08 მაისი 2020
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას ევროპული სახელმწიფოები 8 მაისს ზეიმობენ, საქართველო დღემდე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ეს ისტორიული მოვლენა 9 მაისს აღინიშნება, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნები ბალტიისპირეთის გამოკლებით. 1945 წელს, გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი ევროპის დროით 8 მაისს, 22:43 საათზე მოეწერა, რა დროსაც მოსკოვში უკვე 9 მაისი იდგა და ისტორიულად სწორედ ამის გამო აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვება სხვადასხვა დღეს ევროპასა და რუსეთში, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ განსხვავებამ პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა.
რომელ ქვეყნებში როდის აღნიშნავენ ნაციზმზე და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. წყარო: მითების დეტექტორი
თანამედროვე რუსეთში, ისევე როგორც ცივი ომის პერიოდის საბჭოთა კავშირში, 9 მაისს პოლიტიკური დატვირთვა აქვს - რუსეთი აქტიურად ცდილობს ამ პროცესებში დასავლეთის როლის დაკნინებასა და გამარჯვების მონოპოლიზებას. ეს მორიგი მცდელობაა, რათა პოსტ საბჭოთა სივრცე, რომელსაც რუსეთი საკუთარი პრივილეგირებული გავლენის სფეროდ მიიჩნევს, დასავლეთისგან გამიჯნულ რეგიონად წარმოაჩინოს და მასზე ექსკლუზიური კონტროლი შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, პრორუსული ჯგუფები ისეთ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებმაც ევროინტეგრაციის კურსი აირჩიეს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, აქტიურად ეწინააღმდეგებიან ფაშიზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნას და, გარდა ამისა, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის პოლიტიზებულ აქტივობებს მართავენ.
პრორუსული ჯგუფების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ხშირად ჩნდება ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა წმ. გიორგის ლენტი (ე.წ. გეორგიევსკის ლენტი), რომელიც მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული რუსული პროპაგანდის სიმბოლო 2005 წლიდან გახდა ვლადიმირ პუტინის დავალებით. იქვე ისმის ანტიდასავლური და პრორუსული მოწოდებები. ამჟამად საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აღნიშნული ჯგუფები 2020 წლის 9 მაისსაც გეგმავენ ღონისძიებების ჩატარებას (აქვე აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში 9 მაისთან დაკავშირებული სამხედრო მარში გადაიდო). 5 მაისს, საქართველოში მოძრაობა „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ყიფიანმა განაცხადა, რომ 9 მაისს ისინი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბებიან, თბილისის თავზე კი გადაიფრენს რამდენიმე დრონი და გადაატარებენ ე.წ. გეორგიევსკის ლენტს.
„უკვდავი პოლკი“, რომლის წარმომადგენელიცაა ირაკლი ყიფიანი, რუსეთში მოქმედი იმავე სახელის მქონე ორგანიზაციის ქართული ფილიალია. Бессмертный полк Грузия (საქართველოს უკვდავი პოლკი) ოფიციალურად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 9 ოქტომბერს დაარეგისტრირა. თავად არც ირაკლი ყიფიანი უარყოფს იმას, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას რუსეთიდან იღებს: „ჩვენ გვაფინანსებს ფონდი „რუსკი მირ“. ჩვენ ამას არ ვმალავთ. ასევე, ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში“, - თქვა მან. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია, რითაც, ერთი მხრივ, იგი ცდილობს ქვეყნის რეჟიმის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი -კრემლის გავლენების გაზრდას რუსეთის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით - პოსტსაბჭოთა სივრცეში.
წყარო: FB – Бессмертный полк Грузии
რას წარმოადგენს - „უკვდავი პოლკი“?
