გვანცელაძე სიმონ მელიტონის ძე დაიბადა საქართველოში, ქალაქ ქუთაისში 1901 წელს. დაპატიმრებისას, ცხოვრობდა ზესტაფონის (ჯუღელი) რაიონში. იყო სკკპ(ბ)-ს წევრი. მუშაობდა საქართველოს სსრ შინსახკომის ჯუღელის რაიგანყოფილების უფროსად. დააპატიმრეს 1937 წლის 16 აგვისტოს. ჰყავდათ მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს კომენდატურაში. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ (წევრები - მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური და კოსტიუშკო) გაასამართლა 1937 წლის 29 სექტემბერს. ბრალად ედებოდა ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 30 სექტემბერს.
სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 02/11-1957წლის № 4н-07540/57განჩინებით საქმე შეწყვიტეს დანაშაულის ნიშნების არაარსებობის გამო.
წარსულის მოგონება
I
მახსოვს ბუნდოვნად დედა ტიროდა და ოთხი პატარა გოგონებიც დედას ბანს აძლევდნენ, რადგან საცოდავი მამა კვდებოდა და საშინელი აურ-ზაური იყო ოთახებში. მეზობლები ჩაგვაწვენდნენ საწოლებში ჩვენ კი ისევ ტიტლიკანები სიმაღლეზე დაწყობილები ერთმანეთს მივზდევდით. ჩვენ კი არაფერი გვესმოდა რაც ხდებოდა ინსტიქტურად მივდიოდით იქით საითაც დედა გვეგულებოდა...
პატარაც აკვნიდან გულამოსკვნილი ტიროდა, თითქოს ისიც გრძნობდა მამით ობლობას.
დეიდამ და ბიძამ თავიანთ ბინაში მოგვცეს თავშესაფარი, რადგან ბინის ქირის გადახდა სახლის მფლობელთან გაგვიჭირდებოდა.
პატარა ძუძუმწოვარა ბავშვი დედამ ძიძას მიაბარა სოფლად, რადგან მას უნდა ემუშავნა, რომ ობლები ერჩინა.
ძიძასთან ბავშვმა რამოდენიმე თვე იცოცხლა და გარდაიცვალა. დედა მუშაობდა ხელოსანთა კავშირში, რომ აღეზარდა სამი ობოლი პატიოსანი შრომით.
ბავშვები კი ერთმანეთს უვლიდით დეიდის და ბიძის ხელმძღვანელობით.
II
ერთხელ დედამ გამგზავნა აფთიაქში სარეცხი სოდის საყიდლად. გავიარე ჭავჭავაძის ქუჩა, გადავიხედე თეთრ ხიდისაკენ დავინახე ბევრი ცხენოსნები მოაჭენებდნენ ცხენებს შეძახილებით! წინ უძღოდათ წითელი დროშებით ერთ ერთი ცხენოსანი, დანარჩენს ხელთ ეჭირათ ხმლები მაღლა ამართული...
ქუჩებში ხალხი დაფრთხა შეიქნა საშინელი კორიანტელი. მაღაზიის დარაბები სასწრაფოდ ყველამ დაკეტა. ხალხი ზოგი ეზოებში და ზოგიც აფთიაქში იმალებოდა. არავინ არ იცოდა რა ხდებოდა... და მით უმეტესად მე, როდესაც ათი წლისაც არ ვიქნებოდი.
ცხენოსნებმა ჩაიარეს ჭავჭავაძის ქუჩით, პატარა ციხესთან შეარღვიეს კარები და გაანთავისუფლეს პატიმრები კომუნისტური პარტიისათვის თავდადებულები. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავინახეთ ჩვენი ეზოს კარებიდან: ცხენოსნებს წრე გაეკეთებინათ ციხიდან განთავისუფლებულ კომუნისტებისთვის, რომლებიც წრის შიგნით საუკეთესო ხმებით ხმა შეწყობილად მღეროდნენ მარსელიოზის მარშს...
სად ეტეოდა ამდენი ხალხი, რომელ საკანში? სად შეარჩიეს ისეთი ლამაზი და ტანადი ვაჟკაცები ყველა ასაკისა წითელი დროშის ქვეშ დარაზმულები. როდესაც ხალხმა დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე მათ საკეთილდღეოდ იყო მიმართული გათამამდნენ და ქუჩებში გამოვიდნენ თამამად კიჟინით და შეძახილებით: „ნიკოლოზი ძირს სამი კაპიკი ღირს“. ისე მახსოვს ყოველივე ზემოთ აღწერილი, როგორც გუშინდელი დღე...
III
ბავშვობამ და მეზობლობამ დაგვამეგობრა ოთხი ამხანაგი ისე, როგორც ნამდვილი დები: მე, ანგელინა, ლიდა და თამარი. შერქმეული სახელებითაც მივმართავდით ერთმანეთს... მე როგორც ეშმაკი სულ ხის წვერზე ვიყავი კაჭატუნს მეძახდნენ; ანგელინას, როგორც მსუქანს ბაზუმს, ლიდას სკუპს, რადგან სულ იჯდა უმეტესად როგორც ფიზიკურად სუსტი აღნაგობის. თამარს კი დრაგუნს, რადგან ყველაზე მხარბეჭიანი და მაღალი იყო. თავისუფალ საათებს სულ ერთად ვატარებდით. ხშირად დავდიოდით კინო-თეატრებში პრემიერებზე.
ლიდიკო კარგად უკრავდა პიანინოზე, რადგან დედა მუსიკის მასწავლებელი იყო: ყველანი ხმა შეწყობილად ვმღეროდით და ვცეკვავდით საღამოს 8 საათიდან ღამის 11 საათამდე.
ქუჩაში ყველა გამვლელ-გამომვლელი ჩერდებოდა და ისმენდნენ ჩვენს კონცერტებს. ჩვენც ის გვიხაროდა, რომ ხალხის ყურადღებას ვიპყრობდით...
ჩვენი ამხანაგი თამარი ყველაზე ღარიბი იყო და ყველაზე ამაყი, არ გაგრძნობინებდა რომ ციოდა ან შიოდა, რადგან მამა მისი თავად-აზნაური იყო და განკულაკების შედეგად საშინელ სიღარიბეს განიცდიდნენ. რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით ღარიბ ამხანაგს და მისი ოჯახის წევრებს... ხელმოკლეობის გამო თამარი ადრე გაათხოვეს ბათუმში ერთ აგრონომზე. ის ბედნიერად ცხოვრობდა ქმართან რამოდენიმე წელი. მაგრამ ეს ბედნიერება უბედურებათ გარდაიქცა. უმტყუნა ბედმა წარსული სიღარიბის შედეგად ფილტვებით დაავადდა ვერაფრით უშველეს... სიცოცხლით და სილამაზით სავსე თამარი უდროვოდ მიწას მიაბარეს...
მამიდამ ლიდიკო წაიყვანა აგარაკზე ბიცოლასთან. გულმა ვერ აიტანა მაღალი ჰაერი. ვერ მოასწრეს უკან დაბრუნება და მეორე დღესვე გარდაიცვალა. რომელიც გავიგე შემთხვევით.
ჩემი უფროსი დები მსახურობდნენ სამხედროში და ზაფხულობით მივდიოდით გორში ლაგერში. ერთხელ მე დედა და ორივე დები ვართ სასადილოში. ხელის გასაწმენდათ ავიღე გაზეთი მოვხიე ერთი კუთხე და დავაკვირდი ამოვიკითხე ჩემი ამხანაგის ლიდიკო ჩხეიძის გვარი გარდაცვალებულებში. ხმა ვეღარ ამოვიღე შემრცხვა ხალხის გავფითრდი, ავკანკალდი და გაველი ქუჩაში. ასეთი კარგი მეგობრის დაკარგვა არც ისე ადვილი იყო. სახლამდე სულ სირბილით და ტირილით მივედი... დედა, დები და ლიზას უფროსი თანამშრომელი სიმონ გვანცელაძე მოვიდნენ სახლში. იფიქრა ჩემი შერცხვება და აღარ იტირებსო, რადგან მას მოვწონდი და უნდოდა მისი ვყოფილიყავი.
იმ დღითვე ავიღეთ ბილეთი ქუთაისის მატარებელზე. სიმონსაც გაეგო, რომ მივდიოდი ქუთაისში და გამოსულიყო გორის სადგურში ჩემს გასაცილებლად. მთხოვა ბილეთი მაჩვენეო გამომართვა წაიღო სალაროში და აიღო რბილის ბილეთი მეწყინა... მაგრამ რას ვიზამდი... მან მთხოვა ქუთაისამდე გაგაცილებო, მაგრამ სასტიკი უარი უთხარი. მთელი ღამე მატარებელში ტირილით გავატარე... ჩავედი ქუთაისში მანძილი ძალიან გრძელი მეჩვენა, რადგან მეჩქარებოდა ჩემი მეგობარი მალე მენახა.
