...
04 ნოემბერი 2022
თამარ ბექაიას მოგონებები მეუღლეზე, ანეპოდისტ ნიჟარაძეზე
საარქივო დოკუმენტების ბაზა

ნიჟარაძე ანეპოდისტი ასლანი ძე დაიბადა 1899 წელს ბათუმში. დაპატიმრებამდე იყო აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის უფროსი აგრონომი.

30-იან წლებში კომუნისტური მთავრობის მიერ ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში აგრონომებისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად. სიცილიიდან გემით ჩამოტანილი ნერგებით, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენებაში.

ანეპოდისტ ასლანის ძე ნიჟარაძე დააპატიმრეს 1937 წლის 4 დეკემბერს. ბრალად ედებოდა, რომ 1936 წლის მარტიდან დაპატიმრებამდე იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და მავნებლურ-დივერსიული ორგანიზაციისა და ამ ორგანიზაციის დავალებით ახორციელებდა ფართო მასშტაბის მავნებლობასა და ძირგამომთხრელ საქმიანობას აჭარის კოლმეურნეობებსა და მეურნეობებში ციტრუსებისა და ჩაის დარგში, სახელმწიფოს აყენებდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და ხელს უშლიდა აჭარაში ყურძნის კულტურის დანერგვას.

დაკავების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 1937 წელს დახვრიტეს.

 

განსაკუთრებული სამეულის სხდომის ოქმი, რომლითაც ანეპოდისტ ნიჟარაძეს დახვრეტა მიუსაჯეს

 

აჭარის ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1957 წლის 9 მარტის დადგენილებით, სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია ბრალდების უსაფუძვლობის გამო.

დარჩა მეუღლე - თამარ ბექაია (ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში და თბილისში) და 3-4 წლის ორი ქალიშვილი: ხათუნა ნიჟარაძე (ცხოვრობდა ქუთაისში) და ნაირა ნიჟარაძე.

 

ანეპოდისტ ნიჟარაძე მეუღლესთან, თამარ ბექაიასთან ერთად

 

1988 წელს თამარ ბექაიამ (ნიჟარაძე) დაწერა „ჩემი წარსულის მრისხანე და ცრემლიანი მოგონებები“, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

რა ვიცოდი, რომ ეს ბედნიერება ტანჯვასა და ზღვა ცრემლებს მადენდა. ეს იყო 1935 წელი, ჩემი მეუღლე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი აგრონომი ანეპოდისტე ასლანის ძე ნიჟარაძე თავისი ენერგიული შრომის შედეგად დააწინაურეს ქ. ბათუმის მიწათმოქმედების კომისრის მოადგილედ. მისი მუშაობა იმდენად მოსაწონი იყო, რომ "სტახანოველობაც" კი მიაკუთვნეს. მეურნეობის საქმე ჩინებულად მიდიოდა. ბათუმის მახლობელ რაიონებში კარგად ხარობდა ციტრუსები. ჩემი ქმრის ღვაწლი და ერთგულება, დააფასა უმაღლესმა იმდროინდელმა მთავრობამ და ის გაგზავნილი იქნა იტალიაში კუნძულ კატანიაში, რათა შეეძინა ლიმნისა და მანდარინის საუკეთესო ჯიშები.

      

  

ანეპოდისტ ნიჟარაძის წერილი მშობლებისადმი

 

მასთან ერთად რჩეული 4 კაციც იყო გაგზავნილი რუსეთიდან. ალეგრად წოდებულ ციტრუსების პლანტაციებში. იქაურმა პლანტატორმა საბჭოთა სპეციალისტების ჩასვლისთანავე გამოსცა ჟურნალი, სადაც ისინი 2 ადგილზე არიან აღბეჭდილნი. ჟურნალი დღეს ჩემს ოჯახში ინახება.

