09 აპრილი 2020
ლიეტუვას არქივმა საბჭოთა უშიშროების მასალების ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის სტატიების კრებულები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) სპეცბიბლიოთეკებში იყო ხელმისაწვდომი და სრულიად საიდუმლოს წარმოადგენდა. 1989 წლის ერთ-ერთ კრებულში არის სპეცკორესპონდენტის სტატია იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობდნენ საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენლები თბილისში 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ.
სტატიაში საინტერესოდაა გადმოცემული ... აქვე შეხვდებით მოვლენების უშუალო მონაწილეების - სხვადასხვა რანგის სამხედრო პირების კომენტარებს მომხდართან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესო ეპიზოდს წარმოადგენს მაიორ ვიაჩესლავ კუზნეცოვის მონათხრობი, რომელმაც თავი გაასაღა ლიტვაში მცხოვრებ პოლონელად, მომიტინგეთა რიგებში ნდობა დაიმსახურა და არაერთი საინტერესო ინფორმაცია გამოიტანა. ასევე საინტერესოა ის, თუ რა იცოდა უშიშროებამ 9 აპრილის ორგანიზატორების მოქმედებების შესახებ და როგორ აღკვეთდა მათ. სტატიაში გაეცნობით იმ მეთოდებს, რომელსაც КГБ იყენებდა 9 აპრილს და არამხოლოდ.
გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს, რომელიც შეასრულა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომელმა, ანტონ ვაჭარაძემ.
სრული კრებული შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.kgbdocuments.eu/
შემაშფოთებელი დღეები და ღამეები თბილისში
რეპორტაჟი სამხედრო კონტრდაზვერვის ოპერატიული ჯგუფის მოქმედების ზონიდან
მე-3 რანგის კაპიტანი ა. ზდანოვიჩი
კრებულის „КГБ СССР“ სპეციალური კორესპონდენტი
აპრილის პირველ თვეებში, ექსტრემისტულად და ნაციონალისტურად განწყობილი განწყობილი ელემენტების უპასუხისმგებლო აქციების შედეგად, გამწვავდა მდგომარეობა საქართველოს რამდენიმე რაიონში, მათ შორის რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისშიც. იყენებდნენ რა საბაბად აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ზოგიერთი თვითაღიარებული გაერთიანების ლიდერი პრაქტიკულად დღისა და ღამის მანძილზე ატარებდნენ მიტინგებს მთავრობის სახლთან, რომლებზეც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობას, ზოგიერთი პროვოკატორი აყენებდა მოთხოვნას არსებული წყობილების დამხობის თაობაზეც.
რათა უზრუნველეყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი, განემუხტა დაძაბულობის კერა, საქართველოს სსრ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინა ჯარები მოედნის მომიტინგეებისგან გასაწმენდად.
სამწუხაროდ, ექსტრემისტების პროვოკაციული მოქმედებებმა, ასევე ოპერაციის დაგეგმვისას დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია ადამიანური მსხვერპლი, რამაც უკიდურესად დაძაბა ვითარება.
მოვლენათა განვითარებაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, თბილისში სტაბილურობის მიღწევისთვის შეიქმნა ოპერატიული შტაბი. მის შემადგენლობაში შევიდნენ რესპუბლიკის КГБ-ს ხელმძღვანელობა, სამხედრო კონტრდაზვერვის და ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის დაზვერვის ორგანოების წარმომადგენლები. აქვე ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის КГБ-ს პასუხისმგებელ თანამშრომელთა სპეციალური ჯგუფი. ჩეკისტები იღებდნენ დადასტურებულ ინფორმაციას ინსპირატორების ნეგატიური გამოვლინებების შესახებ, აწარმოებდნენ მათი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების დოკუმენტირებას, ოპერატიულად მოახსენებდნენ ინსტანციებს სიტუაციის ნებისმიერ ცვლილებაზე, შეიმუშავებდნენ და იღებდნენ ზომებს ვითარების ნორმალიზაციისთვის. მაქსიმალური უკუგებით მუშაობდა ყველა - ტერიტორიული ორგანოების მუშაკები, სამხედრო კონტრმზვერავები და მესაზღვრეები. ექსტრემალურ ვითარებაში მათი მუშაობის გარემოებრივი შეფასება კვლავ წინაა. დღეს კი ჩვენი კორესპონდენტი ცხელ კვალზე ამზადებს რეპორტაჟს სამხედრო კონტრდაზვერვის ოპერატიული ჯგუფის მოქმედების ზონიდან.
