08 სექტემბერი 2020
1960 წელს თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართათვის განკუთვნილ ოფიციალურ გზამკვლევში გამოქვეყნებული იყო საბჭოთა საქართველოს საფეხბურთო კლუბის მოწინავე ვარსკვლავების სტილიზებული ჩანახატები, რომლებშიც ისინი მღეროდნენ და, იმავდროულად, ბურთით აკრობატული ილეთებით ჟონგლიორობდნენ.
აღნიშნული ილუსტრაციების ავტორები ქართულ ფეხბურთს შეგნებულად აკავშირებდნენ ფიცხ, ფერად და კონკურენტულ ხალხურ ცეკვასთან, რომლებსაც ძირითადად კაცები ასრულებდნენ და რომლითაც გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის პატარა რესპუბლიკა.
ერთ-ერთ ჩანახატზე გუნდის თავდამსხმელი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე ტრადიციულ საქორწინო ცეკვას, „ქართულს“, ასრულებდა, რომლის დროსაც ის გაშლილი ხელებით ბურთზე ბალანსირებდა. სახელმძღვანელო მიანიშნებდა, რომ ქართული ფეხბურთის თვალისმომჭრელი ტექნიკა და ქართული ცეკვის ეთნიკურად გაპირობებული მოძრაობები ამ ორ მიმართულებით სხეულის ფლობის კულტურის მსგავსი ეროვნული რეპერტუარის ხატებები იყო. ფეხბურთისა და ცეკვის ამგვარი ინტიმური კავშირები ორმხრივი იყო – იმავე პერიოდში, როდესაც „დინამოს“ სახელმძღვანელო გამოიცა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ცეკვის ანსამბლმა დადგა ახალი ცეკვა, რომლის „ანცი“ ქორეოგრაფიაც მოცეკვავეებს შორის ბურთის გადაწოდებას გულისხმობდა.
ფეხბურთი საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული სპორტი იყო. ის ხშირად ირეკლავდა და ზოგჯერ აძლიერებდა კიდევ იმ სოციალურ და ეროვნულ კონფრონტაცია, რაც მრავალეთნიკურ სოციალისტურ სახელმწიფოს ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის თამაშს სახელმწიფო ახალისებდა და ფინანსურად მხარს უჭერდა, ის საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, თითოეულს თავისი სიმბოლოებით, გმირებით, მითებითა და უკმაყოფილებებით, წარმოსახვით საზოგადოებებად შლიდა. მსგავსი სეპარატული საზოგადოებები მოსკოვის ძლიერი საკლუბო გუნდების ირგვლივ ჩამოყალიბდნენ. ყველაზე დიდი მეტოქეობა მოსკოვის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის არსებობდა, საიდანაც პირველს საიდუმლო პოლიცია და სახელმწიფო თანამდებობის პირები მფარველობდნენ, ხოლო მეორეს სავაჭრო კავშირები და მოსკოვის მუშათა კლასის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. მოძმე რესპუბლიკების წარმატებული კლუბები, რომლებსაც შესწევდათ მოწინავე პოზიციის დაკავების უნარი, როგორებიც, მაგალითად, კიევის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ იყო, ეროვნული მუხტის მატარებელ გუნდებად გადაიქცნენ. მათ მხარს უჭერდა უკრაინული და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი.
იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის სხვა საკლუბო გუნდებს უნარიანობისა და ეფექტურად თამაშის გამო ადიდებდნენ, ქართველი ფეხბურთელები ცნობილი იყვნენ თამაშის გამორჩეული, ეთნიკური სტილით. მოსკოვის საფეხბურთო გუნდებს სხვადასხვა საგულშემატკივრო ბაზა ჰქონდათ, თუმცა, ძირითადად, მათ მოგების გამო უკრავდნენ ტაშს, ხოლო, მარცხის შემთხვევაში, კიცხავდნენ. კიევის „დინამოს“ თამაშის სტილი ძალიან ჰგავდა რუსეთისას: კლუბში უამრავი რუსი თამაშობდა და მრავალი წლის განმავლობაში მათი მწვრთნელი მოსკოველი იყო. მსგავსად, მინსკის „დინამოს“, რომელიც ნაკლებად წარმატებული იყო კიევის „დინამოსათან“ შედარებით, რუსული კლუბისგან გამორჩევა რთული საქმე იყო: ბევრი მოთამაშე, რომლის კარიერაც მოსკოვის გუნდში წარუმატებელი გამოდგა, მინსკის „დინამოს“ შეუერთდა. ერევნის „არარატი“ და ბაქოს „ნეფტიანიკი“ (ნეფტჩი) მოსკოვის გუნდებს ხშირად აღიზიანებდა. ისინი მიიჩნეოდნენ „სამხრეთული“ ტემპერამენტის მქონე გუნდებად, თუმცა მათი წარმატება მათივე უნარებსა და ვარჯიშს მიეწერებოდა და არა იმ სტილს, რომელსაც ისინი თამაშისას იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, ქართველები შესამჩნევ ეთნიკურ ალტერნატივას სთავაზობდნენ საბჭოთა კავშირს, რაც მათი თამაშის სტილში გამოიხატებოდა.
ქართული ფეხბურთის ტექნიკა და მასთან დაკავშირებული მითოლოგია, ცენტრალიზებული საბჭოთა კავშირის სახელმწიფოსა და მტკიცე ქართული ეროვნულობის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ყველაზე წარმატებული გუნდის სახელი დაძაბულობას იწვევდა: „დინამო“ პან-საბჭოთა კავშირის ორგანიზაცია იყო, რომელსაც პოლიცია მართავდა და რომლის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობდა. თბილისი კი საქართველოს დედაქალაქი და მეოცე საუკუნის განმავლობაში საქართველოს შემოგარენიდან მასობრივი მიგრაციის მთავარი მიმართულება იყო.
თბილისში ადგილობრივი პარტიული ლიდერები მხარს უჭერდნენ ფოლკლორული დასების ჩამოყალიბებას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს აერთიანებდა. ქართული ქორეოგრაფია კი სხეულის მარტივად ამოსაკითხ მოძრაობებს წარადგენდა. ამავე პერიოდში საქართველოს დედაქალაქის მოწინავე ფეხბურთის კლუბმა რესპუბლიკის საუკეთესო მოთამაშეები შეკრიბა, რათა, საბოლოოდ, შეექმნა დომინანტი გუნდი, რომელიც საქართველოს ეროვნულობას წარმოაჩენდა. მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლება ამ მოვლენებს ხედავდა და გულდასმით აკვირვებოდა. მალევე კრემლმა ქართველი მოცეკვავეები თავისთან მიიწვია, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ სახელმწიფო მხარს უჭერდა ეთნიკურ მრავალფეროვნებას. იმავე მიზეზით, მათ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებშიც უხმეს თბილისის „დინამოს“ წამყვან მოთამაშეებს. მოცეკვავეები და ფეხბურთელები საქართველოდან ეროვნულ თავისებურებებს გამოხატავდნენ. მოსკოველი იდეოლოგები კი ისწრაფვოდნენ, საქართველოს განსხვავებულობა იმპერიული სახელმწიფოს საჭიროებისთვის გამოეყენებინათ.
საქართველოს ფეხბურთი პერიფერიასა და ცენტრს შორის არსებული ურთიერთქმედების ჰიბრიდული პროდუქტი იყო. იგი მიიჩნეოდა სსრკ-ს დანარჩენ ადგილებში არსებული სტანდარტული გუნდების ეროვნულ ალტერნატივად. ქართველი გულშემატკივრები და სპორტში ჩაბმული პირები გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ცეკვის ეროვნული სტილი სილამაზის, შემოქმედებითობისა და სიმარჯვის ისეთივე ხარისხისა იყო, როგორიც – ფეხბურთი. სინამდვილეში, ქართული ფეხბურთის მეთოდური ინტერპრეტაციები ხშირად არაზუსტი იყო: ქართველი და რუსი კომენტატორები თამაშის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევდნენ მის ემოციურობას და არა შედეგზე ორიენტირებულობას, რაც გაპირობებული იყო იმით, რომ ქართულ ფეხბურთში დომინანტი იყო, მაგალითად, დრიბლინგი და არა ფიზიკური დაცვა, არტისტული იმპროვიზაცია და არა ბრუტალური ძალა. ამ დროისათვის მიიჩნეოდა, რომ ქართველ ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში საუკეთესო დამატების როლი შეეძლოთ ეთამაშათ.
ქართულ ფეხბურთს თავსმოხვეული მითოლოგია, წარმოსახვითი კავშირებით უახლოვდებოდა ისეთ „ლამაზ თამაშს“, როგორიც სამხრეთ ამერიკულ კლუბებს ახასიათებდა. საინტერესოა, რომ საფეხბურთო მოედანზე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთელების მოძრაობებსაც ცეკვას ადარებდნენ. არგენტინელ ფეხბურთელთა დრიბლინგი ტანგოს ასოციაციას იწვევდა, ბრაზილიელთა მრავალფეროვანი ფეხბურთი კი სამბასთან ასოცირდებოდა. არგენტინისა და ბრაზილიის გუნდების საერთაშორისო წარმატება ორივე ქვეყნის ადგილობრივ აუდიტორიას სიამაყით ავსებდა. გამარჯვებები ცხადყოფდა, რომ არგენტინულ კრეოლურ და რასობრივად შერეულ აფრო-ბრაზილიურ კულტურას შეეძლო, წარმატებისთვის მიეღწია და ეჯობნა უფრო დიდი და მეტად განვითარებული ქვეყნებისთვის. ფეხბურთმა ის კულტურული ნიშან-თვისებები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის სავარაუდო ჩამორჩენას უკავშირდებოდა, თანამედროვე და გლობალურ სპორტში უპირატესობებად აქცია. ადგილობრივი ხელშემწყობი პირები და მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ გუნდის თამაშის ეთნიკურად განსხვავებული სტილისთვის, საერთაშორისო მაყურებელთა მათკენ მიმართული მზერა კი სწორედ ამ განსხვავებებს ადასტურებდა.
საბჭოთა საქართველო ფეხბურთის გზით ასეთივე აღიარებას ეძებდა, მან საფეხბურთო მოედანზე ეროვნული განსხვავებულობის კულტივაცია შეძლო, რამაც, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოსა და პან-საბჭოური მიზნები დააკმაყოფილა. არგენტინელებისა და ბრაზილიელების მსგავსად, ქართველებიც ოცნებობდნენ ფეხბურთის საშუალებით ისეთი გლობალური მნიშვნელოვნობის მოპოვებაზე, რაც გაცდებოდა საბჭოთა საზღვრებს. ცივი ომის პერიოდში ქართველმა ფეხბურთელებმა გამორჩეული ადგილი დაიკავეს „მსოფლიოს საფეხბურთო დიპლომატიაში“ მონაწილეობით, რაც საბჭოთა კავშირის პროპაგანდის გადამწყვეტი ნაწილი იყო პოსტ-კოლონიური მსოფლიოს მიმართ. მაშინ, როდესაც აშშ-მ ასეულობით აფრო-ამერიკელი ათლეტი გაგზავნა ოკეანის მიღმა პრესტიჟულ ტურნირებზე, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ რასისტული პრობლემები გადაჭრა, საბჭოთა კავშირმა ფეხბურთის გამოყენებით თავი წარმოაჩინა, როგორც აშშ-ის მრავალეთნიკური ალტერნატივა იმ პოსტკოლონიურ ქვეყნებში, რომლებშიც წარსულში რასობრივად განსაზღვრული უცხოური დომინიაცია გვხვდებოდა.
აღნიშნული ესსე იკვლევს მეოცე საუკუნეში ქართული ფეხბურთის ევოლუციას და განიხილავს, თუ როგორ გამოიყენებოდა ეროვნული განსხვავებულობის მითოლოგემა ქართველთა ეროვნულობისა და, იმავდროულად, საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკურობის ნიმუშად ცივი ომის კონტექსტში. საფეხბურთო მოედანზე ქართულმა ეროვნულმა ხასიათმა და საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკურობამ სხვა მნიშვნელობები შეიძინა, ეს კი ყოველთვის ვერ ერგებოდა ოფიციალურ იდეოლოგიას. ქართველ ფეხბურთელთა დიდებული გამარჯვებები, საბოლოო ჯამში, აღიქმებოდა ეროვნულ ტრიუმფად და არა – საბჭოთა კავშირის მიღწევად.
როგორც ეროვნული მითების უმეტესობაში, ქართული ფეხბურთის მითოლოგიაშიც ხაზგასმული იყო მისი მრავალწლოვანი მემკვიდრეობა. სინამდვილეში, საქართველოს თავისუფლად შეეძლო ემტკიცებინა, რომ ქართული ფეხბურთი რუსეთიდან შემოსული „მეორადი“ კულტურა არ იყო, რადგანაც იგი აქ პირდაპირ ბრიტანეთიდან შემოვიდა. ინგლისელმა ქარხნების მფლობელებმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფეხბურთი მოსკოვს გააცნეს, დაახლოებით იმავე პერიოდში ინგლისელმა ინდუსტრიალისტებმა და მუშებმა ფეხბურთი საქართველოში, ფოთის შავი ზღვის პორტის მეშვეობით ჩამოიტანეს. ფეხბურთი დამკვირდა საქართველოში მანამ, სანამ ბოლშევიკები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. დამკვირვებლები ხაზს უსვამდნენ ქართული ფეხბურთის მკვეთრად განსხვავებულ სტილს 1925 წლამდე, თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ დაარსებამდეც. 1920-იან წლებში, ქართული ფეხბურთის მოთამაშეებს „დიდ ურუგვაელებს“ უწოდებდნენ, რაც მიუთითებდა როგორც ურუგვაელთა უპირატესობაზე ფეხბურთის სამყაროში, ისე – თამაშის სამხრეთულ სტილზე, ეს უკანასკნელი კი ათლეტურ დისციპლინაზე მეტად ოსტატობას აფასებდა და შეტევებისას, ერთობლივი ძალისხმევის ნაცვლად, იმპროვიზაციას ითვალისწინებდა.
„დინამო თბილისი“, რომელიც, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს წარმოადგენდა, სტალინის პერიოდში „ხელახლა გამოიწრთო“ და დამღად დაესვა სტალინის თანამემამულისა და მეორე გავლენიანი ქართველის, ლავრენტი ბერიას სახელი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. „დინამო“ დაკავშირებული იყო სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან და საიდუმლო პოლიციის აპარატთან, შსსკ-სთან (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მას შემდეგ, რაც ფელიქს ძერჟინკის ინიციატივით ეს ორგანო დაარსდა. საქართველოს მოწინავე „ჩეკისტი“ (საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ოფიცერი), ბერიაც, დიდ როლს თამაშობდა კლუბის განვითარებაში. ქართული გუნდი, რომელმაც პირველი მატჩები 1936 წელს ითამაშა, ბერიას „პირველ საპატიო წევრად“ მიიჩნევდა. „დინამოს“ სტადიონს თბილისში სახელწოდება მის პატივსაცემად ეწოდა.