უკვდავი პოლკი რუსეთში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ორი მიმართულებით: პირველი - ყოველი წლის 9 მაისს ისინი აწყობენ მსვლელობას, რომელშიც მონაწილეობენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედროების შთამომავლები და მეორე - ე.წ. „ხალხური ქრონიკები“, სადაც შთამომავლებს შეუძლიათ ატვირთონ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული წინაპრის სურათი და ისტორია მის შესახებ. ორგანიზაციის დაფუძნებამდე პირველი დიდი მსვლელობა სამი ჟურნალისტის - იგორ დმიტრიევის, სერგეი ლაპენკოვისა და სერგეი კოლოტოვკინის ორგანიზებით, 2012 წლის 9 მაისს, ქალაქ ტომსკში გაიმართა და მასში 6000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს მარში 120 ქალაქში გაიმართა, 2014-ში კი - 500-ში და, ამასთანავე, ამავე წლის 4 თებერვალს მოძრაობა „უკვდავი პოლკი“ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა. პოლკის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია - https://www.moypolk.ru/. ლაპენკოვის მონათხრობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლების მიზანი აპოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება იყო, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა კონკრეტული ოჯახების ისტორიებსა და ინდივიდებზე, 2015 წლიდან მათ ნელ-ნელა დაკარგეს კონტროლი ყოველწლიურ მარშზე მოსკოვის საკრებულოს კომუნისტური პარტიის დეპუტატის, ნიკოლაი ზემცოვის წყალობით.
"უკვდავი პოლკის" მსვლელობა
2015 წელს, ზემცოვმა დამოუკიდებლად დაარეგისტრირა ჯერ ორგანიზაცია „უკვდავი პოლკი - მოსკოვი“, შემდეგ კი მას გადაარქვა სახელი და დაარქვა „უკვდავი პოლკი - რუსეთი“. ამ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია http://polkrf.ru/. ზემცოვმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ მთავრობასთან და მასთან აფილირებულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა რუსეთის ფედერაციის სახალხო პალატა (კრემლის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო) და „სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტი“ (პუტინის მიერ დაარსებული პოლიტიკური მოძრაობა), „უკვდავი პოლკი“ კი მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ფედერალური ღონისძიების მოსამზადებელ პროცესში ჩაერთო. ამ დროიდან მოყოლებული, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლებს დაუწესეს კვოტები მარშში მონაწილეებზე, ზოგიერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ მათ დაავალდებულეს მარშში მონაწილეობა და მათთვის უცნობი ადამიანების პორტრეტების გატანა, რამდენიმე აქტივისტს აეკრძალა იმ ამერიკელი და ბრიტანელი მეზღვაურების სურათებით მარშზე გასვლა, რომლებიც საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტექნიკით ამარაგებდნენ. ამასთანავე, ზემცოვმა განაცხადა, რომ უკვდავი პოლკები მარშს მოაწყობდნენ დონეცკსა და ლუგანსკშიც „არა მარტო ომის ვეტერანების პორტრეტებით, არამედ მათი სურათებითაც, ვინც ახლა დაიღუპა უკრაინელ ფაშისტებთან ბრძოლაში“. ამავე წელს პირველად ვლადიმირ პუტინმაც მიიღო მონაწილეობა მარშში, რომელზეც ომის ვეტერანი მამის პორტრეტით ხელში მივიდა.
"უკვდავი პოლკის" მსვლელობაში მონაწილე ვლადიმერ პუტინი
პუტინის ხელისუფლების დაინტერესება მარშით, უპირველეს ყოვლისა, მათ მიერ ახალი ნაციონალური ნარატივის განვითარებით იყო განპირობებული, რაც, ერთი მხრივ, პუტინის რეიტინგის შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ, მეორე მხრივ კი, განსაკუთრებით 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, აგრესიული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობაში სერიოზულმა იდენტობის კრიზისმა დაისადგურა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ახალ გეოგრაფიულ საზღვრებში, პოლიტიკურ რეალობასა და საერთაშორისო დღის წესრიგში ახალი ეროვნული იდენტობისა და ნაციონალური ნარატივის შექმნა მანამ, სანამ პუტინის მთავრობამ წინ არ წამოსწია პატრიოტული ნარატივი „დიდი სამამულო ომის“ შესახებ. ეს ნარატივი პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან, ერთი მხრივ, ისტორიები და მითები რუსი ხალხის გმირობასა და ტანჯვაზე აღვივებს ერთიანობის განცდას რუს ერში, მეორე მხრივ კი, რუსეთის, როგორც „ევროპის გადამრჩენის“, წარმოჩენა, ამავე გამარჯვებაში დასავლეთის უდიდესი წვლილის იგნორირებით, ხელს უწყობს რუსეთის მოსახლეობაში პატრიოტული და იმპერიალისტური გრძნობების გაღვივებას. საინტერესოა ისიც, რომ სოციალური კვლევების მიხედვით, სტალინის ფიგურის მიმართ დადებითი განწყობები სწორედ ამ პერიოდიდან იმატებს რუსეთში, 2019 წელს კი რეკორდულ მაჩვენებელს, 70%-ს უტოლდება. შესაბამისად, უკვდავი პოლკის მოძრაობის გამოყენებით, „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ნარატივმა რუსეთის შიგნით ბევრად უფრო მასშტაბური და საყოველთაო სახე მიიღო, თუმცა მისი გავლენა მალევე რუსეთის საზღვრებსაც გასცდა და „საერთაშორისო მოძრაობად“ ჩამოყალიბდა.