 

      

იტალიური გაზეთის სტატია ანეპოდისტ ნიჟარაძის და აგრონომების დელეგაციის ვიზიტზე

 

ანეპოდისტ ნიჟარაძე კოლეგებთან ერთად

 

ჩემმა მეუღლემ ბრწყინვალედ შეასრულა მთავრობისა და პარტიის მიერ დავალებული საქმე და 1936–37 წლებში დაბრუნდა იტალიიდან. ადგილობრივი აჭარის ხელმძღვანელობა ჩემს ოჯახთან ერთად დიდი სიხარულით შეხვდა იტალიიდან ჩამოსულ გემ "კვირინალეს", რომლითაც ის ჩამოვიდა და ბათუმში ჩამოიტანა სხვადასხვა ჯიშის ციტრუსებისა და საუკეთესო ჯიშის ლიმნის ნერგები. ეს ყველაფერი აჭარის ქედისა და ხულოს მეურნეობაში იქნა გაშენებული. ციხის ძირში კი გაშენდა ლიმონარიუმი, სადაც დღესაც ხარობს მის მიერ ჩამოტანილი საუკეთესო ლიმნის ჯიშები. გარდა ამისა მან ჩამოიტანა ბათუმის ზღვის სანაპიროსთან მდებარე ბულვარისათვის თეთრი კოლონადების მაკეტი, რომელიც დღესაც ამშვენებს ბულვარიდან მიმავალ პლიაჟს. იგი გატაცებული იყო მეცნიერული მუშაობით, იგი მრავალი აგრონომიული ნაშრომის ავტორი იყო, რომელიც შემდგომში 1937 წელს განადგურებული იქნა მის ბიბლიოთეკასთან ერთად, აჭარის შინსახკომის მიერ. დღეს მხოლოდ შემორჩენილი მაქვს მისი შრომა, რომელიც ეხება ბროწეულის კულტურას. მას დიდი ამაგი მიუძღვის, რომელიც დღეს არ ჩანს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსებასა და თბილისის ზოოპარკის განაშენიანებაში.

მაგრამ დადგა 1937 წელი აჭარის ხელმძღვანელობას უბედურება დაატყდა თავს, ჩვენ მაშინ მთავრობის სახლში ვცხოვრობდით, სადაც თითქმის უმრავლესობა ხელმძღვანელობისა ამ სახლში ცხოვრობდნენ. დაიწყო მათი დაჭერა, ისმოდა აჭარელთა ცოლების გოდება და ტირილი. ჩემს მეუღლეს სპეტაკ მუშაკს არ ეშინოდა, რადგანაც ის დიდი პატრიოტი იყო მისი ქვეყნისა და ერთგულად ემსახურებოდა მას. ცენტრალურ კომიტეტში აჭარაში თითქმის ყველა დაიჭირეს და გამოაცხადეს "ხალხის მტრად", რისთვის ? ჩვენ არ ვიცოდით.

და აი, ერთ შავ დღეს, როდესაც ჩემს შვილებში 3 წლისა და 6 წლის გოგონებთან ერთან, როდესაც რადიოს ვუსმენდი გავიგონე, რომ დაასახელეს ჩემი ქმარი ა. ა. ნიჟარაძე დაპატიმრებულად. ელდა მეცა. ჩემ ნათესავ გოგოს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა ბავშვები ჩავაბარე და ჩემი ქმრის სამსახურში გიჟივით გავიქეცი /შინსახკომი ახლო იყო/, როცა მის კაბინეტში შევიჭერი და ვუთხარი - აი რადიომ გამოაცხადა შენ დაჭერას გიპირებენ და წამოდი ბავშვები ნახე, ტირიანმეთქი, მაგრამ არ დამცალდა სიტყვის დასრულება, რომ შემოცვივდნენ შინსახკომის მუშაკები და ორივე მანქანაში ჩაქვსვეს. ცრემლები არ მომდიოდა, სისხლი გამიშრა. ვეკითხებოდი ამ კაცებს რაშია საქმე რატომ დაგვიჭირეთ, რა დანაშაული გვაქვს, არც ერთმა ხმა არ გაგვცა. მიგვიყვანეს შინსახკომის უფროსთან კაბინეტში. ჩემი მეუღლე გაიყვანეს და ახლა ამ ჯალათმა დამიწყო ყვირილი - რა ჩამოიტანა იტალიიდან თქვი.. რა ჩამოიტანა. ვუთხარი საბაჟოში ჩემოდანი გასინჯეს და ისე ჩააბარეს და არაფერი საეჭვო იქ არ იყო-მეთქი. სტყუი დაიყვირა ველურმა, იძრო ნაგანი და კონდახის ტარით დამიწყო ცემა. მე მოვრთე არაადამიანური კივილი, ვკიოდი და ვიგლეჯდი თმებს. შემდეგ, როგორც ჩანს გულწასული სახლში წამიყვანეს, ჩვენს სახლს გარს შინსახკომის მეთვალყურეები დარაჯობდა. უყურებდნენ ვინ შედიოდა, ვინ გამოდიოდა. ჩვენ არავინ არ გვეკარებოდა. ასე გასტანა 3-მა დღემ, მე და ნათესავი გოგონა ბავშვებს ვაწყნარებდით, რადგანაც სულ ტიროდნენ. ერთ ღამეს ჩვენთან კარის მეზობელი შემოვიდა, აჭარელი კეთილი ადამიანი ჰ.ბ-ძე. ეს კაცი შინსახკომში მუშაობდა და ჩვენთან კარგი მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მან მითხრა: ” აბა ეხლავე წადი აქედან, იმიტომ, რომ შენც ქალების სიაში ხარ, რომლებიც უკვე მჰყავთ დასაჭერად და მეზობელი აჭარელი ქალები დაასახელა. - წადი მე გაგიყვან, უკან გამოგყვები, არ გიღალატებო. მე მაშინვე თავზე შალი მოვიხურე და მარტო გამოვედი ქუჩაში. მივდივარ მამაჩემის სახლში. ჩვენ სახლი გვქონდა სადგურის წინ. არ გაიქცე - მომაძახა კეთილმა ადამიანმა. იარე დინჯად, ასე მივედი სახლში. დედამ კარი გამიღო ღამის 10-11 საათი იქნებოდა. ჩვენი ოჯახიდან ჩემი ძმა წაიყვანეს, რომელსაც დარჩა ცოლი და ორი შვილი, დედა ტიროდა - ახლა რა გიყო შენ, ხომ იციან იმათმა, რომ შენ ჩვენთან მოხვიდოდი, ახლა რა გიყო, რა? - მე დავამშვიდე დედა, ვუთხარი, რომ ჭერში დავიმალები. სახლი ორსართულიანი იყო, დიდი. კარგი თქვა დედამ. კიბე ამოიტანა და მე ჭერში მოვთავსდი. იქ ისე ჩამძინებოდა, რომ გათენებაც არ გამიგია,

