13 ოქტომბერი 2020
ესეს ავტორია გიორგი ჭკადუა და ის დაიწერა კონკურსისთვის "საბჭოთა ტერორი საქართველოს მეხსიერებაში". კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.
გიორგი ჭკადუა არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.
___
ისტორული კონტექსტი და თეზისი
„ძირს ძველი კერპები, // ახალნი ვიწამოთ!!! — მ. მარო. დღიური. 1918 წ’’. ამ სიტყვების დაწერიდან სამი წლის შემდეგ მარო მაყაშვილი მოხალისეების ჯგუფში მოწყალების დად ჩაეწერა და წითელ არმიასთან ბრძოლისას, ფრონტის ხაზზე ყუმბარას ემსხვერპლა. მისი დღიურის დასაწყისში ეპიგრაფად მიწერილი ეს შეძახილი კარგად გამოხატავს 1918 წლის საქართველოში შექმნილ ვითარებას, ცვლილებისა და ახლის შექმნის წყურვილს. სამწუხაროდ, ვერასდროს გავიგებთ, იმ დროს დაწყებული ძვრები როგორ შედეგებს გამოიღებდა, რადგან ახალმა კონსტიტუციამაც კი ვერ ნახა მზის შუქი — მასზე მუშაობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში საქართველო უკვე ოკუპირებული იყო.
მეოცე საუკუნე ტრავმული გამოცდილებებით არის სავსე. ორი მსოფლიო ომის გარდა, ადამიანებმა ჰოლოკოსტი, საკონცენტრაციო ბანაკები და გულაგები გამოიარეს. მსოფლიოში მომხდარი დიდი ტრაგედიების არტიკულირების სურვილი მუდმივად ბადებდა ახალ ტექსტებს და ტრავმების შესახებ ქმნიდა მეხსიერებას. საქართველოში კი ასეთი რამ არ მომხდარა. შესაძლოა იმიტომ, რომ ჰოლოკოსტსაც და ორ მსოფლიო ომსაც თავისი განსაზღვრული მოკლე პერიოდი ჰქონდა, მისი დამთავრების შემდეგ კი შესაძლებელი გახდა ამბის მოყოლა. პოსტ საბჭოთა სივრცის შემთხვევაში, საუკუნის დასაწყისში განცდილი ტრავმების შემდეგ, კიდევ ათწლეულები მათ გაღრმავებას, მათზე არსებული ხსოვნის შეცვლას და გაყალბებული ნარატივის შექმნას ემსახურებოდა. საზოგადოების მეხსიერებაში პირდაპირი და ირიბი ჩარევის შემდეგ საბჭოთა რეჟიმს წარმატებით გამოუვიდა, ტრავმული მოგონებების გადმოცემისთვის აუცილებელი ხმის „მოთვინიერება’’. საბოლოოდ, საბჭოთა ნარატივის საშუალებით შეიქმნა ახალი კოლექტიური მეხსიერება და საზოგადოების წევრებში ჩაინერგა ხელოვნურად შექმნილი შინაგანი მიმართება, როგორც თავიანთ წარსულთან, ასევე აწმყოსთან და მომავალთანაც. ეს პროცესი, გასაბჭოებიდან მოყოლებული, განუწყვეტლად მიმდინარეობდა, სწორედ ამ პროცესმა შეძლო ქართული კოლექტიური მეხსიერების შეცვლა. ნაშრომის ფარგლებში ვისაუბრებ კოლექტიური მეხსიერებისა და მისი შექმნის თეორიულ მახასიათებლებზე, ხოლო იმდროინდელი საბჭოური პრესის ანალიზით გამოვყოფ და დავახასიათებ საბჭოთა კავშირის ნარატიულ სქემას და მის მექანიზმს.
ისტორიული თუ ავტობიოგრაფიული მეხსიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია უწყვეტობა და განგრძობადობაა. სწორედ ამ უწყვეტობის შექმნაში მონაწილეობს ის ნარატიული ხაზი, რომელიც ამბის გადმოცემის დროს იქმნება. ფიქრები, მოვლენები, სურათები, ემოციები გონებაში გაბნეულად არსებობენ, ხოლო გამოთქმა მათ ხორცს ასხამს და სისტემურობას სძენს. თავად სიტყვა, წინადადება, თითქოს რაღაც ისეთს გულისხმობს, რაც ჩვენ წინ დევს, რასაც შეგვიძლია შემდეგ დავაკვირდეთ და გვქონდეს მის მიმართ განზრახულობა და, ასე ვთქვათ, მისკენ მივმართოთ ჩვენი მზერა, გავითვალისწინოთ და ხელშესახები გავხადოთ ის.
