...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

საბჭოთა ოკუპაციის ნარატივი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების ფონზე: პოლიტიკა, მეხსიერება, იდენტობა

10 მარტი 2021


 

ანალიტიკური სტატიის ავტორია ნინო ჩანადირი და ის დაიწერა კონკურსისთვის „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ნინო ჩანადირი არის კონკურსის გამარჯვებული - III ადგილის მფლობელი.

 

___

 

 

საზოგადოებრივი იდენტობის ფორმირება კომპლექსური პროცესია და მოიცავს მეხსიერების, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც საერთოა საზოგადოების წევრი ინდივიდებისთვის და ქმნის საერთო წარსულისადმი მიკუთვნებულობის განცდას. შესაბამისად, საერთო წარსული იქცევა ჩვენი ინდივიდუალური იდენტობის ნაწილადაც. ეს პროცესი არ არის თავისთავადი, არამედ სტრუქტურირებული და ინსტიტუციონალიზებულია, საკუთარი მახასიათებლებითა და ინსტრუმენტებით, რომელიც საჭიროა ფართო საზოგადოებაში ნარატივების დისტრიბუციისთვის. ეს გამოცდილი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს საერთო იდენტობის ფორმირებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა სახელმწიფოებში, ისეთში როგორიც საქართველოა, ტრავმული წარსულით და მყიფე აწმყოთი. სწორედ აღნიშნული მოტივი ედო საფუძვლად  ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში დაწყებულ პოლიტიკას, რომელსაც უნდა გაეცოცხლებინა საბჭოთა კავშირის მიერ გაყალბებული წარსული, მისი რეალური სახით და გაეხადა ის ახალი ქართული იდენტობის ნაწილი. თუმცა ბუნებრივია, პოლიტიკა, მათ შორის მეხსიერების პოლიტიკა ვერ იარსებებს იზოლირებულად და ის დამოკიდებულია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სიტუაციზე. 2006 წლიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა აისახა ახალი ხელისუფლების მიერ ნაწარმოებ მეხსიერების პოლიტიკაშიც, რაც საბჭოთა ოკუპაციის ნარატივის მკაფიოდ და მძაფრად გამოკვეთით გამოიხატა. თუ მანამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთის, როგორც არასანდო და მტრულად განწყობილი აქტორის როლი ნაკლებად იყო ყურადღების ქვეშ, 2006 წლიდან ეს რადიკალურად შეიცვალა. ახალ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკულმა მოვლენებმა და მასთან დაკავშირებულმა ინდივიდებმა, როგორც თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლებმა.

 

ესსეს მიზანია გაანალიზოს მეხსიერების პოლიტიკის როლი საზოგადოებრივი იდენტობის ჩამოყალიბებაში და ამ ფონზე, საბჭოთა ოკუპაციის ნარატივის ფორმირება საქართველოსა და რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების კვალდაკვალ. ესსე მიმოიხილავს მეხსიერების პოლიტიკის როლს; საბჭოთა პრაქტიკას - გაეყალბებინა მისთვის არასასურველი ისტორია საბჭოთა ოკუპაციისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ; ასევე, 2003 წლიდან, ახალ რელსებზე დამდგარ საქართველოში ხელისუფლების მიერ დაწყებულ პოლიტიკას - აღედგინა და ახალი, საჭირო ფორმით მიეწოდებინა საზოგადოებისთვის 1921 წლის თებერვლის მოვლენები.

 

მეხსიერება, როგორც პოლიტიკა და საბჭოთა პრაქტიკა

 

კოლექტიური მეხსიერება განიხილება, როგორც სოციუმის იდენტობის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ინსტიტუციები და პრაქტიკა, რომელიც კოლექტიური მეხსიერების წარმოებას უზრუნველყოფს, ეხმარება საზოგადოებას შეინარჩუნოს საერთო იდენტობა, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები ინარჩუნებენ ისტორიის, ადგილის და საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის განცდას.[1] შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური მეხსიერება არის ის, რაც საერთო წარსულის განცდას გვინარჩუნებს. ამ კონტექსტში, მეხსიერება მომდინარეობს არა ინდივიდუალური გამოცდილებიდან, არამედ იმ ცოდნიდან, რომელიც საზოგადოებას, როგორც მთელს გააჩნია ისტორიული წარსულის მიმართ. აღნიშნული ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს წარმოდგენებს გარემოზე, ისევე როგორც იმ აქტორებზე რომელთან ინტერაქციასაც საზოგადოება ახდენს.