მიუახლოვდი ჩხეიძეების სახლს შევედი სასტუმრო ოთახში დავინახე საცოდავი ლიდიკო. თაიგულებით მორთულ კუბოში იწვა და თავს დასტიროდნენ შავ მანდილში გახვეული დედა და ჩვენი განუყრელი ამხანაგი ანგელინა...
ასე გამოგვეცალა ორი მეგობარი ხელიდან, რომელთა ხსოვნა დღესაც გვაღონებს...
IV
ზაფხულობით ხშირად დავდიოდი ჩხარში ბიცოლასთან. იქ ხშირად ახალი ამხანაგები პურ-მარილით ავდიოდით „მაცხოვრის “ გორაკზე და იქ სასაფლაოს ქვებზე და ხის ჩრდილში ტკბილად ვმუსაიფობდით, ვმღეროდით და ვცეკვავდით.
საღამოობით ბიძაშვილის ამხანაგები ჩამოივლიდნენ ჩვენს ბაღ-ვენახებში, რომლებსაც გულუხვად უმასპინძლდებოდით... ერთი მათგანი გამოირჩეოდა ყველასგან, რადგან მას კარგი ხმა ჰქონდა და ტკბილად მღეროდა... ვგრძნობდი, რომ მას მოვწონდი, შეიძლება კიდეც ვუყვარდი? მეც მომწონდა და კიდეც მიყვარდა, მაგრამ ისე ამაყად მეჭირა თავი თითქოს არც მომწონდა და არც მიყვარდა. ის სიყვარულის ახსნასაც ძლივს ბედავდა და ჩემგან უარს იღებდა, რადგან მინდოდა მისი გამოცდა ჩემი სიყვარულისადმი. ერთმანეთთან შეხვედრა რაღაც სიხალისეს გვმატებდა ორთავეს...
ქუთაისში ჩემს წასვლას რომ გაიგებდა ამხანაგებთან ერთად გამაცილებდა 1-2 კილომეტრს მანძილზე ფეხით,(მე კი ურმით). გამომშვიდობების შემდეგ შესდგებოდა მაღალ სერზე და იქიდან შემოსძახებდა სიმღერებს... (ჭლექიანი დღე იყო დასხ.) ეს ხმა ისმოდა მანამ სანამ მანძილი არ დაგვაშორებდა ერთმანეთს.
ეს მალული მოწონება და სიყვარული წაშალა ცხოვრების გზამ. როდესაც საშუალო სკოლა დავამთავრე წავედი ხონში დეიდაშვილთან. ამ დროს ჩამოსულა ის ახალგაზრდა ჩემთან ქუთაისში საბოლოო მოლაპარაკებისათვის. მის შემდეგ ჩემმა ბედმა მას სამუდამოდ გამაშორა და სხვას შემახვედრა. მისი ტკბილი ხმა ეხლაც ყურში მვარდება.
საერთოდ ძალიან ეშმაკი და ხუმარა ვიყავი. კაკლის ხეზე ქვას ავიტანდი და ზედვე ვჭამდი. თუთის ხეზე გავიდოდი და იქ ვსაუზმობდი. ვინმეს აივანზე თუ დავინახავდი ჩურჩხელას გასაშრობად ჩამოკიდებულს აუცილებლად ავიპარებოდი ღამე მოვიპარავდი და ყველას დავურიგებდი. მეორე დღეს რომ ჩავივლიდი ჩურჩხელა სხვაგან ქონდათ შენახული, ის კი არ იცოდნენ რომ ჩურჩხელას ქურდი მე ვიყავი. ყველა ხეხილის ხეებზე უნდა შევსულიყავი და საშიშ მწვერვალზე მოვქცეულიყავი. ერთი ტოტი მქონდა არჩეული, რომელიც ღერძის მაგივრობას მიწევდა და სულ ზედ ვარჯიშობდი. ისეთი ხუმარა ვიყავი ამხანაგებში, რომ ჩემთან ყოფნისას მუცელი ხელით ეჭირათ იმდენს ვიცინოდით.
V
სწავლაში ძალიან ზარმაცი ვიყავი განსაკუთრებით მეოთხე კლასამდე. დედამ მაწავლებელთან მიმაბარა, მაგრამ ექვს ორიანს კიდე ექვსი ორიანი მივუმატე და თორმეტად გავხადე. დედამ კიდეც დამტუქსა ფულს რაღას მახარჯიებდი თუ კი არ ისწავლიდიო.
დედამ რუსული ენის სკოლიდან გადმომიყვანა ქართული ენის სკოლაში, სადაც მოვხვდი კარგი მოსწავლის ნინო საანოვის გვერდით, რომელთანაც ვამხანაგობდი. იმ დღიდან შეუდექი კარგად სწავლას, რის გამოც ვიპყრობდი მასწავლებელთა ყურადღებას.
ოთხწლედში კი ჩემი სიზარმაცის მიზეზი იყო სპორტული თამაშობებით გატაცება.
კარგად დავამთავრე მეორე ცხრაწლიანი საშ. სკოლა. უმაღლეს სასწავლებელში რომ შევსულიყავი, ამისათვის უმაღლესი სასწავლებლის ჯგუფში უნდა მოვმზადებულიყავი, რის საშვალებაც არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მესწავლა თბილისში სამწლიან სამედიცინო ტექნიკუმში, სადაც კარგად ვსწავლობდი. ყოველთვიურად ფულის გამოგზავნა ჩემმა ოჯახმა ვერ შეძლო და 6 თვის შემდეგ მივატოვე სწავლა და ისევ ქუთაისს მივაშურე, სადაც ხშირად ვტიროდი, რადგან სწავლა მინდოდა.
ჩემდა საბედნიეროდ ქუთაისში იანვრიდან გაიხსნა 3წლიანი სამედიცინო ტექნიკუმი, სადაც ჩამითვალეს ჩაბარებული საგნები და კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი.
ერთხელ ლექციებიდან მოვდიოდი სახლში როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად ჭიშკრიდანვე შემოვძახე სიმღერა და შევედი სიმღერითვე სასტუმრო ოთახში, სადაც იყვნენ სტუმრები (ორი სამხედრო) შემრცხვა გავჩუმდი გავიქეცი მეორე ოთახში გადავხტი ფანჯრიდან ეზოში და გვერდით მეზობელ ამხანაგ ანგელინასთან მივედი. იქ ვიყავი კარგ ხანს. ვიფიქრე ეხლა სტუმრები წასული იქნებიან და ისევ სიმღერით შევედი სახლში, მაგრამ ბოდიში სტუმრები ისევ იქ იყვნენ და მელოდებოდნენ, რადგან პირველ დანახვისთანავე გულში ჩავვარდნოდი ერთ-ერთ სტუმარს სიმონ გვანცელაძეს.
მეორეთაც ხომ ვეღარ გავიქცეოდი უხერხულიც იყო და გვიან იყო. გასართობად დავიწყეთ კარტის თამაში. მე ეს სტუმარი განგებ მაწვდიდა კარგ კარტებს, რომ მომეგო... ეს შევნიშნე და შეუბღვირე ეს შებღვირება მას მოეწონა და მის გულში უფრო ფართოდ დაინერგა ჩემდამი სიყვარული...
VI
სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ წავედი გორში სამუშაოდ, რადგან ზაფხულის პერიოდში ჩვენებიც იქ ჩამოვიდოდნენ. ვცხოვრობდი ბინით კ. თვალიაშვითან. ვმუშაობდი ბავშვთა კონსულტაციაში ექთნად. იქ დავმეგობრდით მე და ნინო გალუსტოვა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა. მას ეტრფოდა ვასო ინაური, რომელსაც უარს ეუბნებოდა, რადგან მასზე პატარა იყო რამოდენიმე წლით. ნინო სადაც არ უნდა ყოფილიყო კინოში თუ კრებაზე ყველგან წინ დახვდებოდა და გააცილებდა სახლამდე. ერთხელ მე ნინო და ვასო ვიყავით კინოში. ჯერ ნინო მივაცილეთ და შემდეგ მე მაცილებდა. იყო მთვარიანი ღამე ვისარგებლე ჩემი ეშმაკობით ნინოსთვის რომ ჩამომეშორებინა... მე ვასოს აუხსენი სიყვარული მოტყვილებით, თითქოს ის მე მიყვარდა სინამდვილეში კი მივმართე ხერხს, რომ ჩემი ამხანაგისთვის ჩამომეშორებინა. მე ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ის შეწყვეტდა ჩვენთან ერთობას და ასეც მოხდა.
