...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

კოვიდ-19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

15 ივნისი 2020


 

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2020 წლის 22 აპრილისთვის დანიშნული, რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის თარიღი გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანომ (დუმამ) მოასწრო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების, იურისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო შეზღუდავს ქვეყანაში ისედაც შეზღუდულ ადამიანის უფლებებს.

 

კორონავირუსამდე, რუსეთის პოლიციის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება და ნდობა ისედაც არ იყო სახარბიელო: ბოლო წლების მანძილზე, მედიასაშუალებებში თითქმის ყოველდღიურად ვხვდებოდით განცხადებებს ნარკოტიკების „ჩადების“, პოლიციელის მიერ ადამიანის წამების შესახებ. ინტერნეტში მრავლადაა გავრცელებული რგოლები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ ეპყრობა პოლიცია ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს, ხელკეტებით ურტყამს მწოლიარე, უიარაღო ადამიანებს და ა.შ. აგრეთვე, ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ (Фонд борьбы с коррупцией) და სხვა ორგანიზაციები პერიოდულად ააშკარავებენ პოლიციის მაღალჩინოსნების არნახულ ქონებას, რომელიც მათ, ძირითადად, სხვადასხვა ნათესავის სახელზე აქვთ გაფორმებული და, სავარაუდოდ, არალეგალური გზით დააგროვეს.

 

რუსეთის პოლიცია ჯერ კიდევ მოქმედებს მანკიერი, საბჭოთა კავშირის დროს შემოღებული გეგმიური სისტემით (Пресловутая палочная система) რაც ითვალისწინებს, რომ ყოველმა პოლიციელმა, 1 დღე-ღამის განმავლობაში თავის სამოქმედო არეალში გარკვეული რაოდენობის სამართალდარღვევა უნდა გამოავლინოს, კონკრეტული რაოდენობის მოქალაქე დააკავოს და ა.შ. ამავე პრინციპით მოქმედებს „სახელმწიფო ავტო ინსპექცია“ (ГАИ), რომელსაც საკუთარი გამომუშავების გეგმები გააჩნია.

 

კოვიდ-19 დროს, რუსეთის მთავრობამ დუმას წარუდგინა ცვლილებები ფედერალურ კანონპროექტში „პოლიციის შესახებ“ (О полиции), რომლებიც პოლიციელებს ახალ უფლებამოსილებებს შემატებს:

 

- მაგალითად, მათ შეეძლებათ სატრანსპორტო საშუალების გაჩხრეკა, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც ავტომობილის მფლობელი მანქანასთან არ იმყოფება - ხოლო აღნიშნულის შესახებ მფლობელს შეატყობინებენ 24 საათის განმავლობაში;

 

- პოლიციას შეეძლება საცხოვრებელი სახლების და კორპუსების სრულად შემოღობვა და შიგნით მყოფი ყველა მოქალაქისა თუ ბინის გაჩხრეკა, იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა ბინაში ვინმე;

 

- პოლიციელს შეეძლება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არა მარტო საფრთხის თვალსაჩინო არსებობისას, არამედ მაშინაც კი, თუ ის ასრულებს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება პოლიციელმა ჩათვალოს თავდასხმად ან მის მცდელობად.

 

პირველი ორი პუნქტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პოლიციას შეეძლება სასამართლოს განჩინების, ან რაიმე სახის ორდერის გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილება პოლიციას ხელ-ფეხს გაუხსნის და საგრძნობლად გაიზრდება ნარკოტიკების, იარაღისა და სხვა „ნივთმტკიცების“ ადამიანებისთვის „ჩადების“ პრაქტიკა.

 

მესამე პუნქტის ამოქმედებას კი რუსეთის საზოგადოება ყველაზე დიდ საშიშროებად მიიჩნევს: იურისტები ვარაუდობენ, რომ ეს პოლიციას მისცემს განუსაზღვრელ ძალაუფლებას და ერთგვარ „მკვლელობის ლიცენზიას“, ხოლო შედგენილი ოქმები იქნება მრავალფეროვანი და კრეატიული - თუ კონკრეტულად როგორ განსაზღვრა პოლიციელმა, რომ პიროვნება მისთვის რეალურ ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენდა.