როგორ იგება სიტყვებით წინადადებები და წინადადებებით ტექსტები? როგორც ყველა ადამიანი, ვისაც სიზმარში ნახულობ, აუცილებლად ცხადშიც ნანახი გყავს, — უბრალოდ, იქ განსხვავებული და შენეული კონტექსტით არიან მოხმობილნი, — ასევე საუბრის დროსაც ადამიანი იმ სიტყვებით ლაპარაკობს, რომელიც მოსმენილი ან წაკითხული აქვს. ეს სიტყვები გამოთქმულან „სხვა ადამიანის პირიდან, სხვა ადამიანის კონტექსტით, სხვა ადამიანის მიერ დატვირთული განზრახულობით’’. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ტექსტები მართლაც ჩვენი საკუთრება გახდეს, აუცილებელია, მათ ჩვენივე კონტექსტი, ჩვენი აქცენტი, ჩვენი განზრახვა და სემანტიკა შევძინოთ. იური ლოტმანის აზრით, როდესაც ამბავს ყვები, გამოთქვამ და ნარატივად აქცევ მას, ის იძენს ისეთ თვისებებს, როგორებიც მას მოყოლამდე არ გააჩნდა; ის დაწყობილ ხაზად გარდაიქმნება და სტრუქტურა ეძლევა. ეს კი ამბავს არა გაფანტულ ექსპრესიად, გაფანტულ გამოხატვად, არამედ შინაარსის მქონე, ხელშესახებ ისტორიად აქცევს. წარსულის მოყოლა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნის გაზიარებას სხვისთვის. ეს, ასევე ნიშნავს, აქტიურად ძერწო თვით აღქმა, ანუ განაახლო საკუთარი ცოდნა. წარსულის მოყოლის პროცესში შენ, უხეშად რომ ვთქვათ, საკუთარ მითს ქმნი, რომელიც საბოლოოდ დრამატურგიულად გამართული ერთი მთლიანობა უნდა იყოს. ასე რომ, ნარატივის შექმნა, ანუ მომხდარის ამბად გამოთქმა, წარსულის ახლიდან შექმნის პროცესია. ახლიდან ქმნადობისას კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კოლექტიური მეხსიერების შექმნასთან, ან, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური ტრავმული მეხსიერების შექმნასთან გვაქვს საქმე.
ჩვენი მსჯელობა უფრო გასაგები რომ გახდეს უნდა განვმარტოთ კოლექტიური მეხსიერების ცნება და გამოვაჩინოთ, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ნარატივს. კოლექტიურ მეხსიერებას ანთროპოლოგი ჯეიმს უერჩი „საზოგადო მეხსიერების’’ ცნებაზე დაყრდნობით განმარტვს. საზოგადო მეხსიერება (public memory) არის წარსულის შესახებ წარმოდგენებისა და იდეების ერთობლიობა, რაც ეხმარება საზოგადოებას, გაიაზროს წარსული, აწმყო და აქედან გამომდინარე, მომავალიც. კოლექტიურ მეხსიერებაზე საუბრისას, უერჩი ორ ასპექტს გამოყოფს. ერთი მხრივ, არსებობს მომხდარი ამბის, ან ფაქტის შინაარსი, რომელიც გარდაიქმნება კოლექტიურ მეხსიერებად, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს კულტურული მექანიზმები და ხელსაწყოები, რომლებიც, უშუალოდ მეხიერების შექმნის პროცესში მონაწილეობენ. პირველ მათგანს უერჩი „ეპიზოდურ’’ მეხსირებას უწოდებს, ხოლო, ცოდნას კულტურული მექანიზმების შესახებ „ინსტრუმენტულ’’ მეხსიერებად მოიხსენიებს. ეპიზოდური მეხსიერება არის მოგონება ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ეპიზოდების შესახებ, რომლებიც ერთმანეთთან შინაარსობრივად არის დაკავშირებული. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თავი წარსულში განვლილ სიტუაციებში ჩავაყენოთ და მომხდარი ახლიდან შევაფასოთ. ეპიზოდური მეხსიერება უკავშირდება, როგორც ინდივიდიალურ მეხსიერებას, ასევე კოლექტიურ მეხსიერებასაც, თუმცა, ინდივიდუალური მეხსიერების კუთხით, ეპიზოდური მეხსიერების შექმნა დამახსოვრების ერთ-ერთი ფორმაა, ხოლო კოლექტიურ მეხსიერებას მხოლოდ ეპიზოდური ფორმა აქვს. სწორედ, ეპიზოდური მეხსიერება არის ის, რითაც ავტობიოგრაფიული მეხსიერებისა და კოლექტიური მეხსიერების შექმნის პროცესი უკავშირდება ერთმანეთს.
