08 სექტემბერი 2020
საბჭოთა კავშირში, პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენებოდა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა, რომელსა საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ მშვიდობიანი საშუალებებით წინააღმდეგობის გაწევის მცდელობასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.[1]
1950-იანი წლიდან, ხრუშჩოვის მიერ გატარებული შერბილების პოლიტიკის შემდეგ სტალინის ეპოქის რეპრესიების მასშტაბი შემცირდა და ფორმები შეიცვალა, თუმცა ნელ-ნელა საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა რეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა - იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. სტალინის ეპოქის სისხლის სამართლის კოდექსის №58-10 მუხლი - „ანტი-საბჭოთა პროპაგანდა“ კვლავაც შენარჩუნებული იქნა 1958 წლის შეცვლილ სისხლის სამართლის კოდექსში როგორც მუხლი №70 – „ანტი-საბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“. აღნიშნული მუხლები ხშირად გამოიყენებოდა ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოზის დასასმელად. აკადემიკოს ანდრეი სნეჟევსკის[2] შექმნილი თეორიული ჩარჩოს მიხედვით, არასტანდარტული აზროვნება ან სტანდარტებიდან ამოვარდნილი მრწამსი მარტივად შეიძლება განსაზღვრულიყო, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზის დასმის საფუძველი.[3]
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა დასჯის სასტიკი მეთოდები: სულფოზინის ინექციები, ინსულინოკომატოზური თერაპია, გამუდმებული და მრავალწლიანი თერაპია ნეიროლეპტიკებით - რათა პაციენტები „განეკურნათ“ ანტისაბჭოთა შეხედულებებისგან. ტუსაღებს ხშირად სცემდნენ სანიტრები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც ირჩეოდა ჩვეულებრივი ციხის კონტინგენტისგან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით სამუშაოდ. დაუმორჩილებლებს ახვევდნენ სველ ზეწარში, რომელიც გაშრობის შემდეგ ვიწროვდებოდა და აუტანელ ტკივილებს იწვევდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი პოლიტპატიმარი წერდა საკუთარ მოგონებებში ამ და სხვა სასტიკი მეთოდების შესახებ, მათ უმეტესობას ფსიქიკა სამუდამოდ შეერყა.[4]
უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრი, თავადაც ყოფილი დისიდენტი და პოლიტპატიმარი ს.ფ. გლუზმანი საბჭოთა ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს სახელმწიფოს, რომლისთვისაც ფსიქიატრიის სფერო სადამსჯელო იარაღად იქცა. აქვე ის ხაზს უსვამს სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებასაც, რადგან ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობა საკანონმდებლო დონეზე 1988 წლამდე არ დარეგულირებულა. საბჭოთა ფსიქიატრია სრულად იყო განცალკევებული მსოფლიო ფსიქიატრიისგან და არ იზიარებდა მეცნიერების მიღწევებს. გლუზმანი ასევე აღნიშნავს, რომ ექიმებს, ისევე როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, არ გააჩნდათ სამართლიანობის შეგრძნება. მისი აზრით, საავადმყოფოების საშინელი მდგომარეობა იწვევდა მედპერსონალის და ექიმების დეჰუმანიზაციას. ასეთი პერსონალი ხშირად იჩენდა არაეთიკურ და სასტიკ დამოკიდებულებასაც კი პაციენტების მიმართ. ერთ-ერთ მაგალითად უკრაინელ ფსიქიატრს მოყავს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გამოკითხული 52 საბჭოთა ფსიქიატრიდან, 37 ეთანხმებოდა სულფოზინის, სხვა ქვეყნებში აკრძალული ნეიროლეპტიკის გამოყენებას.[5]
უცნობია ზუსტი რიცხვის დადგენა, თუ რამდენი ადამიანს შეეხო რეპრესიული ფსიქიატრია, რადგან სტატისტიკა არასოდეს გამოქვეყნებულა, თუმცა გარკვეულ სურათს წარმოგვიჩენს სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტის მიერ შემოწმებული ადამიანების რაოდენობა: ყოველ 1 შემოწმებულ ისეთ ეჭვმიტანილზე, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული №70 მუხლით („ანტი-საბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“) მოდიოდა 40 ეჭვმიტანილი, რომელიც ამ მუხლით იყო გასამართლებული. შესაბამისად, ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ესა თუ ის ფსიქიატრიული დიაგნოზი დაუსვეს დისიდენტებს და პოლიტპატიმრებს შორის სხვა მუხლებით გასამართლებულ ადამიანებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.[6]
სწორედ რეპრესიული ფსიქიატრიის პრაქტიკა გამოიყენეს 1950-იან წლებში, საქართველოს სსრ მოქალაქის და კომუნისტი მოღვაწის, პეტრე მეუნარგიას მიმართ.
