...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ცენზურა საბჭოთა კავშირში

29 სექტემბერი 2020


1917 წელს ვლადიმერ ლენინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზეც დროებით, სამოქალაქო ომის დასრულებამდე, იზღუდებოდა სიტყვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ბრძანების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან ლენინი მიიჩნევდა, რომ „მონარქისტებისა“ და „ანარქისტებისთვის“ აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების მინიჭება ბოლშევიკებს ძალაუფლებას დააკარგვინებდა.[1] ამის გამო, საბჭოთა კავშირის არსებობის 70 წლის განმავლობაში, თითოეულ საბჭოთა რესპუბლიკაში მოქმედებდა ცენზურა, რომლის სისტემატიზების ზოგადი ქრონოლოგიაც ასე გამოიყურება:

 

1918 წ. – „კინოწარმოების კონტროლის შესახებ“ დადგენილებით კერძო კინემატოგრაფები ადგილობრივ საბჭოებს დაექვემდებარა;

1918-1919 წ. - დაიწყო ქაღალდის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია და გამომცემლობების საბეჭდი მანქანების კონფისკაცია;

1919 წ. - ყველა კინო და ფოტო სტუდია სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა;

1921 წ. - აიკრძალა „რეაქციული“ წიგნების გამოცემა;

1922 წ. - ლენინი ძერჟინსკის საიდუმლო წერილში წერდა, რომ კონტრრევოლუციონერი მწერლებისა და პროფესორების ქვეყნიდან გასაძევებლად სამზადისი დაწყებულიყო. ასევე, ამავე წელს, შეიქმნა ცენზურის მთავარი ორგანო „მთავლიტი“ (Главлит) - მთავარი ლიტერატურული სამმართველო;

1923 წ. – „მთავლიტის“ ფუნქციები გაფართოვდა და შეიქმნა „რეპერტკომი“, რომელსაც ევალებოდა სანახაობებისა და ღონისძიებების, რეპერტუარის კონტროლი;

1924 წ. - შეიქმნა „სახკინო“, რომლის ფუნქციაც იყო ფილმების შინაარსის კონტროლი;

1933 წ. - ნებართვის გაცემის გარეშე აიკრძალა სამკერდე ნიშნების, ემბლემების, ფოტოებიანი/ტექსტებიანი სამკლავურების, პოლიტიკური სკულპტურების, პოლიტიკური მოღვაწეების გამოსახულებებისა და ლოზუნგების გამოსახვა;

1939 წ. - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ აიკრძალა ანტი-ფაშისტური ლიტერატურა, სპექტაკლები, ფილმები და ა.შ.[2]

 

საბჭოთა ცენზურის ორგანოებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო „მთავლიტი“ – 1922 წელს შექმნილი მთავარი ლიტერატურული სამმართველო, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისთვის შექმნილი ცენტრალური საბჭო. ეს ორგანო სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრესის საკითხების კომიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებდა. აღნიშნული კომიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნოდათ ალექსეი აჯუბეის, ნიკიტა ხრუშჩოვის ქალიშვილის ქმარს, რომელიც საბჭოთა გაზეთების მთავარი რედაქტორი იყო. თავდაპირველად, კომიტეტის საქმიანობა ძალიან ბუნდოვნად იყო გაწერილი, ამიტომ იგი მოქმედებდა, როგორც ცენზორი. მოგვიანებით, თითქოს, დაკონკრეტდა კომიტეტის მოვალეობები, რაც მოიცავდა მხოლოდ პრესის საკითხებზე მუშაობას, თუმცა ეს მხოლოდ ჩანაწერი იყო, რეალურად კი კომიტეტი კვლავ ასრულებდა ცენზორის ფუნქციას და მას ნახევრად ოფიციალური სახელი, „მთავლიტი“ კვლავ შეუნარჩუნდა. „მთავლიტის“ ბეჭედი კი კვლავ „ამშვენებდა“ ყველა ნაშრომსა და დოკუმენტს, რომელსაც საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვა ჰქონდა.[3] 

 

"მთავლიტის" (Главлит) ბეჭედი

 