9 აპრილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით თბილისში შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ЗакВО) ჯარების მეთაურის გადაწყვეტილებით ქალაქში და მის შემოგარენში გადაისროლეს დამატებითი სამხედრო კონტინგენტი (ჯარების საერთო რაოდენობა აღემატებოდა 20,000 ადამიანს). ჯარებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა სამხედრო კონტრდაზვერვის მუშაკთა დიდი ჯგუფი. ჩეკისტური კოლექტივების კოორდინირებული მოქმედებისთვის, ინფორმაციის გასაცვლელად, დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს КГБ-სთან ერთად სსრკ КГБ-ს მესამე მთავარი განყოფილების ხელმძღვანელობამ ЗакВО ბაზაზე მოახდინა რეგიონის ორგანოთა ოპერატიული ჯგუფის მობილიზება.
ჯგუფის ხელმძღვანელს - ЗакВО-ს განსაკუთრებული განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს, ა.ნ. ცურიკს მე შევხვდი მოსკოვში გასაგზავნი მორიგი შიფრტელეგრამის მზადებისას. მისივე კაბინეტში (სადაც იმყოფებოდა ოპერჯგუფი) ჰაერიც კი დაძაბულობით გაჟღენთილი იყო და ირგვლივ სასწრაფო მოქმედების საჭიროება სუფევდა - გაუჩერებლად რეკავდა ტელეფონები, ოპერმუშაკები შემოდიოდნენ და გადიოდნენ მოხსენებებით, საქართველოს КГБ-ს სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომელი ხელმძღვანელს გადასცემდა საჭირო ცნობებს და ა.შ.
- აი, ასეთ რიტმში ვმუშაობთ უკვე ერთი კვირაა, 9 აპრილიდან, - განმარტავს ალექსეი ნიკოლოზის ძე - უნდა შევაგროვოთ მაქსიმალურად ბევრი ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც მივიღებთ სწორ, აწონ-დაწონილ გადაწყვეტილებას. ვითარება ძალზედ დინამიკურია, ზოგ შემთხვევაში პრაქტიკულად არაპროგნოზირებადი, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია არამხოლოდ ჩვენზე, ოპერჯგუფის მუშაკებზე, არამედ ხელმძღვანელთა მოქმედებაზე და კომენდანტთა განყოფილების სპეციალურ დროებით ოპერშემადგენლობებზე, მუშაკებზე, რომლებიც თბილისში მომსახურე ნაწილებიდან ჩამოვიდნენ.
მოკლედ რომ ავხსნათ განსაკუთრებული განყოფილებების მთავარი დავალება დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩეკისტებისთვის და სამხედრო კომენდანტებისთვის დახმარება იმ საკითხების გადაჭრაში, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედებისას წარმოიშობა.
ყველა აგენტი და მინდობილი პირი, და პირველ რიგში ისინი ვინც პატრულირებენ, გაიგზავნა ექსტრემისტული მოქმედებების, ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტების მიერ პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავების ფაქტების გამოსავლენად, იარაღის და საბრძოლო მასალის დაუფლების მცდელობების აღსაკვეთად. დიდი ყურადღება ეთმობოდა დაკავებულებთან მუშობას. დღე-ღამის მანძილზე ყველა ნაწილში (განსაკუთრებით კომენდანტის საათის შემოღების პირველ დღეებში) მათი რიცხვი იყო 15-20 ადამიანი, ხანდახან მეტიც.
- ყველა მათგანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდნენ მხოლოდ ვითარების გულდასმით გარკვევის შემდეგ, რა დროსაც ისინი დავაკავეთ, - გვიყვება ერთ-ერთი საკომენდანტო ოლქის განსაკუთრებული განყოფილების ხელმძღვანელი, მაიორი ა.პ. ასტახოვი. - ზოგიერთ პირთან ტარდებოდა მიზანმიმართული პროფილაქტიკური საუბარი, სხვებს გადავცემდით შინაგან საქმეთა ორგანოებს შემდგომი გარკვევისთვის, ბევრს დილით ვუშვებდით (როგორც წესი მათ, ვინც აღმოჩნდებოდა პატრულირების ზონებში ღამის საათებში, თუმცა არ სჩადიოდა არანაირ უკანონო ქმედებას).