უკვდავი პოლკი, როგორც საერთაშორისო მოძრაობა, ემსახურება რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მონოპოლიზებას. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამ მოძრაობის მეშვეობით ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის ექსკლუზიური გავლენების გამყარება და ლეგიტიმაცია, ასევე ე.წ. რუსული მსოფლიოს კონცეფციის („რუსკი მირის“/ Русский Мир) პროპაგანდა. ამისთვის 2007 წელს, პუტინის ბრძანების საფუძველზე ასევე შეიქმნა „რუსული მსოფლიოს ფონდი“, რომლის მიზანიც მსოფლიო მასშტაბით დასავლური გავლენების საპირწონედ რუსული ენის, კულტურისა და ღირებულებების გავრცელებაა. ასევე, უკვდავი პოლკი, როგორც საერთაშორისო მოძრაობა, გავრცელებულია დასავლურ ქვეყნებშიც, სადაც ამავე მოძრაობის მეშვეობით რუსეთი წარმოჩინდება, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მთავარი მემკვიდრე და ზესახელმწიფო, რომელიც სამყაროში წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს.
რუსეთის ფედერაცია ცდილობს სრულად მიითვისოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დაფნის გვირგვინი. თანამედროვე რუსული პროპაგანდა უგულებელყოფს დასავლური სამყაროს ჩართულობას, მატერიალურ დახმარებას, მეორე ფრონტის გახსნას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლის გარეშეც ნაციზმის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. ის ამახინჯებს რეალურ ფაქტებს, არ საუბრობს დანაშაულებზე: მაგალითად კატინის ტყეში განადგურებული პოლონელი სამხედროების საქმეზე; ანდაც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას „გათავისუფლებულ“ მხარეებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, ქალების და ბავშვების მასობრივი გაუპატიურების ფაქტებზე; რუსეთს არ ადარდებს ჯერ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო შემდგომში ამავე მიზეზით ციმბირში და სხვა მხარეებში გადასახლებული ადამიანების ბედი. რუსულ მედიაში აქტიურად მიდის სტალინის პროპაგანდა, როგორც „ეფექტური მენეჯერის“, „კაცის, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მარტომ მოიგო“. სტალინური რეპრესიების შესახებ მომუშავე სულ რამდენიმე მეცნიერი და ორგანიზაცია კი თანამედროვე სამყაროში ხელახლა ხდება რეპრესიების მსხვერპლი. ასე მაგალითად, კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელი, იური დიმიტრიევი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული. ასევე, წინასწარი მოთავსების იზოლატორში 14 თვე დაჰყო ჩეჩნეთის „მემორიალის“ ხელმძღვანელმა, ეიუბ ტიტიევმა. უკვდავი პოლკი კი დღესდღეობით რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ პუტინის ხელისუფლების მიერ შექმნილი ნარატივის პროპაგანდას ახორციელებს, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთაც.
როგორ დაარსდა „საქართველოს უკვდავი პოლკი“?
საქართველოს უკვდავი პოლკი რუსეთში მოქმედი ანალოგიური ორგანიზაციის ფილიალია. მისი მმართველები ფეისბუქის გვერდის თანახმად რევაზ გოგიძე და ანჟელიკა (ლიკა) ზახაროვა არიან. გოგიძე ასევე ხელმძღვანელობდა პოლკის მარშებს, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან იმართება. მის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ა(ა)იპ პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი, ხოლო მისი პარტნიორი რუსუდან ჩაკვეტაძეა. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართი - [email protected] და იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ლეონიძის ქუჩა N 2/ გ. ტაბიძის ქუჩა N1 (ნაკვეთი N74/14), ფართი N7, სართული 5.