ზოგჯერ, ბერია დიდი ძალისხმევით ცდილობდა კლუბის მხარდაჭერას. 1939 წელს საბჭოთა თასისთვის გამართულ ნახევარფინალურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, მოსკოვურმა გუნდმა იოლად გაიმარჯვა, თუმცა მატჩი ბათილად ცნეს და განმეორებითი შეხვედრა დანიშნეს. ნიკოლაი სტაროსტინის, „სპარტაკის“ მოთამაშის, თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალაუფლების ძალიან მაღალ და უკვე „არაათლეტურ“ დონეზე, სავარაუდოდ, ბერიას მიერ, რომელიც განაგრძობდა სპორტული კლუბის, „დინამოს“ პრეზიდენტობას, მიუხედავად იმისა, რომ შსსკ-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ჩაუდგა სათავეში. ბერია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა ცენტრისკენ მიიწევდა, მაინც „დინამო თბილისი“ს მგზნებარე მხარდამჭერად რჩებოდა და საქართველოს ფეხბურთისთვის ინსტიტუციური ბაზის შექმნაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა. იგი ზედამხედველობდა გუნდის უმაღლესი ხარისხით კეთილმოწყობის საქმეს და უზრუნველყოფდა, რომ მის გუნდს პრივილეგირებული ადგილი შეენარჩუნებინა საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში.
სტალინის მმართველობის დროს შეხედულებებს გუნდის ეროვნულ თვითმყოფადობაზე მუდმივად ჰქონდა მისწრაფება, არ დაშორებოდა ნახევრად-ოფიციალურ ეთნიკურ იერარქიას. როდესაც ქართველი ფეხბურთელების „ტემპერამენტულ თამაშს“ 1949 წელს მოსკოვში გამოქვეყნებულ გზამკვლევში „ინდივიდუალური ტექნიკური ოსტატობა“ და „საინტერესო ტაქტიკური კომბინაციები“ უწოდეს, სწორედ ეს ამაღელვებელი, უფრო კი, იმპულსური თამაშის სტილი არაპირდაპირი გზით უპირისპირდებოდა დომინანტურ შეხედულებას. მაგალითად, საბჭოელი მეკარის იმიჯს, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად იდგა ნებისმიერი შეტევის სადარაჯოზე და მისგან ადგილი არ ჰქონდა იმპროვიზაციას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „დინამო თბილისი“ს მეკარეც და მწვრთნელიც ხშირად რუსები იყვნენ. ქართულ მხარეს ხშირად საბჭოთა პრესა ახასიათებდა, როგორც არაკანონზომიერ, „სახასიათო გუნდს“. კარის ხაზთან და მწვრთნელის კვადრატში მრავალსახოვანი ქართული არტისტიზმისა და შეუდრეკელი სლავური დისციპლინის დაწყვილება გუნდის ხელმძღვანელებისთვის აღნიშნული პრობლემის გადაჭრის დამაჯერებელი გზა იყო. საკითხის ამგვარი მოგვარება იდეოლოგიურადაც შესაბამისი იყო, იგი ერგებოდა სტალინის განცხადებებს რუსი ერის აღმატებულობის შესახებ.
თბილისის „დინამოს“ ისტორიის ეს პერიოდი 1953 წელს სტალინის გარდაცვალებასთან, ბერიას დაპატიმრებასა და მისი პოლიტიკური მტრების მიერ მისი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებასთან ერთად, დასასრულს მიუახლოვდა. მიუხედავად გუნდის მფარველის განეიტრალებისა, იმ წელს „დინამო თბილისი“ კვლავ ინარჩუნებდა უპირატესობას საფეხბურთო მოედანზე. 4 სექტემბერს, გუნდმა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ფრეც ჰყოფნიდა, მოსკოვის „ტორპედოსთან“ 2:1 მოიგო. თუმცა მოვლენები განმეორდა: როგორც ბერიამ გააბათილა მოსკოვის „სპარტაკის” გამარჯვება 1939-ში, ისე გაბათილდა „დინამო თბილისის“ წარმატება. საბჭოთა პრესამ გამოაცხადა, რომ განმეორებითი შეხვედრა დაინიშნა „დინამოელთა“ ორი ფეხბურთელის „უხეში თამაშის“ გამო. ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად მიიღეს, რაც ცხადყოფს, პოლიტიკურად რამდენად არასასურველად მიიჩნევდნენ პარტიის ლიდერები ქართველების გამარჯვებას, რადგანაც ქართული გუნდის მფარველს სახელმწიფო ღალატი ბრალდებოდა. სამი დღის შემდეგ განადგურებულმა თბილისის „დინამომ“ წააგო მოსკოვის „ტორპედოსთან“ გადათამაშება, შესაბამისად, ნანატრ ტიტულს ვერ დაეუფლა. ქართველმა გულშემატკივრებმა, ბერიაზე არსებული შეხედულებების მიუხედავად, ეჭვგარეშეა, იგრძნეს, როგორ მოპარა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ ჩემპიონობა.
გუნდის სტალინისტურ ავტორიტეტთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, „დინამოს“ ტრანსფორაცია სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას გასამართლების შემდეგ, ყველასგან მოულოდნელად, გასაოცრად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რჩებოდა დინამოს პოლიციური ორგანიზაციის ნაწილად, გუნდის სახელი შეიცვალა, რადგან ბერიასთან ნებისმიერი მიმართება სახელდებებიდან თუ სახელმძღვანელოებიდან მალევე გაქრა. საბოლოო ჯამში, გუნდი სტალინისტური პოლიტიკის მანქანას გამოეყო და ქართული მასკულინურობის პოსტ-სტალინისტურ იდეალად ტრანსფორმირდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქართველები მოწინავე პოლიტიკური პოზიციებიდან გაუჩინარდნენ, „დინამო თბილისის“ მოთამაშეები კი ახალი თაობის ახალ გმირებად იქცნენ. ეთნიკურ კომპონენტებზე დამყარებული გუნდის სიმყარემ ცენტრს მოლოდინი გაუცრუა.
პოსტ-სტალინისტურ ეპოქაში გულშემატკივრად ყოფნის გამოცდილებაც შეიცვალა. გავრცელდა გულშემატკივართა ლიტერატურა, ქართული ფეხბურთი პოპულარული ფილმების მთავარ საგნად იქცა, რამაც მისი პრერევოლუციური საწყისების აქტუალიზებას შეუწყო ხელი და მისი ქომაგების უკიდურესი თავდადება გამოაჩინა. მატჩების ტელეტრანსლირებამ მხარდამჭერთა უფრო დიდ აუდიტორიას მოუყარა თავი. ეს უკანასკნელნი „დინამო თბილისს“ ეკრანზე მთლიან საბჭოთა კავშირში უყურებდნენ.
გუნდის უნიკალური ოსტატობა რომ შევაჯამოთ, ყველაზე წარმატებული კომენტატორი კოტე მახარაძე იყო, პოპულარული დრამატული მსახიობი საქართველოდან, რომლის თვალშისაცემი ექსპრესია, ფრაზათა პოეტიკა და ორაზროვანი, მძიმე აქცენტები, სხვა საგულისხმო სათქმელთან ერთად, სხეულის ფლობის ქართულ კულტურას არსებითად განსხვავებულ მუსიკალობასთან აკავშირებდა.
1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამო“ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი, გუნდის ახალმა სიმღერამ „ჩვენი ოქროს ბიჭები“, „ორერას“ შესრულებით, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში მოიპოვა პოპულარობა. ტექსტი ყურადღებას ამახვილებს ოცნებებისა და მიზნების ასრულებაზე, თუმცა არც ერთგან ხსენებულა სოციალიზმი ან საბჭოთა კავშირი. გიტარით შესრულებული ტრადიციული ქართული პოლიფონიური ჰარმონია თანამედროვეც იყო და ეროვნულ კულტურაში ღრმად ფესვგადგმულიც.
ქართველ პრომოუტერთა ძალისხმევით, რომელთა მიერ აქცენტირებული ნაციონალური უნიკალურობა რეზონანსს აძლევდა ქართველ გულშემატკივრებს, ქართული ფეხბურთი უნიკალური მითოლოგემის მატარებელი გახდა, რასაც „დინამო თბილისი“ ვარსკვლავების რეგისტრში აჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს არსებობდა სხვა მეტოქე ქართული კლუბებიც, რომლებიც ლოკალური მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგალითად, ქუთაისის „ტორპედო“, მხოლოდ „დინამო თბილისს“ ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და წარმატებით შეძლო კიდეც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგება. გუნდი ქართული ფეხბურთის სახელს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს მიღმაც იცავდა, შესაბამისად, რუსულ გუნდებთან კონტრასტში ეროვნული განსხვავებულობა უფრო მძაფრ ფორმებში აღიქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი მთლიანად უცხოური „იმპორტი“ იყო და მის მიერ რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯი სტალინისტურ პატრონაჟს უკავშირდებოდა, „დინამო თბილისის“ წარმატება საფეხბურთო მოედანზე ქართული არტისტიზმის თანდაყოლილი ნაწილი იყო.
ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირმა დაიწყო ქართველ ფეხბურთელთა უნარების მობილიზაცია საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელების დებიუტი 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ჰელსინკიში შედგა. ორმა მნიშვნელოვანმა, თუმცა პოტენციურად ურთიერთგამომრიცხავმა კრიტერიუმმა განაპირობა ნაკრების ფორმირება: გუნდს უწევდა, აერეკლა საბჭოთა კავშირის, როგორც მრავალეთნიკური ერთიანობის, იდეალი ადამიანების „ძმური მეგობრობის“ ილუზიით, მეორე კრიტერიუმი კი მოიცავდა იმას, რომ ეს პროცესი აუცილებლად წარმატებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ადამიანების „ძმური მეგობრობის“ იკონოგრაფიაში რუსებს ძირითადი, წამყვანი როლი ენიჭებოდათ, სხვა ნომინალურ ერებს კი – მხარდამჭერი როლები თავიანთი განმასხვავებელი ხასიათიებითა და ნიშან-თვისებებით. საბოლოო ჯამში, ისინი ერთად აყალიბებდნენ ჰარმონიულ ერთიანობას.
ამგვარად, იდეალური ნაკრები რუსებს მთავარ პოზიციებზე წარადგენდა, დანარჩენი 15 რესპუბლიკის არარუსი მოთამაშეები კი მხარს უბამდნენ მათ (რადგან ფეხბურთში სულ 11 პოზიციაა, პატარა რესპუბლიკების მოთამაშეებს შემცვლელებად ყოფნა შეეძლოთ). სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელიც ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას, სხვაგვარად იყო დაკომპლექტებული: მოსკოვის კლუბების ვარსკვლავები, „დინამო კიევისა“ და „დინამო თბილისის“ ფეხბურთელებთან ერთად, სრულად დომინირებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რაც საბჭოთა ფეხბურთში წარმატების არათანაბრად გადანაწილებას ანარეკლს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საბჭოთა კავშირის მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენდნენ, ისინი მუდმივად გადაჭარბებულად იყვნენ წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის პირველი ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო გუნდში „დინამო თბილისმა“ გაგზავნა მოთამაშეთა მეორე ყველაზე დიდი კონტინგენტი, 6 ფეხბურთელის შემადგენლობით. 1958 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის დებიუტი შედგა, მოთამაშეთა ერთ მეხუთედს ქართველები შეადგენდნენ „დინამო თბილისიდან“. ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირის დაშლამდე გრძელდებოდა. 1972 წლამდე საბჭოთა კავშირის გუნდის კაპიტანი იყო მოსკოვური კლუბიდან, 1972 წლიდან იგი ჩანაცვლდა ქართველი მცველით, მურთაზ ხურცილავათი. 1980 წელს კი პოზიცია მისმა გუნდელმა, ალექსანდრე ჩივაძემ დაიკავა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოსკოვური კლუბების ფეხბურთელების გვერდით „დინამოკიევისა“ და „დინამო თბილისის“ ფეხბურთელების ზედმეტად წარმოჩენა. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მწვრთნელის, გავრილ კაჩალინის, მოხსენების თანახმად, საბჭოთა კავშირის გუნდის ძირითადი ნაწილი ოთხი საბჭოთა კლუბისგან შედგებოდა: მოსკოვის „სპარტაკი“, კიევის „დინამო“, თბილისის „დინამო“ და „ცე ეს კა“ (მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) . სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას სხვა გუნდების პასიურად წარმოჩენის გამო. ამის საპირისპიროდ, ქართველები საკუთარ წარმატებაზე მუდმივად ტრაბახობდნენ. 1970 წელს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის შეხვედრაზე ქართველმა დელეგატმა, ცომაიამ, აღნიშნა, რომ ქართული მოდელის გამოყენება სხვა რესპუბლიკებსაც შეეძლოთ: „იქნებ ზუსტად ისევე გამოგვეტანა მთავარი საკითხები ქვეყნის გარეთაც, როგორც ამას რესპუბლიკის შიგნით ვახერხებთ. ფეხბურთის ქართველ მოთამაშეთა დიდი ნაწილი მთელი საბჭოთა კავშირისა და ახალგაზრდული გუნდებისთვის თამაშობს“. ცომაიას ხმამაღალი განაცხადით ნაწყენმა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ გრანატკინმა დასძინა: „იმიტომ, რომ თქვენ ზამთარი არ გაქვთ!“
წნეხი კიდევ უფრო დიდი იყო იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებას ვერ აღწევდა. გუნდი მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს, გავიდა ნახევარფინალში მსოფლიო თასზე, სადაც მან 12 წააგო აღმოსავლეთ გერმანიასთან. ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა პრესა მუდმივად ხაზს უსვამდა იმ კოლექტიურ ძალას, რომელიც ნაკრებს ჰქონდა, გულშემატკივრები კი სლავური გუნდების დისციპლინურ და ათლეტურ სტილსა და ქართველთა სიმარდესა და საზრიანობას შორის ჰარმონიული სინთეზის მიღწევაზე ოცნებობდნენ. ეს სინთეზი კი არასდროს შემდგარა. მსგავს პრობლემებს, ძირითადად, სხვა ეროვნული გუნდებიც აწყდებოდნენ: რთული იყო ეროვნული და საკლუბო ტურნირების განრიგის შეთავსება, საკლუბო ორგანიზაციები უფრო სტაბილური და სტრუქტურირებული იყო. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში თანდათან ძლიერდებოდა შეშფოთება, რადგან ეროვნული ნაკრების დაბალი შედეგიანობა ძირს უთხრიდა მთელი ქვეყნის ოფიციალურ იდეოლოგიურ მესიჯს მრავალეთნიკური ჰარმონიულობის შესახებ. ალტერნატივა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ითვალისწინებდა ევროასპარეზზე გუნდების წინ წამოწევას და მათი წარმატებისთვის ბრძოლას. საკლუბო გუნდებმა მართლაც მიაღწიეს რამდენიმე შთამბეჭდავ საერთაშორისო წარმატებას: მაგალითად, „დინამო კიევმა“ ევროპის მოწინავე გუნდები დაამარცხა თასების მფლობელთა თასზე 1975 წელს. მათი წარმატება იმის საწინდარი გახდა, რომ ეფიქრათ ამ გუნდის საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების საბაზისო კლუბად გადაქცევაზე. თუმცა, „დინამო კიევმა“ ვერ შეძლო საკუთარი თავის ამგვარად წარმოჩენა. კლუბის იდენტობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მისივე მწვრთნელზე ვალერი ლობანოვსკი ფეხბურთის მიმართ ჰიპერ-რაციონალური მიდგომით გამოირჩეოდა. ასეთი რეპუტაცია შეიძლება დამსახურებული არც ყოფილიყო, თუმცა მწვრთნელთან და მის გუნდთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი სტერეოტიპი არსებობდა.
