08 სექტემბერი 2020
ავტორები: მეგი ქარცივაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ანალიტიკოსი, რუსეთის კვლევების მაგისტრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
ანტონ ვაჭარაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ზოგადი კონტექსტი[1]
ლენინსა და სტალინს ისევე, როგორც მარქსს, მიაჩნდათ, რომ ნაციონალიზმი ბურჟუაზიული მოვლენა იყო. მათი აზრით, ერთი მხრივ, ნაციონალიზმი იყო სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გამოვლენა ნაციონალისტური ფორმებით, მეორე მხრივ კი ბურჟუაზია მას იყენებდა, როგორც „ცრუ“ იდეოლოგიას, ეროვნული ბურჟუაზიის კონტრრევოლუციური გეგმების შესანიღბად და მასების ყურადღების გადასატანად რეალური პრობლემებიდან. ამასთანავე, მათ მიაჩნდათ, რომ ნაციონალიზმი იყო გარდაუვალი ეტაპი, კაპიტალიზმის შედეგი, რომელიც უნდა გადალახულიყო კლასთა შორის კონფლიქტის გზით. ამის გამო, ლენინი და სტალინი თვლიდნენ, რომ თუკი საბჭოთა კავშირში არსებულ ეთნიკურ უმცირესობებს მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ საკუთარი ნაციონალისტური ფორმები განევითარებინათ, ბურჟუაზია ნაციონალიზმზე კონტროლს დაკარგავდა, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება კი შეძლებდა, რომ მისი განვითარება და კლასთა შორის კონფლიქტის გაღვივების გზით გადალახვა დაეჩქარებინა. ამასთანავე, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მცირე ერების ნაციონალიზმი იყო პასუხი დიდი ერების შოვინიზმზე და იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ ეროვნებებს შორის მსგავსი ურთიერთმიმართება აღმოეფხვრათ, თავდაპირველად, ნაციონალიზმის ერთადერთი ფორმა, რომელსაც ხელს არ უწყობდა სსრკ, იყო რუსული ნაციონალიზმი, რომელსაც რუსულ შოვინიზმად მოიხსენიებდნენ.[2] ამგვარი მოსაზრებებისა და მიდგომების შედეგი იყო ე.წ. „კორენიზაციის“ პოლიტიკა, რაც ნიშნავდა ლოკალური, არარუსული ეთნიკური იდენტობების მიზანმიმართულ განვითარებას.[3]
თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები. ცენტრში - ივანე ჯავახიშვილი. 1918 წელი
კორენიზაციისპოლიტიკას, ასევე, ჰქონდა გავლენა ნაციონალური ისტორიის წერის პროცესზე საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ისტორიის წერა არ იკრძალებოდა არარუსულ რესპუბლიკებში, საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას მარქსისტულ-ლენინურ ისტორიულ მატერიალიზმს. მარქსისტული ისტორიოგრაფია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოციალურ კლასებსა და ეკონომიკაზე და მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ორი რამ არის ისტორიული მოვლენების მთავარი განმაპირობებელი. ამის გამო, მარქსისტულ ისტორიოგრაფიაში ყველა ისტორიული მოვლენა განხილულია სწორედ სოციალურ კლასებს შორის ურთიერთმიმართებისა და ეკონომიკის პრიზმიდან, უკლასო საზოგადოება კი მიჩნეულია ისტორიის დასასრულად.[4] აქედან გამომდინარე, საბჭოთა ისტორიკოსებს მოეთხოვებოდათ, რომ ისტორია დაეწერათ კლასობრივი ანალიზის კუთხით. მეტიც, ისტორია სკოლებში ჩანაცვლდა ინტერდისციპლინარული სოციალური მეცნიერებების საგნით, რომელიც ფოკუსირებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლასთა შორის კონფლიქტი, ეკონომიკა, შრომა და ა.შ.[5] თუმცა, ამგვარი პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა საერთო იდეალების გარშემო მასობრივი მობილიზაციისთვის, რაც საბჭოთა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ინდუსტრიალიზაციისა და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წინ სამზადისის პროცესში.[6]
1930-იან წლებში სტალინმა ისტორიის ახალი პოლიტიკა გაატარა საბჭოთა კავშირში. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობდა რუსული ნაციონალიზმის, გმირებისა და მითების რეაბილიტაციას. ეს უმთავრესად ემსახურებოდა ომის წინ მასობრივი მობილიზაციის დაჩქარებას და მარქსისტ-ლენინური იდეოლოგიის ლეგიტიმაციას. პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა და გააქტიურდა 1941-წლიდან, ომის დაწყების შემდგომ.[7] 1934 წელს, სტალინის უშუალო ბრძანებით დაიწყო სსრკ-ის ისტორიის პირველი სტანდარტიზებული სახელმძღვანელოს წერა. სახელმძღვანელოს მთავარი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ის, რომ ერთ საერთო ნარატივში გაეერთიანებინა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ისტორიები. ამ საქმისთვის შეიქმნა ისტორიკოსთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც რეგულარულად ამზადებდნენ სახელმძღვანელოს სხვადასხვა ვერსიებს, რომელთა განხილვაშიც სტალინი პირადად იყო ჩართული.[8] ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, საბოლოოდ, 1937 წელს გამოქვეყნდა ანდრეი შესტაკოვის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო „Краткий курс истории СССР“ („სსრკ-ის ისტორიის მოკლე კურსი“). თუმცა, მიუხედავად წიგნის სათაურისა, აღნიშნული სახელმძღვანელო რუსეთის ისტორია უფრო იყო, ვიდრე - დანარჩენი რესპუბლიკების.[9] მთავარ პრობლემას კი წარმოადგენდა ის, რომ ავტორებს უნდა მიეგნოთ იმგვარი ნარატივისთვის, რომელიც გაამართლებდა რესპუბლიკების შეერთებას ჯერ რუსეთის იმპერიასთან, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირთან. ამ ყველაფერს კი ოკუპაციის ან რუსული შოვინიზმის სახე არ უნდა მისცემოდა. ისტორიკოსთა ჯგუფები შეიქმნა რუსეთის გარეთაც, საბჭოთა რესპუბლიკებშიც და მათ დაევალათ შესაბამისი რესპუბლიკების ისტორიის დაწერა.
