გრიგოლ ლუარსაბის ძე ავალიშვილი 1893 წელს, სოხუმში დაიბადა. სოციალური წარმომავლობით თავადი, ოფიცერთა ოჯახიდან. 1928 წლამდე მსახურობდა არმიაში პორუჩიკის ჩინით, დაიჭრა პირველი მსოფლიო ომის დროს. შემდგომ როგორც პროფესიული სამხედრო იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის რიგებში. 1928 წლიდან 1937 წლამდე იყო საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს სამობილიზაციო სათათბიროს პასუხისმგებელი მდივნის (უფროსის) მოადგილე. იგი დააპატიმრეს 1937 წლის 22 ივნისს. ბრალად დასდეს, რომ 1932 წელს, კ/რ სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ჩათრეულ იქნა კ/რ ორგანიზაციის საქმიანობაში, რაც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების დამხობას.
„1937 წლის შემოსვლა დიდი დროსტარებით აღვნიშნეთ, ძალიან ვიმხიარულეთ, ყველა შესანიშნავ ხასიათზე იყო. მეგობრები, ნათესავები ერთად ვიყავით ყველანი. ამ წელს დაიწყო დაპატიმრებები ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ჩვენთან. თავი მოიკლა სომხეთის ცეკას პირველმა მდივანმა, მერე ლაკობამ მოიწამლა თავი, შემდეგ საქართველოს აღმასკომის მდივანმა ჟღენტმა დაიხალა ტყვია საკუთარ სახლში. მაისის თვეში კი დააპატიმრეს მგალობლიშვილი - საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. ორივენი გრიშას უშუალო უფროსები იყვნენ. გრიშა თავისი საქმიანობით მხოლოდ ამ ორს ექვემდებარებოდა და ანგარიშვალდებული კი ამიერკავკასიის არმიის შტაბის ხელმძღვანელის წინაშე იყო. მახსოვს დასვენების დღე იყო ტახტზე წამოწოლილი გრიშა, გაზეთს კითხულობდა და უეცრად მეუბნება „ხედავ გერმანე მგალობლიშვილი დააპატიმრეს, რა ხდება, ვერ ვიგებ“. მთელი საღამო ცუდ განწყობაზე იყო და მერე მომიყვა: „თურმე გუშინ დახურული პარტიული ყრილობა ყოფილა და პარტკომმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მთელი საიდუმლო საქმეები კონტრ-რევოლუციონერის, ყოფილი ოფიცრისა და თავადის ხელში იყოსო.“ - გრიგოლ ავალიშვილის მეუღლის, მარიამ ჯანდიერის გამოუქვეყნებელი მოგონებიდან.
მარიამ ჯანდიერმა დაწერა მოგონებები, რომელიც გამოუქვეყნებელია და გრიგოლ ავალიშვილის ოჯახში ინახება. მოგონებებით ვიგებთ მისი სასოწარკვეთილი მცდელობების შესახებ ფული შეეგზავნა ციხეში და გაეგო მეუღლის ბედი... სამწუხაროდ, ხშირად ასეთი მცდელობები წარუმატებლად მთავრდებოდა, იმ პერიოდში ინფორმაცია დაპატიმრებულებზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, ადამიანები წლების შემდეგ იგებდნენ ოჯახის წევრის ბედ-იღბალს. „ყველა ძალიან გულდამძიმებული იყო, ხალხს აპატიმრებდნენ. 15 ივნისს ჩემი ბიძაშვილი თამარი დააპატიმრეს. მე ვერ წავედი მათთან ჩემი ქმრის გამო, მეშინოდა არავის ეთქვა, რომ მას კავშირი აქვს მავნებლებთან. გრიშა საოცრად დათრგუნული იყო, რით შემეძლო დამემშვიდებინა.. ერთადერთი ვურჩიე წასულიყო მოსკოვში არმიის შტაბში, მაგრამ ამაზე მიპასუხა, რომ ბერიას ვერ გადაახტებოდა თავზე. თვითონ კი კარგს არაფერს ელოდა: „ჩემს ირგვლივ სარტყელი ვიწროვდება, მგალობლიშვილი დაპატიმრებულია, თენგიზ ჟღენტი, აღნიაშვილი დაპატიმრებულია, ნუთუ მეც უნდა დამაპატიმრონ? მაგრამ რისთვის? კარგის მეტი ხომ არაფერი გამიკეთებია. კომუნისტებს ყველაფრის დანგრევა უნდათ, მე კი მთელი ძალისხმევით ვცდილობ არ მივცე ამის უფლება. მაგრამ უბრალოდ მომხსნან და გამიშვან არ გამოუვათ. საქართველოს ყველა საიდუმლოება ჩემს ხელთაა, რეალურად ხო არავინ ერკვევა ყველაფერში ისე როგორც მე. მე ხომ ზეპირად ვიცი ყველაფერი. არა მათ მოუწევთ ჩემი იზოლირება.“ მთელი ღამე ვილაპარაკეთ, ხან ვტიროდით კიდეც, გული უბედურებას გვიგრძნობდა.
