...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

სტალინის 70 წლის იუბილე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში

21 დეკემბერი 2020


ავტორები: ანტონ ვაჭარაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მეგი ქარცივაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ანალიტიკოსი, რუსეთის კვლევების მაგისტრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.

 

2020 წლის 18 დეკემბერს, 142 წელი შესრულდა სტალინის დაბადების დღიდან. სინამდვილეში, სტალინი არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ოფიციალურად იყო მიღებული სსრკ-ში, არამედ 1878 წლის 18 დეკემბერს დაიბადა, რასაც მოწმობს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტი - გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის (სობოროს) დაბადების სააქტო ჩანაწერების წიგნი. 1902 და 1921 წელს შევსებულ დოკუმენტებში, სტალინი დაბადების თარიღად თავად უთითებდა 1878 წელს. 1922 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, სტალინმა შეიცვალა ოფიციალური დაბადების თარიღი გაურკვეველი მიზეზით.[1] 1949 წელს, სტალინის 70 წლის იუბილე მთელს საბჭოთა კავშირში პომპეზურად აღნიშნეს სწორედ 21 დეკემბერს. ზეიმს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: გარდა საიუბილეო თარიღისა, სტალინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ბელადი და, საბჭოთა ვერსიით, მოკავშირეთა შორის უმთავრესი ფიგურა იყო. მისი პიროვნების მიმართ დამოკიდებულება თითქმის გაუთანაბრდა რელიგიურ კულტს, პოპულარობამ კი ზენიტს მიაღწია. თუმცა, სტალინის კულტის ფორმირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაწყებულა. ეს პროცესი საბჭოთა კავშირში გაცილებით ადრე, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნდა.

 


სტალინის დაბადების სააქტო ჩანაწერი 1878 წლის 6, ახალი სტილით 18 დეკემბერს
გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის (სობოროს) დაბადების სააქტო ჩანაწერის წიგნი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტი

 

ჯერ კიდევ "ოქტომბრის რევოლუციამდე" არსებობდა მოსაზრება, რომ ბოლშევიზმი საკუთარ თავში დიქტატურისკენ მიდრეკილებას მოიცავდა. მაგალითად, ტროცკი 1904 წელს ამბობდა, რომ თუ კი ლენინის მიერ მხარდაჭერილი „პროლეტარიატის დიქტატურის“ მოდელი რეალურად განხორციელდებოდა, ეს საბოლოოდ დასრულდებოდა იმით, რომ ცენტრალური კომიტეტის მთელი ძალაუფლება ერთი დიქტატორის ხელში მოიყრიდა თავს. ლენინს, სტალინსა და, ზოგადად, ბოლშევიკებს კი სწამდათ, რომ ეფექტური მმართველობისთვის, აუცილებელი იყო ძალაუფლების ცენტრალიზაცია, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც. ეს ყველაფერი კი მათი აზრით საზოგადოებას უმაღლეს მიზნამდე, "კომუნიზმამდე" მიიყვანდა. ლენინს მიაჩნდა, რომ სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, ბურჟუაზია საფრთხეს წარმოადგენდა და სანამ ამგვარი ელემენტები საზოგადოებიდან არ გაქრებოდა, აუცილებელი იყო ერთი სოციალური კლასის, პროლეტარიატის დიქტატურის შენარჩუნება. გარდა ამისა, ამ პერიოდში აიკრძალა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ბოლშევიკურ მთავრობას და მიუხედავად იმისა, რომ ლენინი მხარს უჭერდა დემოკრატიულ ცენტრალიზმს, რაც გულისხმობდა იმას, რომ მმართველი, ბოლშევიკური პარტიის შიგნით დემოკრატიული პრინციპები უნდა შენარჩუნებულიყო, მაინც აიკრძალა შიდა ფრაქციების არსებობა. ძალაუფლების ცენტრალიზაციას თან სდევდა პიროვნების კულტის განვითარება.[2]