საბჭოთა რესპუბლიკებში ახალი ნაციონალური ისტორიის წერის პროცესი „ხალხთა შორის მეგობრობის“ კამპანიის ქვეშ მიმდინარეობდა. აღნიშნული კამპანია ორ კომპონენტს მოიცავდა: 1. საბჭოთა ხელისუფლება ხელს უწყობდა საბჭოთა რესპუბლიკებში ტიტულარული ეროვნებების[10] ეთნო ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ეთნიკური უმცირესობების შევიწროების ხარჯზე; 2. რუსული ნაციონალიზმი და კულტურა განხილული იყო, როგორც სხვა დანარჩენ ეროვნებებზე ზემდგომი და უპირატესი. ისტორიის წერის პროცესი ამ კამპანიის ქვეშ ორად იყოფოდა - ერთი მხრივ, წახალისებული იყო ნაციონალიზმის „პრიმორდიალური“ ხედვა, რაც გულისხმობს ერის, როგორც ბუნებრივი, თავისთავადი და ანტიკური ფენომენის განხილვას, მეორე მხრივ კი ხაზგასმული იყო რუსეთის ცენტრალური როლი სსრკ-ში იმის ნიშნად, რომ რუსეთი იყო „პირველი თანასწორთა შორის“, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებს კომუნიზმის მშენებლობის გზაზე წინ უნდა გაძღოლოდა.[11] შედეგად, საბჭოთა რესპუბლიკებში ნაციონალისტური და პატრიოტული სენტიმენტების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობდა, თუმცა იჩაგრებოდნენ სხვადასხვა რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. ითვლებოდა, რომ მათ უნდა განეცადათ ასიმილირება ტიტულალურ ეროვნებებთან.[12]
საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად უჭერდა მხარს სხვადასხვა ერების ნაციონალური კულტურის ეგზოტიკური ელემენტების წარმოჩენას. ამისთვის, მოსკოვში იმართებოდა „ეროვნული კულტურის კვირეულები“, რომლის ფარგლებშიც საბჭოთა რესპუბლიკებიდან დელეგაციები ჩადიოდნენ მოსკოვში და აწყობდნენ გამოფენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და სხვადასხვა წარმოდგენებს. ქართული დელეგაცია რუსეთში 1937 წელს ჩავიდა და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარა ქართული მწერლობის, მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების სხვა დარგების პრეზენტაცია. ამ ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად გაისმა ისეთი ეპითეტი საქართველოს მიმართ, როგორიცაა „Солнечная Грузия“ („მზიანი საქართველო“). გარდა ამისა, ითვლებოდა, რომ ყველა რესპუბლიკას უნდა ჰყოლოდა ეროვნული პოეტი, რის გამო პუშკინის, რუსთაველის, შევჩენკოს და სხვა რესპუბლიკების პოეტების ნაშრომები აქტიურად ითარგმნებოდა რუსულად და ვრცელდებოდა სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით.[13] ამ პოლიტიკამ გავლენა იქონია ისტორიის წერის პროცესზეც საბჭოთა რესპუბლიკებში. ისტორიკოსთა ჯგუფებს დავალებული ჰქონდათ, რომ კონკრეტულ რესპუბლიკაში ტიტულარული ეროვნების ისტორია დაეწერათ პრიმორდიალური და პატრიოტული პერსპექტივიდან, მაგრამ სხვადასხვა რესპუბლიკების ისტორიის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ნარატივი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო შესტაკოვის წიგნთან.[14] ისტორიკოსთა ამგვარი ჯგუფები მუშაობდნენ სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით და არც საქართველო იყო გამონაკლისი.
ისტორიის პოლიტიკა საქართველოს სსრ-ში, ივანე ჯავახიშვილი და სტალინი
ივანე ჯავახიშვილი, როგორც „ქართველი ერის ისტორიის“ ავტორი, ქართული ნაციონალური ისტორიოგრაფიის ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ კიდევ სსრკ-ის შექმნამდე, იგი უკვე იკვლევდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზს და უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი შრომები ამ მიმართულებით. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მარქსისტული ისტორიული მატერიალიზმის პროპაგანდა, აკადემიურ წრეებში ნელ-ნელა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის შევიწროება. 1926 წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს, მისი ადგილი კი თევდორე ღლონტმა დაიკავა. ღლონტმა 1928 წელს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ჯავახიშვილსა და მის მიმდევრებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მათი ფეხი ვერ აუწყვეს თანამედროვე, საბჭოთა რეალობასა და ახალ საჭიროებებს. 1930 წელს სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით აკადემიურ სივრცეში დაიწყო ბრძოლა „არასაიმედო“ მეცნიერების წინააღმდეგ, რომელიც ისტორიოგრაფიაში ე.წ. „კონდრატიევშჩინის“[15]სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, 1930 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ინსტიტუტის რექტორმა, ივანე ვაშაყმაძემ ცხარედ გააკრიტიკა ივანე ჯავახიშვილი და მისი მიმდევრები. მის მოხსენებას მოჰყვა ხანგრძლივი დისკუსია ისტორიკოსებს შორის, რომელთაგან არაერთმა დაგმო ჯავახიშვილი და მისი ნაშრომები. აღსანიშნავია, რომ დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ თავად ჯავახიშვილის ყოფილი სტუდენტები - ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია, რომლებიც „შუალედური“, „დაბალანსებული“ პოზიციის დაცვას ცდილობდნენ, თავად ჯავახიშვილი კი შეხვედრას არ დასწრებია. გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული დისკუსიის სტენოგრამიდან, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება[16]:
ჯანაშია: „ამხ. მომხსენებელმა ინ. ინსტიტუტის თანამშრომელთაგან გამოჰყო ერთი ჯგუფი და, სხვათა შორის, მეც ამ ჯგუფს მიმაკუთვნა. პროფ. ივ. ჯავახიშვილის მიმართ მე გამსჭვალული ვარ უღრმესი პატივისცემის გრძნობით მისის დამსახურებისათვის ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე, და მადლიერებით იმისათვის რომ მისგან მივიღე სათანადო ტეხნიკური აპარატურა და გაწვრთნილობა, რაც აუცილებელია მეცნიერებაში სამუშაოდ. მაგრამ არავითარი საერთო ჯგუფური ინტერესები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი საზოგადოებრივი ურთიერთობა განსაზღვრულია იმ გარემოებით რომ ჩვენ გვიხდება ერთად მუშაობა ერთსადაიმავე სამეცნიერო დაწესებულებებში, კერძოდ საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის კათედრასთან“.[17]
ბერძენიშვილი: „მე თვითონ კარგად არ ვიცი, თუ რომელ დაჯგუფებაში ვარ, მაგრამ მართალი უნდა მოგახსენოთ, რომ არ ვიცი, რომელ დაჯგუფებაში მომათავსა პატივც. მომხსენებელმა პროფ. ივ. ვაშაყმაძემ. თუ ჯავახიშვილის ჯგუფში ვარ, უნდა განვაცხადო, რომ ჩემი აზრი არის სამწუხარო. მე არ უნდა მოგეთავსებინეთ ჯავახიშვილის ჯგუფში ... არა, მე წავიკითხავ. მე ვიყავი რევოლუციონერი და ვაპირებ ყოფნას რევოლუციასთან როგორც პოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურად. მე სამსახურად ვფიქრობ, ამისათვის მზად ვარ. ამაში შეგიძლიათ თქვენ დარწმუნებული იყოთ. უკანასკნელი, რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პროფ. ივანე ჯავახიშვილთან, ასეთი არის. მე მას უღრმეს პატივს ვცემ, როგორც ჩვენს ხელმძღვანელს, განსაკუთრებით ისტორიის დარგში, მაგრამ ყველა ეს მე სრულიად არ მიშლის ხელს არ გავიზიარო მისი იდეოლოგიური კონცეპცია (ადგილიდან: ძირს, ძირს, ძირს, ძირს!)“.[18]
კაკაბაძე: „ავიღოთ ამ წიგნის [ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“] ერთი თავი სადაც ის იკვლევს ერის ისტორიას. ეს წიგნი წარმოადგენს იდეალიზაციას ცალკე პიროვნებებისას; მეფე ალექსანდრის შესახებ მოგვითხრობს მის მაღალ კეთილშობილობას და აგრეთვე აგვიწერს მის თანამოცხედრეებს. აი მის გარშემო ტრიალებს ისტორიული წიგნი. ამ წიგნში მოყვანილი არის მეფეების ცოლების ფუფუნება და როგორ დროს ატარებდნენ ისინი... ჯავახიშვილს ისტორიაში აქვს რომ ვიღაცამ ვიღაცის ცოლი გააუპატიურა, ძალიან ბოდიშს ვითხოვ რომ მე ამ სიტყვას ვიძახი, აი ასეთ საბუთებზე აგებს ჯავახიშვილი ისტორიას. აგრეთვე მას წიგნი დაწერილი აქვს მენშევიკების სულისკვეთებით“.[19]
ხუნდაძე: „მე მოგახსენებთ ჯავახიშვილის სკოლის შესახებ... მართალია ჯავახიშვილი დიდი მეცნიერი არის. დიდი ნიჭიერი კაციც არის, მაგრამ ჩვენთვის ამჟამად მიუღებელი არის. ეს ისტორია, მისი ნაწერი არ არის სოციალისტური ენით ნაწერი... (ხმაური) მის ისტორიაში განვითარებული არის ბარინული და ფეოდალური წესწყობილება. შემდეგ მოდის ვიწრო კაპიტალისტური. ჯავახიშვილის გამოკვლევას ვერ ნახავთ ფაქტებით...“[20]
ვაშაყმაძე: „პროფ. გრიგოლ წერეთელის და ჯავახიშვილის დახასიათება სწორია და ყველა გამოსული ამხანაგები გრგოლ წერეთელს და ჯავახიშვილს ახასიათებდნენ როგორც რეაქციონერებს. ამ კრებას არ დაესწრნენ. ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის გრიპით გახდება ავად და კარში არ გამოვა, მანამ სანამ კრება არ დამთავრდებაო, აგრეთვე არ გამოუგზავნია წერილობით განცხადება. აგრეთვე მან 29 წელში პოლონეთის საწინააღმდეგო პროცესში ხელი არ მოაწერა. ეს მოწმობს, რომ ის არის ძველი ფეოდალიზმის წარმომადგენელი, როგორ გამოგვიზრდის ჩვენ ახალგაზრდა კადრებს სოციალისტურ მშენებლობისთვის. ვერ გაგვიზრდის ჯავახიშვილი. ბევრი გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ ჩვენ ჯავახიშვილს პატივს ვცემთ, მაგრამ მეთოდოლოგიური კავშირი არ გვაქვსო. ეს განცხადება მოწმობს სწორედ პოლიტიკურ ფრაქციის მუშაობას. ჯავახიშვილის მეთოდოლოგიის და მის სკოლის მომხრე ლექტორებს ახასიათებს ჯავახიშვილის მეთოდოლოგია. ისინი ჩვენ უნდა გადავისროლოთ მე-17 საუკუნეში“.[21]
აღნიშნული ციტატები მოწმობს, რომ ჯავახიშვილი კრიტიკის ობიექტი უმთავრესად იმის გამო გახდა, რომ მისი ნაშრომები საქართველოს ისტორიის შესახებ არ ესადაგებოდა მარქსისტულ პრინციპებს. მაშინ, როდესაც ისტორიკოსებს მოეთხოვებოდათ ისტორია დაეწერათ კლასობრივი ურთიერთობების ანალიზის კუთხით, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ მისგან აკადემიურ სივრცეში აქტიურად იქმნებოდა მტრის ხატი. ეს პროცესი 1930 წელს არ დასრულებულა, პირიქით, თანდათან სულ უფრო მძიმე სახეს იძენდა. 1931 წელს იგი უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. მართალია, 1933 წელს აღადგინეს, მაგრამ მასზე შეტევა 1936 წელს კვლავ განახლდა.