ახლა თავად ქმნადობის პროცესზე გადავიდეთ. ნარატივი ერთ-ერთი იმ კულტურული ხელსაწყოთაგანია, რომელიც კოლექტიური მეხსიერების შექმნაში მონაწილეობს. საბჭოურ ნარატივზე საუბრისას, უერჩი „სქემატურ ნარატივს’’ განიხილავს. ამგვარ ნარატივში მოცემულია სიუჟეტური ხაზი, რომელსაც, განვითარების დადგენილი საფეხურები აქვს. ეს, შესაძლოა, იყოს კონკრეტულ ადამიანზე მოთხრობილი ისტორიაც, თუმცა, თავისი არსით, ეს ამბავი ზოგადია და საშუალებას იძლევა, რომ, კონკრეტული პერსონაჟის ნაცვლად, სიუჟეტში საკუთარი თავი ჩასვა. საბჭოთა რეჟიმიც, სწორედ ასეთ ხელოვნურად შექმნილ სქემატურ ნარატივებს იყენებდა. იქმნებოდა ახალი წარსული, რომელიც ახალ აწმყოსთან თანხმობაში იქნებოდა, ხოლო, იმპლიკაციის მეშვეობით, შეიქმნებოდა საბჭოური მომავალიც.
წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, საქართველოში უპრეცედენტო რეჟიმი და ახალი რეალობა დამყარდა. აწმყოს თვისობრივი ცვლილება კი თავისთავად ითხოვს წარსულის ცვლილებასაც. უნდა შექმნილიყო საბჭოთა საქართველოს ისტორია, რომელიც მოერგებოდა და ზუსტად ჩაჯდებოდა იმ სქემაში, რომელიც საჭირო იყო საბჭოური აწმყოსთვის და კომუნისტური მომავლისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოურ რეალობასთან ერთად უნდა შექმნილიყო პრესაბჭოთა საქართველოს ისტორიაც. ასეთ მომენტში ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი ის დროითი სივრცეა, რომელიც ჯერ ბოლომდე წარსულად არ ქცეულა და აწმყოსთან ძალიან ახლოსაა, ეს უახლესი წარსულია. გასაბჭოებულ საქართველოში ისტორიის ცვლილება თავად გასაბჭოების ფაქტის სხვაგვარი ინტერპრეტაციით უნდა დაწყებულიყო. „საბჭოთა საქართველოს თავისი არსებობის ათი წელი შეუსრულდა. 10 წლის წინად საქართველოს მუშებმა და მშრომელმა გლეხებმა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით წითელი არმიის ძმური დახმარებით, დაამხეს მენშევიკების მთავრობა და შექმნეს საბჭოთა ხელისუფლება’’, - ასე იწყება გაზეთ „ოქტომბრელის’’ 1931 წლის 23-25 თებერვლის ნომერი, რომელიც გასაბჭოების ათი წლისთავის „იუბილეს’’ მიეძღვნა. სტატია, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ავტორი მიმოიხილავს მენშევიკების საქართველოს, ხოლო მეორეში უკვე საბჭოთა ქვეყანას ახასიათებს.