 

არსებობს კონკრეტული მაგალითები იმის დასტურად, რომ ისტორია ძლიერი პოლიტიკური იარაღი შეიძლება იყოს, როდესაც მისი გამოყენება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაცია და მისი ამა თუ იმ ფორმით მიწოდება ფართო მასებისათვის, მათ აღქმებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. თუმცა, სამწუხაროდ აღნიშნული ყოველთვის დადებითი ფუნქციის მატარებელი არ არის. მაგალითად, საბჭოთა კავშირში ხდებოდა ისტორიის გაყალბება და მისი პოლიტიკის სამსახურში ჩაყენება. ეს ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსული მმართველობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელსაც თანამედროვეობაშიც აქტიურად იყენებს, როგორც იარაღს ჰიბრიდულ ომში.  შესაბამისად, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ისტორიის ინტერპრეტაცია, რომელიც სრულიად მიზან მიმართულად ფაქტების გაყალბებასაც შეიძლება მოიცავდეს, პოლიტიკური აქტია. 

 

საბჭოთა ამ მეთოდის მსხერპლი საქართვლოც არაერთხელ გამხდარა. საბჭოთა ოკუპაციის კონტექსტში, მიზანმიმართულად შეიქმნა ნარატივი, რომ საბჭოთა კავშირში შესვლა, მოხალისეობრივი, ქართველი ხალხის სურვილიდან მომდინარე ქმედება იყო, რომელიც რუს „უფროს ძმასთან“ ერთობას და ხალხთა შორის ჰარმონიას ემსახურებოდა. ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინება ამ დიადი მიზნის და ხალხის „ნების“ წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა.[2] ხალხს უნდა დაევიწყებინა, ან უნდა ჩაეჩუმებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხსოვნა, რასაც ხელს უწყობდა ოკუპაციის შესახებ გავრცელებული მითები. საქართველოს „გაწითლება“ წარმოდგენილი იყო როგორც კანონზომიერი მოვლენა. იქმნებოდა შეხედულება იმის შესახებ, რომ წითელი არმია დაეხმარა ქართველ ბოლშევიკებს, რომლებმაც 1921 წლის 25 თებერვალს სამართლიანად ჩამოაშორეს მმართველობას „მენშევიკების“ ხელისუფლება, რომელმაც დაასუსტა ქართული ეკონომიკა და ქვეყანა შიმშილის პირას მიიყვანა. მათი მიზანი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის „ისტორიული“ კავშირის გაწყვეტა.[3] მსგავსმა პროპაგანდამ ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კოლექტიურ მეხსიერებაზე. დღემდე, ზოგჯერ კვლავაც ისმის მითები, რომლებიც სწორედ საბჭოთა წარსულიდან იღებს სათავეს. მაგალითისათვის, შეხედულება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნიდან უბრძოლველად „გაიქცა“. ეს მაშინ, როდესაც სინამდვილეში ემიგრაციაში წასვლა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საფუძველს ტოვებდა და ოკუპაციას ლეგიტიმურობის ყალბ საფარველს ხდიდა.[4]

 

ოკუპაციის ნარატივის ტრანსფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ფონზე 2006 წლიდან

 

მეხიერების პოლიტიკაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ მეხსირება კვლავ წარმოებადია და მისი რეკონსტრუირება შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე, რომელიც ცოდნას უკავშირებს მისთვის აქტუალურ და თანამედროვე სიტუაციას.[5] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეხსიერება ინსტრუმენტია საზოგადოების ხელში, რომლის გამოყენებაც მას სჭირდება, რათა უპასუხოს თანამედროვეობის გამოწვევებს. უფრო მეტიც, სხვადასხვა ჯგუფმა შესაძლოა ითანამშრომლოს, რათა აღადგინოს ინფორმაცია და მოვლენები წარსულიდან და მოახდინოს მისი დისტრიბუცია ფართო მასებში. მეხსიერების ტრანსფორმაცია ინდივიდებში, დაკავშირებულია ნარატივების „ინსტრუმენტულ დისტრიბუციასთან“, ისევე როგორც სიმბოლოების გამოყენებასთან, რაც საჭიროა ისტორიის გაცოცხლების პროცესში აღქმადობის გაუმჯობესებისთვის და დამახსოვრების გასაადვილებლად.[6] ბუნებრივია, ამგვარ ტრანსფორმაციას გააჩნია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური განზომილება. ისინი ერთმანეთთან კავშირშია იმგვარად, რომ ინდივიდის აღქმები უკავშირდება სოციუმში არსებულ შეხედულებებს. მეორე მხრივ, სოციუმი თავად შედგება ინდივიდებისგან და მათი საერთო შეხედულებების ერთგვარ „საცავად“ იქცევა. ამ „საცავში“ კი ორგანიზებული ნარატივები, რომელიც წარსულის შესახებ ისტორიებს უკავშირდება, საერთოა და სოციუმის წევრები მას უმეტესად მსგავსად აღიქვამენ.

