...
01 მაისი 2018
თბილისში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო მკვლევრებმა სახელმწიფო არქივების ღიაობა განიხილეს
ადვოკატირება

27-28 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით: სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა


ღონისძიებაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი სპეციალისტი (მათ შორის სახელმწიფო არქივების დირექტორები, მკვლევრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები) 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი თემები: სამართლებრივი რეგულაციები და არქივებში დაშვების პრაქტიკა; ყოფილ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ არქივებში დაშვება; გამოწვევები არქივებში დაშვების კუთხით; არქივების ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.


კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი.


გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა არქივების ხელმისაწვდომობაზე, როგორც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, ხოლო ომარ თუშურაშვილმა განაცხადა: „უკვე 15 წელია, რაც მოვახერხეთ და განსაიდუმლოებული დოკუმენტები გამოვაქვეყნეთ, ხოლო ჩვენი არქივი საზოგადოებისთვის გავხსენით. ჩვენ შევძელით ამის გაკეთება ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“.


კონფერენციაზე ცალკე პანელი მიეძღვნა სახელმწიფო არქივის ღიაობის შეფასების მეთოდოლოგიის განხილვას. მეთოდოლოგია უნიკალურია და შემუშავდა IDFI-ის მიერ 20-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტებთან პარტნიორობით. მეთოდოლოგია არქივისტებსა და მკვლევრებს მისცემს საშუალებას, გამოავლინონ არქივებში მუშაობის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები და ამის შემდეგ შეიმუშაონ სახელმწიფო არქივების ღიაობის ერთიანი სტანდარტი მთელს მსოფლიოში.


სახელმწიფო არქივების გახსნილობა, განსაკუთრებით საბჭოთა რეპრესიული აპარატის დოკუმენტების, მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიკოსებისთვის, არამედ XX საუკუნის მოვლენების გააზრების და ობიექტური შეფასების თვალსაზრისით.“ - განაცხადა პროექტის - „ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში სახელმწიფო არქივის გახსნის ხელშეწყობა“ - მენეჯერმა ანტონ ვაჭარაძემ.

 

 

კონფერენციის მონაწილეები და მათი პრეზენტაციები:


უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივის დირექტორმა ანდრეი კოჰუტმა ისაუბრა უკრაინაში ყოფილ КГБ საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ.


მომდევნო პრეზენტაციაში, უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ოლიინიკმა წარმოადგინა მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა უკრაინის КГБ -ს არქივები ღია საჯარო სექტორის მრავალწლიანი აქტივობების და მუშაობის შედეგად.


ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა, პროფესორმა პაველ ზაჩეკმა, მონაწილეებს გაუზიარა ჩეხეთის არქივების გახსნის გამოცდილება.

 

ეროვნული უსაფრთხოების არქივის (აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი) დირექტორის მოადგილემ მალკოლმ ბირნმა, ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის, ეროვნული უშიშროების არქივის ორგანიზების შესახებ - აღნიშნული ორგანიზაცია მრავალი წელია მხარს უჭერს სახელმწიფო რეჟიმის არქივების განსაიდუმლოებასა და გახსნას. დოქტორმა ბირნმა მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად უზრუნველყოფს საჯარო ინიციატივები ინფორმაციის თავისუფლებასა და არქივების ღიაობას.


გერმანიის ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური (STASI) იყო ამ ქვეყანაში რეპრესიების გამტარებელი სახელმწიფო აპარატი. კონფერენციას ესწრებოდა აღნიშნული ორგანოს არქივის ფედერალური კომისარი იოახიმ ფიორსტერი. მან ისაუბრა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე წარსულის გასააზრებლად. STASI-ის არქივების გახსნილობა შეიძლება ჩაითვალოს ამგვარი არქივების ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაგალითად.


პოლონეთის სოლიდარობის ინსტიტუტის დირექტორმა, იერჟი როჰოზინსკიმ ისაუბრა თემაზე - „პოლონური არქივები პოსტსაბჭოთა ისტორიის მკვლევრებისთვის“.


ლატვიის ეროვნულ არქივში დირექტორის მოადგილემ, ინგულა სლაიდინამ განაცხადა, რომ ლატვიის საზოგადოება და მთავრობა დამოუკიდებლობის 27 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიდიოდა არქივების გახსნისკენ.


ლივერპულის უნივერსიტეტის საარქივო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა, ჯეიმს ლოურიმ ისაუბრა ბრიტანეთის ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ისტორიული ანგარიშვალდებულების და ღიაობის პრეზუმფციის შესახებ. მისი თქმით, ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების ამაღლება მთავრობების დღის წესრიგში მთავარი მიმართულება უნდა იყოს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორის მოადგილემ, დავით ალავერდაშვილმა დამსწრეებს გააცნო გამოცდილება საქართველოს სსრ ყოფილი უშიშროებისა და კომპარტიის არქივების გახსნის შესახებ.


ბელარუსის დოკუმენტალისტური ცენტრის მკვლევარმა, დიმიტრი დროზდმა წარმოადგინა პრეზენტაცია იმ პრაქტიკული მხარეების შესახებ, თუ როგორ ეძებენ საბჭოთა რეპრესიების შესახებ ინფორმაციას მინსკის ყოფილი უშიშროების არქივში.


ყაზახური უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორმა, არაილიმ მუსაგალიევამ ისაუბრა სხვადასხვა სახელმწიფო არქივისა და მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივებში მუშაობისას შესაძლო დაბრკოლებები თავის პრეზენტაციაში აღწერა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „გუნდი 29“ იურისტმა, დარინა გრიზნოვა. პრეზენტაციის შემდეგ დამატებითი შენიშვნები გაკეთდა ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლის ივან პავლოვის მიერ.


პროექტის პარტნიორი ყირგიზეთიდან არის ჯგუფ „პრეცედენტის“ დირექტორი ნურბეკ ტოქტაკუნოვი. უკრაინიდან ისტორიკოსი, ხარკოვის ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის წევრი იგორ ჩერნიჩენკო. მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსი იგორ კაშუ წარმოადგენს მის ქვეყანას. დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის All Souls კოლეჯის მკვლევარი, თომას უელსფორდი უზბეკეთის არქივების შესაფასებლად იმუშავებს. სომხეთში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ჰაზარაშენის ისტორიკოსი ჰრანუშ ხარატიანი.

 

ჟურნალისტი ელდარ ზენელიოვი აზერბაიჯანის წარმომადგენელია. აღნიშნულმა მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებსაც მათ ქვეყნებში საზოგადოება არქივებში მუშაობისას აწყდება.

 


კონფერენციის მოდერატორები:


ორდღიანი კონფერენციის დროს გაიმართა 5 პლენარული სესია და 1 დისკუსია მრგვალ მაგიდასთან. სხდომებისა და დისკუსიის მოდერატორები იყვნენ:

 

ტიმოთი ბლაუველტი, საბჭოთა კვლევების ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

 

ლევან ავალიშვილი, IDFI- ის თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი;

 

ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, საბჭოთა ისტორიის მკვლევარი;

 

ივან პავლოვი, „გუნდი 29“ გენერალური დირექტორი რუსეთიდან;

 

მაიკლ ჰოლი, ღია საზოგადოების ფონდის ევრაზიის პოლიტიკის ანალიტიკოსი;

 

ანტონ ვაჭარაძე, „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელმწიფო არქივის ღიაობის“ პროექტის მენეჯერი IDFI-ში.


კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელმწიფო არქივის ღიაობის“ ფარგლებში, რომელსაც IDFI ახორციელებს ღია საზოგადოების ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

კონფერენციის ფოტოალბომი იხილეთ აქ.