„შიმშილი, სიღარიბე, მოძმე ერთა შორის შუღლი და მტრობა, ეკონომიურად და კულტურულად დაქვეითება, - აი რა ახასიათებდა მენშევიკების ბატონობას საქართველოში’’, - ტექსტის მიხედვით, მენშევიკებმა უღალატეს მუშათა კლასს და მშრომელი გლეხობის ინტერესებს. მათ სრულიად დაივიწყეს პროლეტარიატის მიზნები და ამოცანები და მეტიც, ქართველი მუშები და გლეხობა როგორც შინაური, ისე საერთაშორისო ბურჟუაზიის ერთგულ ლაქიებად აქციეს. ამ გარემოებებმა უფრო მეტად გააღარიბა მუშათა კლასი, რასაც თან ერთვოდა ომები მეზობელ ქვეყნებთან. ,,ასეთი ტანჯვა ვეღარ აიტანა საქართველოს მშრომელმა ხალხმა და 1921 წლის 25 თებერვალს დაამხო მენშევიკების მთავრობა, რომლის მაგიერ შეიქმნა მუშების და გლეხების ხელისუფლება’’. სტატიის მიხედვით, სწორედ, აქედან იწყება საქართველოს აღორძინებაც: საბჭოთა ხელისუფლება მყისიერად შეუდგა მენშევიკების „შეცდომების“ გამოსწორებას; ფაბრიკა-ქარხნები ჩამოართვეს კაპიტალისტებს, მიწები კი - თავად-აზნაურებს და ასე აღდგა მუშათა კლასის ღირსება. ხოლო, მეორე მხრივ, მოისპო მეზობლებთან შუღლი, რადგან ისინიც საბჭოთა კავშირს შემოუერთდნენ და სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მშრომელმა ხალხმა ერთად დაიწყო კავკასიის აღორძინებაზე ზრუნვა.
სტატიაში ხაზგასმულია და დასრულებული სახით არის წარმოდგენილი ყველა პუნქტი, რაშიც ბოლშევიკები მენშევიკებს ადანაშაულებდნენ. სწორედ ამ პუნქტების ერთობლიობა არის ის ინსტრუქცია, რის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო მხატვრული ტექსტებიც. ამ სტატიის შემდეგ „ოქტომბრელის“ ამ ნომერში მოთხრობების, პიესებისა და ლექსების მთელი კასკადია, რომლებიც სტატიაში ხაზგასმულ ყველა პუნქტს მხატვრული ხერხებით ამყარებს. ავტორების მიერ ადამიანებზე მხატვრულად მოყოლილი ამბები ერთგვარი არგუმენტებია იმისა, რაც სტატიაში მშრალად არის მოთხრობილი. როგორც აღვნიშნე, ეს ნომერი 1931 წელს არის დაბეჭდილი, ანუ აქ ვხედავთ საბჭოური ნარატივის ჩამოყალიბების უშუალო შედეგს და ფორმას. ახლა კი, როცა შედეგი ნაწილობრივ დავინახეთ, დავუბრუნდეთ ამ ნარატივის დასაწყისს, ანუ საბჭოური საქართველოს მშენებლობის პირველ წელს. ნარატივის შექმნის პროცესის პარალელურად, შედეგის მონახაზს უფრო მეტად გამოვკვეთ და დასაწყისსა და საბოლოოს შორის კავშირიც უფრო ცხადად წარმოჩნდება.
გასაბჭოებისა და საქარველოს ოკუპაციის ერთი წლის თავზე გაზეთ კომუნისტის 43-ე ნომერი, რომელიც 23 თებერვალს გამოვიდა, იწყება სტატიით, რომელსაც „სისხლიანი შაბათი’’ ჰქვია: „ეს ის შაბათია - 1918 წ. 10-23 თებერ., როცა ამიერკავკასიის შეკავშირებულმა ნაციონალისტებმა, მენშევიკებმა, დაშნაკებმა, მუსავატისტებმა და მათმა ძმებმა ტყვიისმფრქვეველით მოინდომეს ამიერკავკასიაში ბოლშევიზმის აღმოფხვრა’’.