პეტრე მეუნარგია
სხვადასხვა დროს, პეტრე მეუნარგია იყო რაისაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი, რესპუბლიკის წითელი ჯვრის თავმჯდომარის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1956 წლის 5-9 მარტს იგი მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მანიფესტაციაში, პირადად შეადგინა 9 ანტისაბჭოთა ბიულეტენი, რომელსაც ავრცელებდა წარწერით - „განთავისუფლების კომიტეტი“. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე (მაქსიმე) პავლეს-ძე მეუნარგიას 1956 წლის 12 ივლისს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
პეტრე მეუნარგია გადაასახლეს რუსეთში, მორდვეთის (Мордовия) ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ იავასში მდებარე შრომა-გასწორებით ბანაკ „დუბრავლაგში“. მას იქაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი აქტიურობა და მისი ინიციატივით დაარსდა არალეგალური ორგანიზაცია - „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი“. ამ კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა „მომავალი საქართველოს მოწყობის წესდება“.
1957 წლის 5 თებერვალს საფუძველზე, მორდვეთის ასსრ უშიშროების კომიტეტმა მიიღო აგენტურული ინფორმაცია მსჯავრდებული მეუნარგიას, მ. ყიფიანის, ი. კუხიანიძის და იუ. ბიბილეიშვილის შესახებ და 1957 წლის 6 მარტს განხორციელდა მათი ჩხრეკა. მეუნარგია და ყიფიანი თბილისში ჩამოიყვანეს კონვოის თანხლებით.
1957 წლის 28 მაისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, პეტრე მეუნარგიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და 1 თვის თავზე, ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1958 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მეუნარგიას საქმის სხვა მსჯავრდებულებს მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ისინი კვლავ „დუბრავლაგში“ დააბრუნეს. შეურაცხადად ცნობილი მეუნარგია ჯერ დააბრუნეს ბანაკში, ხოლო ბანაკიდან გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის მიზნით. 1958 წლის 25 დეკემბრიდან - 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით ის იმყოფებოდა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში, ქალაქ ყაზანში.[7]
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1959 წლის 18 აპრილს მეუნარგიას გაუუქმდა იძულებითი მკურნალობა და იმავე წლის 10 მაისს იგი გაათავისუფლეს. პეტრე მეუნარგია დაბრუნდა თბილისში, სადაც 1972 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნესტორ ცანავა, კუჭუ ჩიქოვანი, პეტრე მეუნარგია და სიმონ ცანავა - 1917 წელი
1990 წელს, პეტრე მეუნარგიას საქმე კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურატურამ. საქმეში ვხვდებით მრავალ საინტერესო დეტალს პეტრე მეუნარგიას 1956 წლის მარტის მოვლენებში მონაწილეობის თაობაზე. გთავაზობთ საქართველოს სსრ პროკურორის, ვ.ა. რაზმაძის 1990 წლის 21 თებერვალს მიწერილს წერილს უზენაესი სასამართლოსადმი, სადაც მისი დასკვნის თანახმად პეტრე მეუნარგიას მოქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა. გთავაზობთ აღნიშნულ წერილის თარგმანს რუსულიდან (სტილი დაცულია):
საქართველოს უშიშროების კომიტეტის ყოფილი არქივი- შსს-ის საარქივო სამმართველო, I განყოფილება, ფონდი №6, საქმე №5620, ყუთი №10.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას.
მეუნარგია პეტრე პავლეს ძე, დაბადებული 1888 წელს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი 1917 წლიდან, საშუალო განათლებით, დაჯახებული, ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, პენსიონერი, მცხოვრები თბილისში საბჭოთა ქუჩა №185.
იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის №58-10 მუხლის პირველი ნაწილით შრომა-გასწორებით ბანაკში 8 წლის ვადით შემდგომში საარჩევნო უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.