 

მეხსიერების ტრანსფორმაციის კარგ მაგალითად სწორედ საბჭოთა ოკუპაციის ნარატივის რეკონსტრუირების პროცესი შეგვიძლია მივიჩნიოთ ვარდების რევოლუციის შემდგომი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ახალმა ხელისუფლებამ, რომლის მიზანიც ახალი სახელმწიფოს მშენებლობა იყო, სწორედ ნარატივის „ინსტრუმენტული დისტრიბუციის“ მეთოდს მიმართა, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან შიდა და საერთაშორისო დონეზე. პროცესის ცენტრი გახდა საბჭოთა დროს გაყალბებული ისტორიის რეალური სახით აღდგენა და მისი ფართო მასებში დისტრიბუცია. ეს შეიძლება განვიხილოთ ახალი ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირებისთვის საჭირო ნაწილად. ის უნდა გამიჯვნოდა საბჭოთა იდენტობას და დაებრუნებინა ის სახე, რომელიც დიდი ხნით წაართვეს. თუმცა ბუნებრივია, აღნიშნული არ მიმდინარეობდა იზოლირებულად და მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა.

 

თუკი 2003 წლის შემდგომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების მსვლელობის ფონზე საქართველოში მეხსიერების პოლიტიკის ფორმირებას განვიხილავთ, ამ ორ ფაქტორს შორის ურთიერთდამოკიდებულებას აუცილებლად შევნიშნავთ. თავდაპირველად, რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის რუსეთის მიმართ განწყობა არ იყო ისეთი მწვავე, როგორიც ეს 2006 წლიდან და შემდგომ გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა რუსეთთან საერთო ენის გამონახვის, იმ პირობებში, თუ რუსეთი პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე, საბჭოთა ოკუპაციის, საბჭოთა კავშირისა და 1990-იან წლებში რუსეთის მხრიდან კონფლიქტების პროვოცირების თემაზე ნაკლები ყურადღება მახვილდებოდა.[7] თუმცა, 2006 წლიდან ამ მიმართულებით ვითარება რადიკალურად იცვლება. ცხადი ხდება, რომ შიდა და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზებზე ცვლილებების პარალელურად, ხელისუფლებამ მიზნად დაისახა საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთის შესახებ საზოგადოებრივი მეხსიერების ტრანსფორმაცია.

 

2005 წელს რუსული ბაზების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ გადაწყვეყილება მიიღეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ მიზანი ამ მიმართულებით მოლაპარაკებებისა იყო არა რუსეთის გაუცხოება, არამედ საქართველოს ინტერესების დაცვა, ადეკვატურად პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.[8] ბუნებრივია, რუსეთისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან გამოწვევად იქნებოდა აღქმული. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეტაპობრივად უარესდებოდა და პიკს მიაღწია 2006 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუსეთიდან ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოხდა.[9] ამას ემატებოდა ეჭვები, საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი ჯგუფების აქტიური მოქმედების შესახებ. ყოველივე კი დაგვირგვინდა 2008 წლის ომით, რომელმაც სრულიად შეცვალა ქართული რეალობა და გადაწყვიტა ქართულ-რუსული თანამედროვე ურთიერთობების ბედი. ხელისუფლებისთვის ცხადი გახდა კოლექტიური მეხსიერების მშენებლობის პროცესში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ამ ფონზე წამყვანი სწორედ ოკუპაციის ნარატივის დამკვიდრება და მისთვის ცენტრალური ადგილის მინიჭება გახდა. ოკუპაციის თემის აქტუალიზაცია მოიცავდა არა მხოლოდ 2008 წლის და 1990-იანი წლების მოვლენებს, არამედ - 1918-1921 წლების ხსოვნის გაცოცხლებასა[10] და საბჭოთა ოკუპაციის რეალური სურათის შექმნასაც. რუსეთი გახდა მტერი ქართული დემოკრატიისა და ევროპული კურსისთვის, რომელსაც მუდმივად ჰქონდა მცდელობა თავიდან მოეცილებინა პროდასავლური ხელისუფლებები საქართველოდან. ამის ისტორიული მაგალითი სწორედ 1921 წლის თებერვალი და წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია იყო. მისი თანამეროვე გამოძახილი კი 2008 წლის ომი იყო, როდესაც რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა მისთვის სასურველი სცენარის განხორციელებას.[11]