1918 წლის 10 თებერვალს ალექსანდრეს ბაღში, სტეფანე შაუმიანის მეთაურობით, ბოლშევიკების მიტინგი გაიმართა. მომიტინგეებს გვარდიამ ტყვიამფრქვევიდან ტყვიები დაუშინა. მთავრობის ქმედებას მოჰყვა მსხვერპლიც. პირველ რიგში, განვიხილოთ თავად მენშევიკების პოზიცია. მათი თქმით, იმ პერიოდში, ბოლშევიკები საქართველოს მასშტაბით აწყობდნენ დებოშებს, მანიპულირებდნენ ადამიანებით, ისინი შეეცადნენ აერიათ სიტუაცია ჯარშიც, სადაც გადაცმულები შეიპარნენ და ჯარისკაცების გადაბირებას შეეცადნენ. 1918 წლის 11 თებერვლის „ერთობის’’ ნომერში ვკითხულობთ: „ჩვენ ხმა არ გაგვიცია მათი იდეური ბრძოლისათვის. ჩვენ იდეებს იდეებით ვებრძვით. მარა სისხლის ღვრის და ანარქიის გამოწვევას - ძარცვა-რბევის მოწყობას ქალაქებსა და სოფლებში იძულებულები ვართ რეპრესიული ზომებით გავუმასპინძლდეთ’’. ამას უპირისპირდება და ალტერნატიულ, საბჭოურ ნარატივს ქმნის ზემოთხსენებული სტატიის ავტორი:
ბოლშევიზმის მოწინააღმდეგენი და მტრები მუდამ „მშვიდობიან და იდეურ’’ ბრძოლას გაიძახოდნენ, მაგრამ როცა დადგა კრიტიკული მომენტი, როცა დაინახეს, რომ მუშები და გლეხები მათ ზურგს აქცევენ და ბოლშევიზმის დროშას ეტანებიან, როცა იგრძნეს, რომ მათ ძალაუფლება ეკარგებათ, მაშინ მათ პირველებმა მიმართეს შიშველ იარაღს და გადმოგვძახეს: დე ჩვენი დავა ხმალმა გადაჭრასო.
ამ სიტყვებით სტატიის ავტორი ფაქტობრივად აცხადებს, რომ ომი მენშევიკებმა დაიწყეს: პირველად სწორედ მათ დაღვარეს სისხლი, თუმცა საქართველოს მუშები და გლეხები თანდათან ბოლშევიკების მხარეს გადადიოდნენ და, ბოლოსდაბოლოს, „დადგა 1921 წლის არა მარტო თებერვლის ‘სისხლიანი შაბათი’, არამედ სისხლიანი მთელი თებერვალი. 1918 წ. 23 თებერვალს საქართველოს მენშევიკების მიერ გამოცხადებული ომი 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში გადაწყდა’’. ავტორმა ამგვარად დაუკავშირა 1918 წლის თებერვალი 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების ფაქტს; ის წარმოაჩინა, როგორც მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის გაჩაღებული ომის საწყისი მოვლენა. ამასთანავე, ყურადსაღებია თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის, პოზიცია ამ ომში, რაც ,,კომუნისტის’’ ამავე წლის 25 თებერვლის ნომერშია განხილული: „ერთი წლის წინათ საქართველოს მუშებმა და გლეხებმა წითელი მუშურ-გლეხური რუსეთის, ან უკეთ რომ ვთქვათ, საერთაშორისო რევოლუციონერ პროლეტარიატის წითელი არმიის შემწეობითა და დახმარებით ფოლადის ცოცხით დახვეტეს წითელ თბილისიდან მენშევიკური ნაგავი და გაატანეს ის დასავლეთის იმპერიალისტების ქარს’’, -საგულისხმოა, რომ ამ აბზაცში ავტორი თბილისს საბჭოთა კავშირის შეერთებამდეც წითლად მოიხსენიებს. თითქოს, თბილისი ოკუპირებული კი არ იყოს და ძალით გაწითლებული, არამედ ამ ქალაქის არსი, ესენცია, აქამდეც წითელი ფერისა იყო; მენშევიკებმა ის მიიტაცეს, ხოლო საბჭოთა კავშირისა და მეთერთმეტე არმიის შემწეობით წითელ თბილისში „ჩამოხსნილ იქნა კონტრევოლიციონურ ბურჟუაზიის სამფეროვანი დროშა და მის მაგივრად აფრიალდა მუშათა კლასის სისხლში შეღებილი დროშა, დროშა საქართველოს მუშებისა და გლეხების განთავისუფლებისა“.
