...
08 სექტემბერი 2021
ლალი ოშაყმაშვილის მოგონებები
საარქივო დოკუმენტების ბაზა

 

ოშაყმაშვილი ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე  დაიბადა საქართველოში, სოფელ მარტყოფში 1898 წელს. დაპატიმრების დროს, ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, მოგილევის ქუჩაზე. 1928 წლიდან გახლდათ სკკპ(ბ)-ის წევრი. იგი დააპატიმრეს 1937 წლის 7 ივლისს. ამ დროს, მუშაობდა საქართველოს სსრ-ს შინსახკომში. გაასამართლა სამხედრო კოლეგიამ, რომლის წევრებიც იყვნენ მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური და კოსტიუშკო. სხდომა გაიმართა 1937 წლის 14 სექტემბერს. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 1937 წლის 15 სექტემბერს. ოშაყმაშვილი ალექსანდრე რეაბილიტირებულია საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით. 

 

 

1937 წელს რეპრესირებული ერთი ოჯახის შესახებ

ლილი ოშაყმაშვილის მოგონებები

 

ვარ 1937 წელს რეპრესირებულ მშობლების შვილი, ოშაყმაშვილი ლილი ალექსანდრეს_ასული.

ჩემი მშობლები იყვნენ მამა - ალექსანდრე (სოლომონი) ქრისტეფორეს_ძე ოშაყმაშვილი. დედა ელენე იოსების ასული ადამიძე-ოშაყმაშვილისა. 

რასაც მოგახსენებთ ზოგი რამ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან და შემდეგი პერიოდიდან, ზოგი კი დედის მიერ ნათქვამი ან ნათესავების მიერ მონაყოლი, განსაკუთრებით მამიდის, დეიდის და ბიძის: დანარჩენი მოვიპოვე ფოტო-სურათებზე ოფიციალურ სურათზე დაბეჭდილი წარწერებიდან.

ჩემი მამა დაიბადა სოფელ მარტყოფში 1898წ. 5/III ადრე დაობლდა. ჩემს ბებოს ანნა ნიკოლიშვილს დარჩა ოთხი ბავშვი, მათ შორის ჩემი მამა იყო ყველაზე უმცროსი - 2 წლის.

ბებო იძულებული იყო ჩამოსულიყო ქალაქში - თბილისში და თავისი მძიმე შრომით ერჩინა ბავშვები. მიუხედავად სიდუხჭირისა, მან მოახერხა უმცროსი შვილებისთვის მიეცა განათლება. როგორც მიამბო მამიდამ, ბებომ მოახერხა შეხვედრა მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელესთან და სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე ბავშვების სწავლის უფლება. ბებოს თხოვნა დააკმაყოფილეს და მამიდა და მამა სწავლობდნენ სახელმწიფოს ხარჯზე.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მამამ გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

როგორც მე ვიცი ბოლომდე ის იყო სამხედრო პირი.

1924 წელს მამა სწავლობდა მოსკოვში და დაამთავრა მუშათა და გლეხთა (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული „რაიონული კომიტეტების მდივანთა კურსები“.

უნდა აღინიშნოს, რომ კურსების დამთავრებასთან დაკავშირებით შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიისა და სახელმწიფოს წევრები. მათ შორის ი. სტალინი, ვ. მოლოტოვი და მ. კალინინი. ამ ფოტო სურათზე მე სხვა ვერავინ ვიცანი. სტალინი დაინტერესებულა იყვნენ თუ არა წარმომადგენლები საქართველოდან. მას წარუდგინეს ჩემი მამა. მან გამოკითხა ვინაობა და დამშვიდობებისას უთხრა: ფოტოსურათის გადაღების დროს დამდგარიყო მასთან. ეს ფოტო ინახება ჩემთან წარწერით „Курсь секретарей УКОМОВ при ЦК РКП (б) Москва 1924г.“

მამა მუშაოდა ამიერკავკასიის მე-6 არმიის საავიაციო ქიმიური თავდაცვისა და მრეწველობის „ავიაქიმ“-ში. მე მაქვს ფოტო გადაღებული დაწესებულების ფასადის წინ, წარწერით სადაც ჩემი მამა არის თანამშრომელთა შორის.