მას რომ ეს ჩემი მოწყობილი ოინი სცოდნოდა მისი თავმოყვარეობის შელახვისთვის უთუოდ სამაგიეროს გადაიხდიდა შურის ძიებით.
მის შემდეგ გადის რამდენიმე წელი. მსურდა ვასოსთან შეხვედრა და სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ შევხვდი. ვნახე მისი ნათესავი და ჩემი ამხანაგი ქეთო ინაური, რომელსაც უამბე ეს ოინი და ბევრი ვიცინეთ...
გორში ვმუშაობდი 7-8 თვე იქედან ჩავედი ქუთაისში, რომ მოვმზადებულიყავი უმაღლესი სასწავლებლისათვის. საბუთები შევიტანე თბილისში საექიმო ფაკულტეტზე, როდესაც სიები გამოქვეყნდა გაზეთებში, სიაში არ ვიყავი ძალიან ვჯავრობდი და სულ ვტიროდი... ეს ამბავი მოუწყვია ს. გვანცელაძეს ცეკადან გაუგზავნია განცხადება საექიმო ფაკულტეტში თითქოს მე ვიყავი ანტისაბჭოთა ელემენტის შვილი, რის შედეგათაც სიაში უმაღლეს სასწავლებლის არ ჩამრიცხეს. რადგან ის გრძნობდა თბილისში რომ მოვეწყობოდი მას აღარ გავყვებოდი ცოლად. მან იგრძნო თავისი დიდი დანაშაული. და ხედავდა ჩემს მწუხარებას, რომელიც იყო გამოწვეული სწავლის წყურვილით... სიმონმა მოელაპარაკა დედას წავიდეთ სამივე თბილისში და მე თითონ მოვაწყობ უმაღლეს სასწავლებელშიო. (იმედი ქონდა მისი ძმის, რომელიც მაშინ ცეკაში მუშაობდა). რადგან იანვრიდან იხსნებოდა დამატებითი ჯგუფი საექიმო დარგის მოსამსახურეებისათვის. მოვეწყვე ქ. თბილისის I საავადმყოფოში ქირურგიულ განყოფილებაში ექ. გოგი ინასარიძის მეშვეობით. ჩემი თბილისში მუშაობა სიმონს ძალიან ეჭვს ბადებდა ფიქრობდა ხელიდან გამიფრინდებაო და ყოველ შაბათს ჩამოდიოდა საჩუქრებით, რომლითაც ჩემთან უყურადღებობას იმსახურებდა, რადგან მისი სასახლე სულ ოქროებით სავსეც ჩემს გულს ვერ მოიგებდა, რადგან მე გათხოვებაზე არ ვფიქრობდი პირველ რიგში სწავლაზე და შემდეგ ჩემს უმანკო სიყვარულზე, რომელიც დღემდე არის სპეტაკი და შეუბღალავი...
სამსახურში მორიგეობის დროს მითხრეს ვიღაც კაცი გკითხულობსო. გავაღე კარები და ვნახე სიმონი გაღიმებული, რომელმაც ხელში გადმომცა განცხადება რეზოლუციით ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ... ეს მოულოდნელი ამბავი ძალიან მეწყინა, მაგრამ თავი გაიმართლა დედამ დამაბარაო. ძალიან გამხდარიაო ჩამოვიდეს და ცოტა მოსულიერდესო...
ეს დიდი სევდა და ეჭვი მოიშორა თავიდან სიმონმა, მაგრამ სამაგიეროდ მე ორჯერ ამაცდინა სწორ გზას, რომელიც კარგ ცხოვრების გზას მიქადდა...
VII
ქალაქის I საავადმყოფოში (არამიანცის) ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა, რის გამოც საუზმის ჭამის დროც არ მქონდა.
ვცხოვრობდი ბინათ დეიდაშვილთან ფსიქიატრიული საავადმყოფოს საერთო საცხოვრებელში. ხშირად ფეხით მიხდებოდა სიარული, რადგან კოლიაევის აღმართი განა ასეთი განიერი და ლამაზი იყო. ეტლი, მანქანები, ტრამვაი, ტაჭკები მძიმე ტვირთით დატვირთულები ძლივს ადიოდნენ აღმართზე და ერთმანეთს ხელს უშლიდნენ სივიწროვის გამო...
ჩავედი ქუთაისში. ბიძამ და ბიცოლამ მთხოვა მევლო ყოველ საღამოთი მათთან, სანამ ჩემი ბიძაშვილი მარგალიტა (კოკონა) მოილოგინებდა. ბიძასთან რომ წავსულიყავი აუცილებლად უნდა გამევლო ქალაქის ცენტრალური ქუჩა და ბაღი, სადაც სიმონი და მისი ამხანაგი ვარლამ თათეიშვილი გზაზე დამხვდებოდნენ და მიმაცილებდნენ ბიძის სახლამდე. მე კი მათი გაცილება სრულებით არ მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი სიმონი ცოლშვილიანი იყო და მასთან გავლა სასირცხო იყო, როგორც გასათხოვარი ქალიშვილის. ჩემი მიზანი ჯერ სწავლა იყო და შემდეგ გათხოვება; რომელიც მე მომწონდა მას უნდა გავყოლოდი და არა სამშვილიან კაცს, რას იტყოდა ხალხი: რამ აიძულა ქალიშვილი ქალი ცოლშვილიანს რომ გაყვესო?
ერთ-ერთ საღამოს ჩამოვიარე ბაღის წინ ჩილინგაროვის საშაქარლამოსთან. ვიღაცამ ხელი მომკიდა და მიმიყვანა პირდაპირ იმ მაგიდასთან სადაც სიმონი იჯდა. უარი აღარ გამოვიდა და გამიმასპინძლდნენ ნაყინით, ლიმონათით და ტკბილი ნამცხვრებით. მადლობა გადავუხადე და გამოვემშვიდობე წასვლა დავაპირე, მაგრამ მითხრეს ჩვენ გაგაცილებთო და ჭიდაობას ხომ არ დავუწყებდი? ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ვარლამმა ბოდიში მოიხადა და დაგვშორდა. ალბათ მარტო მე და სიმონი რომ ვყოფილიყავით ამით ხელი შეეწყო ამხანაგისთვის, რომ ახალი ოჯახი შეექმნა...
ივანოვის ქუჩის აღმართს რომ შევუდექით გზაზე მან გამაჩერა და ძალიან აღელვებით მითხრა: „მე ბავშვი აღარა ვარ 8 წლით შენზე უფროსი ვარ ან ცოლად უნდა წამომყვე ანდა დღესვე გამოვეთხოვო წუთისოფელს“-ო. გული ისე უცემდა მისი ბაგა-ბუგის ხმა ეხლაც თითქოს ყურში მესმის... სუნთქვა გახშირებული თითქოს იხჩვება და ჰაერი არ ყოფნისო...
ეს წინადადება არ მესიამოვნა და გადავწყვიტე მიმემართა ჩემს ეშმაკობისთვის. მივეცი პირობა მოტყვილებით. მე მინდოდა მისი გადარჩენა სიკვდილისგან მას ხომ იარაღი ახლოს ჰქონდა! ვიცოდი, რომ მას ჰყავდა მშობლები ბევრი და-ძმანი, ცოლი და სამი შვილი. რისთვის დამედო ცოდვა ჩემს კისერზე მთელი ცხოვრების მანძილზე რა მომასვენებდა, როდესაც ჩემი გულისთვის სიცოცხლეს სამუდამოდ ეთხოვებოდა... ვიფიქრე თბილისში მივდივარ 5-6 წლით სასწავლებელში შორს რომ ვიქნები მალე გადავავიწყდები ცოლს შეურიგდება ან სხვა შეხვდება და მე ჩამომშორდება...
ჩემი მოტყვილებითი პირობის მიცემით მე დავრჩი მოტყვილებული და არა ის. მე ჩემი ხელით და სიტყვით ჩავიგდე თავი ხათაბალაში... პირობის მიცემის შემდეგ ყოველ დღე დაიწყო სიარული ჩვენს სახლში... დედას, როდესაც სთხოვა ჩემი თავი მან უპასუხა მე მაგის საქმეში ვერ გავერევი, თითონ იცის თავის საქმეო, რადგან დედამ იცოდა, რომ მე ის არ მიყვარდა და არც ვფიქრობდი მასზე წაყოლას.