...და აი, 22 ივნისს, დილის 8 საათზე ოთახში დედა შემოვიდა და გვამცნო, რომ გრიშასთან ორი სამხედრო მოვიდა. ჩვენ სასწრაფოდ წამოვვარდით საწოლიდან და ისინიც შემოვიდნენ. ერთ-ერთი შინსახკომის უფროსი სტესკო იყო (სტესკო იყო მომხსენებელი გრიგოლ ავალიშვილის საქმეზე, მოგვიანებით ისიც დახვრიტეს - რედ.), ჩხრეკა ზედაპირული იყო. გრიშას გადასცეს დაპატიმრების ორდერი, სახლიდან კი წაიღეს მხოლოდ მისი წითელი შრომის დროშის ორდენი. გრიშამ ჩამჩურჩულა, რომ მიმეხედა თავისათვის და ბავშვებისათვის, რომ ის სავსებით მართალია და მალევე გაერკვევიან და გაათავისუფლებენ. ბავშვებს უთხრა: „შვილებო, იცოდეთ - მამათქვენი არაფერშია დამნაშავე“. ყველანი გადაგვკოცნა, ჩასვეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს. ჩვენ მდუმარედ ვიდექით, მხოლოდ როცა წაიყვანეს მერე მოვრთეთ ქვითინი.
გრიშას ზოგიერთი თანამშრომელი, როდესაც ქუჩაში მხვდებოდა, მაჩერებდა და მეკითხებოდა, რატომ გავურბოდი მათ სალამს და მე ვპასუხობდი, რომ არ მინდოდა უხერხულობაში ჩამეყენებინა ისინი, რადგანაც მითვალთვალებდნენ. ამაზე მპასუხობდნენ, რომ „სადაც კრისტალურად სუფთა გრიგოლ ლუარსაბის ძე წაიყვანეს, მაშინ ჩვენ იქ საკუთარი ფეხით უნდა მივიდეთო“.
ფულს, 25 მანეთს შინსახკომის სალაროს ვაბარებდით ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, სულ ქალები, 5-6 საათი პაპანაქება სიცხეში, ქუჩაში გვიწევდა დგომა. ერთხელაც დავინახე შინსახკომის კომენდანტი შაშურკინი, (ზახარ შაშურკინი - უშიშროების ლეიტენანტი, რომელიც თავად ხვრეტდა გასამართლებულებს - რედ.), თავი დამიკრა, ვიცნობდი, საშასთან შემხვედრია ცოლთან ერთად. მივედი მასთან და ვუთხარი: „ვის ჭირდება ეს სანახაობა? ათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, და რუსთაველზე კიდევ უცხოელები სეირნობენ და უყურებენ ამ ყველაფერს, ნუთუ არ შეიძლება დაინიშნოს ანბანის მიხედვით ერთი დღე და თვეში 50 რუბლი მიიღონ, მაშინ ხო მხოლოდ ისინი მოვლენ ვისაც მოუწევთ რიგი.“ მან არაფერი მითხრა მხოლოდ თავი გადაიქნია, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოფინეს განცხადება ანბანის 4 ასოზე დაწყებული გვარის მითითებით და თარიღი - როდის მიიღებდნენ ფულს. ცოტათი შემსუბუქდა მდგომარეობა. ასე დავდიოდით ცნობებისათვის, რომ გაგვეგო ქმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ბევრის ცოლიც უკვე დაპატიმრებული იყო... მეც იგივეს ველოდი.
შინსახკომთან ყოველ კვირას დავდიოდი, ჯერ პაპანაქებაში, შემდეგ ყინვაში, მივდიოდი ღამის 2 საათზე და 3 საათიდან რიგში ვიდექი, რომ მიმეღო ცნობა, რომლისაც მაინც არ მჯეროდა. კვლავ და კვლავ იკრიბებოდნენ ქალები, ბევრი ნაცნობი, დანარჩენებმა იქ გავიცანით ერთმანეთი, ყველა თავისი დარდითა და ვარამით, ვიღაცის ქმარი იჯდა ციხეში, ვიღაცის შვილი, ძმა, ან ქალიშვილი. ერთხელაც მითხრეს, რომ ნახეს როგორ გადაჰყავდათ 200 ოფიცერი შინსახკომიდან ციხეში, მათ შორის დაინახეს გრიშა, ხარებავა, ქუთათელაძე და სხვები. მე გავიქეცი ციხეში იქ კი მაცნობეს, რომ გრიშა მათთან იყო, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა. შინსახკომი დიდი ხანია აღარ იძლეოდა ცნობებს, ფულს კი იღებდა.