მარქსიზმი ეფუძნება ისტორიულ დეტერმინიზმს, რაც ნიშნავს რომ ისტორიული მოვლენები წინასწარ განსაზღვრულია იქიდან გამომდინარე, რომ ისტორია ემორჩილება გარკვეულ წესებსა და კანონებს. თუმცა, მარქსისტები ამ პროცესებში ინდივიდების როლს არ უგულებელყოფენ.[3] ისტორიის მთავარი გმირი მარქსიზმისთვისაც პიროვნება იყო, რომელსაც კარგად ესმოდა ისტორიის კანონზომიერება და საკუთარი ეპოქის საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების ამგვარი კულტები ყალიბდებოდა ევროპაშიც, საბჭოთა კავშირში ამან სრულიად ახალი განზომილება შეიძინა, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პიროვნების კულტის შექმნის პროცესში სახელმწიფოც იყო ჩართული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკურმა მთავრობამ მალევე დაიწყო რევოლუციის გმირების პროპაგანდირება და მათი კულტის შექმნა. ეს პროცესი ლენინის სიცოცხლეშივე დაიწყო - მის შესახებ იწერებოდა პოემები, ლიტერატურული ნაწარმოებები, იქმნებოდა ნახატები და ა.შ., თუმცა ამან ფართო მასშტაბებს მხოლოდ მისი გარდაცვალებისა და საბჭოთა კავშირის სათავეში სტალინის მოსვლის შემდეგ მიაღწია.

სტალინის მმართველობის პერიოდში მოხდა ის, რის გამოც ლენინს ოპონენტები აკრიტიკებდნენ - ძალაუფლების ცენტრალიზაცია დასრულდა ძალაუფლების მთლიანად ერთი დიქტატორის ხელში მოქცევით. სტალინი საკუთარ თავს წარმოაჩენდა, როგორც ლენინის მოწაფედ და გულმხურვალე მიმდევრად. ამ პერიოდში, ერთი მხრივ, იწყება ლენინის ფიგურის გაიდეალება, რისი საუკეთესო გამოვლინებაც იყო მის დასაფლავებაზე უარის თქმა და მისი ცხედრის მავზოლეუმში განთავსება. ამასთანავე, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ლენინის ფრაზების გამოყენება ახალი ინიციატივებისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად. ამის დასტურია ფიოდორ ბულაცკის - ხრუშჩოვისა და, მოგვიანებით, ანდროპოვის მრჩევლის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული მასალები, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ იყენებდნენ საბჭოთა ლიდერები ლენინის სახელს. ბურლაცკი იხსენებს, რომ კრემლში, ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ სუსლოვის ოფისში, არსებობდა დიდი კაბინეტი ბევრი პატარა უჯრით, სადაც ლენინის თემატურად დახარისხებული ფრაზები ინახებოდა. როდესაც პოლიტბიურო რაიმე ახალ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდა, სუსლოვი ამ კაბინეტში მოძებნიდა ლენინის შესაფერის გამოთქმას და ამით ამყარებდა ახალ გადაწყვეტილებას.[4] მიუხედავად იმისა, რომ ბურლაცკის მოგონებები ძირითადად სტალინის შემდგომ პერიოდს ეხება, ლენინის კულტად ქცევის პროცესს სწორედ სტალინის მმართველობისას ჩაეყარა საფუძველი. იქიდან გამომდინარე, რომ სტალინი თავს ლენინის მოწაფედ წარმოაჩენდა, დროთა განმავლობასი სულ უფრო ხშირად იქმნებოდა ნახატები და ძეგლები, რომლებშიც სტალინი და ლენინი გვერდიგვერდ იყვნენ წარმოდგენილი.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სტალინი ეწინააღმდეგებოდა ერთი კაცის დიქტატურას, მისი გავლენა ნელ-ნელა სულ უფრო იზრდებოდა. დიდი ტერორის შემდეგ კი, როდესაც მის ხელში აღმოჩნდა არა მარტო რიგითი ადამიანების ბედი, არამედ - ბოლშევიკური პარტიისა და ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლების სიცოცხლეც, იგი სრულფასოვან დიქტატორად ჩამოყალიბდა. სხვა ბოლშევიკების მსგავსად, მასაც მიაჩნდა, რომ მარქსიზმი მოიაზრებდა გმირების კულტის არსებობას და სწორედ ამგვარ გმირად ესახებოდა საკუთარი თავიც. სტალინის კერპად ქცევის პროცესი 1929 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც მისი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით „პრავდამ“ გამოაქვეყნა საზეიმო სტატიები, რომლებიც სტალინს განადიდებდა. 