დილით დედამ პური და წყალი მომაწოდა და მითხრა შეიძლება ამაღამ აქ მოვიდნენ, რადგან სახლში უკვე ყოფილანო. ეს ამბავი უთქვამს ბათუმში მცხოვრებ ჩემს დას, შეშინებულ ნათესავ გოგოს შინსახკომელებისათვის კი უთქვამს არ ვიცი ბიცოლა სად არისო. ამ ამბავს ჩემი და ლ. ან-ძე ატყობინებდა დედას და ამშვიდებდა. ჩემი დის ლ. ან-ძის ქმარი ბათუმის ჯანსახკომის მთავარი ბუღალტერი იყო, ოთხი ბიჭის პატრონი, უწყინარი კაცი სრულიად დამშვიდებული იყო, რომ მას არავინ არ დაიჭერდა.

ქალაქში ხმები დადიოდა, რომ გაჰყავთ აჭარელი ქალები, იმ ღამეს 11-სთ-ზე დედას კაკუნი შემოესმა, ცხადია მოვიდნენ, კარი გაიღო, დაიწყო ჩარეკა, დედაჩემი ყვიროდა, არ ვიცი სად არის ჩემი შვილი იქნებ ზღვაში ჩაიხჩო. ისინი წავიდნენ. ჩემი რძალი და ძმისშვილები უკვე დარბეული და გაუბედურებული იყვნენ. სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი ქალაქიდან, მაგრამ როგორ? მამაჩემის სახლი, როგორც ვთქვი სადგურის წინ იყო. ბათუმის სადგურის რკინიგზა ე.ი. მატარებელი მახლობელ სადგურიდან ქალაქში შემოდის, სადგურს რამოდენიმე მეტრის მანძილით რკინის ბადურით არის შემოფარგლული. ამ რკინის ბადურის ზედა თავები ისარივით წვეტიანი ჰქონდა, გადავწყვიტეთ მემგზავრა მატარებლით სოფელში. 12 საათზე მატარებელი გადიოდა, დედამ ბილეთი აიღო. ჩემთვის და თავისთვის, მაგრამ როგორ გინდა სადგურში ხალხში შესვლა, ყველგან ჯაშუშები დაწრწიან. გადავწყვიტეთ ას, დედა ბადურის იქით ჩაიმალებოდა.