„მთავლიტის“ საქმიანობა საბჭოთა კავშირში შემავალ თითოეულ რესპუბლიკას მოიცავდა, მთავარი სამმართველო კი მოსკოვში მდებარეობდა. სხვა რესპუბლიკების გასაკონტროლებლად თითოეულ მათგანში იყო შექმნილი „მთავლიტის“ ადგილობრივი დანაყოფი. „მთავლიტს“ თითოეულ რეგიონში ჰყავდა ე.წ. „მთავლიტის საბჭო“, საბჭოთა რესპუბლიკებში კი ფუნქციონირებდა ცალკეული ცენტრალური საბჭოები, რომელთა მთავარი ფუნქციაც იყო „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა“. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რეგიონული თუ რესპუბლიკური საბჭოებისა და „მთავლიტის“ დანაყოფების ფუნქცია ნომინალური იყო - ისინი ძირითადად მოქმედებდნენ, როგორც ცენტრალური, საბჭოთა „მთავლიტის“ გადაწყვეტილებების გამტარნი და დამოუკიდებლად ფაქტობრივად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.

 

გარდა ცენტრალური „მთავლიტისა“ და ადგილობრივი საბჭოებისა, თითქმის ყველა რეგიონალურ, რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო ჟურნალ-გაზეთებსა თუ სხვა გამომცემლობებში იყვნენ მუდმივი ან მოწვეული ცენზორები. შედარებით უფრო პატარა გამოცემებისთვის ცენზორის ფუნქციას ასრულებდნენ დიდი გამომცემლობები, რომლებსაც ისინი იყვნენ მიმაგრებული. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ დაწესებულებაში განწესებული ცენზორი ავად გახდებოდა ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებდა მასალის შემოწმებას, რედაქტორი ვალდებული იყო ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა ადგილობრივი ცენზურის ორგანოსთვის, რომელიც იმავე დღეს ან უმოკლეს ვადაში შემცვლელებს გზავნიდა. თუმცა, სსრკ-ის ცენტრალურ მთავლიტს ჰქონდა უფლება შეეცვალა ცალკეული ცენზორების გადაწყვეტილებები. ეს, ძირითადად, იმ შემთხვევებს ეხებოდა, როდესაც ჟურნალში ან გაზეთში „პოლიტიკური შეცდომა“ გაიპარებოდა. ასეთ შემთხვევაში, სსრკ-ის „მთავლიტი“ აუქმებდა ცალკეული ცენზორის გადაწყვეტილებას, ჟურნალი ან გაზეთის კონკრეტული გამოცემა უქმდებოდა ან ხელახლა იბეჭდებოდა და შემდგომი სამი თვის განმავლობაში გამოცემა სრულად იყო აყვანილი ცენტრალური „მთავლიტის“ კონტროლზე, რის შემდეგაც ის კვლავ უბრუნდებოდა ადგილობრივ ცენზორებს.

 

გარდა „მთავლიტისა“, საბჭოთა კავშირში მოქმედება ცენზურის სხვა ორგანოებიც: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო იყო „სსრკ სამხედრო ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ცენზურა“. პრესის წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში გზავნიდნენ სტატიებს „სამხედრო ცენზურაში“, თუკი „მთავლიტი“ ამას საჭიროდ ჩათვლიდა. ეს უმეტესწილად ეხებოდა იმგვარ ტექსტებს, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, პრაქტიკაში, ხშირად რედაქტორები თავად ხვდებოდნენ რომელი ტექსტი საჭიროებდა „სამხედრო ცენზურის“ მიერ გადახედვას და პირდაპირ აღნიშნულ ორგანოში გზავნიდნენ მას. ასევე, ცენზურის ორგანო იყო „სსრკ-ის სახელმწიფო ატომური ენერგიის კომიტეტი“, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იგზავნებოდა მასალა, თუკი მასში ნახსენები იყო ატომური ენერგია. კიდევ ერთი საბჭოთა ორგანო, რომელიც ცენზორის ფუნქციებსაც ითავსებდა, იყო სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიაში არსებული „კოსმოსური სივრცის კვლევის კომისია“, რომელიც, შესაბამისად, იმ მასალას აკონტროლებდა, რაც კოსმოსსა და კოსმოსურ ხომალდებს ეხებოდა. მსგავსად ზემოხსენებულისა, საბჭოთა კავშირში იყო არა ერთი კომისია, რომელიც განიხილავდა გამოსაქვეყნებლად გამზადებულ, მათ შორის სამეცნიერო ტექსტებს ქიმიის, ელექტროობის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების თუ სხვა დარგებში.[4]

