ძალიან მწირია. მისი თქმით, სანდორმოხში, ადგილზე სადაც თავად მუშაობდა ნივთები თითქმის არ იყო, რადგან იქ გადაყვანამდე და დახვრეტამდე პატიმრებს თითქმის აშიშვლებდნენ და ყველაფერს ართმევდნენ. თუმცა საპირისპიროდ არსებობს, მაგალითად ჩელიაბინსკის სამარხი, რომელიც მდიდარია აღმოჩენებით.

 

დისკუსია წარმატებული გამოდგა. საერთაშორისო მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ნებისმიერ დროს დაეხმარონ საქართველოს სამარხების კვლევის საკითხში. IDFI შეეცდება, სამომავლოდაც მოახდინოს აღნიშნული საკითხის კოორდინაცია და ახალი რეკომენდაციებით მიმართოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს. კონფერენციას ესწორებოდა 40-მდე ქართველი და უცხოელი დაინტერესებული პირი. ნიშანდობლივია კონფერენციაზე ბატონი ზურაბ თენეიშვილის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის და პაატა დევდარიანის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დასწრება რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება ყურადღებას იჩენს საკითხის მიმართ.

 

კონფერენციის ჩანაწერი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. ამასთანავე, ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ აჭარაში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების საკითხებზე ონლაინ დისკუსიის ჩანაწერი, რომელიც 2020 წლის 22 დეკემბერს გაიმართა. ამავე დისკუსიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.