18 იანვარი 2016
იქიდან გამომდინარე, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესწავლა-გაანალიზება, არქივების ღიაობა, კვლევითი-საგანმანათლებლო საქმიანობა, საარქივო დოკუმენტების შესწავლა, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინსიტროს არქივიდან გამოითხოვა „სამხედრო ცენტრის“ რეპრესირებულ პირთა საცხოვრებელი მისამართების ამსახველი მონაცემები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა 1923 წლის მაისში რეპრესირებული „სამხედრო ცენტრის“ წევრთა საცხოვრებელი მისამართები.
IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული საარქივო დოკუმენტები, ისევე როგორც შეგროვებული ფოტომასალა გაუგზავნა ქალაქ თბილისის საკრებულოს იმისათვის, რომ „სამხედრო ცენტრის“ წევრთა გმირობის უკვდავსაყოფად ქ. თბილისში განთავსდეს მემორიალური დაფები მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით. აღნიშნული წერილი ქალაქ თბილისის საკრებულომ განსახილველად გაუგზავნა თბილისის მერიას.
1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რის შემდგომაც რამდენიმე მიმართულებით განავითარა შეტევა საქართველოს სრული ოკუპაციისა და თბილისის აღების მიზნით. მიუხედავად მძიმე და თავგანწირული ბრძოლებისა, სადაც ქართულმა სამხედრო შენაერთებმა, მათ შორის ახალგაზრდა იუნკერებმა გამორჩეულად ისახელეს თავი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და ბათუმიდან ემიგრაციაში გაემგზავრა. ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წლის 25 თებერვალს მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და შემდეგი 70 წლის განმავლობაში საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქცია.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლისა, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. აჯანყებამ პირველად სვანეთში იფეთქა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი პარტიზანები კახეთის რეგიონში. საყოველთაოდ ცნობილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსი ხელაიას პირადი თავდადების მრავალი ფაქტი. გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი რაზმის ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ.
მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი იყო სხვადასხვა წინააღმდეგობის ჯგუფები, რომელთა მიზანს საბჭოთა რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველი ოფიცრების მიერ იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი“ აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ.
ბუნებრივია, რომ ჩეკას (კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისიის) ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ „სამხედრო ცენტრი“ გახდებოდა. ქართველი სამხედროები დააპატიმრეს, გაასამართლეს ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ქვევით წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, ვინც დახვრეტილი იქნა „სამხედრო ცენტრში“ მონაწილეობის ბრალდებით
1. გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი
2. გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე
3. პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი
4. პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი
5. გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი
6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი
7. როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
8. როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი
9. იასონ მათეს ძე კერესელიძე
10. ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე
11. სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
13. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი
14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი
15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) გამოთქვამს იმედს, რომ ქალაქ თბილისის მერია გაითვალისწინებს ჩვენ წინადადებას და მემორიალური დაფების განთავსებით სათანადო პატივს მიაგებს ქვეყნის თავგანწირულ გმირებს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილ „საქართველოს სამხედრო ცენტრის“ წევრთა ხსოვნას.
იხილიეთ სრული დოკუმენტი