1934 წელს კი, სტალინის დავალებით, დაიწყო ისტორიის ოფიციალურ სახელმძღვანელოზე მუშაობა. ლენინის მმართველობისას, ისტორია, როგორც საგანი, პრაქტიკულად გაუქმებული იყო და მის ნაცვლად ისწავლებოდა ე.წ. სოციალური მეცნიერებები, რაც მოიაზრებდა კლასთა შორის ურთიერთობებისა და ამ ურთიერთობების ისტორიის შესწავლას. სტალინს მიაჩნდა, რომ ამგვარ სახელმძღვანელოებში გამოტოვებული იყო ინდივიდების როლი და აუცილებლად იყო, რომ შექმნილიყო ახალი ნარატივი, რომელშიც წინ წამოწეული იქნებოდა ინდივიდუალური გმირობის ისტორიები, დიდი მმართველები, სამხედრო მოღვაწეები და ა.შ. ამგვარი სახელმძღვანელოები იწერებოდა სსრკ-ში შემავალ ყველა რესპუბლიკაში და, ასევე, ცალკე შეიქმნა სსრკ-ის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც აერთიანებდა ყველა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიას - „Краткий курс истории СССР“.[5] აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში წინ წამოიწია ისეთი ისტორიული ფიგურები, როგორებიცაა ივანე მრისხანე[6] და პეტრე პირველი[7]. ეს ფიგურები ისტორიის წიგნებში წარმოჩენილი იყვნენ ისე, რომ აშკარა პარალელები მათ სახეებსა და სტალინის კულტს შორის შესამჩნევი იყო. მაგალითად, ივანე მრისხანეს მიერ გატარებული „ოპრიჩნინა“, რაც მოიაზრებდა მასობრივ ტერორს, ისე იყო აღწერილი, რომ ამის საფუძველზე ხდებოდა სტალინის მიერ გატარებული დიდი ტერორის გამართლება. საქართველოში პირველი ოფიციალური ისტორიის სახელმძღვანელო ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მიერ დაიწერა ივანე ჯავახიშვილთან თანაავტორობით, თუმცა წიგნის პირველი ვერსიის გამოცემისას ივანე ჯავახიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. 1945 წელს სტალინმა ბერძენიშვილი და ჯანაშია ქალაქ სოჭში დაიბარა, საკუთარ აგარაკზე, სადაც გამოცემული სახელმძღვანელო მათთან ერთად განიხილა და რიგი შენიშვნები მისცა ავტორებს, რის შემდეგაც ბერძენიშვილმა და ჯანაშიამ ხელახლა გამოსცეს წიგნი 1946 წელს. ბერძენიშვილის მემუარების თანახმად, სტალინისგან მიღებული ყველა რეკომენდაცია წიგნში სრულად იქნა გათვალისწინებული.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ სტალინის კულტის განვითარებამ კულმინაციას მიაღწია. მის შესახებ იწერებოდა მხატვრული ნაწარმოებები, იქმნებოდა მისი პორტრეტები, იდგმებოდა ძეგლები. ამავე პერიოდში, გაჩნდა სხვადასხვა სახის მითები მის შესახებ, რომლებიც დღემდე ცოცხლობს. სტალინი იქცა ერთგვარ მითიურ, უძლეველ ბელადად, რომლის ძალაუფლებაც ხელშეუვალი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტალინის პერიოდში პრიორიტეტული იყო ნაციონალიზმის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა ხელისუფლება ხელს უწყობდა ადგილობრივი, ტიტულარული ეროვნებების ეთნო-ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას. ქვეყანაში აგრეთვე იქმნებოდა საერთო, საბჭოთა პატრიოტიზმის ნარატივი, შესაბამისად სტალინის სახელი პირდაპირ გადაიჯაჭვა ნაციონალიზმთანაც და პატრიოტიზმთანაც[8]. ამის საუკეთესო გამოხატულება იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფრაზა „სამშობლოსთვის! სტალინისთვის!“ („За Родину, за Сталина!“). 1949 წელს სტალინის 70 წლის იუბილესათვის განსაკუთრებული სამზადისიც სწორედ ამ პროცესების ნაწილი იყო და კარგად წარმოაჩენს მისი კულტის ფორმირების პროცესსა და მასშტაბებს.

