...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ვლადიმირ ბუკოვსკი და საბჭოთა არქივები

08 მაისი 2020


 2019 წლის 27 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა დისიდენტი, ვლადიმირ ბუკოვსკი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჯერ - საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, შემდეგ კი ბორის ელცინის პოლიტიკისა და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის კრიტიკას დაუთმო. 2014 წელს მას რუსეთის ფედერაციამ უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე. ბუკოვსკის დისიდენტური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტმა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც აკრიტიკებდა კომკავშირის ინსტიტუტს. ამის გამო იგი გარიცხეს უნივერსიტეტიდან, შემდეგ კი გაასამართლეს და მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში შიზოფრენიის დიაგნოზით, სადაც მან 2 წელი გაატარა. ამის შემდეგ იგი აქტიურად იყო ჩართული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში, რის გამოც კიდევ ერთხელ მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, შემდეგ კი - გამოსასწორებელ ბანაკში. 1971 წელს ბუკოვსკიმ მოახერხა და დასავლეთში გაგზავნა დოკუმენტები, რომლებიც აღწერდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ფსიქიატრიული კლინიკების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც გულისხმობდა ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი პოლიტიკური პატიმრების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებას და მათ იძულებით მკურნალობას არაადამიანურ პირობებში. მის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში, რის გამოც ის კიდევ ერთხელ გაასამართლა საბჭოთა კავშირმა და მიუსაჯა 2-წლიანი ციხე, 5-წლიანი მუშაობა გამოსასწორებელ ბანაკში და 5-წლიანი შიდა გადასახლება. 1976 წელს, ციურიხში, საბჭოთა ხელისუფლებამ ვლადიმირ ბუკოვსკი გაცვალა ჩილეს კომუნისტური პარტიის დაპატიმრებულ გენერალურ მდივან ლუის კორვალანზე, რის შემდეგაც ბუკოვკსიმ ახალი ცხოვრება დაიწყო კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში, სადაც არა ერთი ნაშრომი დაწერა საბჭოთა რეჟიმის ბოროტებაზე.[1]

ბუკოვსკი დეპორტაციის შემდეგ მოსკოვში პირველად მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე ჩავიდა. იგი ცდილობდა ბორის ელცინის გუნდი დაერწმუნებინა, რომ უნდა შექმნილიყო საერთაშორისო კომისია, რომელიც გამოიძიებდა კომუნისტური პარტიის დანაშაულებს, რაც აუცილებელი იყო კომუნისტური წარსულისა და მისი მემკვიდრეობის გასააზრებლად. საკუთარ ნაშრომში ის იხსენებს: „1991 წლის აგვისტოს ე.წ. „პუტჩი“ ახალი დამთავრებული იყო, როცა მე უკვე მოსკოვში ვიყავი და ვცდილობდი რუსეთის ახალი მმართველები დამერწმუნებინა იმაში, რომ [...] დაჭრილი ცხოველი უნდა მოკლულიყო მანამ, სანამ ის ხელმეორედ გაცოცხლდებოდა. მთავარი ამოცანა იყო, რომ მათთვის [კომუნისტებისთვის] არ მიგვეცა საშუალება, რომ ძალები აღედგინათ. ეს აუცილებელია, მუდმივად ვიმეორებდი, რომ შექმნილიყო კომისია, რომელიც გამოიძიებდა კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებს. უმჯობესი იქნებოდა საერთაშორისო კომისია, რათა არ ყოფილიყო ბრალდებები პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ხელის დაფარებაზე. „პუტჩისტების“ წინააღმდეგ საქმე შეიძლებოდა განვრცობილიყო, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმის გასამართლება. ეს გამოძიება უნდა მომხდარიყო ღიად, დროის დაკარგვის გარეშე, სრული საჯაროობის დაცვით, ტელე-კამერების წინაშე, როგორც კონგრესის მოსმენები აშშ-ში.“[2]