1929 წელს გაიარა ც.კ. (Ц.12.Р.К П (б)) პირველ მოწვევასთან არსებული კურსები - КСУ ქ. ლენინგრადში.

ფოტო სურათი წარწერით ინახება ჩემთან. ის აქ არის ამხანაგებთან ერთად. სურათზე არის წარწერა: студенты 6-го кружка КСУ при ЦК РКП (б) I созыва г. Ленинград 1929гю 16/IV. ამავე პერიოდში გადაღებულია ლენინგრადში „აეროპლანთან“ თანამშრომლებთან ერთად.

ამ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში დაამუშავა და გამოაქვეყნა ნაშრომი ქიმიური თავდაცვისა და მრეწველობის შესახებ.

ცნობილი მიზეზების გამო წიგნი მე არ გამაჩნია.

მამას თანამდებობები და სამუშაო ადგილი, ჩემი ბავშვური ცნობიერებიდან, დაპატიმრებამდე იყო როგორც ქ. თბილისში აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში.

1.      მცხეთის რაიონის შინსახკომის უფროსი

2.      თეთრი წყაროს (ახბულახის) რ-ნის შინსახკომის უფროსი

3.      თბილისის შინსახკომი - თანამდებობა არ ვიცი

4.      ქ. გორის რაიონის შინსახკომის უფროსი 1935-36წწ.

იქ სადაც მუშაობდა მამა, ჩვენ - ოჯახი ყოველთვის მასთან ვიყავით. გორში მუშაობის პერიოდში მე ვსწავლობდი გორის საშ. სკოლაში.

მამა დააპატიმრეს 1937 წლის 7 ივლისს.

როგორც ცნობილია და ამასავე აღნიშნავს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი რონალდ გრეგორ სიუნი თავის გამოკვლევებში, რომელიც შესულია წიგნში „სტალინი ისტორიასა და ისტორიკოსთა შეფასებაში“ (ვ. ზუბიკოვი და ქ. როსტიაშვილი თბილისი 2002წ.). 1937 წლის ივლისში დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატის „წმენდა“. გვ. 30.

ამავე გამოქვეყნებულ გამოკვლევაში 32გვ. აღნიშნულია, რომ 1938 წელს ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიიდან გარიცხვის დროს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ცხადია სიკვდილით დასჯილთა გაცოცხლება შეუძლებელი იყო.

მამა დააპატიმრეს სამსახურში საღამოს „თათბირზე დასასწრებად“ მისული. საღამოს 7 საათზე. მიყენებული სტატია არის 58-10 და 58-11. 9 საათზე უკვე მისულან შინსახკომის თანამშრომლები ბინის გასაჩხრეკად. წაიღეს მისი ყველა ნივთი, იარაღი და ჯილდოები, მიღებული სანიმუშო მუშაობისთვის და მედლები.

ჩემდა საბედნიეროდ, ამ დროს მე არ ვიყავი თბილისში. მე ამ საშინელებას ვერ შევესწარი. მე არავინ ამაზე არ მელაპარაკებოდა. მე მხოლოდ ვხვდებოდი, რომ რაღაცა ცუდი მოხდა.

მინდა მოგახსენოთ ჩემი მამის, როგორც პიროვნების შესახებ. ჩემი შთაბეჭდილებით შექმნილი.

წარმოშობით მამა იყო ხევსური. ის იყო ამ მხარის ხალხისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებების მქონე: სამართლიანი, მტკიცე - ურყევი ხასიათის, ვაჟკაცური ბუნების და კეთილი, თავმდაბალი. მას ყოველთვის ახასიათებდა სადად, უბრალოდ ჩაცმა, ყოველი ზედმეტობის გარეშე. ის ვერ ეგუებოდა ლ. ბერიას და ქობულოვის მსგავს პიროვნებებს. რის გამოც მას ქონდა მათთან დაპირისპირება სამსახურში ერთად მუშაობის დროს. რაც გახდა მისი დაპატიმრებისა და თავიდან მოცილების მიზეზი.

