...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

გრიგოლ ლორთქიფანიძის (1881-1937) მემორიალური ალბომი

28 მაისი 2021


 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), წარმოგიდგენთ რიგით მესამე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, გრიგოლ ლორთქიფანიძეს (1881-1937) ეძღვნება.

 

მემორიალური ალბომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ფიგურას – სამხედრო და განათლების მინისტრს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს – პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც სრულად იწვნია ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ტირანია და ყველაზე სისხლიან – 1937 წლის სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა. ეძღვნება დიდ თეორეტიკოსსა და მოაზროვნეს,  რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან, თითქმის ყველა საკვანძო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხზე გააჩნდა არგუმენტირებული და ობიექტური შეხედულებები. ეძღვნება ადამიანს, რომელიც გამსჭვალული იყო მაღალი ჰუმანისტური იდეალებით და მოტივებით.

 

საბჭოთა ბანაკებში გადასახლებული გრიგოლ ლორთქიფანიძის მთავარი ოცნება იყო, კვლავ ეხილა თავისუფალი საქართველო, ისურვა კიდეც,  დაეკრძალათ ახალციხეში ან იქვე, სოფელ ბენარაში, „იქ, სადაც ქართველი ხალხის წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდებოდა და თავისუფალი, აღორძინებული და ფრთა გაშლილი მისი სამშობლო განვითარდებოდა“. სამწუხაროდ, მის ამ მოკრძალებულ სურვილს ასრულება არ ეწერა – შინსახკომის ჯალათების მიერ დაკითხვის დროს სასტიკად მოკლულის საფლავი დღემდე საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული.

 

ალბომის წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე:

 

"წინა საუკუნეების საქართველოს ტრაგიკულ მოღვაწეთა გალერეაში უდავოდ ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ნაკლებად ნახსენები გმირია გრიგოლ ლორთქიფანიძე – უბრალო ენით, „მენშევიკი“, რომელმაც, როგორც ძველად იტყოდნენ ხოლმე მისი ყაიდისა და ბუნების ხალხზე, „თავი დასდვა ამ ქვეყნისთვის.“ საოცარი ადამიანი საოცარი ცხოვრებით და კიდევ უფრო საოცარი ხასიათით: მოუღლელი, უტეხი, განათლებული, ნამუსიანი, ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელსაც სულ ორ წელიწადსა და რვა თვეს მოუხდა სახელმწიფო მოღვაწეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მღვრიე და განუმეორებელ დროებაში, ცხოვრების უმეტესი ნაწილი კი ცარისტულ რუსეთშიაც და წითელ რუსეთშიაც გაატარა კატორღაში, ციხეებსა და გადასახლებებში, იცხოვრა და იშრომა შეზღუდული უფლებებით, ან სულაც უუფლებოდ, თავისი ძვირფასი სამშობლოდან შორს."

 

"სინამდვილეში,  ეს სიცოცხლის ათი წელიწადია. თანაც, ახალგაზრდული – ოციდან ოცდაათ წლამდე. მშრალად თუ მსუყედ  მოთხრობის მიუხედავად, ესაა ორი ციხე, ორი გადასახლება, ორჯერ სტუდენტობა და პროფესია კი – რევოლუციონერი. იმ წლებში, საქართველოს ამგვარი მონაცემების საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავდა და მათ ისტორია სულ ნაირგვარი ეპითეტებით ამკობს. საუკეთესო სიტყვა კი, რომელიც გრიგოლ ლორთქიფანიძეს ახალგაზრდობიდანვე მიესადაგება, არის „მოაზროვნე“. მთელს ამ ამბებში მან მოახერხა და დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი."

 

"ისტორია მისი იარაღია, ოღონდ არა ერთადერთი. ლორთქიფანიძეს ბევრი ხელსაწყო აქვს და იმ იშვიათ ნათელ გონებათა რიგშია, რომელთაც არა მხოლოდ მთელი სურათის დანახვა, არამედ სადა და ჯანსაღი ლოგიკის გამოყენება ძალუძთ. წერს უბრალოდ, ღრმად, გასაგებად, არის საუცხოო მთხრობელი და ისეთი საჯარო ლექტორი, გონებას რომ უხსნის მსმენელს."

 

ალბომში შესული დოკუმენტები, ფოტოები მოიძიეს და აღწერეს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და მკვლევარმა, თსუ-ს თანამშრომელმა, სალომე ჭანტურიძემ.

 

მემორიალური ალბომის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის IDFI განსაკუთრებულ მადლობას უხდის:


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, პირადად ბატონ გიორგი კეკელიძეს და ბატონ მირიან ხოსიტაშვილს.

 

საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დოკუმენტების და ფოტოების მოწოდებისთვის.


გრიგოლ ლორთქიფანიძის შვილიშვილებს: ქალბატონ ნინო და ნათია ლორთქიფანიძეებს, ქალბატონ მზია ბააკაშვილს, შვილთაშვილს –  ბატონ სანდრო ხუბულურს ფოტოებისა და სხვა მასალის მოწოდებისთვის.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ლევან რუხაძის შთამომავალს – თამარა სართანიას და მის ოჯახს საარქივო დოკუმენტების მოწოდებისთვის.

 

გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოებას და მის პრეზიდენტს, ბატონ პაატა სურგულაძეს – მხარდაჭერისთვის.

 

 

 

 

 ___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.