ორგანიზაციის გვერდის აღწერილობაში წერია, რომ უკვდავი პოლკის მსვლელობა საქართველოში პირველად 2017 წლის 9 მაისს თბილისში მოეწყო, 2018 წელს - თბილისში, ბათუმსა და გორში, ხოლო 2019 წელს - თბილისში, გორში, ბათუმში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში. ცოლ-ქმარი, ზახაროვა და გოგიძე არიან სხვა ორგანიზაციების - „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციისა“ და „მრავალეროვანი საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესის“ დამფუძნებლები და მმართველებიც.
საინტერესოა, რომ 2019 წლის მსვლელობის დასაანონსებლად, „საქართველოს უკვდავმა პოლკმა“ გამოიყენა რუსი რეპერის Вова Prime (ვოვა პრაიმ) სიმღერა - СССР (სსრკ), სადაც ის ადიდებს საბჭოთა კავშირს და აჟღერებს „დიდი ოჯახის“ აღდგენის სურვილსაც. ამავდროულად გოგიძე აღნიშნავს, რომ „არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვიერთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება“.
უკვდავი პოლკის იდეის განხორციელება საქართველოში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი მეორე მსოფლიო ომისა და მასში დაღუპული ადამიანების შესახებ ისტორიების ერთ საერთო რუსული ნარატივის ქვეშ მოქცევას. პოლკი პირდაპირ წარმოადგენს კრემლის რბილ ძალას, იყენებს საბჭოთა ტოტალიტარულ სიმბოლიკას (ნამგალი და ურო), მრავალ ქვეყანაში აკრძალულ [1] წმინდა გიორგის ლენტებს (ე.წ. „კოლორადკებს“) და ცდილობს საზოგადოებაზე ზემოქმედებას. ორგანიზაცია აქტიურად მოქმედებს მოსახლეობის რელიგიურ სენტიმენტებზე. საქართველოში ორგანიზაციის დამფუძნებლები სავარაუდოდ იცნობენ თავისუფლების ქარტიას და იმას რომ ნამგალი და ურო აკრძალულია, ამიტომ საქართველოში ორგანიზაციის სიმბოლოა წმინდა გიორგის გამოსახულება. გვერდი პერიოდულად ულოცავს მოსახლეობას რელიგიურ დღესასწაულებს, აზიარებს ბავშვების სურათებს, გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივების მხარდაჭერას და ა.შ. 2019 წელს, უკვდავი პოლკის მსვლელობები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
"უკვდავი პოლკის" რელიგიური შინაარსის პოსტები. წყარო: FB – Бессмертный полк Грузии
მეორე მსოფლიო ომი, რომელიც უკვდავი პოლკის მეშვეობით რუსეთის ფედერაციამ საკუთარი რბილი ძალის ინსტრუმენტად აქცია, ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამხედროების ომში გაწვევა მასიურად ხორციელდებოდა. სხვადასხვა მონაცემებით, ომში 70.000-დან 300.000-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა, თუმცა უკვდავი პოლკის წარმომადგენლები საქართველოში არ საუბრობენ ქართველებისთვის ისეთ მტკივნეულ მოვლენებზე, როგორიც იყო, მაგალითად, ქერჩის ბრძოლა 1942 წელს, რომელშიც ქართველებმა 224-ე დივიზიის მთლიანად განადგურებით ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს. საბჭოთა და ახლა უკვე თანამედროვე რუსეთის პროპაგანდის გამო, ქერჩი დღემდე რჩება გმირობის მაგალითად, მაგრამ რეალური ისტორიული ფაქტები განსხვავებულია. გამოცდილი ქართველი სამხედროების, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების სამხედროების დიდი ნაწილი 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის მსხვერპლი გახდა. როგორც ისტორიკოსი გიორგი მამულია ამბობს, „საქართველოში ომში გასაწვევად დარჩენილი იყო მხოლოდ უფროსი თაობა, ძირითად 30-45 წლის მამაკაცები, გლეხები, რომელთაგან მხოლოდ 30 პროცენტს ესმოდა რუსული ენა, ისიც მეტ-ნაკლებად. საჭირო იყო ისეთი პირობების შექმნა, რომ ჯარისკაცს ბრძანება მაინც გაეგო. ამიტომ ე.წ. ნაციონალური ფორმირებები შექმნეს“. შესაბამისად აღნიშნულ და სხვა დივიზიებს, რომლებიც სამ საბჭოთა არმიაში იყო გაერთიანებული, გამოცდილი ნაცისტი სამხედროს, ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის და საჰაერო ძალების მარშლის, ვოლფრამ ფონ რიხტჰოფენის სამხედრო ნაწილებმა გამანადგურებელი მარცხი აგემეს. ქერჩის ოპერაციის შემდეგ, გერმანელების დანაკარგმა 38.362, ხოლო საბჭოთა დანაკარგმა - 570.600 ადამიანი შეადგინა [2]. ქართველები ასევე მონაწილეობდნენ 1940 წლის „ზამთრის ომში“, რომელიც საბჭოთა კავშირმა ფინეთის წინააღმდეგ წამოიწყო და სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიები, კარელიის რეგიონის დიდი ნაწილი გამოსტაცა. ზოგი მკვლევარი აღნიშნულ მოვლენას მეორე მსოფლიო ომის ნაწილად მიიჩნევს.