მამის დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ დაიბადა ჩემი და ნელი 1937 წლის 20 ივლისს.

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩამოგვართვეს 1 ოთახი. ჩვენ ვცხოვრობდით ლენინგრადის ქ. N1 და დ. აღმაშენებლის N86 კუთხის სახლში. გვქონდა კარგი ბინა, შესაბამისი სათავსოებით. ჩვენ ჩაგვისახლეს რეპრესირებული ოჯახი ქალბატონი და მისი ვაჟიშვილი დაახლოვებით 12 წლის. ვცხოვრობდით შეხმატკბილებულად საერთო დარდითა და განცდებით.

1937 წლის 25 ოქტომბერს დააპატიმრეს ჩემი დედა.

მიუხედავად იმისა, რომ მათივე კანონით ძუძუმწოვარი, 3 თვის პატრონი დედა არ ექვემდებარებოდა დაპატიმრებას, ის დააპატიმრეს როგორც სამშობლოს მოღალატის მეუღლე (Ч.С.И.Р) და წაუყენეს 58-10, 58-11 სტატია. დაიწყეს ბინის ჩხრეკა, გადაქექეს ყველაფერი, ჩემი წიგნები და რვეულებიც კი. ორი არასრულწლოვანი ბავშვი დავრჩით უდედოდ. იმ დროს ჩვენთან იმყოფებოდა ქალი, რომელიც ეხმარებოდა დედას ბავშვის მოვლაში.

ჩვენმა მეზობლებმა მაშინათვე შეატყობინეს ჩვენს ნათესავებს მომხდარის შესახებ.

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი დედა იყო თავდაჭერილი ადამიანი, ყოველივე რაც მოხდა იმ ღამეს გადაიტანა უხმოდ, მხოლოდ ტიროდა. წასვლის დროს ბავშვს ერთხელ კიდევ აჭამა და მე, როგორც უფროსს ჩამაბარა და მითხრა „შენ მიხედეო“. ასე დავშორდით ერთმანეთს.

ამ ძნელ და ყველა ოჯახისათვის საშიშარ დროს მაშინათვე მოგვაკითხეს ჩვენმა ახლობლებმა ბიცოლამ ქ-ნმა ნატაშამ - რევაზ ადამაძის მეუღლემ, გამბედავმა და კეთილმა ქალმა და მამიდამ.

მამიდამ წამიყვანა სკოლაში, ესაუბრა ჩემი კლასის დამრიგებელს, კეთილშობილ ქალბატონს ქ-ნ მავრა გეგეჭკორს. ის შემხვდა ჩვეულებრივად, რითაც მე არ მაგრძნობინა, რა საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ქ-ნი მავრა იყო უაღრესად კულტურული და განათლებული ადამიანი. ის ყოველთვის იჩენდა მზრუნველობას და ყურადღებას ისე, რომ ეს არ ყოფილიყო ჩემთვის მტკივნეული.

ამის შემდეგ რამოდენიმე ხანს ვცხოვრობდით მე და ჩემი და ძიძასთან ერთად. ჩვენი ბინა ჩემს სკოლასთან იყო ახლოს ყოფილი მე-3, ამჟამად 23-ე. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ იძულებით გამოვიცვალე საცხოვრებელი ადგილი ჩემი თხოვნით ბოლომდე დამტოვეს იქვე. ჩემი ბიძა ცხოვრობდა ავლაბრის რაიონში, თეატრთან ახლოს.

ნოემბრის თვის დასაწყისში მოვიდნენ შინსახკომის წარმომადგენლები და აღწერეს ჩვენი ავეჯი. განსაკუთრებით მოეწონათ ჩვენი პიანინო „შრედერის“ მარკის კარგად შენახული.

რამოდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემი და, 4 თვის ბავშვი გამოგვასახლეს. ავეჯი დაგვატოვებინეს.

მახსოვს იყო წვიმიანი ამინდი. ჩემთან ერთად იყო ჩემი ბიცოლა, რომელიც ტიროდა. მე ვიყავი გაოგნებული. საერთოდ ტირილი არ მახასიათებდა. ყველაფერს ვიტანდი ჩუმად. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დღე. ჩვენ ვიყავით უმწეონი უდედოდ, უმამოდ და უსახლკაროდ დარჩენილი ორი ბავშვი.

მე საერთოდ წამიყვანა ბიძამ. მისმა ოჯახმა გადაიტანა ჩვენი და ჩვენი მშობლების მძიმე ხვედრის ძირითადი სიმძიმე.

ეს ძალიან დიდი ვალია ჩვენი ოჯახისა და პირადად ჩემი.

როგორც კი გამოგვასახლეს, იმავე ღამეს წაიღეს ჩვენი პიანინო, რომელიც მიითვისა შინსახკომის თანამშრომელმა და ვერაფრით დათმო. ბინაში ასევე შეასახლეს შინსახკომის თანამშრომელი.

ჩემი და წაიყვანა ძიძამ, მას ვუხდიდით გასამრჯელოს 1 წლის განმავლობაში. 1938 წელს არ მახსოვს თვე, როდესაც დედა გადაასახლეს იძულებული ვიყავით ბავშვი აღსაზრდელად ჩაგვებარებინა სახელმწიფო დაწესებულებაში. მივმართეთ შინსახკომს.

შინსახკომის თანამშრომლის - სამეურნეო განყოფილების წარმომადგენლის თანხლებით - გვარი მახსოვს - აპრიამოვი, ბავშვი წავიყვანეთ შინსახკომთან არსებულ ბაგა-ბაღში, რომელიც მდებარეობდა საბჭოს ქ. N18 (ამჟამად ჩიქობავას ქ.). უნდა აღინიშნოს, რომ იყო ძალიან კარგი პირობები. აღსაზრდელად ყავდათ 9 ბავშვი. ჩემი და იქ იმყოფებოდა 1940 წლამდე. მე ხშირად დავდიოდი ჩემი სკოლის ამხანაგებთან ერთად ბავშვის სანახავად. ბავშვი იყო ყოველთვის სუფთად ჩაცმული და კარგი მოვლილი. არაფერი აკლდა ჩვენს გარდა.

დედა გადაასახლეს 1938 წ. 7 იანვრის დადგენილების საფუძველზე. ის იყო ჯერ მორტოვიის ა.ს. რესპუბლიკაში, სოფელ პოტმასთან არსებულ ქალთა კოლონიაში. იქიდან მივიღეთ წერილი, მე მქონდა უფლება დედისთვის გამეგზავნა პასუხი. იმ კოლონიაში ყოფნის დროს დედამ გამომიგზავნა ამანათი საჩუქრებით ჩემთვის და ჩემი ნათესავი ბავშვებისათვის: ნაქარგები, ნაქსოვი ნივთები და სუვენირები.

შემდეგ დედა გადაასახლეს არხანგელსკის ოლქის სოფელ ტალაგასთან არსებულ კოლონიაში, სადაც ხერხავდნენ ხის მორებს (шпалорезка).

მამის ადგისამყოფელის შესახებ მე არაფერს მეუბნებოდნენ. ახლობლებს ეგონათ, რომ ამ გაურკვევლობას მოეღებოდა ბოლო და სიმართლეს გავიგებდით. მე რამოდენიმეჯერ ვიყავი ორთაჭალაში, ციხეში რათა გამეგო რამე ჩემი მამის შესახებ. იქ იყო დიდი რიგი ჩვენნაირი ხალხისა, ვისაც აინტერესებდა სად იმყოფებოდა მისი პატიმარი.

