...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში

18 აპრილი 2017


 

IDFI აგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) და ვიკილიქსის მასალების მიმოხილვას. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს და სახელმწიფო დეპარტამენტის გასაჯაროებული კონფიდენციალური დოკუმენტები საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს საქართველოში საბჭოთა ეპოქის მიწურულის და დამოუკიდებლობის პირველი წლების პოლიტიკური პროცესების შესახებ.

 

1991 წლის 31 მარტი - 3 აპრილის პერიოდში, საქართველოს ეწვია რუსეთში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი პოლოფი. ვიზიტის შედეგად, მომზადდა სამი ანგარიში. ჩვენ მიერ უკვე გამოქვეყნებულია 1991 წლის 10 აპრილს მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი მოხსენება - სახელწოდებით „გამსახურდია აგრძელებს მოსკოვთან დაპირისპირებას“.


ამჯერად IDFI გთავაზობთ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის, პოლოფის ვიზიტის ფარგლებში მომზადებულ კიდევ ერთ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვიკილიქსის მონაცემთა ბაზაში (1) და რომელიც ასახავს 1991 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

 

16 აპრილი 1991

 

ბიზანტიური პოლიტიკა ჰყვავის საბჭოთა საქართველოში

 

დოკუმენტის თანახმად, „ქართული პოლიტიკა მისი ბიზანტიური მემკვიდრეობის ერთგული რჩება და გარეშე პირებისთვის უცნაურად მოსჩანს“. მოხსენების ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა გამოირჩეოდა მაღალი ემოციურობით, სადაც ლოგიკა ხშირ შემთხვევაში ჩანაცვლებული იყო დრამითა და მაღალფარდოვანი რიტორიკით. პოლოფი რეგულარულად სტუმრობდა საქართველოს ორი წლის განმავლობაში და ხანგამოშვებით მანამდე ათი წლის მანძილზე, თუმცა, მას მაინც აკვირვებდა ქართული პოლიტიკა.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამსახურდიამ, მისი კრიტიკის გამო, რადიო თავისუფლება და უოლ სტრიტ ჯორნალი „კრემლის ინსტრუმენტებად“ მოიხსენია. როდესაც პოლოფმა განუმარტა მას, რომ კრიტიკა არ წარმოადგენდა კრემლის აგენტობის ნიშანს, გამსახურდია გაკვირვებული დარჩა. აგრეთვე, გამსახურდიამ მისი მთავარი ოპონენტის, ეროვნული კონგრესის, წევრებს დააბრალა სპარსეთის ყურის ომის დროს ერაყთან შეთქმულება და უკანონო შვილების ყოლა. დოკუმენტის თანახმად ოპოზიციაც მსგავსი ბრალდებებით უპირისპირდებოდა გამსახურდიას. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას მეუღლის განცხადებით, გამსახურდია ქართველი ხალხის წინააღმდეგ სუკ-თან თანამშრომლობდა. სარიშვილმა და ჭანტურიამ ანახეს პოლოფს საბუთი, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ პატიმრობის დროს, გამსახურდია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. პოლოფის კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდათ მათ ეს საბუთი, ჭანტურიამ უპასუხა, რომ სუკ-ის ყოფილმა წევრებმა გადასცეს მათ ეს საბუთები, შარშან საფრანგეთში.

 

მოხსენების მიხედვით, სიზუსტე და სტატისტიკა არაა ქართველების ძლიერი მხარე. გამსახურდიამ საქართველოს შსს-ს პირადი შემადგენლობა 10,000 კაცით შეაფასა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, 20,000-ით. პოლოფთან სამჯერ შეხვედრისას ეროვნული კონგრესის ლიდერებმა მათი სავარაუდო წევრების რაოდენობა რამდენიმე ათასის სხვაობით შეაფასეს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 26 მაისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს გამსახურდია სავარაუდოდ მოიგებდა. მიუხედავად ავტორიტარული ტენდენციებისა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში. პოლოფთან შეხვედრისას, გამსახურდიამ განაგრძო თავის გადაწყვეტილებების დაცვა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. მისი თქმით, ეს „აუცილებელი ზომები“ იყო ცენტრის (კრემლის) „პროვოკაციებისგან“ თავდასაცავად. პოლოფის კითხვაზე, თუ რატომ დახურა მან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი გაზეთი „Молодежь Грузии“, გამსახურდიამ უპასუხა, რომ საქართველოში ქაღალდის დეფიციტია და შესაბამისად ზოგიერთი გაზეთი უნდა დახურულიყო. გამსახურდია მზად იყო აეტანა პრესაში მისი და მისი მთავრობის მიმართ კრიტიკა, მაგრამ არა ცილისწამება და პიროვნული შეურაცხყოფა. დოკუმენტის მიხედვით, სინამდვილეში გია ჭანტურიამ სცადა გამსახურდიაზე კრიტიკული სტატიის გამოქვეყნება, თუმცა გაზეთის რედაქტორს არ მისცეს ამის დაბეჭდვის უფლება. გამსახურდიამ ასევე განაცხადა, რომ ეროვნულ კონგრესში შემავალ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონოდათ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, რადგან ისინი მეტ ძალადობას გამოიწვევდნენ.