ვალერი ლობანოვსკი განასახიერებდა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ გაჩენილ არასასურველ ტიპაჟს; უცხოელი ჟურნალისტები მას უემოციო ადამიანად ახასიათებდნენ და მის მოთამაშეებს დაცინვით „სპუტნიკებსა“ და „რუს რობოტებს“ უწოდებდნენ. ამის გამო, თითქმის შეუძლებელი იყო „დინამო კიევის“ მოთამაშეებისთვის, მორგებოდნენ ეროვნული ნაკრების და, იმავდროულად, კლუბის საჭიროებებს. გარდა ამისა, დამატებითი მატჩებისა და ვარჯიშების გამო, ისინი გადაღლილები იყვნენ. „დინამო კიევის“ ბაზაზე ნაკრების დაკომპლექტების მცდელობა 1978 წელს, საბოლოოდ მაშინ ჩაიშალა, როდესაც საბჭოთა ნაკრებმა ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა.
„დინამო თბილისი“ საბჭოთა ფეხბურთში ისეთ მოწინავე და დომინანტ პოზიციაზე არასდროს ყოფილა, როგორზეც – „დინამო კიევი“. საფეხბურთო მოედანზე ქართველთა განსხვავებულობა უკეთ ერგებოდა საბჭოთა იდეოლოგიურ საჭიროებებს ცივი ომის პერიოდში. უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, „დინამო თბილისის“ ვარსკვლავებს ახასიათებდნენ, როგორც იმპროვიზაციის უნარის მქონე და ინდივიდუალისტ მოთამაშეებს. „დინამო თბილისის“ მოთამაშეები, როგორც საბჭოთა კავშირის არა-რუსი და არა-სლავი წარმომადგენლები, პოსტ-კოლონიურ სამყაროში კულტურული ელჩის როლს ასრულებდნენ. მათ თამაშს ხშირად ამსგავსებდნენ თამაშის სამხრეთულ სტილს, რომელსაც, თავის მხრივ, ლათინური ამერიკის ქვეყნების გუნდები იყენებდნენ. ხშირად ქართველები მოლოდინებსაც ამართლებდნენ. ამხანაგური მატჩებისას მათ ბრაზილია და არგენტინა ხშირად ტაშით ეგებებოდნენ. 1961 წელს ავთანდილ ღოღობერიძე, „დინამო თბილისის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კუბაში გაგზავნეს ფიდელ კასტროსთან შესახვედრად. როგორც ფოტოებზე ჩანს, შეხვედრაზე ქართველები კასტროსთან ერთად პოზირებდნენ, ამ უკანასკნელს კი ქართული ტრადიციული ქუდი ეხურა. უფრო ცნობილ ფოტოზე, რომელიც 1965 წელს საბჭოთა ნაკრებსა და ბრაზილიურ ეროვნულ გუნდს შორის მეგობრული მატჩის დროსაა გადაღებული, ასახულია ოთხი ქართველი ვარსკვლავი საბჭოთა გუნდიდან: ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გიორგი სიჭინავა. ისინი წელს ზემოთ შიშველ პელესთან, მსოფლიოს სახელგანთქმულ ფეხბურთელთან, ერთად დგანან. ფოტომ, რომელიც საბჭოთა პრესამ მთელს საბჭოთა კავშირში გაავრცელა, აჩვენა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ქართველები ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას. ამავე ფოტომ დაუკავშირა ქართველები ფეხბურთის სამხრეთული თამაშის სტილის იდეას, თუმცა მსოფლიო მასშტაბით, რაკი საბჭოთა მოქალაქეებს მაინც რუსებად აღიქვამდენენ, ამ ხაზს განსაკუთრებული რეზონანსი ვერ ექნებოდა.
წესით, „დინამო თბილისის“ წევრებს უნდა ეჩვენებინათ ქართველების განსხვავებულობა და, ამავდროულად, საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკური ერთიანობა. ზოგჯერ პირადი, ეროვნული და პან-საბჭოური ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ხშირ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელები საწყის ეტაპზე დიდი მონდომებით ცდილობდნენ, სახელმწიფოს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის გარეთ გასვლა შესაძლებელი გახდა. ეს კი არ იყო ხელმისაწვდომი საბჭოთა კავშირის რიგითი მოქალაქისთვის. ღოღობერიძე 1954 წელს პარიზში პირველი ვიზიტის გახსენებისას ამბობს: „საერთაშორისო მატჩი“ – ამ სიტყვებს იმ წლებში და შემდეგაც ჯადოსნური ელფერი დაჰკრავდა“.
ათწლეულების გასვლის შემდეგ გუნდის ადგილობრივმა და საერთაშორისო წარმატებებმა „დინამო თბილისის“ მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებში თავდაჯერებულობა გააძლიერა. გუნდმა საბჭოთა ლიგის ტიტული მეორედ 1978 წელს მოიგო და ეს მიღწევა 1976-სა და 1979 წლებში საბჭოთა თასზე გამარჯვებით განამტკიცა. საერთაშორისო არენაზე განსხვავებული სტილით თამაშმა გუნდი ევროპის მოწინავე გუნდებს შორის ჩააყენა და საბჭოთა ოფიციოზმაც და ფეხბურთელებმაც აღიარეს, სწორედ „დინამო თბილისმა“ დაადგინა ის სტანდარტები, რითიც საერთაშორისო ასპარეზზე სხვა საბჭოელი ფეხბურთელები შეფასდებოდნენ. შესაბამისად, ევროთასის მატჩზე „დინამო თბილისის“ 3-0 გამარჯვება „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რომელიც 1979 წელს თბილისში, 90.000 მხარდამჭერის წინაშე შედგა, წარმატებულობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა ამაყად გაიმეორეს „ლივერპულის“ მენეჯერის, ბობ პეისლის ციტატა, რომ ის „დინამო თბილისის“ თამაშის ხარისხმა „სასიამოვნოდ გააოცა“.
„დინამო თბილისმა“ საკლუბო ისტორიაში უდიდესი წარმატება იენას „კარლ ცაისის“ დამარცხებითა და 1981 წელს თასების მფლობელთა თასის აღმართვით მოიპოვა. სინამდვილეში, ეს ნაკლებად პრესტიჟული გამარჯვება იყო, ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებასთან შედარებით. თანაც „დინამომ“ აღმოსავლეთ გერმანიის სოციალისტური კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და არა – დასავლეთ ევროპის რომელიმე სახელოვან მეტოქესთან. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის ფარგლებში, რომელსაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში, საქართველოსთვის ეს მოვლენა დიდ წარმატებასთან ასოცირდებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ და მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ ეს გამარჯვება. ლეონიდ ბრეჟნევი წერდა: „ტყულად არ ვგულშემატკივრობდით ყველა [„დინამო თბილისს“]” და იქვე დასძენდა, რომ გამარჯვება მთელი საბჭოთა კავშირის მონაპოვარი იყო. ქართველები კი გუნდის წარმატებას უფრო ეროვნულ ტრიუმფად მიიჩნევდნენ. წერილებისა და ტელეგრამების ზღვა გუნდს გამარჯვებას ულოცავდა, მათ შორის ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც კომის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, გამოაცხადა: „ამიერიდან ევროპული ფეხბურთი ქართული აქცენტით ალაპარაკდება“.
1981 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებამ „დინამო თბილისს“ ახალი შესაძლებლობა მისცა, რომ საბჭოთა მრავალეთნიკურობის იერარქიები გადაელახა და „სახასიათო გუნდის“ რეპუტაცია შეეცვალა. როდესაც გუნდმა 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული პირველად მიიღო, თბილისის „დინამოს“„ოქროს ბიჭების“ წარმატება რუს მწვრთნელს, გავრილ კაჩალინს დაუკავშირდა. ნიკოლაი სტაროსტინის აზრით, კაჩალინი იყო ის, ვინც „ოსტატურად მიჰყვა ამ გზას, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებდა გამარჯვებამდე მიყვანას, რასაც იგი გუნდის ფსიქოლოგიურად გაძლიერებით ცდილობდა”. „დინამოთბილისის” 1981 წლის გუნდს წარმატებით წვრთნიდა ქართველი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი. „უეფას თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების შემდეგ, „პრავდას“ ჟურნალისტები გუნდის ტემპერამენტულ რეპუტაციას წარსულ დროში იხსენიებდნენ და წერდნენ: „აქამდე „დინამო თბილისი“ მოიხსენიებოდა, როგორც სახასიათო გუნდი, რომელსაც შეეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება შთამბეჭდავი სტილით და, ამავე დროს, მოუმზადებლობის გამო მომდევნო მატჩი უარეს გუნდთან წაეგო.” სახელგანთქმული რუსი ფეხბურთელი, ვალენტინ ივანოვი იმ პერიოდის შესახებ აღნიშნავდა, რომ გუნდის იმპროვიზაციის უნარი საბოლოოდ შეერწყა ეფექტურ ორგანიზებულობას.
საქართველოში დაბრუნებული „დინამო თბილისის“ მოთამაშეები თვითმფრინავიდან ხელში აყვანილები ჩამოჰყავდათ გულშემატკივრებს. მხარდამჭერები მათ ეროვნულ გმირებად მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით ყველა ფეხბურთელი, თასთან და ათიათასობით მხარდამჭერთან ერთად, აღლუმს შეუერთდა. საზეიმო სიმღერამ, რომელიც ქართულმა საბჭოთა ანსამბლმა, „ივერიამ“ ჩაწერა და რომელიც ჰარმონიულად აერთიანებდა როკსა და ქართულ პოლიფონიას, ქართველთა ეს წარმატება უკვდავყო. სიმღერის ქართული ტექსტი თითქმის არ ტოვებდა ეჭვს, რომ გუნდის მიღწევა ეროვნული ბუნებით იყო გაპირობებული. ავტორი აქებდა „დინამო თბილისის“ „ბიჭებს“, რომელთა წარმატებამ სახელი გაუთქვა საქართველოს. მათი წარმატება ჰგავდა მთებსა და ველებზე დაცემულ კაშკაშა შუქს. ეს სენტიმენტი გაიმეორა დავით ყიფიანმა, 1981 წლის გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, რომელმაც საერთაშორისო მატჩები მოიყვანა საკუთარი სიძლიერის დამტკიცებისა და ქართული ეროვნული ხასიათის ხაზგასასმელად. ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას, ყიფიანი ხსნიდა: „გასახსენებლად ღირს ის, რომ ფეხბურთი არ მოიცავს მხოლოდ ფინტებს, დრიბლინგსა და პასებს. ფეხბურთი სხვადასხვა ხასიათის და ინდივიდუალური თავისებურებების შეჯიბრია. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, ეროვნულია.”
„დინამო თბილისის“ წარმატებებმა ის დაძაბულობები გააცხადა, რომლებიც ქართული ფეხბურთის მიმართ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მოლოდინს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა იდეოლოგიური მიზნების მიღწევას. საქართველოს რესპუბლიკის გარეთ მყოფი ზოგიერთი საბჭოთა დამკვირვებლისთვის თბილისის „დინამოს“ მიღწევები და გულშემატკივართა დამოკიდებულობა რუსულ დომინირებასა და პან-საბჭოთა სოლიდარობას მზარდ გამოწვევებს უსახავდა. ქართველი ფეხბურთელების დაფასება საბჭოთა ნაკრებში შეტანილი კონტრიბუციის გამო კვლავ გრძელდებოდა, თუმცა „დინამო თბილისის“ გამარჯვებები მათი „დიდი მოძმე რესპუბლიკების“ კლუბების მხრიდან ხშირად ხდებოდა სიბრაზის საგანი.
„დინამოს“ ქართველმა მხარდამჭერებმა მრავალეთნიკურ სოციალისტურ სახელმწიფოში ჯიუტი და საყოველთაოდ დადგენილი ყოფა-ქცევის ნორმებს აცდენილი გულშემატკივრის რეპუტაცია შეიძინეს. 1971 წელს, საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელმა გაზეთში, „Советсий Спорт“, „დინამო თბილისის“ მხარდამჭერების რეპუტაციაზე ისაუბრა და მათ ემოციურობა და ქედმაღლური თავშეუკავებლობა მიაწერა. სწორედ ამ დროს, ქართული სპორტის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე უფრო მეტი ეთქმოდათ, რადგან მოთამაშეებს თვითონ იწვევდნენ ნაკრებში სათამაშოდ, ამასთანავე, ისინი „დინამო თბილისის“ ინტერესებს იცავდნენ. აქვე ქართველმა დელეგატმა პრაქტიკულად ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. დელეგატმა ახსნა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა უფლება, რომ მოთამაშეთათვის რეკომენდაციის სახის რჩევები მიეცა, თუმცა „სუვერენული რესპუბლიკის სპორტის კომიტეტისთვის გარედან მოთხოვნების წაყენება მისივე კონსტიტუციით უმართებულო და შეურაცხმყოფელი იყო“.