ჩვენ საუბარში ჩაერთო მესამე საკომენდანტო განსაკუთრებული განყოფილების მეთაური, მაიორი იუ.ა. ჟურბა.
- ყველაზე ხშირად, - გვითხრა მან, - ჩვენი ყურადღების ველში ხვდებოდნენ პირები, რომლებიც ცდილობდნენ არასანქცირებული მიტინგების ორგანიზებას, აკეთებდნენ პროვოკაციულ და ნაციონალისტურ წარწერებს შენობებზე, ავრცელებდნენ ანალოგიური შინაარსის ფურცლებს. ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემოდა ოპერატიულ ჯგუფს, იქიდან შტაბს და საქართველოს სსრ КГБ შესაბამის ქვედანაყოფებს.
თავისი სიტყვების დამადასტურებლად, იური ანატოლის ძემ მე მაჩვენა 14 აპრილის გაზეთი „ზარია ვოსტოკა“, რომელშიც თბილისის სამხედრო კომენდანტის КГБ-სგან მიღებული მონაცემებზე დაფუძნებული ცნობის თანახმად აღნიშნული იყო: „ქალაქში გამოჩნდა ფურცლები პროვოკაციული მოწოდებებით. სამხედრო პატრულმა დააკავა მოქალაქე (ქალბატონი) ნ.ვ. ლიპარტელიანი ნაციონალისტური ხასიათის ფურცლების გაკვრისას...“
- ინფორმაცია მისი მოქმედების შესახებ, - განმარტა ჟურბამ, - მიღებულ იქნა სანდო პირებთან და პატრულებთან განსაკუთრებული განყოფილების მუშაკების აქტიური მუშაობის შედეგად. ამან ოპერუფლებამოსილ კაპიტან ს.ა. ლაზარევს დართო ნება აღმოეჩინა „არქივი ბორბლებზე“ - ავტომანქანა, სადაც იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ცალკეული აქტიური წევრების მიმოწერა, წერილობითი განცხადება „არაფორმალების“ ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბეჭდვის თაობაზე (ადრე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ), საზოგადოების წევრობის ბილეთების შეუვსებელი ბლანკები, სხვა მასალები, ასევე მენშევიკების პერიოდის მთავრობის დროშები.
ყურადსაღებ ინფორმაციას იღებდნენ სხვა საკომენდანტო განსაკუთრებული ნაწილებიც. კომენდანტის საათის რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე დაკავებული იქნა 1439 ადამიანი, შსს თანამშრომლებთან ამოღებულ იქნა 1320 ცეცხლსასროლი და 2500-ზე მეტი ცივი იარაღი.
აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს კიდევ ერთ მომენტზე, რაც ვერ აისახება რაოდენობრივ, რიცხობრივ გამოხატულებაში, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ არამარტივ ვითარებაში. იმ პირობებში, როცა სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც პატრულირებენ ქალაქის ქუჩებში და მოედნებზე, მუდმივად შედიოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტში, მათ შორის იყვნენ ჯარების მიმართ ნეგატიურად განწყობილებიც და არ შეიძლებოდა შესაძლო ექსცესების გამორიცხვა. ამიტომ განსაკუთრებული განყოფილების მუშაკები ახდენდნენ აგენტების, სამხედროების და სანდო პირების ორიენტაციას რათა მათ აქტიურად ესაუბრათ თბილისელებთან, განემარტათ რიგითი და ოფიცრების როლი მიმდინარე მოვლენებში, გამოევლინათ და აღკვეთად პატრულების არასანქცირებული ქმედებების მცდელობები სამოქალაქო პირების მიმართ, რასაც შეიძლება გამოეწვია დაძაბულობის გამოწვევა და მივეყვანეთ ტრაგიკულ მოვლენებამდე. საბოლოოდ ამის თავიდან აცილება მოხერხდა.
მოვისმინოთ მაგალითად უფროსი ოპერუფლებამოსილი მუშაკის, პოდპოლკოვნიკ გ.ა. ნოვიკოვის მოსაზრება, რომელიც ასრულებდა მეშვიდე საკომენდანტო განსაკუთრებული უბნის უფროსის მოვალეობას.