დეიდა მაშო, რომელმაც აღმზარდა გაგიჟებამდე მიდიოდა... ერთხელ ჯოხით გამოეკიდა რა გინდათ ჩემ დისშვილთან მან უნდა ისწავლოს თქვენ კი ცოლშვილთან ცხოვრებით მოყირჭებული ხართ უკვე ცხოვრებით „გაცვეთილი ხართ“-ო. მაგრამ ის ვის უსმენდა ხშირად დადიოდა... კინოში რომ წავიდოდით ამხანაგები ის დაგვხვდებოდა გზაზე და აუცილებლად გამოგვაცილებდა. რაც გეზარება ის გეძალებაო ეს წინადადება მართლდებოდა.
ერთხელ წავედით ამხანაგები და ჩემი დები ბაღში სასეირნოთ. დაბარებულივით წინ აგვეტუზებოდა. იმ ღამით ბაღში მითხრა: „ხელი უნდა მოვაწეროთო“ ეს წინადადება რომ მოვისმინე ძალიან ავღელდი და გამწარებულმა უთხარი: „მაგ სიტყვების გაგონებას მირჩევნოდა ტყვია გეკრა გულში“. ასეთმა პასუხმა ისე იმოქმედა მასზე მთელი გზა სახლამდე ისე მიმაცილა ხმა არცერთს არ ამოგვიღია...
VIII
სიმონი მოლაპარაკებოდა დედას და ნათესავებს და დაენიშნათ დღე ჩვენი ქორწინებისა. სტუმრები დაეპატიჟათ და ნათესავები საქორწილო პურ მარილის მზადებაში იყვნენ. მე კი არცერთ ამხანაგისთვის არ შემიტყობინებია გარდა ანგელინა და საშასი, რომლებიც თბილისში სცხოვრობდნენ. როგორ გამემხილა სხვა ამხანაგებისათვის რომ მე ცოლშვილიან კაცს მივყვებოდი ცოლად. იატაკს მასტიკით ვაპრიალებდი და ცრემლებით ვნამავდი, რადგან მივყვებოდი მას ვინც მე არ მიყვარდა...
გაიშალა საქორწილო სუფრა. მმაჩის განყოფილებიდან მოვიდნენ ორი თანამშრომელი, რომლებმაც მოიტანეს საქორწილო დავთარი, სადაც სიმონის ხელის დახმარებით მოვაწერე ხელი უგულოდ - ნაძალადევად...
გადიოდა დღეები, კვირეები... ჩემი გული მკვდარი იყო. სიმონმა მიმართა დედა ჩემს „მე როგორი ქმარი ვარ ჯერ ჩემს ცოლს არ უკოცნია“_ო. ეს რომ გაიგო დედამ გამიჯავრდა და „ნატაცია“ წამიკითხა: შენი ქმარია და უნდა მოეფერო და შეიყვაროვო.
რა უნდა მექნა მეც ჩემს ბედს მივენდე და ცხოვრების გზას გავყევი თვალდახუჭული, რადგან მეტი გამოსავალი არ მქონდა.
IX
ხშირად ვსაუბრობდით წარსულზე. ის მიყვებოდა მიზეზებს, რომლის გამო პირველ ცოლს გაშორდა. ჯერ ერთი ყოფილა ძალზე ეჭვიანი, ვისთანაც სიმონი გაივლიდა აუცილებლად უნდა თმებით დაეთრია და ეცემა. (ყველა ხომ საყვარელი არ იქნებოდა?) იყო ძალიან დაუდევარი ოჯახის საქმეში. ახლის შეკერვა ურჩევნოდა, ვიდრე ნახმარი ტანისამოსის გარეცხვა. მის დადებით მხარესაც გვერდს ვერ აუვლით. სიმონი ღამით ათი ამხანაგითაც რომ მისულიყო, უჩინარს გააჩენდა და საუკეთესო სუფრას გაშლიდა. კერძების გაკეთება ძალიან ემარჯვებოდა. ოღონდ სიმონი მის ოჯახში ყოფილიყო მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან როგორც სჩანდა სიმონი ძალიან უყვარდა. ქმარი რომ ხელში ჩაეგდო და არ გაცილებოდა სამი შვილი გააჩინა. ცოლთან უსიამოვნების გამო ჯავრმა თავი იჩინა ფილტვებში და დაეჩრდილა, რისთვისაც აბასთუმანში წავიდა სამკურნალოთ და კარგი შედეგიც მიიღო... პარტიამ კრებაზე დაუსვა საკითხი სიმონს შენ შენი ცოლი ვერ მოგირჯულებიაო ყველას სცემსო და ჩვენ პარტიაში რას გაგვიკეთებო? დაირცხვინა სიმონმა და გავიდა ოჯახიდან სამუდამოთ. განშორების შემდეგ სამმა წელმა განვლო, მას გადაწყვეტილი ჰქონდა თავის სიცოცხლეში ქალი არ ეთხოვა... მაგრამ როდემდე ევლო უცოლოდ? ისიც ხომ ადამიანი იყო.
მშობლების დაუკითხავად 19 წლის ასაკში შეირთო ეს ქალი და 28 წლის იყო რომ გაშორდა მას. 31 წლის ასაკში კი ჩემთან მოაწერა ხელი. 1933 წლის 14 ივნისს შეგვეძინა პირველი ვაჟიშვილი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა მით უმეტეს, რომ ბავშვი სულ მამას გავდა გარდა თვალ-წარბისა, რომელიც ჩემი გამოყვა და დაარქვა მისივე შერჩეული სახელი რობერტი.
სწავლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, რადგან თითონ ძალზე ეჭვიანი იყო და არც მამსახურა სხვისი ხელ მოკიდებული ქალი რაღად მინდაო... 1936 წლის სექტემბრამდე ვცხოვრობდით თბილისში. სამსახურის დავალებით 1 წლით გაგზავნილ იქნა ზესტაფონში. სიმონს ამხანაგმა სთხოვა ჩემი ცოლშვილი მანქანით მიმყავს ბაკურიანში საზაფხულოდ დასასვენებლადო და შენი ცოლშვილიც წამოიყვანე და ერთად იცხოვრებენო. სიმონიც დაეთანხმა და ზესტაფონიდან ბაკურიანამდე წავედით მანქანით, სადაც ბუნების სილამაზით ვერ ვძღებოდით და თან ვფიქრობდი რა ბედნიერი ვარ, რომ ქმარს ასე ძალიან უყვარვარ და ხელის გულზე მატარებსთქო, მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ ხანმოკლე იყო. ეს იყო ჩემი უკანასკნელი მასთან გავლა და განშორება თურმე სამუდამოდ და მე ამას როგორ ვიგრძნობდი?... თუ ჩემი ცხოვრების გზაც ისე დაიკლაკნებოდა, როგორც გზა ბორჯომიდან ბაკურიანამდე...
X
ერთი კვირის ჩასული ვიყავით ბაკურიანში. ველოდებოდით კვირა დღეს, რომ ჩვენი მეუღლეები ჩამოსულიყვნენ ჭირნახულით და ფულით ცოლშვილთან.
ყველას ჩამოუვიდა მეუღლე, მე კი გულდაწყვეტილი ვიყავი მისი ჩამოუსვლელობით...
რამოდენიმე დღის შემდეგ გამომიგზავნა კაცი, რომელსაც დააბარა: „მე თბილისში მივდივარ სამსახურმა გამომიძახაო“. მეც ველოდებოდი თბილისიდან გზათ მაინც ჩამოივლისთქო. ამ მოლოდინში გაიარა 2 კვირამ. წაღვერიდან ჩამოვიდნენ ჩემი მულები ნინო და მარო. წავედით ბოტანიკურ ბაღში, სადაც მითხრეს სიმონი თბილისში გამოიძახეს წადი თბილისში და გაიგე სიმონი მივლინებაშია თუ პატიმრობაშიო. ეს წინადადება გულზე მომხვდა ისარივით, რადგან ყოველდღიურად გვესმოდა დააპატიმრეს ესა და ეს განსაკუთრებით დიდი თანამდებობის პირნი. ვერც ვიტირე, ვერც ხმა ამოვიღე და ახალი ცხვირსახოცი სულ კბილებით დავხიე... მივედით სახლში ელიკოს სუფრა გაეშალა კარგი საჭმელებით, მაგრამ მე პირიც არ დამიკარებია მთელი დღე ვტიროდი... საღამოთი ჩავსხედით მატარებელში და გავემგზავრე თბილისისაკენ. ბავშვი კი მულებმა წაღვერში დაიტოვეს. მატარებელში მთელი ღამე ვტიროდი, რადგან მივხვდი, რომ ის უკვე პატიმარი იყო და მისი გამოსვლა ასე ადვილი არ იყო.