„დინამო თბილისთან“ პოლიტიკურად დაკავშირებული მფარველები ადგილობრივ კონტროლს რესპუბლიკის დონის ინსტიტუციების არაფორმალური გამოყენებით ამყარებდნენ. როდესაც გუნდის მეკარის სავარაუდო პოზიციაზე მყოფი ანზორ კავაზაშვილი გუნდის დატოვებას ფიქრობდა, რომ რუსეთში ეთამაშა, მას არ მისცეს თვითმფრინავის ბილეთის ყიდვის უფლება, ამიტომაც მას საქართველოს დატოვება შენიღბულად, მეგობრის სახელზე აღებული ბილეთით მოუწია. საქართველოს სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) წარმომადგენლებმა მის კვალს ლენინგრადში მიაგნეს და ბინაში მიაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩინოვნიკებმა მიდგომები შეარბილეს მას შემდეგ, რაც კავაზაშვილმა ოფიციალურად დაიწყო რუსეთში თამაში, ისინი მაინც იყენებდნენ არალეგალურ არხებს, რათა ის იძულებით დაებრუნებინათ უკან. მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშისას კავაზაშვილმა სატელეფონო ზარი მიიღო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელის, გივი ჩოხელისგან, რომელთან ერთადაც ის საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩოხელმა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრმა სთხოვა, პირდაპირ დაკავშირებოდა კავაზაშვილს, ჰკითხა მას: „არ გინდა, რომ შენმა მშობლებმა სიბერეში კარგად იცხოვრონ?” კავაზაშვილი იძულებული გახდა, თბილისს დაბრუნებოდა, მაგრამ მალევე განაცხადა უარი, რადგანაც მას არ ჰქონდა გარანტია, რომ „დინამოში“ იგი ძირითადი მეკარის პოზიციას დაიბრუნებდა.
„დინამო თბილისის“ მხარდამჭერები წუხდნენ იმაზე, რომ გუნდი საერთაშორისო აღიარებას არა საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვებდა. ქართული ეროვნული რეპერტუარი, რომელიც ფეხბურთის თამაშის განსხვავებულ სტილს ნაცნობ ქართულ ცეკვასთან აკავშირებდა, ადვილი შესამჩნევი იყო საბჭოთა მაყურებლების მიერ. თუმცა მცდელობები, რომ ქართულ ფეხბურთს საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ მრავალეთნიკურობა წარმოეჩინა, დამოკიდებული იყო რეპერტუარის სიცხადეზე საერთაშორისო სცენაზე. ზოგიერთი უცხოელი მკვლევარი ქართულ ფეხბურთს ისე აღიქვამდა, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. მაგალითად, ფრანგი ჟურნალისტი 1964 წლის „დინამო თბილისის“ გუნდს განიხილავდა, როგორც „სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ტრადიციების საუკეთესო აღმოსავლურ წარმომადგენელს”. ქართული ეროვნული თვითმყოფადობა საფეხბურთო მოედანზე ხშირად არ იყო შესამჩნევი საერთაშორისო მიმომხილველებისთვის. ზოგიერთი ქართველი გულშემატკივარი იმაზე დარდობდა, რომ, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის გამო, „დინამო თბილისის“ გუნდი უცხოელისთვის რუსებისგან შემდგარ გუნდად აღიქმებოდა. ისინი განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდნენ, როცა პუბლიკაციები, მაგალითად, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ საინფორმაციო ბიულეტენი, 1981 წელს გამარჯვებული „დინამო თბილისის“ მოთამაშეებს მოიხსენიებდა „რუსებად“ ან „საბჭოელებად“, თითქოს ეს შესატყვისები ერთმანეთის ეკვივალენტური ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მიღებული იყო რუსეთისა და საბჭოთა კავშირის გაიგივება, მაგრამ, რადგანაც საბჭოთა მოქალაქეები ასე თუ ისე მკაფიოდ წარმოაჩენდნენ ეროვნულ მახასიათებლებს, ქართველი გულშემატკივრები უცხოელთა მიერ აღიარების ნაკლებობას მათი გუნდის უუნარობას კი არ აბრალებდნენ, არამედ იმას, რომ მსოფლიო არენაზე ასპარეზობა საქართველოს სახელით არ უწევდათ.
1990 წელს, „დინამო თბილისი“ სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციიდან გამოვიდა და სახელიც გადაირქვა. „იბერია“ აღმოსავლეთ საქართველოს ანტიკური სამეფოს სახელი იყო. ქართველ ფეხბურთელთა ძალისხმევა, რომ მათი საერთაშორისო წარმატება მოსკოვისგან გაემიჯნათ, უკავშირდებოდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეის ხაზგასმასაც. ქართველი ჟურნალისტი რესპუბლიკის მთავარ გაზეთში 1990 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას იხსენიებდა, როგორც იმპერიულ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ხელს უშლიდა, „გაეღწია საერთაშორისო არენაზე“. ფეხბურთსა და ცეკვას შორის კავშირის განხილვისას ავტორმა აღნიშნა, რომ ქართველები იძულებული იყვნენ, ეთმინათ უცხოური პრესის განცხადებები ქართულ გუნდზე, როგორც „რუს შემსრულებელზე“. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური უსაფრთხოების ორგანოები ხელს უწყობდნენ „დინამო თბილისის“ განვითარებას, ქართული ფეხბურთი იქცა მზარდი ეროვნული მუხტის ერთ-ერთ კერად.
წარმატებული საბჭოთა გუნდის ჩამოყალიბებისას განცდილი მარცხი მრავალეთნიკური საბჭოთა იმპერიის ხარვეზებს ირეკლავდა, რაც უფრო ცხადი ხდებოდა პოსტ-სტალინურ ეპოქაში. ნაკრების იდეის სისრულეში მოყვანა კი მეტად რთულდებოდა, რადგან რესპუბლიკები ცდილობდნენ, საკუთარი დღის წესრიგით ეხელმძღვანელათ როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად, იმავდროულად კი, სპორტის ცენტრალურ ხელმძღვანელობას უწევდა იმ გუნდების კოორდინირება, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფო სამინისტრო უჭერდა მხარს. ხელისუფლების მხრიდან რესპუბლიკურ გუნდებზე ნდობამ, რომ მათ საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირი წარმოეჩინათ, მას შემდეგ იწვნია მოსალოდნელი მარცხი, რაც მოსკოვმა გუნდი დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით განავითარა, თუმცა, იმავდროულად, მათი საერთაშორისო მონაწილეობის პირობებსა და ფულად შემოსავლებს აკონტროლებდა.
საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატებების გამო, ქართველები უფრო გამბედავები გახდნენ – მეტი დამოუკიდებლობა და უკეთესი ხელფასები მოითხოვეს. მსგავსი ტიპის ამბიციებით გამსჭვალულმა საქართველომ თბილისში 1988 წელს ჩამოაყალიბა საბჭოთა კავშირის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, „მრეტები“. მიუხედავად ამისა, პოსტ-საბჭოთა საქართველოში არსებულმა მძიმე რეალობამ სამხრეთ ამერიკული სტილის ფეხბურთის სამოთხეზე ოცნება მეტად შორეული გახადა. სწორედ ეს პროცესია ასახული ფილმში: „მე, პელეს ნათლია!“ ამ ფილმში შუახნის ქართველი კაცი მოგზაურობს თბილისსა და დიდებულ ბრაზილიაში, ფეხბურთის ლეგენდებით, ნახევრად-შიშველი ქალებითა და საკარნავალო წვეულებებით სავსე ქვეყანაში. იგი საქართველოში ჩამოდის ისტორიებით, თუ როგორ დაუმეგობრდა ის პელეს მამას და მის შვილს, მომავალი ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფეხბურთის თამაში ასწავლა. მიუხედავად ამისა, თბილისში მისი ცოლი ამ ისტორიებით გაკვირვებული არ დარჩენილა. მისმა კრედიტორებმა მისი დევნა დაიწყეს, ის კი მიზერული ხელფასის ანაბარა დარჩა სამსახურში, სადაც ის საქართველოს ელექტრო-ინფრასტრუქტურას ამოწმებდა.
რეალურად, ფეხბურთის ნიჭის მქონე ქართველთა უმეტესობამ ქვეყანა დატოვა. გლობალიზაციის ტრენდმა, რომელიც ცივი ომის დასრულებას მოჰყვა, გაცილებით მარტივი და ხელსაყრელი გახადა უცხოურ გუნდებში გადასვლის შესაძლებლობა. საქართველოში 1991-1993 წლის სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, თბილისის „მრეტების“ წამყვანი მოთამაშე და იმედი, გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა 2 მილიონ გირვანქად.
კავშირი აღნიშნულ ორ ფენომენს შორის საკმაოდ უმნიშვნელო იყო, თუმცა ცივი ომის შემდეგ გაცილებით რთული გახდა, ფეხბურთს ეროვნული ხასიათი წარმოეჩინა. ლეგენდარული კლუბები ერთმანეთის მიყოლებით იყიდეს უცხოელმა ინვესტორებმა. ამან გამოიწვია ის, რომ ინგლისურ პრემიერ ლიგაში ფეხბურთელთა მხოლოდ მესამედია ინგლისელი და წლიდან წლამდე ტენდენცია კლებისკენ მიდის. ევროპის ეროვნული გუნდების კონცეფცია საკმაოდ შეიცვალა, გახდნენ უფრო განსხვავებულები, აქცენტი გაკეთდა ემიგრანტებსა და უმცირესობებზე. ამ გუნდებს ბევრი სწორედ მულტიკულტურალიზმის გამო აქებდა, თუმცა ზოგი მათ ეროვნული ჰომოგენურობის მიუღწევლობის გამოც აკრიტიკებდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიური ეროვნული გუნდის მსგავსი თამაშის სტილის კონცეფცია წარმატებული ტრენდის მითად უფრო იქცა, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე გუნდის რეალური ტექნიკის რეფლექსიად. სანამ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველო ცდილობდა ფეხბურთი აღექვა, როგორც ეროვნული ინსტიტუცია, თამაშის წესები შეიცვალა.
ავტორი: ერიკ რ. სკოტი - კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში (University of California, Berkeley). ავტორი წიგნისა საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული დიასპორის შესახებ - Familiar Strangers: The Georgian Diaspora and the Evolution of Soviet Empire.
მთარგმნელები: სალომე ბერძენიშვილი და ანტონ ვაჭარაძე.
რედაქტორი: ესმა მანია.
ინგლისური ვერსია პირველად გამოქვეყნდა: The Whole World Was Watching: Sport in the Cold War, edited by Robert Edelman and Christopher Young, and published by Stanford University Press.
სტატია ქვეყნდება ავტორისა და გამომცემლობის თანხმობით.
1960 წელს თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართათვის განკუთვნილ ოფიციალურ გზამკვლევში გამოქვეყნებული იყო საბჭოთა საქართველოს საფეხბურთო კლუბის მოწინავე ვარსკვლავების სტილიზებული ჩანახატები, რომლებშიც ისინი მღეროდნენ და, იმავდროულად, ბურთით აკრობატული ილეთებით ჟონგლიორობდნენ. აღნიშნული ილუსტრაციების ავტორები ქართულ ფეხბურთს შეგნებულად აკავშირებდნენ ფიცხ, ფერად და კონკურენტულ ხალხურ ცეკვასთან, რომლებსაც ძირითადად კაცები ასრულებდნენ და რომლითაც გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის პატარა რესპუბლიკა. ერთ-ერთ ჩანახატზე გუნდის თავდამსხმელი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე ტრადიციულ საქორწინო ცეკვას, „ქართულს“, ასრულებდა, რომლის დროსაც ის გაშლილი ხელებით ბურთზე ბალანსირებდა. სახელმძღვანელო მიანიშნებდა, რომ ქართული ფეხბურთის თვალისმომჭრელი ტექნიკა და ქართული ცეკვის ეთნიკურად გაპირობებული მოძრაობები ამ ორ მიმართულებით სხეულის ფლობის კულტურის მსგავსი ეროვნული რეპერტუარის ხატებები იყო. ფეხბურთისა და ცეკვის ამგვარი ინტიმური კავშირები ორმხრივი იყო – იმავე პერიოდში, როდესაც „დინამოს“ სახელმძღვანელო გამოიცა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ცეკვის ანსამბლმა დადგა ახალი ცეკვა, რომლის „ანცი“ ქორეოგრაფიაც მოცეკვავეებს შორის ბურთის გადაწოდებას გულისხმობდა.
ჩანახატი ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გამოსახულებით
ფეხბურთი საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული სპორტი იყო. ის ხშირად ირეკლავდა და ზოგჯერ აძლიერებდა კიდევ იმ სოციალურ და ეროვნულ კონფრონტაცია, რაც მრავალეთნიკურ სოციალისტურ სახელმწიფოს ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის თამაშს სახელმწიფო ახალისებდა და ფინანსურად მხარს უჭერდა, ის საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, თითოეულს თავისი სიმბოლოებით, გმირებით, მითებითა და უკმაყოფილებებით, წარმოსახვით საზოგადოებებად შლიდა. მსგავსი სეპარატული საზოგადოებები მოსკოვის ძლიერი საკლუბო გუნდების ირგვლივ ჩამოყალიბდნენ. ყველაზე დიდი მეტოქეობა მოსკოვის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის არსებობდა, საიდანაც პირველს საიდუმლო პოლიცია და სახელმწიფო თანამდებობის პირები მფარველობდნენ, ხოლო მეორეს სავაჭრო კავშირები და მოსკოვის მუშათა კლასის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. მოძმე რესპუბლიკების წარმატებული კლუბები, რომლებსაც შესწევდათ მოწინავე პოზიციის დაკავების უნარი, როგორებიც, მაგალითად, კიევის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ იყო, ეროვნული მუხტის მატარებელ გუნდებად გადაიქცნენ. მათ მხარს უჭერდა უკრაინული და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი.
იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის სხვა საკლუბო გუნდებს უნარიანობისა და ეფექტურად თამაშის გამო ადიდებდნენ, ქართველი ფეხბურთელები ცნობილი იყვნენ თამაშის გამორჩეული, ეთნიკური სტილით. მოსკოვის საფეხბურთო გუნდებს სხვადასხვა საგულშემატკივრო ბაზა ჰქონდათ, თუმცა, ძირითადად, მათ მოგების გამო უკრავდნენ ტაშს, ხოლო, მარცხის შემთხვევაში, კიცხავდნენ. კიევის „დინამოს“ თამაშის სტილი ძალიან ჰგავდა რუსეთისას: კლუბში უამრავი რუსი თამაშობდა და მრავალი წლის განმავლობაში მათი მწვრთნელი მოსკოველი იყო. მსგავსად, მინსკის „დინამოს“, რომელიც ნაკლებად წარმატებული იყო კიევის „დინამოსათან“ შედარებით, რუსული კლუბისგან გამორჩევა რთული საქმე იყო: ბევრი მოთამაშე, რომლის კარიერაც მოსკოვის გუნდში წარუმატებელი გამოდგა, მინსკის „დინამოს“ შეუერთდა. ერევნის „არარატი“ და ბაქოს „ნეფტიანიკი“ (ნეფტჩი) მოსკოვის გუნდებს ხშირად აღიზიანებდა. ისინი მიიჩნეოდნენ „სამხრეთული“ ტემპერამენტის მქონე გუნდებად, თუმცა მათი წარმატება მათივე უნარებსა და ვარჯიშს მიეწერებოდა და არა იმ სტილს, რომელსაც ისინი თამაშისას იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, ქართველები შესამჩნევ ეთნიკურ ალტერნატივას სთავაზობდნენ საბჭოთა კავშირს, რაც მათი თამაშის სტილში გამოიხატებოდა.