მე კი აქეთ ბადურაზე უნდა ავცოცებულიყავი და ასე გავსულიყავი მატარებლამდე, მართლაც თავზე ჩადრი ჩამოვიფარე და რის ვაი-ვაგლახით გადავედი ამ ბადურაზე. მე და დედაჩემი ვაგონში შევედით. გულისფანცქალით მივაღწიეთ ჩვენს სოფელს სამტრედიის რაიონის სოფ. ჯიხაიშს. იქ გველოდა მამაჩემი. ჩასვლისთანავე ჩავიკეტე პატარა ოთახში ისე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. მამა ბათუმში გამოემგზავრა, რადგან შვიდი ობოლისათვის მიეხედა, მისი შვილიშვილებისათვის.

არ გასულა დიდი დრო და ერთ საღამოს ატყდა ყვირილი, სახლში შემოცვივდნენ კომკავშირლები, მე შიშისაგან გამოვასწარი უკანა კარიდან, ჩვენს ეზოს უკან ტყე ჰქონია და ტყეში გავიქეცი. უკვე შებინდებული იყო. ისინი გაიძახოდნენ კრებებზე რატომ არ დადიხართო და დარბოდნენ ოთახებში.

ტყეში ჩამალულმა ღამე გავათენე. დილით დედამ დამიწყო ძებნა და ძახილი. დიდი ძებნის შემდეგ დამაბრუნა ისევ სახლში. დღესაც არ ვიცი, რა იყო ეს ვინ დამაბეზღა. ვწევარ ოთახში და ვფიქრობ რა ხდება ჩვენს სამშობლოში, მთელს ჩვენს ქვეყანაში.

და აი, მომაგონდა ერთი შემთხვევა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, რევოლუციის 1917 წელი ჩათავებული იყო, ინტერვენტები ნადევნილი, ქვეყანას დიდი ლენინი უძღვებოდა, ხალხი ნელა-ნელა იშუშებდა ჭრილობებს. ერთ დღეს მეზობელთან გადავედი. იქ თავი მოეყარათ მოხუცებულებს ასე 2-3 კაცს ერთ-ერთმა მეტად ხნიერმა კაცმა მახსოვს ასე თქვა: ძველ წიგნში — კარაბადინში წერია, რომ ქვეყანას მოევლინება "ანტიქრისტე! რომელიც გამეფდება და დაერევა ყველას, ძალაუფლების შენარჩუნებისათვისო. არ ვიცოდი, ვინ ან რა იყო "ანტიქრისტე" ახლა მომაგონდა აი, ვინ იყო ეს საშინელება ლენინი აღარ იყო და გამეფდა იუდა. რა მოიგონა, რა ცილისწამებით აწამა ხალხი, სიბრაზე მახრჩობდა, მაგრამ ამ ჭიანჭველას რა უნდა მექნა, როცა დიდი რევოლუციის მოამაგე ხალხი დახვრიტა–გაანადგურა.

ასე ჩაკეტილი ვიყავი სამი თვე, ბავშვები ქმრის სოფელში, დედამთილმა წაიყვანა, მაგრამ იქ მათაც უბედურება დაუტრიალეს მოხუცი ქმარი "კულაკათ’’ მონათლეს, დაიჭირეს, სახლში კოლმეურნეობის კანტორა გახსნეს და მოხუცი ქალი ბავშვები პატარა ოთახში შეყარეს.

სამი თვის შემდეგ მამაჩემი ჩამოვიდა ბათუმიდან და აი, რა გვიამბო: ჩემს ბინაში შინსახკომის ორი ოჯახი შეასახლეს, ქმრის ბიბლიოთეკა მის შრომებთან ერთად ეზოში დაწვეს, ბარგი მიითვისეს.

 

ჩემი დის ოჯახი გააპარტახეს, ქმარი დაიჭირეს და ოთხი შვილის დედას, ბინა წაართვეს. პატარა საკუჭნაოში შეყარეს, სივიწროვისა და მძიმე პირობების გამო ჩემს დას 1 წლის ბიჭი დაედუღრა და მოუკვდა. მის კუთვნილ ბინაზე გაცემული იქნა ორდერი აჭარელ სამხედრო პირზე ასლან ბაჯელიძეზე, რომელმაც მისვლისთანავე დაინახა, რომ ნაცნობის ოჯახში მოხვდა. მან ამ გაჭირვებაში, რომ დაინახა ჩავარდნილი ჩემი და გამოჩინა კეთილშობილება, ადამიანობა, ორდერი დააგდო და უარი განაცხადა ბინაში შესახლებაზე. შემდეგში ჩემი და შევიდა საცხოვრებლად მისი პატარა ბავშვებით მის 45 კვ.მ. ბინაში. ჩემი დაც ასე გაუბედურდა, ჩვენს ტანჯვას ტანჯვა დაემატა. არ იყო განკითხვა, არ იყო სამართალი, ან ვინ იყო მტყუანი ან მართალი, მთელი ის ძირითადი შემადგენლობა მთავრობისა, რომელიც ასე მწარეა გვსჯიდა და "ხალხის მტრად” გვთვლიდა უდანაშაულოებს და გვანანგურებდა, ვის უნდა შევჩივლო, ვინ მოგისმენს.