 

 

სსრკ მინისტრთა საბჭოს სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის მთავარი სამმართველოს ბლანკის ნიმუში

 

 

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ინფორმაციით, მხოლოდ 1927-1947 წლებში მთავლიტის თანამშრომლების რაოდენობა 86-დან 6,453-მდე გაიზარდა.[5] 1972 წლისთვის კი, როგორც 1972 წელს ლეონიდ ვლადიმიროვი სამეცნიერო სტატიაში წერდა, „მთავლიტის“ ორგანოებში უკვე 70,000 ადამიანამდე იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლესობასაც უმაღლესი განათლება ჰქონდა.[6] ამ ადამიანებს ძირითადად პარტიის ან კომკავშირის რიგებიდან არჩევდნენ. ასევე, მრავლად იყვნენ ცენზორები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) წრიდან, რომელთაც სპეციალური ინსტრუქციები ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ როგორ გაეძლიერებინათ „მთავლიტი“. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, პარტიული ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე ცენზორები ხდებოდნენ ყოფილი ჟურნალისტები და რედაქტორებიც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცენზორთა რიგები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, თითოეული მათგანი კი თავგამოდებით ცდილობდა, რომ საბჭოთა კომუნისტური პარტიის მიმართ საკუთარი ერთგულება დაემტკიცებინა, რის გამოც უამრავი ღირებული ნაშრომი თუ სტატია გამოუქვეყნებელი დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ან გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი შესწორებებით. ცენზურის არსებობის გამო, საბჭოთა მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა ისეთ საერთაშორისო, კლასიკად აღიარებულ ლიტერატურაზე, კინოზე, პრესაზე თუ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომებზე, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი საფრთხედ განიხილავდა. მაგალითად, სსრკ-ში აკრძალული იყო ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“, დენიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“, ვლადიმერ ნაბოკოვის „ლოლიტა“, მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ალექსანდრე სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები.[7]

 

ასევე, სწორედ საბჭოთა ცენზურის სისტემის დამსახურებით, საბჭოთა რეჟიმისთვის „მიუღებელი“ ნაშრომების არაერთი ავტორი გახდა შევიწროების მსხვერპლი, რაც რიგ შემთხვევებში, მათი რეპრესირებით ან სიკვდილითაც კი სრულდებოდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. სტალინურ ეპოქაში, როდესაც რეპრესიებმა ყველაზე უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, მხოლოდ 1937-1938 წლების „დიდი ტერორის" პერიოდში, საქართველოდან რეპრესიის მსხვერპლი 30,000-ზე მეტი ადამიანი გახდა, მათ შორის 3,616 „სტალინური სიებით“, უშუალოდ იოსებ სტალინის პირადი ხელმოწერით დაისაჯა. ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს სწორედ საბჭოთა ცენზურა და ცენზორები თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ და დესტალინიზაციის ორი ტალღის შედეგად, სტალინურ პერიოდთან შედარებით ცენზურა შედარებით ლოიალური გახდა, იგი ბოლომდე არ გაუქმებულა მანამ, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა 1991 წელს.

 

საბჭოთა ცენზურა და საქართველო

 

საბჭოთა ცენზურა შეეხო ქართველ ხელოვანებსა და ავტორებსაც, მათ შორის იყვნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ერეკლე ტატიშვილი და სხვები. მათი დიდი ნაწილი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა კიდეც და ამაში საბჭოთა ცენზურის სისტემის როლი უდიდესი იყო.

 

პაოლო იაშვილი

 

ქართველი პოეტი, პაოლო იაშვილი საბჭოთა რეჟიმისა და ცენზურის სისტემის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო. მას უმართავდნენ საჯარო დისკუსიებს, იბარებდნენ ჩეკაში, ბრალს სდებდნენ „იდეურ მავნებლობასა“ და „ხალხის მტრებთან“ ურთიერთობაში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე".[8] შედეგად, მან 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, რაც კომუნისტურმა პარტიამ „პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომად“ შეაფასა და დიდი ქართველი პოეტი დაკრძალა, როგორც „ხალხის მტერი“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომის ოქმი, სადაც ვკითხულობთ: "გამოაშკარავებული ჯაშუშის და სახელმწიფოს მტრის, პ. იაშვილის თვითმკვლელობა, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, დაიკრძალოს როგორც ხალხის მტერი. ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პ. იაშვილის კონტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე". პაოლო იაშვილის სახელის რეაბილიტაცია მოხდა 1954 წელს, გარდაცვალებიდან მხოლოდ 17 წლის შემდეგ, მანამდე კი საბჭოთა ცენზურა მის პოეზიას განიხილავდა „ხალხის მტრის“ შემოქმედებად, კრძალავდა და აქრობდა ბიბლიოთეკებიდან.[9]