ბუკოვსკი ხვდებოდა საბჭოთა არქივების მნიშვნელობას კომუნისტური წარსულის გააზრების პროცესში და აქტიურად ლობირებდა არქივების ღიაობასა და ხელმისაწვდომობას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებისა და მკვლევარებისთვის. თუმცა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ბევრ წინააღმდეგობას ხვდებოდა. „არქივები იყო КГБ-ის არსი, დრაკონის გული, 7 საკეტის მიღმა დამალული,“ - წერს იგი - „ერთადერთი გზა, რომ ეს ურჩხული მოგვეკლა იყო მისი გულის განგმირვა, მაგრამ სიუჟეტის მთავარი გმირი, ვისაც უნდა აღესრულებინა ეს საგმირო საქმე [...] ელცინი, რომელმაც ხელი მოაწერა ბრძანებას „პუტჩის“ შემდეგ КГБ-ის არქივების რუსეთის არქივების ადმინისტრაციისთვის გადაცემის თაობაზე, როგორც ჩანდა, ინტერესს კარგავდა ამ საქმის მიმართ არქივების გადასაცემად შეიქმნა დეპარტამენტთაშორისი კომიტეტი, რომელშიც КГБ-ის პერსონალი განიხილავდა „გადაცემის პრობლემებს“ და, არაა გასაკვირი, რომ ვერ იპოვეს გამოსავალი ამ პრობლემებიდან. კომპლექსური საკითხია, არა? კიდევ ერთი უზენაესი საბჭოს კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სტალინისტი გენერალი, ვოლკოგონოვი. [...] მარტივი გადასაწყვეტი არ იყო, 30 თუ 70 წლის ვადით გასაიდუმლოებულიყო დოკუმენტები. ასე დატრიალდა „კარუსელი“ და ის ახლაც ტრიალებს. რაც შეეხება დოკუმენტებს, არც ერთი მათგანი არ გადასცემია [რუსეთის არქივების ადმინისტრაციას] დღემდე. ამასობაში, არქივების გარშემო გაჩნდა მისტიური „კომერციული სტრუქტურები“ და დოკუმენტებით ვაჭრობა გაჩაღდა, მაგრამ მხოლოდ იმ დოკუმენტებით, რომლებიც სარგებელს მოუტანდა КГБ-ს და მხოლოდ მათ მიერ, ვინც КГБ-ს აწყობდა. ამგვარად, მსოფლიოში გავრცელდა ორშრიანი დეზინფორმაცია, ამჯერად „ისტორიული ჭეშმარიტებით“ შენიღბული“.[3]

მიუხედავად ბუკოვსკის თავგამოდებული მცდელობისა, რომ საერთაშორისო კომიტეტს მისცემოდა წვდომა არქივებზე და რუსეთში დაწყებულიყო კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებების გამოძიება, როგორც ჩანდა, პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნდა ნება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო ამ მიმართულებით. თავდაპირველად ბუკოვსკიმ მოახერხა და არქივების სამთავრობო კომიტეტის ხელმძღვანელთან, რუდოლფ პიხოიასთან გააფორმა შეთანხმება „საერთაშორისო კომიტეტის შესახებ საბჭოთა პარტიული სტრუქტურებისა და უსაფრთხოების ორგანოების ქმედებების შესასწავლად“. ამ შეთანხმების მიხედვით, უნდა შექმნილიყო კომისია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, რომელიც შეისწავლიდა ქვეყნის უახლეს ისტორიას და მათ სრული წვდომა ენიჭებოდათ საარქივო დოკუმენტებზე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და უსაფრთხოების ორგანოების საქმიანობის შესახებ.[4] მალევე, 1992 წლის 14 იანვარს ელცინმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის შესახებ“, რამაც ფაქტობრივად ისევ გაასაიდუმლოვა ყველა იმ დოკუმენტი, რომელსაც ანალოგიური სტატუსი ჰქონდა მინიჭებული საბჭოთა კავშირში.[5]