გზად მაინც გადავწყვიტე შინსახკომში შევლა, იქნებ რამისთვის მომეკრა ყური. კომენდატურასთან შაშურკინი იდგა და ვთხოვე: „ვიცი რომ ცნობებს აქ კი არა ციხეში იძლევიან, მაგრამ ძალიან გთხოვთ გამონაკლისის სახით მომცენ ზუსტი ცნობა, თუ სადაა ჩემი ქმარი, მეტი არაფერი მინდა...“ ის შევიდა შენობაში და 10-15 წუთის მერე მიხმობენ პატარა სარკმელთან: „თქვენი მეუღლე შორეულ ბანაკშია გადასახლებული, მიმოწერის უფლების გარეშე“. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, დავიწყე ყვირილი, ტირილი, მათ სარკმელი დახურეს. მაშინ გავვარდი სამხედრო პროკურატურაში, კვლავ ივანოვი გამოვიდა და ვუთხარი, რომ შინსახკომში მითხრეს რომ ჩემი ქმარი გადასახლებულია, მან კი მიპასუხა - „როგორ თუ გადასახლებულია? ავალოვია გადასახლებული? მასზე ჯერ საქმეც არაა აღძრული, რისთვის გადაასახლებდნენ? მოითმინეთ“ შევიდა და 5 წუთის შემდეგ მეც შემიყვანა პროკურორთან. ვუამბე, რომ 2 საათის წინ მათთან მამცნეს, რომ ჩემი მეუღლის წინააღმდეგ ჯერ გამოძიებაა და მასზე საქმეც არაა აღძრული, ახლა ხანს კი შინსახკომში მითხრეს, რომ შორეულ ბანაკშია გადასახლებული, და ბოლო-ბოლო სადაა სიმართლე, სად უნდა ვეძებოთ? ეს ყველაფერი უცბად მივაყარე თან ვქვითინებდი, სავარძელში კი ასევე თვალცრემლიანი პოლკოვნიკი იჯდა, პროკურორმა მომმართა: „მოქალაქევ, იმას დაუჯერეთ რაც შინსახკომში გითხრეს“- მაგრამ რატომ? რატომ დავუჯერო იმათ და არა თქვენ? „იმიტომ, რომ იქ პასუხისმგებელი თანამშრომლები მუშაობენ“- და თქვენ? თქვენ არ ხართ პასუხისმგებელნი თქვენს ცნობებზე? ის მთლიანად აკანკალდა, ზიზღმა ამიტანა და მივაძახე: „ნუ გეშინიათ, არ მივდივარ თქვენს დასასმენად! და ოთახიდან გამოვვარდი. იმ დღეს ჩემი ძვირფასი მეუღლე დავიტირე.“
ოჯახს, მეუღლესა და 3 შვილს, პლეხანოვის პროსპექტზე, №111 სახლი ჩამოართვეს. თავდაპირველად მარიამმა სიდუხჭირის გამო ოჯახიდან ნივთების გაყიდვა დაიწყო. ერთ დღესაც, მასთან ორნი მივიდნენ და სახლის დათვალიერება დაიწყეს - „გაჩვენებთ სად უნდა გაგასახლოთო“ უთხრეს. მარიამმა კიდევ ერთხელ მიწერა ბერიას და მომდევნო დღეებში, გამოსახლებისთვის მოსულები გააფრთხილა, რომ პასუხს ელოდებოდა, რამაც გამოსახლება მცირედით გადაავადა. მარიამმა ბევრი იარა ცენტრალურ კომიტეტსა და თბილისის საქალაქო საბჭოს შორის... ორივეგან უხეშად ხვდებოდნენ. სახლის კარი მას ძირითადად შიგნიდან ქონდა დაკეტილი და გასაღები გადამალული, თუმცა ერთხელაც შეატყობინეს, რომ მის ნივთებს უკვე მანქანაზე ალაგებდნენ - ფანჯარა შეემტვრიათ და სახლი გაეღოთ. მარიამი და 3 შვილი შეასახლეს ერთ ოთახში, ყოფილ სამზარეულოში: „მე ეს ოთახი უფრო მეტად მაწყობდა იმასთან შედარებით, ვიდრე სხვებს აძლევდნენ, სარდაფში, ფანჯრების გარეშე, ირგვლივ კანალიზაციის მილებით... წამოვიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, საწოლები, მაგიდა, შიფონერი (კარადა), სკამები და კიდევ სხვა ნივთები, რომლებიც ჯერ სხვებს მივეცი შესანახად, შემდეგ კი ნელ-ნელა გავყიდე. მოხდა ეს ყველაფერი 1937 წლის 30 დეკემბერს.“
სინამდვილეში, გრიგოლ ავალიშვილს 11 აგვისტოს განსაკუთრებულმა სამეულმა რაფავას, წერეთლის, ტალახაძის და მოროზოვის (მდივანი) შემადგენლობით დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. 13 აგვისტოს კი განაჩენი აღასრულეს.