ამიერიდან ჩვენ დაგვარქვეს "ხალხის მტერი”. რამოდენიმე თვის შემდეგ მე გადავწყვიტე, ჩემს შვილებთან წასვლა. ქუთაისში ჩემს მამამთილს სახლი ჰქონდა, მაგრამ სახლი სავსე იყო მობინადრეებით. აბა, ვინ ახლებს მათ ხელს და ერთი პატარა ოთახი ჩემი სახლის შევისყიდე. შესასვლელი უვარგისი მეზობლისაგან ჰქონდა. დიდის ვაი-ვაგლახით ვცხოვრობდი შიგ. სოფელიც ქუთაისიდან 6 კილომეტრზე იყო დაშორებული, სადაც დავდიოდი. ჩემი უფროსი გოგონა სკოლაში უნდა შემეყვანა. მოვაწყე კიდეც. უმცროსი ბებიას დავუტოვე. არ ვმუშაობდი და მიჭირდა ძალზე, გადავწყვიტე მესწავლა, მე ბრწყინვალედ ვფლობდი რუსულ ენას. გავიმარჯვე კიდეც გამოცდებზე და გავხდი სტუდენტი რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის. ატესტატი მქონდა ჩემი ქალიშვილობის გვარზე და ამ გვარით ვსწავლობდი ინსტიტუტში. მაგრამ საჭირო იყო არსებობა, სამსახური დავიწყე საღამოს სკოლაში მასწავლებლად. რა თქმა უნდა ჩემი ქალიშვილობის გვარით, მაგრამ სად დაემალები შინსახკომს. რადგან მე ბათუმიდან წამოსული ვიყავი და თანაც ჩვენი დამჭერნი თვითონ შეიქმნა მოსპობილი, ამიტომ ადვილი იყო ქ. ქუთაისში შინსახკომის მიერ მიჩნეული ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, რომლებიც მე ვიცოდი, ვინაიდან ისინი ჩემს სამსახურში სკოლაში იყვნენ. ამავე პერიოდში წერილებს ვაგზავნიდი ყველგან შემდგომ ინსტანციებში, რათა გამეგო ჩემი ქმრის ამბავი. ამ მოლოდინმა ძალზე გადამღალა, როგორც ჩანს მალე ავად გავხდი, შემიპყრო ჰალუცინაციებმა, ან როგორ იცით? მივდივარ ქუჩაში და უკან ძახილის ხმა მესმის, ვიღაც მეძახის და სხვა. სული სიტყვებს ჩამძახის მივიხედავ არავინ არ მომდევს. სულ მეჩვენებოდა თითქოს ვიღაც მომდევს, მერე გამიჩნდა სახეზე ტეტანუსი ე.ი. სახე მეღრიცებოდა და თითქოს ვიცინოდი კიდეც, მაგრამ ამ დროს კარგი მეგობრები გამიჩნდა, ისინი მამხნევებდნენ და მოვიკეთე კიდეც.

მაგრამ ვაი უბედურება დაიწყო ომი და ახალი ტანჯვა, მოულოდნელმა უბედურებამ შავ ღრუბლებში გაახვია ჩვენი ქვეყანა, დაგვიჯავრიანა უფრო მეტად გულები, ეს იყო 1941 წელი. წაიყვანეს ჩვენი სტუდენტობა, ვაჟები და ქალიშვილები, ამ წელს ვამთავრებდი ინსტიტუტს, რომელიც მე წარჩინებით დავამთავრე და ავიღე წითელი დიპლომი. ვისღა ახსოვდა რაიმე, ყველა ფრონტისაკენ მიეშურებოდა. შეამცირეს სკოლები, ზოგში ჰოსპიტალი გაიხსნა მოჰყავდათ დაჭრილები. მე ვასწავლიდი სკოლაში ბავშვებს, გაგვყავდა მოსწავლეები, ვიღებდით სანგრებს, ეზოებში - თავშესაფრებს. თავს არ ვზოგავდი ორ შვილს პატრონი ვინ ჰყავდა. ერთ სკოლაში ვიყავით, შვილები ბეჯითები და სწავლის მოყვარულნი იყვნენ, მასწავლებლებს უყვარდათ ისინი. და იმ პიროვნებებსაც კი, ასეთი კი ორი იყო, რომლებიც მიჩენილი მყავდა შინსახკომის მიერ სათვალყუროდ ძალიან მიბრალებდნენ.