სტალინის სამშობლოში, საქართველოში განსაკუთრებით მოემზადნენ მისი 70 წლის იუბილის აღსანიშნად. ამ ყველაფერს მოწმობს საქართველოს შსს არქივში დაცული საქმე (ფონდი N14, აღწერა N23, ყუთი N37, საქმე N463) - საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების კრებული და რომელიც ეხება ისევე როგორც იუბილე სამზადისს, ასევე გატარებულ ღონისძიებებს.

 

სპექტაკლები და თეატრალური ცხოვრება

1940-იანი წლებში გამოირჩეოდა თეატრალური და საკონცერტო ცხოვრება. თეატრი, როგორც მედიუმი უფრო აქტიური საშუალება იყო ვიდრე კინო და ტელევიზია, შესაბამისად ძირითადი დატვირთვა თეატრალურ დადგმებზე მოდიოდა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნა თითქმის ყველა თეატრმა ახალი დადგმით ან რეპერტუარით გადაწყვიტა და მაყურებელმა იხილა შემდეგი პიესები და წარმოდგენები:

  • რუსთაველის თეატრი - პიესა „Во имя грядущего“, პავლენკოს და ჭიაურელის ავტორობით. სტალინის როლში - გ. საღარაძე, მოლოტოვის როლში - მ. მჟავია;
  • მარჯანიშვილის თეატრი - პიესა „1917 წელი“, ჭიაურელის და ასათიანის ავტორობით;
  • გრიბოედოვის თეატრი - პიესა „Родина“ /ტოლსტოის „Хождение по мукам“ მიხედვით/, ავტორი ო.ლიტოვსკი;
  • ქართულენოვანი მოზარდ მაყურებელთა თეატრი - პიესა "Юность Вождя", გ. ნახუცრიშვილის ავტორობით, სტალინის სემინარიაში სწავლის პერიოდზე. სტალინის როლში - კინწურაშვილი;
  • რუსულენოვანი მოზარდ მაყურებელთა თეატრი - პიესა „Побег“, ავტორი შეგლოვი, სტალინის /საშას/ როლში ვ. ურუსოვი;
  • ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ბალეტი „გორდა“ ისტორიულ-პატრიოტულ თემაზე. მუსიკა - დ. თორაძე. ლიბრეტო ო. ეგაძე და ვ. ჭაბუკიანი;
  • თბილისის სომხური თეატრი - დადგმა „Весна Любви“, ავტორი - ა. კაჯვორიანი, პიესა საბჭოთა ოჯახის შესახებ;
  • ვასილ აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრი - პიესა "Арсен", ტექსტი - ს. მთავრაძე და ბ. გამრეკელი, მუსიკა ვ. ცაგარეიშვილი;
  • სოხუმის, ფოთისა და ქუთასისი დრამატულ თეატრებში დაიდგა - „Из искры“, შალვა დადიანის ავტორობით. პიესა ასახავდა სტალინის ბათუმში ყოფნის პერიოდს.

წარმოდგენების გარდა, თბილისის თეატრალურმა მუზეუმმა მოამზადა გამოფენა თემაზე - „სტალინის სახე ქართული თეატრების სცენაზე“. ფილარმონიამ უზრუნველყო ახალი რეპერტუარების შექმნა, რომელშიც ჩართული იყვნენ სამხატვრო კოლექტივები და ცალკეული მსახიობები, მათ შორის დაიდგა , ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „Светлый путь“ - მხატვრული სიტყვის ოსტატის, ი. ზედგენიძის შესრულებით.

20 და 21 დეკემბერს, თბილისის დიდი დარბაზების გარდა, კონცერტი გამართეს თბილისის ოფიცერთა სახლში, გორის და ტყიბულის თეატრებში, სტალინირის და ბორჯომის კულტურის სახლებში, კლუბებში და დაწესებულებებში - სულ 31 კონცერტი.

 

  
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მოხსენება თეატრალურ სფეროში გატარებულ ღონისძიებებზე
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

განათლების სფერო

საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების ეგიდით, შედგა 24 სპეციალური საუბარი ისეთ თემებზე, როგორებიც იყო მაგალითად „სტალინის იდეების დიადი ძალა“ და გაიმართა სხვა მსგავსი აგიტაციურ-პროპაგანდისტული შეხვედრები.

თბილისის ინსტიტუტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სულ გაიმართა 17 დიდი კონფერენცია, მათ შორის უმთავრეს სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებში - მეცნიერებათა აკადემიაში, ИМЕЛ-ში (მარქსის, ენგელსისა და ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი), სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა.შ..

 

 
სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებების ბროშურა
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 


სამეცნიერო აქტივობების ჩამონათვალი საქართველოს სსრ მასშტაბით
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

განსხვავებული მოდელი აირჩია პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა, რომელმაც 280 ადამიანისთვის დაგეგმა ექსკურსია თბილისის იმ ადგილებში, რომელიც დაკავშირებული იყო სტალინთან, გარდა ამისა 120 ადამიანი წაიყვანა გორში. გარდა ამისა, ინსტიტუტმა მოაწყო გამოფენა, გამოუშვა გაზეთების სპეც. ნომრები და გამოსცა სხვადასხვა ავტორის 6 სამეცნიერო ნაშრომი.

 

 
კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წერილი კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გამართული ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

სამეცნიერო ინსტიტუტებში დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ეძღვნებოდა სტალინს და სტალინიზმს. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ თსუ-ს ფიზიკა-მათემატიკის სექცია, სადაც მომხსენებლებმა წარმოადგინეს ისეთი თემები, როგორიც იყო მაგალითად „დრეკადი გარსების დინამიკის განტოლებანი“ (ი. ვეკუა) და სხვა თემატური მოხსენებები.