თბილისის "დინამო" 1940-იან წლებში
ქართული ფეხბურთის ტექნიკა და მასთან დაკავშირებული მითოლოგია, ცენტრალიზებული საბჭოთა კავშირის სახელმწიფოსა და მტკიცე ქართული ეროვნულობის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ყველაზე წარმატებული გუნდის სახელი დაძაბულობას იწვევდა: „დინამო“ პან-საბჭოთა კავშირის ორგანიზაცია იყო, რომელსაც მილიცია მართავდა და რომლის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობდა. თბილისი კი საქართველოს დედაქალაქი და მეოცე საუკუნის განმავლობაში საქართველოს შემოგარენიდან მასობრივი მიგრაციის მთავარი მიმართულება იყო. თბილისში ადგილობრივი პარტიული ლიდერები მხარს უჭერდნენ ფოლკლორული დასების ჩამოყალიბებას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს აერთიანებდა. ქართული ქორეოგრაფია კი სხეულის მარტივად ამოსაკითხ მოძრაობებს წარადგენდა. ამავე პერიოდში საქართველოს დედაქალაქის მოწინავე ფეხბურთის კლუბმა რესპუბლიკის საუკეთესო მოთამაშეები შეკრიბა, რათა, საბოლოოდ, შეექმნა დომინანტი გუნდი, რომელიც საქართველოს ეროვნულობას წარმოაჩენდა. მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლება ამ მოვლენებს ხედავდა და გულდასმით აკვირვებოდა. მალევე კრემლმა ქართველი მოცეკვავეები თავისთან მიიწვია, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ სახელმწიფო მხარს უჭერდა ეთნიკურ მრავალფეროვნებას. იმავე მიზეზით, მათ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებშიც უხმეს თბილისის „დინამოს“ წამყვან მოთამაშეებს. მოცეკვავეები და ფეხბურთელები საქართველოდან ეროვნულ თავისებურებებს გამოხატავდნენ. მოსკოველი იდეოლოგები კი ისწრაფვოდნენ, საქართველოს განსხვავებულობა იმპერიული სახელმწიფოს საჭიროებისთვის გამოეყენებინათ.
საქართველოს ფეხბურთი პერიფერიასა და ცენტრს შორის არსებული ურთიერთქმედების ჰიბრიდული პროდუქტი იყო. იგი მიიჩნეოდა სსრკ-ს დანარჩენ ადგილებში არსებული სტანდარტული გუნდების ეროვნულ ალტერნატივად. ქართველი გულშემატკივრები და სპორტში ჩაბმული პირები გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ცეკვის ეროვნული სტილი სილამაზის, შემოქმედებითობისა და სიმარჯვის ისეთივე ხარისხისა იყო, როგორიც – ფეხბურთი. სინამდვილეში, ქართული ფეხბურთის მეთოდური ინტერპრეტაციები ხშირად არაზუსტი იყო: ქართველი და რუსი კომენტატორები თამაშის მთავარ მახასიათებლად მიიჩნევდნენ მის ემოციურობას და არა შედეგზე ორიენტირებულობას, რაც გაპირობებული იყო იმით, რომ ქართულ ფეხბურთში დომინანტი იყო, მაგალითად, დრიბლინგი და არა ფიზიკური დაცვა, არტისტული იმპროვიზაცია და არა ბრუტალური ძალა. ამ დროისათვის მიიჩნეოდა, რომ ქართველ ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში საუკეთესო დამატების როლი შეეძლოთ ეთამაშათ.
"დინამო თბილისი" - 1948 წელი
ქართულ ფეხბურთს თავსმოხვეული მითოლოგია, წარმოსახვითი კავშირებით უახლოვდებოდა ისეთ „ლამაზ თამაშს“, როგორიც სამხრეთ ამერიკულ კლუბებს ახასიათებდა. საინტერესოა, რომ საფეხბურთო მოედანზე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთელების მოძრაობებსაც ცეკვას ადარებდნენ. არგენტინელ ფეხბურთელთა დრიბლინგი ტანგოს ასოციაციას იწვევდა, ბრაზილიელთა მრავალფეროვანი ფეხბურთი კი სამბასთან ასოცირდებოდა. არგენტინისა და ბრაზილიის გუნდების საერთაშორისო წარმატება ორივე ქვეყნის ადგილობრივ აუდიტორიას სიამაყით ავსებდა. გამარჯვებები ცხადყოფდა, რომ არგენტინულ კრეოლურ და რასობრივად შერეულ აფრო-ბრაზილიურ კულტურას შეეძლო, წარმატებისთვის მიეღწია და ეჯობნა უფრო დიდი და მეტად განვითარებული ქვეყნებისთვის. ფეხბურთმა ის კულტურული ნიშან-თვისებები, რომლებიც სამხრეთ ამერიკის სავარაუდო ჩამორჩენას უკავშირდებოდა, თანამედროვე და გლობალურ სპორტში უპირატესობებად აქცია. ადგილობრივი ხელშემწყობი პირები და მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ გუნდის თამაშის ეთნიკურად განსხვავებული სტილისთვის, საერთაშორისო მაყურებელთა მათკენ მიმართული მზერა კი სწორედ ამ განსხვავებებს ადასტურებდა.
საბჭოთა საქართველო ფეხბურთის გზით ასეთივე აღიარებას ეძებდა, მან საფეხბურთო მოედანზე ეროვნული განსხვავებულობის კულტივაცია შეძლო, რამაც, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოსა და პან-საბჭოური მიზნები დააკმაყოფილა. არგენტინელებისა და ბრაზილიელების მსგავსად, ქართველებიც ოცნებობდნენ ფეხბურთის საშუალებით ისეთი გლობალური მნიშვნელოვნობის მოპოვებაზე, რაც გაცდებოდა საბჭოთა საზღვრებს. ცივი ომის პერიოდში ქართველმა ფეხბურთელებმა გამორჩეული ადგილი დაიკავეს „მსოფლიოს საფეხბურთო დიპლომატიაში“ მონაწილეობით, რაც საბჭოთა კავშირის პროპაგანდის გადამწყვეტი ნაწილი იყო პოსტ-კოლონიური მსოფლიოს მიმართ. მაშინ, როდესაც აშშ-მ ასეულობით აფრო-ამერიკელი ათლეტი გაგზავნა ოკეანის მიღმა პრესტიჟულ ტურნირებზე, რათა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ რასისტული პრობლემები გადაჭრა, საბჭოთა კავშირმა ფეხბურთის გამოყენებით თავი წარმოაჩინა, როგორც აშშ-ის მრავალეთნიკური ალტერნატივა იმ პოსტკოლონიურ ქვეყნებში, რომლებშიც წარსულში რასობრივად განსაზღვრული უცხოური დომინიაცია გვხვდებოდა.
აღნიშნული ესსე იკვლევს მეოცე საუკუნეში ქართული ფეხბურთის ევოლუციას და განიხილავს, თუ როგორ გამოიყენებოდა ეროვნული განსხვავებულობის მითოლოგემა ქართველთა ეროვნულობისა და, იმავდროულად, საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკურობის ნიმუშად ცივი ომის კონტექსტში. საფეხბურთო მოედანზე ქართულმა ეროვნულმა ხასიათმა და საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკურობამ სხვა მნიშვნელობები შეიძინა, ეს კი ყოველთვის ვერ ერგებოდა ოფიციალურ იდეოლოგიას. ქართველ ფეხბურთელთა დიდებული გამარჯვებები, საბოლოო ჯამში, აღიქმებოდა ეროვნულ ტრიუმფად და არა – საბჭოთა კავშირის მიღწევად.
როგორც ეროვნული მითების უმეტესობაში, ქართული ფეხბურთის მითოლოგიაშიც ხაზგასმული იყო მისი მრავალწლოვანი მემკვიდრეობა. სინამდვილეში, საქართველოს თავისუფლად შეეძლო ემტკიცებინა, რომ ქართული ფეხბურთი რუსეთიდან შემოსული „მეორადი“ კულტურა არ იყო, რადგანაც იგი აქ პირდაპირ ბრიტანეთიდან შემოვიდა. ინგლისელმა ქარხნების მფლობელებმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფეხბურთი მოსკოვს გააცნეს, დაახლოებით იმავე პერიოდში ინგლისელმა ინდუსტრიალისტებმა და მუშებმა ფეხბურთი საქართველოში, ფოთის შავი ზღვის პორტის მეშვეობით ჩამოიტანეს. ფეხბურთი დამკვირდა საქართველოში მანამ, სანამ ბოლშევიკები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. დამკვირვებლები ხაზს უსვამდნენ ქართული ფეხბურთის მკვეთრად განსხვავებულ სტილს 1925 წლამდე, თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ დაარსებამდეც. 1920-იან წლებში, ქართული ფეხბურთის მოთამაშეებს „დიდ ურუგვაელებს“ უწოდებდნენ, რაც მიუთითებდა როგორც ურუგვაელთა უპირატესობაზე ფეხბურთის სამყაროში, ისე – თამაშის სამხრეთულ სტილზე, ეს უკანასკნელი კი ათლეტურ დისციპლინაზე მეტად ოსტატობას აფასებდა და შეტევებისას, ერთობლივი ძალისხმევის ნაცვლად, იმპროვიზაციას ითვალისწინებდა.
„დინამო თბილისი“, რომელიც, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს წარმოადგენდა, სტალინის პერიოდში „ხელახლა გამოიწრთო“ და დამღად დაესვა სტალინის თანამემამულისა და მეორე გავლენიანი ქართველის, ლავრენტი ბერიას სახელი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. „დინამო“ დაკავშირებული იყო სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან და საიდუმლო პოლიციის აპარატთან, შსსკ-სთან (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მას შემდეგ, რაც ფელიქს ძერჟინკის ინიციატივით ეს ორგანო დაარსდა. საქართველოს მოწინავე „ჩეკისტი“ (საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ოფიცერი), ბერიაც, დიდ როლს თამაშობდა კლუბის განვითარებაში. ქართული გუნდი, რომელმაც პირველი მატჩები 1936 წელს ითამაშა, ბერიას „პირველ საპატიო წევრად“ მიიჩნევდა. „დინამოს“ სტადიონს თბილისში სახელწოდება მის პატივსაცემად ეწოდა.
ზოგჯერ, ბერია დიდი ძალისხმევით ცდილობდა კლუბის მხარდაჭერას. 1939 წელს საბჭოთა თასისთვის გამართულ ნახევარფინალურ მატჩში მოსკოვის „სპარტაკსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, მოსკოვურმა გუნდმა იოლად გაიმარჯვა, თუმცა მატჩი ბათილად ცნეს და განმეორებითი შეხვედრა დანიშნეს. ნიკოლაი სტაროსტინის, „სპარტაკის“ მოთამაშის, თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალაუფლების ძალიან მაღალ და უკვე „არაათლეტურ“ დონეზე, სავარაუდოდ, ბერიას მიერ, რომელიც განაგრძობდა სპორტული კლუბის, „დინამოს“ პრეზიდენტობას, მიუხედავად იმისა, რომ შსსკ-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ჩაუდგა სათავეში. ბერია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა ცენტრისკენ მიიწევდა, მაინც „დინამო თბილისი“ს მგზნებარე მხარდამჭერად რჩებოდა და საქართველოს ფეხბურთისთვის ინსტიტუციური ბაზის შექმნაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა. იგი ზედამხედველობდა გუნდის უმაღლესი ხარისხით კეთილმოწყობის საქმეს და უზრუნველყოფდა, რომ მის გუნდს პრივილეგირებული ადგილი შეენარჩუნებინა საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში.
სტალინის მმართველობის დროს შეხედულებებს გუნდის ეროვნულ თვითმყოფადობაზე მუდმივად ჰქონდა მისწრაფება, არ დაშორებოდა ნახევრად-ოფიციალურ ეთნიკურ იერარქიას. როდესაც ქართველი ფეხბურთელების „ტემპერამენტულ თამაშს“ 1949 წელს მოსკოვში გამოქვეყნებულ გზამკვლევში „ინდივიდუალური ტექნიკური ოსტატობა“ და „საინტერესო ტაქტიკური კომბინაციები“ უწოდეს, სწორედ ეს ამაღელვებელი, უფრო კი, იმპულსური თამაშის სტილი არაპირდაპირი გზით უპირისპირდებოდა დომინანტურ შეხედულებას. მაგალითად, საბჭოელი მეკარის იმიჯს, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად იდგა ნებისმიერი შეტევის სადარაჯოზე და მისგან ადგილი არ ჰქონდა იმპროვიზაციას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „დინამო თბილისი“ს მეკარეც და მწვრთნელიც ხშირად რუსები იყვნენ. ქართულ მხარეს ხშირად საბჭოთა პრესა ახასიათებდა, როგორც არაკანონზომიერ, „სახასიათო გუნდს“. კარის ხაზთან და მწვრთნელის კვადრატში მრავალსახოვანი ქართული არტისტიზმისა და შეუდრეკელი სლავური დისციპლინის დაწყვილება გუნდის ხელმძღვანელებისთვის აღნიშნული პრობლემის გადაჭრის დამაჯერებელი გზა იყო. საკითხის ამგვარი მოგვარება იდეოლოგიურადაც შესაბამისი იყო, იგი ერგებოდა სტალინის განცხადებებს რუსი ერის აღმატებულობის შესახებ.
თბილისის „დინამოს“ ისტორიის ეს პერიოდი 1953 წელს სტალინის გარდაცვალებასთან, ბერიას დაპატიმრებასა და მისი პოლიტიკური მტრების მიერ მისი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებასთან ერთად, დასასრულს მიუახლოვდა. მიუხედავად გუნდის მფარველის განეიტრალებისა, იმ წელს „დინამო თბილისი“ კვლავ ინარჩუნებდა უპირატესობას საფეხბურთო მოედანზე. 4 სექტემბერს, გუნდმა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ფრეც ჰყოფნიდა, მოსკოვის „ტორპედოსთან“ 2:1 მოიგო. თუმცა მოვლენები განმეორდა: როგორც ბერიამ გააბათილა მოსკოვის „სპარტაკის” გამარჯვება 1939-ში, ისე გაბათილდა „დინამო თბილისის“ წარმატება. საბჭოთა პრესამ გამოაცხადა, რომ განმეორებითი შეხვედრა დაინიშნა „დინამოელთა“ ორი ფეხბურთელის „უხეში თამაშის“ გამო. ეს გადაწყვეტილება უსწრაფესად მიიღეს, რაც ცხადყოფს, პოლიტიკურად რამდენად არასასურველად მიიჩნევდნენ პარტიის ლიდერები ქართველების გამარჯვებას, რადგანაც ქართული გუნდის მფარველს სახელმწიფო ღალატი ბრალდებოდა. სამი დღის შემდეგ განადგურებულმა თბილისის „დინამომ“ წააგო მოსკოვის „ტორპედოსთან“ გადათამაშება, შესაბამისად, ნანატრ ტიტულს ვერ დაეუფლა. ქართველმა გულშემატკივრებმა, ბერიაზე არსებული შეხედულებების მიუხედავად, ეჭვგარეშეა, იგრძნეს, როგორ მოპარა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ ჩემპიონობა.