მივედი სახლში იქიდან წავედი შინსახკომში. ნახევარი საათის სიაში ძებნის შემდეგ მიპასუხეს: „აქ არის პატიმარია“_ო. მომცეს ნება თვეში ორმოცდა ათი მანეთი შემეტანა საერთო ქვაბისათვის. დილიდან საღამომდე რიგში ვიდექი ბავშვით, ფული რომ მიეღოთ. სულ ორი თვის განმავლობაში მიიღეს ფული და მესამეჯერ უარი მითხრეს ფული მიღებაზე „აქ არ არის გადასახლებულია“_ო. მე არ ვუჯერებდი მათ ცხრა თვის განმავლობაში ციხის კარზე ვიდექი ბავშვით და ვეძებდი საერთო სიაში ჩემს მეუღლეს, რომელიც 2 თვის შემდეგ არცერთ სიაში არ იყო; გაძლება არ უნდოდა დილიდან საღამომდე ზღვა ხალხში ბრძოლა წინსვლისათვის, მიუხედავად იმისა ფეხმძიმე და ბავშვიან ქალებს ცალკე გვიღებდნენ პრივილეგიებით. რამდენი მათრახი და ეტლის ცხენები და ვირი ცოცხებით მომავალი ქალაქისაკენ ჩვენ გვეჯახებოდნენ (ციხის თანამშრომლის აღვირახსნილობის გამო) რომელიც ცდილობდა ამით ქალები შევეშინებიეთ და დავშლილიყავით, მაგრამ ამაოდ გვირჩევნოდა მათრახით სხეულის დალურჯება ვიდრე სახლში უიმედოთ დაბრუნება...
ცხრა თვის შემდეგ გადავწყვიტე სამსახური დამეწყო და ბავშვი აღმეზარდა და იმედსაც არ ვკარგავდი დღეს თუ ხვალ ჩემი მეუღლე გამართლდება და გადასახლებიდან დაბრუნდება და დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას-თქო...
XI
ვხედავდი პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს, როგორ აპარტახებდნენ... ავეჯეულობას ართმევდნენ და ბინას ბნელ ნესტიან სარდაფში აძლევდნენ.
ცხრა თვის განმავლობაში მეც მზად მქონდა ჩემოდანი და ლოგინი პატიმრობის მოლოდინში.
დავიწყე ავეჯეულობის გაყიდვა გარდიროფი ტანისამოსის ჩაიტანეს მუშებმა კომისიონში წასაღებად, მაგრამ სახლის კომენდანტმა მუშები გაუშვა შკაფის გაყიდვის ნება არ მომცა და შემოსავალში დასტოვა გარდიროფი. მე შევეკამათე უთხარი: ჩემსას ვყიდი და არა შენსას ქმარი პატიმარია მე უმუშევარი ხომ გვინდა ყოველდღიური ხარჯი არსებობისთვის შენ შენი შვილისთვის „პედალნი“ მანქანას ყიდულობ „როსკოშებს“ მე კი ჩემი ბავშვით შავი პურის ფულად მინდა ავეჯში აღებული ფული.
მან კომენდანტურიდან ვიღაცას დაურეკა ჩემს შიფანერზე „თაზაა ლავ შანა“ მე სომხური ვიცოდი და უთხარი მე მესმის რასაც ლაპარაკობთ სომხურად. მივედი ტელეფონთან, რომ გამომეძახა ახუს უფროსი მან კი ტელეფონს ხელი დაადო და გამოთიშა. მე უთხარი შენ ეხლა ნახე ტელეფონი და მე კი დიდი ხანია მაქვს. გავედი ქუჩაში და „სატელეფონო ბუტკიდან“ დავრეკე ისევ იქ და ვთხოვე კომისია მოსულიყო ამ საკითხის მოსაგვარებლად.
დილის ცხრა საათიდან კომისიას ველოდებოდი შემოსავალში, რომ კომენდანტს ჩემზე რამის თქმა არ მოესწრო. მოვიდა კომისიაც და მიუთითე წინა დღით ჩატანილ გარდიროფზე. აუხსენი მდგომარეობა მივმართე ჩემს ეშმაკობასაც... ამოვიდნენ ჩემს ბინაში, რასაც ხედავთ ყველაფერი მთავრობისაა (კაზიონი) მხოლოდ ჩემი არის ერთი გარდიროფი, რომელსაც ვყიდი და ერთი საწოლი, რომელიც თოკებით შევკარი წინასწარ, როგორც უვარგისი და ზედ ჯანმრთელი ბავშვი დავაწვინე, როგორც ავადმყოფი.
გარდიროფს ვყიდი პურის ფულად, საწოლზე წევს ავადმყოფი ბავშვი, ქმარი პატიმარი, მე უმუშევარი და ამავე დროს ფეხმძიმეთაც ვარ მუცელზე ბალიში მქონდა დადებული, რომ მეტად შევბრალებოდი მათ.
კომისარს გაუკვირდა დიდი თანამდებობის კაცი (სამი რომბი ქონდა) და ასეთი ღარიბი. მან სთქვა: „ради ребенка оставить все…“ კომენდანტს უბრძანა ხვალ მანქანა და მუშები შენ მოუყვანეო და სხვა ბინაში გადაიყვანეო, რადგან მათ აქ აღარ ეკუთვნით ცხოვრებაო.
მე უთხარი არც მაგისი მანქანა და არც მაგისი მუშა მინდა ჩემს ბარგს მე თითონ მოუვლი, რადგან კომენდანტის მეშინოდა არხივში არ ჩაეყარა ჩემი ბარგი.
იმ ღამეს, როგორც ყოველთვის ძილი თვალს არ ეკარებოდა. მაგიდაზე იყო სიგარეტი სიმონის ხელით დადებული, რადგან მისი ხელით დადებული იყო ავიღე და ზედი-ზედ ვაბოლებდი. ოთახში დავდიოდი ფიქრებით დატვირთული. ღამის 2-3 საათამდე.
თამბაქომ გამაბრუა, თავი ამატკივა დავწექი მაგრამ შავი ფიქრები არ მასვენებდა: ხვალ სად ვიქნები საცხოვრებლად ბნელ სარდაფში თუ დარაბაში?!
ბნელი და ნესტიანი ბინა ხომ დაგვასნეულებდა ისედაც უდანაშაულოდ დასჯილ დედა-შვილს?
ჩემი ერთად ერთი გასართობი იყო კარტის გაშლა, რომელიც ისე ზუსტად შევისწავლე, რომ ნამდვილი მკითხავიც ვერ შემედრებოდა.
იმ ღამეს როგორც იქნა ჩამეძინა და სიზმარში ვხედავ ვიღაც კაცი მეუბნება: ბარგი გაყიდე, ბავშვი ქუთაისში გაგზავნე ბებიასთან. ჩვენ ორთავე საწოლთან ორი სანთელი ენთო ერთი ჩაქრა და მეორე ენთო. ეს სიზმარი ვიცოდი, რომ ცუდის მომასწავებელი იყო. ორში ერთ-ერთი მე ან სიმონი უნდა გამოვთხოვებოდით სააქაო ცხოვრებას. და მართლაც ეს სიზმარი ახდა, სიმონი გახდა ტყვიის მსხვერპლი უდანაშაულოდ, რომელიც გავიგე მხოლოდ 19 წლის შემდეგ.
მეორე დღეს მომიტანეს ბინის ორდერი რომელიც ხელში მეჭირა და არ ვიცოდი სად ან როგორ ბინაში მასახლებდნენ. მანქანით ჩამოვიარეთ მუზეუმის ქუჩა და მივადექით მუხრანის ქუჩის N4 შენობას. ბინა მეორე სართულზე დიდი ოთახი მზიანი და სინათლიანი. სიხარულისგან რა მექნა აღარ ვიცოდი, მაგრამ ეს სიხარული მალე ბოღმად გადამექცა რადგან ჩემი ოთახის შუა კარებიდან გამოდის ვიღაც რუსის ქალი კალათით ხელში კეტავს გასაღებით თავის ოთახს და თან ბუზღუნებს ვიღაც ბალასანოვზე, რომელიც დროებით შუსახლებიათ მათთან სანამ ბინას მისცემენ. მან კი ბინა მიიღო და პატრონებს ოთახი არ ჩააბარა, არამედ მთავრობას, როგორც სამხედრო შინსახკომის ფონდი.