გასამართლებამდე მეუნარგია პ.პ. შემოწმდა სასამართლო მედექსპერტების მიერ და ცნობილ იქნა შერაცხადად, და როგორც აღინიშნა დასკვნაში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის დროს (1956 წლის მარტი- აპრილი) შეურაცხადი არ ყოფილა, შეენიშნებოდა მხოლოდ თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის საწყისი გამოვლინება.
1957 წლის 28 მაისს, მეუნარგია პ.პ. განმეორებით შეამოწმა სასამართლო-ფსიქიატრიულმა მედექსპერტიზამ თბილისში, ასათიანის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რის შემდეგადაც ცნობილი იქნა შეურაცხადად.
1957 წლის 28 ივნისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მეუნარგია პ.პ.-ს მიმართ საქმე შეწყდა და ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
1958 წლის 25 აგვისტოს, მეუნარგია შემოწმდა პროფ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტების მიერ და მის მიერ 1956-1957 წელს ინკრიმინირებული საქმიანობა შეფასდა როგორც შეურაცხადობა, რომელიც ექვემდებარებოდა იძულებით მკურნალობას და იზოლაციას სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
29.09.1958 წელს პროკურატურის პროტესტის შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ გაუქმდა 1956 წლის 12 ივლისის განაჩენი, რომლის ძალითაც მეუნარგიას მიესაჯა გადასახლება შრომა-გასწორებით ბანაკში 8 წლის ვადით შემდგომში საარჩევნო უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში განსახილველად და სამედიცინო ხასიათის ზომების მიღების მიზნით.
1958 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, მეუნარგია პ.პ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე მოთავსდა სპეციალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ.
საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიისგანაჩენით მეუნარგია პ.პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მასობრივი არეულობების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში 1956 წლის 8 და 9 მარტს, დაპატიმრების დღემდე სისტემატიურად ადგენდა და უგზავნიდა პარტიულ და საბჭოთა ორგანოებს ანონიმურ წერილებს, რომელიც ატარებდა მკვეთრად ანტისაბჭოთა-ნაციონალისტურ და ცილისმწამებლურ ხასიათს კომუნისტური პარტიის და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თავის ანონიმურ წერილებში გამოთქვამდა მწუხარებას, ხალხის მტრის, ბერიას გამოაშკარავების გამო. მასებს მოუწოდებდა საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირისგან.
1956 წლის 8-9 მარტის მასობრივი არეულობების დროს, თავისი სახლის აივნიდან გადმოკიდა დროშა, ცდილობდა გამოსულიყო რადიოთი, თუმცა რიგს აღარ დაელოდა და სახლში წავიდა. აივნიდან იგი არეულების ორგანიზატორებს ამხნევებდა და მოუწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მეუნარგიამ თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა დაადასტურა, რომ თავად ადგენდა და აგზავნიდა ანონიმურ წერილებს.
სასამართლოზე დაიკითხა ერთადერთი მოწმე - ლებანიძე-აგლაძე ნ., რომელმა მეუნარგია დაახასიათა განსაკუთრებით დადებითად, ასევე განმარტა, რომ მას არ უნახავს მეუნარგიას მიერ აივნიდან გადმოკიდებული დროშა და მოწოდებები არეულობების ორგანიზატორთა მიმართ.
თავის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიაში, წინასწარი გამოძიების დროს, წერილობითი ჩვენებით ის საკუთარ წერილებში და ლექსებში ადიდებდა ლენინს, როგორც „ახალი, განუმეორებელი ცხოვრების შემქმნელ ადამიანს, კაცობრიობის მილიარდობით ნაწილისგან შექმნილს... ის თავით-ფეხებამდე საუცხოო ინტერნაციონალისტი იყო... ის იყო უბრალო და ჰუმანური“ და ა.შ.
ის ასევე განადიდებდა სტალინს, თვლიდა მას თვითნაბად გენიად. „მისი ურთიერთობა ლენინთან და მის გენიასთან იყო ენგელსის და დიადი მარქსის ურთიერთობის პროტოტიპი... ლენინის გზიდან არ გადაუხვევია, თუმცა მას ჰქონდა დიდი და პატარა შეცდომებიც, თუმცა ასეთი ტიტანური საქმე შეცდომების გარეშე ვერ განხორციელდებოდა... მით უმეტეს რომ ყველაფერი კარგად ფასდებოდა, მას ყველა ტაშს უკრავდა, აქებდა, ცამდე აჰყავდათ, ხოლო კრიტიკის უფლებას თავს არავინ აძლევდა მაშინაც კი, როდესაც უხეში შეცდომა გამოაშკარავდებოდა“... მოგვიანებით ის წერდა „იმ ხალხმა, რომელმაც სტალინის პიროვნების კულტი ცამდე აიყვანა, გამოაცხადა ის ბელადად, ბრძენად, გმირად, მარშლად და გენერალისიმუსადაც კი, მისი სიკვდილის შემდეგ ფეხით გათელეს იგი, დაესხნენ მის საქმეს თავს და მიწასთან გაასწორეს, რითაც საკუთარ გადამეტებულ შეფასებებზე თქვეს უარი“.
