რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი რეპრესირებული ბააზოვების ოჯახის წევრის, ფაინას მოგონებებიდან. ამონარიდები ძირითადად ეხება მის დახვრეტილ ძმას, გერცელ ბააზოვს.
ქართველ-ებრაელი მწერალი და დრამატურგი, გერცელ ბააზოვი 1938 წლის 25 აპრილს დააკავეს, იმავე წლის 11 ოქტომბერს კი დახვრიტეს. ფაინა და დედა თბილისსა და მოსკოვში თითქმის 3 წლის მანძილზე ცდილობდნენ გერცელის შესახებ რაიმე გაეგოთ, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა, ყველა ინსტანციაში მათ ცრუ ინფორმაციებს აწვდიდნენ...
„გერცელის დაკავების დღიდან - 8 თვის მანძილზე, დედა სისტემატიურად იდგა შინსახკომის მისაღების კოშმარულ რიგებში და უცვლელად იღებდა ერთიდაიმავე პასუხს: „ძიება გრძელდება“
„1938 წლის დეკემბრის დასაწყისში, შინსახკომში (НКВД) დაწერილ ყველა საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გერცელის ბედს, დედამ საბოლოოდ მიიღო ოფიციალური პასუხი: „თქვენს შვილს მისჯილი აქვს 10 წელი და გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე“.
„შინსახკომის შენობაში არანაირი ნივთის, ან საკვების გადაცემის უფლებას არ აძლევდნენ, დაკავებულების ახლობლებს შეეძლოთ თვეში ერთხელ, 75 რუბლის სალაროში შეტანა. დედა უბედნიერესი ბრუნდებოდა სახლში მას შემდეგ, რაც შინსახკომის სარკმლიდან მას მისცემდნენ ფულის მიღების ქვითარს. სინამდვილეში ეს თანხა არც ერთ პატიმრამდე არ მიდიოდა.“
"სსრკ პროკურატურის მისაღების უზარმაზარ ეზოში, პუშკინის ქუჩაზე ადამიანების რიგია, რომელიც რამდენიმე წრედ დახვეულა, გამოდის კარიდან და მთელი პუშკინის ქუჩის გასწვრივ გადაჭიმულა... ბევრი ისეთია, რომელიც თავისი რიგის მოსვლამდე გასულია, სადმე აფარებს თავს, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგი თითქოს გაშეშდა და აღარ იძვრის.“
"მორიგე პროკურორის მონახულების შემდეგ მე ნელ-ნელა, ჯიუტად ვაგრძელებ სვლას - განყოფილების პროკურორთან, საგამოძიებო ნაწილის უფროსთან, შემდეგ სასამართლო განყოფილების უფროსთან, ბოლოს კი ვიშინსკის (სოვნარკომის თავმჯდომარის მოადგილე) ერთ-ერთი ასისტენტთან. ყველგან ვიღებ პასუხს: „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თქვენი ძმა ცოცხალია, ჯანმრთელია, მისჯილი აქვს 10 წელი მიმოწერის უფლების ჩამორთმევით და იმყოფება შორეულ ბანაკში. საქმის გადახედვის საფუძველი არ არსებობს.“
„1940 წელი - მოსკოვში უკვე ბევრი ქართველია, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უჭირავთ. ძირითადად ისინი „ბერიას ხალხია“... მათ შორის ისეთებიც, ვისზეც შემიძლია გავიდე. ერთ-ერთი ასეთი, რ.ბ. - მან მომიწყო არაოფიციალური შეხვედრა ГУЛАГ-ის პასუხისმგებელ მუშაკთან. ამ უკანასკნელმა, რ.ბ.-სადმი დიდი პატივისცემის ნიშნად გამანდო საიდუმლო, რომ გერცელი გადაასახლეს ნორილსკის მხარეში.“
„1941 წელი, იანვრის შუაში მე გავაგზავნე სასოწარკვეთილი ტელეგრამა ბერიას სახლის მისამართზე და ვთხოვე მიღება. ჩემი საქციელით აღშფოთებული ბრაუდე (ბააზოვების ოჯახის ადვოკატი) ყვიროდა: „გაგიჟდი?! დაგაპატიმრებენ. ცეცხლს ეთამაშები!“ თუმცა საღი აზრი აღარ ჩამესმოდა.“
ბერიამ, რომელიც თბილისში კარგად იცნობდა ბააზოვების ოჯახს, მართლაც დაუთქვა შეხვედრა ფაინას. ფაინა ლუბიანკის მოედანზე მდებარე შინსახკომის მთავარ შენობაში მივიდა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან გამოვიდა ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ თათბირებით დაკავებული ბერია ვერ მოიცლიდა და შესთავაზა წერილის დაწერა. ფაინამ დაწერა წერილი ქართულად, დიდი ასოებით დააწერა საკუთარი გვარი და გადასცა ბერიასათვის.
ბერიასთან ჩაშლილი რანდევუს შემდეგ, ბრაუდემ მოახერხა ის შეეხვედრებინა სსრკ გენპროკურორის ასისტენტთან, პროკურორ ტარასოვთან. პირველი შეხვედრის შემდეგ, ტარასოვმა დრო ითხოვა საქმესთან გასაცნობად და ფაინა დაიბარა ორ კვირაში. დათქმულ დროს მისულ ქალს ტარასოვი ანერვიულებული ეჩვენა, ერთ მომენტში ტარასოვმა უჯრა მიაჯახუნა და ფაინა ბააზოვას უთხრა: „მოკლედ, მე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია!“ და ოთახი დატოვა. აქ ფაინა წერს რომ მიხვდა, რომ გერცელი დახვრეტილი იყო.
ფაინა ბააზოვა ტარასოვს შეხვდა 1941 წლის მარტში... გერცელის დაკავებიდან 2 წელი და 11 თვე, ხოლო დახვრეტიდან თითქმის ორწელნახევარი იყო გასული...
წყარო: Фаина Баазова, Прокаженные, изд.: Библиотека - Алия, 1980.