 

ტიციან ტაბიძე

 

ქართველი პოეტი, ტიციან ტაბიძე საბჭოთა რეჟიმმა მიზანში მას შემდეგ ამოიღო, რაც მან უარი თქვა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯაროდ გაკიცხვაზე. 1937 წელს ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მის საბრალდებო ოქმში ვკითხულობთ:

 

„ტაბიძე ტიციან იუსტინეს-ძე

1937 წლის 22 ნოემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1893 წ.

ეროვნება: ქართველი

საცხოვრ. ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, გრიბოედოვის ქ. №18

განათლება: უმაღლესი

სოც. წარმომავლობა: სასულიერო წოდების

პარტიულობა: უპარტიო

სამუშაო ადგილი: პოეტი, საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი.

განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება

გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 წ.

მომხსენებელი: ქადაგიშვილი

მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი

ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. მავნებლობდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ.

მუხლი: 58-6, 58-7, 58-11

სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია

დაპატიმრების თარიღი: 10/09/1937

სხდომის თარიღი: 12/15/1937

დახვრეტის თარიღი:

რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს 26/06-1954 წლის №4н-6912/54 განჩინებით რსფსრ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქმის წარმოება შეწყვეტილია.

შენიშვნა: ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 17/12-1939 წელს ფილტვების კრუპოზული ანთებით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში.“[10]

 

1954 წელს მის რეაბილიტაციამდე, ტიციან ტაბიძის ნაშრომები აკრძალული იყო საბჭოთა ცენზურის მიერ.

 

პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე

 

გრიგოლ რობაქიძე

 

საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ამის გამო, იგი მუდმივად იდევნებოდა ბოლშევიკების მიერ. 1926 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „გველის პერანგი“, რომელსაც დიდი კრიტიკა შეხვდა, როგორც ბოლშევიკ მწერალთა რიგებში, ასევე საბჭოთა ცენზურის მხრიდან. ამის გამო, იგი 1931 წელს წავიდა გერმანიაში, სადაც 1946 წლამდე ცხოვრობდა, 1946 წლიდან კი - შვეიცარიაში. მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაზე საუბრობდნენ და პოზიტიურად აფასებდნენ ისეთი ავტორები როგორებიც იყვნენ, მაგალითად, შტეფან ცვაიგი და რომენ როლანი, საბჭოთა ცენზურა მას არ წყალობდა და აკრძალული იყო მისი „გველის პერანგი“ და „ჩაკლული სული“.

 

მიხეილ ჯავახიშვილი

 

მიხეილ ჯავახიშვილსაც უწევდა საბჭოთა ცენზურასთან ბრძოლა სიცოცხლის ბოლო წლებში. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „ქალის ტვირთი“, რომელმაც ბოლშევიკი აქტივისტების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ასევე, ჯავახიშვილს ბრალად სდებდნენ, რომ მან გრიგოლ რობაქიძე გააფრთხილა მისი შესაძლო დაპატიმრების თაობაზე და გაქცევაში დაეხმარა. ბოლოს კი, ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა მწერალთა კავშირში, რომელმაც პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის შემდეგ პოეტის გადაწყვეტილება გაამართლა და მას დაუჭირა მხარი. ამის გამო იგი განდევნეს მწერალთა კავშირიდან, მალევე კი დააპატიმრეს, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. ერთი ვერსიით, პატიმრობაში იგი ბერიას თანდასწრებით სასტიკად აწამეს, „აღიარებაზე“ მოაწერინეს ხელი და ბოლოს, 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს. დახვრეტის შემდეგ, მწერლის არქივი სრულად გაანადგურეს, რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახიც, ცენზურას დაექვემდებარა მისი ნაშრომები, რაც მხოლოდ 1950-იან წლებში შეწყდა და ხელახლა გამოქვეყნდა მისი ნაწარმოებები.