- უბანი საკმაოდ რთული იყო, - დაიწყო მან, - ეს ხომ ქალაქის ცენტრია, სადაც კულტურის და მეცნიერების ობიექტებია კონცენტრირებული, სასწავლო დაწესებულებები. იქ სტუდენტებს და სახელოვნებო ინტელიგენციას შორის იბადებოდა ნეგატიური პროცესები, რაც ამ ადგილებს ფეთქებადსაშიშ კერებად აქცევდა. ბუნებრივია, რომ დაკავებულთა შორის შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით ყოფილიყვნენ ექსტრემისტები ან ნაციონალისტურად განწყობილი ელემენტები. საკომენდანტო უბნის დაწესებულებაში, სადაც დაკავებულები იმყოფებოდნენ, ერთდროულად 20-მდე ადამიანი იყრიდა თავს. აი აქ ვიყენებდით ქართული ენის მცოდნე აგენტურას და ადგილობრივ მცხოვრებლებს, ოპერატიული ინტერესის ობიექტი პირების გამოსავლენად. მრავალი სირთულე წარმოიშვა იმის გამო, რომ ჩვენ ტექნიკურად შეუიარაღებლები აღმოვჩნდით. იმ პირობებში, როდესაც ყოველი დაკარგული წუთი შესაძლოა ჩვენ სამუშაოსა და შედეგებზე უარყოფითად ასახულიყო, განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომლები საკომენდანტო უბნებზე ნაწილობრივ ვერ ახერხებდნენ ოპერჯგუფისთვის ან თავისი „მეზობლებისთვის“ საჭირო ინფორმაციის გადაცემას. და თუ კი ჩვენ განყოფილების შენობაში ვიყენებდით იქ დამონტაჟებულ საქალაქო ტელეფონს, გასვლისას და პოსტების ადგილებზე ამის შესაძლებლობა არ ყოფილა. ოპერატიულ ჯგუფს არ ჰქონდათ ფოტოაპარატები რათა მოეხდინათ ამა თუ იმ არაკანონიერი მოქმედებების დოკუმენტირება. გაჩნდა აუცილებლობა გამოგვეყენებინა ხმის ჩაწერის მცირეგაბარიტიანი საშუალებები, იმის გამო რომ მრავალი ადგილობრივი მოქალაქე არა მხოლოდ არ ასახელებდა საკუთარ ვინაობას, არამედ მტკივნეულად რეაგირებდა ჩეკისტების (ხელმძღვანელობის სახელით მოქმედებზეც) მიერ საუბრის ფურცელზე ფიქსაციაზე. ამიტომ ეს გვართმევდა ისედაც დეფიციტურ დროს.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საკითხები რომლებსაც ვიცე-პოლკოვნიკი ნოვიკოვი შეეხო მეორადი მნიშვნელობის იყო და არ იმსახურებდა დაჟინებულ ყურადღებას, მაგრამ ისინი, ვისაც მოუწია სუმგაითში, ერევანში, სტეფანაკერტში და რეგიონის სხვა ქალაქებში მუშაობა, სადაც ადგილი ჰქონდა ცნობილ მოვლენებს, ვფიქრობ, დაეთანხმებიან მის დასკვნებს.
- რიგი პრობლემებისა ყოველთვის არ იჭრებოდა ოპერატიულად და ხარისხიანად - აღნიშნა ერთ-ერთ ოლქის განსაკუთრებული განყოფილების თათბირზე სსრკ КГБ-ს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ მაიორმა იუ.ა.კალგანოვმა. ნაწილობრივ მან მიაქცია დამსწრეთა ყურადღება იმას, რომ არ მოხდა ექსტრემისტული და ნაციონალისტური დაჯგუფებების ყველა დაფარული ჩანაფიქრის გამოვლენა პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოყენებული იყო კომენდანტის საათის რეჟიმის მხარდაჭერისთვის. არადა უფრო ადრე, პრაქტიკულად წლის დასაწყისში, საქართველოს КГБ-სგან მიღებული და სამხედრო კონტრმზვერავების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთო ჯამში გაკეთდა სწორი პროგნოზი ყველაზე აგრესიული ჯგუფების მოქმედებათა არასწორი ხასიათის შესახებ. თუმცა ზოგიერთი ოპერმუშაკი და ხელმძღვანელი შეცდომით ვარაუდობდნენ, რომ ნაციონალისტურად განწყობილ დამოუკიდებელ ჯგუფებთან მუშაობა - გამორჩეულად ტერიტორიული ორგანოების შესასრულებელი ამოცანა იყო, ამიტომაც აქტიურად გაიშალა მხოლოდ მთავრობის სახლის წინ 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როდესაც ახალგაზრდების ნაწილსა და სტუდენტებს შორის გავრცელდა არმიის საწინააღმდეგო განწყობა, გაჩნდა სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის აშკარა ნიშნები, ანგარიშსწორების პირდაპირ მუქარებამდე, გაკრულ ფურცლებზე „შურისძიების“ მოწოდებით და ა.შ.