ყველაზე მეტად, სტალინიზმის შესახებ თემების წამოწევით გამოირჩა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელმაც გარდა სამედიცინო თემებისა, ინსტიტუტში მოიწვია იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი და მწერლებმა წაიკითხეს მოხსენება - „სტალინის სახე ქართულ პოეზიაში“.

 

 


მეცნიერებათა აკადემიასა და სხვადასხვა უნივერსტეტებში გამართული ღონისძიებების ჩამონათვალი
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

ღონისძიებები აჭარაში

აჭარის ა/რ საოლქო კომიტეტმა უპატაკა პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების თანამშრომელს, ი. ჩხიკვიშვილს რესპუბლიკაში გამართული ღონისძიებების შესახებ:

  • სოციალისტური შეჯიბრი;
  • ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წლის გეგმა 14 დეკემბერს შეასრულა;
  • თითქმის ყველა კოლმეურნეობამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა;
  • ჩატარდა ლექციები სტალინის აჭარაში ყოფნის პერიოდზე (სულ 125 ლექცია), აგიტკოლექტივმა ჩაატარა სემინარები მთელს აჭარაში, ჩატარდა ღია ლექციები ახალგაზრდებისთვის (სულ 90 ლექცია), მოეწყო ლექციები სანატორიუმებში და დასასვენებელ სახლებში;
  • ჩატარდა ექსკურსიები სტალინთან დაკავშირებულ ადგილებში სულ 3000 ადამიანისთვის;
  • ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა სტალინისადმი მიძღვნილი დარბაზი;
  • დაიდგა ობელისკები სტალინთან დაკავშირებულ 2 მთავარ ადგილას, რკინიგზის კვანძის მუშებმა გახსნეს სკულპტურა;
  • გაიმართა ფილმების ჩვენება.

 

ფიზიკური კულტურა და სპორტი

ფიზიკური კულტურისა და სპორტის მიმართულებით აქტიურობით გამოირჩა ქუთაისი, სადაც 10-25 დეკემბერს ჩატარდა 110 სპორტული ღონისძიება, რომლებშიც მონაწილეობდა 15.000-ზე მეტი ახალგაზრდა. მათ შორის ავტო-მოტო და ველო შეჯიბრებები, შეჯიბრი სირბილში (7200 მეტრიან ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო 673-მა უძლიერესმა მორბენალმა), ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა და სხვა ორთაბრძოლები. ალპინისტებმა დაიპყრეს მწვერვალი წურუნგალა (4222 მ.).

21 დეკემბერს, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა თბილისის თასის ფინალი ფეხბურთში.

ფიზკულტურის ინსტიტუტმა მოაწყო 94 კილომეტრიანი ესტაფეტა 200 მორბენლისთვის, რომელიც დაიწყო ინსტიტუტის შენობასთან და დასრულდა გორში, სტალინის დაბადების ადგილთან.

 

საჩუქრები საქართველოს სსრ-დან

საჩუქრების მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 1948 წელს. შედგა კომისია, რომელსაც საქართველოში უნდა მოეგროვებინა საჩუქრები და დეკემბრისთვის წაეღო მოსკოვში, ოფიციალურ ღონისძიებაზე. კომისია დაკომპლექტდა ვ.ი. ჭიაურელის, რ.ს. ლიხაჩოვის და ა.ი. ბორისოვის შემადგენლობით.

ყველაზე გრანდიოზული საჩუქარი გაიგზავნა საქართველოს აბრეშუმის ფაბრიკიდან, რომელმაც მოქსოვა 365 ფერისგან და 3.000.000 კვანძისგან შემდგარი ხალიჩა. ხალიჩას თან გააყოლეს წერილი იოსებ გრიშაშვილის ტექსტით:

Этим ковром мы выразили нашу радость
Мы выткали его из нитей нашего сердца
Каждый узел его – символ нашей любви к вождю.

ასევე, ყურადღებას იპყრობს ჩიბუხი, რომლის დამზადებაც შესთავაზა (დოკუმენტში არ წერია დამზადდა თუ არა - რედ.) ფაბრიკამ „Грузсамоцвет“ და რომლის ესკიზიც ინახება საარქივო საქმეში. ფუტლიარი შედგება სხვადასხვა ფერის ბუნებრივი ქვებისგან. თვით ჩიბუხის ნაწილები კი გიშრისგან, მალაქიტისგან, ვერცხლისა და ოქროსგან. ამავე საქმეში ინახება საათიანი ღამის სანათის და კარადის ესკიზებიც.