 

 ერეკლე ტატიშვილი

 

ერეკლე ტატიშვილი იყო  ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მისი იდეოლოგიური დაპირისპირება საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასთან მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 1931 წელს ხელისუფლებამ დაშალა „ქართველ მწერალთა აკადემიური ასოციაცია“ და სხვებთან ერთად, ერეკლე ტატიშვილიც გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან. ერეკლე ტატიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ თარგმანი, რომელიც საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და ტატიშვილის გარდაცვალების შემდეგაც კი, კარგა ხანი არ გამოქვეყნებულა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მას ეჭვის თვალით უყურებდა საბჭოთა ხელისუფლება, მისი არაერთი ნაშრომი დღემდე დაკარგულად ითვლება. საბოლოოდ, იგი 1941 წელს დააპატიმრეს და საპატიმროში ორ წელზე მეტი გაატარა. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი დიდხანს აღარ უცოცხლია და 1946 წელს გარდაიცვალა.

 

გარდა ჩამოთვლილი ავტორებისა, საბჭოთა ცენზურა ეხებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროსა და დარგს - იქნებოდა ეს მეცნიერება თუ პრესა, მუსიკა თუ მხატვრობა, თეატრი თუ კინო. მაგალითად, სსრკ-ში აკრძალული იყო ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი „ელისო“, მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“ (იგივე „მარილი სვანეთს“), ოთარ იოსელიანის ფილმი „აპრილი“, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ და სხვა.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ძალისხმევას არ ზოგავდა რომ საბჭოთა ცენზურა ყოვლისმომცველი  ყოფილიყო, საბჭოთა მოქალაქეები მაინც ახერხებდნენ, რომ გაცნობოდნენ როგორც აკრძალულ ლიტერატურას, ასევე - პრესას. ამას ისინი, ძირითადად, ე.წ. „სამიზდატების“ მეშვეობით ახერხებდნენ, რაც გულისხმობდა იმას, რომ აქტივისტები კუსტარულად აწარმოებდნენ აკრძალული პუბლიკაციების რეპროდუქციას, რაც შემდეგ მკითხველებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა. „სამიზდატებმა“ და ინფორმაციაზე წვდომამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1980-იან წლებში წინააღმდეგობის მოძრაობების ჩამოყალიბებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ყოველთვის არსებობდა რიგი არალეგალური გამოცემები, რომელთა მეშვეობითაც ვრცელდებოდა ცნობები, ძირითადად, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკის შესახებ, ხრუშჩოვამდელ პერიოდში ამას სისტემატიური და ფართომასშტაბიანი სახე არ ჰქონია. სტალინის გარდაცვალებისა და სსრკ-ის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ე.წ. დესტალინიზაციისა და „დათბობის“ პოლიტიკა გამოაცხადა, არალეგალურმა გამოცემებმა უფრო ორგანიზებული და ხშირი ხასიათი შეიძინეს. სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება დისიდენტური მოძრაობები სსრკ-ის მასშტაბით, რომლებიც „სამიზდატების“ რეგულარულ გამოქვეყნებასა და მოსახლეობაში გავრცელებას იწყებენ. „სამიზდატების“ ფურცლებზე ხვდებოდა როგორც რეპრესირებულთა პირადი ისტორიები, ასევე ანალიტიკური ტექსტები და აკრძალული ლიტერატურა. დისიდენტური მოძრაობის სათავეში იყვნენ აკადემიკოსი ა. სახაროვი, მწერლები ა. სოლჟენიცინი, ვ. ბუკოვსკი და სხვები.[11] ზოგადად კი, პროცესების ამგვარ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირმა აიღო ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულება და შეიქმნა ე.წ. „ჰელსინკის ჯგუფები“, რომლებიც საბჭოთა რესპუბლიკებში ვალდებულებების შესრულებას უწევდნენ მონიტორინგს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ჰქონდა მცდელობა, რომ ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით შეთანხმების ნაწილად ექცია სსრკ-ში დასავლური რადიომაუწყებლობის შეფერხების შეწყვეტა, თუმცა საბჭოთა მხარე ამას არ დათანხმდა. სსრკ-ის არგუმენტი იყო, რომ ამერიკული მაუწყებლები ავრცელებდნენ იმგვარ ინფორმაციას, რაც ჰელსინკის შეთანხმების მთავარ მიზანთან, რომ თავსებადი ყოფილიყო ყველას ინტერესებთან და მიღწეულიყო ხალხებს შორის ურთიერთგაგება, წინააღმდეგობაში მოდიოდა.[12] მიუხედავად ამისა, ჰელსინკის ჯგუფებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი „სამიზდატების“ გავრცელებას.