 

ცვლილებები შეეხო კანონს არჩევნების შესახებ (О выборах). დუმამ რადიკალურად შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა, რის მიზეზადაც კვლავაც კორონავირუსი დასახელდა:

 

- ცვლილების თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება რუსეთის სახელმწიფო ფოსტის (Почта России) საშუალებით;

 

- სხვა დისტანციური და ელექტრონული საშუალებებით.

 

ექსპერტები და პოლიტიკოსების ნაწილი არ ენდობა რუსეთის ფოსტის მუშაობას და თვლიან, რომ ისინი ნებისმიერ სახელმწიფო დავალებას ზედმიწევნით შეასრულებენ. მთელი ამ პროცესის დაცულობა კი ძლიერ საეჭვოა, რადგან ხმის მიცემის მსურველმა უნდა ამობეჭდოს ბიულეტენი სახლში, შემოხაზოს და გააგზავნოს ფოსტით, რა დროსაც არ არის გათვალისწინებული წყლის ნიშნები და სხვა ტიპის დამცავი ატრიბუტიკა. გარდა ამისა, შეუძლებელია იმის კონტროლი, მივა თუ არა წერილი საარჩევნო ყუთამდე ხელუხლებელი ან გაიხსნება და გამოიცვლება თუ არა შემოხაზული ბიულეტენი.

 

2021 წლიდან, ელექტრონული ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სპეციალურად შექმნილი საიტის - www.mos.ru მეშვეობით. ეს იწვევს უამრავ შეკითხვას: საპილოტე ელექტრონული ხმის მიცემა უკვე დაინერგა 2019 წლის მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში, რამდენიმე საარჩევნო ოლქში და სწორედ ამ  ოლქებში დააფიქსირეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უჩვეულოდ მაღალი შედეგი. სისტემის გაუმჭვირვალობის გამო, შედეგების გადამოწმება შეუძლებელი გახდა და ექსპერტების აზრით შეუძლებელი იქნება მომავალშიც.

 

- ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს;

 

- არჩევნებში მონაწილეობისთვის დასაშვებად, ყველა საარჩევნო სუბიექტმა თუ დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს ხელმოწერები. ხელმოწერების რაოდენობა განსხვავებულია არჩევნების მიხედვით (მაგ.: ადგილობრივი, საპარლამენტო). ცვლილების შემდეგ, წარდგენისას დასაშვები ხარვეზიანი (ან რომელსაც კომისია ჩათვლის არაავთენტურად) ხელმოწერების რაოდენობა დაიწევს და იქნება სრული რაოდენობის 5% (ცვლილებამდე ეს რიცხვი შეადგენდა 10%-ს). ამავდროულად, ხელმომწერმა პირმა საკუთარი ხელით უნდა შეავსოს შემდეგი გრაფები - ხელმოწერა, თარიღი, გვარი, სახელი, მამის სახელი და სხვა პირადი მონაცემები.

 

ბოლო წლებში, საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის ნასამართლევია რუსეთის ოპოზიციური სპექტრის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რადგან პოლიტიკური მუხლები სწორედ ამ კატეგორიაში გადის. ასევე ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც კრემლისთვის მიუღებელი არის.

 

ხელმოწერების დახარვეზების გამო კანდიდატების არჩევნებში არდაშვება, კრემლის მიერ მართული რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელში, ცვლილებებამდეც მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენდა. საარჩევნო კომისიამ, 2019 წლის მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში, ხელმოწერების ხარვეზების (არაავთენტურობა) გამო არ დაუშვა ლიუბოვ სობოლი, დიმიტრი გუდკოვი და სხვა პოპულარული დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. ოპოზიციის ირონიული განმარტების თანახმად, „ელა პანფილოვას (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე) სახელობის დამრტყმელ-გრაფოლოგებს“ საშუალება მიეცემათ უფრო ადვილად დაბლოკონ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი და არჩევნების მიღმა დატოვონ ყველა, ვინც კრემლისთვის მიუღებელია.

 

კორონავირუსის პანდემიის პიკის გადავლის და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გამო, განისაზღვრა რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის თარიღიც - 1 ივლისი, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე გატარებული ვადა გაუნულდება. ამგვარად, პუტინი, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციის თანახმად 2024 წელს პოსტი უნდა დაეტოვებინა და მინიმუმ 2030 წლამდე კენჭს ვეღარ იყრიდა, 2024-ში შეძლებს ისევ გახდეს რუსეთის პირველი პირი, მინიმუმ ორი ვადით, კიდევ 12 წლით.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.