1936 წლის 23 მარტს, ისტორიის ფაკულტეტის კათედრაზე გაიმართა ოთხ დღიანი „დისკუსია“. კარლო ორაგველიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, ჯავახიშვილი დაადანაშაულა ფეოდალიზმის, ბურჟუაზიისა და ნაციონალისტური სენტიმენტების გამართლებაში. ამის შემდგომ კი „დისკუსია“ ისტორიკოსებს შორის გაგრძელდა, რომელთა დიდი ნაწილიც ივანე ჯავახიშვილს გმობდა. აღნიშნული შეხვედრების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, გთავაზობთ ამონარიდებს მონაწილეების გამოსვლებიდან:
ცინცაძე: „აი, სანამდე დაექანა პროფ. ჯავახიშვილი გამოხვეული მენშევიზმის ქურქში - ნაციონალიზმის ქურქში აქ ის ცდილობს დაგვიმტკიცოს საქართველოს ხალხის ერთსულოვნება შინაგან კლასთა ბრძოლის გარეშე მოწინააღმდეგეობის თვალსაზრისით... და ცდილობს ახსნას ეს ერთსულოვნება საქართველოში კულტურული მშენებლობის შემოტანით ევროპიდან/ და არა რუსეთიდან ვ.ც/ თუ რატომ ევროპისაკენ იხედება ის და არა რუსეთისაკენ, ეს გარემოებაც ადვილი ასახსნელია ჩვენთვის, რადგანაც ვიცით, რომ მენშევიკებს საბჭოთა რუსეთი მტრად მიაჩნდათ და მის პროლეტარიატის დიქტატურას და ბოლშევიკების პარტიას გაურბოდა, „ებრძოდა მას“. პროფ. ივ. ჯავახიშვილიც ამ მოტივაციით ცდილობს ევროპასთან იქონიოს კავშირი და საქართველო რუსეთიდან მთლიან მოცილებულად წარმოუდგინოს საზოგადოებას ისტორიულადაც. ზედმეტი არ იქნება შევნიშნოთ, რომ მისი ეს ნაც. ბურჟუაზიული მენშევიკური კონცეპცია მენშევიკ-მემამულე ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელსაც სურს ლიბერალიზმისა და ანტიმარქსისტული ანტილენინური შეხედულების გზით საზოგადოების უმრავლესი ნაწილი უფსკრულში გადაჩეხოს“.[22]
ბერძენიშვილი: „”905“ წელს შემდგომ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ისტორიის ძველი პერიოდის ისტორიოგრაფია თითქმის მთლიანად პროფ. ივ. ჯავახიშვილის ხელთაა. ქართველი ერის ისტორიის ავტორი ტექნიკურ მომზადებულობით უეჭველად მაღალი ტიპის ისტორიკოსია. ევროპულ და აღმოსავლურ ენების მცოდნე, ფილოლოგი და ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი და არქეოლოგი, ფრთხილი და დინჯი მკვლევარი - ის სწორედ ზედგამოჭრილი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ისტორიის შენობის საშენი მასალა, ჟამთა სიღრმის ბურუსში მიმალული ფაქტები აღმოეჩინა, გამოემჟღავნებინა. პროფ. ივ. ჯავახიშვილის დამსახურება ქართულ ისტორიოგრაფიის წინაშე დიდი და საპატიოა. მან პირველმა გაბედა და საქართველოს ისტორიის ძველი ხანა გასწმინდა ზღაპართა ბურუსისაგან, რომელიც აგრე სქლად შემოხვეოდა მას. მაღალ ტექნიკური ხერხებით მოიპოვა და დაადგინა აურაცხელი ფაქტები. ჩვენ დღეს, რა თქმა უნდა, მის მიერ მოპოვებულ ისტორიულ ფაქტებს თუ დადგენილ მოვლენებს კრიტიკულად უდგებით და მარქსისტულ-ლენინური ისტორიული მეთოდის მიხედვით ზოგს მივიღებთ, ზოგს კიდევ უკუვაგდებთ ან გადავაფასებთ და შევავსებთ; მრავალ ახალსაც აღმოვაჩენთ იქ, სადაც მან ეს ვერ შენიშნა (და არც შეეძლო შეენიშნა: ფაქტის მოპოვება ხდება არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რაც არსებობს, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რას ეძებ...). გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფ. ივანე ჯავახიშვილმა ძლიერად წასწია წინ ქართული ისტორიოგრაფიის საქმე. მაგრამ ისიც ხომ უდავოა, რომ მან ქართული ისტორიოგრაფია სამარცხვინო ჩამორჩენილობიდან ვერ გამოიყვანა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ჩვენი დღევანდელი სხდომა სულ სხვა ხასიათისა იქნებოდა... „ქართველი ერის ისტორიის“ ავტორი ღვიძლი შვილია წვრილ ბურჟუაზიულ-ქართულ ინტელიგენციის ოჯახისა და მისი ინდივიდუალისტურ-იდეალისტურ იდეების მატარებელია. კვლევის ანალიტიკურ-ინდუქტიური მეთოდით და იდეალისტური მსოფლმხედველობით მოწინავე ისტორიოგრაფიის შექმნა ამ მარქსიზმის ეპოქაში, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო”.[23]
ნიკო ბერძენიშვილი
ჯინჯველაშვილი: “მიუხედავად მრავალი შრომებისა, რომელიც დასწერა ჯავახიშვილმა, კერძოთ, საქართველოს ისტორიაში, ვერ მოგვცა ჩვენი ხალხის ნამდვილი, კლასთა ბრძოლის ისტორია. მას, თითქმის გამოუკლებლივ, აღწერილი აქვს ყველა მეფეების ისტორია, მათი თავგადასავალი, ომები, დეტალურათაც კი, მაგრამ მთავარი, რაც ამოძრავებს ისტორიას, კლასთა ბრძოლა, რომლითაც ხასიათდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული ხალხთა ცხოვრება, მთლიანად დავიწყებულია“.[24]