მე ვიყავი 11-12 წლის, ძლივს ვწვდებოდი პატარა სარკმელს და როდესაც ვეკითხებოდი, სად იყო ჩემი მამა, მორიგე ცივად მპასუხობდა და მეუბნებოდა, რომ გადასახლებულია ათი წლით მიმოწერის უფლების გარეშე. „выслан на десять лет, без права переписки“.

მე ვწერდი წერილებს დახმარების შესახებ, გაერკვიათ სიმართლე ჩემი მშობლების შესახებ. გავაგზავნე წერილები პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწეთა მისამართით ნ. კრუპსკაიასთან, მ. კალინინთან, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი არ მომდიოდა.

ბოლოს გადავწყვიტე წერილი გამეგზავნა ი. სტალინთან.

მივიღე პასუხი შემდეგი შინაარსის „საქმე თქვენი მშობლების შესახებ განხილული იქნება განსაკუთრებულ თათბირზე (дело будет рассмотрено на особом совещании)“. ეს იყო 1940 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე. დაიწყო ომი და იმედი გადამეწურა, ვიფიქრე ვის სცალია ეხლა ჩვენთვის.

 მაგრამ 1942 წლის 20 მაისს განიხილეს ჩემი მშობლების საქმე და დედა გაათავისუფლეს; როგორც ბანაკის უფროსის მოწმობაში წერია: „გაუქმდეს დადგენილება დაპატიმრების შესახებ და გათავისუფლდეს პატიმრობიდან“.

 „... дело производство прекратить, из под стражи немедленно освободить“ выниска из протокола №37 особого совещания при НКВД СССР от 20 Мая 1942г.“

დედა გაათავისუფლეს. ბრძანების შემდეგ ერთი დღე და ღამით დასტოვეს თავის ბანაკში. ქალები მთელი ღამე წერდნენ წერილებს თავისი ოჯახის წევრებისათვის. დედა რომ ჩამოვიდა, მთელი თვე არიგებდა ამ წერილებს. ბევრ ოჯახს დაუმეგობრდა და სიკვდილამდე ჰქონდა მათთან კავშირი: თინა ბერიძე-ჭუმბურიძისა, თამარ მასალკინა-პოლუდოვას, ნინო სიკინჭილაშვილს, ანიკო მჭედლიშვილს და სხვებს. მანამდე ჰქონდა კავშირი მათ შვილებთან.

დედა მოდიოდა არხანგელსკიდან თბილისში მოსკოვის, ტაშკენტის, ბაქოს გავლით. როდესაც დედა ჩამოვიდა თბილისში მე იმ დროს ვიმყოფებოდი სოფელ ხაშმში დეიდასთან. როდესაც იქ ჩამომაკითხა არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, ის ქალი უკვე აღარ გავდა ჩემს დედას. პირველი სიტყვა, რაც ვკითხე იყო „სად არის მამა“. რა მიპასუხა არ მახსოვს მე მარტო მახსოვს ის, რომ ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი.

დედის გათავისუფლების და რეაბილიტაციის შესახებ მაქვს აგრეთვე დოკუმენტი მიღებული საქართველოს უშიშროების კომიტეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ი. მირონოვის და ო. თუშურაშვილის მიერ დადასტურებული.

დედა იყო ადამიძე ელენე იოსების ასული ადამიძე-ოშაყმაშვილისა. დიასახლისი და დაპატიმრებული, როგორც მოღალატის ოჯახის წევრი.

მამის რეაბილიტაციის შესახებ შევიტყვეთ უფრო გვიან, 1958 წელს მოსკოვიდან მიღებული გადაწყვეტილება N4 н 07534/57  27/I. სსსრ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის დადგენილება: „1937 წლის 14 სექტემბრის განაჩენი ოშაყმაშვილი ა.ქ. მიმართ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდეს და საქმე შეწყდეს დანაშაულის არ არსებობის გამო“. ხელს აწერს სასამართლოს სამხედრო კოლეგიის იუსტიციის პოლკოვნიკი - ბ. ცირლინსკი.