ამიტომ საჭირო იყო გადაწყობა, როგორც იტყვიან პირდაპირ საქმის დროს, დაუყოვნებლივ, ასეთი ვითარება უპირობოდ მოითხოვდა აქტიურ, გადამწყვეტ მოქმედებას.
როგორც ხშირად, ალბათ მძიმე მომენტებში ხდება ხოლმე, ყველა კოლექტივში ძალიან სწრაფად გამოვლინდება ხოლმე „ვინ ვინ არის“. ინიციატივის მქონე, გადაწყვეტილების მიმღები, მამაცი ხალხი წამოწეულია პირველ ეშელონში, აღწევენ წარმატებას სიტუაციაში, როდესაც საჭიროა არა თეორიულად, არამედ პრაქტიკაში განვასხვაოთ ავანტიურა გონივრული ოპერატიული რისკისგან და გამიზნულად წავიდეთ მასზე.
აი მაგალითად, რას მომიყვნენ უფროს ოპერუფლებამოსილ მაიორ ვიაჩესლავ კუზნეცოვზე. შემთხვევით მოხვდა რა ახალგაზრდების მიტინგის ადგილას, ის წარუდგა ერთ-ერთ მონაწილეს სპორტსმენად, რომელიც ბალტიისპირეთიდან შეკრებაზე ჩამოვიდა და დაინტერესდა მომხდარით, რა მიზნებისკენ მიიწევდნენ მომიტინგეები. გამართულ საუბარში კუზნეცოვმა მიიღო გარკვეული მონაცემები ყველაზე აქტიურად გამომსვლელ ადამიანებზე, მათ დამოკიდებულებაზე სამხედრო ქვედანაყოფების მიმართ, იმ ზომებზე, რომელიც კომენდანტის საათის ფარგლებში იქნა მიღებული.
საკუთარ კითხვებს კუზნეცოვი სვამდა იმგვარად, რომ სტუდენტებს ის გაეყვანათ არაფორმალურ გაერთიანებათა ფუნქციონერებზე. გათვლამ გაამართლა, და საბოლოოდ ის გააცნეს ე.წ. „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებს, რომლებთანაც შემდგომ დღეებში კუზნეცოვმა გამართა რამდენიმე სასარგებლო შეხვედრა ოპერატიული კუთხით.
კუზნეცოვის მოპოვებული ინფორმაცია და დამყარებული კონტაქტები გახდა აგენტურული კომბინაციის საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავდა ექსტრემისტებს შორის შეღწევას. ამისი მიზანი იყო გამოევლინათ მათი შესაძლო სურვილები ჯარებთან მიმართებაში, მცდელობები ეპოვათ თანამოაზრეები თბილისში დისლოცირებური ჯარების პირად შემადგენლობაში, რათა მათგან იარაღი და საბრძოლო მასალა მოეპოვებინათ.
რამდენიმე დღეში მე თავად კუზნეცოვს შევხვდი.
- მითხარით, ვიაჩესლავ, რით ხელმძღვანელობდით, რისი იმედი გქონდათ როდესაც „არაფორმალებს“ ხვდებოდით?
- მე გარკვევით ვაცნობიერებდი, რომ ხელიდან არ უნდა გაგვეშვა სტიქიურად დამდგარი სიტუაცია რათა გადაგვეჭრა ოპერატიული დავალებები. გარკვეული გამოცდილება მქონდა - ვმუშაობდი გერმანიაში, საბჭოთა ჯარების ჯგუფში და სამუშაოს დროს მიწევდა უცხოელებთან კონტაქტი, მათ შორის უცნობებთან, ვიცი გერმანული და პოლონური ენები, ამიტომ თავი გამესაღებინა ლიტვაში მცხოვრებ პოლონელად - ჩემთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. ეჭვი არ მეპარებოდა საკუთარ ძალებშიც რომ ფიზიკურად დამეცვა თავი. თუმცა გარკვეული ეჭვები მაინც იყო: მაგალითად როგორ შეაფასებენ ჩემს მოქმედებას ხელმძღვანელები. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად აგენტის ან სანდო პირის ინფორმაცია ფასდება უფრო ძვირად, ვიდრე უშუალოდ ოფიცერ-აგენტურისტის მიერ მიღებულს. ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ მე წავედი მომიტინგეებთან პირდაპირ კონტაქტზე. ვფიქრობ, რომ არაპროგნოზირებადი სიტუაციები სამომავლოდაც შესაძლებელია, თუმცა თუ პასიურობას გამოვიჩენთ, ვის გაუმართავს ეს ხელს?