გაჭირდა ცხოვრება, არ იყო პური. პური მცირე გვეძლეოდა, ისიც შავი და უვარგისი, 1942 -მა წელმა არაფერი სიკეთე არ მოგვიტანა, იყო შიმშილობა. უკანასკნელ ლუკმას ბავშვებს ვუთმობდი და მე ღამღამობით მშიერი ვტიროდი, ამ წელს ჩემსავით გაუბედურებული ქალი მესტუმრა, გამაფრთხილა ჩვენი საქმე ე.ი. როგორც გვიწოდებდნენ "ხალხის მტრებს” ძალზე ცუდად არისო. ჩვენმა სახელმწიფოს ვაი მმართველმა, რომელმაც თავისი ერი დაგმო გაანადგურა და დარჩენილ ოჯახებს უპირებს შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში გადასახლებასო, რა დავაშავეთ, ან ჩვენ ან ამ ბავშვებმა, ვტიროდით, ასე, რომ მთელი მდინარე გაჩნდებოდა ჩვენი ცრემლებისაგან. წერილს წერილზე ვაგზავნიდი სად იყო ჩემი ოჯახის 4 წევრი, რა თქმა უნდა ვეძებდი ჩემს ქმარს, რომელსაც უდანაშაულოდ დასწამეს ცილი თითქოს მან იტალიიდან დაავადებული ციტრუსები შემოიტანა. პასუხი ერთი იყო - " გადასახლებულია შორეულ აღმოსავლეთ ციმბირში”. მე კი ამბით ვიცოდი, რომ აჭარის გენერალური ხელმძღვანელობა და ჩემი ქმარიც მდინარე ჭოროხთან გაიყვანეს და დახვრიტეს. ვჩქარობდი, ბავშვები იზრდებოდნენ, მათი მამის რეაბილიტაციას ვჩქარობდი, მართლაც მივიღე რეაბილიტაციის ქაღალდი და მიჭირავს ხელში ეს ქაღალდის ნაგლეჯი. გაც. 1957 წლის 1/IV-ს, სადაც წერია, რომ აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს პრეზიდიუმის 1957 წლის 9/III-ის დადგენილებით, საქ. სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 4 დეკემბრის დადგენილება ანეპო ასლანის ძის ნიჟარაძის მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების უსაფუძვლობის გამო და ა.ა. ნიჟარაძე მთლიანად რეაბილიტირებულია". და ვფიქრობ ატირებული, გაამართლეს არა, მოკლეს უდანაშაულოდ და გაამართლეს, სად არის სამართალი, ვის ურევია სისხლიანი ხელი ამ ამბავში? ვიცი, მომაგონდა იმ მოხუცის სიტყვები, რომელმაც თქვა: მოვა ანტიქრისტე და მოსპობს ყველას, რათა თვითონ გაბატონდესო. ჩემებრ ტანჯული ბევრია. მე კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. ნათესავი ქალები კი ლაგირებში ციმბირში იტანჯებოდნენ.