დავიწყე ტირილი, ყვირილი გასავლელი ოთახი რათ მინდა მე ხომ ქუჩის ქალი არ ვარ ჩემს ოთახში 8 სულმა იარონ და დღეში ასჯერ გაიარ-გამოიარონ ჩემს ოთახში... მე იმათ არ ვცნობ ისინი მე არ მიცნობენ... ამ ხმაურზე შემოვიდნენ მეზობლები დამაწყნარეს, ეს ხალხი ძალიან კარგი პატიოსანი ხალხიაო. ეს ბინა დასანგრევ ზონაშია და 1-2 თვეში დაინგრევა და სხვა ბინებს მოგვცემენო. რა უნდა მექნა შეურიგდი ჩემს ბედს. დავალაგე ოთახი, ფარდებით გავტიხრე ოთახი. ისე კარგად დავლაგდი, რომ სასადილო მაგიდათ გამოვიყენე დიდი კალათი და სკამების მაგივრობას იატაკი გვიწევდა, რადგან ავეჯის გაყიდვა მოვასწარი ძველ ბინაში, რომ არ ჩამოერთმიათ და ჩემი ავეჯის ფული მევე მომხმარებოდა.
XII
შვიდი წელი ვიცხოვრე გასასვლელ ოთახში (проход. ком) დავმეგობრდი მეზობლებთან განსაკუთრებით ასიასთან, რომლის მეუღლე ჯარში გაიწვიეს გერმანელებთან საბრძოლველად და სახლში კი სამი შვილი დასტოვა პატარები. ჩემი ერთი შვილი და ასიას სამივე შვილები ერთად იზრდებოდნენ. ჩვენთვის ჭირიც და ლხინიც საზიარო იყო. ომის პერიოდი გაჭირვებით გავატარეთ... ხუთი წლის შემდეგ ჯარიდან დაბრუნდა ასიას მეუღლე არტაშ ნიკალაევიჩი, რომელმაც ქერჩის ფრონტზე დასტოვა ცალი ფეხი... რომლის მაგიერობასაც ყავარჯნები უწევდნენ. მაგრამ არ შეიძლება იმ სიხარულის აღწერა, რასაც ოჯახის წევრები, ნათესავები და მეზობლები განიცდიდნენ.
მუხრანის ქუჩის გაფართოების მიზნით ჩვენი სახლი მოჰყვა ნგრევაში. ზოგიერთი მეზობლები ჩაგვასახლეს დროებით პლეხანოვის პროსპექტზე სასტუმრო „ევროპა“-ში. მეხუთე სართულის ჭერი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით საცოდავად გამოიყურებოდა ხანძრისგან დანახშირებული. ისე ციოდა ოთახში, რომ სამივე ოჯახის წევრმა ყურის ანთება მივიღეთ. იქ ვიცხოვრეთ 8 თვე. მოვიდა განკარგულება სასტუმროს კაპიტალური რემონტის გამო გაანთავისუფლეთ ბინები მაცხოვრებლებისაგანო. მოგვაყენეს მანქანა და წაიღეს ბარგი ჩვენდა დაუკითხავად გპი-ს შენობის გვერდით ვიღაც მაიორის ბინაში. მე და ჩემი და ვარია სამსახურში ვართ. ჩემი შვილი ეზოშია. ამ დროს მოდის სახლის პატრონი მაიორი ლანძღვა-გინებით ამტვრევს კარებს და ეზოში ყრის ჩვენს ბარგს... წარმოიდგინეთ ჩემი ბავშვის მდგომარეობა, რა დღეში ჩავარდებოდა, როდესაც მარტო შეხვდა ამ ველური თავდასხმას. თუმცა არც ის იყო დამნაშავე შევიდა თავის საკუთარ ავეჯით სავსე ბინაში... ჩემი ბარგი 2 კვირა ეზოში ეყარა. დილიდან საღამომდე საბინაო სამმართველოში ვაღამებდი, მაგრამ ბინა არ მომცეს, რადგან ფულით ჯიბე ვერ ავუვსე ქუთიძეს...
მაჩვენებდნენ ბინებს, რომლებსაც ბოსელი სჯობდა... უკარო, უფანჯრო, ბნელი, ნესტიანი... მივმართე მოსკოვს დეპეშით, ზარია ვოსტოკის რედაქციას, ქალაქის საბჭოს და როგორც იქნა მომცეს ბინა კლ. ცეტკინის ქ. 17 III სართული 20 კვ. მეტრი ოთახი, რომელიც ჩამოართვეს ექიმ ჯინჯოლიას, რადგან მას დაუმტკიცდა აუქციონზე ბინის გაყიდვა.
ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მყოფ ხალხს ძლივს გვეღირსა ნორმალური ცხოვრება. ბარგი შემოვიტანეთ და არ გვჯეროდა თუ ჩვენი იყო ეს ბინა და გვეღირსებოდა შიგ ადამიანური ცხოვრება. მეორე დღეს ჩემი შვილი გახდა ცამეტი წლისა და დიდი სიხარულით შევხვდით ამ ორ ბედნიერ თარიღს...
XIII
მე ჩემი შვილი და ჩემი და ვარია ვცხოვრობდით ერთად.
ქუთაისში ცხოვრობდა ჩემი უფროსი და ლიზა დედით მეუღლით და სამი შვილით. დედაჩემი ყოველ წელს მოდიოდა ჩემთან რამდენიმე თვით საცხოვრებლად შემდეგ კი სულ ჩემთან ცხოვრობდა. ოთახში დაეცა და ეს გახდა მიზეზი მისი სიკვდილისა... ცამეტი თვე იტანჯა და საშინელი ტკივილებით და ტანჯვით ამოხდა სული... ყველა ოჯახის წევრები ძალიან განვიცდიდით და ვისჯებოდით ღამის თევით და დღისით სამსახურში სიარულით. მაგრამ რა უნდა გვექნა ჩვენზე კარგად მოუვლიდნენ საავადმყოფოში? მის სიცოცხლეში გათხოვდა ჩემი და ვარია, რომელმაც იცხოვრა ქმართან სამი წელი, რის შემდეგაც მიატოვა ოჯახი და ისევ ჩემთან დაბრუნდა, რადგან იქ ცხოვრება ყოვლად შეუძლებელი იყო, მისი შრომა არ ფასდებოდა, მმაჩის განყოფილებაში ხელის მოსაწერად არ მიყავდა რომ სახლი არ გაეყო შუაზე. მისი მულები ცილს წამებდნენ თითქოს ვარია ფულს ზოგავდა და მე მარჩენდა. რა მჭირდა მისი სარჩენი, როდესაც 2-3 ადგილას ვმუშაობდი თავს არ ვზოგავდი, რომ ოჯახისთვის და შვილისთვის არაფერი დამეკლო... ან მას რა უნდა დაეზოგა, როდესაც რვეულში სწერდა ყოველდღიურ ხარჯს, რომ ყოველ შაბათს ქმრისათვის დაეხვედრებია დანახარჯი სადაც ჩემთან რომ მოდიოდა ის გზის ტრანსპორტის კაპიკებიც კი აღნიშნული ჰქონდა. იქ რომ მიიყვანეს ვარია ცარიელი კედლები ჰქონდათ სინათლეც კი არ ქონდათ და ლამპის შუქზე იყვნენ. ოჯახი ჩემმა დამ მოაწყო თავისი დაუზოგავი შრომით, მაგრამ მულების უკმაყოფილო ლაპარაკს ვერ გაუძლო და წამოვიდა საშინაო კაბით ისე რომ ტრანსპორტის ფულიც არ გამოყოლია და ფეხით მოვიდა. ისინი ბევრს ნანობდნენ მაგრამ გვიან იყო იცოდნენ რომ ჩემი და პრინციპის ქალი იყო და აღარ დაბრუნდებოდა... არ გაუყო არც სახლი და არც ბარგი. გადის სამი-ოთხი წელი, რომელიც სულ ცრემლებში გაატარა, რადგან ენანებოდა მისი შრომით შექმნილი და აყვავებული ოჯახი... მაგრამ ბედმა გაუღიმა და მეორე ბედი შეხვდა ისეთი კარგი მეუღლე, რომელმაც დააფასა მისი ერთგულება ოჯახისადმი და ისეთი ბედნიერები არიან დღეს ჩემი და ვარია მისი მეუღლე გრიშა; უსურვებ ყველა ახალგაზრდებს ასეთი ბედნიერი და შეხმატკბილებული ყოფილიყვნენ თავიანთ მეუღლეებთან თავიანთი ცხოვრების მანძილზედ...
ჩემმა დისშილმა ელიზბარმა დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ქუთაისში და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გურჯაანის ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტეხნოლოგად... ამ ჟამად გადმოვიდა თბილისში და ცხოვრობს ჩემთან, რომელიც მუშაობს კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად. მე ჩემს ენერგიას არ დავზოგავ ოღონდ ისწავლოს და წინ წავიდეს, როგორც სხვა მეცნიერული მუშაკები...
ველი იმ ბედნიერ დღეს, რომ ჩემს შვილს და ჩემს დისშვილს შეხვდნენ ისეთი ცხოვრების მეგობრები, რომ სიკვდილამდე იყვნენ განუყრელი ერთგული მეგობრები...