დიახ, ექსტრემალურ სიტუაციაში მერყეობა ჩანს რომ გარდაუვალია და მათ გადალახვას ეხმარება ჩეკისტის კარგი მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადება, დარწმუნებული ყოფნა იმაში, რომ ამხანაგები და ხელმძღვანელები სწორად გაიგებენ და შეაფასებენ შენ ქმედებებს. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს დაეხმარა ვიაჩესლავ კუზნეცოვს და მის კოლეგას, მაიორ ვლადიმერ შევცოვს კრიტიკულ სიტუაციაში სწორ ორიენტაციაში. ამ უკანასკნელზე ასევე ღირს რომ დაწვრილებით ვთქვათ. შევცოვის პოვნა საკმაოდ რთული გამოდგა, რადგანაც დღე-ღამის დიდ ნაწილს ის ატარებდა განსაკუთრებული განყოფილების კედლებს გარეთ. აი ფრაგმენტი მისი მონათხრობიდან.
- კომენდანტის საათის შემოღებიდან პირველივე დღეებში, ოლქის ხელმძღვანელობამ და ქალაქის პარტიულმა კომიტეტებმა ადგილობრივ ჩეკისტებთან ერთად შეეცადა მოეწყო იმ ყოფილი მებრძოლი ინტერნაციონალისტების თათბირი, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში, რათა ისინი მოეზიდათ ვითარების ნორმალიზებისთვის. თათბირი შედგა 13 აპრილს სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლში და გვაჩვენა, რომ ისინი - ძალაა, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება დავალებების გადაწყვეტის და თბილისში საზოგადო წესრიგის მხარდაჭერის დროს. „ავღანელებმა“ მოახდინეს საქალაქო შტაბის ორგანიზება, გამოყვეს თავიანთი წარმომადგენლები რაიონებში, კავშირი დაამყარეს საკომენდანტო ნაწილებთან. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მებრძოლი-ინტერნაციონალისტების აქტიურობა არ დარჩებოდა ნეგატიურად განწყობილ ელემენტთა (მათ შორის არმიის მიმართ) მხრიდან შეუმჩნეველი. არსებობდა პოტენციური საფრთხე, რომ ექსტრემისტები შეეცდებოდნენ ცალკეული „ავღანელების“ გამოყენებას საკუთარ აქციებში, დაწყებული მათ მიერ იარაღის ხელში ჩაგდების და კომენდანტების მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციით დამთავრებული. ბუნებრივია, წამოიჭრა საკითხი „ავღანელთა“ შორის მომხრე პოზიციების შეძენის თაობაზე. ეს საქმიანობა ჩვენ გავწიეთ რესპუბლიკის КГБ-ს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად.
ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მე, როგორც ოლქის შტაბის ოფიცერი გამგზავნეს ოფიცერთა სახლში, სადაც იკრიბებოდნენ ყოფილი მეომრები, ვესწრებოდი მათ კრებებს, ვაკვირდებოდი მათ. იმდენად, რამდენადაც საუბრები ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, მე რამდენიმე მათგანს თარგმნის თხოვნით მივმართე. ამ ნიადაგზე მყარდებოდა კონტაქტები და ებმებოდა ურთიერთობები. გაითვალისწინეთ, რომ საუბარი მიდიოდა არა თვეებზე და კვირებზე, ხანდახან დღეებზეც კი არ. ხანდახან კონტაქტების დამყარება შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, ხოლო ამ დროში უნდა გამოგვევლინა ისინი, ვისზეც შეიძლებოდა დაყრდნობა. მუშაობის მესამე დღეს მე მოვიპოვე ნდობა რამდენიმე „ავღანელს“ შორის, მათ შორის ისეთებთან, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ჩვენთვის საინტერესო წრესთან.