 

ამ ნარატივის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჭეშმარიტი ევროპული სახელმწიფო იყო, ნოე ჟორდანია კი - ევროპელი ლიდერი. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს ევროპული გზით განვითარების პერსპექტივა დროებით წაართვა, ახლა კი საქართველო უნდა დაბრუნებულიყო საკუთარ ისტორიულ გზაზე და გაეგრძელებინა დემოკრატიული რესპუბლიკის კურსი. 25 თებერვალი ოფიციალურად საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. მას შემდეგ, ყოველ წელს ძველი და არსებული ხელისუფლების პირობებში იმართება სხვადასხვა ღონისძიება, გმირების ხსოვნისთვას მიაგებენ პატივს და ა.შ.

 

გმირების როლი საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მეხსიერებაში

 

2006 წლიდან, საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ნარატივის ფორმირების პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო გმირების როლის გამოკვეთა. გმირების როლი ყოველთვის მნიშვნელოვანია მეხსიერების პოლიტიკაში იმდენად, რამდენადაც ინდივიდების და სოციუმის, როგორც მთელის მეხსიერებაში, კონკრეტული მოვლენები  მნიშვნელოვნად უკავშირდება გმირების სახელებს. ისინი განასახიერებენ იდეალებისთვის ბრძოლის მაგალითს, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული საზოგადოებისათვის. ბუნებრივია, გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და თავი გასწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს ერის კოლექტიურ მეხსიერებაში.  

 

იუნკრები - იუნკრები 1921 წლის თებერვლის მოვლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ. ისინი ქართული სამხედრო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელიც 1919 წლიდან ფუნქციონირებდა. 1920 წელს, როდესაც კავკასიაში საბჭოთა ძალებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ აზერბაიჯანი და სომხეთი, განცდა იმისა, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო იქნებოდა ქვეყანაში უკვე არსებობდა. შესაბამისად, ხელისუფლება ფიქრობდა შესაბამისი ზომების მიღებაზე. 1921 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს თავს დაესხა წითელი არმიის და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ნაწილები. ამ დროისათვის, სკოლის შემადგენლობაში 136 იუნკერი შედიოდა. 20-23 წლის ახალგაზრდები ომისათვის ჯერ მზად არ იყვნენ და არც აღჭურვილობა და არც ზამთრის სიცივისთვის შესაფერისი სამოსი მათ არ გააჩნდათ. მიუხედავად ამისა, თავდადების მაგალითი მათ ბოლშევიკებთან პირველივე შეტაკებისას, 19 თებერვალს აჩვენეს ტაბახმელასთან, როდესაც ბოლშევიკები უკუაქციეს. რომ არა ეს თავდადება, ბოლშევიკები თბილისს 19 თებერვალსვე აიღებდნენ. აქედან მოყოლებული 24 თებერვლის ჩათვლით, იუნკრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ თბილისის მისადგომებს. [12]

 

 

2006 წლის 25 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოჯორ-ტაბახმელაში პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას და ისაუბრა რუსეთის საშიში პოლიტიკის შესახებ. ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყო საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მეხსიერების ტრანსფორმაციის კუთხით. ამავე დღეს გამოცხადდა, რომ გაიხსნებოდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.[13] შეიძლება ითქვას, რომ ეს განაცხადი იყო, რომელიც ნიშნავდა იმას, რომ ამიერიდან იწყებოდა „მეხსიერების აღდგენა“ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, რამაც საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი წაართვა. იუნკრები ყველასთვის ცნობილი გმირები გახდნენ. მათზე დღემდე ბევრი იწერება და საზოგადოებას საშუალება აქვს გაეცნოს მათ გმირულ ისტორიებს. ყოველ წელს, თებერვალში, ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. 2010 წელს კოჯორში 1990-იანებში შექმნილი იუნკერთა მემორიალის რეკონსტრუქცია მოხდა.[14] 2018 წლის თებერვალში კი საქართველოს პარლამენტის ფასადზე იუნკრების მემორიალური დაფა გაიხსნა, მებრძოლების სახელებითა და გვარებით.[15]

 

 