XIV
მართალია ბინა გვაქვს, მაგრამ არავითარი სათავსო მას არ აქვს, ამიტომ ყოველგვარი ოჯახური საქმიანობა ხდება ამ ერთ ოთახში. დრო მიდის და თვალწინ კინო ლენტივით მიდის ჩემ წინ განვლილი ტანჯული დღეები და წლები...
არ გავა დღე, რომ თვალწინ არ წარმომიდგეს უდანაშაულოდ დასჯილი ჩემი ცხოვრების ხანმოკლე მეგობარი სიმონი და მისგან დაობლებული შვილი და ტკბილი ოჯახი... მისგან სახსოვრად დამრჩა მხოლოდ მისი სუფთა და სპეტაკი სიყვარული მისი სურათი, რომელსაც ყოველდღე ველაპარაკები რადგან ის მე არ მიმაჩნია დაღუპულად... ის ჩემთვის ისევ ცოცხალია და ველი მას... ის ყოველ თვე მიგზავნის ხელფასს, რომ მის ტკბილ საყვარელ შვილს არაფერი დავაკლო და ოჯახი არ დავანგრიო... ჩემთვის ყოველი უქმე დღე მოწამლულია, ვხარობ მხოლოდ კარგი შვილით და ვლოცულობ მასზე, რომ იყოს ჯანმრთელად და ბედნიერი მისი მომავალი მეორე ნახევრით.
იმით მაინც ვარ ბედნიერი, რომ მე თუ უმაღლესი ცოდნა ვერ მივიღე, შვილს მაინც მივეცი უმაღლესი ცოდნა. მე შემეძლო სამსახურთან ერთად მესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ შვილი უყურადღებოდ მრჩებოდა დილიდან საღამომდე ქუჩაში, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა ორ სამ ადგილას და აღმეზარდა სახელოვანი ვაჟკაცი. მართლაც ეს მიზანი პირნათლად შევასრულე... ჩემი მეუღლე გმირულად დაიღუპა გახდა უდანაშაულო მსხვერპლი მავნებელი ტროცკისტელ ბარბაროსებთან კომუნიზმისთვის ბრძოლაში... სამაგიეროდ მე ვიყავი მამაც და დედაც ძმაც და დაც საყვარელი შვილისა.
წერილები
ძვირფასო, მუდამ თვალწინ მდგომო შუშან!
ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს, რომ ვინმეს ასე შევხვეწებოდე, მუდარით (ამასაც მოვესწარი), მაგრამ მიუხედავათ ამისა შედეგს ვერ ვხედავ, პასუხს ვეღარ ვეღირსე...
შუშან! ჩემო იმედო! ჩემო ანგელოზო! ნუ იქნები ასეთი შეუბრალებელი - მართლაც დესპოტი, მეყოფა ამდენი ტანჯვა, მეტის მოთმენა არ შემიძლია, რა ვქნა იცოდეს, ბუნებაა, თუ რაცხაა, რომ სრულებით არ მქონდა მხედველობაში თქვენი ასეთი შეწუხება, ვხვდები ყველაფერს რომ მე ................ რაც ჩემს სიცოცხლეში ყველაზე უფრო მას გაურბოდი და სხვებს დავცინოდი, მაგრამ დღეს მე მემართება, ჩემდაუნებლიეთ, ამაში თუ არ ვცდები წილი დანაშაულის თქვენც მიგიძღვის.
შუშან! გარწმუნებ, ვფიცავარ ჩემს პატიოსნებას და ყველა საყვარელს ჩემთვის, რომ მუდამ ვინემ ერთი წვეთი სისხლი მექნება შენი ვარ.
ბევრი ვიფიქრე, რა ზომები არ ვიხმარე, მაგრამ არა და არა, არ შემიძლია დაგივიწყო, რისთვის მომდის, რა მემართება, ყველგან, ყოველ წუთს მხოლოდ შენ შეადგენ ჩემს ოცნებას. გაუწიე ანგარიში ...... მე არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. მე სასტიკად დამსაჯა ბედმა, შენც ნუ მსჯი, ნუ იქნები ტირანი, სხვისი უბედურებით არაფერი გაგიკეთდება და სიკარგეს კი ყველა დაგიფასებს. ამ პატარა ბარათით (ვინაიდან ვერასდროს ვერ ვიშოვე დრო კიდე მოლაპარაკების) კიდე ვცდი უკანასკნელათ გავიგო: ან ჩემი უნდა იქნა ან და ვიცოდე რა გზას დავადგე. ამასწინათ წამომცდა შენთან რაღაც მუქარა და მაპატიე, შენი სავნებელს არასდროს არ ჩავიდენ.
შუშან! მაღირსე, ნუ მტანჯავ, გიმეორებ რომ შენი ვარ სულით და გულით, მოიქეცი ისე, როგორც უკანასკნელად მე გირჩიე, იცოდე ამის დიდ სიკეთეს და მუდამ დასაფასებლად ადამიანათ - ჩემ მხსნელათ იქნები.
ველი პასუხის პასუხს .........ჩემი სიცოცხლის ყოფნა....
გამარჯობა ჩემო გოგო შუშან!
შუშან! სულ დამავიწყდა ახალი წლის მოლოცვა; გილოცავ და კიდევ გეხვევი, გკოცნი უთვალავს. 100 წელი გვეცოცხლოს ორთავეს მუდამ სიყვარულით და ერთმანეთის ....-დაფასებით.
სიმონ.
გწერ ასე მალე, მისთვის, რომ ბავშვი ავათმყოფი დავტოვე, ძრიელ მაინტერესებს თუ ეხლა როგორ არის; მეორე მოდის კაცი და შემთხვევით ვისარგებლე რომ გამოვატანო.
მგზავრობა ჩემი ცუდი იყო, პარომზე წელამდე მაგრად დავსოლდი, სიჩქარით ფიცარი ჩაგვიტყდა სამ კაცს და შიგ ჩავცვივდით; ასე გალუმპულები მივედით სადგურში, უკვე ½ საათი უკლდა მატარებელს, ბიჭებმა რკ. გზ. გპუ-ს ძალიან მომეხმარნენ ქვედა საცვალი, შარვალი, ნასკები მათხოვეს და გამოვცვალე, პალტო დღემდე არ გამშრალა, ჩემოდანი მთლათ დასოლდა შიგნითაც. კალოშებმა მოგჭამა ჭირი, ალბათ ეხლა ფოთშია.
ასეთი ცუდი გუნებაზე, ისედაც აღელვებული დაუწყნარებელი, შენთან მუსაიფით გაუძღომელი მთელი ღამე არ მიძინია ისე ჩავედი თბილისში და შემდეგ აქ.
შუშან! წერილი სიჩქარით მომწერე, ჯავრით აღარ ვარ, ნეტა არ მენახა მაგ მამაძაღლი, ძალიან მენატრება ეხლავე, მაინც რომ გამახსენდება თუ როგორ მომყავდა სახლში, სულ მე შემომჩერებოდა და ხელს მალოკიებდა. ამასაც მოვესწარი რომ ჩემი ფიცი დავარღვიე, არ მახსოვს რომ მე ბავშვი ამეყვანოს და წამეყვანოს, მაგ მამაძაღლმა კი ყველაფერი მაკადრებია.
ჩემო გოგო! დამავიწყდა წასვლის დროს მეთქვა, ჭკუით იყავი, უკვე მარტო ჩვენ ორნი აღარ ვართ, ყოველთვის ჩვენი ბიჭი თვალწინ უნდა გიდგეს; გაიგე ერთხელ დასამუდამოთ ჩემი ხასიათი და ეცადე გამახარო, ის გააკეთო, რაც მე გამიხარდება, კარგად იყო და არაერთხელ მითქვამს შენ უკანასკნელი ჩემი იმედი ხარ და ეს ცხოვრებაში უნდა გაამართლო. მიხვდი რომ საკმარისია რაც ერთხელ დავიტანჯე და კიდევ ასეთ ცხოვრებას გავდივარ, უიღბლო ყველაფერში - შენ სხვისი შეცოდება იცი, (მახსოვს შენი ხასიათი) ნუთუ მე ისე არ მომეპყრობი, მოიქცევი, როგორც მე მინდა და თუ ეს ასე იქნება ჩვენ ბედნიერი ვიქნებით, რა უყოთ რომ დრო გამოშვებით ცალკე გვიხდება ყოფნა, თუ გინდა 5 წელიც, თუ სიყვარულია ყველაფერს ორივემ და არა მარტო მე, უნდა გაუძლოთ.