ელცინის ახალი ბრძანების მიხედვით, მიუწვდომელი გახდა: ყველა დოკუმენტი გამოცემული 1981 წლის შემდეგ; ყველა მასალა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს მიერ 1961 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; ყველა მასალა, რომელსაც გააჩნდა „განსაკუთრებული ფაილის“ კლასიფიკაცია; ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო დეპარტამენტს, უცხოელი კადრების დეპარტამენტს, საერთაშორისო ინფორმაციის დეპარტამენტს, ადმინისტრაციული ორგანოების დეპარტამენტს, ცენტრალური კომიტეტის თავდაცვის ინდუსტრიის დეპარტამენტს; КГБ-სა და ГРУ-ს ყველა დოკუმენტი გამოცემული 1961 წლის შემდეგ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ბუკოვსკისა და პიხოიას შეთანხმებამ ძალა დაკარგა და საერთაშორისო კომიტეტი ვეღარ შეძლებდა მუშაობას. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა ბუკოვსკის სასარგებლოდ, რაც კომუნისტურმა პარტიამ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელცინის ბრძანების გასასაჩივრებლად, რომელიც არაკანონიერად აცხადებდა საბჭოთა კომუნისტური პარტიის არსებობას. ისინი ელცინის მთავრობას უჩიოდნენ კომუნისტური პარტიის აკრძალვისა და მათი ქონების კონფისკაციის გამო. ამასთან დაკავშირებით ბუკოვსკი იხსენებს: „მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ეს, ალბათ, გამოიყურებოდა, როგორც ცუდი ხუმრობა - კომუნისტების ერთი ჯგუფი უჩივის კომუნისტების მეორე ჯგუფს მათი ძველი პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლოში, რომლის ყველა წევრიც ასევე ყოფილი კომუნისტია. გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც არ გააჩნია ახალი კონსტიტუცია, აქვს მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, რომლის ჩანაცვლებაზეც კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ შეცვალეს რამდენჯერმე“.[6] თუმცა, ელცინისა და მისი გუნდისთვის ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან კომუნისტური პარტიის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გარდა პოლიტიკურ დაძაბულობასთან გამკლავებისა, მათ მოუწევდათ დაებრუნებინათ კომუნისტური პარტიისთვის ჩამორთმეული საკუთრება, მათ შორის - პარტიის არქივები.

შექმნილი სიტუაციის გამო, ბუკოვსკი სასამართლო პროცესზე მოწმედ მიიწვიეს და ცენტრალური კომიტეტის არქივების კარი მისთვის გაიხსნა. იმ იმედით, რომ რუსეთშიც შედგებოდა ე.წ. „ნიურნბერგის პროცესი“, გასამართლდებოდნენ კომუნისტური პარტიის წევრები და ქვეყანა მოახერხებდა კომუნისტური წარსულისა და მისი მემკვიდრეობის გადააზრებას, ბუკოვსკი პროცესებში ჩაერთო. თუმცა, იმის სანაცვლოდ, რომ იგი სასამართლოზე კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მოწმედ წარსდგებოდა, მან არქივებზე წვდომა მოითხოვა. ბუკოვსკი იხსენებს, რომ არქივებში შესვლის შემდეგ ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდა ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს - კონკრეტული დოკუმენტის მისაღებად სხვადასხვა ახსნა-განმარტებების მოფიქრება უწევდა იმის თაობაზე, თუ რაში ჭირდებოდა ესა თუ ის დოკუმენტი, ხშირად მაღალჩინოსნების ჩარევაც ხდებოდა საჭირო, უფლებას არ აძლევდნენ, რომ გადაექსეროქსებინა ან გადაეღო მასალები ან თითოეული ფურცლისთვის სთხოვდნენ ოფიციალურ ნებართვას. ამის გამო, ბუკოვსკიმ გადაწყვიტა არალეგალური გზით გადაეღო და სააშკარაოზე გამოეტანა დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნის უახლეს წარსულსა და კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებებს ეხებოდა. იგი წერს:

„იმის გამო, რომ ვგრძნობდი, ვერ გადავიღებდი დოკუმენტებს ან ფოტოკოპირების აპარატის არქონის გამო, ან უბრალოდ იმიტომ, რომ სპეციალური ნებართვა იყო საჭირო თითოეულ ფურცელზე, ან კიდევ ღმერთმა უწყის რა მიზეზით, წინდახედულობა გამოვიჩინე და ვიშოვე იაპონური ტექნოლოგიების სასწაული - პორტატული კომპიუტერი გადასატანი სკანერით. იმ დროისთვის ეს ტექნოლოგია ახალი გაჩენილი იყო დასავლეთში და ჩვენი რუსი ველურებისთვის სრულიად უცხო რამეს წარმოადგენდა. ამის გამო, მე შევძელი, რომ ვმჯდარიყავი ზუსტად მათ ცხვირწინ და მესკანერებინა დოკუმენტების გროვა, გვერდები ერთმანეთის მიყოლებით [...] ვერავინ მიხვდა რას ვაკეთებდი 1992 წლის დეკემბრამდე, მანამ სანამ, [სასამართლო] მოსმენები თითქმის არ დასრულდა, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა უეცრად დაინახა შუქი და დაიყვირა იმდენად ხმამაღლა, რომ ერთი ბლოკის იქითაც გაიგებდით: „ის ყველაფერს აკოპირებს!!!“ უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. მე ვაგრძელებდი სკანირებას ისე, თითქოს არც გამიგია.  „ის იქ ყველაფერს გამოაქვეყნებს!!!“ მე დავასრულე მუშაობა, ჩავდე ჩემი კომპიუტერი და მშვიდად გავეშურე კარებისკენ, არ ვიყურებოდი არც მარცხნივ, არც - მარჯვნივ. ჩემი თვალის კუთხიდან ვხედავდი ელცინის „ელიტის“ შეშინებულ სახეებს [...]. სიტყვაც არ უთქვამს არავის, როცა მე კარში გავდიოდი. ისინი, ალბათ, ითვლიდნენ რამდენ მილიონს ვიშოვიდი დასავლეთში. აი, ასე გაჩნდა ჩემ ხელში დოკუმენტების გროვა, რომელიც კლასიფიცირებული იყო, როგორც „საიდუმლო“, „განსაკუთრებული საიდუმლო“, „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ და „განსაკუთრებული ფაილი“. ჩვენი ისტორიის ათასობით გვერდი“.[7]

მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ნიურნბერგი“ წარუმატებლად დასრულდა[8], ბუკოვსკის შრომამ ცენტრალური კომიტეტის არქივებში შედეგი გამოიღო და სააშკარაოზე გამოიტანა დოკუმენტები, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კომუნისტური წარსულის გადააზრების პროცესში არა მარტო რუსეთში, არამედ - მსოფლიო მასშტაბით. ბუკოვსკიმ დასკანერებული დოკუმენტები - 4500 გვერდისგან შემდგარი 700 საარქივო საქმე დასავლეთში გაიტანა. ეს მასალები შეიცავდა  პოლიტბიუროს, ცენტრალური კომიტეტისა და სხვა ორგანოების განსაკუთრებულ საიდუმლოებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო, მაგალითად, პირადი მიმოწერები ამერიკელ და ევროპელ თანამდებობის პირებთან. ბევრი მათგანი ბუკოვსკიმ გამოიყენა საკუთარ 1995 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „განაჩენი მოსკოვში“ („Judgment in Moscow“). დღესდღეობით ამ დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზეც: www.bukovsky-archive.com.

ამის შემდგომ, ვლადიმირ ბუკოვსკი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებსა და აქტივიზმში. 1992 წელს რუსმა ლიბერალებმა მას მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. 2007 წელს კი მან გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბუკოვსკის მხარს უჭერდნენ პოლიტიკური აქტივისტები და მწერლები, მაგრამ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ბორის ნემცოვთან და სხვა რუს ოპოზიციონერებთან და სიცოცხლის ბოლომდე  მწვავედ აკრიტიკებდა პუტინის რეჟიმსა და მის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას.

 


[1] Philip Boobbyer, ‘Vladimir Bukovskii and Soviet Communism’, in The Slavonic and East European Review, 2009, 87: 3, pp. 452-487.

[3] Ibid.

[5] Patricia Kennedy Grimsted, ‘Russian Archives in Transition: Caught between Political Crossfire and Economic Crisis’, in The American Archivist, 1993, 56: 4, pp. 614-662.

[7] Ibid.

[8] რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ელცინის მიერ კომუნისტური პარტიის აკრძალვას, მაგრამ უფლება მისცა მის რიგით წევრებს, რომ ხელახლა დაეარსებინათ პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. დამატებითი ინფორმაციისთვის: Sergey Toymentsev, ‘Legal but Criminal: The Failure of the “Russian Nuremberg” and the Paradoxes of Post-Soviet Memory’, in Comparative Literature Studies, 2011, 48: 3, pp. 296-319.

ბიბლიოგრაფია:

Boobbyer, P., ‘Vladimir Bukovskii and Soviet Communism’, in The Slavonic and East European Review, 2009, 87: 3, pp. 452-487.

Grimsted, P.K., ‘Russian Archives in Transition: Caught between Political Crossfire and Economic Crisis’, in The American Archivist, 1993, 56: 4, pp. 614-662.

Toymentsev, S., ‘Legal but Criminal: The Failure of the “Russian Nuremberg” and the Paradoxes of Post-Soviet Memory’, in Comparative Literature Studies, 2011, 48: 3, pp. 296-319.

___

სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.