თავის წერილებში მეუნარგია აკრიტიკებდა საარჩევნო სისტემას, ხალხის გასახლებას საკუთარი კერიდან, აღშფოთებული იყო ძველი ბოლშევიკების შევიწროვებით, კადრების არასწორი დანიშვნით, მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური დონით, გადასახადების დაკისრების არასწორი სისტემით, პრესის ცუდი მუშაობით, დემოკრატიული პრინციპების იგნორირებით და სხვა.
სამართლიან კრიტიკულ გამონათქვამებთან ერთად, ის გადამეტებით აფასებდა სტალინის როლს და ამბობდა „რომ ყველა თანამებრძოლი სტალინის მხარდამხარ მიდიოდა, მუშაობდა მასთან კოლექტიურად, ცამდე აჰყავდა, აქცევდა ზებუნებრივ ადამიანად, ხოლო სანამ ცოცხალი იყო, არავინ არ აკრიტიკებდა და არაფრის შესახებ აფრთხილებდა... მოკვდა დიდებული ადამიანი და მიცვალებულის და მისი ერის დევნა დაიწყო, რისი შედეგიც იყო 9 მარტი - სისხლიანი დღე“.
ანონიმური წერილების შედგენას და გავრცელებას მეუნარგია შემდეგნაირად ხსნიდა: „...მე ამისთვის მქონდა ორი საშუალება - ღიად ან ანონიმურად განმეცხადებინა, მე უფრო მეტად შესაძლებელი ვარიანტი - ანონიმურობა ავირჩიე. ეს იმიტომ, რომ ამ ასაკში თავს ვიკავებდი ციხეში ჩავარდნისგან“.
ანონიმურ წერილებს და ლექსებს მეუნარგია პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში აგზავნიდა „განთავისუფლების კომიტეტის“, „თბილისის ინდუსტრიული მუშაკების ხმის“, „ბიულეტენი 1,2,3“ და სხვა ფსევდონიმებით. ანონიმური წერილები გაიგზავნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში, კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, უკრაინის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ასევე სომხეთშიც, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირში, რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში. ამ ანონიმურ წერილებში მეუნარგია გამოთქვამდა თავის უკმაყოფილებას თბილისში 1956 წლის 8 და 9 მარტს მომხდარი მოვლენების გამო. „1956 წლის 9 მარტს, ველიკორუსეთის დერჟავის უგვირგვინო მეფემ, ნიკოლოზ III(იგულისხმებოდა ნიკოლაი ბულგანინი)დახვრიტა ქართველი ხალხის იმედი და რწმენა. დახვრიტა ათეულობით და ასეული ადამიანი მშვიდობიანი ტრაურის მიტინგზე ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის ძეგლთან, ქალაქ თბილისში, სადაც მიტინგის გარდა დახვრიტეს სტალინის, ლენინის, მაო ძედუნის, კალინინის ორჯონიკიძის და სხვათა პორტრეტები. ამ გაუგონარი სისხლიანი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ათეულობით დახვრეტილს მდინარე მტკვარში ყრიდნენ, ასეთ ცინიზმს არ იცნობს მსოფლიოს ისტორია. სტალინის გამო ნიკოლოზ მესამემ და მისმა ლაქია ნიკიტამ (იგულისხმება ხრუშჩოვი) დახვრიტეს ასეულები. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს დაცინვას ამ ხალხისგან და მოძმე სომეხი ერის გადაგვარებული შვილის (выродок) - მიქოიანისგან (რომელმაც ამიერკავკასიის ლენინი - შაუმიანი გაყიდა)“.