საქართველოს უკვდავი პოლკი კი, ისევე, როგორც რუსეთის უკვდავი პოლკი და მისი განშტოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ზემოხსენებულ საკითხებზე არაფერს ამბობენ.
საერთაშორისო სიტუაცია უკვდავ პოლკთან მიმართებაში:
უკვდავი პოლკის მარში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, არგენტინა, იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, იტალია, მოლდოვა, სერბეთი, მონტენეგრო და ა.შ.. უმეტეს შემთხვევაში, მსვლელობაში მონაწილეობს ამ ქვეყნების რუსული დიასპორა, ასევე აქტიურად არიან ჩართული პრორუსული ორგანიზაციები. რიგ ქვეყნებში მარშის ორგანიზატორები გარკვეულ წინააღმდეგობებსა და კრიტიკასაც შეხვდნენ.
2019 წელს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა გააჟღერა იდეა, უკვდავი პოლკის ნაცვლად მოეწყოთ სტალინური რეპრესიების დროს ნაწამები ადამიანების მსვლელობა. კლიმკინის იდეას თავს დაესხნენ რუსეთის დუმის დეპუტატები, სენატორები ყირიმიდან ოლგა კოვიტიდი და სერგეი ცეკოვი, კიდევ ერთმა რუსმა დეპუტატმა, რუსლან ბალბეკმა მას გადადგომისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი კლიმკინს მოუწოდა, პირველ რიგში, მოეწყო მსვლელობა, სადაც უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას მიერ დახოცილი ადამიანების ფოტოებს ჩამოატარებდნენ.
უკრაინაში ეს საკითხი არ დარჩენილა სამოქალაქო აქტივისტების ყურადღების მიღმა და, მაგალითად, 2019 წელს მათ მსვლელობის მონაწილეთა „დატროლვის“ მიზნით გამოიტანეს ამერიკელი პორნოვარსკვლავის, საშა გრეის, რონალდ რეიგანის და სხვათა ფოტოებიც. მათი თქმით, ამ ყველაფრით მათ სიტუაციის აბსურდულობისთვის სურდათ ხაზგასმა, რადგან მსვლელობის ძალიან ბევრ მონაწილეს „ფეიკ“ წინაპრის ფოტო მოჰქონდა.
უკრაინელების მიერ გაშარჟებული მსვლელობა - სერჟანტი ხალკოვი, ედუარდ სტარკოვენკო, პროპორშჩიკი თორენკო
2019 წელს, უკვდავი პოლკის აქციის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და განაცხადა, რომ ბელარუსს ანალოგიური პროექტი - „ბელარუსს ახსოვს“ აქვს და ის უფრო ადრე დაარსდა ვიდრე რუსული პოლკი. მან აგრეთვე გააკრიტიკა ისინი, ვისაც სამამულო ომის შესახებ ხსოვნის პრივატიზებას ცდილობს. ყაზახეთში კი, ქალაქ აქტობეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა აქციის ჩატარებაზე, რადგან მათი თქმით, მსვლელობის დასასრულს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების პორტრეტები, ძირითადად, ქალაქის ურნებში აღმოჩნდება ხოლმე.