 

ეროვნული კონგრესი ექვსი ბლოკისგან შედგებოდა, თითოეულში საშუალოდ ათი პარტია იყო გაწევრიანებული. ყველაზე მრავალრიცხოვნებს: ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას 5000 წევრი ჰყავდა, ხოლო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას - 2000. დამოუკიდებლობის საკითხში, ეროვნულ კონგრესს გამსახურდიას მრგვალ მაგიდაზე რადიკალური პოზიცია ეჭირა.

 

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრმა დავით ონანაშვილმა უთხრა პოლოფს, რომ მისი ბლოკი დემონსტრაციებით ითხოვდა, უზენაეს საბჭოს აეკრძალა საბჭოთა ჯარის ყოფნა საქართველოში. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გია ჭანტურიამ განაცხადა პოლოფთან საუბრისას, რომ ეროვნული კონგრესისთვის გაცილებით რთული იყო მრგვალ მაგიდასთან ბრძოლა, ვიდრე კომუნისტებთან, რადგან მრგვალი მაგიდა ქართული პარტია იყო. ჭანტურიამ და სხვებმა აღიარეს ეროვნული კონგრესის მხარდაჭერის კლება. პოლოფმა აღნიშნა, რომ კონგრესის ორი დემონსტრაცია, რომელსაც ის დაესწრო, გაცილებით მცირერიცხოვანი იყო, ვიდრე წინა პერიოდში. ჭანტურიამ მოუყვა პოლოფს, რომ საჯარო გამოსვლისას გამსახურდია მათ ფიზიკური განადგურებით დაემუქრა და არ მისცა უცხოური ვალუტის მიღების საშუალება, ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის ხარჯების ასანაზღაურებლად. პოლოფთან საუბარში სარიშვილმა განაცხადა, რომ გამსახურდიას კრიტიკის გამო ის შეიძლება დააპატიმრონ. სარიშვილმა გამსახურდიას „სასტიკი კაცი“ უწოდა და მოყვა, თუ როგორ დააბრალა გამსახურდიამ მას ერაყის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და რამდენიმე უკანონო შვილის ყოლა ბავშვთა სახლებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდია და ჭანტურია უარყოფდნენ ახლობლობას, პოლოფს ახსოვდა, რამდენიმე წლის წინ როგორ აქებდნენ ისინი ერთმანეთს.

 

მოხსენების თანახმად, საქართველოში 25-მდე გასამხედროებული დაჯგუფება მოქმედებდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მრგვალი მაგიდის ერთგული იყო, ხოლო მეორე ნაწილი ეროვნული კონგრესისადმი ინარჩუნებდა ლოიალობას. დასავლელმა ჟურნალისტმა უთხრა პოლოფს, რომ საქართველოში მყოფი საბჭოთა გენერლის განცხადებით, გამსახურდიამ წარმართა მოლაპარაკებები საბჭოთა არმიის წარმომადგენლებთან და ეროვნული კონგრესის შენაერთების განიარაღების სანაცვლოდ, საბჭოთა არმიაში ქართველების გაწვევის საკითხზე დახმარებას დაჰპირდა. გამსახურდიას აქცენტი განსაკუთრებით მხედრიონის დაშლაზე იყო, რომელიც 1989 წელს შეიქმნა (როგორც მრგვალი მაგიდის, ისე იმ ჯგუფებისგან, რომელიც იმ პერიოდში ეროვნულ კონგრესს მიეკუთვნებოდნენ) ქართველების დასაცავად აფხაზებთან და აზერბაიჯანელთან კონფლიქტში.

 

მხედრიონის ლიდერი იოსელიანი და დაჯგუფების 70-მდე წევრი დაპატიმრებული იყო და სასამართლოს მოელოდა. მისი მხარდაჭერები აღიარებდნენ, რომ იოსელიანს ოთხი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი შეიარაღებული ყაჩაღობისთვის და ამ უკანასკნელ დაპატიმრებამდე ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი. ირინა სარიშვილის თქმით, ყველა აღიარებდა, რომ წარსულში იოსელიანი კრიმინალი იყო, თუმცა თავადაც იოსელიანი ამას არ მალავდა და ეს პრობლემა არ იყო. გამსახურდიამ უსამართლოდ დაიჭირა ის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს იარაღი ჰქონდა, სარიშვილის მტკიცებით, ამ კრიტერიუმის მისადაგებით, მთელი საქართველოს დაჭერა იყო შესაძლებელი. გასაკვირად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან ღოღობერიძემ დაიცვა იოსელიანი, მისი თქმით, ის საკმარისად ჭკვიანი იყო, რომ შვიდი კლასის განათლებით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვედრილიყო. მან ასევე განუცხადა პოლოფს, რომ ბევრი ქართველი იოსელიანს ინტელექტუალად განიხილავდა.

 

[1] ვიკილიქსის ამერიკული დიპლომატიის საჯარო ბიბლიოთეკა (The WIKILEAKS Public Library of US Diplomacy) ამერიკული საიდუმლო და გასაჯაროებული დიპლომატიური კომუნიკაციების  უდიდესი ონლაინ ბაზაა. 2013 წლის მდგომარეობით, ბიბლიოთეკაში 2 მილიონი  დოკუმენტი ინახება.