შუშან! ვწერ იმას რაც ჩემს გულშია, საფარისევლო არაფერი მაქვს, არც არასდროს შენც არ გისურვებ... მაგრამ ვფიქრობ და ვშიშობ, შეიძლება კიდე ვცდები კიდე შედეგი როგორც პირველმა წერილმა ისეთი მიიღოსთქო. ვიცი რასაც იტყვი ,,შენ ხარ დამნაშავეო’’ - არა, შენ ეს მხარე უნდა მოიცილო. დანაშაულში უნდა გატყდე და გულახდილი უნდა იყო ჩემთან, ამით უფრო ბედნიერი ვიქნებით ვიდრე ტყვილებით, თვალმაქცობით, გაიგება ბოლოს მაინც არაფერი დარჩება გაუგებელი. ნუ! ეხლა გეყოფა, მეტს ამ თემაზე აღარ მოგწერ, ისედაც თუ ჩემი თავი და რობიკო და შენ მიყვარხართ, გეფიცები მთელი გზა ვდარდობდი, რათ მიგაყენე ისეთი ამბავი, რისთვისაც ვერ მოვახერხე რო დამეცადნა და ერთად როდესაც მივეწყობოდი მაშინ გამომერკვია ის საკითხები; ვერ მოვითმინე რაც ბატონ სიძემ ჩამოაგდო...
სხვა რა მოგწერო, აქით ახალი ჯერ არაფერია ვფიქრობ ამ თვის დამლევის შემდეგ აღარ გაგრძელდეს აქ ყოფნა: საჭმელი და სასმელი ბლომათ მაქვს შენც დამავიწყდა მეთქვა ,,ქერჩის ტარანს’’ რამ დაგვანებიხარ, სჭამე ბლომათ, გასუქდი მაგრად რო ისეთი კარგი იყო ნახვის და წაყვანის დროს; ეკონომია ჭამაში არ გამიგონია, იყიდე კვერცხი, ქათმები იაფია (მაიმუნო რა კარგი გემო ჩამატანებიე არ დამავიწყდება). პაიოკი ალბათ ეხლა იქნება და მიიღე მე მგონი საჭმელათ დაგჭირდება ნუ გაყიდი; იანვრის და სხვა თვეების (ახალი კვარტალის) შესახებ, მივწერე უკვე თბილისში ..... ვნახოთ რა პასუხი მომივა. ქუდი რომ არ გახურია - იყიდე, მგონი ქუთაისშიც ძვირი არ არის, ბოტები ალბათ აღარ ვარგა, თუ გიშველის ვარია ან ჩვენი კოოპერატივში თუ არის იყიდე. 10 იანვრისთვის გამოგიგზავნი კიდე ფულს, კამანდიროვკის 500 მ. მერგება და იმ რიცხვისთვის ავიღებ. ჩემი ბიჭის ტანსაცმელი, თბილები თუ იშოვო იყიდე, მაგ. მაიმუნი მუნჯი რომ არის მიტო უნდა დავიჯაბნოთ?.. მტრის ჯინაზე კარგად იცხოვრე და ჩაიცვი. ჯამაგირი მომატებულია მგონი 500 მანეთამდე მივიღოთ თვეში, ასე რომ არაგვიშავს სიმშილით არ მოგკლავ (როგორც იწერები).
იყავი კარგად, გკოცნი მაგრად ტუჩებში ჩემებურად, დამიკოცნე რობიკო ისიც მაგრად რომ ატირდეს ისე...
მოკითხვა და კოცნა დედაშენს და თქვენებს, ბოდიში დედაშენთან ჩემი საქციელისთვის, რა უყოთ ასე გამოვიდა მეც არ მინდოდათქო. თუ ჩემი მუნჯობას გაიგებს შენსავით და ხასიათსაც - მოგეხსენებათ (თუ არ დამამადლის) ერთად ვიცხოვროთ უფრო სიყვარულითქო.
მუდამ შენი სიმონი
2/I-34წ.
გამარჯობა დაო შუშან!
უკვე და უნდა გიწოდო ან ქვრივი რომ ამდენი ხანია აღარ მინახავხარ; რას შვები, როგორ ხარ ჩემი ბიჭი როგორ მყავს, მაგ მაიმუნი სურათს რად არ მიგზავნის, ხომ არ მენდურის; რა ვქნა მეც ძალიან მინდა მისი თამაში და ბრიშტნა მაგრამ ასეთი უიღბლო მამა გყავსთქო.
გიგზავნი თბილისიდან (კაცს დავავალე აქედან) კარაქს, შაქარს და საპონს (რამდენი იქნება არ ვიცი ჯერ) მომწერე და მაშინ მეც მეცოდინება.
ვწერ სასწრაფოდ, იჩქაროს კაცი; აქით ცვლილება არაფერია, ძველებურად ვცხოვრობ, ვცხოვრობ კი არა ვაგლახით რომ აქ ვარ; შენ კი გაგიჩემია ,,ჩამოდი’’ განა მე არ მინდა? არ მიშვებენ არა, ჩემო კარგო;
შუშან! ბავშვის სურათი რომ არ გამომიგზავნო სასწრაფოდ არ ვიცი რას ვიზამ, სულ მესიზმრებით ორივე მეც, ისიც ცუდათ; ვინ იცის ეხლა როგორ ხართ. თავს მოუარე, მოსუქდი მაგრად თორემ ხმას არ გაგცემ; შე მაიმუნო რისი გოგოს წამოწყებაა - თავი გვავიწყდება და მაგასაც ვერ ვუვლით, ათასნაირ კარგ ტანსაცმელი უნდა გვყავდეს გატყაული გვყავს, შენ კი რაებზე ფიქრობ??
იყავი კარგად, მოკითხვა და კოცნა ჩვენებს, ლობიკს კი კიჭში აკოცე, შემდეგ ხელი დაარტყი ჩემ მაგიერ; გკოცნი და გეხვევი გაუძღომლად ბევრს, სულ ბევრს...
შენი სიმონი
10/II 34 წ.
სალამი ძვირფასო ჩემო გოგო! შუშან!
ვწერ სიჩქარით, ამასწინათ ამხანაგი მოდიოდა ქუთაისში ყველი და წერილი მას გამოვატანე, მიიღე, თუ არა? უნდა მიეტანა მისთვის თბილისში სადგურზე კარაქი 1 კილო, შაქარი 2 კ. და სხვა, მაგრამ ვერ მიუსწრო ჩემი გაგზავნილი კაცმა;
ეხლა გავიგე ეს წერილით ამხანაგმა მაცნობა თბილისიდან. ამისათვის პასილკა და წერილი გაუგზავნე ჩვენებს, თუ იმათმა მოახერხეს და ვინმეს გამოატანეს კარგია.
რატომ წერილს არ იწერები, ამდენ ხანს, რომ მოგეწერა დროზე მივიღებდი. შეიძლება ბავშვი კიდე ავად არის და ვერ მწერ, მე ჯავრით აღარ ვარ, თუმცა მეც არ ვიყავი კარგად; ეხლა არამიშავს; იმ რიონში ცურვამ იმოქმედა, 4 დღე ვიწექი ხომ იცი ჩემი ამბავი, რა არ ვიფიქრე ეხლა გადაურჩი როგორც იქნა;
ნუ იდარდებ, (თუმცა არ იდარდებ) თავს კი ვუვლი რაც შემიძლია.
შუშან! დროზე მოიწერე, როგორ ხართ, ჩემს წერილებს ნუ უცდი - მიხვდი, რომ თუ ზედმეტი მოგივა მიწერა - არ მეწყინება- ყოველ დღე წერე.
მაგ მამაძაღლი, ნეტა რას შვება ეხლა ერთი, მაგრად ჩამაბრიშტნია, მაქანე გამაჩინა 2 წუთით მაინც; აკოცე ბევრი ჩემს მაგიერ, თითი პირში ჩაიდე და უკბინე; ისე მაგრად მომივიდა მაშინ კბენა, რომ კინაღამ იტირა.
მეჩქარება, თორემ მეტს მოგწერდი.…………..მაგრად, თავს მოუარე, ბევრი - ბევრი სჭამე, გასუქდი, თორემ ,,რაზვოდს’’ მოქცემ შე მაიმუნო.
გკოცნი მაგრად, გეხვევი და ისე მაგრად გკოცნი; უთუოდ რობიკა იტირებს ამ დროს და ხელს შეგვიშლის, თორემ დიდხანს გაკოცებ, ბათალიონი ვერ მოგვაცილებს.
შენი სიმონე,
18/I-34წ.
აკრძალულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებისა და ფოტოების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წერილობითი ნებართვის გარეშე.
ყველა საავტორო უფლება დაცულია.
©ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).