...
15 თებერვალი 2022
აჭარაში დიდი ტერორის (1937-1938) მსხვერპლთა მასობრივ სამარხზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა
ადვოკატირება

2022 წლის 9 თებერვალს დასრულდა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მეცნიერების სამუშაოები აჭარაში და სრულად დამუშავდა, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხი №6. პოლონელი არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების 6 კაციანი ჯგუფი სამუშაოებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით ახორციელებდნენ. 

 

IDFI-ის კვლევის თანახმად,  აჭარაში სულ დახვრიტეს 1050 ადამიანი, რომელთაგანაც 311 ადამიანი, რუსეთის იმპერიაში შემავალი სხვა გუბერნიებიდან და ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ: მათ შორის აჭარაში დახვრიტეს 30-მდე ეთნიკური პოლონელიც. IDFI-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლონური მხარე დაინტერესდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ბედის გარკვევითა, მათი ეგსჰუმაციისა და შემდგომში იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით. IPN-ის ექსპერტები ორი კვირის განმავლობაში იკვლევდნენ სამარხს, რის შემდეგაც მათ მიაკვლიეს და ამოასვენეს 29 ნეშტი. პოლონელი მეცნიერების ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან  პოლონეთსა და მეზობელ ქვეყნებში შესწავლილი აქვთ ასობით მსგავსი სამარხი. სამომავლოდ დაგეგმილია ნეშტების საფუძვლიანი, ანთროპოლოგიური შესწავლაც. 

 

სულ აჭარაში 2017-2019 წლებში, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ და 2021 წელს ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობით, მსხვერპლთა 5 სამარხია შესწავლილი და 180-მდე ნეშტი ამოსვენებული, რასაც დაემატა 2022 წლის 3 თებერვალს სრულად გახსნილი №6 სამარხი და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნაპოვნი 29 ადამიანის ნეშტი.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობა ემთხვევა 1938 წლის 15 მარტის განაჩენის აღსრულების აქტში არსებულ რეპრესირებულთა რაოდენობას.

 

სამარხებში აღმოჩენილი 1930 წლიდან 1936 წლის ჩათვლით მოჭრილი საბჭოური მონეტები (კაპიკები), ღილები, სავარცხლები და სხვა ნივთები. ნეშტების მდგომარეობა (უკან შეკრული ხელები, თავის ქალაზე  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა) და სამარხი, რომელიც წარმოადგენს წინასწარ გათხრილ დიდ ორმოებში ერთად მოთავსებული ათეულობით ადამიანის ნეშტს,  კიდევ ერთხელ ამყარებს ვერსიას, რომ აღმოჩენილი ნეშტები ნამდვილად ეკუთვნით 1937-1938 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს.

 

პოლონელმა სპეციალისტებმა ნეშტები განაცალკევეს, შემდეგ მოათავსეს სპეციალურ სათავსოებში. IPN სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნეშტების ანთროპოლოგიური შესწავლაა. იდენტიფიცირების პროცესი კი საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც სოციალურ აქტივობებს, ასევე სამეცნიერო სამუშაოს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია პოლიგონის ტერიტორიის სრულად დამუშავება და დარჩენილი მასობრივი სამარხების აღმოჩენა, რათა შემდგომში ადგილზე დაიგეგმოს ხსოვნის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები. 

 

IDFI-ის წარმომადგენლები და IPN სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია რეპრესიების მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიცირების მიზნით წარიმართოს აქტიური კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა რეპრესირებულთა შთამომავალმა ჩააბაროს საკუთარი დნმ მასალა, რომელიც შედარებული იქნება ნეშტებიდან აღებულ ნიმუშებთან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, დნმ ანალიზის გაკეთება საქართველოში შესაძლებელი კვლავ არ არის. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული მოვლენაა აჭარაში დიდი ტერორის მსხვერპლთა სამარხების აღმოჩენა, ამიტომ აუცილებელია რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა. აუცილებელია, პროცესებზე სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და სამარხების აღმოჩენის ადგილზე მოეწყოს  მემორიალური კომპლექსი, გაიმართოს რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები და მაქსიმალურად წახალისდეს კვლევები ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართული მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და გადაწყდეს ნეშტების დაკრძალვის, საერთო სამარხისა და მემორიალის მოწყობის საკითხი. 

 

აღსანიშნავია, რომ  აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს მედია საშუალებებმა. მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რათა  წარიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია და აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ. მედიაში აღნიშნული თემის აქტიურ გაშუქებას მსხვერპლთა იდენტიფიკაციასთან ერთად აქვს სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი მიზანიც: ქვეყნის რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიისგან დაცვა, რომელიც ერთ-ერთ იარაღად აქტიურად იყენებს საბჭოთა წარსულის იდეალიზებას. 

 

მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.