 


დასამზადებლად შეთავაზებული ღამის სანათის ესკიზი
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

დანარჩენი საჩუქრების ჩამონათვალი ასეთი იყო:

  • მბრუნავი ვიტრინა წიგნებისთვის - გამოაგზავნა თბილისის ავეჯის კომბინატმა;
  • საქართველოს სსრ გერბი, რომელიც XIV საუკუნეში დავიწყებული და ხელოვნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომლების მიერ აღდგენილი ქართული ტექნიკის, მინანქრით არის შექმნილი - ხელოვნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებისგან;
  • ვერცხლით გრავირებული 8 პორტრეტი - სახალხო ოსტატებისგან;
  • მარმარილოს ბიუსტი;
  • მსხლის ხისგან დამზადებული ჭურჭელი;
  • ლენინის ბიუსტი - სკულპტორ ნიკოლაძის ავტორობით;
  • კატერის УК-54 მოდელი - მესაზღვრე მეზღვაურებისგან;
  • აზარფეშა (ოსტატი ძმები ჯიქიებისგან), ყანწი, ჭინჭილა, ორშიმო, კულა, ხონჩა - კამეჩის რქისა და სპილოს ძვლისგან, აჟურული მარმარილოს ლარნაკი სტალინის ცხოვრების ეპიზოდებით;
  • მესაზღვრის წერილი - ოქროთი მოვარაყებული ალუბლისფერი ჩასადებით.

 

    


სტალინის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად დამზადებული საჩუქრები
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

სხვა ქვეყნებიდან კრემლში გაგზავნილი საჩუქრები

საქართველოს გარდა ბელადმა საჩუქრების უზარმაზარი რაოდენობა მიიღო სხვა საბჭოთა რესპუბლიკების და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდანაც.

საჩუქრების სახეობა და რაობა უამრავი იყო, დაწყებული იტალიელი პარტიზანების მიერ ციხეში მოგროვებული პურის ნამცეცებით დამზადებული გლობუსიდან, მადაგასკარზე აღმოჩენილი უიშვიათესი პეპლით და სპირტში მოთავსებული ხუთფეხა ბაყაყით დამთავრებული. უნგრეთიდან გაგზავნილ „ორდუბადის მათარას“ თან ახლდა წერილი, რომ ეს ნივთი ტრადიციული გზით იყო დამზადებული. მსგავსი ახსნა გააყოლეს ქართული მინანქრის ნაკეთობასაც.

გაზეთი „პრავდა“ თითქმის ყოველდღიურად იუწყებოდა, რომ მთელი მსოფლიო ემზადებოდა ამხანაგ სტალინის დაბადების დღის აღსანიშნად. ამ ღონისძიებების და საჩუქრების განხილვისას, „პრავდა“ ასკვნიდა, რომ გარდაუვალი იქნებოდა სოციალისტური ბანაკის გაფართოება და აანონსებდა „გლობალურ ნახტომს“ კაპიტალიზმიდან სოციალიზმისკენ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს „გლობალური ნახტომი“ საუბრობდა შრომის თეორიის ღირებულებების ენაზე. სასარგებლო წიაღისეულის კოლექციებით, ნიადაგისა და ტორფის ნიმუშებით, ნავთობპროდუქტების სუვენირებით, ტრაქტორების და ელექტროსადგურების მაკეტებით, საჩუქრების ავტორები აღნიშნავდნენ ახალი საზოგადოების „სოციალურ-ეკონომიკური ბაზის“ ზრდას. საჩუქრების შერჩევა-დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავად შრომას, როგორც საჩუქარს. ინდივიდუალური საჩუქრები ხაზს უსვამდა „წარმოებაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“ მოქალაქესა და ბელადს შორის. საბოლოო ჩანაფიქრით კი ამ ყველაფერს უნდა წარმოეჩინა სოციალიზმის აღმატებულება „კაპიტალისტურ სამყაროსთან“ მიმართებაში[9].

საჩუქრების გაგზავნით ესა თუ ის დაწესებულება ან ადამიანთა ჯგუფი აღნიშნავდა მათ სტახანოვლობას და გეგმების გადაჭარბებით შესრულებას: 1950 წლის ივლისში, კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო ჩეხოსლოვაკიიდან ტატრასა და ევინის ქარხნებში წარმოებული ლოკომოტივი და მაღალი კლასის ავტომობილი. ლოკომოტივს თან ახლდა წერილი, რომ მისი და მაღალი კლასის ავტომობილის წარმოების ვალდებულება ქარხანამ თავის თავზე აიღო სტალინის დაბადების დღეს, რათა გადაჭარბებით შეესრულებინათ გამომუშავების გეგმა.