ბავშვები გაიზარდნენ. ჩემი დის სამი ვაჟი, ერთი გემის კაპიტანი იყო, მეორე მოსამართლე, მესამე თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორია, ძმისშვილი ქალები ორივე ინჟინერია, ჩემი შვილებიც ერთი ფიზიკოსია, მეორე კი ჟურნალისტი. ისინი დღეს საზოგადოებრივ მუშაობას ეწევიან. მე კი ცხოვრების ტალღამ სად არ გადამისროლა, როგორ არ მაწვალა, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის 84 წელს მივაღწიე და ვფიქრობ, რა დავაშავეთ რატომ გაგვწირეს? ან სად იყო ადამიანი, რომ მოესპო დიქტატორი. ეხლა როცა საჯაროობა არის უნდა იქნეს მხილებული ყველა და ყველაფერი, რათა დაინახოს ჩვენმა ახალგაზრდობამ რა არის საჭირო მმართველობისათვის კეთილი თუ ბოროტი მოქმედება ხალხის წინაშე. მე ვშიშობ არ იყოს კიდევ ისეთი გარეწარი მშობლები, რომლებიც კიდევ უნერგავენ მის სიყვარულს. სამშობლო დაიცვა მტრისაგან ერთგულმა, გმირმა ხალხმა, მაგრამ დაიღვარა სისხლი მილიონობით, ვინ იყვნენ ისინი თუ არა მთელი ჩვენი ხალხი, განა უფრო უკეთ არ წავიდოდა საქმე, რომ მილიონობით უდანაშაულო შინაური ხალხი არ ამოეწყვიტა. მე ხშირად ვკითხულობ ძველ ისტორიას, რამდენი ყოფილა დიქტატორი ქვეყნად, მაგრამ ასე გამოურკვევლად არ დაუხოცია შინაური ხალხი. დაისაჯოს უნდა დამნაშავე და არა ყველა უდანაშაულონი, ქალები და ბავშვები. ეხლა ახადეთ ფარდა ჩემი თხოვნაა, ამცნეთ ახალგაზრდებს, რომ მსგავსი რაიმე იქნეს დაგმობილი, ჩემისთანები საქართველოში რუსეთში და სხვა რესპუბლიკებში მრავალია, ისინი დაწერენ მათ თავზე გადამხდარ ამბებს და გამოაქვეყნეთ.

მოსაწონია ის, რომ ზოგი ითხოვს მარადიული ხსოვნის აღსანიშნავად, უდანაშაულოდ დასჯილთა უკვდავსაყოფად აგებულ საფლავს. სამარხი რა შთამბეჭდავი იქნება, რომ მათ საფლავად ჯვარცმულ ქრისტეს ძეგლს აუგებენ. ეს მეტად შთამბეჭდავი და შემაძრწუნებელი ძეგლი იქნება, რადგან უდანაშაულო წამებულ ხალხს ატანილი აქვთ გოლგოთაზე წამების ჯვარი. აი, ეს არის ჩემი თხოვნა. აბა რა გაამრთელებს ჩვენი გულის ჭრილობას, მაგრამ. ეს ერთგვარად სულის სიმშვიდეს მოგვგვრის, ხომ დაწესდა მიცვალებულთა დღე, ხომ მიდიან საფლავებზე, აი ასეთი ძეგლი იქნება , იმ ტანჯულთა საფლავი, სადაც მიმსვლელნი დააყრიან ცრემლებს, ახალგაზრდობას კი ამაში დაანახვებენ მეტ პატივისცემას და მოკრძალებას. ეს ძეგლი უნდა აიგოს იქ, სადაც ტრიალებს ახალგაზრდობა, აი თუნდაც, ჩვენი სახელოვანი მამულისშვილის ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის საფლავის მახლობლად გამოინახოს ადგილი, მანაც ხომ ბავშვობაში იწვნია უდედმამო ობლობა, ტანჯვა და მარტოობა გაცვეთილი ფიზიკური ჯანით, ის, რომ დღეს ამ საჯაროობის დროს იყოს ცოცხალი განა არ იტყოდა თავის სათქმელს, მისი უდანაშაულოდ დასჯილი მშობლების საპატივცემულოდ. ჩვენი ერისთვის ნ. დუმბაძე საამაყო პიროვნებაა, რომელსაც ძლიერ დააჩინა დაღი ამ რეპრესიებმა და ამიტომაც უდროოდ წავიდა ჩვენგან.

თქვენ შეიძლება ჩემი ეს თხოვნა, რაღაც მოხუცის ოცნებად მოგეჩვენოთ, მაგრამ არა ჩაუკვირდით კარგად და განსაჯეთ ეს ჩემი თხოვნაა.

პატივისცემით პენსიონერი, პედაგოგი თამარ ნიჟარაძე

1988 წლის მაისი.

ქ. თბილისი, კუტუზოვის ქ. N16, II სად. ბინა 29. 380060, თელ, 38-65-84 ან 37-75-91.

 

ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ანეპოდისტ ნიჟარაძის შთამომავალს, ბატონ ირაკლი თაბორიძეს.