გენერალი მაზნიაშვილი - 2013 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალ მაზნიაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[16] 1921 წელს, ომის დროს თბილისის დაცვისას, გიორგი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში ქართულმა არმიამ 19 თებერვალს სრულიად გაანადგურა რუსული 58-ე მსროლელთა ბრიგადა. მაზნიაშვილის ბრიგადამ მოახერხა და ტყვედ აეყვანა 1600 რუსი სამხედრო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილი რამოდენიმე თვით მსახურობდა ბოლშევიკთა ჯარში, თუმცა შემდგომ დააპატიმრეს და 1923 წელს გადაასახლეს. ის საქართველოში 1925 წელს დაბრუნდა და მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა. 1937 წელს კი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.[17]

 

მარო მაყაშვილი - კიდევ ერთი გმირი, ვისი სახელიც უცვლელად გახდა დაკავშირებული 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან, მარო მაყაშვილია. საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრებთაგან ხშირად გაიგებთ, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის თებერვლის გმირების სახელები საბჭოთა დროს ტაბუდადებული იყო, თუმცა დღეს მარო მაყაშვილის ისტორია ყველაზე ცნობილი ისტორიაა, რომელიც ქართველებისთვის სამშობლოს სიყვარულთან და მისთვის თავდადებასთან გახდა ასოცირებული.

 

მარო მაყაშვილი, 19 წლის ახალგაზრდა, ომის დაწყებისთანავე წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯორ-ტაბახმელასკენ გაემართა. 19 თებერვალს მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.[18]

 

მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიჭა 2015 წელს. ინიციატივა იმჟამად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ანა დოლიძეს ეკუთვნოდა. მან ცერემონიაზე განაცხადა „მარო მაყაშვილი დღეიდან პირველი ეროვნული გმირი ქალია. ძალია ნმოხარული ვარ, რომ ასეთი მისაბაძი ადამიანის ისტორია გვექნება, ახალგაზრდები, ბავშვები ისწავლიან ამ ისტორიას და იმ ფასეულობებს, რომლისთვისაც მარო მაყაშვილმა თავი დადო“.[19]

 

ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსგავს ინიციატივებს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და სრულიად ჯდება ეროვნული მიზნების კონტექსტში, რომელიც საერთო ეროვნული იდენტობის ფორმირების პროექტის ნაწილია.

 

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

 

ზემოთ აღწერილი პოლიტიკის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი იყო 2006 წლის 26 მაისს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაფუძნება. მუზეუმში დაცულია ექსპონატები, რომლებიც ასახავს საქართველოს ოკუპაციას 1921 წლიდან 1991 წლამდე. მუზეუმის კონცეფცია ითვალისწინებს 70-წლიანი ოკუპაციის ისტორიის ცალკეული ასპექტების გამოყოფას, სადაც კარგად ჩანს საბჭოთა კავშირის რეალური სახე.[20] შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნით გაკეთდა განაცხადი, რომ ოკუპაცია ხდებოდა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ნაწილი, როგორც საქართველოს ისტორიაში მტკივნეული და უარყოფითი მოვლენა, რომელიც მუდმივად უნდა ახსოვდეს მოსახლეობას და მომავალ თაობას და აღარ დაუშვას ამის განმეორება.

 

 

უნდა ითქვას, რომ მუზეუმების როლი კოლექტიური მეხსიერებისა და საერთო იდენტობის კონსტრუირების პროცესში განუზმოლად დიდია. მუზეუმები მხოლოდ კი არ აგროვებს და იცავს მატერიალურ მასალას, არამედ მას საზოგადოდ ხელმისაწვდომს ხდის. ის ნარატივის დონეზე არსებულ ცოდნას მატერიალურად განამტკიცებს და ხელშესახებს ხდის. ეს აადვილებს წარსულის გაგებას და მოქმედებს ჩვენს აღქმებზე. შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმები ის ადგილია, სადაც მეხსიერება და ისტორია ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.[21]

 

ბუნებრივია, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმის ფონზე, რომ 70 წლის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა ისტორიის გაყალბება და საბჭოთა რეჟიმისთვის მისაღები ფორმით წარმოდგენა. 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის რეალური სახით წარმოჩენა და საზოაგადოებისთვის ხელშესახები, მატერიალური მტკიცებულებების სახით მიწოდება შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე აქტადაც განვიხილოთ, განსაკუთრებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც ოკუპაცია რეალური იყო 2006 წელსაც და რეალურია დღესაც. შესაბამისად, იმის მატერიალური სახით ჩვენება, თუ რა მოჰყვა საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას 70 წლის მანძილძე, მნიშვნელოვნი დატვირთვა ჰქონდა ახალი ქართული იდენტობის ფორმირების პროცესში.