აგრეთვე მაქვს ცნობა 1997 წ. საქ. უშიშროების სამინისტროდან და საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან (არქივიდან) მამის ოშაყმაშვილი ა.ქ. რეაბილიტაციის შესახებ.

მაქვს საქართველოს ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მე ოშაყმაშვილი ლილი ალექსანდრეს ასული ვარ რეპრესირებულ მშობელთა ოშაყმაშვილი ა.ქ. და ოშაყმაშვილი ე.ი. კანონიერი მემკვიდრე.

დედა ჩამოვიდა გადასახლებიდან, მაგრამ რა დახვდა მას თბილისში: ორი შვილი, რომლებიც იყვნენ გაუცხოებულნი. ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით მათთან, ვინც გვზრდიდა. ძნელად ვეგუებოდით ახალ გარემოებას, ვინაიდან არ გვქონდა ჩვენი ბინა, ხუთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით ისევ ერთმანეთისგან განცალკევებული, სხვადასხვა ოჯახში. ჩემი და ჯერ მამიდასთან, მერე დეიდასთან; დედა ხან დასთან, ხან ძმასთან ცხოვრობდა. მეც აგრეთვე ნათესავებთან სხვადასხვა ოჯახში. არდადეგებს და დასვენების დღეებს მე ხშირად ვატარებდი დეიდასთან მარიამ ადამიძესთან - მაშოსთან. ის ყველასთვის დეიდა მაშო იყო, მთელ უბანს უყვარდა. მასთან მქონდა თავისუფალი და უშუალო დამოკიდებულება. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ვცხოვრობდი დედას დეიდაშვილთან ქ-ნ ეკატერინე ლაკაშინასთან, განათლებულ და კულტურულ პიროვნებასთან. ზოგჯერ ვცხოვრობდი ჩემს მამიდა ნინოს ოჯახში, სადაც მხვდებოდა კეთილი ბიძა კოტე და მამიდაშვილი მარატ ქორიძე, რომელსაც ხშირად დავყავდი ჩვენს თეატრებსა და კინოში.

დედის დაბრუნების შემდეგ დაიწყო რთული პერიოდი ოჯახის აღსადგენად. ზრუნვა ბინისა და ნივთების შესაძენად.

მამას ყავდა ერთგული მეგობარი ფილიპ იაკოვიდი. მე ის მახსოვს ბავშვობიდან. მას და მამას ხშირი შეხვედრები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ მუშაობდნენ ოჯახებთან ერთად კავშირს არ წყვეტდნენ.

ბატონმა ფილიპმა დედას აღუთქვა დახმარება. პირველ რიგში მან მოაგვარა დედის თბილისში ცხოვრების უფლება. პარტიის ც.კ. მდივანს, ბ-ნ კანდიდ ჩარკვიანს სთხოვა დახმარება ბინით დაკმაყოფილების შესახებ. მან მიმართა მოლოტოვის რაიონულ საბჭოს ბინით დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ ვინაიდან იმ დროს,1942 წელს, თბილისში ბევრი ლტოლვილი იმყოფებოდა ამის განხორციელება შეუძლებელი გახდა.

ერთხელ დედამ წამიყვანა იაკოვიდების ოჯახში სტუმრად. მე მორიდებული ვიყავი, ვიჯექი მარტო ბატონ ფილიპთან. ის იჯდა ფიქრებში წასული. მან გაიხსენა ჩემი მამა და მითხრა:

 „Детка ты знай, что твой папа был кристально чистый человек“ მე გამიხარდა, რომ მან ასე დაახასიათა ჩემი მამა; არ მოველოდი, რომ ამაზე დამიწყებდა ლაპარაკს. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, როგორი შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო და რისთვის მითხრა მან ეს. დიდი მადლობა ჩემი მამისადმი დიდი სიყვარულისა და ერთგულებისათვის.

დედა იყო თავმდაბალი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი, მიუხედავად გადატანილი მძიმე ცხოვრებისა, მან არ დაკარგა რწმენა ადამიანების მიმართ და ყოველთვის მზად იყო გაჭირვების დროს დახმარებოდა. ის გარდაიცვალა 63 წლის ასაკში მძიმედ დაავადებული.