გუნდის სტალინისტურ ავტორიტეტთან მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, „დინამოს“ ტრანსფორაცია სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას გასამართლების შემდეგ, ყველასგან მოულოდნელად, გასაოცრად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იგი რჩებოდა დინამოს მილიციური ორგანიზაციის ნაწილად, გუნდის სახელი შეიცვალა, რადგან ბერიასთან ნებისმიერი მიმართება სახელდებებიდან თუ სახელმძღვანელოებიდან მალევე გაქრა. საბოლოო ჯამში, გუნდი სტალინისტური პოლიტიკის მანქანას გამოეყო და ქართული მასკულინურობის პოსტ-სტალინისტურ იდეალად ტრანსფორმირდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ქართველები მოწინავე პოლიტიკური პოზიციებიდან გაუჩინარდნენ, „დინამო თბილისის“ მოთამაშეები კი ახალი თაობის ახალ გმირებად იქცნენ. ეთნიკურ კომპონენტებზე დამყარებული გუნდის სიმყარემ ცენტრს მოლოდინი გაუცრუა.
პოსტ-სტალინისტურ ეპოქაში გულშემატკივრად ყოფნის გამოცდილებაც შეიცვალა. გავრცელდა გულშემატკივართა ლიტერატურა, ქართული ფეხბურთი პოპულარული ფილმების მთავარ საგნად იქცა, რამაც მისი პრერევოლუციური საწყისების აქტუალიზებას შეუწყო ხელი და მისი ქომაგების უკიდურესი თავდადება გამოაჩინა. მატჩების ტელეტრანსლირებამ მხარდამჭერთა უფრო დიდ აუდიტორიას მოუყარა თავი. ეს უკანასკნელნი „დინამო თბილისს“ ეკრანზე მთლიან საბჭოთა კავშირში უყურებდნენ. გუნდის უნიკალური ოსტატობა რომ შევაჯამოთ, ყველაზე წარმატებული კომენტატორი კოტე მახარაძე იყო, პოპულარული დრამატული მსახიობი საქართველოდან, რომლის თვალშისაცემი ექსპრესია, ფრაზათა პოეტიკა და ორაზროვანი, მძიმე აქცენტები, სხვა საგულისხმო სათქმელთან ერთად, სხეულის ფლობის ქართულ კულტურას არსებითად განსხვავებულ მუსიკალობასთან აკავშირებდა. 1964 წელს, როდესაც თბილისის „დინამო“ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი, გუნდის ახალმა სიმღერამ „ჩვენი ოქროს ბიჭები“, „ორერას“ შესრულებით, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში მოიპოვა პოპულარობა. ტექსტი ყურადღებას ამახვილებს ოცნებებისა და მიზნების ასრულებაზე, თუმცა არც ერთგან ხსენებულა სოციალიზმი ან საბჭოთა კავშირი. გიტარით შესრულებული ტრადიციული ქართული პოლიფონიური ჰარმონია თანამედროვეც იყო და ეროვნულ კულტურაში ღრმად ფესვგადგმულიც.
1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები
ქართველ პრომოუტერთა ძალისხმევით, რომელთა მიერ აქცენტირებული ნაციონალური უნიკალურობა რეზონანსს აძლევდა ქართველ გულშემატკივრებს, ქართული ფეხბურთი უნიკალური მითოლოგემის მატარებელი გახდა, რასაც „დინამო თბილისი“ ვარსკვლავების რეგისტრში აჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს არსებობდა სხვა მეტოქე ქართული კლუბებიც, რომლებიც ლოკალური მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგალითად, ქუთაისის „ტორპედო“, მხოლოდ „დინამო თბილისს“ ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და წარმატებით შეძლო კიდეც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგება. გუნდი ქართული ფეხბურთის სახელს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს მიღმაც იცავდა, შესაბამისად, რუსულ გუნდებთან კონტრასტში ეროვნული განსხვავებულობა უფრო მძაფრ ფორმებში აღიქმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი მთლიანად უცხოური „იმპორტი“ იყო და მის მიერ რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯი სტალინისტურ პატრონაჟს უკავშირდებოდა, „დინამო თბილისის“ წარმატება საფეხბურთო მოედანზე ქართული არტისტიზმის თანდაყოლილი ნაწილი იყო.
ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირმა დაიწყო ქართველ ფეხბურთელთა უნარების მობილიზაცია საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელების დებიუტი 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ჰელსინკიში შედგა. ორმა მნიშვნელოვანმა, თუმცა პოტენციურად ურთიერთგამომრიცხავმა კრიტერიუმმა განაპირობა ნაკრების ფორმირება: გუნდს უწევდა, აერეკლა საბჭოთა კავშირის, როგორც მრავალეთნიკური ერთიანობის, იდეალი ადამიანების „ძმური მეგობრობის“ ილუზიით, მეორე კრიტერიუმი კი მოიცავდა იმას, რომ ეს პროცესი აუცილებლად წარმატებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ადამიანების „ძმური მეგობრობის“ იკონოგრაფიაში რუსებს ძირითადი, წამყვანი როლი ენიჭებოდათ, სხვა ნომინალურ ერებს კი – მხარდამჭერი როლები თავიანთი განმასხვავებელი ხასიათიებითა და ნიშან-თვისებებით. საბოლოო ჯამში, ისინი ერთად აყალიბებდნენ ჰარმონიულ ერთიანობას.
ამგვარად, იდეალური ნაკრები რუსებს მთავარ პოზიციებზე წარადგენდა, დანარჩენი 15 რესპუბლიკის არარუსი მოთამაშეები კი მხარს უბამდნენ მათ (რადგან ფეხბურთში სულ 11 პოზიციაა, პატარა რესპუბლიკების მოთამაშეებს შემცვლელებად ყოფნა შეეძლოთ). სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელიც ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას, სხვაგვარად იყო დაკომპლექტებული: მოსკოვის კლუბების ვარსკვლავები, „დინამო კიევისა“ და „დინამო თბილისის“ ფეხბურთელებთან ერთად, სრულად დომინირებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რაც საბჭოთა ფეხბურთში წარმატების არათანაბრად გადანაწილებას ანარეკლს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საბჭოთა კავშირის მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენდნენ, ისინი მუდმივად გადაჭარბებულად იყვნენ წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის პირველი ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო გუნდში „დინამო თბილისმა“ გაგზავნა მოთამაშეთა მეორე ყველაზე დიდი კონტინგენტი, 6 ფეხბურთელის შემადგენლობით. 1958 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის დებიუტი შედგა, მოთამაშეთა ერთ მეხუთედს ქართველები შეადგენდნენ „დინამო თბილისიდან“. ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირის დაშლამდე გრძელდებოდა. 1972 წლამდე საბჭოთა კავშირის გუნდის კაპიტანი იყო მოსკოვური კლუბიდან, 1972 წლიდან იგი ჩანაცვლდა ქართველი მცველით, მურთაზ ხურცილავათი. 1980 წელს კი პოზიცია მისმა გუნდელმა, ალექსანდრე ჩივაძემ დაიკავა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოსკოვური კლუბების ფეხბურთელების გვერდით „დინამოკიევისა“ და „დინამო თბილისის“ ფეხბურთელების ზედმეტად წარმოჩენა. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მწვრთნელის, გავრილ კაჩალინის, მოხსენების თანახმად, საბჭოთა კავშირის გუნდის ძირითადი ნაწილი ოთხი საბჭოთა კლუბისგან შედგებოდა: მოსკოვის „სპარტაკი“, კიევის „დინამო“, თბილისის „დინამო“ და „ცე ეს კა“ (მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) . სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას სხვა გუნდების პასიურად წარმოჩენის გამო. ამის საპირისპიროდ, ქართველები საკუთარ წარმატებაზე მუდმივად ტრაბახობდნენ. 1970 წელს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის შეხვედრაზე ქართველმა დელეგატმა, ცომაიამ, აღნიშნა, რომ ქართული მოდელის გამოყენება სხვა რესპუბლიკებსაც შეეძლოთ: „იქნებ ზუსტად ისევე გამოგვეტანა მთავარი საკითხები ქვეყნის გარეთაც, როგორც ამას რესპუბლიკის შიგნით ვახერხებთ. ფეხბურთის ქართველ მოთამაშეთა დიდი ნაწილი მთელი საბჭოთა კავშირისა და ახალგაზრდული გუნდებისთვის თამაშობს“. ცომაიას ხმამაღალი განაცხადით ნაწყენმა ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ გრანატკინმა დასძინა: „იმიტომ, რომ თქვენ ზამთარი არ გაქვთ!“
წნეხი კიდევ უფრო დიდი იყო იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებას ვერ აღწევდა. გუნდი მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს, გავიდა ნახევარფინალში მსოფლიო თასზე, სადაც მან 1:2 წააგო აღმოსავლეთ გერმანიასთან. ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა პრესა მუდმივად ხაზს უსვამდა იმ კოლექტიურ ძალას, რომელიც ნაკრებს ჰქონდა, გულშემატკივრები კი სლავური გუნდების დისციპლინურ და ათლეტურ სტილსა და ქართველთა სიმარდესა და საზრიანობას შორის ჰარმონიული სინთეზის მიღწევაზე ოცნებობდნენ. ეს სინთეზი კი არასდროს შემდგარა. მსგავს პრობლემებს, ძირითადად, სხვა ეროვნული გუნდებიც აწყდებოდნენ: რთული იყო ეროვნული და საკლუბო ტურნირების განრიგის შეთავსება, საკლუბო ორგანიზაციები უფრო სტაბილური და სტრუქტურირებული იყო. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში თანდათან ძლიერდებოდა შეშფოთება, რადგან ეროვნული ნაკრების დაბალი შედეგიანობა ძირს უთხრიდა მთელი ქვეყნის ოფიციალურ იდეოლოგიურ მესიჯს მრავალეთნიკური ჰარმონიულობის შესახებ. ალტერნატივა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ითვალისწინებდა ევროასპარეზზე გუნდების წინ წამოწევას და მათი წარმატებისთვის ბრძოლას. საკლუბო გუნდებმა მართლაც მიაღწიეს რამდენიმე შთამბეჭდავ საერთაშორისო წარმატებას: მაგალითად, „დინამო კიევმა“ ევროპის მოწინავე გუნდები დაამარცხა თასების მფლობელთა თასზე 1975 წელს. მათი წარმატება იმის საწინდარი გახდა, რომ ეფიქრათ ამ გუნდის საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების საბაზისო კლუბად გადაქცევაზე. თუმცა, „დინამო კიევმა“ ვერ შეძლო საკუთარი თავის ამგვარად წარმოჩენა. კლუბის იდენტობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მისივე მწვრთნელზე ვალერი ლობანოვსკი ფეხბურთის მიმართ ჰიპერ-რაციონალური მიდგომით გამოირჩეოდა. ასეთი რეპუტაცია შეიძლება დამსახურებული არც ყოფილიყო, თუმცა მწვრთნელთან და მის გუნდთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი სტერეოტიპი არსებობდა.
ვალერი ლობანოვსკი განასახიერებდა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ გაჩენილ არასასურველ ტიპაჟს; უცხოელი ჟურნალისტები მას უემოციო ადამიანად ახასიათებდნენ და მის მოთამაშეებს დაცინვით „სპუტნიკებსა“ და „რუს რობოტებს“ უწოდებდნენ. ამის გამო, თითქმის შეუძლებელი იყო „დინამო კიევის“ მოთამაშეებისთვის, მორგებოდნენ ეროვნული ნაკრების და, იმავდროულად, კლუბის საჭიროებებს. გარდა ამისა, დამატებითი მატჩებისა და ვარჯიშების გამო, ისინი გადაღლილები იყვნენ. „დინამო კიევის“ ბაზაზე ნაკრების დაკომპლექტების მცდელობა 1978 წელს, საბოლოოდ მაშინ ჩაიშალა, როდესაც საბჭოთა ნაკრებმა ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა.
„დინამო თბილისი“ საბჭოთა ფეხბურთში ისეთ მოწინავე და დომინანტ პოზიციაზე არასდროს ყოფილა, როგორზეც – „დინამო კიევი“. საფეხბურთო მოედანზე ქართველთა განსხვავებულობა უკეთ ერგებოდა საბჭოთა იდეოლოგიურ საჭიროებებს ცივი ომის პერიოდში. უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, „დინამო თბილისის“ ვარსკვლავებს ახასიათებდნენ, როგორც იმპროვიზაციის უნარის მქონე და ინდივიდუალისტ მოთამაშეებს. „დინამო თბილისის“ მოთამაშეები, როგორც საბჭოთა კავშირის არა-რუსი და არა-სლავი წარმომადგენლები, პოსტ-კოლონიურ სამყაროში კულტურული ელჩის როლს ასრულებდნენ. მათ თამაშს ხშირად ამსგავსებდნენ თამაშის სამხრეთულ სტილს, რომელსაც, თავის მხრივ, ლათინური ამერიკის ქვეყნების გუნდები იყენებდნენ. ხშირად ქართველები მოლოდინებსაც ამართლებდნენ. ამხანაგური მატჩებისას მათ ბრაზილია და არგენტინა ხშირად ტაშით ეგებებოდნენ. 1961 წელს ავთანდილ ღოღობერიძე, „დინამო თბილისის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კუბაში გაგზავნეს ფიდელ კასტროსთან შესახვედრად. როგორც ფოტოებზე ჩანს, შეხვედრაზე ქართველები კასტროსთან ერთად პოზირებდნენ, ამ უკანასკნელს კი ქართული ტრადიციული ქუდი ეხურა. უფრო ცნობილ ფოტოზე, რომელიც 1965 წელს საბჭოთა ნაკრებსა და ბრაზილიურ ეროვნულ გუნდს შორის მეგობრული მატჩის დროსაა გადაღებული, ასახულია ოთხი ქართველი ვარსკვლავი საბჭოთა გუნდიდან: ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გიორგი სიჭინავა. ისინი წელს ზემოთ შიშველ პელესთან, მსოფლიოს სახელგანთქმულ ფეხბურთელთან, ერთად დგანან. ფოტომ, რომელიც საბჭოთა პრესამ მთელს საბჭოთა კავშირში გაავრცელა, აჩვენა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ქართველები ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას. ამავე ფოტომ დაუკავშირა ქართველები ფეხბურთის სამხრეთული თამაშის სტილის იდეას, თუმცა მსოფლიო მასშტაბით, რაკი საბჭოთა მოქალაქეებს მაინც რუსებად აღიქვამდენენ, ამ ხაზს განსაკუთრებული რეზონანსი ვერ ექნებოდა.