 

დასკვნა

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ნარატივის ფორმირების პოლიტიკა 2006 წლიდან ადასტურებს, რომ კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესი მჭიდროდ დაკავშირებულია სახელმწიფოს შიგნით და საერთაშორისო დონეზე არსებულ ვითარებასთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში დაიწყო 1921 წლის თებერვლის მოვლენების გაცოცხლების პროცესი, რასაც ინსტიტუციონალიზებული ხასიათი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 2008 წლის შემდგომ კი რუსეთის, როგორც საქართველოს ევროპული გზისა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგის, სახე, რომელმაც 1921 წელს ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვა, კიდევ უფრო განმტკიცდა. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი ქართული იდენტობის ფორმირების პროცესში, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც გახდა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ კოლექტიური მეხსიერება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

[1] Chris Weedon, Glenn Jordan, “Collective memory: theory and politics”, Social Semiotics, 22:2, 13 Apr 2012. გვ 143

[2] Malkhaz Toria, “The Soviet occupation of Georgia in 1921 and the Russian–Georgian war of August 2008 Historical analogy as a memory project”, ResearchGate, March 2014, გვ 317

[3] Malkhaz Toria, “The Soviet occupation of Georgia in 1921 and the Russian–Georgian war of August 2008 Historical analogy as a memory project”, ResearchGate, March 2014, გვ 317

[4] ნუცა ხუნდაძე, „მითი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, მითების დეტექტორი, 24 თებერვალი, 2017. https://www.mythdetector.ge/ka/myth/miti-sakartvelos-sabchota-okupatsiis-shesakheb-0 (25.01.2021)

[5] Jan Assmann, John Czaplicka, “Collective memory and cultural identity”, New German Critique, 1995, No 65, გვ 130

[6] James V. Wertsch, „The Narrative Organization of Collective Memory“, Ethos , Mar, 2008, Vol. 36, No. 1, გვ 121

[7] თამარ ქარაია, „მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში. საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ“, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2005, გვ 80

[8] „სააკაშვილი: ჩვენ მივაღწევთ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას“, Civil.ge, 25.05.2005  https://civil.ge/ka/archives/135276 (25.01.2021)

[9] „დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არაადამიანური პირობებით - 2006 წლის შემოდგომის მოვლენები“, Netgazeti.ge,  https://netgazeti.ge/news/337721/ (25.01.2021)

[10]თამარ ქარაია, „მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში. საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ“, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2005, გვ 86

[11] Malkhaz Toria, “The Soviet occupation of Georgia in 1921 and the Russian–Georgian war of August 2008 Historical analogy as a memory project”, ResearchGate, March 2014, გვ 322

[12] მიხეილ ბახტაძე, „იუნკრები“, რონდელის ფონდი, 25.02.2019 https://www.gfsis.org/ge/blog/view/927 (25.01.2021)

[13] თამარ ქარაია, „მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში. საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ“, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2005, გვ 87

[14] „კოჯორში იუნკერთა რეკონსტრუირებული მემორიალი გაიხსნა“, ინტერპრესნიუსი, 07.05.2011, https://www.interpressnews.ge/ka/article/167832-kojorshi-iunkerta-rekonstruirebuli-memoriali-gaixsna/ (25.01.2021)

[15] „გაიხსნა იუნკრების მემორიალი“, რადიო თავისუფლება, 23.02.2018, https://www.radiotavisupleba.ge/a/gaikhsna-iunkrebis-memoriali/29059218.html (25.01.2021)

[16] „მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა“, ამბები,ge, 26.10.2013, https://www.ambebi.ge/article/88872-mixeil-saakashvilma-zviad-gamsaxurdiasa-da-merab-kostavas-erovnuli-gmiris-codeba-mianicha/  (25.01.2021)

[17] „გიორგი მაზნიაშვილი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,  https://history.mod.gov.ge/ge/page/46/giorgi-mazniashvili (25.01.2021)

[18] „მარო მაყაშვილი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, https://history.mod.gov.ge/ge/page/50/maro-mayashvili (25.01.2021)

[19] „მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდგეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 24.12.2015, https://mod.gov.ge/ge/news/read/4501/maro-makashvilis-erovnuli-gmiris-codeba-mienicha (25.01.2021)

[20] თამარ ქარაია, „მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში. საბჭოთა წარსულის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ“, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2005, გვ 89

[21] Graham Black, “Museums, Memory and History”, Cultural and Social History 8 (3), 2011, გვ 5