20 მარტი 2017
IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არქივების ღიაობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლაა. ორგანიზაციის საქმიანობის ამ მიმართულების ფარგლებში IDFI-ი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან. 2010 წელს IDFI-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (National Security Archive), IDFI-ის თხოვნით გამოითხოვა და გადმოგვცა შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. დოკუმენტების ნაწილი ჩვენ მიერ გამოქვეყნდა სტატიაში "IDFI- გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ", ასევე სტატიაში: „გრიფით საიდუმლო დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ“.
IDFI განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად პირველად აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც გაეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს ბეიკერს. ოფიციალური წერილი პასუხია იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე, სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი შეერთებული შტატების იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე (ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში).
საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს
12 დეკემბერი 1991
თქვენო აღმატებულებავ,
უკვე მეორედ აშშ-ს საელჩო მოსკოვში, პასუხობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზ. გამსახურდიას მიმართვას თქვენდამი. ჩვენ ამას ვხსნით, თქვენი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში სრული ჩართულობით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შეუქცევადი ისტორიული პროცესების შედეგად, თქვენი და საერთაშორისო ყურადღება გადმოინაცვლებს კავკასიის რეგიონისკენ, რომელიც გეოგრაფიულად ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს, და სადაც ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ არანაკლებ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარება. კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, და პარადოქსულია რომ იმპერიული ცენტრი ცდილობს ითამაშოს მათ შორის ნეიტრალური არბიტრის როლი. ეს არის ის ცენტრი, რომლის დეზინტეგრაციას, შეერთებული შტატების მთავრობა ასე ძლიერ ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არც ერთ ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ლიდერს, არ შეუძლია ამ ისტორიული პროცესის უკან შემოტრიალება.
თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დამშვიდდა, და ძალის გამოყენების საფრთხემ დიდად იკლო. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ეს დიდწილად საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის, ბატონ ზ. გამსახურდიას, უნარის დამსახურებაა, ჩაეტარებინა მოლაპარაკებები, დიალოგისა და კომპრომისის საფუძველზე, შეიარაღებულ ოპოზიციასთან, რომელიც ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ასეთ ელემენტებს შეიარაღებული ძალებით დაუპირისპირდებოდა.
ჩვენ გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში როგორც წესი მოიხსენება, მსგავს მშვიდობიან მიდგომას იყენებს. ეს კონფლიქტი, თავად ოსებისვე განცხადებით, არის პოლიტიკური და არა ეთნიკური. ნიშანდობლივია, რომ ოსები არ აპროტესტებენ ქართველების მხრიდან დისკრიმინაციას, არამედ სურთ რომ ძირძველი ქართული ტერიტორია გააერთიანონ ახალ საბჭოთა კავშირთან ან რუსეთის ფედერაციასთან და ამ მიზნისთვის საკუთარ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს იყენებენ. ეს ეწინააღმდეგება თქვენს წერილში გამოთქმულ, არსებული საზღვრების ძალისმიერი გზებით შეცვლის მიუღებლობის პრინციპს.
წერილში ნახსენებია ქართველების მიერ მოკლული ოსები, თუმცა წერილი არაფერს ამბობს იმ ქართველებზე, რომლებიც მოკლული, ბარბაროსულად ნაწამები და დასახიჩრებულნი იყვნენ ოსების მიერ; არაფერია ნათქვამი 20 ათას ადამიანზე, რომლებიც ოსი ექსტრემისტების დამსახურებით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ; არაფერია ნათქვამი საბჭოთა არმიის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებზე: ნიქოზზე, ერედვზე და ა.შ. და იმ ავღანურ ტაქტიკაზე, რომელსაც საბჭოთა შინაგანი ჯარი იყენებს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სინამდვილეში სამაჩაბლო) ქართული მოსახლეობა იძულებულია დაიცვას თავისი მიწა და ინტერესები. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით.
რაც შეეხება თქვენს წუხილს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საქართველოში ჩვენ გვყავს ლეგალური საპარლამენტო ოპოზიცია. მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც სახელისუფლებოსგან განსხვავდება, არა მარტო პარლამენტში, არამედ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მეორეს მხრივ, თქვენს წერილში დასახელებული პიროვნებები წარმოადგენენ შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არ სცნობენ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და ხელისუფლებას, და უარს აცხადებენ პოლიტიკურ პარტიათა კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდნენ. სადავო არ უნდა იყოს, რომ ჩვენი პოზიცია ანალოგიურია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის პოზიციისა. ბატონები გ. ჭანტურია და გ. ხაინდრავა დაპატიმრებულნი იქნენ არა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ მასობრივი არეულობისა და შეიარაღებული ექსცესების ორგანიზებისთვის, რომელიც ყველგან კრიმინალურ ქმედებად განიხილება (ამ პიროვნებების მიერ სახელმწიფო უწყებებზე ორგანიზებულ თავდასხმებს, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა).
გვსურს გაცნობოთ რომ მოვლენები საბჭოთა კავშირში მეტნაკლებად მსგავსი სცენარით მიმდინარეობს. რეალობაში ეს ნიშნავს იმპერიის მიერ რესპუბლიკებში ჩადებული ნელი მოქმედების პოლიტიკური და ეთნიკური ნაღმების გააქტიურებას. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საქართველო იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები და ჩამოაყალიბა დემოკრატიული სახელმწიფო უწყებები. ზემოთ თქმულიდან ცალსახაა, რომ თქვენი მოთხოვნების კავშირი, საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობასთან, არაადეკვატურია.
სამწუხაროა, რომ თქვენი მცდელობები საქართველოზე ეკონომიკური გავლენა მოახდინოთ, იდენტურია ცენტრისა და ე.წ. დემოკრატიული რუსეთის, რომელსაც არ შეუძლია თქვას უარი იმპერიულ ამბიციებზე.
ბოლოს, ჩვენ გვჯერა რომ უმოკლესი გზა ზემოთ ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, არის საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობა, რომელიც გარდაუვალს გახდის ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და პარიზის ქარტიის პრინციპების საქართველოში რეალიზაციას. იგივე შეიძლება ითქვას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, ბირთვული გაუვრცელებლობისა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ პირველი წერილიდან, საქართველოს შეუძლია მხოლოდ ფორმალურად შეუერთდეს ამ ხელშეკრულებებს და შესაბამისად მისი ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოებისადმი ასევე ფორმალურია, თუმცა ჩვენი სწრაფვა რომ კავკასია ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტდა ამ პრობლემებს. შეერთებული შტატებს, თავის მხრივ, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა კავკასიის რეგიონში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ასპექტებზე გავლენის მოხდენის. ნება მომეცით აგრეთვე დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება შიდა სტაბილურობის, ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტების და საქართველოს, დანარჩენი მსოფლიოსადმი ვალდებულებების, განმტკიცების გარანტია. ჩვენ, დასაშვებად მიგვაჩნია საქართველოში ამერიკელ დამკვირვებელთა გამოგზავნა, რომლებიც საკმარისად დიდი დროით დარჩებიან, რათა შეაფასონ რეალური სიტუაცია ზემოთ მოყვანილ სფეროებში. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ არ გქონდეთ დამახინჯებული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც იმპერიული მედია და დღევანდელი საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ოპონენტები თქვენ გაწვდიან.
თქვენო აღმატებულებავ, მე კვლავ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგიწვიოთ თქვენ, ან ადმინისტრაციისა და კონგრესის ნებისმიერი წარმომადგენელი, ნებისმიერი პრობლემის განსახილველად და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზების დასაგეგმად.