სტატიაში ემიგრაციაში წასული მენშევიკების საკითხს დიდი აბზაცი ეთმობა. ავტორის თქმით,უცხოეთში წასული ქართველი მენშევიკები ისევ აგრძელებენ აგიტაციას და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის მუხლჩაუხრელ შრომას, რათა „ააყვავონ და გაფურჩქნონ მათი ჭეშმარიტათ სოციალისტური სამშობლო“. თუმცა, მათ კოვზი ნაცარში უვარდებათ, რადგან: ,,დასავლეთის მუშები და საზოგადოთ მშრომელთა მასები მშვენივრად იცნობენ მათ გამცემლურ ბუნებას, „მათ თავდადებულ ბრძოლას’’ მუშათა კლასისათვის, იცნობენ საკუთარ მენშევიკებზე მაგალითით, რომლებსაც კარგა ხანია ზურგი შეაქციეს მათ, როგორც ბურჟუაზიისა და მისი წყალობების ერთგულ დამცველებს“. ავტორი ცდილობს, ის იმედის ნაპერწკალიც გააქროს და მიანავლოს, რაც საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლითა და მათი გადარჩენითაა შენარჩუნებული. აქ შესაძლოა მტრის ხატის შექმნის მცდელობაც არის, რაც, ამ შემთხვევაში, რთულად შესასრულებელი მისია იყო. მტერი, ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო მზაკვარი და ბოროტი, მაგრამ, ამასთანავე, უსუსურიც, რადგან ის ვერ შეეწინააღმდეგებოდა ისტორიის ლოგიკურ განვითარებას და ჭეშმარიტების გამარჯვებას. ამ ნარატივში არ არსებობს, ერთი მხრივ, დაპყრობილი საქართველო, მეორე მხრივ კი გაქცეული მთავრობა, რომელიც ძალას იკრებს, რათა გარედან, საერთაშორისო სარბიელიდან, მომართოს სხვა ქვეყნების მზერა, მოიპოვოს მხარდაჭერა და გაათავისუფლოს საქართველო. . ამ შემთხვევაში, ემიგრირებული მთავრობა უცხოეთშიც უუნაროა, ცრუა, მისი სიმართლე აღარ არსებობს, ამიტომ აწმყოში ფაქტობრივ მხარედაც აღარ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც მენშევიკების მომხრეა, წარსულის მომხრეა და არა აწმყოსი, ის არ დგას ჭეშმარიტების მხარეს, ის არ არის საბჭოური რეალობის ნაწილი, შესაბამისად, ის მტერია.
რეჟიმი რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც საბჭოური დისკურსის შესაქმნელად, როგორც შესავალში განვმარტე, სქემას იყენებდა. სქემატურ ნარატივზე საუბრობს კატერინა კლარკიც. ის საბჭოთა კავშირში სტალინიზმის პერიოდში მხატვრული ნაწარმოებებისათვის ხელოვნურად შექმნილ შინაარსობრივ სქემას „დომინანტ სიუჟეტს“ (master plot) უწოდებს.[16] განხილულ სტატიებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, უშუალოდ, ქართულ რეალობაზე მორგებული სქემატური ნარატივის პუნქტები ჩამოვაყალიბოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ნარატივი გასაბჭოებულ საქართველოში იქმნება, ანუ საბჭოური რეალობა უკვე დამდგარია. 1922 წლის ,,კომუნისტის“ სტატიებში, ხშირია ხაზგასმა, რომ ღირსებადაბრუნებული საქართველოს პროლეტარიატი მუხლჩაუხრელად შრომობს, ახლა უკვე, ჭეშმარიტად სოციალისტური ქვეყნისთვის. 1931 წლის “ოქტომბრელის“ ნომერში დათვლილია, თუ რამდენად მოიმატა წარმოებამ მენშევიკების ხელისუფლების დამხობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სქემატური ნარატივის პირველ პუნქტად, შეგვიძლია, წარსულთან შედარებით აწმყოს უპირატესობების აღწერა მივიჩნიოთ. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს წარსულის დახასიათებაც, რომელიც მენშევიკების „უცხოების’’ გამო არის ავადსახსენებელი. მათმა მმართველობამ „შიმშილი, სიღარიბე, მოძმე ერთა შორის შუღლი და მტრობა, ეკონომიურად და კულტურულად დაქვეითება“ მოიტანა.
ბოლო პუნქტი მენშევიკების ტრიუმფალურ დამარცხებაზე გვიყვება. ამ ომში გამარჯვება კი ძმური საბჭოთა არმიის დახმარებით მოხდა. ეს არის ახალი აწმყოსა და წარსულის კორელაციია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართულად ფუნქციონირებისათვის; ახალი აწმყოსთვის აუცილებელია, რომ შეიცვალოს მეხსიერება.