პელე და ქართველი ფეხბურთელები
წესით, „დინამო თბილისის“ წევრებს უნდა ეჩვენებინათ ქართველების განსხვავებულობა და, ამავდროულად, საბჭოთა კავშირის მრავალეთნიკური ერთიანობა. ზოგჯერ პირადი, ეროვნული და პან-საბჭოური ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ხშირ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელები საწყის ეტაპზე დიდი მონდომებით ცდილობდნენ, სახელმწიფოს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის გარეთ გასვლა შესაძლებელი გახდა. ეს კი არ იყო ხელმისაწვდომი საბჭოთა კავშირის რიგითი მოქალაქისთვის. ღოღობერიძე 1954 წელს პარიზში პირველი ვიზიტის გახსენებისას ამბობს: „საერთაშორისო მატჩი“ – ამ სიტყვებს იმ წლებში და შემდეგაც ჯადოსნური ელფერი დაჰკრავდა“.
ათწლეულების გასვლის შემდეგ გუნდის ადგილობრივმა და საერთაშორისო წარმატებებმა „დინამო თბილისის“ მოთამაშეებსა და მათ გულშემატკივრებში თავდაჯერებულობა გააძლიერა. გუნდმა საბჭოთა ლიგის ტიტული მეორედ 1978 წელს მოიგო და ეს მიღწევა 1976-სა და 1979 წლებში საბჭოთა თასზე გამარჯვებით განამტკიცა. საერთაშორისო არენაზე განსხვავებული სტილით თამაშმა გუნდი ევროპის მოწინავე გუნდებს შორის ჩააყენა და საბჭოთა ოფიციოზმაც და ფეხბურთელებმაც აღიარეს, სწორედ „დინამო თბილისმა“ დაადგინა ის სტანდარტები, რითიც საერთაშორისო ასპარეზზე სხვა საბჭოელი ფეხბურთელები შეფასდებოდნენ. შესაბამისად, ევროთასის მატჩზე „დინამო თბილისის“ 3-0 გამარჯვება „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რომელიც 1979 წელს თბილისში, 90.000 მხარდამჭერის წინაშე შედგა, წარმატებულობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა ამაყად გაიმეორეს „ლივერპულის“ მენეჯერის, ბობ პეისლის ციტატა, რომ ის „დინამო თბილისის“ თამაშის ხარისხმა „სასიამოვნოდ გააოცა“.
„დინამო თბილისმა“ საკლუბო ისტორიაში უდიდესი წარმატება იენას „კარლ ცაისის“ დამარცხებითა და 1981 წელს თასების მფლობელთა თასის აღმართვით მოიპოვა. სინამდვილეში, ეს ნაკლებად პრესტიჟული გამარჯვება იყო, ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებასთან შედარებით. თანაც „დინამომ“ აღმოსავლეთ გერმანიის სოციალისტური კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და არა – დასავლეთ ევროპის რომელიმე სახელოვან მეტოქესთან. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის ფარგლებში, რომელსაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში, საქართველოსთვის ეს მოვლენა დიდ წარმატებასთან ასოცირდებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ და მხარდამჭერებმა მოითხოვეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ ეს გამარჯვება. ლეონიდ ბრეჟნევი წერდა: „ტყულად არ ვგულშემატკივრობდით ყველა [„დინამო თბილისს“]” და იქვე დასძენდა, რომ გამარჯვება მთელი საბჭოთა კავშირის მონაპოვარი იყო. ქართველები კი გუნდის წარმატებას უფრო ეროვნულ ტრიუმფად მიიჩნევდნენ. წერილებისა და ტელეგრამების ზღვა გუნდს გამარჯვებას ულოცავდა, მათ შორის ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც კომის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, გამოაცხადა: „ამიერიდან ევროპული ფეხბურთი ქართული აქცენტით ალაპარაკდება“.
1981 წლის "თასების მფლობელთა თასის" გამარჯვებული გუნდი
1981 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებამ „დინამო თბილისს“ ახალი შესაძლებლობა მისცა, რომ საბჭოთა მრავალეთნიკურობის იერარქიები გადაელახა და „სახასიათო გუნდის“ რეპუტაცია შეეცვალა. როდესაც გუნდმა 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული პირველად მიიღო, თბილისის „დინამოს“„ოქროს ბიჭების“ წარმატება რუს მწვრთნელს, გავრილ კაჩალინს დაუკავშირდა. ნიკოლაი სტაროსტინის აზრით, კაჩალინი იყო ის, ვინც „ოსტატურად მიჰყვა ამ გზას, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებდა გამარჯვებამდე მიყვანას, რასაც იგი გუნდის ფსიქოლოგიურად გაძლიერებით ცდილობდა”. „დინამოთბილისის” 1981 წლის გუნდს წარმატებით წვრთნიდა ქართველი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი. „უეფას თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების შემდეგ, „პრავდას“ ჟურნალისტები გუნდის ტემპერამენტულ რეპუტაციას წარსულ დროში იხსენიებდნენ და წერდნენ: „აქამდე „დინამო თბილისი“ მოიხსენიებოდა, როგორც სახასიათო გუნდი, რომელსაც შეეძლო ძლიერი მეტოქის დამარცხება შთამბეჭდავი სტილით და, ამავე დროს, მოუმზადებლობის გამო მომდევნო მატჩი უარეს გუნდთან წაეგო.” სახელგანთქმული რუსი ფეხბურთელი, ვალენტინ ივანოვი იმ პერიოდის შესახებ აღნიშნავდა, რომ გუნდის იმპროვიზაციის უნარი საბოლოოდ შეერწყა ეფექტურ ორგანიზებულობას.
საქართველოში დაბრუნებული „დინამო თბილისის“ მოთამაშეები თვითმფრინავიდან ხელში აყვანილები ჩამოჰყავდათ გულშემატკივრებს. მხარდამჭერები მათ ეროვნულ გმირებად მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით ყველა ფეხბურთელი, თასთან და ათიათასობით მხარდამჭერთან ერთად, აღლუმს შეუერთდა. საზეიმო სიმღერამ, რომელიც ქართულმა საბჭოთა ანსამბლმა, „ივერიამ“ ჩაწერა და რომელიც ჰარმონიულად აერთიანებდა როკსა და ქართულ პოლიფონიას, ქართველთა ეს წარმატება უკვდავყო. სიმღერის ქართული ტექსტი თითქმის არ ტოვებდა ეჭვს, რომ გუნდის მიღწევა ეროვნული ბუნებით იყო გაპირობებული. ავტორი აქებდა „დინამო თბილისის“ „ბიჭებს“, რომელთა წარმატებამ სახელი გაუთქვა საქართველოს. მათი წარმატება ჰგავდა მთებსა და ველებზე დაცემულ კაშკაშა შუქს. ეს სენტიმენტი გაიმეორა დავით ყიფიანმა, 1981 წლის გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, რომელმაც საერთაშორისო მატჩები მოიყვანა საკუთარი სიძლიერის დამტკიცებისა და ქართული ეროვნული ხასიათის ხაზგასასმელად. ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას, ყიფიანი ხსნიდა: „გასახსენებლად ღირს ის, რომ ფეხბურთი არ მოიცავს მხოლოდ ფინტებს, დრიბლინგსა და პასებს. ფეხბურთი სხვადასხვა ხასიათის და ინდივიდუალური თავისებურებების შეჯიბრია. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, ეროვნულია.”
„დინამო თბილისის“ წარმატებებმა ის დაძაბულობები გააცხადა, რომლებიც ქართული ფეხბურთის მიმართ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მოლოდინს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა იდეოლოგიური მიზნების მიღწევას. საქართველოს რესპუბლიკის გარეთ მყოფი ზოგიერთი საბჭოთა დამკვირვებლისთვის თბილისის „დინამოს“ მიღწევები და გულშემატკივართა დამოკიდებულობა რუსულ დომინირებასა და პან-საბჭოთა სოლიდარობას მზარდ გამოწვევებს უსახავდა. ქართველი ფეხბურთელების დაფასება საბჭოთა ნაკრებში შეტანილი კონტრიბუციის გამო კვლავ გრძელდებოდა, თუმცა „დინამო თბილისის“ გამარჯვებები მათი „დიდი მოძმე რესპუბლიკების“ კლუბების მხრიდან ხშირად ხდებოდა სიბრაზის საგანი.
„დინამოს“ ქართველმა მხარდამჭერებმა მრავალეთნიკურ სოციალისტურ სახელმწიფოში ჯიუტი და საყოველთაოდ დადგენილი ყოფა-ქცევის ნორმებს აცდენილი გულშემატკივრის რეპუტაცია შეიძინეს. 1971 წელს, საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელმა გაზეთში, „Советсий Спорт“, „დინამო თბილისის“ მხარდამჭერების რეპუტაციაზე ისაუბრა და მათ ემოციურობა და ქედმაღლური თავშეუკავებლობა მიაწერა. სწორედ ამ დროს, ქართული სპორტის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე უფრო მეტი ეთქმოდათ, რადგან მოთამაშეებს თვითონ იწვევდნენ ნაკრებში სათამაშოდ, ამასთანავე, ისინი „დინამო თბილისის“ ინტერესებს იცავდნენ. აქვე ქართველმა დელეგატმა პრაქტიკულად ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. დელეგატმა ახსნა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა უფლება, რომ მოთამაშეთათვის რეკომენდაციის სახის რჩევები მიეცა, თუმცა „სუვერენული რესპუბლიკის სპორტის კომიტეტისთვის გარედან მოთხოვნების წაყენება მისივე კონსტიტუციით უმართებულო და შეურაცხმყოფელი იყო“.
„დინამო თბილისთან“ პოლიტიკურად დაკავშირებული მფარველები ადგილობრივ კონტროლს რესპუბლიკის დონის ინსტიტუციების არაფორმალური გამოყენებით ამყარებდნენ. როდესაც გუნდის მეკარის სავარაუდო პოზიციაზე მყოფი ანზორ კავაზაშვილი გუნდის დატოვებას ფიქრობდა, რომ რუსეთში ეთამაშა, მას არ მისცეს თვითმფრინავის ბილეთის ყიდვის უფლება, ამიტომაც მას საქართველოს დატოვება შენიღბულად, მეგობრის სახელზე აღებული ბილეთით მოუწია. საქართველოს სუკ-ის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) წარმომადგენლებმა მის კვალს ლენინგრადში მიაგნეს და ბინაში მიაკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ჩინოვნიკებმა მიდგომები შეარბილეს მას შემდეგ, რაც კავაზაშვილმა ოფიციალურად დაიწყო რუსეთში თამაში, ისინი მაინც იყენებდნენ არალეგალურ არხებს, რათა ის იძულებით დაებრუნებინათ უკან. მოსკოვის „სპარტაკში“ თამაშისას კავაზაშვილმა სატელეფონო ზარი მიიღო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელის, გივი ჩოხელისგან, რომელთან ერთადაც ის საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩოხელმა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრმა სთხოვა, პირდაპირ დაკავშირებოდა კავაზაშვილს, ჰკითხა მას: „არ გინდა, რომ შენმა მშობლებმა სიბერეში კარგად იცხოვრონ?” კავაზაშვილი იძულებული გახდა, თბილისს დაბრუნებოდა, მაგრამ მალევე განაცხადა უარი, რადგანაც მას არ ჰქონდა გარანტია, რომ „დინამოში“ იგი ძირითადი მეკარის პოზიციას დაიბრუნებდა.
ანზორ კავაზაშვილი
„დინამო თბილისის“ მხარდამჭერები წუხდნენ იმაზე, რომ გუნდი საერთაშორისო აღიარებას არა საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვებდა. ქართული ეროვნული რეპერტუარი, რომელიც ფეხბურთის თამაშის განსხვავებულ სტილს ნაცნობ ქართულ ცეკვასთან აკავშირებდა, ადვილი შესამჩნევი იყო საბჭოთა მაყურებლების მიერ. თუმცა მცდელობები, რომ ქართულ ფეხბურთს საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ მრავალეთნიკურობა წარმოეჩინა, დამოკიდებული იყო რეპერტუარის სიცხადეზე საერთაშორისო სცენაზე. ზოგიერთი უცხოელი მკვლევარი ქართულ ფეხბურთს ისე აღიქვამდა, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. მაგალითად, ფრანგი ჟურნალისტი 1964 წლის „დინამო თბილისის“ გუნდს განიხილავდა, როგორც „სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ტრადიციების საუკეთესო აღმოსავლურ წარმომადგენელს”. ქართული ეროვნული თვითმყოფადობა საფეხბურთო მოედანზე ხშირად არ იყო შესამჩნევი საერთაშორისო მიმომხილველებისთვის. ზოგიერთი ქართველი გულშემატკივარი იმაზე დარდობდა, რომ, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის გამო, „დინამო თბილისის“ გუნდი უცხოელისთვის რუსებისგან შემდგარ გუნდად აღიქმებოდა. ისინი განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდნენ, როცა პუბლიკაციები, მაგალითად, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ საინფორმაციო ბიულეტენი, 1981 წელს გამარჯვებული „დინამო თბილისის“ მოთამაშეებს მოიხსენიებდა „რუსებად“ ან „საბჭოელებად“, თითქოს ეს შესატყვისები ერთმანეთის ეკვივალენტური ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მიღებული იყო რუსეთისა და საბჭოთა კავშირის გაიგივება, მაგრამ, რადგანაც საბჭოთა მოქალაქეები ასე თუ ისე მკაფიოდ წარმოაჩენდნენ ეროვნულ მახასიათებლებს, ქართველი გულშემატკივრები უცხოელთა მიერ აღიარების ნაკლებობას მათი გუნდის უუნარობას კი არ აბრალებდნენ, არამედ იმას, რომ მსოფლიო არენაზე ასპარეზობა საქართველოს სახელით არ უწევდათ.