 

შეთავაზება მთაწმინდაზე სტალინის 80 მეტრიანი ძეგლის აღმართვაზე

1949 წლის ღონისძიებების გვირგვინად შესაძლოა ქცეულიყო ცნობილი სკულპტორის, ბოგდან კირაკოსიანის შეთავაზება საქართველოს სსრ კომპარტიის პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანისადმი. კირაკოსიანის თქმით, ის 1942 წლიდან მუშაობდა იდეაზე, რომელიც ითვალისწინებდა მამადავითის მთაზე სტალინის გრანდიოზული მონუმენტის აღმართვას. თბილისის ლანდშაფტი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ძეგლი მონუმენტური ყოფილიყო. თბილისისკენ სახით მობრუნებული სტალინის ძეგლი დილით ამომავალი მზით განათდებოდა, ხოლო საღამოს, ჩამავალი მზე სტალინის სილუეტის დიდი ხნის მანძილზე ეფექტურ პროექციას უზრუნველყოფდა. ძეგლი 80 მეტრი სიმაღლის იქნებოდა, რაც 350 მეტრის სიმაღლის მთაზე საუკეთესოდ გამოჩნდებოდა. არქივებში არ არის ხელმისაწვდომი პასუხი 1948 წლის 27 ივლისის ამ წერილზე. ასევე კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებში ან რომელიმე სხვა წყაროდან ვერ ვიგებთ, რატომ არ გადაწყდა აღნიშნული ძეგლის და მთელი მონუმენტური კომპლექსის აღმართვა. კირაკოსიანი საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი იყო, მან დააპროექტა ცნობილი საზაფხულო თეატრი და კოლონადა ბათუმში, ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ მისი შეთავაზება უყურადღებოდ არ დარჩებოდა და გარკვეული სახის განხილვა ან კერძო საუბარი მაინც აუცილებლად მოჰყვებოდა.

 

  
არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანის შეთავაზება - სტალინის 80 მეტრიანი ძეგლის ჩანახატი
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

  
არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანის შეთავაზება - წერილი კანდიდ ჩარკვიანს სტალინის ძეგლის აღმართვის აუცილებლობის დასაბუთებით
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

დასკვნა

სტალინის იუბილეს აღნიშვნა, რომელიც 1949 წლისთვის მთავარი მოვლენა გახდა, იყო მისი კულტის ფორმირების ერთგვარი კულმინაცია. საბჭოთა კავშირის სათავეში მისი მოსვლის დღიდან ე.წ. „პროლეტარიატის დიქტატურა“ და „დემოკრატიული ცენტრალიზმი“ სულ უფრო ემსგავსებოდა ერთი პიროვნების დიქტატურას. დიდი ტერორის შემდეგ, სტალინის ხელში უკვე კონცეტრირებული იყო შეუზღუდავი ძალაუფლება. ამას თან დაერთო საბჭოთა პროპაგანდა და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ან წახალისებული ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო სტალინის კულტის ჩამოყალიბებას. ეს მითოსური, ლეგენდებით მოცული კულტი კიდევ უფრო გამყარდა და გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, როდესაც სტალინი უკვე არა მარტო დიადი ლიდერი, არამედ უძლეველი ბელადიც გახდა. მისი 70 წლის იუბილეს პომპეზურად აღნიშვნა სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით სწორედ მის ყოვლისმომცველ კულტთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიციალური კორესპონდენცია ერთი კანონზომიერებით გამოირჩევა. ყველა ბენეფიციარი ცდილობდა მეტი სარგებელი ენახა პარტიისგან და ითხოვდნენ ამა თუ იმ საშუალებას მუშაობის გასაგრძელებლად. მათ შორის ყველზე მეტად გამოირჩეოდნენ მწერლები, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი სარგებელი ენახათ - ისინი გამოთქვამდნენ მიზანშეწონილობას, ეთარგმნათ მათი და სხვა ქართული ნაწარმოებები სხვადასხვა ენებზე, ჩაეტარებინათ ღონისძიებები, გამოეყოთ მეტი დაფინანსება და ა.შ.

საქართველოს სსრ შემთხვევაში, პროცესებს, განსაკუთრებით კი საჩუქრების დამზადების პროცესს სრულად აკონტროლებდა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციის და პროპაგანდის მდივანი, როსტომ სიმონის-ძე შადური. საარქივო საქმეში ინახება ლარნაკის დამზადების ეტაპები, რომლის შესახებაც მას დეტალურად სწერდნენ. საქართველოს სსრ მრეწველობის სამინისტრო მასვე უპატაკებდა ხის სავარძლის დამზადების ეტაპებს, რომელიც ასევე კრემლში უნდა გაეგზავნათ. ხშირი იყო წერილები დამატებითი მოთხოვნები და პრობლემებით, რომელსაც სხვადასხვა უწყება შადურის წინაშე აყენებდა.