უერჩი მეხსიერების ორნაირ გაგებაზე საუბრობს. ერთი მხრივ, მეხსიერებას ვუყურებთ როგორც სიზუსტით შექმნილ წარსულის საცავს, ხოლო, მეორე მხრივ, მეხსიერებას ხშირად უწოდებენ „გამოსადეგ წარსულს“ (usable past) — იმ მოვლენების წყებას, რომლებიც აწმყოში, კონკრეტული მიზნით, ახლიდანაა დალაგებული, ან შეცვლილი. უერჩი იმოწმებს კონვეისა და ფელიდელ პირსს, რომლებიც ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას ადამიანის სამომავლო მიზნებს უკავშირებენ. ამ განმარტებით, ავტობიოგრაფიული მეხსიერება მიბმულია ადამიანის მიზნებსა და „თვითის“ სისტემასთან, რაც „გამოსადეგი წარსულის’’ შექმნას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც სისტემა მთლიანად ახალ რეალობას გიქმნის, ისევე, როგორც ავტობიოგრაფიულ მეხსიერებაში, კოლექტიურ მეხსიერების ფორმირების პროცესშიც ლოგიკური გამართულობა და უწყვეტობაა მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაშიც, აწმყოდან გამომდინარე უნდა მოხდეს წარსულის რეკონსტრუქცია. ამასთანავე, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ინდივიდი რაღაც ჯგუფის ნაწილიც არის და მისი იდენტობის განსაზღვრაში ეს ჯგუფიც მონაწილეობს. ასე რომ, ავტობიოგრაფიული მეხსიერების ჩამოყალიბებისას, საკუთარი იდენტობის განსაზღვრისთვის კოლექტიურ მეხსიერებასაც აქვს მნიშვნელობა. საბჭოურმა რეჟიმმა, ახალ რეალობაში გადარჩენისთვის, საკუთარი თავის ახლიდან განსაზღვრისთვის, შექმნა ახალი წარსულის მოდელი. ამ გზით, წარსულსა და აწმყოს შორის წინააღმდეგობა მოიხსნა და მივიღეთ ლოგიკურად გამართული კოლექტიური მეხსიერება, რისი საშუალებითაც ინდივიდს ამ ლოგიკურ ჯაჭვში მარტივად შეუძლია საკუთარი თავის მოთავსება.
იმისათვის, რომ გავიგოთ, რა მექანიზმებით ახერხებს ნარატივი წარსულის გადაწერას, მის ორგვარ სახეზე - მინიშნებით ფუნქციასა და დიალოგურ ხასიათზე უნდა ვიმსჯელოთ. მინიშნებითი ნარატივი ფოკუსირდება კონკრეტულ მოვლენაზე, კონკრეტულ პერსონაჟებსა და კონკრეტულ ქმედებებზე. თუმცა ის მეტია, ვიდრე უბრალოდ მინიშნება მოქმედ პირებსა და მოვლენებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ნარატივისთვის, როგორც კულტურული ხელსაწყოსთვის, არის ის, რომ ის შესაძლებელს ხდის განხორციელდეს „კონფიგურაციული აქტი“ ანუ ერთად შეიკრას, თავი მოეყაროს იმ მოვლენებს, რომლებიც დროებით გაფანტულია და გადაიქცეს ინტერპრეტირებად მთლიანობებად, გაუჩნდეს ერთიანი შინაარსი. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი; გავიხსენოთ, გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი სტატია „სისხლიანი შაბათი’’, რომელიც ასე იწყებოდა: „ეს ის შაბათია - 1918 წ. 10-23 თებერ., როცა ამიერკავკასიის შეკავშირებულმა ნაციონალისტებმა, მენშევიკებმა, დაშნაკებმა, მუსავატისტებმა და მათმა ძმებმა ტყვიისმფრქვეველით მოინდომეს ამიერ კავკასიაში ბოლშევიზმის აღმოფხვრა“. საქმე ისაა, რომ 10 თებერვალი, ძველი სტილით 23 თებერვალი იყო. სტატიის ავტორი თავს უფლებას აძლევს და ტექსტის ბოლოს 10 თებერვალს საერთოდ აქრობს: „1918 წ. 23 თებერვალს საქართველოს მენშევიკების მიერ გამოცხადებული ომი 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში გადაწყდა“. საგულისხმოა, რომ სწორედ 1921 წლის 23 თებევრალს მოხდა მთავარი ბრძოლები, რამაც, საბოლოოდ, საქართველოს დამარცხება გამოიწვია. რიცხვებზე მინიშნებით, ავტორი ერთმანეთთან აახლოებს ორ მოვლენას, ხოლო ამ მოვლენების ანალიზით ეს თარიღები ერთმანეთს შინაარსობრივადაც უკავშირდება. ეს მინიშნებითი ნარატივის ფუნქციაა, მიაახლოვოს და დააკავშიროს მოვლენები ერთმანეთთან, რასაც საბოლოო დისკურსად დიალოგურობა გადააქცევს.