 


"სამიზდატის" მიერ გამოცემული ნაბოკოვის ნაშრომების ასლები ნაბოკოვის სახლ-მუზეუმში

 

საქართველოში, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით შეიქმნა - “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი“, 1975 წელს კი თბილისში “სამიზდატის” ლიტერატურულ - პუბლიცისტური ჟურნალი “ოქროს საწმისი” (რედ. ზვიად გამსახურდია) გამოიცა. ჟურნალში იბეჭდებოდა აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები ქართული ენისა და კულტურის დევნაზე და ა.შ. 1976 წელს კი კვლავ გამსახურდიასა და კოსტავას რედაქტორობით გამოიცა კიდევ ერთი ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომლის მეშვეობითაც, ძირითადად, საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ან მათ მიერ მიჩქმალული ინფორმაცია ვრცელდებოდა. საქართველოშივე გამოიცემოდა სხვა „სამიზდატებიც“ - „სამრეკლო“ (რედაქტორები - დავით და ლევან ბერძენიშვილები, ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია) და  „საქართველო“.[13] გამსახურდიასა და კოსტავას ინიციატივით ჩამოყალიბებული ჰელსინკის ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სწორედ „სამიზდატის“ გავრცელება წარმოადგენდა.[14] ქართულმა „სამიზდატებმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 1978 წლის დემონსტრაციებისთვის საზოგადოების მობილიზაციაში.[15] საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლისა და ე.წ. „პერესტროიკის“ პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ კი საბჭოთა დისიდენტებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს მოსახლეობაში იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რაც მიუღებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ამ ტიპის ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის ეროვნული და ანტი-საბჭოური იდეების გარშემო მობილიზების საქმეში, რაც, საქართველოს შემთხვევაში, 1989 წლის მასშტაბური ანტი-საბჭოთა გამოსვლებით დაგვირგვინდა, რაც, მართალია, 9 აპრილს სასტიკად ჩაახშო საბჭოთა ჯარმა, მაგრამ საბოლოოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ წინაპირობად იქცა.

 

____

[1] Fox, M. S. Glavlit, Censorship and the Problem of Party Policy in Cultural Affairs, 1922-28, Soviet Studies, 1992; 1-6: 1045-1068

[2] http://sabchotacenzura.tilda.ws

[3]Vladimirov L. Glavlit: How the Soviet Censor Works. Index on Censorship. 1972;1(3-4):31-43. doi:10.1177/030642207200103-404

[4] Ibid

[5] http://sabchotacenzura.tilda.ws

[6] Vladimirov L. Glavlit: How the Soviet Censor Works. Index on Censorship. 1972;1(3-4):31-43. doi:10.1177/030642207200103-404

[7] https://www.rbth.com/arts/history/2017/06/27/soviet-censorship-how-did-the-ussr-control-the-public_790892

[8] http://www.damoukidebloba.ge/c/news/represirebuli_mcerlebi

[9] https://idfi.ge/ge/georgian_press_and_print_media_review

[10] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=9572

[11] Kind-Kovács F. and Labov J., Samizdat, Tamizdat, and Beyond: Transnational Media During and After Socialism, Berghahn Books, 2013.

[12] https://repository.law.umich.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1841&context=mjil

[13] https://samizdat.library.utoronto.ca/languages/georgian

[14] https://www.radiotavisupleba.ge/a/tavisupali-sivrtse-konstantine-gamsakhurdia-sabchota-periodis-disidentobis-istoriidan/27295951.html

[15] 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საბოლოოდ, საზოგადოებრივი პროტესტის დამსახურებით, ქართულ ენას კონსტიტუციური სტატუსი შეუნარჩუნდა. იხილეთ IDFI-ის სტატია: https://idfi.ge/ge/14_april

 

___

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.