IDFI-ისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაიწყეს ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილ, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტების საფუძვლიანი, ანთროპოლოგიური შესწავლა.
ადგილზე 2 კვირის მანძილზე იმუშავებენ პოლონელი სპეციალისტების ორკაციანი ჯგუფი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის წევრები: აგატა ტანჰოიზერი (Agata Thannhauser) და ლუკაშ შლეშკოვსკი (Lukasz Szleszkowski). აღსანიშნავია, რომ ორივე მეცნიერს აღნიშნული საკითხის გარშემო გამოქვეყნებული აქვთ ათეულობით ნაშრომი (იხილეთ პროფილები: https://www.researchgate.net/profile/Lukasz-Szleszkowski-2 / https://www.researchgate.net/profile/Agata-Thannhauser ), რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამუშაო უმაღლეს დონეზე შესრულდება.
კვლევა 12 აპრილამდე გაგრძელდება და მეცნიერები იმუშავებენ ნეშტების რეკონსტრუქციაზე, დახვრეტილთა სქესის, სავარაუდო ასაკისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დაზიანებების დადგენაზე. ასევე, ყველა ნეშტიდან აიღებენ დნმ ნიმუშებს შემდგომი ანალიზისთვის.
მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.