მინიშნებითი ფუნქციისგან განსხვავებით, დიალოგური ფუნქცია თავად ნარატივებს შორის ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. დიალოგურობა, ერთი მხრივ, ერთმანეთისგან განცალკევებით მდგომ ტექსტებს დისკურსში აქცევს, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის დიალოგს გამოუთქმელთან.
დიალოგური ნარატივი ამყარებს კავშირს როგორც გამოთქმულ, ასევე გამოუთქმელ ნარატივებთან. გამოთქმულ ტექსტებთან კავშირით იქმნება დისკურსი, საბჭოური ინპერპრეტაციის პოლიფონიურობა. მაგალითად, კომუნისტის იმავე ნომერში, მეორე გვერდზეც „სისხლიან შაბათზეა“ საუბარი, ასევე ამ მოვლენაზე მიუთითებს ორი დღის შემდეგ, 25 თებერვალს გამოსულ სტატიაში დაბეჭდილი ტექსტებიც. ნარატივის სქემით ისინი ერთმანეთს ეთანხმებიან, რაც ქმნის სწორედ დისკურსს და პოლიფონიურობას. ხოლო, მეორე მხრივ, გამოუთქმელთან დიალოგი დასარწმუნებლადაა საჭირო. უფრო კონკრეტულად, მინიშნებითი ფუნქცია ქმნის დისკუსიის ფუნდამენტს, შემოგვთავაზებს მოვლენათა შორის ახალ კავშირებს, ხოლო დიალოგური ფუნქცია „გამოსადეგი წარსულის“ შექმნაში მონაწილეობს. ზემოთ განხილული ტექსტების მიმართებით რომ ვთქვათ, მინიშნებითი ნარატივით იქმნება ბინარული ოპოზიცია — კოლექტიური „ჩვენ“ კონკრეტული მტრის წინააღმდეგ, ხოლო დიალოგურობით ამოირჩევა გამარჯვებული მხარე. გამარჯვება კი ისეთ დიალოგში, სადაც, მოპასუხე ხმას არ იღებს, გარანტირებულია.
ამგვარად, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა ახალი აწმყო, ხოლო ახალ რეალობაში წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად, რეჟიმმა შექმნა ახალი კოლექტიური ნარატივი, რომელიც სრულიად ცვლიდა როგორც ძველ, ასევე უახლეს წარსულსაც. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის არსებობის პარალელურად მუდმივად მიმდინარეობდა, რამაც, საბოლოოდ, გაყალბებული წარსული მოგვცა შედეგად. გადატანილი კოლექტიური ტრავმების გამომხატველი ნარატივების გარეშე მათი გააზრება შეუძლებელია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რეალური იდენტობა, ან თუ არსებობს, არ ვიცით, თუ როგორია ის სინამდვილეში.
ბიბლიოგრაფია
ანდრიაძე, ს. 25 თებერვალი 1922 წ. კომუნისტი, №45, 1922.
მაყაშვილი, მარო. დღიური. თბილისი: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2014.
მორიგი პროვოკაცია. ერთობა, №34, 1918.
,,ოქტომბრელი’’. №2, 1931.
Bakhtin, M.M. The dialogic imagination: Four essays by M.M. Bakhtin. Austin: University of Texas Press (edited by M. Holquist; translated by C. Emerson and M. Holquist), 1981.
(Problems of Dostoevsky’s poetics. Minneapolis: University of Minnesota Press (edited and translated by C. Emerson), 1984.
The problem of speech genres. In Bakhtin, M.M. (1986). Speech genres & other late essays. Austin: University of Texas Press, pp. 60–102 (translated by Vern W. McGee; edited by Caryl Emerson and Michael Holquist), 1986a.
Clark, Katerina. The Soviet Novel: History as Ritual. Chicago: The University of Chicago Press, 1981.
Lotman, Yu.M. (Universe of the mind: A semiotic theory of culture. Bloomington: Indiana University Press (translated by Ann Shukman), 1990.
Wertsch, James V. Voice of Collective Remembering. UK: Campridge University Press, 2004.