თავის ანონიმურ წერილებში, განმარტებებში და ლექსებში, მართებული კრიტიკის პარალელურად, რომელიც ეხებოდა საბჭოთა წყობილებას ჩვენს რესპუბლიკაში, ასევე პარტიის ცალკეულ ხელმძღვანელებს და ხელისუფლებას, ის უშვებდა გაუაზრებელ, ტყუილ, არაჯანსაღ, ზედაპირულ განხილვას ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. მისი პირადი შეფასებები, აზრები და შეხედულებები თავისი შინაარსით და მიმართულებით არ ატარებდნენ კ/რევოლუციურ ხასიათს. ამ ანონიმურ წერილებს იგი არ ავრცელებდა მოსახლეობაში, არამედ მიჰქონდა პარტიის და საბჭოთა ორგანოების ხელძღვანელობამდე, თვლიდა რა რომ ისინი გაერკვეოდნენ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. ამგვარად, საქმეში არ ფიგურირებს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მეუნარგია პ.პ. მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. პირიქით, საქმეში არის დამადასტურებელი მონაცემები, რომ იგი იყო ნამდვილი ბოლშევიკი, მთელი ცხოვრება შრომობდა პატიოსნად, კეთილსინდისიერად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობ რა „სსსრ პროკურატურის შესახებ კანონის“ 35-ე მუხლით:
გთხოვთ
შეიცვალოს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1956 წლის 12 ივნისისგანაჩენი და ყველა მომყოლი სასამართლო გადაწყვეტილებები და საქმე პეტრე მეუნარგიას მიმართ შეწყდეს მის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
საქართველოს სსრ პროკურორი, ვ.ა. რაზმაძე.
საერთო ჯამში, პეტრე მეუნარგიამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა თითქმის ორი წელი, 1957 წლის 28 ივნისიდან - 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით. დემონსტრაციაზე დროშის გადმოკიდება და საბჭოთა ხელმძღვანელებისთვის უკმაყოფილების გამომხატველი წერილების წერა მას უმძიმეს სასჯელად დაუჯდა.
ასევე, მეუნარგიას საქმე არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი დაუნდობელი იყო სტალინის უშუალო მონაწილეობით შექმნილი რეჟიმი იმ ადამიანების მიმართაც კი, ვინც „ბელადს“ განადიდებდა სიცოცხლის ბოლომდე, მათ შორის - პატიმრობაშიც. სტალინის ფიგურის მიმართ ამგვარი პარადოქსული დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა ქართველ მოსახლეობაში და დღემდეც, სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, სტალინის ფიგურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საქართველოშია. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ თავად სტალინის უშუალო მონაწილეობით, მისი მმართველობის პერიოდშივე მისი კულტი მნიშვნელოვნად გადაიჯაჭვა ქართულ ნაციონალიზმთან. სწორედ ამიტომ, დღემდე, საქართველოში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეთაყვანება პიროვნებას, რომლის შექმნილი რეჟიმიც ამგვარად დაუნდობელი იყო მისი ყველაზე გულმხურვალე მოკავშირეების მიმართაც კი, არც ისე მცირეა
სტატიაში ნათარგმნი საარქივო დოკუმენტის ორიგინალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
[1]საქართველოს კანონი: საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31408?publication=11
[2]ანდრეი სნეჟევსკი (1904-1987) - რუსი აკადემიკოსი, პროფესორ სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი. შეიმუშავა ე.წ. „მდორედმდინარე შიზოფრენიის“ (Вялотекущая шизофрения) კონცეფცია, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოთა რეპრესიულ ფსიქიატრიაში. ხშირად თავად მონაწილეობდა გამოკვლევებში და დიაგნოზის დასმაში. პირადად დაუსვა დიაგნოზი ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, ვლადიმერ ბუკოვსკის.
[3]Kovalyov, Andrei [Андре Ковалёв]. Взгляд очевидца на предысторию принятия закона о психиатрической помощи [View of the eyewitness to the backstory of the adoption of the Mental Health Law]. Nezavisimiy Psikhiatricheskiy Zhurnal [The Independent Psychiatric Journal]. 2007 [Retrieved 28 February 2014];(№ 3):82–90. Russian.
[4]Richard J., Bonnie L.L.B. Political Abuse of Psychiatry in the Soviet Union and in China: Complexities and Controversies.The Journal of the American Academy of Psychiatry and the Law, 2002. Vol. 30, no. 1. P. 136—144.
[6]«Новое время» (1991, № 5, С. 32)
[7]კრებული: «Словарь диссидента», Грузинский раздел, გამოუქვეყნებელი.
___
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.