 


ამონაწერი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომის ოქმიდან
საქართველოს შსს არქივში დაცული დოკუმენტი

 

1949 წელს, თითქმის მთელი წლის მანძილზე საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა გადაეწყო იმაზე, რომ ესიამოვნებინათ ბელადისთვის და ამავდროულად გაესწროთ კრეატიულობასა და მცდელობებში სხვა „მოძმე“ სახელმწიფოებისათვის. ამას მოწმობს გამართული ღონისძიებების რაოდენობა, ასევე ათეულობით საჩუქარი და მათი მრავალფეროვნება. გარდა ამისა, ღონისძიებებისა და საჩუქრების ვრცელი სია მეტყველებს იმაზე, რომ სტალინის კულტი მოიცავდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სამეცნიერო, სახელოვნებო და სხვა სივრცეებსაც. „დიდი ბელადი“ იყო ფაქტობრივად ყველგან და ყველაფერში, რაც ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელია.

თუმცა, სტალინის ენთუზიაზმი საჩუქრების მიღების კუთხით აღარ იყო ისეთივე, როგორიც წინა წლებში. დიქტატორი აშკარად განიცდიდა გადაღლას, ანაც უბრალოდ მისთვის აღარ იყო საინტერესო ეს მცდელობები. მკვლევარები მიუთითებენ 1949 წლის ღონისძიებების ერთ თავისებურებაზე: 1930-იან წლებში მირთმეული საჩუქრების უმეტესობას სტალინი პირადად იღებდა, რისი ამსახველი ვიდეოქრონიკებიც და ასობით ფოტოც ხელმისაწვდომია არქივებში. 1949 წლის შემთხვევაში, სტალინის აღფრთოვანება და სიხარული შედარებით მოკრძალებული იყო და ფაქტობრივად არ არსებობს ვიდეოქრონიკა, რომელზეც ის პირადად იღებს საჩუქრებს. საიუბილეო პროცესიაზე ჩანს, თუ როგორ ისმენს დიდი ბელადი გაუთავებელ აპლოდისმენტებს, რის შემდეგ მასთან ძირითადად ყვავილები მიაქვთ.

სტალინის საიუბილეო თარიღის  საჩუქრების თავი მოუყარეს კრემლში, პუშკინის სახელობის მუზეუმში - აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად გახსნილ დარბაზში. სავარაუდოდ, სტალინს პირადად არც კი უნახავს საჩუქრები... 1949 წლიდან მის სიკვდილამდე, 1953 წლამდე მისი ყოველი გადაადგილება და ვიზიტი დოკუმენტურადაა დადასტურებული, კრემლის მუზეუმის საჩუქრების განყოფილებას ის არასოდეს სწვევია.1953 წლის შემდეგ პუშკინის მუზეუმში გახსნილი სტალინისადმი მიძღვნილი საჩუქრების დარბაზი დაიხურა. არტეფაქტები სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილდა, მათ შორის აღნიშნული კოლექციის ნაწილი მოგვიანებით გადაეცა ახლადგახსნილ გორის მუზეუმს, სადაც ისინი დღესაც ინახება.



[1] Montefiore, Simon Sebag (2007). Young Stalin. London: Weidenfeld & Nicolson.

[2]  Eric van Ree, The Political Though t of Joseph Stalin, London: RoutledgeCurzon, 2002.

[3] Blackledge, P., ‘Historical Materialism’ in Matt Vidal and others (eds.), The Oxford Handbook.

of Karl Marx , New York: Oxford University Press, 2019.

[4] Alexei Yurchak, “Bodies of Lenin: the Hidden Science of Communist Sovereignty” in Representations, 129(1): pp. 116-157.

[5] David Brandenberger, National Bolshevism: Stalinist Mass Culture and the Formation of Modern Russian National Identity, Cambridge, Mass. and London: Harvard University Press, 2002.

[6] Maureen Perrie, The Image of Ivan the Terrible in Russian Folklore, Cambridge, New York and Oakleigh: Press Syndicate of the University of Cambridge, 1987.

[7] Nicholas V. Riasanovsky, The Image of Peter the Great in Rus sian History and Thought, Oxford, New York and Toronto: Oxford University Press, 1985.

[8] Terry Martin, The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union, 1923 - 1939, Ithaca and London: Cornell University Press, 2001.

[9]  Nikolay Ssorin-Chaikov, Birthday Gifts of Stalin, 1949, The Journal of Royal Anthropological Institute, Vol. 2, 2006.

 

___

სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.