ამავდროულად ყოფილი მეომარი-ინტერნაციონალისტების სიების მიღების პარალელურად მიმდინარეობდა მათი შემოწმება ოპერატიული აღრიცხვის ბაზებში. სამწუხაროდ სიების მოპოვება იყო გართულებული და დრო გაჭიანურებული, იმიტომ რომ საჭირო ინფორმაცია „ავღანელთა“ შესახებ ჩვენ განკარგულებაში არ იყო.
ასევე ვერ მოხერხდა იმ განსაკუთრებული განყოფილებების და ოპერატიული მომსახურების ობიექტების სრული პოტენციალის გამოყენება, რომლების თბილისში იყო დისლოცირებული, მათ შორის მათი აგენტურული კონტაქტები იმ პირებს შორის, ვინც ადრე მსახურობდა ავღანეთში. ასეთი არასაშტატო თანამშრომლების მოწვევას მებრძოლ-ინტერნაციონალისტთა საქალაქო და რაიონულ საბჭოებში შეეძლო ჩვენი შესაძლებლობების გაფართოება, რადგანაც კომენდანტს საათის პირობებში იქცა თავისებურ ქსელად, რომელიც აკავშირებდა სამხედროებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან.
ამ დღეებში ოპერჯგუფში შემომავალი ინფორმაციის ანალიზი გვაძლევდა იმის დასკვნის საშუალებას, რომ ჯარების მიმართ სპეციფიკურ ინტერესს გამოხატავდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი „არაფორმალები“, არამედ „გასტროლიორები“ ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ბალტიისპირეთიდანაც. უკვე ნახსენები იყო იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდული ჯგუფების (და არამხოლოდ ახალგაზრდული ჯგუფების) წარმომადგენლები ძალიან ადვილად გავიდნენ კონტაქტებზე მაიორ კუზნეცოვთან, რომელიც თავს ლატვიის მცხოვრებად ასაღებდა. შესაბამისად, არსებობდა ორმხრივი მიზიდულობა და ეს გათვალისწინებული იყო სამხედრო ნაწილების კონტრსადაზვერვო უზრუნველყოფაში, მით უმეტეს ბოლო გაწვევის შემდეგ პირადი შემადგენლობის ეროვნული სტრუქტურა, მათ შორის თბილისში მოსამსახურე საგრძნობლად შეიცვალა - საკმაოდ გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან. მათი ნაწილი ჯარში სამსახურის დაწყებამდე შედიოდნენ სხვადასხვა ნეგატიურ დაჯგუფებაში და შეეძლოთ ექსტრემისტული გამოვლინებების მხარდაჭერა საქართველოს დედაქალაქში. ეს გარემოება განსაკუთრებულმა განყოფილებებმა გაითვალისწინეს ნაწილებში არაფორმალური აპარატის ფორმირებისა და განაწილების დროს. მიღებული ზომები, როგორც მოსალოდნელი იყო არ იყო ზედმეტი.
- შინაგანი ჯარების დივიზიონის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან - გვიყვება განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ვალენტინ ეფრემის-ძე მოსკალენკო - უკვე 12 აპრილს გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაგვეცნო ამ ნაწილის ყოფილ მოსამსახურედ და ითხოვა შიდა ტერიტორიაზე შესვლა რათა შეხვედროდა მეთაურობას. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მყოფმა ჯარისკაცმა შეამოწმა მოსულის დოკუმენტები და აცნობა მეთაურობას და ამავდროულად სპეციალურ განყოფილებასაც. როგორ „ვიზიტორის“ შემოწმების ღონისძიებებმა აჩვენეს, ის იყო ლიტვური საინფორმაციო ბიულეტენის - „აღორძინების“ კორესპონდენტი. ადრე ნამდვილად მსახურობდა კონვოის დივიზიაში და ინარჩუნებდა რამდენიმე პრაპორშჩიკთან. მისი მიზანი იყო 9 აპრილის ღამით განხორციელებული ოპერაციის შესახებ „საზოგადოებისთვის უცნობი“ ინფორმაციის მიღება და სამხედროებს შორის ბიულეტენის გავრცელება. მიღებული ზომების შემდეგ მოხერხდა „კორესპონდენტის“ ლოკალიზება. ამისთვის ბევრი გააკეთა ოპერმუშაკმა კაპიტანმა ს.პ. სტეპანოვმა, რომელმაც მოხერხებულად გამოიყენა აგენტურული კავშირები. „ვიზიტორის“ ქალაქში შესაძლო მოქმედებების შესახებ ასევე ეცნობა საქართველოს სსრ КГБ-ს დაინტერესებულ ქვეგანყოფილებებს.
ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი იმ მრავალფეროვანი სამუშაოდან, რომელიც ამ მძიმე პერიოდში განსაკუთრებული განყოფილების მუშაკებმა გასწიეს. თუმცა, ვფიქრობთ რომ სამხედრო მზვერავების დაძაბული ყოველდღიურობის სურათი თბილისში, აპრილის პირველ ნახევარში არასრული იქნება, მხოლოდ ოპერატიულ-სამსახურებრივი მუშაობის შესახებ მოყოლით რომ შემოვიფარგლოთ და არ გავითვალისწინოთ, თუ რა ახდენდა თუნდაც ირიბ გავლენას მუშაობაზე. მოვუსმინოთ, რას ამბობს ამის შესახებ სსრკ КГБ-ს განსაკუთრებული განყოფილების ხელმძღვანელის დამხმარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ვიცე-პოლკოვნიკი ვ.კ. სლუშკო.
- როგორც ცნობილია, - ამბობს ის, - ოლქის ცალკეული სამხედრო ნაწილი სუმგაითში მომხდარი მოვლენებიდან მოყოლებული, გამოძახებულნი არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განსაკუთრებული მდგომარეობის და კომენდანტის საათის ღონისძიებების შესასრულებლად. მომსახურე ნაწილებთან ერთად უმნიშვნელო რაიონებში გადიოდნენ ოპერატიული მუშაკებიც. დროის განუსაზღვრელობა, რომლის მანძილზე ნაწილები უნდა დარჩენილიყვნენ დისლოკაციის დროებით ადგილებში იყო ინტენსიური, დასვენების დღეებისა და დღესასწაულების გარეშე, სამუშაო, ხანგრძლივი მოწყვეტა ოჯახის წევრებისგან ბუნებრივია იწვევდა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. თბილისში ამას ემატებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც უწყვეტი მუქარა სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების, მათ შორის პატარა ბავშვების მიმართ. ასეთი შეტყობინებები პრაქტიკულად ყოველ დღე მოდიოდა. მუქარა იყო სავსებით რეალური, ამიტომ მეთაურობა იძულებული იყო დაეწესებინა პატრულირება ოფიცერთა საცხოვრებელ ადგილებთან, ასევე ხშირად შეიარაღებულ ჯარისკაცებს ტოვებდნენ მათ ბინებში. სხვათა შორის, ზოგიერთი ოფიცრის ბინის კარებზე, მათ შორის განსაკუთრებული განყოფილების მუშაკების ბინებთან ჩნდებოდა გაურკვეველი ნიშნები, რაც ფსიქოლოგიური დაძაბულობის პირობებში ოჯახის წევრების მიერ აღიქმებოდა როგორც ექსტრემისტული ელემენტების მზადება უკანონო მოქმედებების განსახორციელებლად.
და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ამხანაგები არ შეცბნენ, გამოავლინეს კომუნისტი-ჩეკისტების საუკეთესო თვისებები.
ათი დღე. სწორედ ამდენ ხანს მოქმედებდა თბილისში კომენდანტის საათი. ვადა მცირეა, მაგრამ რამდენი ახალი აზრი, შეფასება, არასტანდარტული გადაწყვეტილება შემოვიდა ამ დროში სამხედრო კონტრმზვერავების ოპერატიულ პრაქტიკაში. ისინი კვლავ საჭიროებენ სისტემატიზაციას, ანალიზს და პერსპექტიული დასკვნების გაკეთებას. რაღაც არ იქნება გათვალისწინებული, რაღაცას კი ოლქის განსაკუთრებული განყოფილების მუშაკები და სავარაუდოდ, არამარტო ისინი საკუთარ არსენალში აითვისებენ.
დასკვნით თათბირზე, რომელიც გენერალ-მაიორმა იუ.ა. კალგანოვმა ჩაატარა აღინიშნა, რომ თბილისის სამხედრო ნაწილები გაუმკლავდნენ მათთვის დასახულ დავალებას. ამასთან ერთად კვლავ არის მრავალი გადაუწყვეტელი კითხვა, რომლებზეც უნდა მოხდეს განყოფილების უკლებლივ ყველა მუშაკის ძალისხმევის მობილიზება, შეძენილი გამოცდილების სრულად გამოყენება.
თბილისი-მოსკოვი.