2018 წელს, უზბეკეთში, უკვდავ პოლკს ტაშკენტის მერიამ მარშის ჩატარების უფლება არ მისცა. ნაცვლად უკვდავი პოლკის მარშისა, უზბეკეთში, როგორც წესი ხსოვნისა და ღირსების დღე აღინიშნება. ასევე, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვდავ პოლკს არ მისცა მსვლელობის გამართვის უფლება, მაგრამ 500-მდე ადამიანი მაინც შეიკრიბა მარშზე. მსვლელობაზე უარი ეთქვათ ლატვიის კურორტ იურმალაში მარშის გამართვის მსურველებსაც იმ არგუმენტით, რომ ორგანიზატორებმა დაგვიანებით მიმართეს შესაბამის უწყებებს.
დასკვნა
უკვდავი პოლკის, როგორც რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტის მეშვეობით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს თანამედროვე სუვერენულ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოს მსგავსად უდიდესი დანაკარგები იწვნიეს მეორე მსოფლიო ომში, შეუქმნას საერთო ნარატივი და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების სახელი აქციოს საერთო-რუსული ისტორიის ნაწილად. ეს, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით პუტინის რეჟიმის გამყარებასა და მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაციას ემსახურება. მეორე მხრივ კი, რბილი ძალის ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებით, რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას, სხვა ქვეყნებთან მიმართებით კი - რუსეთის პოზიციების გამყარებას.
დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის მთლიანობის, უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული გზით განვითარების კუთხით, რუსული რბილი ძალის ისეთი ინსტრუმენტების გააქტიურებამ, როგორიცაა უკვდავი პოლკი, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რუსული რბილი ძალის ცენტრების გაჩენამ და მათმა გააქტიურებამ, რაზეც მიუხედავად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, მათ მიერ დაანონსებული 9 მაისის ღონისძიება მიანიშნებს, საქართველოში შესაძლოა ეს მაჩვენებლები მომავალში შეცვალოს. უკვდავი პოლკი ემსახურება მოსახლეობაში საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტების გაღვივებას და რუსეთის, როგორც მსოფლიოს „გადამრჩენის“ წარმოჩენას. მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს ევრაზიული ცივილიზაციის, როგორც დასავლური სამყაროს ალტერნატივისა და ძალაუფლების ახალი ცენტრის პროპაგანდას, საქართველოს მოსახლეობაში საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტების ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს დასავლური ინსტიტუტებისადმი სკეპტიციზმის მატება და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვექტორის გადაადგილება დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ. იმისთვის, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ მოახერხოს ისეთი სენსიტიური თემების ინსტრუმენტალიზაცია, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომი, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა ქვეყანაში ისტორიის კვლევის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის კუთხით.
საქართველოში იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც, ერთი მხრივ, შეეწირნენ სტალინურ ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, მასობრივად განადგურდნენ მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის, სამხედრო მოქმედებების არაეფექტური დაგეგმვის, რესურსების არქონის, ადამიანის სიცოცხლის არაფრად ჩაგდების გამო, აუცილებლად უნდა დაფასდეს და სათანადოდ იყოს შესწავლილი. ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც რეპრესიების მსხვერპლთა საკითხზე მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს საკუთარი სახსრებით და პერიოდულად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. ისტორიის კვლევა პასიურია, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სურვილი და ნება. ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის, ასევე რეპრესიების საკითხების შესწავლა სრულად უნდა გათავისუფლდეს თანამედროვე რუსეთის ფედერაციაში არსებული გავლენებისგან. მსხვერპლთა დაფასებას სათანადო წესით, თანამედროვე დასავლური ისტორიოგრაფიის სტანდარტებით, დამოუკიდებელმა საქართველოს სახელმწიფომ უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება.
____
[1] ოფიციალურად აღნიშნული სიმბოლო აკრძალულია უკრაინასა და ესტონეთში. ლიტვაში, ლატვიასა და საქართველოში მიდის აქტიური საუბრები ლენტის საბჭოთა სიმბოლიკებთან გათანაბრებაზე, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული ცვლილება შესაბამის კანონებში არ შესულა. არაოფიციალურად კი სიმბოლოს გამოყენებაზე უარს ამბობს ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი - ამ ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საკუთარი სიმბოლიკა აქვთ შემუშავებული, ასევე სიმბოლოსადმი ნაკლებად ლოიალური ქვეყნებია თურქმენეთი და უზბეკეთი.
[2] Hooton, E.R. (2016). War over the Steppes: The air campaigns on the Eastern Front 1941–45. Oxford: Osprey.
___
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.