1990 წელს, „დინამო თბილისი“ სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციიდან გამოვიდა და სახელიც გადაირქვა. „იბერია“ აღმოსავლეთ საქართველოს ანტიკური სამეფოს სახელი იყო. ქართველ ფეხბურთელთა ძალისხმევა, რომ მათი საერთაშორისო წარმატება მოსკოვისგან გაემიჯნათ, უკავშირდებოდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის იდეის ხაზგასმასაც. ქართველი ჟურნალისტი რესპუბლიკის მთავარ გაზეთში 1990 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას იხსენიებდა, როგორც იმპერიულ სტრუქტურას, რომელიც საქართველოს ხელს უშლიდა, „გაეღწია საერთაშორისო არენაზე“. ფეხბურთსა და ცეკვას შორის კავშირის განხილვისას ავტორმა აღნიშნა, რომ ქართველები იძულებული იყვნენ, ეთმინათ უცხოური პრესის განცხადებები ქართულ გუნდზე, როგორც „რუს შემსრულებელზე“. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ცენტრალური უსაფრთხოების ორგანოები ხელს უწყობდნენ „დინამო თბილისის“ განვითარებას, ქართული ფეხბურთი იქცა მზარდი ეროვნული მუხტის ერთ-ერთ კერად.
1990 წლის 30 მარტი, საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მიმართავს "დინამოს" სტადიონზე შეკრებილ აუდიტორიას
წარმატებული საბჭოთა გუნდის ჩამოყალიბებისას განცდილი მარცხი მრავალეთნიკური საბჭოთა იმპერიის ხარვეზებს ირეკლავდა, რაც უფრო ცხადი ხდებოდა პოსტ-სტალინურ ეპოქაში. ნაკრების იდეის სისრულეში მოყვანა კი მეტად რთულდებოდა, რადგან რესპუბლიკები ცდილობდნენ, საკუთარი დღის წესრიგით ეხელმძღვანელათ როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად, იმავდროულად კი, სპორტის ცენტრალურ ხელმძღვანელობას უწევდა იმ გუნდების კოორდინირება, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფო სამინისტრო უჭერდა მხარს. ხელისუფლების მხრიდან რესპუბლიკურ გუნდებზე ნდობამ, რომ მათ საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირი წარმოეჩინათ, მას შემდეგ იწვნია მოსალოდნელი მარცხი, რაც მოსკოვმა გუნდი დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით განავითარა, თუმცა, იმავდროულად, მათი საერთაშორისო მონაწილეობის პირობებსა და ფულად შემოსავლებს აკონტროლებდა.
საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატებების გამო, ქართველები უფრო გამბედავები გახდნენ – მეტი დამოუკიდებლობა და უკეთესი ხელფასები მოითხოვეს. მსგავსი ტიპის ამბიციებით გამსჭვალულმა საქართველომ თბილისში 1988 წელს ჩამოაყალიბა საბჭოთა კავშირის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, „მრეტები“. მიუხედავად ამისა, პოსტ-საბჭოთა საქართველოში არსებულმა მძიმე რეალობამ სამხრეთ ამერიკული სტილის ფეხბურთის სამოთხეზე ოცნება მეტად შორეული გახადა. სწორედ ეს პროცესია ასახული ფილმში: „მე, პელეს ნათლია!“ ამ ფილმში შუახნის ქართველი კაცი მოგზაურობს თბილისსა და დიდებულ ბრაზილიაში, ფეხბურთის ლეგენდებით, ნახევრად-შიშველი ქალებითა და საკარნავალო წვეულებებით სავსე ქვეყანაში. იგი საქართველოში ჩამოდის ისტორიებით, თუ როგორ დაუმეგობრდა ის პელეს მამას და მის შვილს, მომავალი ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფეხბურთის თამაში ასწავლა. მიუხედავად ამისა, თბილისში მისი ცოლი ამ ისტორიებით გაკვირვებული არ დარჩენილა. მისმა კრედიტორებმა მისი დევნა დაიწყეს, ის კი მიზერული ხელფასის ანაბარა დარჩა სამსახურში, სადაც ის საქართველოს ელექტრო-ინფრასტრუქტურას ამოწმებდა.
რეალურად, ფეხბურთის ნიჭის მქონე ქართველთა უმეტესობამ ქვეყანა დატოვა. გლობალიზაციის ტრენდმა, რომელიც ცივი ომის დასრულებას მოჰყვა, გაცილებით მარტივი და ხელსაყრელი გახადა უცხოურ გუნდებში გადასვლის შესაძლებლობა. საქართველოში 1991-1993 წლის სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, თბილისის „მრეტების“ წამყვანი მოთამაშე და იმედი, გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა 2 მილიონ გირვანქად.
გიორგი ქინქლაძე
კავშირი აღნიშნულ ორ ფენომენს შორის საკმაოდ უმნიშვნელო იყო, თუმცა ცივი ომის შემდეგ გაცილებით რთული გახდა, ფეხბურთს ეროვნული ხასიათი წარმოეჩინა. ლეგენდარული კლუბები ერთმანეთის მიყოლებით იყიდეს უცხოელმა ინვესტორებმა. ამან გამოიწვია ის, რომ ინგლისურ პრემიერ ლიგაში ფეხბურთელთა მხოლოდ მესამედია ინგლისელი და წლიდან წლამდე ტენდენცია კლებისკენ მიდის. ევროპის ეროვნული გუნდების კონცეფცია საკმაოდ შეიცვალა, გახდნენ უფრო განსხვავებულები, აქცენტი გაკეთდა ემიგრანტებსა და უმცირესობებზე. ამ გუნდებს ბევრი სწორედ მულტიკულტურალიზმის გამო აქებდა, თუმცა ზოგი მათ ეროვნული ჰომოგენურობის მიუღწევლობის გამოც აკრიტიკებდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრაზილიური ეროვნული გუნდის მსგავსი თამაშის სტილის კონცეფცია წარმატებული ტრენდის მითად უფრო იქცა, ვიდრე საფეხბურთო მოედანზე გუნდის რეალური ტექნიკის რეფლექსიად. სანამ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველო ცდილობდა ფეხბურთი აღექვა, როგორც ეროვნული ინსტიტუცია, თამაშის წესები შეიცვალა.
__________________________________________________________________________________________________
გამოყენებული წყაროები:
[1] N. Dumbadze, M. Karchava, Z. Bolkvadze, and G. Pirtskhalava, “Dinamo” Tbilisi (Tbilisi: Soiuz zhurnalistov Gruzii, 1960).
[2] Dekada gruzinskogo iskusstva i literatury v Moskve: Sbornik materialov (Tbilisi: Zaria vostoka, 1959), 247.
[3] Benedict Anderson, Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism (London: Verso, 1991).
[4] Robert Edelman, “A Small Way of Saying ‘No’: Moscow Working Men, Spartak Soccer, and the Communist Party, 1900–1945,” American Historical Review 107, no. 5 (2002): 1441–1474.
[5] On Dinamo Kiev, see Manfred Zeller, “‘Our Own Internationale,’ 1966: Dynamo Kiev Fans between{not capitalized in original title} Local Identity and Transnational Imagination,” Kritika: Explorations in Russian and Eurasian History 12, no. 1 (2011): 53–82.
[6] I am grateful to Robert Edelman{changed to be consistent with other endnote entries} for his observation regarding Dinamo Tbilisi’s name.
[7] On the history of Georgia’s folk-dance ensembles, see Erik R. Scott, Familiar Strangers: The Georgian Diaspora and the Evolution of Soviet Empire (New York: Oxford University Press, 2016).
[8] On the cultivation of football by Soviet and post-Soviet political leaders, see Régis Genté and Nicolas Jallot, Futbol: Le ballon rond de Staline a Poutine, une arme politique (Paris: Allary Éditions, 2018). The book’s authors, French journalists, draw on an earlier, unpublished version of this essay, as well as a podcast interview I gave in 2015, in their discussion of Georgian football. For the interview, see Erik R. Scott, “Georgian Football,” Sport in the Cold War (podcast), episode 8, December 2015, http://digitalarchive.wilsoncenter.org/resource/sport-in-the-cold-war/episode-08-georgian-football.
[9] The term “beautiful game” entered international parlance with Brazil’s victory in the 1958 World Cup. Richard Giulianotti, Football: A Sociology of the Global Game (Cambridge, UK: Polity Press, 1999), 26.
[10] Eduardo P. Archetti, Masculinities: Football, Polo, and the Tango in Argentina (Oxford: Berg, 1999); Roger Alan Kittleson, The Country of Football: Soccer and the Making of Modern Brazil (Berkeley: University of California Press, 2014).
[11] Archetti, Masculinities, 162.
[12] Damion Thomas, “Playing the ‘Race Card’: US Foreign Policy and the Integration of Sports,” in East Plays West: Sport in the Cold War, ed. Stephen Wagg and David L. Andrews (London: Routledge, 2007), 207–221.
[13] Otar Gagua, Boris Paichadze, ed. D. Kvaratskhelia, trans. G. Akopov (Tbilisi: Ganatleba, 1985), 10.
[14] Mindia Mosashvili, maradiuli dghesastsauli [The Eternal Holiday](Tbilisi: khelovneba, 1982), 25.
[15] The term chekist came from a predecessor to the NKVD, the VChK (All-Russian Extraordinary Commission), and continued to be used to refer to those who worked for the NKVD’s successor organizations, including the KGB (Committee for State Security).
[16] Otchety o rabote otdelov TsK KP Gruzii, 1936, sakartvelos shinagan sakmeta saministro arkivi [Archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia], Tbilisi, f. 14, op. 8, d. 172; Futbol’naia komanda “Dinamo” Tbilisi (Tbilisi: Izdatel’stvo Gruzpromsoveta, 1940).
[17] Nikolai Starostin, Zvezdy bol’shogo futbola (Moscow: Fizkul’tura i sport, 1969), 68–74.
[18] Nashi futbolisty: Dinamo Tbilisi (Moscow: Fizkul’tura i sport, 1949), 8. On the Soviet goalkeeper, see Mike O’Mahony, Sport in the USSR: Physical Culture—Visual Culture (London: Reaktion, 2006), 140–144.
[19] Gagua, Boris Paichadze, 100.
[20] Sovetskii sport, September 8, 1953.
[21] Drawing on his interview with Aksel’ Vartanian, Robert Edelman advances this argument in Spartak Moscow: A History of the People’s Team in the Worker’s State (Ithaca, NY: Cornell University Press, 2009), 207–209.
[22] The movies referenced arepirveli mertskhali [The First Swallow] (1975) and burti da moedani [Ball and Pitch] (1961).
[23] “chveni okros bichebi!” [“Our Golden Boys!”] YouTube, June 14, 2013, https://www.youtube.com/watch?v=EpUKGOG51KI.
[24] Proekty postanovlenii po voprosam podgotovki sovetskikh sportsmenov k Olimpiade v Khel’sinki, February 21, 1952, Rossiiskii gosudarstvennyi arkhiv sotsial’no-politicheskoi istorii [Russian State Archive of Socio-Political History], (RGASPI), Moscow, f. 17, op. 132, d. 571.
[24] Materialy zasedanii prezidiuma Federatsii futbola SSSR, 1969, Gosudarstvennyi arkhiv Rossiisskoi Federatsii [State Archive of the Russian Federation] (GARF), Moscow, f. R-7576, op. 31, d. 296, l. 75.
[25] Materialy zasedanii prezidiuma Federatsii futbola SSSR, 1969, Gosudarstvennyi arkhiv Rossiisskoi Federatsii [State Archive of the Russian Federation] (GARF), Moscow, f. R-7576, op. 31, d. 296, l. 75.
[26] See, for example, Stenogramma otchetno-vybornogo plenuma Soveta Federatsii futbola, January 25, 1968, GARF, f. R-9570, op. 4, d. 87, ll. 61–112.
[27] Stenogramma plenuma Soveta Federatsii futbola SSSR, February 4, 1970, GARF, f. R-7576, op. 31, d. 660, ll. 25–51.
[28] Robert Edelman, Serious Fun: A History of Spectator Sports in the USSR (New York: Oxford University Press, 1993), 136.
[29] Lobanovksii is defended in Hans-Joachim Braun and Nikolaus Katzer, “Training Methods and Soccer Tactics in the Late Soviet Union: Rational Systems of Body and Space,” in Euphoria and Exhaustion: Modern Sport in Soviet Culture and Society, ed. Nikolaus Katzer, Sandra Budy, Alexandra Köhring, and Manfred Zeller (Frankfurt am Main: Campus Verlag, 2010), 269–294.
[30] Ibid., 283.
[31] Edelman, Serious Fun, 175.
[32] Valentin Bubukin, “Gody letiat bystree miachei,” Sportivnaia zhizn’ Rossii 8 (2005).
[33] Avtandil Gogoberidze, S miachom s trideviat’ zemel’ (Tbilisi: Soiuz zhurnalistov Gruzii, 1965), 142.
[34] Ibid., 48.
[35] Federatsiia sportivnykh zhurnalistov Gruzii, Voskhozhdenie kubku: spravochnik (Tbilisi: TsK KP Gruzii, 1981), 56–57.
[36] Ibid., 104.
[37] Starostin, Zvezdy bol’shogo futbola, 308.
[38] Federatsiia sportivnykh zhurnalistov Gruzii, Voskhozhdenie kubku, 95.
[39] Ibid., 91.
[40] dinamo-dinamo,” YouTube, October 24, 2009, https://www.youtube.com/watch?v=8lUX37PMw8o {lower-case “d” should be kept as it reflects Georgian usage}
[41] Guram Pandzhikidze, Dinamo, Dinamo, Dinamo!,trans. S. N. Kenkishvili (Rostov-on-Don: SKNTs VSh IuFU, 2011), 55–56.
[42] Stenogramma plenuma Soveta Federatsii futbola SSSR, January 25, 1971, GARF, f. R-7576, op. 31, d. 1013, l. 96.
[43] Ibid., l. 94.
[44] Anzor Kavazashvili, Ispoved’ futbol’nogo maestro (Moscow: Ianus-K, 2010), 35.
[45] Ibid., 49.
[46] Alastair Watt, “Dinamo Tbilisi and the Quest for the Champions League,” Futbolgrad, July 14, 2014, http://futbolgrad.com/dinamo-tbilisi-quest-champions-league.
[47] Ibid.
[48] Edelman, Serious Fun, 241–242
[49] Leonard Shengelaia, “O futbole, i ne tol’ko o nem,” Zaria vostoka,November 28, 1990.
[49] “Kak tbilisskoe ‘Dinamo’ kinulo ‘Mretebi,’” Tribuna, February 27, 2013, http://www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/427739.html.
[50] “Kak tbilisskoe ‘Dinamo’ kinulo ‘Mretebi,’” Tribuna, February 27, 2013, http://www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/427739.html.
[51] David Clayton, Everything Under the Blue Moon: The Complete Book of Manchester City FC—and More! (Edinburgh, UK: Mainstream, 2002), 122.
[52] “State of the Game: How UK’s Football Map Has Changed,” BBC News, October 10, 2013, https://www.bbc.com/news/uk-24464020
[53] See Lindsay Sarah Krasnoff, The Making of Les Bleus: Sport in France, 1958–2010 (Lanham, MD: Lexington Books, 2013).
[54] See Kittleson, The Country of Football, 165–211
___
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.