ჯანაშია: „მე ვეთანხმები იმ ძირითად დებულებას, რომელიც მოხსენებაში იყო წამოყენებული პროფ. ჯავახიშვილის შესახებ. ეხლა სასაცილო იქნებოდა დაგვეწყო იმის მტკიცება, რომ ჯავახიშვილი მარქსისტი არ არის, ამას არც თვითონ ამტკიცებს და არც არავის სჯერა, რომ ის მარქსისტი არის. რა თქმა უნდა, საქმე ამაში არ არის, არამედ საქმე იმაშია, რომ, როგორც აქ სამართლიანად იყო აღნიშნული, ჩვენ ახალგაზრდობას უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა მივიდეს ჯავახიშვილთან. ჩვენ ხომ ჯავახიშვილს ნიღილისტურათ ვერ შევხედავთ, რადგან ნიღილიზმი ჩვენი მეთოდი არ არის. მაშ როგორღა უნდა მივიდეთ მასთან? ამის შესახებაც იყო აქ ნათქვამი და მეც იგივე შემიძლია გავიმეორო. ჩვენ ყოველთვის ვესაუბრებით აუდიტორიას და კონკრეტულ პრაქტიკულ მასალაზე (აი, ეს არის ჩვენი მეთოდი) უჩვენებთ, თუ როგორ უნდა მივიდეთ ჯავახიშვილთან, რა უნდა მივიღოთ მისგან, რა არ უნდა მივიღოთ და რაც უნდა მივიღოთ, როგორ უნდა მივიღოთ. ზედმეტია ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჯავახიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის. საკმარისია, მარტო ჩამოვთვალოთ ის შრომები, რომლებიც მას დაუწერია ან შეხედოთ წიგნთსაცავში იმ თაროებს, რომლებზედაც ჯავახიშვილის წიგნები აწყვია, რომ დაინახოთ, თუ ამ ადამიანს რა კოლოსალური შრომა ჩაუტარებია, რომლის ნაყოფი ასეთი მრავალრიცხოვანი ტომების სახით არის ჩვენს წინაშე წარმოდგენილი. არ იქნებოდა სწორი გვეთქვა, რომ პროფ. ჯავახიშვილის დამსახურება მდგომარეობს მხოლოდ ფაქტების შეგროვებაში. არა ერთი შეხედულება განზოგადებულიც აქვს მოცემული, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ. არ იქნებოდა ეს სწორი ორის მხრივ. ეს ქმნის, ჯერ ერთი, ისეთ ყალბ შეხედულებას, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც დაგროვილია ჯავახიშვილის მიერ, სწორი ფაქტია და უნდა მივიღოთ ისე, როგორც ჯავახიშვილს აქვს მიღებული. მეორე, ეს ჰქმნის ყალბ შეხედულებას, თითქოს ამიერიდან ფაქტიურ სფეროში აღარაფერია გასაკეთებელი. მე ვერ დავმალავ, რომ იყო ჩვენში დრო, როდესაც ზოგიერთები გვარწმუნებდნენ /აი, რაშია საქმე, გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება/, რომ პროფ. ჯავახიშვილმა და სხვებმა გააკეთეს უკვე გარკვეული საქმე, დააგროვეს ფაქტები და ეხლა ჩვენ შეგვიძლია მის ფაქტებს მიუდგეთ ჩვენი მსოფლმხედველობით და მარქსისტული საქართველოს ისტორია აშენებულია. აი ეს არის ლიკვიდატორული დამოკიდებულება ჩვენი საგნისადმი. ეს არ არის სწორი თუნდაც იმიტომ რომ /ესეც იყო აქ აღნიშნული/ ახალი მსოფლმხედველობა ნიშნავს ახალ ფაქტებსაც და ძველი ფაქტების ახალ გაშუქებას, იმიტომ რომ არ შეიძლება ფაქტების დანახვა აბსტრაქტული თვალებით“.[25]
სიმონ ჯანაშია თსუ-ს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან ერთად
ჯანელიძე: „მე ვფიქრობ, რომ კამათის მთავარი დანიშნულება არის, რომ მთელი სიღრმით გამოაშკარავოს საქართველოში პროფ. ი. ჯავახიშვილის სკოლის ბურჟუაზიულ ნაციონალისტური ისტორიოგრაფიის ბუნება, გამოამჟღავნოს დეფექტები და მუშაობისათვის, ლენინური ისტორიის შექმნისათვის. ცხადია, ამ დიდ საქმის შესრულებას ბურჟუაზიულ პროფესორებს ვერ მივანდობთ, ჩვენი ისტორიის საკითხებზე ბურჟუაზიულ-ნაციონალისტ პროფესორების და, კერძოთ, პროფ. ი. ჯავახიშვილის მუშაობამ ვერ მოგვცა ნამდვილი `საქართველოს ისტორია~, სწორეთ ისეთი ისტორია, რომლის შინაარსს საგვარეულო წესწყობილების დანგრევის შემდეგ კლასთა ბრძოლა წარმოადგენს, ისტორიის, რომელიც რამოდენიმე ათასი წელი გრძელდება და მდიდარია ამ შინაარსით. ამის მიზეზი ის არის, რომ პროფ. ი. ჯავახიშვილი ერთგულად, თანმიმდევრობით დაადგა იმ გზას, რომლითაც მისი კლასი მიდიოდა. ის გაბატონებული კლასის ინტერესების გამომხატველი გახდა. მართალია, გაბატონებულ კლასმა არა ერთი და ორი გამოჩენილი რევოლუციონერი ისტორიკოსი მისცა პროლეტარიატს, მაგრამ მათ რიცხვში არ არის პროფ. ი. ჯავახიშვილი. ის, პირიქით, ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი კლასის“.[26]
აღნიშნული „დისკუსიის“ შემდეგ, ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტი დატოვა. მის მდგომარეობას კი შესანიშნავად გადმოსცემს 1936 წელსვე მის მიერ ვარლამ დუნდუასადმი მიწერილი წერილი:
"დიდად პატივცემულო ბატონო ვარლამ!