მის დაკრძალვაზე სოხუმიდან ჩამობრძანდნენ ქალბატონები, ყოფილი პატიმრები, ვისთანაც ერთად იხდიდა „სასჯელს“ გადასახლებაში.

მთელი სიმძიმე ჩვენი ოჯახის რეპრესიების გამო როგორც მორალური, ასევე ფიზიკური იტვირთა ჩემი დედის ძმის რევაზ ადამიძის ოჯახმა, ქ-ნ ნატაშასთან ერთად.

როდესაც დაგვრთეს ნება, ვუგზავნიდით ამანათებს საჭირო ნივთებით და საკვებით შორეულ არხანგელსკში.

მე და დედა მამაზე იშვიათად ვსაუბრობდით, ვინაიდან ძნელი იყო ჩვენთვის იმის გახსენება, რომ მამას ასე უსამართლოს მოექცნენ. ამის შეგრძნება და გაფიქრება ძალიან ძნელია.

ერთხელ დედამ მითხრა ბატონ ფილიპ იაკოვიდისა და ჯალათ შაშურკინის შეხვედრის შესახებ. როგორც ცნობილია შაშურკინი თავისი მოვალეობის შესრულების წინ ნაცნობებს უხდიდა ბოდიშს, რომ არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

ჩემი მამის შესახებ კი მას უთქვამს ბ-ნ ფილიპისათვის:

„Филип! Я многих расстрелял, но Саша меня преследует“.

(ფილიპ! მე ბევრი დავხვრიტე, მაგრამ საშა მე არ მასვენებს - მდევნის)

1988 წელს მივმართე საქ.კომ.პარტიის ც.კ. მდივანს, ბატონ ჯ. პატიაშვილს ჩემი მამის ა.ქ. ოშაყმაშვილის რეაბილიტაციის შესახებ პარტიული თვალსაზრისით. 1988 წ. 31 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება 1928 წ. თებერვლიდან 1938 წ. V წევრის - რეაბილიტაციის შესახებ პასუხის მოლოდინში ჩემთან ბინაში მობრძანდა ორი ახალგაზრდა. მათ პირადად მაცნობეს, რომ ჩემი მამა რეაბილიტირებულია პარტიული თვალსაზრისით. მე გაკვირვებული ვიყავი ასეთი ყურადღების გამო და მოვახსენე დიდი მადლობა.

მე არ მახასიათებს ლაპარაკი ჩემი მდგომარეობის შესახებ, პირიქით გამოვხატე ჩემი პატივისცემა შეწუხების გამო. წასვლის დროს მათ მითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმემართა მათთვის დახმარებისათვის, რისთვისაც დღემდე ვარ მადლობელი თანადგომისათვის.

დედამ მამის რეაბილიტაციის შემდეგ - 1958 წლის ბოლოს მიმართა სათანადო ორგანოებს და სთხოვა დაენიშნათ მისთვის პენსია. სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო  უშიშროების კომიტეტმა (საქართველოში) დაუნიშნა პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

დედა აგრეთვე მიამაგრეს მათ დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას უწევდნენ სათანადო გამოკვლევებს და დახმარებას.

სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომელნიც უსამართლოდ დასაჯეს სამშობლოს მოღალატის სახელით, იყვნენ პატიოსანი, განათლებული, წესიერი პატრიოტები. თავისი სპეციალობის ბრწყინვალე წარმომადგენლები. ჩვენ, მათი შთამომავლნი ყოველთვის დიდი სიამაყით მოვიხსენიებთ მათ სახელებს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოთ

ამინ!

ლილი ოშაყმაშვილი

ქ. თბილისის 2012 IV.

 

 

 

 

აკრძალულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებისა და ფოტოების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წერილობითი ნებართვის გარეშე.

ყველა საავტორო უფლება დაცულია. 

©ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).