...
10 მაისი 2022
რეჟებ ნიჟარაძის ქალიშვილის მოგონებები
საარქივო დოკუმენტების ბაზა
რეპრესირებული რეჯებ ნიჟარაძის ქალიშვილი, თინათინ ნიჟარაძე 2014 წლის ინტერვიუში იხსენებს: "ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი სამი კაცის ხელწერით სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედაჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩა. არ ვიცი, როგორ გადავურჩით გადასახლებას… შეიძლება იმიტომ, რომ წვრილშვილის გამო ის ვერ ახერხებდა საზოგადოებაში ხშირად გამოჩენას. ვფიქრობ, თვალში გამორჩათ. ქალები იყვნენ, რომლებიც ხშირად მართავდნენ შეხვედრებს და ისინი 10-11 წლით გადაასახლეს. ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ დაბრუნდა."
რეჯებ დედიაღის ძე, იგივე რეჯებ-ბეგ ნიჟარაძე (1873-1937) — ქართველი იურისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველ მაჰმადიანთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი.
1888 წელს ილია ჭავჭავაძის დახმარებით გახდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე სამუსლიმანო საქართველოდან. შემდეგ მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება ოდესის უნივერსიტეტში. იყო სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, 1918 წელს — სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელი საქართველოს ეროვნულ საბჭოში.
1919 წლის 18 მაისს გაიმართა ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ ქრისტიანთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები, ოზურგეთის სამაზრო ერობის წარმომადგენელნი, აჭარა-ქობულეთის რაიონის და ლიხაურის საზოგადოება. თავმჯდომარედ აირჩიეს რეჯებ ნიჟარაძე. მან გამოსვლაში თქვა: "ამ ომმა ბევრი სახელმწიფო დაანგრია და ცოტა ჩვენც ვიგემეთ მისი ნაყოფი. აქ შეიძლება ბევრმა სახელმწიფომ გაიაროს, მაგრამ გვახსოვდეს ქართველები ვართ. ყველანი გურჯებს გვეძახდნენ და თურქებიც კი, რომელიც ბევრს თქვენგანს მისათ მიაჩნია; ჩვენ ქართველები ყველაფერში გვეხმარებიან, ჩვენ კი, ვერაფერი დავეხმარეთ მათ. თქვენ ცოდვათ მიგაჩნიათ,რომ ქართველებს დაგიძახებენ, ისთე კი ნამდვილი ქართველები ვართ. სარწმუნოებას არავინ ეხება, რაც გინდა ის ილოცეთ."
გასაბჭოების შემდეგ დარჩა საქართველოში და თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: იყო ბათუმის რევოლუციური კომიტეტის წევრი, შემდეგ აჭარის ასსრ იუსტიციის პირველი სახალხო კომისარი (მინისტრი); მონაწილეობდა აჭარის პირველი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შედგენაში. 1924 წლის მარტში დაინიშნა აჭარის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარედ. 1930-იან წლებში იყო აჭარის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე.
1937 წელს რეჯებ ნიჟარაძე დააპატიმრეს. ბრალი დასდეს 2 მუხლით: 58-2 - შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით და 58-11 - ორგანიზებული კონტრრევოლუციური საქმიანობა. განსაკუთრებულმა სამეულმა 22 ნოემბერს მას დახვრეტის განაჩენი გამოუტანა, რომელიც სისრულეში მოიყვანეს 7 დეკემბერს. 1956 წელს ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა მიიღო.
თინათინ ნიჟარაძე: "დავრჩით საზოგადოებისგან გარიყულები. ნათესავებმაც შეწყვიტეს ჩვენთან ურთიერთობა. მამაჩემის სახელის ხსენებაც კი აკრძალული მქონდა. კლასში ერთ რიგში გამოცალკევებული ვისხედით „ტროცკისტების“, “მავნებლების“, „სამშობლოს მოღალატეების“ და „ხალხის მტრის“ შვილები. მასწავლებლები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, გაკვეთილებს არ გვეკითხებოდნენ, ჩვენ კი ხელის აწევას ვერ ვბედავდით."
"მამაჩემს, რეჯებ ნიჟარაძეს, დიდი თანამდებობა ეკავა. იყო ძალიან განათლებული კაცი. იუსტიციის პირველი მინისტრი, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ანუ ხმოსანი იყო. ასევე, პირველი მოსამართლე და კონსტიტუციის შემდგენელი. მეგობრობდა ექვთიმე თაყაიშვილთან და ნოე ჟორდანიასთან. ასეთი მამა წამართვეს. არაფერი დამიტოვეს მისი. ფეხსაცმელი, წინდა ან ქუდიც კი არ მაქვს მამის სახსოვარი..."
წყარო: გაზეთი "ბათუმელები", 07.02.2014
Civil.ge