გულითად მადლობას მოგახსენებთ ყველა ჩემთვის შეძენილი წიგნებისათვის. დიდი მადლობელი ვიქნებით, თუ როგორმე სხვა წიგნებსაც მიშოვნით, მეტადრე ლატიშევის et Caucasica-ს, რომელიც არქ[ეოლოგიური] საზ[ოგადოების] კლასიკური განყოფილების უწყებებში დაიბეჭდა, და ბრაუნის გამოკვლევას, რომელიც რუს[ეთის] სამეც[ნიერო] აკად[ემიის] უწყებებში გამოქვეყნდა. ამას გარდა, იშოვება თუ არა მანდ ბუკინისტებთან ბერძნული და ლათინ[ური] ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზულებები, მაგ., ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, პლუტარქოსის, სტრაბონის, პლიუნიუსის ტექსტების Teubneriana-ს გამოცემა, იქნებ შარდენის სპარსეთში მოგზაურობის ფრანგული გამოცემაც იშოვებოდეს? მაცნობეთ, რა ღირს. მათი შეძენა მჭირდება, რათგან უნივერსიტეტის წიგნები უნდა დავაბრუნო ამ მოკლე ხანში და უმათოდ მუშაობა გამიძნელდება. ეხლა ის მიზეზიც უნდა გაუწყოთ, რომელიც ამ შემთხვევაში მაიძულებს ასეთი წიგნების შეძენაზე ვიზრუნო, უკანასკნელ დროს კვლავ განახლდა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ტ[ფილისის] ს[ახელმწიფო] უნივერსიტეტში. რექტ[ორმა] კ. ორაგველიძემ 3-საათიანი მოხსენება წაიკითხა უ[ნივერსიტე]ტში, რომელშიც ყველა ჩემი ნაშრომების უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა იმის გამო, რომ მარქსისტული არ არის, რაც არავისთვის ახალ აღმოჩენას არ წარმოადგენდა. ამას მოჰყვა ,,კამათი“ ოთხი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც ბევრი შხამი პრორექტორმა გრ. ჯანელიძემაც წამოანთხია...და ზოგმა ჩემ ყოფილ მოწაფეთაგანმაც თავი ისახელა. ამბობენ, რომ ეს ვითომც ჩვეულებრივი კამპანიის დასაწყისია და ყურადღება არ უნდა მიაქციოთო, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამის შემდგომ უ[ნივერსიტე]ტში დარჩენა აღარ შეიძლებოდა, რათგან ეს ჩემი თავმოყვარეობის სრულ შელახვას უდრიდა და ამიტომ განათლების კომისარს განცხადება გადავეცი, რომ ტ[ფილისის] ს[ახელმწიფო] უ[ნივერსიტეტ]ს თავს ვანებებ, შევწყვიტე ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებაც და სრულ სხვა სპეციალობის საკითხებზე უნდა დავიწყო მუშაობა. უნდა უ[ნივერსიტეტ]ს ყველა წიგნებიც დავუბრუნო. ამით არის გამოწვეული ჩემი დუმილი და ზემოაღნიშნული თხოვნაც. გმადლობთ ყურადღებისა და დახმარებისათვის. ვწუხვარ, რომ ამდენს გაწუხებთ და გისურვებთ ხანგრძლივს, ბედნიერს და ნაყოფიერ სიცოცხლეს.
მარად თქვენი კეთილი მოსურნე ივ. ჯავახიშვილი.
ჩვენები ყველანი კარგად გახლავან. ჩემს მდგომარეობას კი ადვილად მიუხვდებით".[27]
თუმცა, ამ მოვლენებიდან მალევე, ივანე ჯავახიშვილის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 1936 წლიდანვე ის სათავეში ჩაუდგა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას, დაინიშნა კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტად, 1937 წელს გახდა რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი, 1939 წელს კი აირჩიეს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. ასევე, მან ნიკო ბერძენიშვილთან და სიმონ ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის პირველ ოფიციალურ სახელმძღვანელოზე მუშაობა დაიწყო. სახელმძღვანელოს „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე“ პირველი ვერსია 1940 წელს უკვე მზად იყო, თუმცა გამოიცა 1943 წელს, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ. 1945 წელს კი ბერძენიშვილი და ჯანაშია სტალინს შეხვდნენ ქალაქ სოჩაში, რის შესახებაც ბერძენიშვილის მემუარებიდან ვგებულობთ, პირადად მისგან მიიღეს ინსტრუქციები სახელმძღვანელოში შესატან ცვლილებებზე და საბოლოო ვერსია 1946 წელს დაიბეჭდა. ამავე სახელმძღვანელომ სტალინის პრემიაც დაიმსახურა.
საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების ამგვარ რადიკალურ ცვლილებას მოკლე დროში ზოგიერთი ისტორიკოსი იმით ხსნის, რომ ივანე ჯავახიშვილის შესახებ ცნობებმა სტალინის ყურამდე მიაღწია. ამ დროს „ტროცკისტებთან“ ბრძოლაში ჩართულ სტალინს სურდა დაემტკიცებინა, რომ ის არა ველური, არამედ მაღალი კულტურის მქონე ქვეყნიდან იყო, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები გამოდგებოდა, ამიტომ, ამავე ისტორიკოსების მტკიცებით, სტალინმა გასცა ბრძანება, რომ შეწყვეტილიყო ჯავახიშვილის დევნა. ივანე ჯავახიშვილის მიმართ შეცვლილი დამოკიდებულების ამგვარი ახსნა არ ემყარება რაიმე ხელშესახებ დოკუმენტებს ან ფაქტებს და უფრო მეტად მოვლენების ინტერპრეტაციაა. თუკი სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირის ზოგად კონტექსტს გავითვალისწინებთ, გაცილებით უფრო მარტივი ასახსნელი ხდება ის, თუ რატომ შეცვალა საბჭოთა ხელისუფლებამ ჯავახიშვილის მიმართ პოლიტიკა.
სწორედ სტალინის ისტორიის პოლიტიკის ფარგლებში, ამავე პერიოდში, სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით იწერებოდა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები და იქმნებოდა ახალი, ერთიანი ნაციონალური ნარატივი. ეს ნარატივი ერთი მხრივ იყო „რუსოცენტრული“ და სხვადასხვა ერების რუსეთთან შეერთებას წარმოაჩენდა პოზიტიურ, პროგრესულ მოვლენად, მეორე მხრივ კი - პრიმორდიალური და ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის ტიტულარული ეროვნებების ანტიკურობის მტკიცებას. საქართველოს შემთხვევაში, ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა ქართველების წინა აზიურ ხალხებთან კავშირის დამტკიცება. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებს, რომელთა დიდ ნაწილსაც წარმოადგენდა ქართველების ეთნოგენეზი, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა ამ პროცესში. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ივანე ჯავახიშვილის ჩართვა გადაწყვიტა ახალი ისტორიის წერის პროცესში. თუკი დავაკვირდებით ისტორიული ნარატივის ცვლილებას და ერთმანეთს შევადარებთ ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიასა“ და 1940, 1943 და 1946 წლებში გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოებს ჯავახიშვილის, ბერძენიშვილისა და ჯანაშიას თანაავტორობით, მარტივი შესამჩნევი ხდება, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიაში გამოყენებულია ჯავახიშვილის კვლევები, ფაქტობრივი მასალები, თუმცა მათი ინტერპრეტაცია მოხდა იმგვარად, რომ ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში არ მოსულიყო მარქსისტული ისტორიოგრაფიის პრინციპებთან, მეორე მხრივ კი თავსებადი ყოფილიყო სტალინისტურ ისტორიოგრაფიასთან. ამ პერიოდიდან, ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩნდება ისეთი კონცეპტები, როგორიცაა „რუსეთი, როგორც უმცირესი ბოროტება საქართველოს სხვა პოტენციურ დამპყრობლებს შორის“, „რუსეთის გავლით ევროპისკენ“ და ა.შ. შესაბამისად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ჯავახიშვილის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილება განპირობებული იყო არა სტალინის სენტიმენტებით საკუთარი სამშობლოს მიმართ, არამედ სრულიად პრაგმატული მოტივით, რომ ჯავახიშვილის შრომებისა და მათი ახლებური ინტერპრეტაციის საფუძველზე შექმნილიყო ახალი ისტორიული ნარატივი, რომელიც თავსებადი იქნებოდა საერთო საბჭოთა ისტორიულ ნარატივთან.
როგორც ჩანს, ნიკო ბერძენიშვილის მიერ 1936 წლის „დისკუსიაზე“ გაჟღერებული მოსაზრება, რომ ივანე ჯავახიშვილის მიერ მოპოვებულ და აღმოჩენილ ფასდაუდებელ ფაქტებს საბჭოთა ისტორიკოსებს ახლებურად, „კრიტიკულად“ უნდა გაეაზრებინათ და „მარქსისტულ-ლენინური ისტორიული მეთოდის მიხედვით“ ხელახლა შეეფასებინათ, ყველაზე უფრო მისაღები გამოდგა საბჭოთა ხელისუფლებისთვის და ასეც მოიქცნენ. ივანე ჯავახიშვილი გადაურჩა რეპრესიებს, დაუბრუნდა საისტორიო საქმიანობასაც, თუმცა მისი ნაშრომები მაინც მოექცა საერთო საბჭოთა ისტორიის პოლიტიკის ჩარჩოებში და წლების განმავლობაში ახლებური ინტერპრეტაციით მიეწოდებოდა ფართო საზოგადოებას. თავად ივანე ჯავახიშვილის ბედი კი, მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ ტერორს გადაურჩა, საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან მას სიცოცხლის ბოლომდე აღარ მისცემია დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება იმ იდეებისა და ღირებულებებისთვის, რისიც თავად სწამდა და სჯეროდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად 1930 და 1936 წელს გამართული „დისკუსიებისას“ გამოჩენილი „თავდადებისა“ საბჭოთა იდეალების მიმართ, ივანე ჯავახიშვილის კრიტიკოსი არა ერთი მეცნიერი თავადვე ემსხვერპლა სტალინურ ტერორს. მათ შორის იყვნენ ივანე ვაშაყმაძე, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს „ტროცკისტობის“ ბრალდებით[28] და კარლო ორაგველიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ მალაქია ტოროშელიძის დავალებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა „მემარჯვენე-ტროცკისტული“ ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა მას[29]. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი ისეთივე სასტიკი და გულგრილი იყო მისი გულანთებული მომხრეებისადმი, როგორც მის მიერვე მტრებად შერაცხული ადამიანების მიმართ. საკმარისი იყო მცირე ინტერესთა კონფლიქტი საბჭოთა მაღალჩინოსანთან, ერთი დასმენა ან უბრალოდ ეჭვი, რომ სისტემა განურჩევლად წირავდა ყველას, ვინც მისთვის „გამოუსადეგარი“ იყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი საბჭოთა კონიუნქტურის პირობებში ბერძენიშვილის, ჯანაშიას და ზოგიერთი სხვა ისტორიკოსის გამოსვლები 1936 წლისთვის არ იყო მარტივი და შეიძლება ითქვას მამაცობასაც მოითხოვდა. მაშინ, როდესაც სისტემა აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა და საბჭოთა ადამიანებს მოუწოდებდა „პავლიკ მოროზოვობისკენ“[30] ისტორიკოსებისთვის ურთულესი ამბავი იყო ჯავახიშვილისთვის კვლავ თავიანთი მასწავლებელი ეწოდებინათ და მსგავსად, მოზომილად შეეფასებინათ.
[1] გამოუქვეყნებელ ნაშრომზე დაყრდნობით: Megi Kartsivadze, Stalin’s Cult in Georgian Colors: The Development of the First Official History Textbook of Georgia and the Emergence of Georgian Stalinism (unpublished MA dissertation, University College London, 2019), pp. 15-19.
[2] Vladimir Lenin, O Natsional’nom Voprose i Natsional’noi Politike [On Nationality Question and
Nationality Policy], Moscow: Polizdat, 1989; Joseph Stalin, ‘Marksizm i Natsionalnii Vopros’ [‘Marxism and
the National Question’] in Stalin I.V. Sochineniia [Works of J.V. Stalin], II, Moscow: Polizdat, 1946, pp.
290-367.
[3] George Liber, ‘Korenizatsiia: Restructuring Soviet Nationality Policy in the 1920s’, Ethnic and Racial
Studies, 14, 1991, 1, pp. 15-23
[4] Karl Marx and Friedrich Engels, The German Ideology, Moscow: Progress, 1976.
[5] Sergei Alymov, ‘Ethnography, Marxism, and Soviet Ideology’ in Roland Cvetkovski and Alexis
Hofmeister (eds.), An Empire of Others: Making Ethnographic Knowledge in Imperial Russia and the USSR,
Budapest: Central European University Press, 2014, pp. 121-144.
[6] David Brandenberger, National Bolshevism: Stalinist Mass Culture and the Formation of Modern Russian
National Identity, Cambridge, Mass. and London: Harvard University Press, 2002 (შემდეგში:
Brandenberger, National Bolshevism), pp. 27-42.
[7] David Brandenberger, ‘The Search for a Usable Party History’ in Propaganda State in Crisis, New Haven
and London: Yale University Press, 2011, pp. 25-50.
[8] Brandenberger, National Bolshevism, pp. 45-55.
[9] Andrei V. Sestakov, Kratkii Kurs Istorii SSSR [Short Course on the History of the USSR], Moscow:
Polizdat, 1937.
[10] ტიტულარულ ეროვნებებში იგულისხმებოდა კონკრეტულ საბჭოთა რესპუბლიკებში დომინანტური ეთნიკური ჯგუფი: საქართველოში - ქართველები, სომხეთში - სომხები და ა.შ.
[11] Terry Martin, The Affirmative Action Empire: Nations and Nationalism in the Soviet Union, 1923-1939,
Ithaca and London: Cornell University Press, 2001 (შემდეგში: Martin, The Affirmative Action Empire), p.
451.
[12] Gerhard Simon, Nationalism and Policy Toward the Nationalities in the Soviet Union, Boulder, San
Francisco, Oxford: Westview Press, 1991, pp. 135-172.
[13] Martin, The Affirmative Action Empire, p. 439.
[14] Brandenberger, National Bolshevism, pp. 123-131.
[15] ნიკოლაი კოდრატიევი იყო რუსი ეკონომისტი, რომელიც 1930 წელს დააპატიმრეს მუშათა და გლეხთა არარსებული პარტიის წევრობის ბრალდებით და მიუსაჯეს 8-წლიანი პატიმრობა არაადამიანურ პირობებში. იგი პატიმრობაშიც განაგრძობდა კვლევებზე მუშაობას, რომლებიც შემდგომ წიგნების სახით გამოქვეყნდა. 1938 წელს კონდრატიევი დახვრიტეს.
[16] 1930 და 1936 წლების დისკუსიების სტენოგრამებისა და ივანე ჯავახიშვილის მიმოწერებიდან ნაწილების ნახვა, ასევე, შესაძლებელია ვახტანგ გურულის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში - "ჯვარცმულის უკვდავება და ჯვარმცმელთა სირცხვილი (ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების ფურცლები), დოკუმენტები და მასალები, 1930-1936, თბილისი, 2011.
[17] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N476, აღწერა N1, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N29
[18] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N476, აღწერა N1, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N214-216
[19] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N476, აღწერა N1, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N56-57
[20] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N476, აღწერა N1, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N70
[21] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N476, აღწერა N1, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N311
[22] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N14-15 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).
[23] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N44-45 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).
[24] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N83 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).
[25] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N117-118 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).
[26] საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი N471, აღწერა N19, ტომი N1, საქმე N1, ფურც. N164 („დისკუსია საისტორიო ფრონტზე მდგომარეობის შესახებ“).
[27] ვახტანგ გურულის დასახელებული ნაშრომი.
[28] ივანე ვაშაყმაძე სტალინურ სიებში - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=1944
[29] კარლო ორაგველიძე სტალინურ სიებში - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=8866
[30] პავლიკ მოროზოვი (1918-1932) - რუსი ბავშვი, რომელმაც ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები დაასმინა და შემდეგ მათ წინააღმდეგ სასამართლოზე ჩვენება მისცა, რისთვისაც ოფიციალური ვერსიით ის მამის ნათესავებმა მოკლეს.
___
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.